ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი

ხოლო ვითარცა ესმა ესე, შეეწყალნა იგინი ლანგ-თემურს დიდად. მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა თჳსსა ამირშიხს ნურადინს და წარატანა თანა სპანი მრავალნი, და უბრძანა სრულიად მოოჴრება კერძოთა მათ საქართველოსათა, რომელნიცა იყვნეს მოსაზღვრენი ისმაიტელთანი, და წარავლინა ესენი მათ ზედა ბოროტის ყოფა. და ვითარცა მივიდა მუნ, ბრძოლა უყვეს ურთიერთას, და დიდად კარგად შემოებნეს ქართველნი, და მრავალი მოკლეს და ამოსწყჳდეს. კუალად წარავლინა სხუა ამირსპასალარი თჳსი ლანგ-თემურ, და გაატანა მრავალნი სპანი. და მივიდეს იგინიცა, და შეიბნეს და სძლეს სპათა ლანგ-თემურისთა სიმრავლითა, რამეთუ ძლიერად წინაგანეწყუნეს ქართველნი, და იბრძოლეს დღესა ხუთსა, და ვერღარა დაუდგეს, და აართუეს სიმაგრენი და ციხენი, რამეთუ არა იყვნეს მუნ სხუანი ქართველნი, არცა მეფე გიორგი, არამედ იგინი ბრძოდეს, რომელნი იყვნეს მოსაზღვრენი თათართანი, და იგინი უჴდებოდეს მათ.

ხოლო რაჟამს წარვიდეს იგინი სიმაგრეთა შინა, ვერცაღა ჰპოვეს ხიზანი, და დაწვეს შენობანი ყოველნივე და მოვიდეს წინაშე ლანგ-თემურისა. და ამას შინა მოვიდა ლანგ-თემურისათანა ელჩი ფრანგისა, და მოართუეს ძრუენი საჴელმწიფო. და კუალად ამათვე ხანთა შინა სპათა მისთა ძლევა მოეღო ბერძენთა ზედა. და მაშინ შეეპყრათ ძე პირმშო კეისრისა, და მოართუეს ძე იგი კეისრის ლანგ-თემურს, და განიხარა დიდად, და უბოძა საბოძვარი მრავალი სპათა მისთა. და რაჟამს იხილა ძე იგი კეისრისა, იგიცა დიდად შეიყუარა და ითჳსა, და შეიწყალა სიჭაბუკე და შუენიერება მისი, და მასცა მიანიჭა საბოძვარი მრავალი და სამოსელი საჴელმწიფო. და ეგრეთვე წარგზავნა იგი სამყოფსა თჳსსა და მშჳდობით განუტევა.

ხოლო შემდგომად ორისა თჳსა აღიყარა იგიცა მანგლისით, წარვიდა და მივიდა იგი ჴევსა არაგჳსასა, და დაიპყრა იგი, და დაამტურია და აღიღო ციხენი და სიმაგრენი, და ყოველნივე ადგილნი იავარ-ჰყო, და მოაოჴრა, და ხიზანი ვერა იპყრა, რამეთუ ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა შინა მთათასა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა მუნითგან. და ხანსა რაოდენსამე უკან განილაშქრა და დაიპყრა ქუეყანა სიასი, და სხუანიცა მრავალნი ქუეყანანი თჳსად მიიმძლავრნა, და ყოველნივე მოხარკე ყვნა.

ამისა შემდგომად კუალად იპყრა მეფემან გიორგი საქართველო. და ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, არავე დასცხრა შურისა და ბოროტისა გულისწყრომისაგან. კუალად აღამზადა სპანი ურიცხუნი და წარმოგზავნნა ძენი თჳსნი სულთან უსეინ, ფირ-მაჰმად ამირშის, აბუბექირ და სხუანი თავადთა მისთაგანნი, ჯანშა და თემურ-ხოჯა, აღბუღა, სეიდ-ხოჯა, შიხალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადთაგანნი, და სპანი ურიცხუნი. წარმოვიდენ და მოვიდენ ერინჯანგს, და შემოადგნენ ციხესა მას ერინჯანგისასა, რამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა, და ბრძოლა უყვეს ძლიერად მეციხოვანთა მათ და პირველად ვერა აართუეს ციხე, და იყვნენ მუნ ხანსა რაოდენსამე, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე აღიღეს, ამით რომე არავინ ჰყვა თანამწე, და დიდად შეწუხდენ, და თჳთვე დაანებეს, გამოვიდეს მეციხოვანნი და ციხისთავი, და მოაჯე ექმნეს. და მაშინ წარმოიყვანეს ციხისთავი და უფროსნი მეციხოვანნი და მიგუარეს. ლანგ-თემურს. ხოლო ძენი ლანგ-თემურისნი წარმოემართნეს საქართველოსა ზედა, მივიდეს მანგლისს და დაიბანაკეს მუნ.

ხოლო სცნა საქმე ესე მეფემან გიორგი, წარგზავნა მოციქული და შეუთუალა სიტყუა სააჯო სიმშჳდისა, ითხოვა მათგან მშჳდობა, და აღუთქუა მორჩილება და ურთიერთას დაგება. მაშინ უსმინეს ძეთა ლანგ-თემურისათა, და მათ მიუმცნეს და აუწყეს ლანგ-თემურს.

ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს მორჩილება მეფისა. გიორგისა, მანცა ინება მშჳდობისა ყოფა ურთიერთას, და მიუმცნო ძეთა თჳსთა და იჴმო იგინი თჳს თანა, და წარვიდენ. მაშინ წარგზავნა ლანგ-თემურ ძენი თჳსნი ძალითა მრავლითა. ბაღდადსა ზედა და მივიდეს და აღიღეს ბაღდადი, და დაიპყრეს არაბისტანი, და მრავალნი თემნი ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარმოიღეს მრავალი ნატყუენავი.

მაშინ იდგა ლანგ-თემურ თავრიზს და წარმოვიდა, რათამცა იხილოს ციხე იგი, რომელი პირველ აღიღეს ძეთა მისთა, ციხე იგი რომელსა ეწოდა ალინჯა. წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა, და სიმრავლითა ბარგისათა, და კარვებითა მრავალფერითა. და მივიდა და ნახა ციხე იგი ალინჯა. და კუალად განამაგრა იგი, და წარვიდა და დადგა ტბასა მას გელაქუნსა.

სცნა რა ესე მეფემან გიორგი, მაშინ წარმოუგზავნა ძმა თჳსი და ძღუენი მრავალი, და მიუმცნო ესრეთ, ვითარმედ: „პირველცა მოგჳჴსენებია და აწცა მასვე პირობასა მოგაჴსენებთ, ვითარცა გნებავსთ, ეგრეთ ვართ მორჩილნი ბრძანებისა თქუენისა, და სადაცა გნებავსთ, გილაშქრებთ, და ამიერითგან ვყოთ მშჳდობა და ურთიერთას. ერთობა, და ამიერითგან კმა არს დაცხრომა გულისწყრომისა და არღარა მოჴსენებად გარდასრულთა მათ საქმეთა“. ხოლო ლანგ-თემურცა მორჩილ ექმნა, უსმინა და ესრეთ მიუმცნო: „ვინათგან სარწმუნო ქმნილ ხარ მორჩილებასა ჩუენსა, არცაღა მე მოვიჴსენებ შურსა პირველისა მის საქმისასა. და ამიერითგან ნუღარამცა კადრებულ არს. თქუენ მიერ, და სპათა შენთა წყინობად, და ჴდომად, და რბევად მათდა, რომელნიცა არიან საზღვართა საქართველოსათა სჯულითა მაჰმადიანნი, და ვიყვნეთ მშჳდობისმყოფელ ურთიერთას“.

მაშინ აღიყარა და წარვიდა ბარდავს და იყო მუნ წელიწადსა ერთსა მაშინ გაანაგო ყველივე საქმე თჳსი ლაგნ-თემურ. და კუალად ინება წარსლვა ქართლსა ზედა და წარმოვიდა და მოვიდა მუნვე მანგლისს.

მაშინ იყო ადგილსა მას კერძოთა სომხითისათა თავადი ერთი, რომელსა ეწოდა სახელად ადგილსა მას მარტინი, ხოლო თავადსა მას ესაია. ამას მიეცა პირობა ლანგ-თემურისთჳს მისლვად მის თანა, და ვერღარა მისრულიყო, და იგონებდა ბოროტსა მისთჳს. ხოლო ესმა რა თავადსა მას ესაიას, შეწუხდა ფრიად. მაშინ წარვიდა შიშითა შეპყრობილი, და მივიდა ძისა თანა ლანგ-თემურისსა, და ევედრებოდა. რათამცა თანაშემწე ექმნას მამისა მისისა თანა, და აღუთქუა ნიჭად ლარნი დიდფასისანი. მაშინ შეეწყალა ძესა მას ლანგ-თემურისასა შარუხს, და მივიდა რა მამასა თჳსსა თანა, დიდად შემწე ექმნა, და მიმადლა იგი მას. მაშინ უძღუნა შღუენი მრავალი და ლარნი საჴელმწიფონი ლანგ-თემურს, და მიიყვანა იგი შარუხ, ძემან ლანგ-თემურისმან, დაგებად მამისა თჳსისა.

იხილა რა იგი ლანგ-თემურ, მიუგო მრისხანებით: „ვითარ იკადრე წინააღდგომად და ურჩებად ჩემდა?“ მაშინ ფრიად მოაჯე იგი წარდგა წინაშე მისსა, და სათნოებისათჳს ძისა მისისა მიუტევა და შეიწყალა, და უბოძა ხალათი. ხოლო ჰყვა თავადსა მას ესაიას ასული შუენიერი, და რა სცნა ძემან ლანგ-თემურისმან აბუბექირ, ეტრფიალა იგი და სთხოვა ცოლად. და მისცა და იყვნენ მიერითგან წყალობის მიმნიჭებელ.

კუალად წარვიდა აღბუღას ძე ათაბაგი ივანე, და მივიდა იგიცა ძღუნითა მრავლითა ლანგ-თემურისა თანა, და შეიწყალა იგიცა, და სცა პატივი, და უბოძა საბოძვარი მრავალი. და მიუვიდნენ ყოველნივე თავადნი სომხითისა, სამცხისა და კარისა.

მაშინ სცნა ესე მეფემან გიორგი, წარავლინა ძე თჳსი კოსტანტინე ძღუნითა მრავლითა. და იყო ფრიად მოაჯე მის წინაშე, და ისმინა მისი, შეიწყალა იგიცა. და აღიყარა მუნითგან, და წარვიდა ქუეყანასა მას ქურთისტანისასა. და დაიპყრა ქურთისტანი. და კუალად აჴსენებდა ძჳრსა და ბოროტსა საქართველოსათჳს, და წადიერ იყო გათათრებისათჳს მეფისა და სრულიად ქართლისა.

მაშინ წარმოგზავნა პატრონი შირვანისა, სახელით შიხ ბარაიმ საქართველოსა შინა, რათა მივიდეს და შეიტყოს ყოველივე ბეგარა და გამოსაღები ქართლისა. და შემდგომად მცირედისა თჳთცა წარმოემართა და მოვიდა კარსა.

და ცნა რა ესე მეფემან გიორგი, წარმოავლინა ესაია, თავადი იგი სომხითისა. ესე წარავლინა წინაშე ლანგ-თემურისა, რათამცა არა შემოვიდეს იგი ქართლსა შინა; და რამეთუ იყო ჟამი მკისა და მოსავლის აღებისა, შეუთუალნა სიტყუანი სააჯონი ესრეთ: „ვინათგან გჳყოფიეს მშჳდობა და ერთობა, მიერითგან არა რაჲ ურჩება გჳქმნიან, და არცა ჯერ არს თჳთმპყრობელთა შარავანდედთაგან განტეხა პირობისა. აწ შეიწყალე ქუეყანა ესე, და ნუღარა განრყუნი. რომელსაცა გჳბრძანებთ, მზა ვართ აღსრულებად სამსახურისა და მორჩილებისა თქუენ[სა] წარავლინა და წარატანა თანა ძღუენი მრავალი და ფეშქაში საჴელმწიფო.

და რა მივიდა ესაია, თავადი იგი მეფისა გიორგისა, და მიართუა ძღუენი და ფეშქაში, მოაჴსენნა სიტყუანი მდაბალნი და სააჯონი. ხოლო ლანგ-თემურ არა უსმინა და არცა მიირთუა ძღუენი და ფეშქაში, რამეთუ ფრიად განრისხებულ იყო და კუალად სწყუროდა მოოჴრება საქართველოსა. მაშინ შეუთუალა მეფესა გიორგის: „უკეთუ გნებავს მშჳდობის ყოფა და არა იავარ-ყოფა საქართველოსი და სიცოცხლე თავისა შენისა, აწვე მოვედ ჩუენდა და იპყარ სჯული ჩუენი, და იყო ჩუენ მიერ დიდად პატივცემულ და საყუარელ, და არცა წავაჴდენ სამეფოსა შენსა, და არცაღა აღვიღებ ხარკსა და მიიღო ჩემ მიერ სხუაცა მრავალი ნიჭი, და საბოძვარი, და იყოს უკუნისამდე მშჳდობა შორის ჩემსა და შორის შენსა. და უკეთუ არა მორჩილ მექმნა, მოვაოჴრო და ვყო სრულიად უმკჳდრო ქუეყანა ეგე შენი.

„ხოლო უკეთუ რჯულისა ჩემისა რწმუნება არა გნებავს, მოვედ ჩემდა და დაიდევ ხარკი, რაც ოდენ ძალ-გედვას, და შემეცნებულ ვიქმნნეთ მშჳდობით და კეთილად და, ვითარცა გნებავს, ეგრეთ წარვედ სამეფოდვე შენდა ჩუენ მიერ მინიჭებითა სიმრავლითა ნიჭთა საბოძვართათა, და ვითარცა განუტევე ძე იგი კეისრისა, ეგრეთვე შენ წარვედ მშჳდობით“. და ესრეთ წარავლინა მოციქული.

და ვითარცა წარვიდა იგი, მაშინცა არავე დაცხრა ზაკჳსა და შურისა მისგან ბოროტისა, არამედ იტყოდა: „უკეთუ აღიღონ და შეიკრიბონ მოსავალი და საზრდო თჳსი მკჳდრთა საქართველოსათა. მიერითგან ვერღარა შემძლებელ ვარ ვნებად მათდა, რამეთუ წარვლენ სიმაგრეთა შინა“ და აღიყარა და წარვიდა, და დადგა მახლობელად საზღვართა.

მაშინ ყოველთავე ისწრაფეს, და აღიღეს მოსავალი თჳსი, და ივლტოდეს სიმაგრეთა შინა მთათა მაგართა. და მივიდა. მძლავრიცა ლანგ-თემურ სპითა მრავლითა და ურიცხჳთა, და შევლო ქუემო-ქართლი დიდითა ოჴრებითა, წვითა და ქცევითა. და წარვიდა მეფე გიორგი სიმაგრეთა შინა; და მივიდა ლანგ-თემურ შიდა ქართლს, და ჩადგა და მოაოჴრა ყოველნივე შენობანი, და შემუსრნეს წმიდანი ეკლესიანი. არამედ ვერ ეწიფა ბოროტსა მას გულისთქმასა თჳსსა, რამეთუ ენება შეპყრობა მეფისა გიორგისა და დატყუევება ტყუეთა, და ვერცა ერთსა შემძლებელ იქმნა პოვნად.

და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ. და აღიყარნენ და წარვიდენ და მიადგნენ ციხესა ბირთჳსისასა. და იყო იგი დიდად განმაგრებულ, და იყვნენ შიგან ციხესა მას შინა ბირთჳსისასა თავადნი წარჩინებულნი. საქართველოსათა რიცხვით ოცდაათნი. და იყო ციხისთავად სახელით ნაზალ და სხუანი მრავალნი აზნაურნი და მსასურნი საქართ- ველოსანი.

ხოლო სპანი ლანგ-თემურისნი შიშით მძრწოლარენი ფრიად მჭმუნვარე იყვნეს და უარ-ჰყოფდეს ციხისა მის აღებასა, რამეთუ მრავალგზის ვნებულ იყვნეს მათ მიერ და უწყოდენ ციხისა მის სიმტკიცე, და საზრდელთა სიმრავლე, და უფროსღა ციხისათა მათ, მჴეცქმნილობა და ომსა შინა სიფიცხლე, რამეთუ მრავალნი სპანი მოესრათ და მათ მიერ მრავალნი ჭირნი შემთხუეოდათ ციხისა მისგან. ცნა რა ლანგ-თემურ ესევითარი სიმტკიცე, შეძრწუნდა ფრიად და ჰკითხვიდა თანაგანმზრახთა თჳსთა.

ხოლო დაასკუნეს მიდგომა მეტყუელთა ესრეთ: „არა სადა დაშთომილ არს სიმაგრენი და ციხენი, რომელი არა აგუეღოს, და იგიცა ადვილ არს თქუენ მიერ. მაშინ მიადგეს ციხესა მას სიმრავლენი სპათანი, და გამოვიდეს ციხოსანნიცა იგი ჭაბუკნი რჩეულნი, მიეტევნეს და განეცვნეს შიგან, ვითარცა მახჳლი ლესული, ორპირად მკუეთელი მძოვრისა რასამე, და მრავალნი სულნი მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და დასჩქაფნეს ხარბად სისხლნი, ვითარცა ღუარნი პერად აღძრულნი ფიცხელთა წჳმათა მიერ.

ცნეს რა ესევითარი მჴეცქმნილობა სპათა ლანგ-თემურისთა, და მყის იჴმიეს. სივლტოლა, და უკუნ იქცეს მუნით. რამეთუ ჰყვა ერთკერძო ბანაკი ფარულად ადგილსა ერთსა, და დევნა უყვეს უკანა მათსა ქართველთა, და შთანარცხეს იგინიცა ურთიერთას, და ივლტოდეს ორკერძოვე განწყობილნი სპანი ისმაიტელთანი, და ამოსწყჳდეს და ყვეს მრავალი ზიანი, და ესრეთ შემოიქცეს გამარჯუებულნი, და აღვსილნი საშოვრითა მრავლითა შევიდეს ციხესა შინა.

ხოლო ცნა რა ესე ლანგ-თემურ, წარმოვიდა თჳთცა ძალითა მრავლითა, განძჳნებული გულითა მრისხანითა, მივიდა და მოიცვა სრულიად გარემონი ციხისანი. და აღუშენა გარემოს ციხეები საფრად, და შეაყენნა სპანი მრავალნი. და თჳთ მიადგა წინა-კერძო. ბჭესა მის ციხისასა. და მუნცა აღაშენა ციხე, და განავლინა ბრძანება, რათა მტკიცედ ბრძოლა უყონ. და მოიცვნეს კუთხნი ორკერძოვე ციხისანი, და მტკიცედ ეგნეს შიგან მეციხოანნი უზრუნველად, და იბრძოდეს მსგავსად შეძლებისა მათისა, და გამოჴდა მსგეფსი ერთი, და ვერ შეუძლეს აღებად.

ხოლო იყო კლდე ერთი, და მუნითგან ჰპოვეს მცირე რაჲმე აღსავალი, და იყო ვინმე სპათა შორის ლანგ-თემურისთა კაცი, სახელით ბეგიჯანლ. ესე იყო მეგჳპტელი. ამან მოიჴელოვნა და შეიპარა ღამე შიგან ციხისა მის, და აღიყვანა თანა თხა ერთი და დაკლა შინაგან ციხისა, და დაუტევა იგი და თჳთ წარმოვიდა. ამისთჳს ჰყო საქმე იგი, რათა საცნაურ იქმნას ციხისა მყოფთა მიერ კადნიერება მათი. სცნეს რა ესე შინაგან მყოფთა ციხისათა, კუალად უფროსად განმტკიცდეს, და იყვნენ უშიშრად.

ხოლო აუწყეს ლანგ-თემურს აღსავალი იგი კლდისა მის. მაშინ განიხარა ფრიად და უბრძანა ყოველთავე შეწუნა კიბეთა ბანბისათა, და კუალად წარგზავნეს კაცი იგი მეგჳპტელთა აღსაძრომელსა მას კლდისასა, და მოაბა წუერი იგი დაწნულისა კიბისა თავსა კლდისა მის მტკიცედ, და მასვე ღამესა შეუვიდეს თჳთოეულად სპანი ლაგნ-თემურისანი მრავალნი, რომელი ვერა აგრძნეს მეციხოვნეთა. კუალად მიიწივნეს შინათგამო ციხისა კარსა და უგრძნობელად აღახუნეს კარნი ციხისა მის, და ესრეთ მიეტევნნეს შინაგანნიცა და გარე-მყოფნი თათარნი. და მაშინღა სცნეს ქართველთა და შეიბნეს ფიცხლად. და დაერივნეს ქართველნი გულითა სისხლთა მღურელითა, და განაპეს მრავალკეცი იგი რაზმი მათი. და მგავსად ქუხილთა იხილვებოდა მსმენელთაგან ცემანი და კუეთებანი აბჯართანი. და ძლიერად ბრძოლა უყვეს ქართველთა, და უმრავლესნი მოსრნეს და დააკუეთნეს. და ბოლოს ეგრეთვე დარჩა გამარჯუება და ძლევა ლანგ-თემურს სიმრავლისაგან სპათასა.

მაშინ აღიღო ციხე იგი ბირთჳსისა, და მოართუეს შეპყრობილნი მრავალნი დიდებულნი და აზნაურნი ჴელპყრობილნი, და თჳთ ციხისთავი იგი, სახელით ნაზალ, პყრობილად მიჰგუარეს, და ყოველთავე წარკუეთეს თავნი მათნი, და მისცა ცოლი ციხისთავისა ნაზალისა სულთანსა შარვანისასა. და სხუათაცა სხუა მიანიჭა წყალობა მრავალი სპათა მისთა, და უფროსღა მას, რომელმან იჴელოვნა აღება ციხისა მის.

და რომელნიცა იყვნეს ციხესა მას შინა, მრავალნი ამოსწყჳდნა და უმრავლესნი ტყუედ წარიყვანნა. მაშინ განაწესა ციხისთავად ერთი წარჩინებულთა თჳსთაგანი, რომელსა ეწოდა მაჰმად. და მისცა მას სპანი მრავალნი, და შეაყენნა იგინი ციხესა მას შინა ბირთჳსისასა. და უბრძანა მათ დაწვა და მოოჴრება მუნ მკჳდრთა, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა, და თჳთ წარვიდა შამს, ხოლო ტყუე და ალაფი ყოველი გაგზავნა სამარყანს, ქორონიკონსა ჟ~.

და მიერითგან ვერღარა შემძლებელ იქმნა კუალად მოსლვად საქართველოსა შინა, რომელი ნუმცაღა ქმნილ არს მოქცევა მისი ძალითა ღმრთისათა, ვითარ კეთილის-მოქმედ და მოწყალე და ჴელის-ამპყრობელ იყო წმიდათა ეკლესიათა და ქურივთა და ობოლთათჳს მკჳდრთა საქართველოსათა. რამეთუ შჳდგზის იავარ ჰყო საქართველო ბოროტმან და ღმრთისა მიერ რისხვეულმან, და ამიერითგან დააცადა.

ხოლო წარვიდა რა ლანგ-თემურ, მაშინ მეფემან გიორგი კუალად იპყრა საქართველო მოოჴრებული და იწყეს შენობად. და მას ჟამსა წარვიდა მძლავრი ლანგ-თემურ და დაიპყრა თურქისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზი, ადარბადაგანი, და შეიპყრა ბურსას მჯდომი ხვანთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა. და შემდგომად ექუსასისა წლისა მაჰმადის გამოჩინებისა, ამას ჟამსა შინა გამოჩნდა კაცი ერთი სახელით ოსმალ და ესე იყო სჯულითა სუნი. ამან იწყო მეკობრობად, და შემოიკრიბნა მრავალნი სხუანი მეკობრენი და თანაშემწენი, და განმდიდრებულ იქმნა ფრიად სიმრათლით - ნატაცებთათა, და დაიპყრა სრულიად არაბისტანი და ანატოლი, და ტახტად ეპყრა ბურსა, და მის ზედა განილაშქრა ლანგ-თემურ.

რამეთუ ამა ოსმანის ძეთა ეპყრა ბურსა, და ესე ბაიაზითცა თესლი იყო ოსმანისა. ხოლო ლანგ-თემურ ბრძოლა უყო და სძლო: რამეთუ შეიპყრა ბაიაზით ხვანთქარი და ჩასუა რკინის ყაფაზაში, და ეგრეთვე პატიმრად თანა-ჰყვა, და დაიპყრა ბურსა და სანახები მისი. ხოლო კეისარმანცა ჰყო მორჩილება მისი, მიართო ძღუენი მრავალი და მისცა ხარაჯა ლანგ-თემურს.

კუალად რუსეთიცა დაიპყრა. და ამისა შემდგომად წარმოვიდა და მოვიდა თურქისტანს და მუნ სალმობიერ იქმნა, და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა. რამეთუ მაშინ განუყო ძეთა თჳსთა ქუეყანანი: რომელსამე მისცა ინდოეთი, რომელსამე ხვარასანი და რომელსამე ადარბადაგანი. და მიერითგან ვერღარა შესმინეს ძეთა მისთა მისლვად საქართველოსა შინა, რამეთუ იქმნა მათ შორის შური და ჴდომა. და მას ჟამსა განისუენა საქართველომან, და იწყეს შენობად.

და მეფობდა მეფე გიორგი და მიიცვალა.

და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი იმერეთისა. ამასვე წელსა გარდაჰჴდა დიდი მეფე ბაგრატ იმერეთისა, და დაჯდა მეფედ ძე ბაგრატისა კოსტანტინე, და იმეფა შჳდ წელ, და მოკლეს ჩალაღას. ხოლო ოდეს ლანგ-თემურ მოვიდა, მაშინ შეინახეს დიდოეთს ძე ბაგრატისა და ძმა გიორგისა დავით და, ოდეს აღესრულა მეფე გიორგი, მაშინ მოიყვანეს ქართველთა და კახთა დიდოეთიდამ და გააბატონეს ქართლსა და კახეთს.

და მას ჟამსა მწყსიდა კეთილად საქართველოს კათალიკოზი ბასილი.

და იმეფა დავით კეთილად და მშჳდობით. და, შემდგომად, ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა და დაჯდა მის წილ მეფედ ძე მისი გიორგი. და ესუა ცოლად ამირეჯიბის. ქუცნას ასული ნათია. და შვა ძე სამი: ალექსანდრე, ბაგრატ და გიორგი.

და ამას ჟამსა შინა მჯდომარე იყო კათალიკოზი გიორგი. და გარდაიცვალა კათალიკოზი გიორგი, და დაჯდა კათალიკოზად ელიოზ.

და გარდაიცვალა კათალიკოზი ელიოზ, და დაჯდა მიქაელ.

და მოკუდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით.

 

დიდი ალექსანდრე

ხოლო მეფობდა მეფე გიორგი კეთილად და მშჳდობით. და ჟამსა რაოდენსამე შინა მიიცვალა იგიცა, და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე ქორონიკონსა რ~სა.

და იყო ჟამსა მას კათალიკოზი დავით და მიიცვალა იგი, და დაჯდა ელიოზ.

და მიიცვალა ელიოზ, და დაჯდა კათალიკოზი თეოდორე.

და მოკუდა კათალიკოზი თეოდორე, და დაჯდა კათალიკოზი შიო.

და ამან მეფემან გარდამატა სხუათა მეფეთა საქართველოსათა. და იყო კაცი სახიერი და სწავლული ყოვლისავე საღმრთოსა და საეროსა ზნეობითა აღსავსე. და გული უთქმიდა კუალად-გებად პირველსავე საზომსა ზედა მოყვანებად წმიდათა ეკლესიათათჳს. და საქართველოსა. რამეთუ იყო მაშინ ყოველი ესე საქართველო უსჯულოსა თემურისაგან უნუგეშინისცემოდ განსრული, და სრულიად აოჴრებული დედა-ქალაქი მცხეთა და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, და ეგრეთვე ყოველნივე ეკლესიანი, საყდარნი და ციხენი ყოველნივე სრულიად საფუძველითურთ დაექცია და მოეოჴრებინა, და ყოველნი სულნი ქრისტეანენი დედაწულითურთ ტყუე ექმნა. ესე იავარ-ნაქმარ ქართლზე მეფე იქმნა.

ამის მეფობამდე მუდამი ტყუენვა, რბევა და მოოჴრება ჰქონდა ქუეყანასა ჩუენსა, რომელ ქართლი დიდად შემცირებულ იყო მრავლის ტყუენვისა და რბევისაგან, და არა სადათ აღუჩნდათ ნუგეშინისმცემელი, ვიდრემდის არა მეფე იქმნა დიდი ალექსანდრე. ამან იწყო ბრძოლა უსჯულოთა მათ, და მრავლისა ბრძოლითა და ზეგარდამო შემწეობითა განასხნა ყოველნი უსჯულონი საზღვართაგან საქართველოსათა.

ქორონიკონსა რ~ბ: მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს. თურქთა ახალციხე ამოსწყჳდეს. ამა მეფის ალექსანდრეს აღმზრდელმან მრავლის ჭირნახულობითა, ბებია მისმან ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე-ყოფილმან რუსა, ამან იწყო მრავლის. ღუაწლითა და გულსმოდგინებით, აღშენებად წმიდისა სუეტის-ცხოველისა. პირველად გამოკაზმა და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა და ვერღარა სრულ ჰყო აღშენება მისი, ეგრეთ მიიცვალა ამიერ სოფლით.

და ვითარ ეგულებოდა მეფესა ალექსანდრეს, ეგრეთვე იგულა და იგულსმოდგინა: ოცდაოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სუეტისა ცხოველისა, და აწ ახლად აღაშენა და განავრცო და განასრულა, და ყოვლითა მოკაზმულობითა შეამკო და განაშუენა. და დაადგინა პატრიაქად მიქაელ. და მრავალნი წმიდანი და პატიოსანნი მონაზონნი, მღდელნი, მგალობელნი და მოწესენი შეკრიბნა, და რომელიცა ძუელთაგან გარიგებული შესავალი ჰქონდა, გინა გარიგებულნი აღაპნი და სხუანი საეკლესიო საჴმარნი, ანუ ქუეყანანი ჰქონდეს, მას ზედა მრავალი შეუმატა და უფროსად განავრცეს. და კუალად ქართლსა და კახეთსა და სადაცა ყოფილიყო მკჳდრი მისი მამულნი, რომელნიცა ძუელთა ჴელმწიფეთა, მამა-პაპათა და დედა-შვილთა გაერიგებინნეს და გაესაზღვრნეს და შეეწირნეს, ეგრეთვე ამანცა ჯერ-იჩინა და ყოველნივე შესწირნა. და ეგრეთვე, სადაცა მოოჴრებულნი აგარაკნი ჰქონდა, ყოველნივე აღუშენნა და ყოველნივე საქართველოს უდაბნონი, მონასტერნი და ეკლესიანი, სოფელნი, აგარაკნი, აზნაურნი და გლეხნი განუწესნა და შესწირნა. და კუალად აღაშენა მცირე ეგუტერი მთავარანგელოზისა მცხეთას სამარხოდ.

ქორონიკონსა რ~ით: მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო, და კუალად ინება აღშენება ყოველთა საქართველოს ციხეთა და საყდართა. აღაშენნა და განავრცნა. მას ჟამსა შემოსავალი არსაით იყო სახლისა მისისათჳს. და ამით საქართველოს კუამლსა ზედა ორმეოცი თეთრი მალად განაჩინა.

ასოცდარვა ქორონიკონზე საქართველოს ციხენი, საყდარნი და მონასტერნი ყოველნივე სრულიად ახლად აღაშენნა და შეამკუნა, და კუალად მისგან დადებული მალი მანვე ამოჰკუეთა, და ყოველნი ქრისტიანენი ფრიადსა მშჳდობასა და მყუდროებასა შინა ამყოფნა. თათართაგან კაცთა მოასხმიდა და დაასახლებდა, და ქუეყანა ესე საქართველო ესრეთ განაგო.

ქორონიკონსა რ~ლ: დასუა მეფე ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ, და შერთო ფანასკერტლის ქალი და დაჲ თაყას ფანაკერტელისა, დედოფალი სითიხათუნ. ხოლო თჳთ მეფემან ალექსანდრე სახე მინაზონებისა შეიმოსა, და უწოდეს სახელად ათანაზე. და აღაშენნა მისთჳს სენაკნი და სახლნი დიდნი ქვითკირისანი მცხეთას მისგან აღშენებულს მთავარანგელოზის ეკუდერთანა, და მუნ დადგა, ვიდრემდის ცხოვრებდა, სასოებითა და მოღუაწებითა.

ხოლო ოდეს დასუა პირველი შვილი ვახტანგ ქართლსა და იმერეთს, მასთან დააყენა უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი, და დასუა კახეთს, ქორონიკონსა რ~ლგ, მეფედ უმრწემესი ძმა დიმიტრისი გიორგი, და შერთეს ნესტან-დარეჯან, იმერელ მეფის ქალი. მაშინ ოდეს დაიპყრა ალექსანდრე იმერეთი, განაძეს ძე კოსტანტინესი, მეფე იმერეთისა ბაგრატ.

ხოლო შემდგომად სიკუდილისა მძლავრისა ლანგ-თემურისა კუალად იპყრეს არაბისტანი, ანატოლი ძეთა მათ ბაიაზით ხვანთქრისათა. და კუალად იპყრეს ბურსა ტახტი და ყოველი სამკჳდრო მამულნი მათნი, და უმეტეს გაძლიერდენ. და იწყეს ბრძოლა ქრისტეანეთა ზედა, და მცირედ-მცირედ კადნიერ-ქმნილთა მათ ზედა ძლევისმოქმედებდენ ყოველთავე საბერძნეთსა ზედა.

ამისა შემდგომად განიგულეს ბრძოლა დიდისა ტახტისა და სამეუფოსა დედაქალაქისა კოსტანტინეპოლისა. და იყო ურთიერთას შორის დაუცადებელი ბრძოლა ძლიერი. და სძლეს ოსმალთა და ხვანთქარმან სულთან მაჰმად. და მიდრკეს ბერძენნი. შეაიწრეს ფრიად კეისარი მძჳნვარედ ზედა-დასხმითა, რომელნი გარე მოადგეს კოსტანტინეპოლის, ქალაქსა მას სამეუფოსა. სძლეს და აღიღეს კოსტანტინეპოლი ოსმალთა, ქორონიკონსა რ~ლბ, ქრისტეს აქეთ ჩ~უმე.

ხოლო იყო ჟამსა მას კეისარი, სახელით კოსტანტინე პოლეოლოღოს. და იყო პატრიაქი აღსრულებულ. მაშინ აღიხუნეს და დაიპყრეს სრულიად საბერძნეთი ოსმალთა: და ოდეს აღიღეს კოსტანტინეპოლი, მას ჟამსა დაბნელდა მზე, რომლისა ამბავნი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა ბერძენთასა. და იყო სამარადისოდ ბრძოლა ძლიერი. და კუალად იყო შური და ჴდომა ძეთა შორის ლანგ-თემურისთა, რამეთუ ფრიად მოშურნე იყვნეს იგინი ურთიერთას შორის. და ჟამსა ამას განთავისუფლებულ იყვნეს მკჳდრნი საქართველოსანი, და იყვნენ მშჳდობით განსუენებასა შინა.

ამასვე ქორონიკონსა ჯანშა ყაენი ახალციხეს მოუჴდა.

ამასვე ქორონიკონსა ივანე ათაბაგი მიიცვალა.

ქორონიკონსა რ~ლგ: მეფემან ალექსანდრე დასუა კახეთს უმრწემესი ძმა დიმიტრისი, გიორგი, და მისცა ზემო-კერძონი მთის ალაგნი. მუნითგან არაგუს გამოღმართ ჴევ-ძმარამდის, კუალად ჴევ-ძმარიდამ გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი ლილოს სერსა წყალი გასდის და შეერთვის, მარტყოფის წყალსა გაყოლით ვიდრე ამართულამდე და ამართულას გაყოლით ვიდრე აჯიხუდმდე და აჯისუს გაყოლით ვიდრე მტკურის შესართავამდე და მას ქუემოთ მტკუარს გაღმართი და შაქისი ვიდრე შირვანის. საზღვრამდე. დაჰყო მცირე რამე ხანი და აღესრულა სავსე დღითა.

მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.

ოდეს აღესრულა მეფე ალექსანდრე, მაშინ მოვიდა მეფე ბაგრატ იმერეთს, ძე იმერელ მეფისა კოსტანტინესი. გამოაძო ვახტანგ, ძე ალექსანდრე მეფისა, და დაიპყრა იმერეთი.

ქორონიკონსა რ~ლე: აღბუღა და ყუარყუარე შეიბნეს.

ამასვე ქორონიკონსა მეფე ვახტანგ მიიცვალა, და არა ესუა ძელ და დაჯდა მის წილად უმრწემესი ძე, მისი დიმიტრი. და ჰყვა მეუღლედ დედოფალი გულანშარ. და მეფობდა კეთილითა და მშჳდობის-მყოფელობისა მეფობითა.

და მოკუდა კათალიკოზი შიო, და დაჯდა კათალიკოზად ძე მეფისა ალექსანდრესი დავით.

ქორონიკონსა რ~მა: მიიცვალა მეფე დიმიტრი, და დარჩა ძე მისი კოსტანტინე. ამისა შემდგომად იქმნა ბრძოლა კახთა უფლისა გიორგისა და ბაგრატს შუა მეფობისათჳს ქართლისა, რამეთუ იყო მეფის ალექსანდრეს ძმა ბაგრატ და შვილი, რომელი ზემო ვაჴსენეთ გიორგი, კახთა უფალი. სძლო გიორგი ბაგრატს და დაჯდა ქართლს მეფედ. და იყო მცირე რაჲმე ხანი და გააძეს გიორგი. და დასუეს ძმა ალექსანდრე მეფისა და მეფის გიორგისა ბაგრატ. ხოლო კახთა უწოდეს მეფედ. ამიერითგან უწოდენ კახნი კახთა უფალსა მეფედ.

ხოლო რაჟამს იპყრა მეფობა ქართლისა მეფემან ბაგრატ, მოიმორჩილნა ქართველნი და მესხნი შეიყარა ლაშქარი შთავიდა კახეთს დაიმორჩილნა კახნი განაძო ძმისწული თჳსი და დაიპყრა კახეთი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>