დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა,

პატივად საკვირველთმოქმედისა ხატისა მისისა ივერიისა,

პორტაიტისად წოდებულისა.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ზედამდგომელობასა შენსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი თაყუანის-ვჰსცემთ უხრწნელსა ხატსა შენსა, უბიწოო, და ლმობიერად გევედრებით, ნუ განმაგდებ ჩუენ, შემწირველთა უღირსთა გალობათა, არამედ ისმინე მდაბალი ვედრებაჲ ჩუენი და დამიფარენ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ-საფრჴეთაგან, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

იკოსი 1

ანგელოზთა სიმრავლენი ცათა შინა და ივერთა სავანისა მონაზონნი მოუკლებელად უგალობენ ნათელ-ცისკროვანსა ხატსა შენსა, პორტაიტისად წოდებულსა, ხოლო ჩუენ ამბორს-უყოფთ კეთილშუენიერებითა მიმსგავსებულთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა და გევედრებით, უბიწოო, თქუმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ წილხდომილისა ამის შენისათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა, რაჲთა მოვიღოთ კურთხევაჲ და მადლი შენ მიერ და მოგიძღუნათ სამადლობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, წილხვედრსა შენსა ქუეყანასა ანდრია მოციქულისა წარმომგზავნელო;
გიხაროდენ, შრომითა და მოღუაწებითა მისითა ერისა ჩუენისა მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, ჴელითუქმნელითა ხატითა შენითა იბერიისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მისლჳთა შენითა ათონისა განმწმედელო და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;
გიხაროდენ, მთისა ამისა წილად შენდა აღმრჩეველო და ბერთა სამკჳდრებელად დამდგენელო;
გიხაროდენ, პირველთა ათონელთა მეუდაბნოეთათჳს შემწეობისა აღმთქუმელო და საცთურთაგან დამცველო;
გიხაროდენ, უდაბნოჲსა ამის დედათათჳს მიუვალად დამდებელო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა მის ქალწულისა, ნინო კაბადოკიელისა მოციქულებრივსა გზასა ზედა მომწოდებელო;
გიხაროდენ, შენ მიერ ბოძებულითა ჯუარითა ვაზისაჲთა მის მიერ მცხეთას ბომონთა დამცემელო;
გიხაროდენ, კერპოვნებითისა წყუდიადითა დაბნელებულთა გულთა ქრისტეს ნათლითა განმა-ნათლებელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ჩუენსა სამოციქულოჲსა ეკლესიისა დამამყარებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისა განსავრცობად ასირიითგან ივერიას ათცამეტთა მამათა წარმომავლინებელო და მათ მიერ მონასტერთა დამაარსებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 2

ზეობასა მას თეოფილე ხატთმბრძოლისაჲთა, მჴედარმან ვინმე უგუნურმან იხილა რაჲ წმიდაჲ ხატი შენი სახლსა მას ნიკიელისა ქურივისასა, კადნიერად მიეტევნა, უბიწოო, და სცა ლახვარი ღმრთივ-საყუარელსა პირსა შენსა, გარნა მყის გარდამოხდა სისხლი და მკერდსა ზედა ესხურა რაჲ მტარვალსა, ცდომილებაჲ თჳსი შეინანა და მადლსა და დიდებასა მისცემდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

აჰა, დედაჲ უფლისაჲ, რამეთუ სულითა და ჴორცით ცხოველ არს! _ ღაღადყო ბარბაროსმან, და რქუა ქურივსა მას, ქართლოსიანსა: „პატიოსანო დედაო, ხატი ესე უჩინოჲ ჰყავ, რაჲთა არა შებილწონ და ბოროტი რაჲმე შეგამთხჳონ შენცა“, მაშინ მხოლოდშობილი ძჱ თჳსი შეგვედრა დედაკაცმან და წარგზავნა საბერძნეთად, ხოლო ხატი შენი ამბორისყოფითა და ცრემლთა დათხევითა შეაცურვა ზღუასა, და იხილა რაჲ საკჳრველად აღმართებული წყალთა ზედა და მავალი დასავლეთად, ღაღადყო წადიერად:

გიხაროდენ, მშობელო, წარწყმედულთა მეძიებელო და სიტკბოებითა შემნდობელო;
გიხაროდენ, ბჭეო ცხოვნებულთაო და მონანულთა შემწყნარებელო;
გიხაროდენ, ნიშ-სასწაულებითა შენითა ურწმუნოთა შემაშფოთებელო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, შეცოდებათა სიტკბოებითა შემნდობელო და ბოროტად სლვისაგან მომდრეკელო;
გიხაროდენ, სიმართლისა მოძულეთა მამხილებელო და სიცრუისა თანაზიართა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მხოლოო დედაო, ქმრისა გამოუცდელო, პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ქურივთა და ობოლთა ნუგეშინისმცემელო და მაწუხებელთა მათთა მიმგებელო;
გიხაროდენ, უმანკოებისა და სიწმიდისა უხილავო მფარველო;
გიხაროდენ, ძმათა შორის მტერობისა დამჴსნელო;
გიხაროდენ, ზღუასა შინა სლვისა და ჴმელთა ამბოხისაგან დამცველო;
გიხაროდენ, შენდა მონდობილთა მტერისაგან მჴდომისა დამფარველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 3

რაჟამს ძჱ კეთილმსახურისა ქურივისაჲ წარემართა საბერძნეთად, წინა-განგებითა ღმრთისაჲთა მიიწია წილხვედრსა მთასა შენსა, და კურთხევაჲ მონაზონებისაჲ მიიღო ქართველთა სავანესა, სადა შემდგომ ივერთა მონასტერი აღაშენეს იოვანე იბერმან და თორნიკე მთაწმიდელმან, ხოლო შენ, რომელმან სასიკუდინჱსა სენისაგან განკურნე ყრმაჲ ეფთჳმი და მიჰმადლე გულისჴმის-ყოფაჲ მეტყველებად ენათა და თარგმანებად წიგნთა, შემძლებელ ხარ ჩუენდაცა შეწევნად, რამეთუ დიდად გეწყალის და გიყუარს ნათესავი ჩუენი, ამისთჳსცა ვიქადით, ღმრთისმშობელო, და ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა ვუგალობთ ყოველნი: ალილუია.

იკოსი 3

შემდგომად ასერგასისა წლისა, ზღუასა ზედა საკჳრველად მცურვალი ხატი შენი გამოჩნდა პირისპირ მთაწმიდისა, და ელვანი სხივთა მათ ცეცხლისაჲთა ჰკრთებოდა ღამესა შინა, ხოლო იხილნეს რაჲ სუეტი ნათლისაჲ ზღჳთგან ვიდრე ცადმდე მამათა, მიივლტოდეს ნავით ხილვად მისად, გარნა ცეცხლმთებარჱ იგი განეშორა და ვერ ღირს იქმნეს მიახლებად საკჳრველისა ამის სიწმიდისა, ეგრეთვე აწ უნუგეშოდ ნუ დამიტევებ მეცა და მომანიჭე სიბრძნჱ კეთილისა და ბოროტის განრჩევისაჲ, რაჲთა განლტოლვილი უგზოჲსაგან ცთომისა, ღირს ვიქმნე შეწირვად გალობისა:

გიხაროდენ, ხატო მზისა უბრწყინვალესო და ეთერისა ხილვისა უაღრესო;
გიხაროდენ, განცურვითა წმიდისა სახისა შენისაჲთა ზღჳსა მის ჭეშმარიტად განმწმედელო;
გიხაროდენ, მრავალსა წელსა ღელვათა განმაპობელო და სრბისა შენისა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, მსგავსებაო ღმრთივდიდებულო, სუეტითა ცეცხლისაჲთა საკჳრველად წარმოჩინებულო;
გიხაროდენ, ნიშნად წინამძღოლობისა შენისა სუეტად ნათლისად ზეცად აღმწუერვალებულო;
გიხაროდენ, ცეცხლმგზებარეო მაყუალო, შეუწველად შთენილო და ბრწყინვალისა შარავანდედისა განმფენელო;
გიხაროდენ, რწმენითა მხილველთა განმამტკიცებელო და სამკჳდრებელისადმი საუკუნოჲსა მიმანიშნებელო;
გიხაროდენ, ცისკრითა ღმრთისმცნობელობისაჲთა მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ბოროტმადიდებელთა და მწვალებელთა ზრახვათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, უდაბნოთა და ნაპრალთა შინა კლდისაჲთა მოსაგრეთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, ბჭეთაგან სიკუდილისაჲთა გამომჴსნელო და ცხორებისა კარისა განმღებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 4

იხილეს რაჲ მოსაგრეთა შორის სუეტსა მას ცეცხლისასა ხატი ღმრთისა დედისაჲ, იწყეს ღამისთევად და მწუხარებითა აღვსებულნი იმარხვიდეს და ილოცვიდეს დამთხეველნი ცრემლისაჲ, რაჲთა ღირს-ქმნილიყო ათონისა მთაჲ ხატისა მის დავანებისაჲ, გარნა შენ აუწყე შჳდეულსა მას ვნებისასა ბერძენთა: „გაბრიელ ქართველი არს გამომყვანებელ ხატისა ჩემისა და მხოლოჲ ბერი იგი არს ღირს შეხებად მისა“, და ესმნეს რაჲ უწყებაჲ ესე მამათა, შეძრწუნებულნი განკრთეს და აქებდეს ძალსა ქრისტჱსსა: ალილუია.

იკოსი 4

მაშინ ჩუენებასა შინა განუცხადე გაბრიელსა: „აუწყე ივირონისა წინამძღუარსა და ძმებსა, ვითარმედ მწადის რაჲ მინიჭებად მათდა წმიდაჲ ხატი ჩემი მწედ და მფარველად ნათესავისა თქუენისა, მრავალთა შორის მამათაჲსა გამოგირჩიე შენ მიქმად პატიოსნისა ხატისა ჩემისა, ზღუასა ზედა დაუნთქმელად მქცევისა“, ხოლო ესმა რაჲ ესე წმიდასა მოსაგრესა, გულისჴმა-ყო, რამეთუ მიეცათ ხატი შენი წინდად მოწყალებისა, და ვითარცა გშუენოდა დედასა ღმრთისასა, შეგასხა სამადლობელი ესე ქებისაჲ:

გიხაროდენ, ხატისა შენისათჳს ახლისა სამკჳდრებელისა მბოძებელო;
გიხაროდენ, მადლთა საღმროთა უხუებით მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მონაზვნურისა ცხორებისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ღუაწლსა შინა მყოფთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ღმრთის ნებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ზოგად-ცხორებულთა მონასტერთა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;
გიხაროდენ, გამოცხადებითა საკჳრველისა ხატისა შენისაჲთა ნათესავისა ჩუენისათჳს მოწყალებათა აღთქუმისა დამდებელო;
გიხაროდენ, ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, აღჳრ-უსხმელთა და ნაყროვანთა დამაოკებელო;
გიხაროდენ, სიყმილითა შეიწრებულთა საკჳრველებითა დამაპურებელო;
გიხაროდენ, ცეცხლისაგან დამცველო და მწუხარებათა დამჴსნელო;
გიხაროდენ, მდაბალთა ამამაღლებელო და მზვაობართა დამცემელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 5

მსწრაფლ მივიდნენ ბერძენნი ივერთა მონასტერსა და იკითხვიდეს რაჲ გაბრიელსა, სცნეს, რამეთუ იყო დაყუდებული მონაზონი ნაპრალთა შინა, სიწმიდითა გულისაჲთა ღმრთისა ხედვისა მომგებელი და ანგელოზთა მობაძავი ცხორებითა, და წარიყუანეს რაჲ ზღჳს ნაპირად პასექისა სამშაბათსა, სასოებითა შევრდომილი მტკიცესა მას შენსა შეწევნასა, წყალსა ზედა ფერჴითა ვიდოდა ღირსი გაბრიელ დაუნთქმელად, ვითარცა პეტრჱ ზღუასა მას შინა გალილეაჲსსა, და იყო სიხარული ყოველთა სავანეთა და ერთბამად დიდებისმეტყუელეს ღმერთსა, საკჳრველთმოქმედსა: ალილუია.

იკოსი 5

შე-რაჲ-ვიდა ზღუად ღირსი გაბრიელ, ცრემლითა გიღაღადა: „ჵ, დედათა შორის კურთხეულო, მოვედ და დაიფარე სამკჳდრებელი შენი უსაცთუროდ მტერთაგან“, და ზღუამანცა, ხატისა შენისა მტჳრთველმან, საკჳრველად მიუბოძა იგი უვნებელად, მაშინ თაყუანისცემითა მიიქუა მკერდსა ზედა ნეტარმან და სადა იგი გამოაბრძანა საუნჯჱ უსასყიდლოჲ და დაასუენა, მყის აღმოაცენე წყაროჲ სასწაულთმოქმედი, რომლისაგან კუალად აღმოადინებ კურნებასა, ხოლო მხილვენი ამისნი შეემთხვივნეს უხრწნელსა ხატსა შენსა ლიტანიობითა და სახარულევანითა გალობითა:

გიხაროდენ, დედოფალო ზეცისაო და ქუეყანისაო, ღმრთეებრივისა სიწმიდისა და სიყუა-რულისა განმავრცობელო;
გიხაროდენ, ნიშთა და სასწაულთა განდიდებითა ერთგულთა გონებისა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, შარავანდედითა მოწყალებისა შენისაჲთა ხატთაყუანისმცემელთა მწუხარებისა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, მორწმუნეთათჳს ტკბილისა ნათლისა ძლევისაჲთა მომფენელო და განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, უცხოებასა შინა მყოფთა ნეტარ-საჴსენებელთა მამათა ჩუენთა უფროჲს მკჳდრთა მათ ბერძენთაჲთა განმადიდებელო;
გიხაროდენ, სოფლის ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, უძლურთა განმაძლიერებელო და მშიერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოჲსა გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ქართველთა ერისათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა უფლისაგან გამომთხო-ველო;
გიხაროდენ, შენდამი შევედრებულთა საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ღრმად დაძინებულისა სჳნდისისა ჩუენისა განმაღჳძებელო;
გიხაროდენ, მწუხარისა ცხორებისა ჩუენისა განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 6

მაშინ აღაგეს მუნ მცირე სამლოცველოჲ იბერთა და პარაკლისითა და გალობითა თაყუანის-სცეს ხატსა ცოცხლებრ მავალსა, ხოლო შემდგომად სამისა დღისა კრძალჳთ აღიღეს საუნჯჱ იგი უპატიოსნესი, უფროჲს ყოველთა ქუათა პატიოსანთა, და დიდითა პატივითა დაასუენეს საკურთხეველსა შინა ტაძრისასა, გარნა მიეფარა და უჩინოჲ იქმნა, და მრავლითა ძიებითა იპოვეს კარიბჭესა ზედა ივერთა მონასტრისასა, ხოლო ესმნეს რაჲ საშინელი ესე ძლიერებაჲ ხატისაჲ მამათა, სარწმუნოებითა შეუვრდენ მფარველობასა შენსა და ჴმითა მადლობისიაჲთა აქებდენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

ეჰა, დიდებაჲ საკჳრველებათა შენთა, ღმრთისმშობელო, რამეთუ კუალად გამოუჩნდი გაბრიელსა და რქჳ: „ამცნე ივერთა მონასტრისა მწყემსთა, ვითარმედ არა მნებავს მფარველობაჲ თქუენი, არამედ მე ვარ მცველიცა და მფარველიც ქართველთა ნათესავისაჲ, და ვიდრეღა იყოს ხატი ესე ჩემი სავანესა ამას შინა, არა მოგაკლდეთ მადლი და წყალობაჲ ჩემი და ძისა ჩემისაჲ“, მაშინ მსმენელნი ამისნი შესხმასა სიტყუათასა, ვითარცა ძღუენსა სახარულევანსა მოგიძღუნიდენ, და სასოსა ერისა ჩუენისასა გიგალობდენ და გნატრიდენ:

გიხაროდენ, სიწმიდისა თაყუანისმცემელთა შემწეო და სასოებითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, ქართლოსიანთა აღმატებულითა სიხარულითა აღმამაღლებელო;
გიხაროდენ, ივერიელთა სავანითგან ყოველგნით დაულევნელთა მადლთა განმფენელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, ქრისტჱს სიყუარულისა კაცთა შორის დამნერგველო;
გიხაროდენ, ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა სიცბილისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მოშურნეთა და ცილისმწამებელთა დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, გრძნებისმოქმედთა და მჩხიბავთა დამამხობელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ყრმათა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, უბიწოთა ქალწულთა განმხრწნელთა კაცთაგან დამცველო;
გიხაროდენ, ცეცხლითა საღმრთოჲთა, რომელიცა გამოვალს ხატით შენისაჲთ, ხატთმბრძოლთა ბანაკისა დამწველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 7

რაჟამს აღვიდეს მამანი სენაკსა გაბრიელ ბერისასა და აუწყეს უჩინო-ქმნაჲ ხატისაჲ, რქუა ნეტარმან ივირონისა წინამძღუარსა იოვანეს და ძესა მისსა ეფთჳმისა: „არა არს ნებაჲ ყოვლად წმიდისაჲ, რაჲთამცა ხატი მისი ესვენოს დაფარულსა შინა, არამედ მოავლინა ხატი თჳსი, რაჲთა ყოველნი ევედრებოდეს და სარწმუნოებითა მოიღებდეს მისგან ძღუენთა გულმოწყალებისა მისისათა“, მაშინ მსმენელნი ამისნი სიყუარულითა შეიტკბობდეს წმიდასა ხატსა უბიწოჲსა დედისასა და მხოლოდშობილსა ძესა მისსა შესწირვიდეს მსხუერპლსა ქებისასა: ალილუია.

იკოსი 7

ეჰა, გამოუთქმელსა სახიერებასა წმიდისა მარიამისასა, რამეთუ ესევითარი ცხადი სასწაული ჩუენებულ იყო დედობრივისა სიყუარულისათჳს ერისათჳს მისდა წილხდომილთა, ოდეს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მიძღუანებული ნათელცისკროვანი ხატი თჳსი არა მიჰმადლა სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ და მით აკურთხა ახლად-აგებული სავანჱ იგი ბერთაჲ, ხოლო ჩუენ მსმენელნი იოვანჱსა და ეფთჳმის „ცხორებისა“, ვსტირით დაკარგვისათჳს მონასტრისა ამის ნათესავისა ჩუენისასა და გალობითა შევამკობთ საკჳრველსა ხატსა ქართველთა უპირველესისა მეოხისასა:

გიხაროდენ, უზეშთაესო ყოველთა ქუეყნიერთა მეფეთა და მთავართაო;
გიხაროდენ, ძისა შენისა თანა შესავედრებელო ივერიელთაო;
გიხაროდენ, სიხარულო მთაწმინდისა უდაბნოჲსა მკჳდრთაო;
გიხაროდენ, ხატისა შენისა მიერ გარდამომავლინებელო მადლთა და წყალობათაო;
გიხაროდენ, მტკიცეო ზღუდეო სარწმუნოებითა შევრდომილთაო;
გიხაროდენ, სანატრელო და სიქადულო ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, სასოებაო შენდამი მონდობილთაო;
გიხაროდენ, მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო სათნოთა სასძლოთაო;
გიხაროდენ, შჳლიერ-მყოფელო უშჳლოთაო;
გიხაროდენ, ნუგეშინისმცემელო დამწუხრებულთა დედათაო;
გიხაროდენ, სურნელ მყოფელო სულთა და გონებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 8

განაკჳრვა მოსაგრენი დიდებულებამან სასწაულთა შენთამან, და აღაშენეს რაჲ მცირე ტაძარი მახლობლად კარიბჭისა, დაასუენეს წმიდაჲ ხატი შენი, უბიწოო მარიამ, უწოდეს კარისაჲ და განაწესეს დღესასწაული ხატისაჲ, ხოლო მეფენი საქართველოჲსანი და მთავარნი ერთა თანა, პატივს სცემდეს მას მრავლითა სამკაულითა, და მონასტერსა აღავსებდეს შესაწირავითა ურიცხჳთა, გარნა აწ არცაღა ერთი ქართველი იპოების მამათა ჩუენთა მიერ ნაღუაწსა მონასტერსა, არამედ აღადგინე სამართალი და ივირონსა შინა კუალად დაამკჳდრე ნათესავი ქარ-თველთაჲ, რაჲთა მარადის მსახურებდეს კეთილსახელოვანსა ხატსა შენსა და ტკბილ-ჴმოვანითა ენითა ჩუენითა ადიდებდეს სამებასა, განუყოფელსა და შეურწყმელსა: ალილუია.

იკოსი 8

რაჟამს საკჳრველად მიიწია ხატი შენი ნიკიითგან ათონად, და მიეცა იგი, ვითარცა ბრწყინვალე სამკაული ივერთა მონასტერსა, მიერითგან უცნაურთა იქმოდი საკჳრველებათა: სნეულთა ჰკურნებდი, ეშმაკთა განჰხდიდი და იცავდი მვედრებელთა შენთა, ხოლო ზეთი, იფქლი და ღჳნოჲ მრავალგზის განამრავლენ სავანესა, რომლისათჳსცა ხატსა შენსა უწოდდენ „მწყალობელსა“, არამედ აწ მრავალთა პირთა მიერ ხატისაჲთა კუალად აღასრულებ სასწაულთა, და იჴსნი ყოველთაგან ვნებათა მტერისაჲთა და სალმობათა ხატთაყუანისმცემელთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, მარიამ, ასულო დავითისაო და სძალო ცათა მეუფისაო;
გიხაროდენ, მხოლოო მშობელო სულთა ჩუენთა მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, უბიწოო სამკჳდრებელო ნათლისა ყოვლადწმიდისაო;
გიხაროდენ, წყაროო ცხოველსმყოფელისა მადლისაო;
გიხაროდენ, საღმრთოო შუამდგომელო ნათესავისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, დაუძინებელო მცველო და ქომაგო ქართველთა მიწა-წყლისაო;
გიხაროდენ, შეურყეველო გოდოლო წმიდისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, მზრუნველო და მეკარეო ივერთა საღმრთოჲსა მონასტრისაო;
გიხაროდენ, სახიერო დედაო და მფარველო შენდა წილხვდომილისა ერისაო;
გიხაროდენ, წმიდისა მთისა იღუმენიავ და შემწეო ბერ-მონაზონათა კრებულისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო მეუფეო ქუეყანისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, სასოებაო ყოველთა აღდგომისაო და თავსმდებო საუკუნოჲსა ცხორებისაო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 9

დაღათუ საკჳრველი ხატი შენი უპყრიეს ათონის ივერთა მონასტერსა, უნუგეშოდ არცაღა დაგჳტევენ ნათესავი ქართველთაჲ და ყოვლად დიდებულთა პირთა მიერ ხატისათა გარდამოავლინებ ცუართა მადლისა შენისათა, და წმიდასა და წმიდამყოფელსა მირონსა უწყა-როებ სულსა მორწმუნეთასა, ხოლო ჩუენ მფარველობასა მათსა სარწმუნოებითა შევუვრდებით და ვითხოვთ შენ მიერ ცოდვათა შენდობასა და საღმრთოჲსა დიდებისა ზიარებასა, რაჲთა არა დაგჳხშოს კარი სასძლოთა, და ბრძენთა მათ ქალწულთა თანა განგვიღოს სიძემან, წადიერად და ტკბილად მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 9

უწყით რაჲ ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლჱ, ქალწულო პორტაიტისაო, სიყუარულითა მოჳვლტით წინაშე ხატთა შენთა შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა: რაჲთა ტკბილთა ოხათა შენთა მიერ შეგვაწყნარო ძესა შენსა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, მოიხი-ლოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, და მტერთა კუეთებითა შერყეული ქუეყანაჲ ჩუენი დაიცვას შეუძრველად, და განმგებელად და მმართებელად მოგუმადლოს მწყემსნი და მუშაკნი, ბრძენნი და სახიერნი, რაჲთა ღირსებითა და სიწმიდითა იურვოდენ ერთა, რწმუნებულთა მათდამი და ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა აღგვაორძინებდენ შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, ჴსნისა მეძიებელთათჳს გზისა მაჩუენებელო;
გიხაროდენ, სამკჳდრებელსა ზედა ჩუენსა მადლისა მომფენელო;
გიხაროდენ, კანდელის საკჳრველითა ტრიალითა ჭირთა და განსაცდელთა მომასწავებელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, წყევისა დამჴსნელო და კურთხევისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, მამა-პაპათა ღუაწლისა უარისმყოფელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, დედათათჳს სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უდედოდ დაშთენილთა ჩჩჳლთა უხილავო მზრდელო;
გიხაროდენ, კეთილმორწმუნეთა მთავრობათა და მჴედრობათა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მძლავრთა კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა განმდევნელო და მათ მიერ უსამართლოდ დევნულთა და შეურაცხყოფილთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ბოროტეულისა განმამართლებელთა და მართლისა განმამტყუნებელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, ნებსით თჳსით პორტაიტისას, ვითარცა ძუელ ოდესმე, ქართულითა ოქროცურვილითა კუართითა შემმოსველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 10

ეწადა რაჲ პატრეარქსა ყოველთა ქართველთასა გამოხატვაჲ კარიბჭის ხატისაჲ, კრებულმან ივირონისამან მამაჲ პახუმი აკურთხა, რაჲთა განამრავლნეს ნიჭნი მადლისაჲ, ხოლო მან განწმი-და ფიცარი პორტაიტისას ნაბანითა, და გამოსახა ხატებაჲ მისი, რომელიცა დაუუნჯე, უბიწოო, მადიდებელსა შენსა ქალაქსა და ერსა შენდა წილხვდომილსა, რაჲთამცა ელიაჲს ხალენისა, შენ მიერ ქსოვილისა კუართისა საუფლოჲსა, და მასზედ აღმართულისა სუეტისა ცხოველისა თაყუანისმცემელნი, ღირს ვიქმნნეთ შევრდომად კურთხეულისაცა ამის საუნჯისა და მადლობად და ქებად შენ მიერ გამოუთქმელად შობილისა ძისა ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 10

აჰა, ესერა ქუეყანასა ჩუენსა ნათელი ბრწყინვალჱ გამობრწყინდა და დიდად შუენიერი პირი კარის ღმრთისმშობლისაჲ, დღესასწაულსა იოვანე ღმრთისმეტყუელისასა მობრძანდა ათონითგან ტფილისსა, ხოლო პატრიარქი მღდელთმთავართა და მღდელთა თანა, და ყოველი სიმრავლჱ ერისაჲ წინა მიეგებნეს დიდითა პატივითა, და დაასუენეს რაჲ დიდებულსა სიონსა, მიერითგან წლითი-წლად აღასრულებს ეკლესიაჲ ჩუენი დღესა გამოჩინებისა მისისასა, ხოლო იგი საფა-რველითა თჳსითა იცავს სამეუფოსა ამას ქალაქსა და ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, და ყოველთა შევედრებულთა მისთა მიჰმადლებს უხვსა საბოძვარსა წყაროჲსაგან ულევისა მადლისა, ამისთჳსცა ერნი საქართველოჲსანი მოჳსწრაფვით სიონად, რაჲთა სიწმიდჱ იგი მჴურვალედ შევიტკბოთ და ჴმა-ვჰყოთ წადიერად:

გიხაროდენ, მადლითა შენითა ივერიისა უპირველესად დამფარველო;
გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილთა მოღუაწეთა მიერ სამწყსოჲსა შენისა კეთილად დამწყსველო;
გიხაროდენ, ხედვითა ბრწყინვალისა ხატოვნებისა შენისაჲთა ჩუენ ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, სატანისა მაჴეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა სპათა განმამტკიცებელო და დამფარველო;
გიხაროდენ, ცოდვათა მიერ დაბრმობილთა თუალთა სულისაჲთა აღმხელელო;
გიხაროდენ, გულითა დაზრქელებულთა სიყუარულად აღმძრველო;
გიხაროდენ, გონებისა ჩუენისა საღმრთოჲთა შიშითა განმსწავლელო;
გიხაროდენ, უგულისჴმოებისა ბნელისა განმდევნელო;
გიხაროდენ, უსასოებისა სიზრქისა განმძარცველო;
გიხაროდენ, უნაყოფოჲსა და ნელტფილისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, ჩუენ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთა ბოროტისა განზრახვისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 11

ესმა რაჲ პატრეარქსა, რამეთუ სიონის კარის ღმრთისმშობელი უშურველად აღმოაცენებს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, და ყოველთა თაყუანისცემელთა მისთა უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებს შეწევნისა შენისა საბოძვართა, ბრძანა ოქროცურვილითა კუართითა შემკობაჲ ხატისაჲ და ყოველთა ქალაქთა და სოფელთა შინა მიმოსლვითა განფენაჲ მადლისაჲ, რაჲთა პირის-პირ ხილვისა მისისა ღირს ქმნილნი და ამბორისმყოფელნი, სიტკბოებითა შენითა მოიღე-ბდეს სულთა და ჴორცთა კურნებასა, და მადლთა შენთა მიერ განმდიდრებულნი, ქებასა ქებათასა მისცემდეს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

შიში და ზარი დაეცა ღმრთისმოყუარესა დედაკაცსა, ოდეს ჩუენებასა შინა იხილა წმიდაჲ ხატი შენი კარისაჲ, მახათისა მთასა ზედა მოტრიალჱ და მკუმოლვარჱ ცეცხლითა და არმურითა, ხოლო შენ ხატითგან ღაღადყავ, ღმრთისმშობელო მარიამ, თუ ვითარ ძილის დაჴსნი-ლებასა მივცემივართ, ოდეს წილხვედრი შენი ცოდვითა და სიბოროტითა დაცემულ არს, ხოლო ღირსებაჲ და დიდებაჲ ერისაჲ დამდაბლებულ არს, და აუწყე მოსაწევნელი იგი მძჳნვარჱ განსაცდელი ნათესავსა ზედა ჩუენსა, გარნა მნებებელმან ჴსნისა ჩუენისა, მოგჳწოდე ყოველთა, რაჲთა სინანულმან ჩუენმან განსაცდელი იგი დაქცევისაჲ დაჴსნას, მსგავსად ნინეველთაჲსა, და ერთობით ვილოცოთ გადარჩენისათჳს საქართველოჲსა, ამისთჳსცა მარადის ღირს ხარ გალობის შეწირვისა:

გიხაროდენ, ხატისა შენისათჳს ახლისა სამკჳდრებელისა განმამზადებელო;
გიხაროდენ, მახათის მთასა ზედა ივერთა მონასტრისა აღგებისა მიმანიშნებელო;
გიხაროდენ, სავანისა ამისა მეოხო და ზედამდგომელო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშჳდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, საუფლოჲსა ერისა მზაკუვარებითა განმხრწნელთა შემრისხველო;
გიხაროდენ, კურთხეულისა ენისა ჩუენისა მბრძოლთა და აღმოფხურად აღძრულთა დამლახვრელო;
გიხაროდენ, ყოველთა ბოროტთა ზნე-ჩუეულებათა და ბიწიერებათა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, ივერიელთა მტერობისთჳს ყოველთა შემაძრწუნებელო და დამამცრობელო;
გიხაროდენ, ძმათ-უყუარულთა და ანგარ-მომხვეჭელთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, სარწმუნოებისა გარდამქცეველთა და სჯულთა უცხოთა მიდევნებულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, სამკჳდროჲსაგან ჩუენისა აღჴოცისა წყურიელთა ზედა უფლის რისხვისა მომწევნელო;
გიხაროდენ, ერისათჳს ჩუენისა ზღუდედ მოცემულო და ბოროტისა მის ანტიქრისტეს ბრძოლისაგან შეუხებელად დამფარველო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 12

მადლისა მოცემისა მნებებელმან, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატნი შენნი, რომლისადა მიახლე-ბულნი თაყუანის-ვსცემთ ანგელოზთაგან პატივცემულსა სახესა შენსა და გევედრებით: ჵ, დედაო ღმრთისაო ივერიის კარისაო: სამთავროჲსაო და ბოდბისაო; ჯიხეთისაო და თეკლათისაო; სიონისაო და ყოველსა ქუეყანასა ზედა განდიდებულო ქალწულო პორტაიტისაო, საფარველითა მით მადლისა შენისაჲთა დაიფარე ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი, და ურთიერთმტე-რობისაგან იჴსენ ერთმორწმუნენი ერნი, ყოვლისა სასოებისა შენზედა დამდებელნი, და ქრისტჱს მაქებელნი: ალილუია.

იკოსი 12

საღმრთოთა გალობათა მიერ, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: ვითარცა მწე და მფარველ ექმენ სავანესა ივერთასა და დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, ეგრეთვე აწ განაბნიე მტერნი ჩუენნი ურიცხვი, რომელთა განიგდეს წილი სამკჳდრებელსა ჩუენსა ზედა და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა ყოველნი ერთობითა ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა და გაქებდეთ შენ, წმიდაო პორტაიტისაო, მსგავსად ძალისა ჩუენისა:

გიხაროდენ, დახატულებაო ტკბილისა მარიამისაო, რამეთუ საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობს ხატი შენი წმიდისა მის მონასტრისაგან ივერთაჲსა ყოველსა ზედა ქუეყანასა;
გიხაროდენ, რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ მოციქულმან ლუკამ გამოგხატა, ვიდრეღა იყავ სოფელსა შინა და ყოველმან ათონმან დაგიუნჯა, ვითარცა ბრწყინვალჱ ლამპარი სასოებისაჲ;
გიხაროდენ, კიბეო ზეცად აღმართებულო, რამეთუ პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი ქუეყანით ზეცად მიგუზიდავს;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდათა პირთა მიერ ხატისათა აღასრულებ სასწაულთა და უხუებითა შეეწევი ურვეულთა და ჭირვეულთა;
გიხაროდენ, მოწყალებისა მდინარეო და სახიერებისა საუნჯეო, რამეთუ განცხადებულად მოგვანიჭე სასწაული ცნობათა უაღრესი;
გიხაროდენ, დიდებაო და სიქადულო ხატთაყუანისმცემელთაო, რამეთუ მინასა ზედა, ძალითა მაღლისაჲთა, თჳნიერ ფერთა უნივთოდ გამოისახა სიონისა კარისა ღმრთისმშობელი;
გიხაროდენ, სირცხჳლეულ-მყოფელო ხატთმებრძოლთაო, რომელნი დაფარულსა შინა ამყოფებენ და შეურაცხ-ჰყოფენ უხრწნელთა და კეთილსახელოვანთა ხატთა და სიწმიდეთა;
გიხაროდენ, შეუორგულებელო თავს-მდებო ჴსნისა ჩუენისაო, რამეთუ წინასწარმეტყუელეს შენთჳს მამათა, ვითარმედ დასასრულსა მას საუკუნეთასა დაუტევებ ივერთა სავანესა;
გიხაროდენ, სამკაულო და დიდებაო წმიდისა ეკლესიისაო, რამეთუ ათონისა დატევებითა მოასწავებ ქრისტეს მეორედ მოსლვასა;
გიხაროდენ, სიმტკიცეო და ძლიერებაო ერისა ჩუენისაო, რამეთუ უკანაჲსკნელად სამკჳდრებელად ივერიის გამორჩევითა ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფ მკჳდრთა მისთა;
გიხაროდენ, უძლეველო ზესთამბრძოლო საქართველოჲსაო, რამეთუ დიდებითა მოევლინები ქუეყანასა ჩუენსა, რაჲთა ნაწილსა შენსა დამკჳდრებულნი ვიდრე აღსასრულადმდე დაიცვა;
გიხაროდენ, ტკბილო და სახიერო ნუგეშო ჩუენო, რამეთუ შენ მიერ საზეპუროჲ ერი ჩუენი მკუდრეთით აღსდგების, და ღირსებაჲ და დიდებაჲ მისი კუალად აღმაღლდების;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

კონდაკი 13

ჵ, ყოვლად უხრწნელო დედოფალო, მარიამ ღმრთისმშობელო, ვითარცა ხარ შენ უსასყიდლოჲ მკურნალი და წყაროჲ კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთვე ხატსა შენსა ივერიის კარისასა, აქუს ძალი და მადლი კურნებისაჲ ძისა მიერ შენისა, ხოლო მხედველნი მადლისანი, რომელი აღმოეცენება წმიდათაგან პირთა მისთა, განვსცხრებით სიხარულითა და გევედრებით: დედათა შორის კურთხეულო, დაგჳფარენ ყოვლისაგან რისხჳსა და მტერისაგან მჴდომისა, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ ჟამსა განსჯისასა, რაჲთა ვიხარებდეთ ერთა თანა ზეცისათა და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

 

იკოსი 1

ანგელოზთა სიმრავლენი ცათა შინა და ივერთა სავანისა მონაზონნი მოუკლებელად უგალობენ ნათელ-ცისკროვანსა ხატსა შენსა, დედაო ნათლისაო, ხოლო ჩუენ ამბორს-უყოფთ კეთილშუენი-ერებითა მიმსგავსებულთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა და გევედრებით, უბიწოო, თქუმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ წილხდომილისა ამის შენისათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იჴსენ ოხითა შენითა, რაჲთა მოვიღოთ კურთხევაჲ და მადლი შენ მიერ და მოგიძღუნათ სამადლობელი ესე ქებისაჲ:
გიხაროდენ, წილხვედრსა შენსა ქუეყანასა ანდრია მოციქულისა წარმომგზავნელო;
გიხაროდენ, შრომითა და მოღუაწებითა მისითა ერისა ჩუენისა მომმუშაკებელო;
გიხაროდენ, ჴელითუქმნელითა ხატითა შენითა იბერიისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, მისლჳთა შენითა ათონისა განმწმედელო და კერპთა ძირითურთ აღმომფხურელო;
გიხაროდენ, მთისა ამისა წილად შენდა აღმრჩეველო და ბერთა სამკჳდრებელად დამდგენელო;
გიხაროდენ, პირველთა ათონელთა მეუდაბნოეთათჳს შემწეობისა აღმთქუმელო და საცთურთაგან დამცველო;
გიხაროდენ, უდაბნოჲსა ამის დედათათჳს მიუვალად დამდებელო;
გიხაროდენ, სულითა წმიდითა განბრძნობილისა ყრმისა მის ქალწულისა, ნინო კაბადოკიელისა მოციქულებრივსა გზასა ზედა მომწოდებელო;
გიხაროდენ, შენ მიერ ბოძებულითა ჯუარითა ვაზისაჲთა მის მიერ მცხეთას ბომონთა დამცემელო;
გიხაროდენ, კერპოვნებითისა წყუდიადითა დაბნელებულთა გულთა ქრისტეს ნათლითა განმა-ნათლებელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ჩუენსა სამოციქულოჲსა ეკლესიისა დამამყარებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს სარწმუნოებისა განსავრცობად ასირიითგან ივერიას ათცამეტთა მამათა წარმომავლინებელო და მათ მიერ მონასტერთა დამაარსებელო;
გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

კონდაკი 1

ზედამდგომელობასა შენსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი თაყუანის-ვჰსცემთ უხრწნელსა ხატსა შენსა, უბიწოო, და ლმობიერად გევედრებით, ნუ განმაგდებ ჩუენ, შემწირველთა უღირსთა გალობათა, არამედ ისმინე მდაბალი ვედრებაჲ ჩუენი და დამიფარენ ხილულთა და უხილავთა მტერთა მრავალ-საფრჴეთაგან, რაჲთა ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით მადიდებელთა შენთა: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ივერიის განბრწყინებისაო!

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლადწმიდაო, ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო, და მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო! მოხედვაჲ ჰყავ ზეცით წყალობით და მოიჴსენე უფლისა მიერ და ძისა შენისა წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ და საზეპუროჲ ერი, ვითარმედ აღთქუმულ გაქუს შენ ჟამსა შეჭირვებისასა დაცვაჲ და დაფარვაჲ ჩუენი.

ჵ, ყოვლად კურთხეულო დედაო და ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო! დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა, და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქუ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისაჲსაю, რამეთუ მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა. გარნა ჩუენ შეძრწუნებულნი ვეძიებთ ღონესა განრინებად ურიცხუთა განსაცდელთაგან და გევედრებით შენ: ქალწულო პორტაიტისაო, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაგჳცევ მზაკუვარებათაგან და საცთურთა მზაკუვარისა ეშმაკისაჲთა, რომელსა ჰნებავს წარწყმედაჲ ჩუენი, რაჲთა არა მოვიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას, არამედ მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ იქმნას და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა, აღრჩეულსა შენ მიერ, ვითარცა საკუთარსა, და აღამაღლებდეს და აღადგენდეს Кღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა ჩუენისასა. განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტჱსმოყუარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; ყოველნი ერნი წილხდომილისა ქუეყანისა შენისანი პატიოსნითა მეოხებითა დაიცვენ. ევედრე ძესა შენსა და უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაჲთა შეგჳნდოს ეკლესიათა მოოხრებანი, სიწმიდეთა შეგინებანი, ხატთა და ჯუართა დამუსრვანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ღალატი, შური, ცრუ-ბეზღობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხუანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, წმიდაო უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო! აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიჴსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაჲსა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასჴმისაგან მტერთაჲსა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგუეც, დედოფალო, მშჳდობაჲ და სიმრთელჱ მონათა ამათ შენთა _ მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲსა, რამეთუ მეუფებაჲ მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ.. აწდა

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი