ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი

რუსების მიერ ყაზანის დაპყრობასთან ერთად და უფრო ადრეც აქ პირველი ქრისტიანული ოჯახები დასახლდნენ. მაგრამ კეთილმა თესლმა მაშინვე როდი გამოიღო ნაყოფი. ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი შრომა და ლოცვა დასჭირდა იმას, რომ ყაზანის პირველ განმანათლებლებს ქვეყანა ურწმუნოებისგან განეწმინდათ და ღვთაებრივი ნაყოფი მოეწიათ. სულითა და სიტყვით ძლიერი ხალხის უკმარისობის გამო, მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობა სუსტი იყო. აუცილებელი გახდა ღვთის შეწევნა და უფალმა, რომელიც ყოველთვის ეხმარება თავის რჩეულებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის საშუალებით დიდი მადლი გარდამოავლინა.

1579 წელს ყაზანი დააზარალა ხანძარმა, რომელიც 28 ნოემბერს წმიდა ნიკოლოზ სტუდიელის ეკლესიის სიახლოვეს დაიწყო, ქალაქის კრემლის მიმდებარე ნაწილი და შემოგარენი ადგილები მოიცვა, კრემლს მოედო და მისი ნახევარი ფერფლად აქცია. ამ ხანძარში ქრისტიანებზე მოწევნული ღვთის რისხვა დაინახეს და „ქრისტეს რწმენა - ამბობს მემატიანე - წყევლისა და შეურაცხყოფის საგანი გახდა“. ქრისტიანებმა შეინანეს და სანაცვლოდ მათ უფალმა თავისი კაცთმოყვარება აჩვენა. ქვების გროვაზე, იმ ადგილას, სადაც თავდაპირველად დაიწყო ხანძარი, იდგა ერთი მეისრის სახლი, რომელიც სხვებთან ერთად დაიწვა. როდესაც მეისრემ განიზრახა, ახალი სახლი და ეზო მოეწყო, მის ათი წლის ქალიშვილს, მატრონას სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ქალაქის სასულიერო და საერო ხელისუფლებისათვის ეცნობებინა, რომ მისი ხატი მიწიდან ამოეღოთ და ფერფლადქცეული სახლის ადგილზე მიუთითა, - ხატი აქ არის მიმალულიო. გოგონამ თავდაპირველად ხილვის შესახებ არავის უთხრა, შემდეგ კი დედას გაუმხილა. მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია ბავშვის ნაამბობს. მესამე ხილვის შემდეგ მატრონა ცრემლებით ეუბნებოდა დედას - „მე სიზმარში ღვთისმშობლის ხატი ვიხილე, მისი სახიდან პირდაპირ ჩემსკენ საშინელი ცეცხლი მოდიოდა, თითქოს ჩემი დაწვა სურდა და მომესმა ხმა: „თუ ჩემს სიტყვებს არ გადასცემ, მე სხვა ადგილას გამოვჩნდები, ხოლო შენ დაიღუპები“. დედამ ამჯერად მიიღო ბავშვის თხოვნა, მასთან ერთად ვოევოდასთან და მთავარეპისკოპოს იერემიასთან მივიდა და გოგონას გამოცხადების შესახებ აამბობინა, მაგრამ ბავშვისა არავის სჯეროდა. სახლში დაბრუნების შემდეგ, 8 ივლისს, დღის 12 საათზე დედამ შვილის მიერ მინიშნებულ ადგილზე თვითონ დაიწყო მიწის გათხრა. მალე მას სხვებიც შეუერთდნენ, ადგილი მთლიანად დაათვალიერეს და ვერაფერი იპოვეს. მაშინ მატრონა თვითონ შეუდგა საქმეს. იმ ადგილას, სადაც მათ სახლში ღუმელი იყო, მიწა გათხარა და მალე საუნჯეს მიაგნო. გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ალუბლისფერი შალის ზედა სამოსის სახელოებში იყო შეხვეული, მაგრამ ისეთი ნათელი, სრულიად ცინცხალი, თითქოს ახლახანს დაუწერიათო. ხალხის აურაცხელი სიმრავლე მოაწყდა ახლადნაპოვნ ხატს, ყველა ლოცულობდა და ისწრაფოდა, რომ თაყვანი ეცა მისთვის. ამ საოცრების შესახებ მთავარეპისკოპოსს და ქალაქის ხელმძღვანელობას აცნობეს, მთავარეპისკოპოსმა გამოჩინებული ხატის მიმართულებით ლიტანია აღასრულა და ის დიდი პატივით გადააბრძანა შორიახლოს მდებარე წმიდა ნიკოლოზ ტულელის ეკლესიაში, რომელშიც იმჟამად მომავალი პატრიარქი, მღვდელი გერმოგენი მსახურობდა. აქ ხატის წინაშე პარაკლისი აღასრულეს, რის შემდეგაც ის საზეიმოდ წააბრძანეს ხარების ტაძარში, მან გზაშივე მოიმოქმედა პირველი სასწაული, განკურნა ვინმე ისები, რომელიც სამი წლის მანძილზე მხედველობას იყო მოკლებული, ხოლო ტაძარში მეორე ბრმამ, ნიკიტამ მიიღო კურნება. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ხატი იყო წმიდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის გამოსახულების ასლი. ის იმპერატორ თეოდოსის მეუღლემ დედოფალმა ევდოკიამ იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაუგზავნა დედოფალ პულხერიას, მან კი კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ტაძარში მოათავსა. აღსანიშნავია, რომ ვლაქერნის ხატსაც ოდიგიტრია ეწოდებოდა, რადგან დედა ღვთისა სიზმრად ორ ბრმას გამოეცხადა და აჩვენა გზა ვლაქერნის ტაძრისაკენ, სადაც მათ წმიდა ხატის წინაშე მხედველობა დაუბრუნდათ, შემდგომშიც ყაზანის ხატის მიერ ყველაზე ხშირად ბრმები განიკურნებოდნენ. მთავარეპისკოპოსმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მისი ასლი, გამოჩინების ისტორიასა და სასწაულების აღწერილობასთან ერთად, 1579 წელს მეფე იოანე ვასილის ძე მეოთხეს გაუგზვნეს, რომელმაც გამოჩინების ადგილას ამ ხატის სახელობის ტაძრის აგება და ორმოცი მონაზვნისათვის დედათა მონასტის დაარსება ბრძანა, აქვე მოათავსეს სასწაულთმოქმედი ხატი, ამ სიწმიდის მიერ მოქცეული მატრონა მონაზვნად აღკვეცა, ხოლო შემდეგ მონასტრის წინამძღვარი გახდა. მალე კიდევ ერთი ეკლესია აშენდა, რომლის ტრაპეზი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა, ხოლო მონასტრის მფლობელობაში ასი სული გლეხი გადავიდა. 1954 წელს მეფე თეოდორე იოანეს ძის ბრძანებით აღიმართა ღვთისმშობლის მიძინების დიდი ქვის ეკლესია, რომელიც 1595 წელს მიტროპოლიტმა გერმოგენმა აკურთხა. ამ დროისათავის მონაზონთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. მონასტერი მდიდრული ხატებით, შესამოსლებით და სხვა ნივთებით მოირთო, ხოლო სასწაულთმოქმედი ხატი - ოქროს პერანგით, სამეფო საგანძურის ძვირფასი ქვებით და მარგალიტებით; იმპერატრიცა ეკატერინემ, რომელიც ყაზანის დედათა მონასტერში დაესწრო ლიტურგიას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი და აღსავლის კარის მაცხოვრის ხატები ბრილიანტის გვირგვინებით შეამკო.

ორასი წლის შემდეგ გერმოგენის დროს აგებული ტაძარი უკიდურესად დაძველდა, ამიტომ იმპერატრიცა ეკატერინე მეორემ ახალი ტაძრის გეგმა შეადგინა და საამისოდ 25000 რუბლი გაიღო. ძველი ტაძარი აგებიდან ზუსტად 201 წლის შემდეგ საფუძვლამდე დაარღვიეს და 1798 წლის 30 მაისს იმპერატორ პავლე პეტრეს ძის და დიდი მთავრების ალექსანდრე და კონსტანტინე პავლეს ძეთა თანასწრებით ახალ ეკლესიას ჩაუყარეს საფუძველი, ის დასრულდა და იკურთხა 1808 წლის 30 მაისს.

ყაზანის ხატის გამოჩინების დღესასწაული 8 ივლისს (ძვ. სტ.) - მასთან მიგებების დღეს და ასევე 22 ოქტომბერს (ძვ. სტ.) - მოსკოვის პოლონელთაგან განთავისუფლების დღეს აღესრულება.

გაზეთი „კანდელი“, №28 (112), 2004 წ.

 

ლოცვანი ყაზანის ღმრთისმშობლის ხატისადმი

ევედრებიან ბრმათათვის მხედველობის დასაბრუნებლად, უცხოტომელთა თავდასხმების ასაცილებლად; განსაცდელში შუამდგომელად გვევლინება და ქორწინებას აკურთხებს.

ტროპარი, ხმა 4

მხურვალე შუამდგომელო, დედაო ღვთისა მაღლისაო, ყოველთათჳს ევედრე ძესა შენსა, ქრსიტჱსა ღმერთსა ჩუენსა და აცხოვნენ დაბადებულნი ყოველნი, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან ქუეშე ყოვლადძლიერისა საფარველისა შენისასა. დედუფალო, მეოხ-მეყავ ყოველთა, რომელნი განსაცდელსა და მწუხარებასა შინა ვიურვით, მრავალნი სნეულებანი ცოდვათა ჩუენთანი გჳტვირთავს წარდგომილთა ამათ წინაშე შენსა და ყოვლითა სულითა და შემუსვრილებითა გულისათა ცრემლით გევედრებით შენ -  წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა და შეუორგულებელსა სასოებასა დავსდებთ წინაშე შენსა, ყოვლისაგან ბოროტისა მიცვენ ჩუენ და სიკეთეჲ მომმადლენ ყოველთა, მიჴსნენ ყოველნი, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ საფარველი ღვთაებრივი მონათა შენთათვის.

ლოცვა 1

ჰო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, უმაღლესო წმიდათა ანგელოსთა და მთავარანგელოსთაო და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, ყოვლადწმიდაო მარიამ, ყოვლისა ქუეყანისა შემწეო და ყოველთა კაცთა ნათესავისა სიმტკიცეო და ყოვლისაგან იწროებისა დამჴსენლო! მოხედენ, აწცა დედუფალო ყოვლადმოწყალეო, მონათა ამათ შენთა, ლმობიერებითა სულისათა და შემუსვრილებათა გულისათა მვედრებელთა შენდა ცრემლით მოლტოლვილთა ყოვლადწმიდისა და მრავლისააღმადგინებელისა ხატისა შენისა მომართ და შეეწიე და მეოხ ეყავ მვედრებელთა შენთა. ჰოჲ, ყოვლადსახიერო და ყოვლადმოწყალეო ქალწულო ღვთისმშობელო! მოიხილე, დედუფალო, ერსა შენსა ზედა, რამეთუ არა არს შემწე თჳნიერ შენსა ცოდვილთა ამათ ჩუენთათჳს, რამეთუ შენ ხარ მეოხი და წარმადგინებელი ჩუენი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩუენი, მწუხარეთა სიხარული, ობოლთა მფარველი, ქურივთა დამცველი, ქალწულთა დიდებაჲ, მტირალთა მხიარულებაჲ, სნეულთა კურნებაჲ, უძლურთა ძლიერებაჲ, ცოდვილთა ცხორებაჲ, ამისთვისცა, ჰოჲ, ღვთისმშობელო, მოვილტვით შენდა და წმიდისა ხატისა შენისა და მკლავთა შენთა ზედა ტვირთულისა, წინასაუკუნეთა ყრმისა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტჱსა მომართ და ლმობიერითა გალობითა გიგალობთ შენ ესრეთ: შეგვეწიე ჩუენ, დედაო ღვთისაო და ვედრებანი ჩუენნი კეთილად აღმისრულენ, რამეთუ ყოველივე ძალუძს მეოხებასა შენსა, რამეთუ შენდა დიდება შუენის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთისმშობელო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით შენ: ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა შენსა მომართ მოლტოლვილთაგან, ევედრე გულმოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა უფალსა ქუეყანაჲ ესე ჩუენი, შეურყეველად დაიმარხოს წმიდაჲ ეკლესიაჲ ესე თვისი, ურწმუნოებისაგან, ერესისაგან და განწვალებისა. არა გვივის სხუაჲ შემწე, არა გვივის სხუაჲ სასო თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო: შენ ხარ ყოვლადძლიერი და შემწეჲ და მეოხი ქრისტიანეთა. განათავისუფლე ყოველი სარწმუნოებით შენდა მვედრებელთა ცოდვითა დაცემისაგან, ცილისწამებისაგან ბოროტთა კაცთაგან, ყოვლისაგან განსაცდელისა, მწუხარებისა და ჭირისა და ამაოჲსა სიკუდილისაგან, მოგუმადლე ჩუენ სულისა შემუსვრილებაჲ და სიმდაბლეჲ გულისა, ზრახვათა სიწმიდეჲ, განმართებაჲ ცოდვილისა ცხოვრებისა და დატევებაჲ ცოდვათა თვისთა, რაჲთა ყოველნი მადლობით მგალობელნი დიდებულებისა შენისანი ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა ცათასა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებთ ყოვლადწმიდასა და ყოვლადდიდებულსა სახესა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. ამინ.