ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი "ძუძუსმაწოვებელი"

ხატი იმყოფება ათონზე, კარაის კელიასთან მდებარე ეკლესიაში და ხილანდარის მონასტერს ეკუთვნის. თავდაპირველად ეს ხატი იყო საბა განწმენდილის ლავრაში, რომელიც იერუსალიმიდან 18 ვერსითაა დაშორებული. აღმოსავლეთში ამ ერთადერთი ლავრის წმინდა დამაარსებელმა თავის აღსასრულთან დაკავშირებით იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ლავრას სერბეთიდან მეფური შთამომავლობის თანამოსახელე ვინმე საბა ესტუმრებოდა და რომ ლავრა მას, ლოცვა-კურთხევის ნიშნად, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიუძღვნიდა. წმინდა საბა მშვიდობით წარსდგა ღვთის წინაშე VI ს-ში, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ აღესრულა: XIII ს-ში პალესტინა მოინახულა წმინდა საბა სერბელმა, მას გადაეცა წმინდა საბა განწმენდილის წინასწარმეტყველური ანდერძი და ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობლის ხატი. სერბეთში დაბრუნების შემდეგ წმიდა საბამ ხატი ხილანდარის მონასტერს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულების წინააღმდეგ, ის წმიდა საბამ კანკელზე აღსავლის კარის არა მარცხენა, არამედ მარჯვენა მხარეს მოათავსა, სადაც ჩვეულებრივ მაცხოვრის ხატია ხოლმე, ხოლო ყოვლისმპყრობელი უფლის ხატი მარცხენა მხარეს, ღვთისმშობლის ხატის ადგილასაა მოთავსებული.

ქ. მინსკიდან 20 ვერსის დაშორებით, კრესტოგორის საზღვართან იმყოფება ღვთისმშობლის ხატის „ძუძუსმაწოვებელის“ ასლი. ხატი აღსავლის კარის თავზეა მოთავსებული და სპეციალური მექანიზმის საშუალებით თაყვანისსაცემად ძირს უშვებენ. 1650 წელს ხატი მაღალ ხეზე გამოჩნდა, მისი გამოცხადების ადგილას ღვთისმშობლის მიძინების სახელზე ეკლესია დაარსდა. შვედების თავდასხმის დროს მოსახლეობამ შემწეობისათვის ღვთისმშობელს მიმართა, ხალხს დღემდე სწამს, რომ სწორედ ზეციურმა დედოფალმა იხსნა უბედურებისაგან. ხალხის მადლიერ მეხსიერებას ამ ხატის მიერ აღსრულებული განკურნების მრავალრიცხოვანი მაგალითი შემორჩა.

 

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატს "ძუძუსმაწოვებელი"
ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები

ტროპარი: ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.

ლოცვა

შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, - ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.