დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა,
ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა ხატთა თაყუანისცემისთვის წამებულთა

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ. დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3 გზის ). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი საჴელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3 გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ საჴელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგჳწყალენ (12გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3 გზის)

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ჭეშმარიტებისა მოწამეთა და მართლმადიდებლობისა ქადაგთა, ვარსკულავთა ეკლესიისათა მრავალ-ბევრთა შეგასხამთ მორწმუნენი ქებითა საღმრთოჲთა და ვედრებასა ამას შევსწირავთ თქუენდა, გალობანი ჩუენნი მიითუალეთ, მარტჳლნო, და ნუ მოგვაკლებთ შეწევნასა თქუენსა, არამედ ნათლითა ბრწყინვალებათა თქუენთაჲთა განგუანათლეთ და წყუდიადი უმეცრებისაჲ განსდევნეთ მგალობელთაგან თქუენთა: გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳ-ნნო ტფილის-ქალაქისანო!

იკოსი 1

კუალად შეიმოსა ეკლესიამან სამკაული სიხარულისაჲ და ბრწყინვალებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაიდგა გჳრგჳნი შუენიერებისაჲ და დიდებისაჲ სიმჴნითა თქუენითა, რამეთუ დაჭ-რიდენ რაჲ ჴორცთა თქუენთა, სისხლი თქუენნი უბრალოჲ შეიწირვოდეს წინაშე ღმრთისა, ვითარცა იგი სისხლი აბელ მართლისა, ამისთჳსცა მარადის აღმოაცენებს კურნებასა ადგილი წამებისა თქუენისა და აღგვძრავს შეწირვად გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ძმანო და დანო საკჳრველნო, ქრისტჱს საკრველითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულნო;
გიხაროდენ, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო;
გიხაროდენ, კეთილსახიერებისა ტრფიალებითა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილნო;
გიხაროდენ, სპარსთა მიერ უწყალოდ აღსრულებულნო და სისხლთა ნაკადულითა ურთიერთას აღრეულნო;
გიხაროდენ, მოწამეობისა გჳრგჳნითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, ტკივილითა მოღუაწებრითა განდიდებულნო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაბრწყინვებლად ივერიისა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოჴურვებულნო;
გიხაროდენ, ვარდნო მეწამულნო, ღმრთივ-დანერგულნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 2

რაჟამს ჯალალედინ, სულტანი ხუარასნისაჲ და მეფჱ ყოვლისა სპარსეთისაჲ, მლტოლვარე იქმნა მონღოლთაგან, უწყოდა რაჲ სიმაგრჱ ქუეყანისა ჩუენისაჲ და სიმჴნჱ ქართველთა ნათესავისაჲ, განიზრახა ქმარ-ყოფად რუსუდანისა და მეფე-ყოფად თავისა თჳსისა, გარნა აუწყეს რაჲ ქართველთა ჴელმწიფესა, მიუმცნო, არცა-ღა თუ სმენად ამისა, მაშინ განძჳნდა სულტანი, ვითარცა ლომი მძჳნვარეჱ, და გარემოადგა ტფილისსა, რომლისაცა მცველნი განმჴნობილნი ბრძოლად ჴმობდენ ძლევისა გალობასა: ალილუია.

იკოსი 2

მაშინ აღიჭურნეს მცველნი ქალაქისანი და იქმნა ბრძოლაჲ ძლიერი, და ბრწყინვალე ძლევაჲ აჩუენეს ქართველთა, გარნა კარნი ქალაქისანი იდუმალ განახუნეს უკეთურთა მათ შინა-განმცემელთა, სპარსთა ტფილელთა, და შევიდეს რაჲ ხუარაზმელნი შინაგან ქალაქსა, საშინელითა აღსპობითა განურჩევლად მოსწყუედდეს ყოველთა, ხოლო თქუენ, მკჳდრნო ტფილისისანო, არა შეირყიენით, არამედ ღუაწლად განემზადეთ, რაჲსთჳსცა გაქებთ თქუენ და ერთჴმად გიღაღადებთ:

გიხაროდენ, სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო;
გიხაროდენ, მნათობნო ქუეყანისა და სარწმუნოებისანო;
გიხაროდენ, საღმრთონო სუეტნო მართლმადიდებლობისანო;
გიხაროდენ, მთიებნო ბრწყინვალენო მზისა სიმართლისანო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტნო ქადაგნო კეთილმსახურებისანო;
გიხაროდენ, მახჳლნო, განმკუეთელნო ბოროტმსახურებისანო;
გიხაროდენ, ძეგლნო სიმჴნისა და ახოვნებისანო;
გიხაროდენ, უძლეველნო ბანაკნო ზეცისა მეუფისანო;
გიხაროდენ, უწყალოდ მოსხლულნო ვაზნო ქრისტეს ვენახისანო;
გიხაროდენ, დაუჭნობელნო ყუავილნო საცნაურისა სამოთხისანო;
გიხაროდენ, წარუტყუეველნო ბჭენო ივერთა ქუეყანისანო;
გიხაროდენ, გოდოლნო, ძალნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 3

არა იკმარა უკეთურმან სიონისა გუმბადისა დარღუევაჲ და მას ზედა ტახტისაჲ დადგმაჲ და დაჯდომაჲ, არამედ ბრძანა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისა ხატთა სიონითგან მოყუანებაჲ, საშუალ მეტეხისა ხიდისასა პირაღმართ დადებაჲ, და ყოველთა პყრობილთა ქრისტეანეთა მიერ პატიოსანთა ხატთა დათრგუნვაჲ, ხოლო უკუეთუ არა ჰყონ ესე, თავთა მათთა წარკუეთაჲ, გარნა თქუენ სჯულისდებასა ცრუჲსა მის მუჰამედისასა არა შეიწყნარებდით და კიდესა მას ხიდისასა მდგომარენი, ჴელ-განპყრობით ქრისტესა ადიდებდით: ალილუია.

იკოსი 3

მაშინ ბრძანებულისაებრ ჰყვეს მტარვალთა და მოჰყვანდეს მამანი დედათა თანა და აიძულებდეს წმიდათა ხატთა დათრგუნვასა, გარნა უმრავლესთა ქრისტესთჳს პყრობილთა საკჳრველი სიმჴნჱ აჩუენეთ და შეურაცხებაჲ წმიდათა ხატთაჲ, და შჯულისა დატევებაჲ არა თავს-იდეთ, არამედ კადნიერებითა და ახოვნებითა აღიარეთ ქრისტე ღმერთი და თავისუფლებისა და პატივისა წილ გჳრგჳნი მარტჳლობისაჲ მიიღეთ, რაჲსთჳსცა ვიქადით მორწმუნენი და ესრეთ გიღაღადებთ:

გიხაროდენ, სარწმუნოებისა უბიწოდ დამმარხველნო;
გიხაროდენ, საღმრთოთა მცნებათა გულსა შინა თქუენსა დამდებელნო;
გიხაროდენ, გულისა ამპარტავნებისა დამთრგუნველნო;
გიხაროდენ, უსამართლოთა ბჭობათა დამარღვეველნო;
გიხაროდენ, ახოვნებითა გონებისაჲთა გუემათა დამთმენელნო;
გიხაროდენ, სასოებითა ღმრთისაჲთა მტერისა აღლესულისა მახჳლისა დამლეწველნო;
გიხაროდენ, ჭირთა და ურვათა საჴუმილისა დამშრეტელნო;
გიხაროდენ, თქუენდა მომართ მოლტოლჳლთა გზასა ზედა მცნებათა უფლისათა დამაყენებელნო;
გიხაროდენ, სივერაგეთა კაცობრივთა და ზაკუვათა მტერისაჲთა დამჴსნელნო;
გიხაროდენ, სანთელნო, გონიერთა განმანათლებელნო და უგუნურთა დამწველნო;
გიხაროდენ, დაჴსნილთა კეთილზნეობითა აღმძვრელნო;
გიხაროდენ, სულთა არა წმიდათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 4

მას ჟამსა შინა წარჩინებულნი ერისანი და მეფენი საქართველოჲსანი, რომელთა ცოდვითა დაისაჯა ღმრთისაგან სამეფოჲ მათი, აფროდიტისა და დიონისის* საეშმაკოჲსა ბომონის იყუნეს თაყუანისმცემელნი და საქმითა ბილწებისაჲთა განარისხეს შემოქმედი თჳსი, რაჲსთჳსცა, მოწამენო, მჴურვალედ გევედრებით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, რაჲთა განგჳმრავლნეს რჩეულნი და ბრძენნი წინამძღუარნი, და მოგუცეს მეფჱ ღმრთისა მიმართ დავითისაებრ სიმდაბლით მგალობელი: ალილუია.

იკოსი 4

წინა-მდებარეთა საშინელთა სატანჯუელთა რაჲ ხედევდით, ჩინებულნი ეგე რჩეულნი უშიშითა გონებითა მიუგებდით: `არა შეურაცხ-ვჰყოფთ ჩუენ ხატსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა და უხრწნელისა დედისა მისისასა, არამედ ძრწოლით თაყუანის-ვჰსცემთ, რომელსა ჰშუენის თაყუ-ანის-ცემაჲ და პატივი~, და წარუპყრენით მახჳლსა ქედნი თჳსნი, ამისთჳსცა მართლმადიდებე-ლისა ეკლესიისა შჳლნი განკჳრვებითა ჴმა-ვჰყოფთ და ვიტყჳთ:

გიხაროდენ, ანგელოზთა წესთა მობაძავნო;
გიხაროდენ, საჭურველითა სიტყუათა თქუენთაჲთა მტანჯველთა მომწყულელნო;
გიხაროდენ, ბელიარის ზრახვათა მომსრველნო;
გიხაროდენ, ძლევისა გჳრგჳნისა მომგებელნო;
გიხაროდენ, ვნებათა სიმწარისა და გემოჲსა მომაძაგებელნო;
გიხაროდენ, სიყუარულისაგან შუებათა წუთიერისა და მსწრაფლ-წარმავალისა მომაქცეველნო;
გიხაროდენ, კეთილნო შუა-მდგომელნო და მზაკურებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, წარწყმედელისა უდებებისაგან გამომჴსნელნო;
გიხაროდენ, მტერისაგან მოწყლულთა განმკურვნელნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა ცრუ-შჯულისდებისა საცთურისა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა საცნაურად განმანათლებელნო;
გიხაროდენ, ცოდვილთათჳს ღმრთისაგან წყალობისა გამომთხოველნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 5

ჵ, სანატრელი ყოფაჲ თქუენი გონიერი, რამეთუ არა უარჰყავით თქუენ ქრისტე შინებასა და ლიქნასა მძლავრთასა, არამედ მოყუასი მოყუასსა განაძლიერებდით: `დავითმინოთ ერთ-გზის საში-ნელი სიკუდილი და მოვიღოთ უკუდავებაჲ დაუსრულებელი იესუ ქრისტჱსთანა~, და ჴმა-ტკბილად ადიდებდით განმაძლიერებელსა თქუენსა მაცხოვარსა: ალილუია.

იკოსი 5

თანა-ზიარნი იქმენით ურთიერთარს, მარტვილნო სანატრელნო, და ერთობით მიხუედით ასპარეზსა ვნებისასა, არა ყოველნი მამაკაც, არამედ ვიეთნიმე დედაკაც, გარნა ერთ ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ მის მიერ ნათელღებულთა შორის არა არს რჩევაჲ მამა-კაცისაჲ და არცა დედა-კაცისაჲ, გარნა ჩუენ მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა, ქრისტჱსგან განდგომილთა და არცაღა ძალგვიძს წინა-აღდგომად წარმმართთა და მწვალებელთა, არამედ მოწყალე-ჰყვენით ჩუენ ზედა უფალი, რაჲთა წარგჳმართოს გზასა ჭეშმარიტებისასა და ღირს-გვყუნეს გალობად თქუენდა:

გიხაროდენ, ნაკადულნო მრავალ-ბევრნო, ერთისა დაბეჭდულისა წყაროჲსანო;
გიხაროდენ, ურჩეულესნო ჭურნო სიწმიდისანო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალენო წინა-მბრძოლნო ჭეშმარიტებისანო;
გიხაროდენ, დამტევნელნო საღმრთოჲსა ბრწყინვალებისანო;
გიხაროდენ, გონიერნო ანდამატნო მოთმინებისანო;
გიხაროდენ, ყოვლად შეუძრველნო სუეტნო სიმჴნისანო;
გიხაროდენ, ტკბილად მზიდველნო საღმრთოჲსა უღლისანო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა მტერთა მძლეველნო, უშიშარნო მჴედარნო ქრისტჱს ღმრთისანო;
გიხაროდენ, მტჳრთველნო ერთისა მის მძჳნვარისა განსაცდელისანო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მტკიცითა განმაქიქებელნო მძლავრთა უღმრთოებისანო;
გიხაროდენ, შემწენო და მფარველნო ქართველთა მჴედრობისანო;
გიხაროდენ, დიდებულნო სამკაულნო ზეციერისა და ქუეყნიერისა ეკლესიისანო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 6

მაშინ უშურველად განეფინა მადლი ღმრთისაჲ ბაგეთა თქუენთა და ესრეთ განამჴნობდით შიშისაგან ძლეულთა: `ჵ, საწყალობელნო და უბადრუკნო თანა-მოქალაქენო, ნუ დააკლებთ თავთა თჳსთა გჳრგჳნისა მისგან, რომელიცა აჰა, ესერა წინა-გვიძს მოღებად~, და დაუდუმებელითა ფსალმუნებითა და ლოცვითა არა დასცხრებოდით დიდებისმეტყუელებად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 6

არა ერთისა წესისა მპყრობელ იყვენით, ღუაწლისა-მძლენო, არამედ რომელნიმე თქუენგანნი ეპისკოპოს, მღდელ და მონაზონ, და მსახურ ეკლესიისა, ხოლო რომელნიმე მჴედარ და განმსჯელ ერისა, გარნა ყოველნი შემწირველნი თავთა თჳსთა საკურთხეველსა ზედა ვნებისასა, ქრისტჱს ღმრთისა მიმართ, მას ევედრენით, ყოვლად სანატრელნო, ნუ განგვაშორებს შეწევნასა თჳსსა და დაიცვას ივერიაჲ, წილხვედრი დედისა თჳსისაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ და გნატრიდეთ თქუენ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, სულისა აზნაურებისა დამმარხველნო;
გიხაროდენ, სასოებისა თქუენისა ღმრთისა მიმართ დამდებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯუარისა ამღებელნო და სარკინოზთა ძირს დამკვეთელნო;
გიხაროდენ, ზუარაკნო წმიდანო და უბიწონო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველნო;
გიხაროდენ, ღმრთისა, მამულის და მოყუასის შეუორგულებელისა სიყუარულისა დამნერგველნო;
გიხაროდენ, სიბრძნითა სულისაჲთა მძაფრთა სატანჯველთა ახოვნად დამთმენელნო;
გიხაროდენ, შეცდომილთა ჭეშმარიტებისა გზასა ზედა დამაყენებელნო;
გიხაროდენ, უცხო თესლთა საცთურისა კადნიერად დამამჴობელნო;
გიხაროდენ, ბოროტთა გულის-სიტყუათა დამთრგუნველნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა აღმსთობილთა და კეთილმავალთა სიბრძნითა დამცველნო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა საკრველთაგან დამჴსნელნო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 7

არცაღა იყვენით თქუენ ერთისა ჰასაკისანი, მოწამენო, არამედ რომელნიმე ყრმაჲ და ჭაბუკ, და რომელნიმე მჴცოვან და უხუცეს, გარნა ერთობითა სარწმუნოებისაჲთა მიიწიენით სრულად საზომად ჰასაკისა სრულებასა მის ქრისტჱსისა, მას ევედრენით, მოგუანიჭოს პატიოსნებაჲ ღირსებისაჲ და მადლი მოწყალებისაჲ, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და ჯერისაებრ ვაქებდეთ ძალსა მისსა: ალილუია.

იკოსი 7

სანატრელ ხართ თქუენ, ქრისტჱსთჳს პყრობილნო, რომელნიმე მთავართაგან და რომელნიმე აზნაურთა და მდაბიოთაგან, გარნა ყოველნი შობილ სულითა ღმრთისაგან, რომლითა სძლიეთ სოფელსა და ბაძვითა პირველ ვნებულთა თქუენთა მოწამეთაჲთა, ისწრაფდით ქორწილსა მას სიძისა შუენიერისა და უკუდავისასა, ამისთჳსცა გიგალობთ თქუენ, ახოვანნო, და მოგართუმევთ სადიდებელსა ამას ძლევისასა:

გიხაროდენ, სიმდაბლითა გულისაჲთა ღმრთისა სახიერებისა მადიდებელნო;
გიხაროდენ, ჯუარისა ძლიერებისა შემმოსველნო;
გიხაროდენ, აღბორგებულთა ღმრთისმოძულეთა მძლეველნო;
გიხაროდენ, ყოველთა უკეთურთა და უდებთა მარცხვენელნო;
გიხაროდენ, სარწმუნოებითა მგალობელთა მაკურთხეველნო;
გიხაროდენ, მხოლოო მართლმადიდებელთა ლაშქართა და სპათა დიდად მწყალობელნო;
გიხაროდენ, ყოველთა მჴურვალედ მვედრებელთა თქუენთა მაცხოვნებელნო;
გიხაროდენ, მედროვეთა და მზაკუვართა, წინაპართა ჩუენთა ღუაწლის უარისმყოფელთა მამხი-ლებელნო;
გიხაროდენ, უსასყიდლოჲსა მარგარიტისა მომვაჭრებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს ნებისმყოფელთა შემწენო და შესავედრებელნო;
გიხაროდენ, უკეთურთა სულთა მძლენო და შემმუსრველნო;
გიხაროდენ, მწუხარებათა ჩუენთა სიხარულითა შემცვალებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 8

მხილველი მძლავრი უშიშოებისა თქუენისაჲ და მსმენელი ლოცვისაჲ, სიმტკიცემან თქუენმან აღაბორგა და მტარვალნი განმაშიშვლებელნი მახჳლთანი მძჳნვარედ დაჭრად და აღსპობად თქუენდა დაადგინა, გარნა თქუენ, მჴნენო, არად შერაცხეთ უშჯულოთა განრისხებაჲ და არცა ზარ-განხდილ იქმენით, არამედ ვნებას მისრულნი ღმერთსა უგალობდით და სამწმიდაარსობითა აქებდით: ალილუია.

იკოსი 8

დაღათუ იყვენით თქუენ მართლისა სარწმუნოებისა აღმსაარებელნი, გარნა არა ყოველნი ქართველნი, არამედ რომელნიმე უცხოჲთა შჯულითა მოსრულნი და სანატრელთა მათ მოწამეთა: შუშანიკისა, რაჟდენისა და ჰაბოჲსა მიბაძვითა ქრისტჱსთჳს თავისა შემწირველნი, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად მისსა მიმართ, რაჲთა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკნეთ უშჯულოებისადმი და ღვაწლსა თქუენსა ვნატრიდეთ ყოველნი:

გიხაროდენ, დაუცადებელითა ლოცვითა ეშმაკისა ცთუნებათა განმდევნელნო;
გიხაროდენ, უღმრთოებისა და ბნელისა მოძღურებისა სიტყუათა თქუენთა შურდულითა განმთხეველნო;
გიხაროდენ, უშჯულოთა მიერ ზარგანხდილთა ქრისტეანეთა სულიერად განმამტკიცებელნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა ეკლესიისა განმაბრწყინვებელნო;
გიხაროდენ, მტერთა ზახებისა განმაბნეველნო;
გიხაროდენ, მრავალშეთხზულთა მათ მანქანებათა მტერისათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მოსავთა თქუენთა განმანათლებელნო;
გიხაროდენ, არა-ცხოველისა და ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელნო;
გიხაროდენ, ცუარითა მით საღმრთოჲთა მორწმუნეთა განმაგრილებელნო;
გიხაროდენ, შეგინებულისა გონებისა ჩუენისა აღმადგინებელნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა წარუალისა ნათლისა მომღებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 9

ჵ, ერთ-გონიერებაჲ ძმათაჲ, ჵ, სიყუარული მოყუასთაჲ, ჵ, ერთსულობაჲ მამათაჲ და დედათაჲ, რამეთუ ჴმანი მათნი ურთიერთარს განსწუთებოდა და მსმენელი ამისი ათ-ბევრობაჲ ერთჴმობით ღაღადებდა: `უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყუაო ღმრთისაო, შეგჳწყალენ ჩუენ და წარმართე სრბაჲ ესე ჩუენი, და მიითუალენ სულნი ჴელთა შინა შენთა~, და ვითარცა ყრმანი იგი ძუელად საჴუმილსა შინა, მადლობითა აკურთხევდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

მაშინ უგუნურნი ქრისტეს მბრძოლნი, ურიდად შეგერინეს, ვითარცა კრავთა, და ერთი ერთსა უსწრობდეს, რომელნიმე მახჳლითა გცემდეს, და რომელნიმე ჰოროლითა და ისრითა შეგჩხუპდეს და ჴორცთა თქუენთა უწყალოდა დასჭრიდეს, ხოლო რომელნიმე დანებითა განგაპებდეს და გვამსა თქუენსა ქუეშე ხიდისასა, მტკუარსა შინა ჩაჰყრიდეს, გარნა სრულ-იქმნა რაჲ წამებაჲ თქუენნი, გჳრგჳნსა დაუჭნობელსა მიემთხვიეთ, და აწ ცოდვათა მოტევებაჲ და კეთილი ცხორებაჲ ითხოვეთ ჩუენთჳს, რაჲთა სიხარულითა გულისაჲთა გნატრიდეთ:

გიხაროდენ, ახოვნებითა მტერთა მძლეველნო;
გიხაროდენ, უმოწყალოჲსა სიკუდილისა მადლობითა მიმღებელნო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სარბიელისა კეთილად სრულმყოფელნო;
გიხაროდენ, სისხლითა თქუენითა, ვითარცა აიაზმითა, ტფილისისა სანახებთა განმწმედელნო;
გიხაროდენ, ღუაწლითა თქუენითა მართლისა სარწმუნოებისა განმადიდებელნო;
გიხაროდენ, ერისა ჩუენისა სულიერად განმაბრწყინვებელნო;
გიხაროდენ, წამებისა თქუენისა ნათლითა მამულისა წყუდიადისა განმაცისკრებელნო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელნო;
გიხაროდენ, სნეულებათა და წყლულებათა განმამრთელებელნო;
გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამჴნობელნო;
გიხაროდენ, უღმერთოებითა და უშჯულოებითა დაბრმობილთა გულისჴმისმყოფელნო;
გიხაროდენ, პატივისმცემელთა თქუენთა მსწრაფლ-შუამდგომელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 10

ჵ, გულისჴმისყოფაჲ უბიწოჲ, რომელი პირველ მწყობრთა შორის გამობრწყინდა და ვიდრე უკანაჲსკნელადმდე განგრძელდა, რომელთამე ისნისა, კალაჲსა და ტფილისისა მკჳდრთა და რომელთამე ჟამსა განსაცდელისასა გარემო სოფელთაგან, ვითარცა უმტკიცესსა ციხესა შემოვედრებულთა, ამისთჳსცა მოგიჴსენებთ მკჳდრად დედა-ქალაქისა, სადაცა საბანელმან მეორედ შობისამან აღმოგშუნათ სიმრავლჱ ბევრთაჲ, და შესწირეთ ღმერთსა სადიდებელი ქებაჲ: ალილუია.

იკოსი 10

ოდეს იქმნა წყალი იგი მდინარისაჲ წმიდათა გუამთა მიერ აღმოვსებულ და პორფირად ღებულ, და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ თქუენდა, ღამესა მას უნათლეს მზისა გაბრწყინდა გარემოჲ კიდეთა მის მდინარისაჲთა დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა, რომელსაცა ყოველი ხედვიდა, ამისთჳსცა დიდებულსა ჴსენებასა თქუენსა სამეუფოჲ ქალაქი ჩუენი უნივთოჲთა სიხარულითა შეიმკუების და კურთხეულითა ენითა ქართულითა ღაღად-ჰყოფს წადიერად:

გიხაროდენ, სულისა თქუენისა უშფოთველად ღმრთისადმი გარდამცემელნო;
გიხაროდენ, სისხლთა თქუენთა დათხევითა ხიდისა მის და მეტეხისა სავანეთა ალაგად წმიდად გარდამქცეველნო;
გიხაროდენ, დიდისა მის მდინარისა მტკუარისა განმწმედელნო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებისა განმდევნელნო;
გიხაროდენ, დაბნელებულისა გონებისა ჩუენისა განმაცისკრებელნო;
გიხაროდენ, განრღვეულისა მამულისა სულისა განმაცხოველებელნო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, ნაყოფითა სიმჴნეთა თქუენთაჲთა მორწმუნეთა განმამჴნობელნო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა უმეცართა განმაბრძნობელნო;
გიხაროდენ, ვნებათა სიმრავლისა, ვითარცა ღუარძლისა აღმომფხურელნო;
გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა აღმამაღლებელნო;
გიხაროდენ, გონებათა ჩუენთა ზეცად აღმყუანებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 11

ოდეს თავნი თქუენნი წარკვეთილნი ხიდსა მას ზედა ჰგორვიდიან, მახლობლად მისა, სადა იგი დაწვეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსა, მიერითგან ურიცხუთა ჭირთა ტფი-ლისელთასა დამჴსნელ იქმენით, ეგრეთვე აწ დაიცევით დედა-ქალაქი ჩუენი, რომელი აწ მძჳნვარედ იღელვების და დააცხრეთ ღელვანი იგი ვნებათანი და ალმური წუალებისა, რამეთუ თქუენ ხართ სიქადულ მისა, რაჲთა არა განუდგეს მთავარნი და განმგენი ჩუენნი წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა და მარადის ადიდებდეს ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა: ალილუია.

იკოსი 11

ჵ, კეთილმსახურებისა სიმჴნითა დიდებულნო, განიოტეთ რაჲ უძლურებაჲ დედობრივი და ღუაწლსა მამაკაცებრ ახოვნად შეკადრნეთ, აწ დაშრიტეთ ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და დედანი და დანი ჩუენნი, ხატნი და ბეჭედნი მამულისა ყოფისანი, იჴსენით ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა და ურცხვინოებისაგან დაიფარეთ, რაჲთა ქრისტეს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჴსენებასა თქუენსა ადიდებდენ და დაუცხრომელად გაქებდენ:

გიხაროდენ, ზეცისა იერუსალჱმისთჳს ტანჯვათა დამთმენელნო;
გიხაროდენ, ხრწნილებისაგან ცოდვათასა განმარინებელნო და ვნებათა ჩუენთა თავსმდებელნო;
გიხაროდენ, ქრისტეს სიყუარულისა კაცთა შორის დამნერგველნო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა ძალთა დამცემელნო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისაგან დამჴსნელნო;
გიხაროდენ, შჳლთა მორჩილებად მამა-დედათა და მწყემსმთავართა განმწურთნელნო;
გიხაროდენ, ეშმაკისა კადნიერებისა დამამჴობელნო და საშინელთა მზაკუვარებათა მისთა განმაქარვებელნო;
გიხაროდენ, მოშურნეთა და ცილისმწამებელთა დამამდაბლებელნო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყნიერისა ზრუნვისა დამტევებელნო;
გიხაროდენ, სულიერისა მღჳძარებისა ზარისა დამარისხებელნო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჩუენთა წყლულებისა დამაცხრობელნო;
გიხაროდენ, სილაღითა აღტაცებულთა დამაწყნარებელნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 12

დიდ-არს ძლევაჲ ბრწყინვალჱ, რომელი აჩუენნეთ ჴორცთა შინა მყოფთა, ვითარცა უჴორცო-თა, რამეთუ ქრისტჱსთჳს გსუროდათ სიკუდილი, რომლითა მიხვედით უკუდავებად, და სიხა-რულითა ღუაწლისა თქუენისაჲთა ეკლესიაჲ ქართველთაჲ შუენიერად მეწამულ-ყავთ, ამისთჳსცა თაყუანის-ვჰსცემთ ქრისტესა, რომელმან მოსცა ესევითარნი მეოხნი და მფარველნი საზეპუროსა ერსა ჩუენსა და უგალობთ და ვადიდებთ მას, ვითარცა მაცხოვარსა ჩუენსა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 12

მოწამეთა გჳრგჳნისა მოღებაჲ გსუროდათ, და სიმჴნისა მადლისა ზეცით მომღებელთა არა ჰრიდეთ ფიცხელსა მას სატანჯველსა და სიკუდილსა, ვითარცა საშუებელსა კეთილსა, და წარკუეთითა თავთაჲთა, ნეტარნო, დაამხუეთ მრავალ-ღონჱ იგი სივერაგჱ მტერისაჲ, ამისთჳსცა განსაცდელთა და ჭირთა შინა მყოფნი, მოვიღებთ შეწევნასა, თქუენ შორის მკჳდრისა საღმრთოჲსა მადლისასა და ძალისაებრ ჩუენისა შეგითხზნავთ გჳრგჳნსა ამას ქებისასა:

გიხაროდენ, საკჳრველნო და ჭეშმარიტად ახოვანნო მჴედარნო ზეცათა მეუფისანო, რომელთა უღმრთოთა რისხვაჲ სიმჴნითა თავს-იდეთ და დიდებაჲ ქრისტჱსი განაბრწყინეთ;
გიხაროდენ, გუნდო პატიოსანო, რამეთუ სიმრავლემან გუამთა თქუენთამან და სისხლთა ყოვლად წმიდათა თქუენთა, ერთად დიდ-მდინარედ გამოსრულმან, ძალნი ზეცისანი განაკჳრვა;
გიხაროდენ, უხრწნელებითა შემოსილნო, რამეთუ სხურებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაშრიტეთ ნაკვერცხალნი საცთურისანი;
გიხაროდენ, უძლეველითა ღუაწლითა ბრწყინვალენო, რამეთუ სანატრელისა მის მოწამისა ჰაბო ტფილელისა თანა მარადის თქუენ ხართ მცველნი და მფარველნი ტფილის-ქალაქისანი;
გიხაროდენ, ცხოვართაებრ დაკლულნო, რამეთუ მდინარენი სისხლთა თქუენთანი მორწყავენ ქართველთა ეკლესიასა და წმიდა-ჰყოფენ სიმრავლესა მართლმადიდებელთასა;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისათჳს დამაშურალნო, რომელთა სძლეთ ცრუ-შჯულისდებისა მოძღუართა;
გიხაროდენ, მნათობნო დაუვალნო, რამეთუ უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდით სასუფეველსა შინა ზეციერისა მამისასა;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სასანთლენო, რამეთუ განაცისკროვნეთ ღამჱ სპარსთა საცთურებისაჲ;
გიხაროდენ, უმჴურვალესად ქრისტჱსთჳს თავდადებულნო, რამეთუ მიიღეთ სასყიდელი იგი მუშაკობისაჲ;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთათჳს ზეცით მონიჭებულნო სიმტკიცენო, რამეთუ ზღუდედ მოცემულ ხართ თქუენ ერისათჳს ჩუენისა;
გიხაროდენ, ზეცისა ქალაქისა მოქალაქენო, რამეთუ სიმჴნენი თქუენნი განამჴნევებს ქართველთა;
გიხაროდენ, ძლევანო და დიდებანო მამულისა ჩუენისანო, რამეთუ კურნებათა მდინარედ და სასწაულთა საუნჯედ აქუთ თქუენ ივერთა ერსა;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

კონდაკი 13

ჵ, ნათესავნო რჩეულნო, სამეუფონო და სამღდელონო, ქრისტჱსთჳს სისხლისა დამთხეველნო, ვითარცა ელვაჲ მზისაჲ და ბრწყინვალებაჲ მთოვარისა განანათლებს სოფელსა, ეგრეთცა ჴსენებაჲ თქუენი, ნეტარნო, ყოველთა მარტჳლთმოყუარეთა ქართველთა, რამეთუ მადლსა მას კურნებათასა მოგვანიჭებთ და განგვანათლებთ მცხინვარებითა საკჳრველებათაჲთა, რომელნი ესე ღირსად შეგამკობთ, ყოვლად ქებულნო მოწამენო, და ვადიდებთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.

ეს კონდაკი ითქმის 3-გზის, შემდეგ

 

იკოსი 1

კუალად შეიმოსა ეკლესიამან სამკაული სიხარულისაჲ და ბრწყინვალებითა სისხლთა თქუენთაჲთა დაიდგა გჳრგჳნი შუენიერებისაჲ და დიდებისაჲ სიმჴნითა თქუენითა, რამეთუ დაჭ-რიდენ რაჲ ჴორცთა თქუენთა, სისხლი თქუენნი უბრალოჲ შეიწირვოდეს წინაშე ღმრთისა, ვითარცა იგი სისხლი აბელ მართლისა, ამისთჳსცა მარადის აღმოაცენებს კურნებასა ადგილი წამებისა თქუენისა და აღგვძრავს შეწირვად გალობისა და ქებისა:

გიხაროდენ, ძმანო და დანო საკჳრველნო, ქრისტჱს საკრველითა ერთ-ზრახვად შეკრულნო;
გიხაროდენ, უსასყიდლო მსხუერპლად ღმრთისა მიმართ შეწირულნო;
გიხაროდენ, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეერთებულნო;
გიხაროდენ, კეთილსახიერებისა ტრფიალებითა შემტკიცებულნო;
გიხაროდენ, ღმრთისა ძალითა კეთილად აღჭურვილნო;
გიხაროდენ, სპარსთა მიერ უწყალოდ აღსრულებულნო და სისხლთა ნაკადულითა ურთიერთას აღრეულნო;
გიხაროდენ, მოწამეობისა გჳრგჳნითა განშუენებულნო;
გიხაროდენ, ტკივილითა მოღუაწებრითა განდიდებულნო;
გიხაროდენ, მწყობრსა შინა მარტჳლთაჲთა განბრწყინვებულნო;
გიხაროდენ, სანუგეშოდ ეკლესიისა და განსაბრწყინვებლად ივერიისა გამოჩინებულნო;
გიხაროდენ, ბრძმედსა შინა მძაფრთა სალმობათასა გამოჴურვებულნო;
გიხაროდენ, ვარდნო მეწამულნო, ღმრთივ-დანერგულნო;
გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳნნო ტფილის-ქალაქისანო!

კონდაკი 1

ჭეშმარიტებისა მოწამეთა და მართლმადიდებლობისა ქადაგთა, ვარსკულავთა ეკლესიისათა მრავალ-ბევრთა შეგასხამთ მორწმუნენი ქებითა საღმრთოჲთა და ვედრებასა ამას შევსწირავთ თქუენდა, გალობანი ჩუენნი მიითუალეთ, მარტჳლნო, და ნუ მოგვაკლებთ შეწევნასა თქუენსა, არამედ ნათლითა ბრწყინვალებათა თქუენთაჲთა განგუანათლეთ და წყუდიადი უმეცრებისაჲ განსდევნეთ მგალობელთაგან თქუენთა: გიხაროდენ, ათნო ბევრნო მოწამენო, დიდებანო და გჳრგჳ-ნნო ტფილის-ქალაქისანო!

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, არომატნო ნელსაცხებელნო უსასყიდლონო სულნელებანო ქრისტჱსნო, ნათლითა მზისა სიმართლისაჲთა განმაბრწყინვებელნო ქუეყანისა თქუენისანო; მეოხნო და შუამდგომელნო ქართველთა ნათესავისანო, და მცველნო და მფარველნო ტფილის-ქალაქისანო, რიცხვით ათნო-ბევრნო მოწამენო!

ჵ, ვარსკულავნო მრავალ-ბევრნო განათლებულნო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო და წყალობისა მომნიჭებელნო, მოგჳჴსენეთ წინაშე ღმრთისა და განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული ერი ჩუენი იჴსენით ოხითა თქუენითა, რაჲთა წყალობისა წილ არა მოვიღოთ საშჯელი კადნიერებისაჲ, არამედ კუალად განგვიახლეთ თქუენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, სიყუარული კეთილმსახურისა მეფისაჲ და ერთგულებაჲ ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაჲ, რომელიცა განიპოხა სისხლითა თქუენითა, და დაშრიტეთ საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ, რომელ არს წმიდისა იგი შემბილწველი `საძაგელი მოოხრებისაჲ~. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ მამული ჩუენი _ საქართველო _ ყოვლისაგან ჭირისა და თანამბრძოლ გუეყვენით ჩუენ მარადის წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისა და დაიცევით დედაქალაქი ჩუენი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიყტოპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტჱსმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჵ, კრებულო საღმრთოო, ერთითა წმიდითა განზრახვითა შეკრებულო ათბევრობაო მოწამეთაო! იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი