ქართლის ცხოვრება

მატიანე ქართლისა

მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგუარნა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი, და მოაჴსენნა; ჴელთა აღიხუნა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი და ყუელი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდე-კარნი მტკიცედ ეპყრნეს ციხოვანთა; რამეთუ მუნ შიგან დგა ანამორი, მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცნეს ციხოვანთა კლდე-კარნი, აღმართნეს ძელნი და გაასხნეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და განწირნეს სიკუდილად. და შემდგომად დღეთა რა-ოდენთა-მე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშჳდობით გაშუებისათჳს ლიპარიტისა და ივანესა. მოსცნეს კლდე-კარნი; გამოიღო თავისი ხუასტაგი და ჩაიცუნა ჩოჴანი ლიპარიტ, და შეჰვედრა ძე თჳსი ივანე მეფესა. დარჩა არგუეთის მამული ივანეს. ეფუცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათჳს, და გაუშუეს და წარვიდა სამეფოსა.

და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წარვიდა ივანე საბერძნეთს და დაყვნა მუნ წელნი რა-ოდენნი-მე. და ნიანია მოკუდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა; და ივანეს უურვა თავის მამამან ბაგრატს თანა.

და თჳთ ბაგრატ-ცა გამოიზიდნა და გამოიყვანა ამას სამეფოსა, და უბოძა მამული არგუეთისა და ქართლისა, და ჰმონებდა ერთ-გულობით. და იყო თავად თავადთა-ვე თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს სამეფოსა ქალაქსა კოსტანტინეპოლეს, და წარმოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთ-გულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა.

და მოირჭუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნნეს დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი.

ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გუარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელის ყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მას-ვე დღესა ჩამოუწია თორს და ღჳვის-ჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე.

რამეთუ მას ჟამსა მომავალი იყო მეფე ტაოთ, და თანა ჰგვანდეს დედა, და დაჲ და ძე მისი გიორგი; გადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუჴდა ლაშქარი სულტანისა; მოვიდეს და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს. წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს, და ბრძოდეს სამ დღე, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი. ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს ბრძოლათა ძლიერთა, აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი, და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახჳლისათა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყუე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი; აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.

და მოუვლინა ახალქალაქით მოციქული სულტანმან ბაგრატ მეფესა; აჰკიდა მზახობა და სთხოვა დის-წული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი, და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.

ხოლო დის-წული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმის-წული სომეხთა მეფისა კჳრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდ-ძალად ერის-თავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისანი-ცა, და სამშჳლდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის-ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს. და წარვიდა ქვაჴურელთათ. მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდე-კართა ქუეშე სთხოვა სამშჳლდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესრულ იყო სამშჳლდეს. ხოლო მიიყვანეს სამშჳლდეს და ამართეს ძელი, და გასუეს სომეხთა მეფე კჳრიკე სამ დღე; ითხოვეს. მშჳდობა და მოსცეს სამშჳლდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერის-თავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერის-თავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კჳრიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თჳნიერ სამშჳლდისა; და არ-ცა სხუანი ციხეთა-უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშვნა, არამედ სამშჳლდე ოდენ იურვა სახლად თჳსად, და ეგრეთ-ვე მონებდეს სომეხნი.

მას ჟამსა ოდეს თეოდორა დედოფალსა ეპყრა ბერძენთა მეფობა. ითხოვა ბაგრატ მეფისაგან, რათა მოსცეს ასული მისი მართა [და] შვილად თჳსად აღზარდოს. ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი თჳსი მართა კაცთა თანა საკუთართა თჳსთა.

ხოლო მათ დღეთა შინა, განგებითა საღმრთოთა, თეოდორა დედოფალი აღესრულა, და მას-ვე ჟამსა მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი, მუნ იყო; და წმიდა-ცა ესე მამა ჩუენი გიორგი მთა-წმიდელი მუნ-ვე იყო მიზეზითა რა-მე საქმეთათა. ხოლო, ვითარცა ვთქუთ, მი-რა-იცვალა თეოდორა დედოფალი მეყუსეულად მართა, ასული ბაგრატისი, სამეუფოდ შემოიყვანეს და, ვითარცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინასწარმეტყუელა და თქუა, ვითარმედ: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა“. ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი, და კუალად ზე-ვე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია ჟამი, კუალად მოსთხოვა დუკიცმან და სძლად თჳსად სამეუფოსა ქალაქსა შეიყვანა. იხილეს რა აღსრულებულად, ყოველთა დაუკჳრდა [და] მადლობდეს ღმერთსა. ეგრეთ-ვე მარიამ დედოფალმან რქუა წმიდასა გიორგის, იყო რა იგი აღმოსავლეთს, ვითარმედ: „მამაო, აღესრულა წინასწარმეტყუელება შენი, რა-იგი ოდეს-მე წინასწარმეტყუელე მართასთჳს“.

ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა.

ამისა შემდგომად მარიამ დედოფალი, დედა ბაგრატისი მეფისა, ქალაქით სამეუფოდ ქალაქად ანტიოქიად წარვიდა და მივიდა: რამეთუ ეგულებოდა წარსლვად წმიდად ქალაქად იერუსალემად, ლოცვად და თაყუანის-ცემად წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, და აქუნდა სამეფო ბრძანება თავადსა თანა და პატრიაქსა ანტიოქი[ი]სასა, რათა მოვლითა დიდებითა და პატივითა წარგზავნონ. ხოლო პატრიაქმან და მთავარმან განიზრახეს და გაიგონეს, თანა-ზრახვითა მამისა გიორგისითა, რამეთუ: „არა კეთილად არს აღმოსავალისა მეფეთა დედა რათა-მცა სარკინოზეთს წარვიდა, ვინათგან ცოდვათა ჩუენთაგან იგინი უფლებენ ქუეყანასა მას“ და ესრეთ პირითა თჳსისა მოძღურისა გიორგისითა მოაჴსენეს დედოფალსა და წარსლვისაგან დააცხვრეს. ხოლო იგი დაღაცათუ შეწუხდა, არამედ ნებასა ღმრთისასა ვერ წინა-აღუდგა. მაშინ ევედრა წმიდა გიორგი ბერსა მთა-წმიდელსა, რათა შეიწყალოს სული მისი, ვითარცა შეუწყალებია-ცა, და იღუაწოს ცხოვრებისათჳს მისისა, ვინათგან თჳთ ვერ ღირს იქმნა შესლვად წმიდათა მათ და თაყუანის-საცემელთა ადგილთა, გარნა რათა საფასე იგი, რომელი საგზლად აღეკაზმა, წარიღოს იგი იერუსალემად და გლახაკთა და დავრდომილთა განუყოს წმიდისა მის ქალაქისათა და მონასტერთა მათ წმიდათა, რომელნი შენ არიან გარემოს მისა.

ხოლო შემდგომად ამისსა გაათხოვა დის-წული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანასა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთ-გულ ბაგრატისსა და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი, და ივლტოდეს კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა, და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერის-თავსა თანა წირქუალელსა შემოიქცეს მშჳდობით, და უამბეს შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად თჳსად ქართლად.

ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა მიუძღუანა ძღუენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცჳთა წინა, აღუთქუა ხარაჯა; და მისცნა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმან მას-ვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისთა, მისცნა ყოველნი. და შემდგომად სამისა კჳრისა წარეოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე, და ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭჳთა. გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქრონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა.

და იყო ქართლს შინა პური და ღჳნო ფრიადი. და დაყო ექუსი კჳრა, და იწყო ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის-ციხემდე და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანა ქართლისა სახილველად კაცთა: მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისათა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თუალნი; და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა; და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისა და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წჳმა ეხილვა კაცთა და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგი-ცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი, და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბსა, და მერმე ჩამოდგა შერთულთა. და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.

და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშჳდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშჳდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერ-ღა-რა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი, და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არა-თუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათჳს ოდენ ამოსწყჳდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არ-ცა ამისთჳს ქმნა, თუ-მცა იგი ამირანი ორ-გულად დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ოჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.

და წარვიდა სულტანი ქუეყანად თჳსად. და ვითარცა მოიწია არე გაზაფხულისა, შეიქმნა სიმდიდრე წყალთა ძლიერი, და მტკუარი ვერ-ღა-რა ეტია ნადინებსა თჳსსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩოეოდა სულტანსა.

და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა, და სიახლესა ტფილისისა სადა სად-მე გამოყვანებასა ჴელოსანთასა. და ვითარცა იქმნა გაზაფხული, გარდამოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი. ხოლო ფადლონ არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა. წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო მუნ დაუტევნა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ მუხნარისა, და არბივნა ქართლისა ნაპირნი.

ხოლო ცნა ტფილისით გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, წარმოსლვა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი, და ნიანია ძე ქუაბულისი, და მურვან ჯაყელი, ერის-თავი ყუელისა, და მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მცირედნი რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერ-ღა-რა ჩამოესწრნეს, შექცეულთა გაუსწრეს მუხნარს წინა წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნეს და პირველსა-ვე ჴრმლისა მოკიდებასა გააქციეს ფადლონ. და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკუავისასა, მიჰჴოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოიგო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა.

და ზედა ლაშქარმან მეოტმან გასლვა იწყო შობოს ტყით. და ყოველთა ტყეთაგან და ძეძუნართაგან, ვითა ჭუისა მართუეთა, გამოჰკრებდეს დამალულსა ლაშქარსა ფადლონისსა ბაგრატის ლაშქარნი და შემოუსწრეს წინა იწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინ-მე გაესწრნეს და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი. ხოლო ფადლონ თხუთმეტითა ოდენ ცხენოსნითა წარვლო გზა წილკნისა, და მიეხჳა პირსა არაგჳსასა, და გაჴდა ნარღუევთა გზით ერწოდ, და თქუა თავი თჳსი მოციქულად, ვითარმედ: „ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“.

დახუდა კაცი ვინ-მე მეცნიერი, რომელი იცნობდა ფადლონს, და რქუა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ ამირათ-ამირა ფადლონ“.

და რქუა კაცსა მას ფადლონ: „მიიღე ჩემგან ოქრო და ვეცხლი დიდ-ძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ; გარდამიყვანე მინდორად და წამომყევ თანა“.

რქუა მას კაცმან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ ამის ქუეყანისა. აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუეყანასა შენსა“.

ნებსით არა უნდა ესე ფადლონს, არამედ ერწოდ ვერ-ღა-რა შემძლებელ იყო წარსლვად. წარუძღუა კაცი იგი და მიჰგუარა ჟალეთს ისაკ ტოლობელის ძესა, აზნაურსა მესხსა. ხოლო რა ცნა ფადლონის კარად მისლვა, გაძარცუა ერი ფადლონისი, გარდაყარნა ცხენსა და დაიჭირნა ჴელთა, და გასუა ჯორსა ფადლონ. და არა იჴსენა ისაკ მკჳდრობა აფხაზთა მეფისა, რომელ-მცა აფხაზთა მეფისაგან გაქცეული ფადლონ შეიპყრა, და შეგუარა ბოჭორმას ბაგრატისთჳს. არამედ მსწრაფლ წარიყვანა და მიჰგუარა აღსართანს თელავს. ხოლო აღსართან მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად და მისცა არადეთი აღსართანს-ვე.

ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშუებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა, და წამოიყვანა ფადლონ. გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შინა მდგომი კაცი თჳთ გაამირებასა ლამოდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად, და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი, და მძევალნი ძმის-წული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა.

მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ. იოანე პატრიკ-ყოფილი პეტრიწი ფილოსფოსი და სტეფანე.

და მოგზავნა სულტანმან სარანგი ალხაზი, და მისითა შუა-მდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ, და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა განძას. და წარჰყვა სარანგი თანა.

და მოართუნეს გაგით კლიტენი, და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანისანი, და მოიპარა ქავაზინი და შემდგომად მისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხის-თავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი.

და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა, და წარუძღუანა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დი-სიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათჳს, და ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზა აფხაზეთისა და მოვიდა ქუთათისს და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა; რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს და მეფე დგა ტინისჴიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზიემითა და პატივითა.

შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ჴმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი, და განისუენეს ყოვლითა განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისათა გაისწრაფეს, და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წარვიდეს სიხარულითა.

და გარდაიცვალა კათალიკოს-პატრიაქი ოქროპირ, და დაჯდა გიორგი ტაოელი. მცირედთა ჟამთა გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად გაბრიელ სიხარულითა.

და შემდგომად ამისსა არებდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა, არამედ ავლენდა იგი-ცა მოციქულთა, და უკრებდა იგი-ცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული.

და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშჳლდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა, და ჩადგა მარაბდათა. და გაუძნელდა სალმობა, და ტახტითა წარმოიყვანეს, და თანა ჰყვა გიორგი კურაპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს. და მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი, და ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიათუალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ყოველნი შეჰვედრნა მას, და რქუა დედასა თჳსსა: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგჳქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდები“. და შემდგომად ამისსა მიიცვალა თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა.

და ამის-ვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგან-მე, ბერისა თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გაევლო ჯეონი შჳდასი ათასითა კაცითა, გაელაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარკანდისა სიახლესა ციხესა რომელსა-მე მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ და ვერ-ღა-რა შეესწრა თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახჳლითა. და ვერ-ღა-რა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმან-ერთისა სიკუდილი.

შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.

და არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთი-ცა ქათამი. და დიდითა დიდებითა და პატივითა წარიყვანეს და დამარხეს ჭყონდიდს. ესე მეფე ბაგრატ წელიწდისა ცხრისა მეფე იქმნა, და აღესრულა წლისა ორმოცდათექუსმეტისა. ესე ბაგრატ პირველ იყო კურაპალატი, და შემდგომად ნოველისიმოსი, და მერმე იქმნა სევასტოს. იყო კაცი სახითა უშუენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სჳანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათჳს, უხჳ ალაგთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს.

 

მეორმოცდათოთხმეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა გიორგი,
ძე ბაგრატისი. ბაგრატოანი

ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხუესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშჳლდოსანი რჩეული.

და შემდგომად მამისა მისისა დაყო მშჳდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქუაბულის-ძემან, და ივანე ლიპარიტის ძემან, და ვარდან სუანთა ერის-თავმან, რე-ცა თუ იკლეს რა-მე სიყრმით გიორგი მეფისათ, და აუშალეს ქუეყანა: ივანე მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს შიგა; და ვარდან გაადგინნა სუანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგრო.

ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა, და ძჳრ-უჴსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშჳლდე; და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად რუსთავისა, რომელი მიეცა კახთა; და ნიანიას თმოგჳ და სხუანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთალუბო ჯაყელთა, ივანეს სიტყჳთ, უბოძა და ყოველი-ვე ერთ-გული და ორ-გული დაიყარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თჳსი გიორგი მეფემან.

კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშჳლდის კარსა. მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხე შიგან, მირიდა მთათა სამხრისათა. და მას ვერ-წყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანნი ლიპარიტისაგან აღსართან. მოეყარა სამშჳლდესა, გარდადგა ჯავახეთს, და მოიყვანა მეფეთ-მეფემან გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანე კლდე-კართა და სამშჳლდესა ზედა.

კუალად-ცა გადგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა, და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქ-შა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა, და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშჳლდესა, და წარუღო სამშჳლდე, და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშჳლდე სულტანმან. და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და შეიქცა გარე. და აიღო განძა, და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქუეყანისა ყოვლისა, ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა, და ვერ დაუდგნა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგი-ცა.

შემდგომად მცირედისა ხანიდა შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა. შეკრბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმან-ერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუჴდა ზედა, ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და ასწყჳდა იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშჳდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.

და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმულნი ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა და შემდგომად ამისსა ესე-ცა მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუეყანა, და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისანი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>