ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი

ხსენების დღე - 16 (29) მარტი

ილინის სამების მონასტერში, ჩერნიგოვის ახლოს, ბოლდინის მთაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება - მას ილინ-ჩერნიგოვისას ეძახიან. ის 1658 წელს ბერმა გენადიმ, ერში გრიგოლ კონსტანტინეს ძე დუბენსკიმ, დაწერა. ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ლაზარე ბარანოვიჩის და ილინის მონასტრის იღუმენის ზოსიმეს დროს ამ ხატს, ნიშნად მოწყალებისა, რვა დღის მანძილზე - 16-დან 24 აპრილამდე, ცრემლი სდიოდა. ამ სასწაულის მოწმე ჩერნიგოვის თითქმის მთელი მოსახლეობა გახდა. ამის შემდეგ მალევე, იმავე 1662 წელს, თათრებმა ჩერნიგოვი დალაშქრეს და მიმდებარე სოფლები მთლიანად გაძარცვეს. მაგრამ ილინის მონასტრის ბერებმა მოახლოებული განსაცდელის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ცნობა ღამით მიიღეს. მათ ეკლესიას მიაშურეს, ცრემლით მხურვალედ ილოცეს ზეციური მფარველის წინაშე და ანტონიევის გამოქვაბულში დაიმალნენ. თათრები მონასტერში შუაღამით შემოცვივდნენ. ეკლესია გაძარცვეს, საეკლესიო ნივთები აიღეს, მაგრამ ძვირფასეულობით შემკული სასწაულთმოქმედი ხატი ხელუხლებელი დარჩა: უხილავმა ძალამ ბარბაროსებს ნება არ მისცა, რომ სიწმინდეს შეხებოდნენ. ამავე უხილავმა ძალამ არ შეუშვა ისინი გამოქვაბულში, სადაც ბერები იმალებოდნენ, თუმცა თათრები გაშიშვლებული ხმლებითა და ანთებული ჩირაღდნებით ძალიან ცდილობდნენ მათ პოვნას. მოულოდნელად რაღაც გასაოცარი ხილვით დამფრთხალნი გაიქცნენ.

წმიდა დიმიტრი როსტოველი თავისი წიგნის „დამარწყულებელი საწმისის“ ბოლოს, რომელშიც ილინის ხატის 24 სასწაულთმოქმედებას აღწერს, ამბობს: „დასრულდა წიგნი, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულები არ დასრულებულა. ვის ძალუძს მათი რიცხვის შეტყობა?!“

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

 

ლოცვანი ილინ-ჩერნიგოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მიმართ

ევედრებიან დამბლის, ყვავილის, ფეხის ტკივილისაგან განსაკურნებლად,
ბოროტ ძალთა თავდასხმისას და მოულოდნელად სიკვდილისაგან დასაცავად

ტროპარი, ხმა 5

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, მეოხო ყოველთა ქროსტეანეთაო, არა არს ჩუენდა სასო თვნიერ შენსა, ყოვლადუხრწნელო დედუფალო ჩუენო, ღუთისმშობელო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისაო, შემიწყალე და განმათავისუფლე ყოველთა ცოდუათა ჩემთაგან და ძესა შენსა და მოწყალესა ღმერთსა ჩუენსა ევედრე, რაჲთა შეიწყალოს მოწყლული სული ჩემი, მიხსნას საუკუნოჲსა საშჯელისაგან და ღირს მყოს მე თვსსა სასუფეველსა.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ზეცისა სძალო, შემიწყალე და მაცხოვნე ცოდვილი ესე მონაჲ შენი ცილისწამებისაგან, ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისა და მოულოდნელისაგან სიკუდილისა. მიცევ მე ჟამსა შუვადღისასა, მწუხრისა ჟამსა და ცისკარსა დამიცევ მე: დამიფარე მდგომარეჲ და მჯდომარეჲ და ყოველსა გზასა ზედა მავალი და ღამესაცა ყოველსა, ძილსა შინა მყოფი დამიფარე და მეოხ მექმენ. დამიცევ მე, დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა მტერთა ჩემთაგან, ხილულთა და უხილავთა და ყოვლისაგან ბოროტისა ვითარებისა. ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მექმენ მე, დედაო კურთხეულო, ზღუდე უბრძოლველი და მტკიცე შუამდგომელო. ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო, ქალწულო ღუთისმშობელო, შეიწირე ესე უღირსი ლოცუანი ჩემნი და დამიცევ მე უცნაურისა სიკუდილისა და უკანაჲსკნელსა მას ჟამსა მომმადლე მე სინანული. ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ. გამოშჩნდი შენ მფარველ ყოვლისა ცხორებისა ჩემისა, ყოვლადწმიდა, მიხსენ მე ეშმაკთაგან ჟამსა სიკუდილისა ჩემისასა. და მშვიდობით განმისუენე მე. მოწყალებასა შენსა მოვილტვით, ღუთისმშობელო ქალწულო, ვედრებასა ჩუენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ განსაცდელისაგან გვიხსენ ჩუენ მხოლოო წმიდაო და კურთხეულო. ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.