კალუგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი

კალუგის სასწაულთმოქმედი ხატი გამოჩინების ადგილას, სოფელ კალუგაში იმყოფება, ხოლო მისი ზუსტი ასლი - ქალაქ კალუგის საკათედრო ტაძარში.

კალუგის ხატი 1748 წელს კალუგიდან 7 ვერსით დაშორებულ სოფელ ტინკოვში - მემამულე ვასილი ხიტროვის სახლში გამოჩნდა. მის კარზე მომსახურე ორმა ქალიშვილმა სხვენზე ნივთების მოწესრიგებისას უხეში ტილოს გრაგნილი იპოვა. ერთმა მათგანმა გრაგნილი გაშალა და მუქი შესამოსლით მოსილი მონაზვნის მსგავსი ქალის ფერწერული გამოსახულება ნახა, ქალი წიგნს კითხულობდა. ერთმა ქალიშვილმა მეტად განიცადა ეს ამბავი და გამოსახულებას იღუმენია უწოდა, ხოლო მეორემ - ევდოკიამ, რომელიც მეტად კადნიერი და უგუნური იყო, არად ჩააგდო ის და თქვა: „როგორ მეშინია შენი იღუმენიასი“, მაგრამ მაშინვე ის უხილავმა ძალამ მოიცვა: უგრძნობლად დაეცა და ხელ-ფეხი ძლიერი კრუნჩხვისაგან დაებრიცა. სრულიად დაუძლურდა, მხედველობა და მეტყველება წაერთვა. მისმა შეშინებულმა დობილმა მომხდარი მთელს სახლს შეატყობინა. ევდოკია პირზე ქაფმომდგარი და სრულიად უგრძნობი ნახეს. წმიდა ხატის ქვეშ დააწვინეს და მის სიკვდილს ელოდნენ. ღამით ევდოკიას მშობლებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ მათმა ქალიშვილმა თავისი კადნიერებით იღუმენია კი არა - დედა ღვთისა შეურაცხყო იმიტომ, რომ ხატზე, რომელსაც მან დასცინა სწორედ ის იყო გამოსახული. შემდეგ მათ უბრძანა, რომ დილით გამოცხადების შესახებ ღვთისმსახურთათვის ემცნოთ, სნეულისთვია აიაზმის წყალი ეპკურებინათ, შეურაცხყოფილი ხატის წინაშე პარაკლისი აღესრულებინათ და ამის შემდეგ იგი განიკურნებოდა. დილით პარაკლისი იგალობეს, სნეული ნაკურთხი წყლის სხურების შემდეგ გამოჯანმრთელდა და მას შემდეგ ღვთისმოსავი გახდა. ხიტროვის სახლში ხატი საპატიო ადგილას დააბრძანეს, მოსახლეობა ყოველი მხრიდან სასწაულთმოქმედი ხატისაკენ მოსიწრაფოდა. მრავალი კურნება აღესრულა და ხიტროვმა ხატის სახლში გაჩერება ვეღარ გაბედა. ის შესაფერისი პატივით კალუგის ქრისტეშობის ეკლესიაში გადააბრძანა და შთამომავლობას უანდერძა, რომ უკან აღარასდროს დაებრუნებინათ.

ცალკეულ პირთა მიმართ მინიჭებული წყალობის გარდა, ხატმა კალუგის მთელი მოსახლეობაც არაერთგზის იხსნა უბედურებისაგან.

1771 წელს ქალაქ კალუგაში და მის შემოგარენში ჭირიანობა მძვინვარებდა. მოსახლეობამ მოინდომა სოფელ კალუგკადან ღვთისმშობლის ხატი ჩამოებრძანებინათ და ქალაქის გარშემო ლიტანიით შემოეტარებინათ. მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხალხმა ხატი აიღო და სამდღიანი ლიტანია გამართა, ზეციური შუამდგომელის მიმართ ყველა მხურვალედ ლოცულობდა, რათა თავისი ძისათვის მათთვის ცოდვების მიტევება ეთხოვა. სარწმუნოებით ლოცვა ღვთისმშობელმა შეისმინა და ჭირიანობა შესუსტდა. ამ სასწაულებრივი მოვლენის მოსახსენებლად ყოველი წლის 2 სექტემბერს ლიტანიაა დადგენილი და ხატი ქალაქში რამდენიმე დღით რჩება კიდეც.

1812 წელს რუსეთზე ფრანგების თავდასხმის დროს, ეს ხატი ქალაქ ეფრემოვში გადაიტანეს. ტყვე ფრანგები, რომელთაც ის ნახეს, ჰყვებოდნენ, რომ კალუგაზე და მალოიაროსლავზე ლაშქრობის დროს ის არაერთგზის იხილეს ჰაერში ამაღლებული, - ცეცხლისსახიანი მეომრებით გარშემორტყმული. სწორედ ამ დროს მოიპოვებს რუსებმა გამარჯვება. გრაფ რაზუმოვსკის გლეხის ქალი პარასკევა ალექსეევაც გახდა ღირსი, რომ ხატი ცაში ამაღლებული, ზეციური ძალებით გარშემორტყმული ენახა. ამ ხილვების შესახებ იმპერატორმა ალექსანდრე I შეიტყო და მისი ნებართვით და წმინდა სინოდის კურთხევით ფრანგთა შემოსევისაგან ქალაქ კალუგის სასწაულებრივი გადარჩენის მოსახსენებლად 12 ოქტომბერს ყოველწლიური დღესასწაული დაადგინა, ამავდროულად ხატთან ერთად ქალაქის გარშემო ლიტანია აღესრულება. ღვთისმშობლის ხატი მდიდრული, ძვირადღირებული, მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით მოჭედილი პერანგითაა შემკული.

თარგმნა თინათინ გოგოჩაშვილმა
„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება
და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“
თბილისი, 2001 წ.

 

ლოცვა კალუგის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან სისუსტის, ასევე ყურის, - სმენის - სნეულებით შეპყრობილნი

ტროპარი, ხმა 4

მამულისათვის ჩუენისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისა ჟამსა მბრძოლო უბრძოლველო და სიკუდილშემოსილისა წყლულებისაგან მხსნელო მოწყალეო, ყოველთა ჭირთა და სენთაგან მიხსნენ მონანი შენნი, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდეთ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ქრისტეს ღუთისა ჩუენისაო, საკვირველო დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, ისმინე სულთქუმანი მრავალვნებულთა სულთა ჩუენთანი, გარდამოიხილენ ჩუენ ზედა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილ ვართ სასწაულთმოქმედსა ხატსა შენსა. გევედრებით ლმობიერად, დედუფალო: ნუ უგულებელს-ჰყოფ ლოცუასა მართლმადიდებელისა ეკლესიისასა, შემეწიე ჩუენ, ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, რაჲთა დავიცვნეთ შეუგინებლად წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემული მართლმადიდებელი სარწმუნოებაჲ ჩუენი, ვიდრე დღედ აღასარულამდე ჩუენისა, ყოველთა შინა მცნებათა ღუთისათა შეურყეველად ვიდოდეთ და მიხსნენ ჩუენ მოძღურებათაგან სულთა გამხრწნელთასა ყოველთა.

ჰოი, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, ცისა და ქუეყანისაო, მოწყალებასა შენსა ვსაოსებთ მონანი შენნი: განწმიდენ გონებანი ჩუენნი ზრახუათაგან ცოდუილთა, უძლურებათაგან სულიერთა, წარწყმედელთა ვნებათაგან, განსაცდელისაგან ყოვლისა, ხიბლისა და ცოდუით დაცემათაგან. შენ ხარ, ღუთისმშობელო, მტკიცე ნავსაყუდელი ყოვლისა ცოდუილისა მონანულისა. სიღრმეთაგან ცოდუათასა აღმადგინენ ჩუენ და სინანულითა ჭეშმარიტითა მოწყალულნი ჩუენნი, განანათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი ნათლითა ჭეშამრიტებისათა და შეცთომილითა ეშმაკისა საცთურისა მიერ გზაჲ ჭეშამრიტი მაჩუენე. დაარღვიენ ყოველნი საქმენი ბოროტნი და ღუთისმგმობარნი, ყოველსა შინა კეთილსა და ღუთივსახხიერსა საქმესა შინა განგვსწავლენ და მსწრაფლგვეწიენ ჩუენ. დანერგე, დედუფალო, გულთა შინა ჩუენთა სული შიშისა ღუთისა, სული ღუთისმსხურებისა, სული სიმშვიდისა, მორჩილებისა, მოთმინებისა და თვინიერებისა. მოამდოვრენ სიბოროტენი გულთა ჩუენთანი და ბოროტნი სიამენი დახსენ, დანერგენ მოშურნეობაჲ შეწევნისათვის მოყუასთა ჩუენთა, განმსწავლენ ჩუენ, დედუფალო ყოვლადმოწყალეო ჩუენო, ვითარ უბიწოდ ვიდოდეთ გზათა ქუეყნიერსა ამას ცხორებისა ჩუენისათა, რამეთუ შენ, ყოვლადწმიდაო, ჰხედავ სარწმუნოებასა და სასოებასა ჩუენსა, დედუფალო ქუეყანისაო! მწუხარეთა ნუგეშინის-ეც, შეეწიე განსაცდელსა შინა მყოფთა, მიცვენ ჩუენ ელვაშემოსულისა ქუხილისა, განმხრწნელთა ქართაგან, მძვინვარეთა სენთა, სიკუდილშემოსილისა წყლულებისა, ტომითისაგან ბრძოლისა და უცხო თესლთა ზედამოსვლისაგან.

ყოვლადწმიდაო ღუთისმშობელო, მიხსენ ჩუენ მოულოდნელისა და უცნაურისაგან სიკუდილისა, მომაქციენ გზისა მიმართ ჭეშამრიტისა და ქრისტეანობითნი აღსასრულნი ცხორებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, წმიდათა საიდუმლოთა თანაზიარნი მომმადლენ, წარმომიდეგ ჩუენ ჟამსა განსვლისა ჩუენისასა, ჰოი, ქალწულო ღუთისმშობელო დამიხსნენ ჩუენ ეშმაკისაგან და მწარეთა საზუერეთაგან ზეცისათა და ცეცხლისაგან ყოველთა. აღასარულისათვის უჭირველისა ჩუენ ყოველთათვის ქრისტესა ძესა შენსა ევედრე და განსვენებაჲ ყოველთა შესვენებულთათვის, რომელთა არა აქუს მოხსენებაჲ, ქრისტესა ღმრთისა ჩეუნისაგან ითხოე. მექმენ ჩუენ მხურვალე მლოცუელ და მეოხ. წარდგომილნი წინაშე შენსა სარწმუნოებითა და სიყუარულითა გარდაცუალებულნი. მამანი და ძმანი ჩუენნი შენითა მეოხებითა ღირს ჰყვნენ, რაჲთა დაემკვიდრნენ ზეცისა სასუფეველსა და ყოველთა წმიდათა თანა დაუდუმებელითა ენითა დღესასწაულობდენ და სიხარულითა ადიდებდენ ყოვლადწმიდასა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.