ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი
ტრიხერუსა ანუ სამხელიანი

ისტორია ღვთისმშობლის პატიოსანი ხატისა, რომელსაც ტრიხერუსა (სამხელიანი) ეწოდება, მჭიდროდ უკავშირდება ხატთაყვანიცემის დიდი ქომაგისა და ქრისტიანული ჰიმნოგრაფიის თვალსაჩინო წარმოამადგენლის, იოანე დამასკელის სახელს.

წმიდა იოანე 676 წელს დაიბადა დამასკოში, ქრისტიანულ ოჯახში. მამამისს დამასკოს ხალიფას კარზე დიდი თანამდებობა ეჭირა, რასაც მარჯვედ იყენებდა ქრისტიანების მფარველობისათვის.

წმიდა იოანემ განათლება მამის სახლში მიიღო. მეგობარ კოზმასთან ერთად, რომელსაც მამამისი ზრდიდა. შემდგომში კოზმა საგალობლების ცნობილი ავტორი და მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. ბავშვების სწავლა-განათლების საქმეს ხელმძღვანელობდა დიდად განათლებული ბერი კოზმა, რომელიც არაბების ტყვეობისაგან წმ. იოანეს მამამ გამოისყიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფამ იოანეს მისცა მისი თანამდებობა და წყალობითაც უხვად აავსო. მამის მსგავსად იოანეც ცდილობდა თავისი მდგომარეობა ქრისტიანებისათვის შემწეობის გასაწევად გამოეყენებინა.

მაგრამ ღვთის განგება მას უფრო დიდი ღვაწლისათვის ამზადებდა. 730 წ. ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა გამოსცა ედიქტი, რომელიც ხატთა თაყვანისცემას კრძალავდა. ამ ბრძანებას შედეგად ქრისტიანების რბევა-შევიწროვება მოჰყვა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი გერმანე სამშობლოდან გააძევეს, სკოლები დახურეს, დედაქალაქის უმდიდრესი ბიბლიოთეკა გადაწვეს. მაშინ როცა ხატმებრძოლი იმპერატორის მიერ მართლმადიდებლები დაუნდობელი სისასტიკით იდევნებოდნენ, წმ. იოანე დამასკელმა ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა ეკლესიის დასაცავად. პირველივე სიტყვაში, რომელიც მან ხატთა თაყვანისცემის დასაცავად წარმოთქვა, წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის საფუძველზე შესანიშნავად გახსნა საეკლეისიო დოგმატი ხატების თაყვანისცემის შესახებ. მისმა მართლმადიდებლური რწმენისადმი წმიდა სიყვარულით შთაგონებულმა სიტყვამ, იმათი გულიც კი შესძრა, რომელნიც ჭეშმარიტებას აქტიურად ეწინააღმდეგობდნენ. როცა ერეტიკოსები მიხვდნენ, რა საშიშროებას უქმნიდა ცრუ სწავლებას იოანე დამასკელი, ყოველი ღონით შეეცადნენ ცილისწამებით დაემცირებინათ სახელი დიდი მქადაგებლისა.

იმპერატორმა ლეონმა მეგობრული წერილი გაუგზავნა დამასკოს ხალიფას, რომელშიც წმ. იოანეს ხალიფას ღალატში სდებდა ბრალს. კერძოდ, იგი წერდა, რომ იოანე მზად იყო ჩაებარებინა იმპერატორისათვის ჯერ დამასკო, ხოლო შემდეგ მთელი ამ მხარის დაპყრობაში დახმარებოდა. რაზედაც იგი თითქოსდა უარით პასუხობდა, რადგან დამასკოს მმართველთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება სურდა. წერილს ლეონმა თან დაურთო ხელნაწერი, რომელიც თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წმ. იოანემ გაუგზავნა.

განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე რომ არ შეისმინა იოანეს ვედრება, მიეცათ მისთვის დრო თავის გასამართლებლად, წმიდანისათვის იმ მარჯვენის მოკვეთა ბრძანა, რომლითაც მან თითქოსდა ბიზანტიის იმპერატორს წერილი გაუგზავნა. ბრძანება მყისვე შეასრულეს და მოკვეთილი მარჯვენა სხვათა დასაშინებლად საქვეყნო ადგილზე გამოფინეს.

საღამოთი, როცა ხალიფას მრისხანება შედარებით დაცხრა წმ. იოანემ მეგობრების მეშვეობით სთხოვა მოკვეთილი მარჯვენის მიცემა, რათა დაემარხა. ხალიფა დათანხმდა. შუაღამისას წმ. იოანე სამლოცველო ოთახში ჩაიკეტა, მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და მუხლებზე დავარდნილი მხურვალეს შეევედრა ღვთისმშობელს გაემთელებინა ხელი, რასაც იგი ღვთის სადიდებელი საგალობლის შექმნისთვის გამოიყენებდა.

ხორციელად ნაწამებსა და სულიერი მღელვარებით გადაქანცულ იოანეს ღვთისმშობლის ხატის წინ ჩაეძინა. ძილში მას დედა ღვთისა ეჩვენა, რომელიც ლმობიერი თვალებით უყურებდა, და უთხრა: „აი, ხელი შენი გამრთელდა; მეტად ნუღარ სწუხარ, არამედ შეასრულე ის, რასაც ლოცვაში შემპირდი.“ წმ. იოანეს გამოეღვიძა და სასწაული იხილა: მოკვეთილი მტევანი მაჯასთან მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა გადატანილ ტანჯვას.

მადლიერების გრძნობით აღსავსე წმ. იოანემ ბრძანა გაეკეთებინათ ვერცხლის ხელი და იგი მისი ქომაგის ხატზე მიემაგრებინათ, რის გამოც ამ ხატს ტრიხერუსა (სამხელა) ეწოდა.

ამ სასწაულმა მოსახლეობასთან ერთად ხალიფაც დაარწმუნა იოანეს უდანაშაულობაში და მისდამი ისევ მეგობრულად განეწყო, მაგრამ იოანემ გადაწყვიტა, რომ დაუდგა შესაფერისი დრო აღთქმის აღსრულებისა. მიუხედავად ხალიფას მხურვალე ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც სურდა წყალობით გამოესყიდა იოანეს მიმართ ჩადენილი უსამართლობა, მან მაინც დატოვა მშობლიური ქალაქი და სამეფო კარი, მონები და მოსამსახურეები გაათავისუფლა, მთელი ქონება ღარიბებს დაუტოვა და კოზმასთან ერთად იერუსალიმისაკენ გაეშურა. იერუსალიმში წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი სამოღვაწეოდ საბაწმიდის ლავრაში დამკვიდრდა.

ტრიხერუსა, ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი, მუდამ მასთან იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ ლავრის საკუთრება გახდა. 1122 წელს ლავრას ესტუმრა სერბეთის მთავარეპისკოპოსი წმ. საბა; ლავრის ძმობამ ღვთისმშობლისავე სურვილით ტრიხერუსა მას მიართვა, ასე რომ, ხატი სერბეთში იქნა გადაბრძანებული.

მე-16 საუკუნეში თურქეთის შემოსევის შედეგად ხატს განადგურების საფრთხე დაემუქრა. ღვთის მოსავმა სერბებმა გადაწყვიტეს თვითონ ზეციური დედოფლისათვის მიენდოთ ხატის ბედი. სანდრო წყაროებიდან ჩანს, რომ წმინდა ხატი სახედარს დაადგეს და თავის ნებაზე მიუშვეს, თვითონ კი შორიდან აკვირდებოდნენ სად წავიდოდა იგი.

სახედარი ათონის მთისკენ გაემართა და ხილენდარის მონასტერს მიადგა. იქაურმა ბერებმა წმიდა ხატი დიდი სიხარულით მიიღეს და იგი მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ფაქტი მოხდა: რადგან მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა, ძმობას ახალი წინამძღვარი უნდა აერჩია. აზრთა სხვადასხვაობამ ახალი იღუმენის არჩევასთან დაკავშირებით ძმობა ორად გახლიჩა. მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კამათში ჩარევა მოისურვა, რათა ძმებს შორის წარმოშობილი შფოთი შეეწყვიტა. ერთ დილით, როცა ხილანდარის ბერები ჩვეულებისამებრ ღვთისმსახურებისათვის შეიკრიბნენ, ტრიხერუსა საკურთხეველში აღარ დახვდათ, იგი იღუმენის ადგილზე დაბრძანებულიყო. ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაეტეს, მაგრამ მეორე დილით იგი სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. მაშინ ერთმა დაყუდებულმა ბერმა, რომელიც თავისი სიწმინდით გამოირჩეოდა, ძმებს უამბო, როგორ ეჩვენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და განუცხადა თავისი ნება, რათა ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადაბრძანებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მონასტერში უთანხმოების მოსასპობად, იღუმენის ადგილი თვითონ დაეკავებინა თავისი ხატის საშუალებით.

იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ხილენდარის სავანეში შეუცვლელად სრულდება ზეციური დედოფლის ნება: იქ იღუმენს არ ირჩევდნენ, არამედ პირდაპირ მის მოადგილეს ნიშნავენ.

აღსანიშნავია, რომ იღუმენის ადგილის თავზე დაბრძანებულია ტრიხერუსას სასწაულმოქმედი ხატი და ყოველი მსახურების წინ მისგან ისევე იღებენ ლოცვა-კურთხევას, როგორც იღუმენისაგან.

ათონზე არსებული წესის მიხედვით, ბერ-მონაზვნები იმოსებიან მანტიით, მიდიან ხატთან, მის წინაშე ორ დიდ მეტანიას აკეთებენ პირჯვრის გამოსახვით, ემთხვევიან მის მარჯვენა ხელს, შემდეგ როგორც წინამძღვარს, პირჯვრის გამოსახვის გარეშე თავს უხრიან და ღვთისმსახურებას იწყებენ.

ბროშურიდან „სასწაულთმოქმედი ხატები“ № 1
ჭულევის მონასტერი, 2000 წ.