ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

აქამომდე კარი თურქთა ჰქონდა. წარავლინნა ლაშქარნი გარემოდგომად. და ცნეს თურქთა, დააგდეს კარი და ივლტოდეს. ხოლო მეფემან აიღო და მიითუალა კარი და დაუტევა კარის მცველად ივანე, და აჩინა მონაპირედ, და უბოძა ათაბაგობა და ამირთა-ამირაობა. რომლისათჳსცა დიდი წყება შექმნა თურქთა; და დიდად ავნებდა, რომელ წარუღო თურქთა გარეშემონი ქუეყანანი, აიხუნა და მიითუალნა. და წარმოგზავნა მახარობელი მეფისა წინაშე და დაიმადლა. ივანესვე უბოძა კარული და მისი ქუეყანა. და წარემართებოდა სამეფო თამარისი და შეემატებოდა დღითი-დღე. შიში და ზარი მეფისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა.

უდიდესნი საქმენი აღმომიჩნდეს და გონება ვიწყე უღონოებად თხრობისა სიდიდითა საქმეთათა, დაღათუ არა შესატყჳსი არს ჩემდა ამათ მოთხრობა, არამედ დიდთა სიტყჳს-მოქმედთა პირველთა არს.

ესე ესმა მაღალსა სულტანსა სელჩუქინსა, სახელით რუქნადინს, რომელი უმაღლეს და უდიდეს იყო სხუათა ყოველთა სულტანთა, რომელი მთავრობს დიდსა საბერძნეთსა, ასიასა და კაბადუკიასა ვიდრე პონტოდ ზღუადმდე. ამან მოუწოდა ყოველსა სიმრავლესა სპასა მისსა და შეკრბა კაცი ორმოცი ბევრი, რომელ არს ოთხასი ათასი და წარმოავლინა მოციქული მეფეს წინაშე და წარმოსა წიგნი, რომელსა წერილ იყო სახე ესევითარი:

„ღმრთისა ოდენ უქუენესისა და ყოველთა კიდეთა მპყრობელისა! ყოველი დიაცი რეგუენია, და შენ გიბრძანებია ქართველთათჳს აღებად ჴრმალი მუსლუმანთა ჴოცად. ესე არცა რომელ ჴრმალი დიდისა მოციქულისა მოჰმედისა. მისისა ერის თავისა, ბოძებულთა. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი, რათა აღვჴოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩათრსა ჩემსა სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰმადი აღიაროს“.

ნაცვალი სიტყვა მეფისა ნუქრადინისადმი

ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყროლბელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი მისი, ნუ შენი!“

და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი, მისცა და წარდგა, იწყო არა-საკადრებელთა სიტყუათა თქმად: „უკეთუ მეფემან თქუენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა“. ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: „თუ მოციქული არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა კარნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიართჳ ნუქრადინს და არქჳ: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა, იყავნ!“

მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარზავნეს პასუხითა მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის, და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა წინაშე. და ცრემლით შევედრა სოსლან დავით და სპა მისი; და დროშა მისი სჳანი და ბედნიერად მყოფი გაგზავნა ვარძიით. ლაშქარნი წარემართნეს. წინამებრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ორნიცა იგი ძმანი ახალციხელნი, შალვა და ივანე, დაღათუ შალვა მანდატურთ-უხუცესი იყო, ჭიაბერი და სხუანი თორელნი, და წარემართნეს ბასიანის კერძოსა. და მეფე თამარ მოვიდა ოძრჴეს: და ეახლნეს. შავთელი კაცი ფილასოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული, და ევლოგი სალოსად წოდებული და წინასწარ-მცნობლობისა ღირსქმნილი ამათ თანა იყვის მეფე თამარ დღისი და ღამე ლოცვითა, ფსალმუნებითა, ღამისთევითა დაუძინებელად, და ყოველთა ღამეთა დღე-ლიტანიობდა და არა დასცხრებოდა. და ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა.

ხოლო მეფემან დავით ქმნა, უნდოდა რამეთუ ზედა-მიჰმართა სადა დაბანაკებულ იყო ბასიანისსა ადგილსა ბოლოსციხედ წოდებულსა. და ეახლნეს ბანაკსა სულთნისა! რომელ არა იყო რიცხჳ ცხენისა, ჯორისა და აქლემისა მათისა კარვებისა და სარაფარდებისა მინდორი იგი ძლივ იტევდა კარვებსა მათსა და აღმდგომსა მისსა, და უმეტეს ქართველთასა. ესრეთ წყნარად და უკადრად მდგომარე იყო სულტანი. და ეახლა დავით და ქართველნი. დააწყუეს რაზმი, სადა-იგი წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი და ახალციხელი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი; და ერთკერძო აფხაზნი და იმერნი ერთ-კერძო ამერნი და ჰერ - კახნი. ესრეთ წყნარად ვიდოდეს. დარაჯნი არა უდგეს სულტანსა, არამედ იხილა კაცმან სულტნისამან: მოვიდა სპა ურიცხჳ ქაფარი. [წარიკუეთა] სასოება მეფისა მათისა. ხოლო იგინი განკრთეს და მოიღეს ჯოგი; აღიჭურნეს და აღსხდეს ჰუნეთა, ბარგი და კარვები დაუტევეს. რა მოვლეს კარავთაგან, წინაგანეწყვნეს, და ეახლნეხ წინამბრძოლნი ორთავე, და იქმნა ომი ფიცხელი და ძლიერი, რომელი ძუელ-ოდესმე ქმნილ იყო მჴნეთაგან ეგევითარი ომი.

და განგრძელდა მყოვარ-ჟამ და მოსწყდებოდეს ორგნითვე, ხოლო უმეტეს სულტნისა სპანი მოისრვოდეს. და ესოდენ განგრძელდა ომი, რომელ მოუკლეს ცხენი ივანეს მსახურ-უხუცესსა, ზაქარია გაგელს, ახალციხელთა შალვასა და ივანეს, თაყაიადინ თმოგუელსა, კაცსა მჴნესა, და სხუათა მრავალთა თავადთა. და კნინღა სივლტოლად მოდრიკნეს, და ქვეითად დარჩეს რაზმსა შინა მჴნენი საქართველოსანი. და იხილეს ლაშქართა თავის-თავისნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად და ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გვერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა; და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქმნა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, ამანცა მჴნემან მორიდა ერთ-კერძომან, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორეს, რათა არა ცხენითა მათითა დაითრგუნნა ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთ-კერძ. და ვითარ ნადირისთჳს მოსწრაფე იქმნეს მონადირე, ეგრეთ მსწრაფლ მოეტევნეს ერთ-კერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, გარნა ვინ უმახლობელეს იყო, უწინარეს მივიდა, მასვე წამსა შინა დავით და სპა მისი მივიდა და, ვითარ მგელნი ცხოვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუსა მას სპასა შინა სულტნისასა. პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა-აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანასდათ ეგოდენი სიმრავლე განსჴდა, იძლია, დაიპანტა, და ამას ჰგუანდა - თუალგარდუწოდებელი მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და დაზულეულ, და ღირს სადმე ყოფილიყო. სადგან თუალი იხილველობდა, ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილი.

ხოლო მჴნე ესე ქართველნი, რომელნი-ესე ზემო ქუეითად მყოფნი ვაჴსენეთ აღსხდეს ჰუნეთა და, ვიდრე ღამედმდე, დევნა ყვეს და ჴოცდეს, ჩამჰყრიდეს და იპყრობდეს. და თჳთ მათვე ჯარითა ვერ იტყვიდეს და ურთიერთას დასთრგუნვიდეს.

ამათ თხრობათა მოწევნულსა კუალად მენება დუმილი. განკჳრვებულ ვარ, თუ ვითარითა წყალობითა მოხედა სამკჳდრებელსა თჳსსა ღმერთმან და ვარძიისა ღმრთისმშობელმან. ვითარ უვნებლად დაიცვა მის წინაშე და მისი შევედრებული ერი ქართველთა და ეგრეთ წარმოვლენილი ერი, რომელ ეგოდენისა სიმრავლისაგან არცა ერთი ვარგი, მეფისაგან შესწავლილი, კაცი მოკუდა, ვითარ ეგოდენი სიმრავლე სპისა მათისა ივლტოდა და თუ ვითარ უვნებლად დაიცვა სპანი თამარისნი. აღივსნეს. ოქროთა და ვეცხლითა და ჭურჭლითა პატიოსნითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემისა სიმრავლე, რომელ დაყარეს, ვინმე აღრაცხნეს. ხოლო კარავთა საფენელთა და შესამოსელთა და ლარის არტახთა მიერ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი, რამეთუ ესოდენ ზარგანჴდილნი ივლტოდეს, რომელ მოსწრაფენი არა მიხედვიდეს კარავთა და ფარდაგთა მათ სიმდიდრეთა, არამედ თჳთოთა ცხენითა ივლტოდეს და მარქაფასა განუტევებდეს.

ესრეთ ძლევა-შემოსილნი, მადიდებელნი ღმრთისანი, შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინა მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის. ესრეთ სახელოვანმან დავით მიმართა მზესა მისსა მიმართ“.

ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა ეახლნეს შავთელი იოვანე და ევლოგია და იყო ვედრება ღმრთისა და ღამეთა გათევა ლაშქართა გამარჯუებისათჳს. დღესა ერთსა შავთელი და ევლოგი მეფესა თამარსა წინაშე. სხდეს; და ანასდათ განკჳრვება დაეცა ევლოგის: იწყო აღმართ ხედვად. ვითარ ხედჳდა, ანასდა ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ - და ვითარ აჰაჰ ესერა - სამგზის და მეყსეულად ახლტა და ჴმა ყო: „აჰა წყალობა ღმრთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქჳან არაგანნი. მაშინ შავთელმან რქუა. უწყოდე, მეფეო, რომელ ჩუენება იხილა სულელ-საგონებელმან, გარნა ჩუენებასა კეთილსა ვჰგონებ!“ ამისთჳს დაწერეს დღე და ღამე და ჟამი იგი.

მოწყალემან ღმერთმან პირველ შესახა ესე ყოველი ნივთთა აგება უკანასკნელისა ჴსნისა ჩუენისათჳს. და მოწყალემან მასვე დღესა შესახა ჴსნა ჩუენი აღდგომითა თჳსითა. და ესრეთ მხიარულითა პირითა სახელგანთქმულნი მოვიდეს ვარძიას, თჳთ თამარიცა მივიდა, და ჯეროვანი. მადლობა შეწირეს.

ამათ დღითი-დღე წარმართებათა და განდიდებათა შინა იყო სკიპტრის-მპყრობელთა ყოველთა უბრწყინვალესი თამარ; უმეტეს შეუმატებდა ღმრთისმსახურებასა, ეკლესიათა და მონასტერთა კაზმასა და შენებასა, ობოლთა და ქურივთა შეწყალებასა და სამართლისა მოფენასა. ამას შინა იშუებდეს და იხარებდეს სამეფოსა; ჟამ გარდვიდიან აფხაზეთს და განაგიან საქმენი მანდაურნი, და მოინადირიან კეთილი იგი სანადირო - გეგუთი და აჯამეთი. მერმე გარდმოვიდიან ქართლს, სომხითს, და დადგიან დურს; მოვიდიან ხარაჯითა განძელნი და აღმართ-ქალაქნი. გაზაფხულ აღმოვლიან სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა.

ესრეთ, სიხარულსა შეუთქს მწუხარება.

ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშუენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მჴნე ვინმე. გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი და სიკეთე აღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა-მარხვანი; მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს. და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტეანეთა ზედა, და მოუწოდა სპათა მისთა, და წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა შინა-უმყოფლობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი, და უგრძნობლად მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი, მყის მიეტევნეს კარსა ქალქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი, და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარბაზოანთა და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბონსა, რომელსა ქარტუნობითა უჴმობენ. და რა განერა, ანუ ციხესა ანუ ქარტუნსა შინა შევიდა, რამეთუ გარეშემო სამგნით ქარაფი იყო კლდიანი და ქუებიანი.

ესრეთ ჴელთ იგდეს ქალაქი, ერთი ბევრი და ორი ათასი კაცი ეკლესიათა. შინა, ვითარ ცხვარი, დაკლეს, თჳნიერ მისსა, რომელი უბანთა და ფოლოცთა შინა მოიკლა. ესეოდენ მძჳნვარედ მოაოჴრეს ანის, და სავსენი ტყჳთა და ალაფითა მიიწივნეს შინა.

ესე ანისისა მოოჴრებისა ამბავი გეგუთს ახალ-კჳრიაკეს აცნობეს მეფესა თამარს, ამირსპასალარსა ზაქრიას და მსახურთ-უხუცესსა ივანეს. ესმა და დიდად დამძიმდეს, და მწუხარებამან მოიცვნა, და რამცა ყვეს არა უწყოდეს; გულნი მათნი ცეცხლებრ ენთებოდა. მეფე და ყოველნი სპანი მისნი მწუხარებითა და გულისწყრომითა მოცულნი სპარსთა მიმართ ბრძოლისა ყოფად აღემზადნეს.

მაშინ მჴარგრძელთა თქუეს მეფესა: „მოიწია ბოროტი ჩუენ ზედა გარდასლვითა მცნებათა ღმრთისათა; უბოროტესად ესოდენი სჯული ქრისტიანე მოიკლა ცუდრჯულთა სარკინოზთა მიერ ცოდვათა ჩუენთათჳს. არამედ ვესავ წყალობასა ღმრთისასა და პატიოსანსა ჯუარსა, რათა არა მისცნეს მოსავნი ჯუარისანი სრულიადსა წარწყმედასა სარკინოზთა მიერ, არამედ შურ-ვაგოთ, ნაცვლის ქმნად განვემზადნეთ, და სიცრუვე მათი მათვე მიექცეს. შენ, მეფეო, ამცენ სპათა შენთა - მზა იყვნენ არდაველის სულტანსა ზედა; წარვიდეთ ანისს და, ვინ სადა ვპოოთ სპარსთაგან, მოვინადიროთ. [ნუ დიდნი წავალთ] გარნა მცირენი. რამეთუ, უკეთუ დიდნი წავალთ, სცნობენ და სიმაგრეთა შევლენ; მცირითა ლაშქრითა შემეწიე. რაჟამს შეგინებული მარხვა მოვიდეს, რამცა არიან, რომელ ჩუენ მოგაჴსენოთ სთნდა მეფესა თქმული მათი. და უბრძანა მეფემან, რათა მზა იყვნენ სპანი მისნი.

და მჴარგრძელნი წამოვიდეს ანისს და იწყეს კაზმად. და მოეახლა ბილწისა სჯულისა მათისა მარხვა. წარმოავლინეს მეფეს წინაშე კაცი ლაშქრის, მთხოველი. მაშინ უბრძანა მესხთა თორელთა თმოგუელთა ჰერ-კახთა, სომხითართა; ქართველნი არა წარიტანნეს, რათა არა აგრძნიან არდაველს მყოფთა. შეკრბეს ანისს და წარემართნეს. არდაველს. გარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ჴიდსა და მიმართეს არდაველს. ესრეთ მოუწონეს ჟამი, რომელ აიდი განთენდებოდა, რომელ არს აღვსება მათი, და მას ღამესა გარე მისდგეს არდაველს. ვითარ ჴმა-ყო ქადაგმან ბილწისა ქადაგებისა მათისამან და გაჴშირდა მუყრთა ყივილი, ყოვლგნით ცხენი შემოუტივეს მჴარგრძელთა, შეუჴდეს და უომრად ჴელთ იგდეს ქალაქი, თჳთ სულტანი, ცოლნი და შვილნი მისნი და ყოველი სიმდიდრე სულტნისა ქალაქისა. ესრეთ აღივსნეს სიმდიდრითა აურაცხელითა, თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა, ჭურჭლითა ოქროსა და ვეცხლისათა, შესამოსლითა, საფენელითა და ყოვლითა სიმდიდრითა ეგოდენ გამდიდრებულისა ქალაქისა, რომელ მოთხრთბა ძნელ სადმე არს. აღივსნეს ცხენითა, ჯორითა, აქლემითა, საქონელი მათი თჳთ მათვე საჴედართა ძლით აჰკიდეს და წარმოემართნეს. ხოლო სულტანი არდაველისა მოკლეს, ცოლნი და შვილნი მისნი ტყუე-ჰყვეს და წამოასხეს; ათორმეტი ათასი კაცი რჩეული მიძგითთა შინა მოკლეს, ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა; სხუა უმრავლესი ერი მოსწყჳდეს და სხუა ტყუე-ჰყვეს. აღმოიარეს იგივე გზა და ასეთი ძლევაშემოსილნი მოვიდეს ანისს. დიდად ნუგეშინისმცემელნი. მოვიდეს მეფეთა-მეფესა და მზეთა-მზესა და დედოფალთ-დედოფალსა წინაშე; მოიღეს ძღუენი და არმაღანი აღავსეს ყოველი მთავარი, თჳთ მეფე და ყოველნი წინაშე მისსა მყოფნი. მას ჟამსა კოლას დგა მეფე, აღივსო ყოველი ქუეყანა სიმდიდრითა, ოქროთა, ვეცხლითა, თუალითა, მარგალიტითა, რომელი მოიღეს ზაქარია და ივანე. რომლისათჳსცა დიდად მადლიერმან მეფემან უბოძა მრავალნი ციხენი და ქალაქნი და ქუეყანანი ესრე მადიდებელნი. ღმრთისა იშუებდეს და მეფე ნებიერად იყოფოდა და მოუდიოდა გარეშემოთადაღმა ხარაჯა და ძღუენი ურიცხჳ. არამედ სხუანი. ჴდიდესნი საქმენი აღმოუჩნდეს. მოვიდეს მჴარგრძელნი, ამირსპასალარი ზაქარია და მსახურთუხუცესი ივანე და ვარამ გაგელი, მეფეს წინაშე და მოაჴსენეს: „ძლიერო ჴელმწიფეო, შარავანდედთა შორის უმეტეს აღმობრწყინვებულო იხილე და განიცადე სამეფო თქუენი და ცან სიმჴნე და სიქველე სპათა შენთა; გულის ჴმა ყავ, რამეთუ მრავალნი ახოვანნი, მჴნენი და რჩეულნი იპოებიან სპათა შენთა შორის, რამეთუ არა არს წინააღმდგომი მათი აწ ბრძანოს მეფობამან თქუენმან რათა არა ცუდად დავიწყებასა მიეცნეს სადამე სპათა შენთა საქმენი, არამედ აღამჴედროთ ერაყს, რომ-გურსა ზედა, რომელ არს ხუარასანი, და ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმჴნე ჩუენი. და უბრძანე სპათა საქართველოსათა - მზა იყვნენ ლაშქრობად ხუარასანს. დაღათუ არავინ ქართველთაგანი მიწევნულ არს ხუარასანს და ერაყს, არამედ ბრძანე, რათა ნიკოფსით დარუბანდამდე აღიჭურნენ და მზა იყვნენ!“

და ვითარ ესმნეს თქმულნი მჴარგძელთანი მეფესა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ამის სამეფოსათა, იმერთა და ამერთა, და აუწყა თქმული მათი. ვითარ ესმა ლაშქრად წვევა მჴარგრძელთაგან, სთნდა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა და იწყეს კაზმა.

მოიწია არე სთულისა, მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწინა აბჯარი და ცხენკეთილობა მათი, სიდიდე და სიმჴნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სჳანად ჴმარებული, გორგასლიანი და დავითიანი, და შეავედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელს. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა, და წარემართნეს სპარსეთად.

ჩავლეს პირი ნახჭევნისა და გავიდეს ჯუღას და რაჴსა, და შევლეს ვიწრო იგი ჴევი დარდუზისა, და აღვიდეს მარანდსა. ხოლო მარანდელნი, ამისნი მცნობელნი ლტოლვილ იქმნეს კლდეთა შინა. ხოლო ესენი მარანდს რა მივიდეს, არა პოვეს კაცი, ეგონათ მთასა მარანდისასა ყოფად სპათა ადარბადაგანისათა. ამისთჳს დაარჩიეს ხუთასი მჴედარი რჩეული დიდებული და აზნაური. უჩინეს მჴედართ-მთავრად თაყაიადინ თმოგუელი. წარემართნეს, აღვლეს აღმართნი მარანდისანი, აღვიდეს ვაკესა თავსა მარანდისასა და დადგეს მთასა მას, რამეთუ ესრეთ ემცნო ზაქარიას: „არავის ბრძოლოს მიღმართ, სადამდის არა მივიდეს იგი და სრულადა ლაშქარი მთასა მას ზედა. თუ დიდი ლაშქარი ნახონ, აცნობონ ზაქარიას: რაცა რქუას, ყონ“.

და დადგა ხუთასი კაცი წარჩინებული. იხილეს მთით მარანდელთა, რომელნი შელტოლვილ იყვნეს ღირღალთა და კლდეთა მაღალთა, რომელ არს ზედ-კერძო თავსა მთასა მარანდისასა, უმაღლესი სხუათა მთათა, სავსე ქვითა და კლდითა. იხილეს მცირე ლაშქარი და აღიჭურეს, მოუჴდეს ზარითა და ამბოხებითა მარანელნი. რამეთუ საწუნელ უჩნდეს სიმცროსათჳს. ხოლო ესენი მიეტევნეს ესოდენ ძლიერ და აოტნეს, რომელ მცირედნი განერნეს, და უმრავლესი მოკლეს და სხუათა დევნა უყვეს გრძლად.

მაშინ აღვიდეს ლაშქარნი და იხილეს ნაომარი ადგილი მკუდრითა კაცითა და ცხენითა სავსე, და ქართველთა კაცი არცა ერთი იპოებოდა. ესოდენი ძლევა მოეც ღმერთსა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა. იხილეს და განკჳრდეს; კაცსა ქართველისა ვერ პოვნა უკჳრდათ. ამისთჳს უღონო-ქმნილი და მწუხარე ზაქარია იგონებდა და არა უწყოდა, რამცა ყო. მცირე ხანი დაყვეს. გამოჩნდეს დევნისაგან შემოქცეულნი ლაშქარნი. და იხილა ზაქარია და გამხიარულდა. და დიდად მადლობდეს ღმერთსა, რომელ არცა ერთი კაცი მომკუდარიყო ქართველი და ასეთი ძლევა მისცემოდა, რომელ ხუთასი შუბი ხუთასსავე კაცსა ხუთასისა ცხენისა და კაცისათვის მეცა და ხუთასთა ზედა დასობილი იხილეს.

დაღათუ ესრეთ გამარჯუებოდა, გარნა ყოვლად აბრალობდეს თაყაიადინსა, და უმეტეს ზაქარია მქისედ ეტყოდა სიტყუასა ამბავის უცნობებლად შებმისათჳს.

გამხიარულებულნი და მადიდებელნი ღმრთისანი გამარჯუებისათჳს წარმოემართნეს და მიმართეს ქალაქსა თავრეჟს. გარდავლეს მთა დევსოფნად წოდებული. და ვითარ ესმა თავრეჟს მყოფთა მისვლა ქართველთა ლაშქრისა, განკრთეს და ძრწოლამან შეიპყრნა ყოველნი მკჳდრნი თავრეჟისანი. ხოჯანი და ყოველნი წარჩინებულნი და მიმდგომნი თავრეჟისანი განიზრახვიდეს, რათა სარკის მიცემითა, და ძღუნითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნით დაამშჳდეს ქართველნი თავადნი და სპანი. წარმოავლინეს მოციქული, ითხოვეს მშჳდობა, არა მოოჴრება ქალაქისა მათისა. აღუთქუეს ძღუენი: ოქრო და ვეცხლი უამრავი თუალი პატიოსნი და მარგალიტნი ძჳრფასისანი. განკჳრდეს ყოველნი წარჩინებულნი ქართველთანი, ზაქარიაცა და ივანე მჴარგრძელნი; აღუთქუეს მშჳდობა და უვნებელ განვლა ქუეყანისა მათისა, მოიმტკიცეს ფიცისა მიერ. მოვიდეს ყადნი, ხოჯანი, დარვეშნი და ყოველნი თავადნი თავრეჟისანი, მოიღეს ოქრო და ვეცხლი, ლარი, ცხენები, ჯორი და აქლემი, თუალი, მარგალიტი, შესამოსელი, საზრდელი კმა-საყოფი ლაშქართათჳს. აღივსნეს დიდი და მცირე.

მისცეს ქალაქსა მცველნი და წარვიდეს ადარბადაგანი, მიმართეს მიანას. და ცნა მელიქმან მიანისამან მისლვა ქართველთა და ქმნული თავრეჟელთა. ითხოვა მანცა მშჳდობა და აღუთქუა მოცემად ურიცხჳ საქონელი. რომელი უსმინა ზაქარია, მოიყვანა მშჳდობის ყოფად, და მოიღო მანცა ოქრო და ვეცხლი და ქვანი ძჳრფასისანი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა. დაუტევნეს მცველნი და წარმოვიდეს მშჳდობით დამტევნელნი მიანისანი.

მიიწივნეს მცირესა ქალაქსა ზანგანს ალიზის ზღუდით განმაგრებულსა. ხოლო ქალაქი ძლიერად გაამაგრეს და იწყეს ფიცხლა ბრძოლა. ვითარ გაგრძელდა ომი, განყვეს თემთა და თემთა ზღუდე ქალაქისა, რათა შესთხარონ. და იწყეს თხრად ზღუდეთა: უწინარეს მარჯუენასა მჴარსა მესხთა შეჴურიტეს ზღუდე - ალიზით იყო - , და უწინ შევიდეს ქალაქსა შინა და იწყეს ჴოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო. აღივსნეს მესხნი საქონლითა. შემოუჴრიტეს ყოველგნით და შემოვიდეს, მოატყუევეს და აღივსნეს საქონლითა. დადგეს და მცირედ განისუენეს; და მიერ აღმჴდერნეს და წარემართნეს ხორასნად და მწუხრი მივიდეს მცირესა სოფელ-ქალაქსა. მუსულმანსა რომელი მოაოჴრეს და განისუენეს სადამე.

მერმე წარემართნეს ქალაქსა ხორასნისასა, და ყაზმინს რა მიიწივნეს - მახლობლად ყაზმინისა და აჰვრისა - ვერ წინააღუდგეს; მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა; აჰკიდეს საქონელი მათი მათთავე საჴედართა; კაცთა არა ავნეს, ტყუედ წარმოიყვანდეს კაცთა და მცირედსა ვაჟსა. წარემართნეს, მათ ლტოლვილთა მიესცნეს და მიეწივნეს. აღივსნეს მუნცა ოქროთა და ვეცხლითა, ცოლთა მათთა სამკაულითა. და უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი.

და რაღა გრძელ სიტყუა საჴმარ არს? მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოჴრეს ქუყანა იგი. ვერ ძალ-ედვა წიაღ მისლვად ალაფისაგან.

შემოიქცეს გამარჯუებულნი და ძლევა-შემოსილნი ქართველნი. ქართველთა ნათესავი ვერავინ მიწევნილ იყო ლაშქრად, არა მეფე, არა მთავარი, და ვერვინ წინააღუდგა სპარსეთს შესულთა, ვერ ხუარასნისა სულტანი, ვერ ერაყისა და ვერა რომელი თემი. ესრეთ უზომოთა და ურიცხჳთა სიმდიდრითა შემოქცეულნი მივიდეს კერძოთა ერაყისათა. და ვითარ გურგანისა ქუეყანისა ამბავი, ქართველთა მიერ ქმნული, უცნაურ ქმნულ იყო ყოველთა და ერაყის სულტნი; მოსრვა, კაცი ვინმე მოსრულ იყო მიანას სულტანსა თანა, ესევითარი ტყუვილი სიტყუა ეთქუა, ვითა: „ვითარ მოვიდა თჳთ დიდი სულტანი და გილანელნი, ყოვლაგნით გზა შეუკრეს ქართველთა და მოსრნეს; და მოსწყჳდნეს, რომელ არცა ერთი კაცი განერა ეგოდენისა სიმრავლისაგან, არცა მთხრობელი მივა საქართველოთა“.

ხოლო ესე რა ესმა მელიქს მიანისასა და მიანელთა, განიხარნეს, ქართველთაგან დატევებულნი მცველნი მიანისანი დაჴოცნეს; და ძელსა ზედა ჩამოჰკიდეს. გარნა ერთი კაცი დაიმალა მცველთა მათგანი ქალაქსა შინა. და ვითარცა მოვიდეს ქართველნი გამარჯუებულნი მიანას, წინა მიეგება მიანისა სულტანი ძღუნითა, ნაქმრისა მათისა დაფარვა ეგონა. და იხილა ზაქარია, იკითხნა მცველნი მისგან დატევებულნი: რქუეს. მათ: თავრეჟს“ წარვიდეს მუნ დატევებულთა მცველთა თანა“. მოვიდა დამალული იგი კაცი მცველთა, და აუწყა ნაქმარი მიანელთა და მცველთა მოწყუედა, ტყავის განჴდა და ძელსა ზედა დაკიდება, და შესწამა მელიქს პირის-პირ, და იგინი იდგეს უსიტყუელ.

და ვითარ ესმა ესე ზაქარიას და ივანეს, ძლიერად გამწარდეს და ბოროტად აღუჩნდა; და შეიპყრეს მელიქი და თჳსნი მისნი, და ყოველნი სიკუდილად დასაჯეს და მოაკუდინეს თჳთ იგი და შვილნი მისნი, და გაჴადეს ტყავები და საყივარსა, რომელსა მენარა უწოდეს, ზედა ჩამოჰკიდეს, და ქალაქი მოაოჴრეს, მოწუეს, ტყუე-ყვეს, ხოლო სიმდიდრე რომელ წარმოიღეს შეუძლებელ სადამე არს აღრიცხვად.

და ესრეთ მოჰმართეს გზასა, რომელ აღმავალ იყო ადარბადაგანით, და მოვიდეს. და მოეგებნეს პირველად უჟენით და მერმე თავრეჟელნი მითვე ძღუნითა ურიცხჳთა, და მოართუეს სიმდიდრე აურაცხელი, რომლითა აივსო სრულიად სამეფო თჳთ მეფეთა მზისა და მზეთაცა მზისათჳს წარმოგზავნეს თუალნი დიდ-ფასისანი, ძჳრად საპოვნელნი, და ჭურჭელნი უცხონი. და დაუტევეს მშჳდობით მყოფნი ადარბადაგანისანი და ქალაქნი ადარბადაგანისანი, გამოვლეს რაჴსი, და შემოვლეს პირი ნახჭევნისა და მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. მხიარულ იქმნა მეფეთა მეფე, მმადლობელი ღმრთისა, მხიარულითა პირითა გაეგება, ზემითა და დიდებითა. იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა, რომელი არცა ძუელ ოდესმე ქმნულ იყო ესევითარი გამარჯუება არცა მეფეთაგან, არცა მთავართაგან.

შევიდეს ისანთა, დაჯდა მეფე ტახტსა სამეფოსა; შეუძღუა ამირსპასალარი და შევიდეს თავადნი და დასხდეს წესისაებრ. და მოიღეს არმაღანი ურიცხჳი და დადვეს. მეფეს წინაშე. განკჳრდა მეფე; არავის ქართველთაგანსა ენახა ეზომი სიმდიდრე, და აურაცხელნი თუალნი და მარგალიტნი. ხოლო მეფეცა თამარ არა უმადლო იპოვა ღმრთისა მიმართ; აღასრულებდა ლიტანიობასა და ღამისთევასა, მრავალნი გასცა ობოლთა და. გლახაკთა ზედა, და ლაშქართა ზედა გაყო საჭურჭლე დიდი, აღვსებულნი კუალად აღავსნა. იყო მადლობა ესევითარისა გამარჯუებისათჳს ღმრთისა მიმართ!

ვინათგან მოიწია მწუხარება, და მიიცვალა ზაქარია ამირსპასალარი, ძე სარგის ამირსპასალარისავე, კაცი დიდად გამდიდრებული და ყოვლითა სათნოებითა აღსავსე, გამარჯუებული მჴნე და ძლიერად მბრძოლი მთავარი თემისა ლორისა, რომელი მეფემან იგლოვა და ყოველმან კაცმან საქართველოს მყოფმან. რამეთუ არავინ მჴნედ გამოჩენილ იყო მთავარი ჟამთა ამათ, რამეთუ გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მჴარგძელისა და იყო სარწმუნოებითა სომეხი არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს. და ესრეთ, დაემარხა მჴნე მამა დამტევებელი შვილისა ერთისა, რომელსა შ~ა ეწოდებოდა.

მაშინ მეფემან მოუწოდა ძმასა ზაქარიასა ივანეს მსახურთ-უხუცესსა, და ინება პატივსა ძმისა მისისასა აღყვანება, და უბოძა ამირსპასალარობისა პატივი. ხოლო ივანე საქმეთა შინა განკჳრვებულ იყო და ესე რქუა მეფესა: „პატივი ესე, რომლითა პატივ-გიცემიეს ჩემდა, დიდად დიდი არს და მე უღირს ვარ; ესრეთ შემეწიე, რათა ძმისა ჩემისა სახელსა ჩემ ზედა არა აჴსენებდენ, რათა არა მრცხუენეს ნაცვლად მისა დგომად, არამედ ათაბაგობითა პატივ-მეც; საქართველოსა არა არს წესად და ჴელად თქუენ მეფეთა წინაშე ათაბაგობა. და ამით განადიდე წყალობა შენი ჩემ ზედა, რომე ახალსა და უაღრესსა პატივსა ღირს მყო და ათაბაგობა მიბოძო, რომელ სულტანთა წესი არს ათაბაგი, რომელი მამად და გამზრდელად, მეფეთა და სულტანთა იწოდების ათაბაგი; ამით განადიდე წყალობა შენი უწინარეს ჩემთა პირველთა“. ყოცა მეფემან და უბოძა ათაბაგობა, რომელი არა ყოფილ იყო საქართველოს მეფეთა წინაშე, არცა ვის ბოძებოდა. მსახურთ-უხუცესობა უბოძა ვარამს, ზაქარია გაგელის ძესა, კაცსა საპატიოსა და ლაშქრობათა შინა გამარჯუებულსა. ესრეთ იყვნიან მეფეს წინაშე.

ხოლო მეფე თამარ ზამთრის დურს იყვის და ზაფხულის კოლას და ცელის ტბასა, ზოგჯერ გარდავიდის აფხაზეთს: გეგუთს და ცხუმს.

მათ უკუე ჟამთა იწყეს მთეულთა განდგომად, კაცთა ფხოველთა და დიდოთა. დიდონი უკუე ბუნებითა მშთვართა და უხარშავსა ჭამენ, და მრავალნი ძმანი ერთსა დედაკაცსა მიიყვანებენ ცოლად; რომელნი უჩინარსა რასამე ეშმაკსა თაყუანის-ცემენ და ზოგნი უნიშნოსა შავსა ძაღლსა, და ამას ჰყოფენ. ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით.

მოუწოდა მეფემან ათაბაგსა და ყოველთა მთეულთა: დვალთა, ცხრაზმელთა, მოჴევეთა, ჴადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა, მისცა ივანე ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და დიდოთასა, რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ-კერძო დაურჩა დურძუკეთი და ერთკეძო დიდოეთი და ფხოეთი.

ცნეს რა მისლვა ათაბაგისა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს ლაშქარი და დაუდგეს- გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი დიდოი და ფხოვი, და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცე; მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს ზავნი და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დიდოეთი და ფხოეთი“. ხოლო მეფემან დიდად დაიმადლა და უაღრესსა პატივსა აღიყვანა.

და იყო ყოველგან მშჳდობა, წარმატება, დღითი-დღე შემატება სამეფოთა ღმრთივდაცულისა მეფისა თამარისი, ხოლო სპანი მისნი განსუენებას ნადირობასა და ბურთობასა. თჳთ თავადნი და წარჩინებულნი მარადის მეფეს წინაშე იყვნიან, განისუენებდიან და აღივსებოდიან საბოძურითა მეფისა მიერ მათისა.

ხოლო ვითარ დიდისა კოსტანტინეს ძმისწულისა ივბიმიანოსისათჳს წერილ არს, რომელ რქუა ანგელოზმან მონაზონსა ვისმე მგოდებელსა სიკუდილისათჳს ივბიმიანოსისა: „რასა დააკლო ღმერთმან ქრისტიანეთა ესევითარი ესე მეფე, რომელსა ანგელოზმან დაადგა გჳრგჳნი სახილველად ყოველთა“ - და ეტყოდა ანგელოზი: „რა არს, ბერო, გამოძიება შენი მსჯავრთა ღმრთისათა? აწ გიბრძანებს, დასცხერ ბოროტისგან. არა უწყი, რომელ აღმოსავლეთით დასავლეთამდის უკეთუ ყოველი ქუეყანა მართლმადიდებელი იყო, არცა იგი ღირს იყო მეფობასა ივბიმიანოსისასა“, არა თუმცა საბერძნეთი ოდენი, - ეგრეთვე აწცა იქმნა ამის დიდისა მეფისა საქმე: არა ღირს იყო არამცა ყოველი ქუეყანა - არათუმცა საქართველო ოდენ - ამის მეფობასა.

ამისთჳსცა მოხედნა რისხვით მოწყალემან ღმერთმან სამკჳდრებელსა თჳსსა და მიიცვალა მეფე თამარ ჴმელსა დგომასა შინა. მოიწია მწუხარება [დიდი] და მიუთხრობელი [ყოველთა] მკჳდრთა საქართველოსათა. და ძნელად გამწარებულნი იტყებდეს და ისხმიდიან თავსა ნაცარსა და მტუერსა ათაბაგი და ყოველნი და იქმნა ტყება მსგავსი კალოთა ატადესთა და გოდებანი მსგავსნი მოოჴრებისა იერუსალემისანი იერემიას მიერ მგოდებელისა, და ჯერცა ეგრე იყო. და ყოველთა ადგილთა მსხდომარეთა გოდებათა და ტყებათა შეიწუებოდეს მკჳდრნი სამეფოსანი. და იტყოდიან მიუთხრობელთა სიკეთეთა მისთა, გამარჯუებათა და მოწყალეობათა, მოსამართლეობათა, სიუხუეთა, სიმდაბლეთა. და წარიყვანეს სამკჳდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა სამეფო ძესა თჳსსა ლაშას.

ა რ ს ე ნ ი   იტყჳს იყალთოელი:

მეფე, მთავარი, სიონი და წყარონი;
ჭაბუკი, ქალწული, ებგური საებგურო;
აღჳრი კიცუთა, თუალნი და ისრაელი,
გოდოლი, მენავე, სახლი და მამაცა,
მეგჳპტელი ცხენი, ლაზარე, ქუდი.

ი ო ა ნ ე   იტყჳს ჭიმჭიმელი:

თუ თალი მილისეველმან სფერო შესახა შამსისი,
მან ისტრულაბსა დასცა და მიდგნა დაყიყა ჯამსისი,
დავით - ვთქუა - ზესთა განდიდნეს, მით ჴრმალი ჴორცსა ჭამს მისი,
და აქილევისებრ ძალითა მპყრობ ელადეთსა ჴამს ისი.

დიდება ღმერთსა!

ამან დიდმან და სახელგანთქმულმან ცხოვრებასა შინა დაუტევა მძლეობა ქართველთა გამარჯუებისა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>