ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

მეფე გიორგი

ხოლო ძე მისი გიორგი პატრონობდა ქართლსა ზედან და წარგზავნა კაცი სტამბოლს და შეუკუეთა საჴსარი მამისა თჳსისა. და ესეცა თქმულ არს, რომე ხონთქარმან მრავალი წყალობა და დიდება აძლია მეფესა სჳმონს რომე ქართლს ბეგარა დასდეო და მეყმეო, მაგრამ არა ქმნა მეფემან. ქართლს ყაენის ბეგარა სჳმონ მეფემ დასდვა კუამლის თავს მარჩილი გლეხსა, და იმ თეთრითა იყიდდა შჳდს ტყუესა და გაუგზავნიდა ყაენსა, - მიერითგან დადებულ არს ტყუე ქართველთა ზედა, - და არა დასდვა ხვანთქრისა. და საჴსარი შეუკუეთა და გამოგზავნა ძესა თჳსსა თანა გიორგისსა კაცი და რაოდენი მათთჳს საჴსარი ეთქუა, იგი თეთრი სთხოვა. და მაშინ გაუგზავნა გიორგი საქონელი, რაოდენიცა ან მამისა დარჩომოდა, და ან თჳსი ჰქონდა გიორგის, და ან რაოდენიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ. ანუ საყდრისა და მონასტრისა იყო საქონელი, ყოველივე გაუგზავნეს. და სანამდის საქონელი ესე მივიდოდა, მანამდი მეფე სჳმონ მომკუდარიყო პატიმრობაში და საქონელიც იქ დარჩა.

ხოლო მეფე გიორგი მოადგა ციხესა ლორისასა და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე.

შემდგომად ამისა მოკუდა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქათ ჩ~ქიდ, და არა დარჩა ძე. ხოლო მჴევლისა ნაშობი ჰყვა ძე ერითი გიორგი და დასუეს მის წილად პატრონად იმერეთისა.

ხოლო მოკუდა დადიანიცა მანუჩარ და ჰყვა მას ძე ერთი სახელად ლევან, ნაშობი კახის ბატონის ქალის ნესტან-დარეჯანისაგან. და ესე ლევან წარმოეყვანა კახეთს კახს ბატონს ალექსანდრეს, პაპასა მისსა, და გაეზარდა. და რაჟამს მოკუდა მანუჩარ დადიანი, გამოგზავნეს ოდიშართა კაცი და სთხოვეს იგი და წარიყვანეს, მიიყვანეს და მუნ დადიანად დასუეს და გაძალიანდა.

ხოლო კახეთს იჯდა ალექსანდრე.

მაშინ მოვიდა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა და იჴმო მან მეფე გიორგი და პატრონი კახეთისა ალექსანდრე შუელად და აღებად ერევნისა. და წარვიდენ ორნივე ესენი სპითა თჳსითა. და სამს კუთხეს თჳთან თავისის ჯარით ადგა და ერთს კუთხეს ესენი დააყენა. და, რაჟამს ბრძანა ყაენმან იერიში, მაშინ უმეტესად ყოველთა ქართველთა მოიჭირვეს და გარდავიდენ გალავნებში და იომეს დიდად და, სანამდი ყიზილბაშნი შევიდოდეს, ქართველთა აიღეს სიმაგრენი, უჩუენეს ძალი და მოჭირვება ყაენსა და აღიღეს ციხე.

მაშინ დაიპყრა ერევანი, და მერმე დაუწყო ყაენმან მეფეს გიორგის ლაპარაკი: „რადგან ხვანთქარი ჩემი მტერიც იყო და შენიცაო და ახლა რადგან მე გავრჯილვარ და აქ მოველო, ლორე ჩემი იყოსო“. მაშინ მეფემან გიორგი ჯერეთ შორს დაიჭირა და, რადგან მოჭირვებით სთხოვა, სხუა ღონე აღარა ჰქონდა და დაანება. მაშინ დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას შინა. შეიქცა და წარვიდა თჳსსა სამეფოსა. და ესე უყო შააბაზ მეფესა გიორგის მამისა მისისა სამსახურისა და თჳსისა სამსახურისა მაგიერად, რამეთუ ესე შააბაზ [იყო] კაცი მცბიერი და მოყუარე მზაკუარებისა, მცთუნებელი კაცთა და მატყუარი.

და ვითარცა მოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თჳსსა, მაშინ ინებეს ხილვა და სტუმრობა მეფის გიორგისა ბატონის ალექსანდრეს ძეთა, დავით და გიორგი, რამეთუ მეფის გიორგის ბიძაშვილნი იყვნენ დედით. და, რა მიიწივნენ, მიეგება მეფე ავლაბარში და შემოუძღუა და დააყენნა. დიდად იამათ შეყრა ერთმანერთისა და ილხინნეს დღესა როდენსამე. და მერმე კუალად უჴმო შიგან თჳსსა სერსა ზედა და წარვიდა დავით. ხოლო გიორგი მიზეზ ყო ღჳნის უსმელობა და წყენა ღჳნისაგან და არა წარვიდა, და წარვიდენ იგინი. მაშინ გიორგი მოუწოდა მის თანა მყოფთა კაცთა იდუმალ, რამეთუ წინათვე განეგულვა აღრჩევით საქმე ბოროტი, შურითა ბელზებულთათა სიკუდილი ძმისა თჳსისა უხუცესისა დავითისი. რამეთუ ესე დავით იყო კაცი მრისხანე და ამაყი, ხოლო გიორგი იყო კაცი შუენიერი ხილვითა და კეკლუცი, და ყმათათჳს კეთილი და უხჳ. და ამისთჳს უმეტეს მისდა მიივლტოდენ, ვიდრე დავითისა.

და ჰგონებდა გიორგი, ვითარმედ მთვრალ იქმნების ღჳნითა იგიცა და მისთანანი კახნიცა და მაშინ აღასრულებს ხენეშთა გულის-ნებასა თჳსსა. და აუწყა ყოველივე მუნ მყოფთა და შემოიფიცნა კახნი და იმარჯუებდა ჟამსა მარჯუესა და უთხრობდა ყმათა: „მომყევით და მოვკლავ ძმასა ჩემსა და დავიპყრობ კახეთსა“.

და რა შეფიცნა ყმანი თჳსნი, მაშინ იყო ვინმე ჩოლაყაშვილი, კაცი ღმრთის მოშიში, სახელით ბარამ. ესე წარვიდა მსწრაფლ და აუწყა ყოველივე დავითს და მოაჴსენა საიდუმლოდ, რაცა განეგო მისთჳს გიორგის ძმასა მისსა. და, რა ესმა საქმე ესე დავითს, მყის წარმოდგა სერისაგან და წარმოვიდა და გამოჰყვნენ ყოველივე კახნი; და ვითარცა მოიწია ძმისა კარავსა შინა, მაშინ იხილა გიორგი, რამეთუ იჭურვოდა საჭურველით მაშინ რქუა: „ძმაო, რას საქმეზედ იჭურვებიო“ და ვერარა სიტყუა უგო. მაშინ შეიპყრა ძმა თჳსი გიორგი და რაოდენიცა იყვნენ კახნი შეფიცულნი მის თანა. და ვეღარც მეფემან გიორგი უსაყუედურა საქმე ესე დავითს ამისთჳს, რომ უმართლე იყო. და წარმოიყვანა ძმა თჳსი და თორღას ციხეში პატიმარ ყო, და თორმეტნი ყმანი, მისნი შეფიცულნი, ჭოეთის ციხიდამე გარდმოყარნა და დაჴოცნა, სხუანი შეფიცულნი მისნი პატიმარ ყვნა. და თჳთ ბატონობა მისი მიუღო მამასა თჳსსა და თჳთ გაბატონდა. და თუესა ექუსსა იბატონა და მოევლინა რისხვა ღმრთისა მამისა უსამართლობითა და მოკუდა.

და კუალად დაიპყრა მეფობა მამამან მისმან ალექსანდრე და გამოიყვანა ძე მისი გიორგი ციხიდამე, რამეთუ არღარა ჰყვანდა ძე მის მეტი, და ამყოფა თჳსთა თანა.

ხოლო ამა დავითს ჰყვანდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთევან, და დედისიმედისა, რომელი შემდგომად მოწამე იქმნა, და. ესე ქეთევან იყო გონიერი; და მაშინ სცნა, ოდეს მოკუდა ქმარი მისი დავით, დარჩა კახეთი გიორგის. და ამას ქეთევანს ჰყვანდა ძე ერთი დავითთან, თეიმურაზ, და შეეშინა ქეთევანს ახსოვდა, ოდეს დაიჭირა დავით ძმა მისი გიორგი და დაატყუევა ციხესა შიგან, ეშინოდა ქეთევანს ძმისა მისა მისთჳს, და წარგზავნა ყრმა თჳსი ყაენთან შიშისათჳს გიორგისა. რამეთუ ეშინოდა გიორგისგან, მაზლისა თჳსისა, და მისთჳს გამოგზავნა ყაენთანა და თანაგამოატანა შერმაზან ჩოლაყაშვილი. და მივიდნენ შააბაზთან, და შააბაზ ვითარცა ძე ეგრეთ შეიტკბო.

ხოლო ამას შააბასს სწადოდა დაპყრობა საქართველოსა, და მრავალი ღონე და ჴერჴი იჴმარა და ცდილობდა, რათამცა დაეპყრა საქართველო, და ვერ შეუძლო. მოიპოვა ღონე ესევითარი: რომელი მიეცა კახ-ბატონს ალექსანდრეს ძე თჳსი კოსტანტინე ესე გაეზარდა შააბაზს და გაეწუართა სჯულსა ზედა მაჰმადისასა. და ამა კოსტანტინეს ჴელით გაუგზავნა ხალათი მამასა მისსა ალექსანდრეს, და გაატანა თანა ჯარი და შირვანელი, და ესრეთ დააბარა კოსტანტინეს: დავით“ ხომ მომკუდარა და სხუა აღარავინ დარჩომილა მამის შენის მეტი, წადი და მოკალ მამა-შენი და ძმა-შენი, და კახეთიც შენ დაიჭირე“.

და წარვიდა და წარიტანა ჯარიცა თანა და რა მიახლოვდა გაუგზავნა კაცი მამასა თჳსსა და ესრე შეუთუალა, ვითარმედ: „ყაენმან ხალათი გამოგზავნა და მეც დასტური მომცა და გამომგზავნა შენად სანახავად“ და რა მოუვიდა მახარობელი, ესრეთ განიხარა დიდად, რამეთუ მაშინ იდგა გრემს, წარმოვიდა და მოეგება ბაზარს ძესა თჳსსა და შეიყარნენ მუნა. და მუნ ჩააცვა ალექსანდრე ხალათი და დიდად განიხარა შეყრა და ნახვა ძისა თჳსისთ. და დღესა რაოდენსამე იყვნენ ლხინითა და მოსუენებითა.

დღესა ერთსა აწჳა თჳსსა კარავსა მამაცა და ძმაცა თჳსი და უთხრა ესრეთ, ვითარმედ: „ყაენის საქმე მაქუს“, და დაითხოვნა კაცნი და წარვიდენ კარვად თჳსად, და დარჩა მას თანა რუსთველი და ძმა მისი. და რაჟამს ესრეთ დააჴელა, მაშინ დაპირებული ჰყვანდა ყიზილბაშის ჯარი და შემოცვივდენ კარავშია და უღალატა და დაჴოცეს. მაშინ მოკლა მამა და ძმაცა თჳსი და რუსთველი, ყორჩიბასიცა ძმა მისი, ქრისტეს აქათ ჩ~ქიე.

ხოლო რაჟამს აღასრულა ესევითარი უკეთურება და კუალად შესძინა უკეთურება უკეთურებასა ზედა: და მაშინ მიუგზავნა რძალსა თჳსსა ქეთევანს კაცი, რომელი იყო ცოლი დავითისა და დედა თეიმურაზისა, და შეუთუალა, ვითარმედ: „შეგირთავ ცოლად და შენცა მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩუეულება სჯულად მაჰმადისა“.

და რა ესმა საქმე ესე ქეთევანს, და შეწუხნა დიდად და მოუწოდა რაოდენთამე კახთა და უთხრა საქმე და შეეხუეწა მოდგომასა საქმესა ამას ზედა. მაშინ მისცეს კახთაცა პირობა და შეჰფიცეს, რომე შენს მეტი ბატონი ჩუენ არ გვინდაო. და შეიყარნენ და წარვიდენ და შეებნენ. და მისცა ღმერთმან ძლევა ქეთევანს და განემარჯუა კოსტანტინესა ზედა: და მოკლეს კოსტანტინე კახთა და გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშთა.

და რა გამოაქცივეს ჯარი ყიზილბაშისა, მოართუეს ამბავი ესე შააბაზს. და რა ესმა საქმე ესე, მაშინ მოიჴმო შააბაზ თეიმურაზ, ძე კახის ბატონისა, რომელი წარეგზავნა დედასა მისსა ქეთევანს ყრმა მცირე, და აგინა დიდად კოსტანტინეს, დაგმო და უთხრა თეიმურაზს: კოსტანტინეს“ დაუჴოცია მამა და ძმა თჳსი და აწ იგიცა მოუკლავთ, ახლა შენთჳს მომიცემია კახეთი და წადი ჩაფრად და დაიჭირე კახეთი“. რამეთუ ამისთჳს ქმნა საქმე ესე შააბაზ, რომე დიდად ეშინოდა ქართველის მეფისაგან, ნუუკუე კახეთი მან დაიპყრასო, და ამისთჳს გამოგზავნა თეიმურაზ ჩაფრად.

მაშინ წარმოვიდა თეიმურაზ ჩაფრად და მოვიდა კახეთს. და მივიდა დედისა თჳსისა თანა. და იქმნა სიხარული დიდი და მხიარულ იქმნენ კახნი ფრიად. და გაბატონდა თეიმურაზ, და მაშინ იყო წლისა ცამეტისა.

 

მეფე ლუარსაბ

და მას ჟამსა მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ლუარსაბ პატარა. და ამას ჟამსა შინა იყო ქართლი ფრიად გლახაკი და საჴმართაგან უღონო: ლაშქრობისა და ოჴრებისაგან პირველად იავარ ქმნილიყო ურუმთაგან, და უფროსად, სჳმონ მეფე რომ ურუმთ ტყუედ ჰყვეს, მაშინ გამოიღეს საჴსარი მრავალი და არღარა დაზოგეს რა ქართველთა თავისის ბატონის გამოჴსნისათჳს. და ამაში მეტად გლახაკ და უპოვარ იყო ქართლი, ხოლო კახეთი იყო ფრიად მორჭმული და მდიდარი.

ოდეს მოკუდა გიორგი მეფე, დარჩა ორი ასული შუენიერი და სატრფიალო: სახელი ერთსა ხორაშან და მეორესა თინათინ. და რაჟამს გამეფდა პატარა ლუარსაბ, მაშინ სთხოვა ყაენმან შააბაზ დაჲ თჳსი ცოლად. და მისცა დაჲ თჳსი თინათინ და ესუა ცოლად შააბაზს.

და მაშინ კეთილად პატრონობდა ბატონი თეიმურაზ კახეთსა. და რა იქმა წლისა ათხუთმეტისა, მაშინ ითხოვა ქალი გურიელისა და ქმნა ქორწილი პატიოსანი დიდად გამოჩუენებით. და ხანსა რაოდენსამე უკანა მიეცა ძე ორი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე, მეორისა ლევან. და ამისა შემდგომად მიიცვალა ცოლი ბატონის თეიმურაზისა, ასული გურიელისა. და ყო მწუხარება და გლოვა დიდი ბატონმან თეიმურაზ და სრულიად კახთა, და იყვნენ დიდსა ურვასა შინა.

მაშინ მიესმა საქმე ესე შააბაზს, გლოვა და მწუხარება კახის ბატონისა, წარმოგზავნა კაცი და შემოუთუალა, ვითარმედ: „მესმა შენი მაგ[გ]უარი მწუხარება და შეჭირვება, და წარმოვედ ჩემდა, და მნახე და განიხარე, და მოგცემ წყალობასა და საბოძვარსა მრავალსა“.

წარვიდა თეიმურაზ და მივიდა ყაენთანა და დახუდა ყაენი დიდად კარგად და მისცა მრავალი და გამოიყვანა გლოვისაგან. დიდად ლხინობდენ და შეექცეოდენ. და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მიიჴმო ბატონი თეიმურაზ საიდუმლოდ და უთხრა ყაენმან ესრეთ, ვითარმედ: „მეფესა ლუარსაბს სთხოვე დაჲ მისი ხორაშან და შეირთე ცოლად, რამეთუ იქმნები ქუისლი ჩემი და მოყუარე ლუარსაბისა და არღარა იქმნება თქუენსა და იმას შუა მტერობა და შური“. ხოლო მეფემან თეიმურაზ უთხრა უარი, რამეთუ ეყოდენ და ნათესავნი იყვნენ, პაპიდაშვილი იყო, და ამისთჳს უთხრა დიდი უარი. მაშინ არა უსმინა შააბაზ და უწყინა და, რადგან დაუჟინა, ნება დართო თეიმურაზ და მორჩილ ექმნა და ჩამოჰყვა შერთვასა ხორაშანისასა. და წარმოგზავნა თჳს[ს]ა ადგილსა და მოვიდა თეიმურაზ კახეთსა. ხოლო ყაენმანც მოსწერა ლუარსაბს მოყურობა თეიმურაზისა. და სთხოვა ქალი თეიმურაზ, და ყაენის სიტყუას ვერცა ლუარსაბ გარდავიდა და მისცა დაჲ თჳსი ხორაშან. და წარიყვანა ქალი და ქმნა ქორწილი პატიოსანი თეიმურაზ.

ხოლო ამა ჟამსა შინა ხონთქარი სულთან მურად ბაღდადს მიწევნულიყო და ყირიმის ჯარი თან ახლდენ. და რაჟამს ხვანთქარს სულთან მურადს ბაღდადის საქმე გაერიგებინათ, მაშინ ყირიმის ჯარისათჳს დასტური მიეცა. მაშინ ერთსა ვისმე თათარხანთათჳს ერჩია, რომე, რადგან წავალთ, ქართლის გზა დიაღ კარგი არის და ჩუენზედაც მარჯუე არის, და იმაზედ გავიაროთ და საშოვარიც მრავალი ვიშოვნოთ და წარვიდეთ უზიანოთ. და წარმოემართნენ ქართლზედ ვითარ სამოცი ათასი კაცი. და მას ჟამსა მეფე ლუარსაბ იდგა ქრცხინვალს. და ამ ჟამში გამდიდრებულ იყო ქართლს მოურავი სააკაძე გიორგი, რომელი იყო მოურავი ტფილისისა, და ესრეთ გამდიდრებულიყო, რომე შემდგომად მეფისა იგი იყო. და ამას უთხრეს ქუეყნის არევის მოყუარეთა და მეჩხუბართა კაცთა, ვითარმედ: „მეფე სიკუდილს გიპირებს, რამეთუ სძაგს სიმდიდრე და მორჭმა შენი“. ხოლო მოურავს რა ესმა საქმე ესე, დაიწყო რჩევა და ლაპარაკი. მაშინ მიუგზავნა მეფემან კაცი და შეუთუალა, ვითარმედ: „რა გნებავს. ყოფად, რომე დღითი-დღე არა დასცხრები ლაპარაკისაგან და ჩურჩულისაგან“. ხოლო მოურავმან მიუგზავნა მროველი ავალიშვილი დომეტი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: „სიკუდილსა და ღალატს მიპირებო და რას მემართლები, დანაშაული რა მაქუსო, რომ მიწყრებიო და გნებავს სიკუდილი ჩემიო“. ხოლო მეფემან უარყო და ფიცით შეიჯერა, ვითარმედ: „არა მწადს სიკუდილი შენიო“.

და ამა ჟამსა შინა მოუვიდათ ამბავი, რომე თათარხანი თრიალეთზედ მოვიდაო. მაშინ გუნება ვერ დაასერეს მართლა და გაგზავნეს იარალი, რომე წადი და მართალი შეიტყევო, და გზები შეკარო, და ადრე გვაცნობეო ამბავი, თუ მოსულანო. რამეთუ მაშინ მეფე იყო სუბათ და არავინ ახლდენ დარბაისელნი ქართველნი, რამეთუ იყვნენ თავისა, და წარმოვიდა და დადგა მეფე ცხირეთს.

მაშინ წარვიდა იარალი და დახერგა გზები და ერთსა მოსავალსა ალაგსა დადგნენ თჳთან. და თჳთ უგრძნობლად თავს წამოადგენ თათარნი და მძინარენი ამოსწყჳტეს და დაჴოცეს, და ერთიცა მათგანი არავინ განერა.

და წარმოვიდნენ თათარნი და მოვიდეს და დაწვეს მანგლისი და კუელთა. და მუნ კუელთას შეიპყრეს მღდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა და ერთგული მეფისა თჳსისა. და რა მოვიდენ გოსტიბის თავსა, დაუწყეს მღდელს თევდორეს ლახტითა ცემა და ეტყოდენ, ვითარმედ: „მიგვიძეღ მეფეზედა“, და სწადდათ სიკუდილი მეფისა. და მღდელმან გულში ასე თქუა: „ჩემის ორის დღის სიცოცხლისათჳს ამას რატომ ვიქ, აწ მიუძღუე და მეფე მოვაკულევინო და ქართლიც გააოჴრონ, მე რაღა მეშუელებაო და ან ჩემს სულსაო“. მაშინ მღდელი წამოუძღუა და ქუენადრისის გზაზედ ჩამოუძღუა, ერთაწმიდასა და ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩნენ; და მაშინ სცნეს ყირიმთა, რომ მეფეზედ შორს იყვნენ, და გააგდებინეს თავი მღდელს თევდორეს. და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა.

და რა მოიცვეს ერთაწმიდა, ახალქალაქი, მაშინ წამოხედეს ცხირეთიდამ მეფემან და სპათა მისთა, რამეთუ ქრცხინვალიდამ წამოსულიყო მეფე და ცხირეთს მოსულიყო, და ნახეს ჯარისა სიმრავლე. მაშინ თანა-ახლდა მოურავი გიორგი და ციციშვილი ზაზა. მაშინ მოაჴსენა მოურავმან მეფესა ვითარმედ: „ნუ ასჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმან რა მოახდინოსო“. რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკუიანი და გონიერი. და წარვიდა მოურავი, და რომელიმე იყვნენ გარემონი ჯარნი, მოვიდა და შემოეყარა მეფესა, და სხუანიცა ბარათიანნი და რომელნიცა იყვენ მის-კერძონი ქართველნი; შეიყარა ჯარი თჳსი, რაოდენიცა ჰყვანდა, და ზაზაცა თანა-ახლდა. და წარვიდა მოურავი ყირიმის ჯარზედ და ჩავიდა ნიაბთ ბოლოსა სხერტის ჭალაზედა და მუნ დახუდენ ყირიმნი. მაშინ შეუტივეს მოურავმან და დაჴოცა ჯარი მრავალი და ყვეს მრავალი მარცხი და ზიანი. ხოლო ზაზა ციციშვილმან მოკლა ერთი დიდი ფაშა და ჩამოჴდა, თავსა სჭრიდა. ამაზედან წამოადგნენ მრავალნი ყირიმნი და, რა სცნა, ზაზამან მოჭრილი თავი წუერით კბილში დაიჭირა და მოახტა ცხენსა და წარმოვიდა. და სხუანიცა მრავალნი სახელნი ქმნეს იმ დღესა. მოვიდენ და მოართუეს მეფესა მრავალნი თავნი და ნატყუენავი.

შემდგომად ამისა აიყარნენ თათარხანნი და წავიდენ საციციანოსაკენ. ხოლო მისწერეს მეფემან წიგნი ერისთავებსა და მუხრანის ბატონსა და შიდა ქართლელთა ყოველთავე, რათა შეიყარონ ჯარი თჳსი და სურამის ბოლოს დახუდენ. ხოლო ყირიმნი წარვიდენ, მივიდენ დოეს[ს]. და, რა მივიდოდენ, მაშინ ერთი ტერტერა გორელი გორიდამ მოვიდოდა თავლსთჳს უგრძნობელად. და მიმოიხედვიდა იმიერ და ამიერ ტერტერა იგი და იხილა დოესი და ველნი იგი დოესისანი აღვსებულნი ჯარითა. და მაშინ სცნა ტერტერამან, რომე არა იყვნენ ქართველთაგან[ნ]ი, და სცნა, რომე უსჯულოთაგანნი არიან ვინმე და მარბეველნი ქუეყნისანი. და მსწრაფლ უკუნიქცა ტერტერა იგი, და მიივლტოდა გორის-კერძო; განვლო ჴიდი მტკურისა, და გარდაყარა ფიცრები ჴიდისა სრულიად, და ჩაყარა წყალსა შიგან, და აშალა ჴიდი; და მივიდენ ყირიმნიცა ზედა-მიწევნით, და დახუდა ჴიდი აყრილი და შეუძნდათ ფრიად და ვეღარა გაიარეს ჴიდზედა.

მაშინ დაჭმუნებულნი მიიქცენ და წავიდენ გზასა საციციანოსასა და შევლეს საციციანოსა ზედა, დაწვეს და დადაგეს საციციანო. და წარვიდეს და მივიდეს ბრბონას და დაიბანაკეს მუნ. მაშინ დააქციეს სახლები, გადვეს ჴიდი და გავიდენ მტკუარსა, მივიდენ და დადგნენ ტაშისკარის ბოლოს ნახვეტაში.

ხოლო მეფე ლუარსაბ და მოურავი წარმოვიდენ და მოვიდენ ახალდაბას. მაშინ იყო მტკუარი დიდი, რამეთუ თუე იყო ივნისი, და არა იყო ფონი. მას ღამესა ათივეს ღამე ვედრებითა და ლოცვითა მჴურვალითა, და მიანდვეს საქმე ღმერთსა და დაასკვნეს. შესვლა მტკუარშია ფონად, და ეგრეთ განვლად მიერ წიაღად. და ვითარცა გათენდა, შევიდეს წყალსა მას შინა. და იყო მაშინ მტკუარი სავსე და არა ეტეოდა კალაპოტში. და იყო ღმრთისა საფარველი მათ ზედა და განვიდეს უვნებელად ესრეთ, რომე არაფერისთანა არა წამჴდარა რა, არცა კაცი და არც ბარგი, და ეგრეთ განვიდეს, ვითარცა ძენი ისრაელისანი ზღუასა მას მეწამულსა, და ჩამოვლეს იდუმალ მათ, და უგრძნობელად მტკურის პირ-პირ ასე ჩამოვლეს, რომე მათ ყირიმთა ვერა უგრძნეს რა, გამოიარეს და მოვიდენ და შემოიყარეს ქართველნი, რომელნი იდგეს სურამის ბოლოს.

მაშინ არჩივა მოურავმან: „თხრილის პირს გარეშემო მეთოფე[ე]ბი შემოვახვიოთო და ცხენოსანი მინდვრად მივიდეთო“. და დაუჯერეს მოურავსა და მივიდენ ეგრეთ, როგორადაც არჩივა. მაშინ იქმნა ომი დიდი იქით და აქეთ, და დიდად მოჭირვებით და გულსრულად შეიბნენ, ძუელთა გმირთაგა ცა ძნელად შესაძლებელად საგონებელ იყო, რომე მაშინ მეფე და მოურავი და სრულად ქართველნი იბრძოდენ. და მისცა ღმერთმან ძლევა მეფესა ლუარსაბს, ვითარცა პირველ აბრაჰამს და გედეონს. და აღსრულდა წინასწარმეტეუელისა მოსეს მიერ თქმული ლევიტელთათჳს ბრძანება უფლისა, ვითარმედ: „ხუთმან თქუენგანმანო წარიქციოს ასი და ასმან თქუენგანმან ბევრეულ“, და მოციქულისა პავლეს მიერ თქმული: „ძმანო, ღმრთის-მოყარეთა ზოველივე განუმარჯვოს კეთილად“. ეგრეთვე ამათ სასოებითა ღმრთისათა მიეცა ძლევა დიდი და ესრეთ განემარჯუა ურჯულოთა ზედა და მოსრეს სრულიად, ბანაკი მათი იავარ ყვეს: „რაცა ოდენ ქართლიდამ ეშოვნათ, ტყუე თუ საქონელი იგიცა ყოველივე წამოიღეს და მათიცა მრავალი წაართუეს. და რაც ოდენ შეიპყრეს ყირიმნი მოსრნეს პირითა მახჳლისათა.

კნინღა მცირედი რამე ნეშტი განერნენ. იჴმიეს სივლტოლა და წარვიდნენ მოსაკიდელზედა შეშინებულნი და დანქრეულნი. შევიდენ ტყესა და სიმაგრესა მოსაკიდლისასა, არა აქუნდათ ღონე გზის განგებისა. და მაშინ ჰპოვებდენ დედანი მოსაკიდლის სოფლისანი ტყეთა შინა დამალულთა ყირიმთა კაცთა, შეიპყრობდენ, მოჰჴდიდნენ დოლბანდსა და, თუ რამე ჰქონდათ, წაართმევდენ და კაცთა შეიწყალებდენ და განუტევებდნენ. ესეთი გამარჯუება მოსცა ღმერთმან ქართველთა. და შემოიქცენ გამარჯუებულნი და აღსავსენი საქონლითა და ჰქონდათ ლხინება და სიხარული.

მაშინ არჩივეს, რაოდენცა კაცნი დაეჴოცათ ყირიმთაგანი, დასჭრეს თავები და წარმოუგზავნეს ყაენსა და მიულოცეს გამარჯუება. და გაუძღუანეს წინა გარასპი ფავლენისშვილი და, რა მივიდა და მიართუეს ყაენსა თავები, იამა დიდად და დაუმადლა მეფესა. გამოუგზავნა მრავალი წყალობა და მოულოცა მანცა გამარჯუება.

და ამას შინა უფროსად გამდიდრდა მოურავი: მოიპოვა ღონე ესე, რამეთუ ცოლი არა ესუა მეფესა ლუარსაბს, ყმაწვილიცა იყო, არჩივა მოურავმან, დაჰპატიჟა მეფესა და დახუდა კეთილად. და გამოჩუენებით. და სმაშიგან გამხიარულდა დიდად მეფე ლუარსაბ. მაშინ ჰყვანდა მოურავსა დაჲ ერთი მეტად შუენიერი და კეკლუცი და დააყენა მეღჳნედ თავს მეფესა. და მოეწონა მეტად დიდად და ეტრფიალა.

მაშინ მოურავს წინათვე განეგულა გულსა შინა, რამეთუ წინათ რომ მოურავმან ღალატი დასწამა მეფეს, ჰგონებდა არ დამინდობსო, ესრეთ განიზრახა, ვითარმედ მოეწონება დაჲ ჩემი მეფესა და ეტრფიალება და მაშინ მოინდომებს დასა ჩემსა და მივცემ ცოლად, და, უკეთუ არა ინდომებს ცოლად, მაშინ ვინცა-ვინ ჩემნი მოკიდებულნი კაცნი არიან, უფროსად ყოველნივე მე მომიდგებიან, და მეფეს შეუორგულდებიან და ამით წავაჴდენო, და თუ ცოლად შეირთავს, მტერნი ჩემნი გაუორგულდებიან და მეფეს ჩემის მეტი ღონე არ ექნება, და რა ჴელთ ჩამივარდება, რასაც მინდა ვიქო. დაასკუნა რჩევა ესე.

და იყვნენ ლხინზედა დიდად მხიარულნი და მოეწონა მეფესა ქალი იგი. დღესა მეორესა მიუგზავნა კაცი მეფემან. და სთხოვა ცოლად დაჲ თჳსი მოურავსა.

მაშინ მოურავმან მოაჴსენა ჴერჴით: „მეფეო, მე ვარ ერთი მდაბალი ყმა შენი, დაღაცათუ ჟამსა ამის წყალობითა და თქუენის მრავლი კეთილის ბოძებითა განმდიდრებულ ვარ და დიდად არს სახელი ჩემი, არამედ მტერნი ჩემნი დასა ჩემსა დედოფლად არავინ მიიჩნევს და არცავინ განდომებს თავსა ჩემსა, დაგიწყებენ ბეზღობასა და გამიწყრომობენ თქუენს თავსა“.

და ამისი რა მოციქული გაუგზავნა, მაშინღა კუალად აცნობა მოურავმან დედასაცა მეფისასა, კუალად ჴერჴით, და შეეხუეწა, რომე თქუენი შვილი, მეფე ლუარსაბ, ჩემს დას მთხოვსო ცოლად, და მე ჩემის ნებით არ ვაძლეო და მაზედ მომეჴმარენით, რომე კაის საქმით მომარჩინოთო“.

მაშინ სცნა რე ეს საქმე მეფემან, არა უსმინა და შეირთო დაჲ მოურავისა.

ხოლო დედა მეფისა იყო ქალი ლიპარტიანისა, სახელითა მარიამ. მაშინ, რა სცნა ქორწილი, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვეღარა გააწყო რა. და მოიყვანა ქალი ტურფად შუენიერი და ჰყვანდა თუესა როდენსამე.

მაშინ თავადთა და დიდებულთა ქართლისათა და რომელიცა არა იყო მოურავის მოყუარე იწყინეს და დაუწყეს ბეზღობა მოურავსა. და ეტყოდეს მეფესა მტერნი მოურავისანი, ვითარმედ: „მოურავი კაცი დიდად კარგი არისო, მაგრამ ჩუენზედ დიდად უმცირესი არისო და [უ]მრწმესი გუარითაო. ჩუენ იმათ ცოლნი და შვილნი და თავნი ყმად რად მივსცეთო, და უმეტესად სუფრაჯმან შადიმან ბარათაშვილმან დაუცადებლად დაუწყო ბეზღობა მოურავსა.

დაღაცათუ არა ენება მეფესა მოურავის გამომეტება, არამედ დიდად იიძულეს სიტყჳთა და ჟამ ყოველ განზრახებდეს მეფესა განტევებასა ს[ჯ]ულიერისა მის წმიდასა ქორწინებისაგან, და დიდად უარის ყოფასა და არა რწმუნებასა წმიდისა სახარებისასა, ვითარმედ: „რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ“, და ამისთჳს დიდად უბრალო იყო მეფე და სწადოდა განტევება ღმრთისაგან მოცემულისა მეუღლისა დიდად მიაჭირვეს სიტყჳთა, და დაჰყვა მეფე რჩევასა მათსა და ებრძანა განტევება.

და რა ამაზედ დაიყოლიეს მეფე, კუალად იკადრეს სრულიად ამოწყუეტა და გათავება მოურავისა. და შეატყუეს მეფესა, რომ ყრმა არისო, და რასაც მოვაჴსენბთ, ვერ ურჩ გუექმნებაო. კუალად შესძინეს ბოროტი ბოროტსა ზედა და მოაჴსენეს: „ვინათგან დაუტეობ და დაუგდებ მოურავსა დასა, ესე უწყით, რომე ამას მოურავი არ დასთმობს, დიდად სახელოვანი კაცი არის, გაგიორგულდება და ბევრი ავი მოჰჴდებაო“. მაშინ ურჩიეს ღალატი და სიკუდილი მოურავისა.

და იდგა მეფე ლუარსაბ მას ჟამსა წავკისის თავსა. და მაშინ იჴმეს მოურავი და აწჳეს, ვითარმედ ყარაიას ვინადირებთო, მოდით და შევექცეთო. მაშინღა მსწრაფლ მოვიდა მოურავი უზაროდ და არა უწყოდა საქმე გაგებული მას ზედა. და სწადდა მეფესა ხვალისა დღე სიკუდილი მოურავისა ღალატითა.

დაასკუნეს რა საქმე ესე. არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იჴსნა მეფე ლუარსაბ უბრალოს კაცის სიკუდილისაგან და სისხლისაგან; და მოვიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი, ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე.

ხოლო სცნა რა ესე მეფემან ფარეშთუხუცესისაგან რომელ არაოდეს უყოფიეს კაცსა გონიერსა განთქმა საიდუმლო მეფისა თჳსისა, შეიპყრა ფარეშთუხუცესი და დააჭრეს ცხვირ-პირი. და, რაც ოდენ ამას ქუემოთ წერილ არს, მოთხარა სახლისა მეფისა და აოჴრება საქართველოსი, ყოველივე სიტყჳთა ბააკასითა იქმნა.

ხოლო სცნა რა მოურავმან საქმე ესე, გარდიხუეწა შიშუელა სახურავიანის ცხენითა და განვლო გზა გელიყარისა და მივიდა ნოსტევს, აჰყარა ცოლშვილი თჳსი და მივიდა დიდგორის მთასა. გაჰყვნენ ყმანი თჳსნი.

ხოლო გამოუსია მეფემან სპა და მოვიდენ ნოსტევს და მოიცვეს ნოსტევი და შეკრეს გზები ყოველგნით. მაშინ მოურავი შეჯდა და წარმოვიდა ცოლშვილიანად მთა-მთა, ჩამოვლო უგზოდ მთები, უგრძნობელად ყოველთა მდევართაგან, და ჩამოვიდა მცხეთას. და დახუდა საბაჟოს გზა შეკრული და ჴიდიცა. და მაშინღა განვლო უგრძნობელად მცველთა, და განვიდა არაგუს ზეით ღამით ადიდებულსა მტკუარსა ცხენის ცურვითა ცოლშვილიანად უზიანოდ, რომე არარა წაჴდენია წყლითა.

მაშინ განსრულმან თაყუანის-ცა მჴურვალად სუეტსა ცხოველსა ღ(ვ)თივ-აღმართებულსა და წარვიდა არაგჳს ერისთვის ნუგზარისასა.

ხოლო ესე ნუგზარ არაგჳს ერისთვის მამა-პაპათა ამოსწყჳტეს პატრონი ჴევისა თექთურმანისძე და დაიჭირეს ჴევი, და მიერითგან მისცა მეფემან რომელთამე ჴადა, რომელთამე მთიულეთი და რომელთამე დუშეთი და ანანური. და იქმნეს ჴევისა მის ერისთავად.

და ამა ნუგზარ ერისთვისა ქალი ედგა მოურავსა. და რა სცნა ნუზარ საქმე მოურავისა და მოსლვა მისი სახლად მისა, მიეგება წინა მისაქციელსა, სოფელსა მუხრანისასა, და წარუძღუა წინა და წარიყვანა სახლსა თჳსსა დუშეთს.

და ესე მოურავი იყო კაცი მცდელი და ილათიანი, და ურჩია ნუგზარს გაყოლა თჳსთა თანა მრავლითა რჩევითა, საქმისა ჩუენებითა. და დაუჯერა ნუგზარ ერისთავმანცა და დაასკუნეს წარსვლა ყაენთანა, და მუნ მეფისა გამაგრება არა შეეძლოთ, და გაჰყვა ნუგზარცა. და წარვიდენ მუნით და განვიდენ ლილოსა, და მუნით გაჰჴდეს ყურყუთას მტკუარს ფონად, და განვიდენ და მივიდენ აღჯაყალასა.

და რა ნახეს მისვლა მათი აღჯაყალას მყოფთა თათართა, განიხარეს და მიაპყრეს. პატივი დიდი. ხანსა რაოდენსამე მუნ იყვნენ და მოურავმან ცოლშვილი იქ დააგდო, და თჳთ წარვიდა შააბაზ ყაენთანა. და რა ნახა შააბაზ, განიხარა დიდად, მრავალი ნიჭი და საბოძვარი უბოძა.

მას ჟამსა წარვიდა შააბაზ აღებად ყანდაარისა. მუნ იახლენ, ბრძოლასა და ციხის აღებაში დიდად კარგად და სახელოვნად იყვნენ. და მუნით დაბრუნდა შააბაზ და წარვიდა ბაღდადს, მუნცა თანა ახლდენ, კარგად, მჴნედ და მამაცად იყვნენ და გულოვნად. და რა გაარიგა შააბაზ მუნებური საქმე, წარმოვიდა და მოვიდა ისპაანს.

მაშინ მოურავი დაჰპირდა ქართლის დაჭერასა და კახეთისასა, და თჳთანც უნდოდა შააბაზს, და დართო ნება შააბაზ წამოსვლისა.

და ხანსა რაოდენსამე უკან მოვიდა განჯას, უგრძნობლად და უცნაურად მეფისა და კახის ბატონისა. და, რა მოვიდა განჯას, მოუგზავნა კაცი კას-ბატონს თეიმურაზს და შემოუთუალა, ვითარმედ: „შენი შვილი მომეცო“. და რა სცნა საქმე ესე თეიმურაზ, იცოდა, რომ შააბაზ კაცი ხვანჯიანი და დაუნდობარი და ილათიანი იყო. და ესეცა უწყოდა, რომ არც მე დამინდობსო, იმასთან გაზრდილი კაცი ვარო, და არა უნდოდა გაგზავნა შვილისა, რამეთუ უწყოდა, რომ არც შვილს დაინდობდა, არცა მას. მაგრამ დაუჟინეს კახთა და არა დაეჴსნენ, რომ მეტად ძალა უყვეს, მაშინ გაუგზავნა ძე თჳსი ალექსანდრე, ნაშობი გურიელის ქალისაგან, და დედაცა თჳსი ქეთევან თან გაატანა ამისთჳს, რომე უფრო პატივს დამდებს და არას აწყენს შვილსა ჩემსაო, და შეეხუეწა გაუწყრომლობასა.

და რა მივიდა დედოფალი ქეთევან, სცნა პატივი დიდი. და რა ნახა შვილიშვილი მისი ალექსანდრე, უთხრა „ძიძა ხომ არა ვარო - ყაენმან - რომ ასეთი პატარა ყმაწვილი გამოუგზავნიაო, რასთჳს უფროსი შვილი არ გამომიგზავნაო. თუ ჩემი შერიგება უნდაო, უფროსი შვილი გამომიგზავნოსო“. და გამოუგზავნა კაცი და სთხოვა უფროსი შვილი.

არ უნდოდა კახ-ბატონს თეიმურაზს გაგზავნა უფროსისა შვილისა, და დედოფალსაც ქეთევანს შემოეთუალა, ნუ გამოუგზავნიო. და არა სწადდა გაგზავნა თეიმურაზს, მაგრამ არა დაესჴნეს კახნი და ეტყოდეს: „არც შენც იქ იყაო, რა დაგიმარცხდაო, ქუეყანასა რასთჳს წაახდენინებო?“ რადგან არ დაეჴსნენ კახნი, მასინ გაუგზავნა უფროსიცა შვილი ლევან. და რა მიუვიდა ესეცა, მასინღა გაუგზავნა კიდევ კაცი შააბაზ თეიმურაზს: „რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარო, შენცა მოდი და მნახეო და მრავალს წყალობას გიზამო“. და რა მოუვიდა ამბავი ესე, მაშინ ბატონმან თეიმურაზცა დააჯერა გული და კახთაც შეიტყუეს, რომ უნდოდა ამოსავარდნელად.

მაშინ ეზრახნენ მეფესა ქართლისასა ლუარსაბს, რომე „რადგან მოყუარენიცა ვართ და სჯობს ქუეყანისათჳს, ამ საქმეზედ გავერთდეთ, რამეთუ შენცა უწყი შააბაზ ყაენი საქართველოსათჳს ავი არის, და მოურავიც ხომ მტერი არს შენი, და იმას მოჰყავს ყაენი და უნდათ ქუეყანის წაჴდენა, გავერთდეთ“. და მასინ გაერთდენ და მისცეს ფიცი მტკიცე ერთმანერთსა. და შემოიყარა თეიმურაზ კახნი და დადგა მაგრა.

და რა სცნა საქმე ესე შააბაზ, წარმოვიდა თჳთ და მოვიდა კახეთს. და შეიყარა თეიმურაზცა ჯარი და შააბაზ ყაენმანც წარგზავნა სპა თჳსი წინა და გარდაუყენა ჟალეთს, და თჳთ შააბაზ მივიდა ბატონს თეიმურაზზედა. და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარმოვიდა. და მოუჴდა წინა გარდაყენებულთა ჟალეთს მდგომთა ყიზილბაშთა შემოება მჴნედ.მისცა ღმერთმან ძლევა, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს: ამოსწყჳტა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველნივე. წარმოვიდა და მოვიდა მუხრანს და შემოეყარა მეფესა ლუარსაბს.

პირველ თურმე ერჩივა მოურავს შააბაზ ყაენისათჳს ესრეთ, ვითარმედ: ქართლში“ ზამთარ მიდიო, ხიზანი მთაში ვერ შევაო და, რასც გინდა იქო, და თუმცა მთაში შევიდენო თოვლი და სიცივე ამოსწყუეტსო. და ესმინა შააბაზს სიტყუა მოურავისა და მოვიდა თუესა იანვარსა ხუთსა, ქრისტეს აქათ ჩ~ქკდ, და აღიღო ციხე თორღისა შააბაზ და გამოიღო ყოველივე საგანძური კახეთისა. და შემუსრა ჴელითა თჳსითა წმიდა გიორგი ალავერდისა, და შემუსრნა პატიოსანნი ხატნი და ჯუარნი, და შემოსძარცუნა პატიოსანნი თუალნი და მარგალიტი, მისცა მეძავთა, ცოლსა და ხარჭათა მისთა, და ყო სამკაულად მათდა. და შეაგინნა წმიდანი ეკლესიანი კახეთისანი, და წარმოემართა ქართლსა ზედა.

მაშინ ინებს ქართველთა ომი, მაგრამ ვეღარა გააწყუეს რა და ვერცა დაუდგენ სიმრავლისაგან ჯართასა.

მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ და კახ-ბატონი თეიმურაზს იმერეთს. და მოეგება მპყრობელი იმერეთისა გიორგი, ითჳსა კეთილად და მიუჩინა ალაგები და დააყენა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>