გარდამოცემანი დიდუბის ღმრთისმშობლის ხატის შესახებ

ღმრთისმშობლის შობის სახელზე საქართველოში მრავალი ეკლესიაა აშენებული (ბეთანია, მეტეხი, იტრია, წირქოლი...), მაგრამ განსაკუთრებით ბევრი მომლოცველი დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძარს ჰყავს. დიდი რაოდენობით მრევლის არსებობა განპირობებულია იმით რომ, სწორედ აქ ასვენია ტაძრის უდიდესი სიწმინდე - დიდუბის სასწაულმოქმედი ხატი, მოოქროვილი პერანგით. ეს ხატი მადლითა და წყალობით აღავსებს ყოველ მომლოცველს.

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო“. მეორე დღეს (ხალხური გადმოცემით ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს), მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა, ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ სთხოვა თვალისჩინის დაბრუნება. მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა და თაყვანი სცა სასწაულმოქმედ ხატს. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა. ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგიათ, ხოლო ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინებულა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი. დიდუბის ტაძარში ყოველი ორშაბათი ღმრთისმშობლობა და დიდუბობაა.

დიდუბეში თამარის დროს სამეფო სასახლე მდგარა. მის ბრწყინვალებაზე მიუთითებს საქორწინოდ დიდუბის ეკლესიის შერჩევა. ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარ მეფემ სწორედ დიდუბის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარში დაიწერა ჯვარი დავით სოსლანზე 1189 წელს: „და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღვთისა მიერ, და მოვიდნენ სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყვისი და შემსგავსებული ხელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა“. დიდუბეში თამარის ქორწინებას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „...მცნობმან თამარ ამის ყოვლისავეთვის ნება სცა და ქმნეს ქორწილი სახლსა დიდუბისასა დიდებითა დიდითა“.

1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა პეტრე იმნაძის და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, და მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით) თანახმად უძეველესი ქართული სამშენებლო წესისა, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ (გუმბათი 1889 წელს დასრულდა). ტაძრის არქიტექტურა ე.წ. რუსული სტილის ნიმუშია, რადგან 1811-1917 წწ-ში საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები მართავდნენ. მათ ინტერესებში არ შედიოდა ქართული ეროვნული არქიტექტორული ტრადიციების გაგრძელება და სურდათ დიდუბის ტაძრის ტრადიციის შესაბამისად შეეცვალათ, მათ არ სურდათ, დიდუბის ტაძარი ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის პრინციპების შეასაბამისად აგებულიყო. მათ დეკანოზ ბესარიონს შესთავაზეს ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი (ავტორი არქიტექტორი ჩიჟოვი). ბევრი მცდელობის შემდეგ დეკანოზმა ბესარიონმა ისღა მოახერხა რომ ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოაღებინა და ცალკეული ქართული დეტალები შეიტანა მასში. სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს. პატრიარქ კალისტრატეს ცნობით, ეს ტაძარი ადრე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის სახელობისა ყოფილა [საქართველოს მეათე ეგზარხოსს (ცხრამეტიდან) პალადი რაევს (1888-1892) „ყაზანის ხატი“-ს (1589) საპატივცმულოდ გადაურქმვია და ამ ეკლესიაში თავისი წირვებით რვა ივლისსა და 22 ოქტომბერს ბევრი დაურწმუნებია, რომ დიდუბის ეკლესია არის ყაზანისა. თუმცა ეკლესიის კედელში ჩამაგრებული მარმარილოს დაფა, რომელიც ადასტურებდა, რომ დიდუბის ეკლესია აგებული იყო ივერიისა და არა ყაზანის ღმრთისმშობლის ხატის პატივსაცემად].

დიდუბის ტაძრის ფრესკები შესრულებულია 1978 წელს მხატვარ ალექსანდრე ბანძელაძის მიერ. ტაძარში თანამედროვე და გასული საუკუნის ხატებია.

XIX საუკუნის 80-90 წლებში დიდუბეში, ღმრთისმშობლის ეკლესიის შემოგარენში, შეიქმნა დიდუბის პანთეონი, რომელსაც მეურვეობდა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. შემდგომში აქ კრძალავდნენ ნაკლებად ცნობილ პირებს და პანთეონმა თანდათან დაკარგა თავისი პირვანდელი დანიშნულება. 1938 წელს გაუქმდა დიდუბის სასაფლაო; სასაფლაოს ნაწილი, სადაც გამოჩენილ პირთა საფლავები იყო, შემოიფარგლა. 1939 წელს გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, სადაც დაკრძალული არიან - მწერლები; მეცნიერები; საზოგადო მოღვაწენი; ხელოვნების მოღვაწენი და სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწენი. დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ა. წერეთლის გამზირზე, დიდუბეში, თბილისი.