ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი
„მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“

რუსეთის მიწაზე განდიდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ერთ-ერთი საკვირველმოქმედი ხატია „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. მისი პირველსახე, რომელიც ღმრთისმშობლის დაუჯდომელის სახელს ატარებდა, ლეუშინოს დედათა სავანის მთავარი სიწმინდე იყო. იგი ლეუშინოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარს 1860-იანი წლების დასაწყისში ვაჭარმა გაბრიელ მედვედევმა შესწირა. 1889 წელს იღუმენია ტაისიამ ამ ხატის პატივსაცემად ააგო დიდებული ტაძარი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დაუჯდომელის სახელზე. მონასტრის სახელოსნოში იქმნებოდა ხატის ასლები. წმ. იოანე კრონშტადტელის ლოცვა-კურთხევით დაიწერა განსაკუთრებული ასლი, რომელსაც გაუკეთდა წარწერა: „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. შემდგომში მამა იოანემ ამ ხატით აკურთხა ვაჭარი ვასილი მურავიოვი, მომავალი ბერი სერაფიმე ვირიცელი, და უწინასწარმეტყველა, რომ იგი ღმრთისმშობლის ხატის წინ 1000 დღის მანძილზე ილოცებდა რუსეთის გადარჩენისათვის. ღირსმა სერაფიმემ შეასრულა წმიდანის ლოცვა-კურთხევა და ამ ხატის წინ ლოცვით გამოითხოვა ღმრთისაგან მეორე მსოფლიო ომიში გამარჯვება.

ამჟამად ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ იმყოფება უკრაინაში წმიდა გიორგის სავანეში. აქ მან სახელი განითქვა მორწმუნეთათვის სწრაფი მადლმოსილი შეწევნის მინიჭებით, მათ შორის სნეულთა კურნებითაც. ამის გამო ხატი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ხალხში. სიწმინდე არაერთხელ გადაასვენეს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქების ეკლესია-მონასტრებში თაყვანის საცემად. წმიდა გიორგის სავანეში საკვირველმოქმედი ხატის მოსალოცად უამრავი მორწმუნე ჩამოდის უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან, მოლდოვეთიდან. ხატის დღესასწაული დაწესებულია დიდი მარხვის მეხუთე შაბათს, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია გალობს ღმრთისმშობლის დაუჯდომელს.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის მიერ აღსრულებული ერთ-ერთი სასწაულის შესახებ გვიამბობს მხევალი ღმრთისა ანა, ქალაქ კიევიდან:

1998 წლის 19 ნოემბერს ჩემმა ქალიშვილმა შემომჩივლა, რომ მუცლის არეში - იმ ადგილზე, სადაც ხალი ჰქონდა, ტკივილები დაეწყო, თანაც ეს ხალი გაშავდა და გაიზარდა. ხალის ხილვისას თავზარი დამეცა: იგი გადაზრდილიყო სიმსივნეში, რომელიც თანამედროვე მეთოდებით არ იკურნება, ქირურგიული გზით მის მოკვეთას კი შეეძლო სნეულების დაჩქარება (პროფესიით მე ექიმი ვარ).

რჩებოდა იმედი, რომ დიაგნოზი მეშლებოდა. ქალიშვილი სისხლის ანალიზის გასაკეთებლად ონკოლოგიის ინსტიტუტში გავაგზავნე. ანალიზმა დაადასტურა სიმსივნური უჯრედის არსებობა. ეს სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.

მე მივმართე მღვდლებს, ერისკაცებს თხოვნით, ელოცათ სნეულებაში მყოფი შვილისათვის, ეკლესიებსა და მონასტრებში ვუკვეთავდი ჯანმრთელობის ორმოცდღიან მოსახსენებელებს, წირვებსა და პარაკლისებს. ჩემთვის ამ მძიმე დღეებში მე მოვხვდი ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში, სადაც სწორედ იმ დროს იმყოფებოდა ღმრთისმშობლის ხატი „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. მე არაფერი მსმენოდა ამ ხატის შესახებ, მაგრამ ცრემლითა და მწუხარებით შევუვრდი მას და ვთხოვე, შეესმინა ჩემი დედობრივი ვედრება.

და ყოვლადმოწყალე დედამ ღმრთისა, ნუგეშმა და სიხარულმა, ისმინა ჩემი! რამდენიმე დღის შემდეგ ქალიშვილმა უკეთ იგრძნო თავი. სიმსივნე დაუცხრა და მალე ხალმა უწინდელი სახე მიღო.

გაოცება, ეჭვი, იმედი, შიში, მადლიერება, სიყვარული, მოწიწება, საკუთარი უღისება - ამ განცდებით იყო აღსავსე ჩემი სული. გარკვეული ხნის შემდეგ ქალიშვილი სისხლის საკონტროლო ანალიზზე გავაგზავნე. სიმსივნური უჯრედები ვერ აღმოაჩინეს.

როგორ ვმადლობდეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, ჩვენ, ცოდვილთა, ჭეშმარიტ დედას?! იგი ჩვენთანაა და ვერავის ძალუძს ჩვენი ძლევა!

2005 წელს თბილისში დაიწერა ასლი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. მისი შექმნის ისტორია ასეთია: თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ (ბურდეინი) თავისი მოძღვრის მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით გადაწყვიტა შეექმნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ერთ-ერთი ხატის ასლი, რომელიც მორწმუნეთა ოჯახებს შემოივლიდა და სულიერად თუ მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებს ნუგეშს მიანიჭებდა. თავდაპირველად მამა გიორგი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო „ბარაქის“ ან „შეუსმელი ბარძიმის“ ხატი. მაგრამ პირველს ძირითადად მიწიერი კეთილდღეობისათვის თხოვენ, მეორეს კი მემთვრალეობისა და ნარკომანიის განკურნებას ევედრებიან. ახალ ხატს კი მორწმუნეთა ყოველგვარი სულიერი მოთხოვნილება უნდა დაეკმაყოფილებინა. არჩევანის გაკეთება გაჭირდა. და აი, ერთ დღესაც მამა გიორგიმ მოულოდნელად მზერა შეაჩერა მცირე ზომის ხატზე, რომელიც სახლში ხატების კუთხეში ჰქონდა დაბრძანებული. ეს აღმოჩნდა ღმრთისმშობლის ხატი „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“. იგი მიხვდა, რომ ეს იყო სწორედ ის ხატი, რომელსაც ეძებდა. შეუკვეთა ხატმწერს ასლის დაწერა; და რამოდენიმე ხნის შემდეგ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაულის წინდღით, ხატის ახალშექმნილი ასლი ტაძარში მოაბრძანეს. გამოჩნდნენ კეთილისმყოფელნიც, ვინც მისი დაწერის საფასური გადაიხადეს. ღმრთისმშობლის ხატმა მოისმინა სადღესასწაულო მსახურება და 21 სექტემბრიდან შეუდგა მორწმუნეთა ოჯახების შემოვლას.

ღმრთის დედის მიბრძანება ყოველ ოჯახში დაკავშირებულია ამა თუ იმ გასაჭირის შემსუბუქებასა და სულიერ ნუგეშთან. მაგრამ არის განსაკუთრებული შეწევნის შემთხვევებიც. ერთ ქალს მრავალწლიანი დაავადება სიმსივნეში გადაეზარდა. საჭირო შეიქნა ოპერაცია მის ამოსაკვეთად. და აი, ოპერაციის წინ ამ ქალთან ოჯახში ღმრთისმშობლის ხატი მიაბრძანეს. როდესაც იგი საოპერაციოდ საავადმყოფოში მივიდა და ექიმებმა კიდევ ერთხელ გაუკეთეს ექოსკოპია, აღმოჩნდა, რომ სიმსივნე მთლიანად გამქრალიყო. ერთხელ ორსულ ქალს კი მუცელი ეშლებოდა. ნაყოფის მოწყვეტა თითქმის გარდაუვალი იყო. ღმრთისმშობლის ხატის მისვლის შემდეგ ორსულობა აღდგა.

ეს სასწაულები სულ ახლახანს, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახებში მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ზეციური დედა მუდამ ჩვენს გვერდითაა და მზადაა გამოგვიწოდოს დახმარების ხელი, ოღონდაც ჩვენ მთელი სასოება მასზე და მისგან შობილ უფალზე დავამყაროთ.

დაბოლოს, ორიოდე სიტყვით საკვირველმოქმედი ხატის ტროპარის შესახებ. ეს არის უძველესი საგალობელი, რომელიც ღირსი მამის იოანე დამასკელის მიერ არის შედგენილი. „მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ ერთადერთი რუსული ხატია ბიზანტიური ტროპარით.

საკვირველია, რომ ღმრთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი გარკვეული ხანი ესვენა ლეუშინოს მონასტრის სანკტ-პეტერბურგის მეტოქის მარცხენა, წმ. ბარბარეს სახელობის ეკვდერში; წმ. ბარბარეს და ღირსი იოანე დამასკელის ხსენებას კი ეკლესია ერთ დღეს აღნიშნავს.

„მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“ - ეს არ არის უბრალო სიტყვები. ის, ვინც დაიტია დაუტევნელი, მუდამ ჩვენთანაა. იგი მზადაა დაიტიოს თითოეული ჩვენგანი და ყველა ჩვენი მწუხარებით, პრობლემითა და უძლურებით, მიგვიღოს და განგვკურნოს.

იგი მუდამ ჩვენთანაა, აი, ჩვენ კი, სამწუხაროდ, არა ვართ მუდამ მასთან. მოგვეც ჩვენ, დედოფალო, ის მადლმოსილი მდგომარეობა, რომ შევძლოთ თქმა: „ჩვენც შენ თანა ვართ, ყოვლადუბიწოო“.

 

ტროპარი

დედუფალო წმიდაო ღმრთისმშობელო, მოიხილე და იხილე ტკივილი წყლულებათა ჩუენთა, და მოწყალე იქმენ ყოვლადუბიწოო, და განკურნე წუაჲ ესე სჳნდისისა, და შეაცურიენ წყალობითა შენითა. და ჴმა-უყავ მონათა შენათა: მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.

 

დაუჯდომელი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა
პატივად წმიდისა ხატისა მისისა, რომელსა ეწოდების
„მე ვარ თქუენ თანა, და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა“