ყოვლადწმინდა სამებისა და მოციქულთა სწორის ნინოს იკონოგრაფიისათვის

ღმერთი ერთარსია და სამპიროვანი. სამების დოგმატი ქრისტიანობის ძირითადი დოგმატია. ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმინდა სამების დოგმატი - ადამიანის ცოდვით შერყვნილი გონებისათვის რთულად გასააზრებელია.

ახალ აღთქმაში ღმერთის სამპიროვნება გაცხადდა ძე ღვთისას მოვლინებითა და სულიწმინდის გარდამოსვლით. ის უფლის ნათლისღების ჟამს გაცხადდა და ამიტომაც ეწოდება ნათლისღებას - გამოცხადება ღვთისა.

ყოვლადწმინდა სამების პიროვნული ანუ ჰიპოსტასური თვისებები ამგვარად აღინიშნება: მამა - უშობელი, ძე - შობილი უწინარეს საუკუნეთა, სულიწმინდა - მამისაგან გამომავალი.

სამება სამი სტუმრის სახით გამოეცხადა მართალ აბრაამს მამრეს მუხასთან (დაბადება XVIII თავი). წმინდა წერილში მოთხრობილია მათი სტუმრობის ამბავი და ის, თუ როგორ ემსახურებიან მათ აბრაამი და სარა: „საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა დასაკლავად. გამოიტანა ასევე ერბო და რძე. გამზადებული ხბო წინ დაუდო, თავად კი ხის ძირას იდგა, შორიახლოს“. სწორედ ამ სტუმრობისას ეუწყათ მართალ აბრაამსა და სარას, რომ ერთი წლის შემდეგ შეეძინებოდათ ძე, რაც ღვთის ნამდვილი სასწაული იყო, რადგან აბრაამიცა და სარაც ძლიერ მოხუცებულნი იყვნენ. სამების იკონოგრაფიის თავდაპირველ რედაქციებს სწორედ ეს თხრობა უდევს საფუძვლად. სამების ჰიპოსტასებთან ერთად აქ აბრაამი და სარაც არიან გამოსახულნი, რომლებიც სტუმრებს ემსახურებიან. სამების წევრები კი (ანგელოზის სახით წარმოდგენილნი), გარს უსხედან ტრაპეზს, რომელზეც ხშირად ბარძიმის ფორმის ჭურჭელზე დაბრძანებული ხარის თავია გამოსახული. ალბათ, ეს ის ხბოა, რომელიც აბრაამმა სტუმრებს დაუკლა. ამასთან, ის განასახიერებს საღვთო მსხვერპლს, რომელიც კაცთა მოდგმის გამომხსნელია. უკანა პლანზე გამოისახება ხე - მამრეს მუხა, სადაც აბრაამმა ანგელოზვბი იხილა. ამ ხეს სამი ტოტი აქვს.

ძველი აღთქმის „სამება“ გვხვდება ნიკორწმინდის ტაძრის გუმბათის ყელის მოხატულობაში, რომელიც XVII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.

სამების იმ რედაქციას, სადაც აბრაამი და სარა არიან გამოსახულნი, ძველი აღთქმის სამებასაც უწოდებენ. პირველი ხატმწერი, რომელმაც ამ გამოსახულებამი აბრაამი და სარა აღარ შეიყვანა და სამების ცალკე ხატი მექმნა, იყო გენიალური ანდრეი რუბლოვი. მის მიერ დაწერილი ეს ხატი წარმოადგენს ხატწერის ერთ-ერთ შედევრს.

სამების ხატებზე დაკონკრეტებული არაა, რომელი ფიგურა რომელ ჰიპოსტასს გამოსახავს. თუმცა, სხვადასხვა იკონოგრაფული დეტალებით, ზოგჯერ გარკვეულ მინიშნებებზე შეიძლება საუბარი. მაგ. შესამოსლის ფერის და სიმბოლიკის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მოცემულ ფიგურაზე გამოსახულია ძე ღვთისა: სამების ის პირი კი, რომელსაც თავის მოძრაობით დანარჩენი ორი მიემართება - არის მამა ღმერთი, გამომდინარე სამების წევრთა ჰიპოსტასური თვისებებიდან (ძე იშობა მამისაგან, სული წმინდის თვისება კი გამომავლობაა).

გვაქვს სამების სხვაგვარი გამოსახულებანიც, სადაც სამების წევრები შემდეგნაირად არიან გამოსახულნი: მამა ღმერთი ხანში შესული მამაკაცის სახით, თეთრი წვერით. ძე ღვთისა - ყრმის, სული წმინდა - მტრედის სახით. მაგრამ ასე გამოსახვა არც ისე მიზანშეწონილია, რადგან მამა ღმერთი არავის უხილავს კაცთაგან, მოსეს გარდა, რომელმაც ის ზურგის მხრიდან დაინახა. მეორე მხრივ, იესო ქრისტე ამბობს: „რომელმან მე მიხილა, მან მამაი ჩემი იხილა“. აქედან გამომდინარე, შექმნილია გამოსახულება „ქრისტე ძველთა დღეთა“, სადაც მაცხოვარი თეთრი წვერითა და ჯვრული შარავანდით არის გამოსახული.

ნათლისღებაში მამა ღმერთის მაკურთხეველი მარჯვენა ჩანს. ასევე, წმინდა წერილის მიხედვით ვიცით, რომ გაისმა მისი ხმა, რომელმაც ძე ღვთისას შესახებ დაამოწმა. სულიწმინდა აქაც მტრედის სახითაა მოცემული.

გვიან შუა საუკუნეებში (პოსტბიზანტიურ პერიოდში) გავრცელებული იყო ასევე ნაკლებად ტრადიციულ გამოსახულებად მიჩნეული „დიდისა ზრახვისა ანგელოზი“. ეს არის წინასახე მაცხოვრისა - იგივე ლოგოსი, განკაცებამდე, სამებაში უფლის განზრახვის განმცხადებელი. ესაია წინასწარმეტყველის თქმით: „რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძედ და მოგუცუა ჩვენ, რომლისა მთავრობაი იქმნა მხარსა ზედა მისსა და ჰქვიან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანაგამზრახი ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნეთა“.

კაცთა მოდგმის წინასწარმაუწყებელ ანგელოზს მაცხოვრის ინიციალებითა და ჯვრული შარავანდით გამოსახავენ - უმთავრესად წელსზემოთ. ფრთაგაშლილს, მას დიაკონთა თეთრი სამოსი მოსავს და ზოგჯერ სამღვდელმთავრო კვერთხიც ჩანს. ეს იკონოგრაფია უკავშირდება ძველი აღთქმის „სამებას“.

 

წმინდა ქალწული წარმოშობით კაბადოკიიდან იყო, იგი სახელგანთქმული მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის - სუსანას შვილი იყო. როდესაც ნინოს მშობლებმა საერო ცხოვრება დატოვეს, წმინდა ნინო გაზარდა მოხუცმა ქალმა - სარა ნიაფთრმა, რომელმაც მას მცხეთისა და აქ არსებული მაცხოვრის კვართის შესახებ უამბო.

წმინდა ქალწული ღვთისმშობელს ევედრებოდა, რომ ღირსი გაეხედა საქართველოში ჩამოსვლისა და წმინდა კვართის ხილვისა. ყოვლადწმინდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება და საქართველოში უფლის სიტყვის საქადაგებლად გამოგზავნა. სწორედ მისი მეშვეობით ხდება ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის მადლის განახლება-გავრცელება და წარმართი მეფე-დედოფლის მოქცევა სხვებთან ერთად.

ხატებზე წმინდა ნინო გამოსახულია ხელში ვაზის ჯვრით, რომელიც მას დედა ღვთისამ გადასცა, ასევე, ხშირად მას მარცხენა ხელში გრაგნილი ან სახარება უპყრია, როგორც უფლის სიტყვის მქადაგებელს. უმთავრესად კი მარტოა გამოსახული; მაგრამ გვაქვს ხატებიც, სადაც წმინდა ქალწული თავის მშობლებთან - ზაბულონსა და სუსანასთან ერთადაა.

წმინდა ნინო საქართველომი გამორჩეული წმინდანია, ამიტომ მას ხშირად გამოსახავდნენ ფრესკებზე, ქმნიდნენ ხატებს, აშენებდნენ ტაძრებს მის სახელზე და დღესაც, მრავალი ტაძარი და მონასტერი აიგო მის სახელზე. გვაქვს წმინდა ნინოს რელიეფური გამოსახულებაც, მაგ. ოშკის ტაძრის სამხრეთ გალერეის სვეტზე. აქ წმინდანის ნახევარფიგურაა მოცემული. ერთ-ერთი უძველესი ფერწერული გამოსახულებაა გარეჯის უდაბნოს სატრაპეზოშიც.

დიანა კაკაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2010 წ.