დაუჯდომელი ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა,
ქართულად წოდებულისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

კონდაკი 1

ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო დედაო ღმრთისაო და დედოფალო ზეცისა და ქუეყანისაო, რომელნი ღირს ვიქმენით ხილვად ბრწყინვალისა ამის ხატისა შენისა, სარწმუნოები-თა გიგალობთ შენ და შეგამკობთ ქებითა საღმრთოჲთა, არამედ ვითარცა უწყი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი და გჳჴსენ ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴისაგან მტერისაჲთა, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

იკოსი 1

მწყობრნი მთავარანგელოზთა და ანგელოზთანი დიდებისგმეტყუელებენ შენ, ქალწულო, ღმრთისა დედაო, და ზეცისა ძალთა კრებულნი დაუდუმებელად გადიდებენ და გიგალობენ შენ, ვითარცა ზეციერისა მჴედრობისა მეუფისა მშობელსა, ხოლო ჩუენ სარწმუნოებითა ამბორს-უყოფთ საკჳრველსა ხატსა შენსა, უბიწოო, და ძალისაებრ ჩუენისა შეგითხზნავთ გალობასა:

გიხაროდენ, წმიდასა შინა წმიდათასა აღზრდილო სძალო მამისაო და სულისა წმიდისა სამკჳდრებელო;
გიხაროდენ, სიტყჳსა ღმრთისა წმიდაო საყოფელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ძლიერო საჭურველო;
გიხაროდენ, დიდებისა ღმრთისა სულიერო ტაძარო;
გიხაროდენ, ქალწულთა წინამძღუარო;
გიხაროდენ, წიაღსა შინა შენსა უკუდავისა ღმრთისა დამტევნელო;
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო დიდებულო, მთასა ზედა დაშენებულო;
გიხაროდენ, კიდობანო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, ქალაქსა სამეუფოსა დასაყდრებულო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელთაგან დედად ღმრთისა წინაჲსწარ ქადაგებულო;
გიხაროდენ, კიბეო, ქუეყანასა ზედა ღმრთისა გარდმომყუანებელო;
გიხაროდენ, ჴიდო, ზესთა სოფლად კაცთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეოხო, უფლისაგან ბოძებულო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 2

ოდეს უთანხმოებამან ქართველთამან კადნიერ-ყო შაჰ-აბაზ, განძჳნებული შემოხდა მამულად ჩუენდა, აღაოხრა კახეთი, და წარტყუენა, დასწვა, და აღივსო ალაფითა, მაშინ წარიტაცეს ხატიცა ერთი უბიწოჲსა დედისაჲ, მარიამ ქალწულისაჲ და წარიხუნეს სპარსეთსა, გარნა მიუმცნეს რაჲ კეთილსახიერებაჲ ხატისაჲ სტეფანეს, ისპაჰანს მყოფსა რუსეთისა მკჳდრსა, ზეგარდამოჲთა შეწევნითა შეისყიდა და მადლი და დიდებაჲ უფალსა შესწირნა: ალილუია.

იკოსი 2

ეჰა, დიდებაჲ საკჳრველებათა შენთა, ღმრთისმშობელო, რამეთუ ძილსა შინა გამოუჩნდი ფრიად მოყუარესა შენსა გიორგის, იაროსლავისა მკჳდრსა და ახარე მნისაგან მისისა ხატისა შენისა მოპოვებაჲ და რქვი: „მნებავს, რაჲთა შენ მიერ დიდებითა წაბრძანდეს ხატი ესე ჩემი ჩერნიგორისა სავანესა“, ხოლო სათნომყოფელსა ღმრთისასა ეწადა რაჲ გამოცხადებისა მის მიუწდომელისა საიდუმლოჲსა შეცნობაჲ, აუწყებდა პატრიარქსა ჩუენებასა ამას, და ჴმითა მადლობისაჲთა გიძღუნიდა ქებასა:

გიხაროდენ, უბიწოჲთა შობითა კაცობრივისა თბისა განმაღმრთობელო;
გიხაროდენ, ჰრულითა მცონარებისაჲთა შეპყრობილთა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, განდიდებითა სასწაულთა შენთაჲთა ერთგულთა გონებისა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, უნაყოფოჲსა და უძრავისა სარწმუნოებისა ჩუენისა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, მადლითა საღმრთოჲთა მორწმუნეთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, კაცთა განხრწნილისა ბუნებისა განმაახლებელო;
გიხაროდენ, სუსტისა და შერყეულისა ნებისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, შეჭირვებულთა სულთა მსწრაფლ განმაცისკრებელო;
გიხაროდენ, ღრმად დაძინებულისა და დადუმებულისა სჳნდისისა ჩუენისა განმაღჳძებელო;
გიხაროდენ, სენთა მრავალფერთა და უძლურებათა განმდევნელო;
გიხაროდენ, მწიკულევანთა და მრავალშეცოდებულთა სულთა განმწმედელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ბოროტისაგან და ყოვლისაგან მანქანებისა საეშმაკოჲსაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 3

რაჟამს ძლევაშემოსილი ხატი შენი კეთილმნებებლობითა შენითა მიბრძანდა არეთა არხანგელსკისათა, მღდელ-მთავარნი და ერნი მღდელთა თანა წინა მიეგებნეს ლიტანიობითა და ეძიებდეს რაჲ შენგან დაცვასა და მოწყალებასა, სარწმუნოებითა თაყუანს-სცემდეს წმიდასა ხატსა შენსა, უბიწოო, და ბრწყინვალისა ჴმითა უმეტესად ადიდებდეს და მადლობდეს ძესა შენსა და მეუფესა ქრისტესა: ალილუია.

იკოსი 3

მსგავსად ღმრთივმავალისა ვარსკულავისა მოევლინა ხატი შენი, ივერიით წარტყვენილი დვინისა სანახებსა, და მიებოძა ჩერნიგორის სავანესა წინდად მოწყალებისა და ცხორებისა, ხოლო კრებულნი მამათანი და სამწყსონი მათნი სასოებითა მტკიცითა მოელოდეს რაჲ საუნჯესა უპატიოსნესსა, სიხარულითა სავსენი შეემთხვივნეს, დედოფალო, და ყოველთა ვნებათა ზესთა ექმნებოდეს თაყუანისცემითა და გალობითა წინაშე ყოვლად ბრწყინვალისა ხატისა შენისაჲთა:

გიხაროდენ, სახელოვანთა წინაპართა ჩუენთა მიერ ნაღვაწითა ხატითა ჩრდილოჲსა ქუეყანისა განმაბრწყინვებელო;
გიხაროდენ, ურიცხვთა და საკჳრველთა სასწაულთა მიერ ჩერნიგორისა სავანისა განმადიდებელო;
გიხაროდენ, ბერ-მონაზონთა ღუაწლთა შინა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ხატისა შენისათჳს ახლისა სამკჳდრებელისა მბოძებელო;
გიხაროდენ, მოყუასისა სიყუარულისა და კეთილზნეობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სულისა ცხონებისა მნებებელთა თანამბრძოლო და მფარველო;
გიხაროდენ, ზოგად-ცხორებულთა მონასტერთა ღმრთეებრივითა საფარველითა დამფარველო;
გიხაროდენ, სიყმილითა შეიწრებულთა საკჳრველებითა დამაპურებელო;
გიხაროდენ, უდაბნოთა, მთათა და სენაკთა შინა დამკჳდრებულთა მცველო მიურულებელო და უძლეველო;
გიხაროდენ, სენაკთა შინა აღვლენილთა ლოცვათა მსწრაფლ-შემსმენელო;
გიხაროდენ, უბიწოთა მოქალაქეთა და სათნოდ ღმრთისა ცხორებულთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, მონაზვნურისა ცხორებისა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 4

ვითარცა ხარ შენ კურნებათა უფსკრული და წყაროჲ კეთილთა დაუსრულებელთა, ეგრეთვე ხატსა შენსა აქუნდა ძალი და მადლი კურნებისაჲ ძისა მიერ შენისა, და რაჟამს აჩუენე მსწრაფლი იგი შეწევნაჲ შენი სავანესა შინა მოღუაწეთა და მუნ ლოცვად მოსწრაფეთა, მიერითგან შეიწყნარა საკჳრველი ხატი შენი, ქართულად წოდებული, რუსეთის წმიდამან ეკლესიამან, და წლითი-წლად აღასრულებდა რაჲ დღესა გამოჩინებისა ხატისა შენისასა, ღმრთისმსახურებითა ჯეროვანითა შესწირავდა უფალსა ჴმასა ამას საღმრთოჲსა ქებისასა: ალილუია.

იკოსი 4

იჭვნეულითა ზრახვებითა აღელდა ბერი პიტირიმი, ოდეს იხილა ნათლისა ბრწყინვალებაჲ, და ჰგონებდა ეშმაკისა საცთურებასა, რამეთუ ყრუჲ იყო და ბრმაჲ იგი, მაშინ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაჲთა დაიბეჭდა თავი თჳსი, და მეყუსეულად იხილა რაჲ საკჳრველთმოქმედი ხატი შენი, ღმრთისმშობელო, მსწრაფლ გულისჴმაყო, ვითარმედ აღეხილნეს თუალნი და განეხუნეს ყურნი მისნი, და ძრწოლით თაყუანის-გცა და აღმოსთქუა:

გიხაროდენ, პირველ-მშობელთა წყევისა და ცოდვათა ჴელით-წერილისა აღმჴოცველო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა მშჳდობითა და სიყუარულითა აღმავსებელო;
გიხაროდენ, დედობრივისა სიტკბოებისა მარადის აღმომადინებელო;
გიხაროდენ, წადიერებითა მვედრებელთა შენთათჳს დაუწყვედელთა კურნებათა აღმომაცენებელო;
გიხაროდენ, მკურნალთაგან მიტოვებულთა სნეულთა სარეცელთაგან აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ყოველთა განწირულთა სასოო და დაცემულთა აღმმართებელო;
გიხაროდენ, სინანულისა ძლით შეცოდებულთა ლოცვად აღმძრველო;
გიხაროდენ, ცუდთა ლტოლვათა აღვირ-აღმსხმელო;
გიხაროდენ, ბოროტთა და მავნებელთა ჩუეულებათა აღმკვეთელო;
გიხაროდენ, კეთილთა ზრახვათა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, ნათესავსაცა ამას ქართველთასა აღმატებულითა სიხარულითა ამამაღლებელო
გიხაროდენ, მწუხარებისა სიხარულად გარდამქცეველო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 5

ესმა რაჲ კეთილმორწმუნესა ჴელმწიფესა სრულიად რუსეთისასა, რამეთუ საკჳრველთმოქმედი ხატი შენი აღმოაცენებდა კურნებასა პირად-პირადსა, ბრძანა შემოტარებად ქალაქითი ქალაქად და სოფლითი სოფლად, რაჲთა სარწმუნოებითა მვედრებელნი მოისთულებდეს კურნებასა სულთა და ჴორცთა მათთასა, და სიყუარულითა ადიდებდეს შენგან შობილსა ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 5

რაჟამს მოსკოვ-ქალაქსა შინა მძჳნვარებდა შავი ჭირი და სავნებელი, საკჳრველთმოქმედი ხატი შენი, ღმრთისმშობელო, დაასუენეს ტაძარსა შინა სამ-გუამოვანისა სამებისასა და განერა ქალაქი იგი შენ მიერ, ჭირთა და ურვათაგან, მაშინ ხატმწერთა კრემლისაჲთა გარდამოიხატეს პირი ხატისა შენისაჲ და განამრავლეს ნიჭნი მადლისანი, ხოლო შენ სასწაულთა მისგანაც აღმოადინებდი და უზესთაეს მზისა გამოუბრწყინებდი შეწევნისა შენისა საბოძვართა, მისდამი მიახლებულთა და სურვილით მგალობელთა:

გიხაროდენ, ჴურვებათაგან დაკვეთებულთა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, ნებისმყოფელთა შენთათჳს ქრისტეს სასუფეველისა კარისა განმღებელო;
გიხაროდენ, ეკლესიის მადლისაგან მოკლებულთა განმაცხოველებელო;
გიხაროდენ, არაწმიდა სულთაგან ვნებულთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, უმეცრებისა ნისლითა დაფარულთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ეშმაკთა გუნდისა დამცემელო და სრულიად განმაქარვებელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან განმარინებელო;
გიხაროდენ, საფრჴეთა მტერისაჲთა განმაქიქებელო;
გიხაროდენ, დედობრივითა მეოხებითა მრავალთა წარწყმედისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, გამოუცდელთა და უჰასაკოთა ჭაბუკთა ვნებულთა გულისთქუმათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამცველო;
გიხაროდენ, კეთილთა სათნოებათა დამნერგველო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 6

მაშინ განბრწყინდა დიდებაჲ ღმრთისაჲ ხატისაგან შენისა, უბიწოო, რამეთუ ჭირთა და განსაცდელთა მიერ შეიწრებულნი მისდა მიივლტოდენ მჴურვალედ შეწევნისა შენისა სასოებითა, და მადლთა და ნიშთა შენთა სიმრავლისა და წყალობისა შენისა სიმაღლისა მაქებელნი, დიდებასა შესწირვიდენ ძისა მიმართ შენისა: ალილუია.

იკოსი 6

იხილე რაჲ ვეცხლის-მჭედელი გაბრიელი, რამეთუ არა დასცხრებოდა ვედრებად წინაშე ხატისა შენისა, შეიწყალე სარეცელსა ზედა მდებარე სნეული ძჱ მისი და მეყსეულად განჰკურნე გუემულებისაგან, მაშინ თაყუანის-გცეს, კურთხეულო დედაო და ქალწულო, გარემოჲს ხატისა შენისა მდგომარეთა, რომელთა თანა ჩუენცა სარწმუნოებითა შეერთებულნი გიღაღადებთ, ვითარცა მსწრაფლ-შემწესა ჩუენსა და ჴელისაღმპყრობელსა:

გიხაროდენ, სიყუარულითა და სურჳლით შენდამი შემოწირულისა ლოცვისა მოწყალებითა მიმღებელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა კაცთა სარწმუნოებად მიმყუანებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა შურისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ყოველთა პატიოსანთა მეუღლეთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, გლახაკთა შესავედრებელო და მწყალობელო;
გიხაროდენ, ღმრთის-მბრძოლობისა წყუდიადისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, შენდამი შევედრებულთა საპყრობილეთა და საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, ზღუათა ღელვათაგან უვნებელად განმარინებელო;
გიხაროდენ, სასტიკად მოწყლულთა განმკურვნელო;
გიხაროდენ, შჳლთა ზედა დამწუხარებულთა დედათა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ყრმათა ყოვლისა სიბილწისა და მანკიერებისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, მათთჳს ყოვლისა კეთილსა და ღმრთივ-სათნოჲსა შემმოსველო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 7

წმიდისა ხატისა შენისა სურვილითა აღეტყინა ეპისკოპოსი იგი ყაზანისაჲ და ბრძანა რაჲ გამოსახვაჲ პირისა მისისაჲ, დიდითა პატივითა მიაბრძანა რაჲფისა მონასტერსა, მით აკურთხა უდაბნოსა შინა ახლად-აგებული საყოფელი იგი ბერთაჲ, და დაუცხრომელად ითხოვდა შენგან, ღმრთისმშობელო, რაჲთა მიმადლო სავანესა მას მშჳდობაჲ, სამწყსოთა მისთა წყალობაჲ და განწმედაჲ ღმრთისა მიმართ მჴურვალედ მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 7

ვითარცა ძუელადვე ივერიითგან რუსეთს მიწევნული საკჳრველთმოქმედი ხატი შენი იქმოდა სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეცა სხუანიცა იგი პირნი ხატისანი მდიდრად აღმოა-დინებდენ კურნებათა ყოვლად საკჳრველთა და აღუსრულებდენ კეთილთა თხოვათა, ხოლო მხედველნი მადლისანი, რომელი აღმოეცენებოდა წმიდათაგან ხატთა შენთა, შეგასხავდენ ქებასა:

გიხაროდენ, წყაროო, ყოველთათჳს სიცოცხლისა წყლისა გამომადინებელო;
გიხაროდენ, საღმრთოჲსა სიყუარულისა გამომავლინებელო;
გიხაროდენ, მჭმუნვარეთა და ჭირვეულთა განმამხიარულებელო;
გიხაროდენ, ცოდვისა და უმეცრებისა წყუდიადისა განმაბრწყინებელო;
გიხაროდენ, ბიწიერებითა ცოდვისაჲთა შეპყრობილთა განმბანველო;
გიხაროდენ, მვედრებელთა მიმართ წყალობით მიდრეკილო და მოსავთა შენთა განმამჴნევებელო;
გიხაროდენ, განწირულთა სიკუდილისაგან გამომჴსნელო;
გიხაროდენ, ჭირთა მძჳნვარეთა მსწრაფლ განმდევნელო;
გიხაროდენ, ვნებათა ალმურისა და ბოროტთა სნეულებათა განმჴდელო;
გიხაროდენ, ქალწულთა უბიწოთა მცველო უძილო და მფარველო;
გიხაროდენ, ბოროტისა უკრძალველობისაგან დამჴსნელო;
გიხაროდენ, სულთა განმხრწნელთა დამამჴობელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 8

რაჟამს ესმა ქართველთა, რამეთუ მრჩობლნი საკჳრველებანი საკჳრველებათა ზედა აღესრულებოდა ხატისაგან ქართულისა, ერთბამად აღივსნეს შურითა საღმრთოჲთა და კურთხევითა პატიოსანთა მღდელთაჲთა გამოწერნეს პირნი მამულისა ხატისანი, რაჲთა იყუნეს შემწე და ჴელისაღმპყრობელი ყოველთა ჭირთა შინა მყოფთა, და მკჳდრთა ქუეყანისა ჩუენისათა ისწაონ ჟამსა განსაცდელისასა შევრდომად მისდა, და გალობად მხოლოდშობილისა ძისა შენისა: ალილუია.

იკოსი 8

ვითარ მიუბოძე წმიდაჲ ხატი შენი რუსეთისა ეკლესიასა, ბრწყინვალე სამკაულად და მოსაჴსენებელად სიწმიდისა შენისა, ეგრეთვე აწ შეამკევ წმიდაჲ და სამოციქულოჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და დედობრივისა შენისა გულმოწყალებისა ესევითარნი კურთხევანი და მადლნი მოანიჭე ახლად გამოხატულთა ხატთა შენთა, რომელ ყოველი მისდა შევედრებული აღმოივსებდეს საღმრთოთა ნაკადთა აღმომდინარეთა უშურველად, და მიიღებდეს სარწმუნოებითა თხოვასა, რომელიცა პატივს-სცემს ხატსა შენსა სანთლისა დანთებითა და შესწირავს შენდა სამადლობელსა შესხმასა:

გიხაროდენ, ხედვითა წმიდისა ხატისა შენისაჲთა ჩუენ ყოველთა დამატკბობელო;
გიხაროდენ, გულსა შინა ჩუენსა სასოებისა და საღმრთოჲსა სიყუარულისა დამნერგველო;
გიხაროდენ, მოწყურებულთა სულთა უხრწნელებისა და სიხარულისა წყაროჲთა დამაურწყებელო;
გიხაროდენ, აღჳრ-უსხმელთა და ნაყროვანთა დამაოკებელო;
გიხაროდენ, საფრჴეთაგან ეშმაკისაჲთა, საცთურისაგან სოფლისა და მძლავრებისაგან ჴორცთაჲსა დამჴსნელო;
გიხაროდენ, აგარის შჳლთა განძჳნებულთაგან დამცველო;
გიხაროდენ, ქრისტეს მოსახელეთა მჴედრობათა მფარველო;
გიხაროდენ, რწმენისა და მამულისთჳს დამაშვრალთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა რქისა შემმუსრველო და უკეთურთა და უდებთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, ერთმორწმუნეთა შორის შუღლისა და მტერობისა სიყუარულითა და მშჳდობითა შემცვალებელო;
გიხაროდენ, კეთილსა საქმეთა შედგომილთა შემყუარებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა და სივერაგისა შემმუსრველო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 9

ვითარ იჴსენ, უბიწოო, ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა ხატსა შენსა შევედრებული სამწყსოჲ ეგე რუსეთისაჲ, ეგრეთვე აწ მთავართა და განმგეთა მათთა შთაუნერგე გულსა შინა თჳსთა სიყუარული წილად ხდომილისა ერისა შენისაჲ, რაჲთა, რომელნიცა ძემან შენმან და ღმერთმან ჩუენმან ჴორცითა და სისხლითა თჳსითა მოგჳყიდნა, სიყუარულითა და მშჳდობით ვცხონდებოდეთ, და სამწმიდაარსობისა გალობითა სამებასა წმიდასა ვადიდებდეთ: ალილუია.

იკოსი 9

ვითარცა იქადის რუსთა ქუეყანაჲ, ხატისა შენისა მწიაღებელი, ეგრეთვე აწ იხარებს ერი ჩუენი, მსგავსებისა მისისა მიმღებელი, რამეთუ კურნებასა და მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა უშურველად აღმოაცენებს ახლად-დაწერილი ხატი შენი, ვითარცა წყაროჲ დაუწყუედელი, და აჰა, ღირსად და ჭეშმარიტად გნატრით შენ, ქალწულო, ღმრთისა დედაო, მართლმადიდებლობითა თაყუანისმცემელნი და სურვილით ესრეთ მგალობელნი:

გიხაროდენ, კარო ზეცისაო და ბჭეო ცხორებისაო;
გიხაროდენ, აჰრონისა კუერთხო წმიდაო, იესეს ძირისაო;
გიხაროდენ, უხილავო მფარველო სიწმიდისა და უმანკოებისაო;
გიხაროდენ, წყაროო წყალობისაო და ზღუაო კაცთმოყუარეობისაო;
გიხაროდენ, მარწუხო, საუფლოჲსა მის ნაკვერცხალისაო;
გიხაროდენ, ტაკუკო ოქროსაო, მტჳრთველო საღმრთოჲსა მანანაჲსაო;
გიხაროდენ, ფეშხუმო, მტჳრთველო ტარიგისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, საუნჯეო პატიოსანო, უსასყიდლოჲსა მის მარგარიტისაო;
გიხაროდენ, ვარსკულავო ელვარეო, მომფენელო დღისა დაუღამებელისაო;
გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, გამომაბრწყინვებელო მზისა სიმართლისაო;
გიხაროდენ, მხოლოო დედაო მეუფისა სიცოცხლისაო და სიკუდილისა დამთრგუნველისაო;
გიხაროდენ, შემამკობელო კაცთა ბუნებისაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 10

აჰა, მწუხარეთა ნათელი და სნეულთა მკურნალი მოგვემადლა ჩუენ და ხატი ესე ცხოველსმყოფელი წილხდომილთა შენთა უფროჲს მზის ნათლისა გამოგჳბრწყინდა, რომლისა პირის-პირ ხილვისა ღირს ქმნილნი, თუალთა სულისათა ფრთოვან-ვჰყოფთ, გონებასა ჩუენსა პირმშოჲსა მის სახისა შენისა აღვამაღლებთ, და პატივს-ვსცემთ მსგავსებასა შენსა და ხატსა, ღმრთისმშობელო, და უფალსა ერთ-ჴმობით უღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 10

ვითარცა ძუელ-ოდესმე ბრწყინვალედ იხარებდა ერი ჩუენი და პატივს-სცემდა ხატსა შენსა, ეგრეთვე აწ ამბორს-უყოფთ, უბიწოო, მადლისა და წყალობისა ჩუენდამო მწყალობელსა, და მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ, და განვთავისუფლდებით სულიერთა და ჴორციელთა უძლურებათაგან, რამეთუ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და წყალობათა მომნიჭებელი მგალობელთათჳს შენთა:

გიხაროდენ, უწმიდესო ქერუბიმთა და სერაბიმთაო და უაღრესო ყოველთა დაბადებულთაო;
გიხაროდენ, კრეტსაბმელო, შორის ღმრთისა და კაცთაო;
გიხაროდენ, პორფირო, მფარველო მორწმუნეთაო და მწყალობელო მოწესეთაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და სასოებაო კეთილმოშიშთა მღდელთაო;
გიხაროდენ, ტკბილო განსასვენებელო დამაშვრალთა და ტჳრთმძიმეთაო;
გიხაროდენ, სასოო განწირულთაო და ნავთსაყუდელო მყუდროო წუთისოფლისაგან ღელვა გვემულთაო;
გიხაროდენ, შჳლიერ-მყოფელო ბერწთა და უშჳლოთაო;
გიხაროდენ, უხილავად აღმზრდელო ობოლთაო და გამომზრდელო ქვრივთაო;
გიხაროდენ, კეთილშემამკობელო და შემწეო სათნოთა სასძლოთაო;
გიხაროდენ, შემწყნარებელო ცოდვით მოწყლულთაო და ბჭეო ცხოვნებულთაო;
გიხაროდენ, გჳრგჳნო შარავანდედოვანო კეთილმსახურთა მეფეთაო;
გიხაროდენ, სკიპტრაო მართლმადიდებელთა ჴელმწიფეთაო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 11

ყოველსა ქუეყანასა ჰბრწყინავს ნათელი წმიდათა და პატიოსანთა ხატთა შენთა, ქართულად წოდებულთა, რამეთუ პატივი და დიდებაჲ ხატისაჲ, სიტყჳსა მისებრ წმიდისა ბასილისა, პირმშოჲსა მის სახისა მიმართ აღიწევის, არამედ აწ მიითუალე ქებაჲ ჩუენი, რომელნი ესე პატივს-ვსცემთ ყოვლად წმიდისა პირისა შენისა დიდებულსა დახატულებასა შენსა, ღმრთისმშობელო, და დაგჳფარე ქრისტჱს მადიდებელი ერი: ალილუია.

იკოსი 11

აჰა, აწ შევკრბეთ ყოველნი მორწმუნენი, მხოლოჲსა მის წმიდისა და უბიწოჲსა ღმრთისმშობლად აღმსარებელნი, და წინა მივეგებნეთ კურთხეულსა გამოხატულებასა წმიდისა მარიამისასა, და ამბორს-უყოფდეთ ძრწოლითა ბაგითა და თუალითა, რაჲთა აღმოვივსოთ უფსკრულისა მისგან, მადლთა და ნიჭთა უხუად კურნებაჲ, და ვითარცა ჰშუენის დედასა ღმრთისასა და მორწმუნეთა დედოფალსა, ძალისაებრ ჩუენისა შევსწიროთ გალობაჲ:

გიხაროდენ, ცხორების წინამძღუარო, კურთხევისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ბუნებითა მრავალმოწყალისა ღმრთისა ჩუენზედა მოწყალე-მყოფელო;
გიხაროდენ, ქუეყანასა ზედა განბნეულთა ქართველთათჳს ნუგეშისა და ჴსნისა მიმმადლებელო;
გიხაროდენ, წმიდათა ხატთა თაყუანისცემისა მასწავლელო;
გიხაროდენ, წინაპართა ღუაწლის გამგრძელებელთა მაკურთხეველო;
გიხაროდენ, ნაანგარევთა შემკრებთა და ვერცხლისმოყუარებასა დამონებულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ჭეშმარიტებისა და სიმართლისა მოძულეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, კაცთა მამულად სამსახურებელად და წესიერებად მომყვანებელო;
გიხაროდენ, ურწმუნოთა და განრყვნილთა კაცთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, მჴეცთაებრ განცოფებულთა კაცთა მომამდოვრებელო;
გიხაროდენ, ჩუენ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთა განზრახვისა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, საქართველოს ჴელმყოფელთა შემაძრწუნებელო და დამამდაბლებელო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 12

რომელმან აღგჳთქუ ჩუენ თანა ყოფაჲ უკუნისამდე, აღასრულე, ვითარცა ღმრთისა დედამან კეთილმოწყალემან, და ნუ გვარცხვენ ჩუენ, მსგავსად საქმეთა ჩუენთა, არამედ გჳჴსენ ყოველთა ურვათა და ჟამსა შინა განსჯისასა განგუარინენ საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა, რაჲთა შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა იერუსალჱმსა და ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ცხოველსმყოფელისა სამებისა: ალილუია.

იკოსი 12

კურთხეულო დედათა შორის მარიამ, დაგვიფარე საფარველითა მით მადლისა შენისაჲთა დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი და შენსა ნაწილსა დამკჳდრებულნი, რაჲთა არა ჰსთქუან წარმართთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ, და განსდევნენ ჩუენგან მტერნი იგი ჭეშმარიტებისანი და შჳლნი იგი წარწყმედისანი, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა, და გჳჴსენ, უხრწნელო, ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა, სურვილით მგალობელნი:

გიხაროდენ, შუენიერებაო იაკობისაო, რომელი შეგიყუარა ღმერთმან;
გიხაროდენ, სძალო, გამოუცდელო ქორწილისაო, რომელმან ძჱ ღმრთისაჲ გამოუთქუმელად მუცლად იღე;
გიხაროდენ, წინაჲსწარ მოსწავებულო დედაო დამბადებელისაო და დედოფალო დაბადებულთაო, რომელმან ყოველთა ცხორებაჲ და მლხინებელი სძითა გამოზარდე;
გიხაროდენ, მხოლოო დედაო ჯოჯოხეთისა შემმუსრველისაო, რომელმანცა ქუეყანისანი ზეცისა უსხეულოთა შეაერთენ;
გიხაროდენ, მარჯუენით მეუფისა მდგომარეო, რამეთუ ზღუდე ხარ და სიწმიდე აღუწერელი;
გიხაროდენ, ასულო დავით მეფისა, წინასწარმეტყუელისაო, რამეთუ გნატრიდენ შენ ზეცისანი და ქუეყნისანი;
გიხაროდენ, ქუეყანაო წმიდაო, რომელმან გამოიღე დაუთესველად იფქლი, საღმრთოჲ გამომზრდელი ჩუენი;
გიხაროდენ, მაყუალო სულიერო, რომელი არა შეგწვა ცეცხლმან ღმრთეებრივმან;
გიხაროდენ, მთაო წმიდაო და პოხილო, რომლისაგან გამოეკვეთა ლოდი თჳნიერ ჴელისა;
გიხაროდენ, ვარდო ღმრთივშუენიერო, რამეთუ ქალწულებისა სულნელებითა სულნელ-ჰყუენ ცისკიდენი და აღავსენ ნათლითა;
გიხაროდენ, მადლთა და ნიჭთა საღმრთოთა საუნჯეო, რამეთუ შენდა მომართ მოლტოლვილ ვართ, ვითარცა დღეკეთილობათა შინა, ეგრეცა იწროებათა შინა ცხორებისათა;
გიხაროდენ, ძლევაშემოსილო მსწრაფლ-შემსმენელო ჩუენო, რამეთუ შენ მიერ ვსძლევთ მტერსა და ვცხონდებით ოხითა შენითა;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

კონდაკი 13

ჵ, დიდებულო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, ჭირთა და ურვათა და განსაცდელთაგან შეიწრებული შენდა მოჳვლტით და მჴურვალედ გევედრებით, შეიწყნარენ, ვითარცა ტკბილ ხარ, უნდოჲ ესე გალობაჲ, რომელთაცა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა, და გჳთხოვე შენგან შობილისაგან მადლი, კურთხევაჲ და წყალობაჲ, რაჲთა შევიდეთ სიხარულსა საღმრთოსა და დიდებასა წმიდათასა, ღმრთისა მიმართ დაუცხრომელად მგალობელნი: ალილუია.

ეს კონდაკი 3-გზის, შემდეგ

 

კონდაკი 1

ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულო დედაო ღმრთისაო და დედოფალო ზეცისა და ქუეყანისაო, რომელნი ღირს ვიქმენით ხილვად ბრწყინვალისა ამის ხატისა შენისა, სარწმუნოები-თა გიგალობთ შენ და შეგამკობთ ქებითა საღმრთოჲთა, არამედ ვითარცა უწყი უძლურებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ, შეიწირე ვედრებაჲ ჩუენი და გჳჴსენ ყოვლისაგან ჭირისა და საფრჴისაგან მტერისაჲთა, რაჲთა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

იკოსი 1

მწყობრნი მთავარანგელოზთა და ანგელოზთანი დიდებისგმეტყუელებენ შენ, ქალწულო, ღმრთისა დედაო, და ზეცისა ძალთა კრებულნი დაუდუმებელად გადიდებენ და გიგალობენ შენ, ვითარცა ზეციერისა მჴედრობისა მეუფისა მშობელსა, ხოლო ჩუენ სარწმუნოებითა ამბორს-უყოფთ საკჳრველსა ხატსა შენსა, უბიწოო, და ძალისაებრ ჩუენისა შეგითხზნავთ გალობასა:

გიხაროდენ, წმიდასა შინა წმიდათასა აღზრდილო სძალო მამისაო და სულისა წმიდისა სამკჳდრებელო;
გიხაროდენ, სიტყჳსა ღმრთისა წმიდაო საყოფელო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელთა ძლიერო საჭურველო;
გიხაროდენ, დიდებისა ღმრთისა სულიერო ტაძარო;
გიხაროდენ, ქალწულთა წინამძღუარო;
გიხაროდენ, წიაღსა შინა შენსა უკუდავისა ღმრთისა დამტევნელო;
გიხაროდენ, ქალაქო ღმრთისაო დიდებულო, მთასა ზედა დაშენებულო;
გიხაროდენ, კიდობანო ძუელისა და ახლისა სჯულისაო, ქალაქსა სამეუფოსა დასაყდრებულო;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელთაგან დედად ღმრთისა წინაჲსწარ ქადაგებულო;
გიხაროდენ, კიბეო, ქუეყანასა ზედა ღმრთისა გარდმომყუანებელო;
გიხაროდენ, ჴიდო, ზესთა სოფლად კაცთა ამამაღლებელო;
გიხაროდენ, ქრისტეანეთა მეოხო, უფლისაგან ბოძებულო;
გიხაროდენ, სძალო უსძლოო.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, ქალწულო ღმრთისმშობელო, რომელმან შევ ღმერთი ჴორცითა, სარწმუნოებითა მლოცველთა თხოვაჲ ყოველი აღგვისრულე, ეკლესიაჲ განაბრწყინვე, მღდელობაჲ სიწმიდითა განაშუენე, მეფობაჲ კეთილმსახურებითა აღამაღლე, მთავრობაჲ ღმრთისმოყუარებითა განანათლე, მხედრობაჲ ახოვნებითა განაძლიერე, მწუხარეთა ტანჯვაჲ აღუსუბუქე, უძლურთა სიმრთელჱ მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაჲ მიანიჭე, სნეულებანი თუალთანი განჰკურნენ, ყრუთა სმენაჲ აღუდგინე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმიდენ, ყრმანი შეიწყალენ, უნაყოფოთა შჳლიერებაჲ აღუდგინე, ტყუენი საპყრობილეთა და საკრველთაგან გამოიჴსენ, და ყოველნი შენდა მომართ მსასოებელნი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგჳფარენ, რამეთუ შენ გაქუს მეოხებაჲ ქრისტჱს ღმრთისა მიმართ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა ქრისტეანეთათჳს.

ჵ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შენსა დედობრივსა მადლსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა და დაიფარე ქუეყანაჲ ივერიისაჲ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა, ხოლო მკჳდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაჲ წინაპართა ჩუენთაჲ და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოჲსა ამის მოყუარესა, განდგომილსა ქრისტჱსგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. მოწყალებითა შენითა წარგჳმართე დღენი ცხორებისა ჩუენისანი სათნოებითა და კუალად განგვიახლე მჴურვალე სიყუარული სარწმუნოებისაჲ, კეთილმსახურისა მეფისაჲ და ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაჲ და დავითისა თესლითგან აღამაღლე რქაჲ ცხებულებისაჲ. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩვენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყვარჱ მხედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩვენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური, და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჵ, ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დედობრივი, ევედრე სახიერებითა შუენიერსა და კაცთმოყუარებითა ყოვლად ტკბილსა ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა სარწმუნოებასა შინა განვმტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებელად ვიდოდეთ და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა, და სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თჳსთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო,

შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი