დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა,
ხატისათვის - ყაზანისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეიმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

ტროპარი, ხმა 4

მეოხო მხურვალეო, დედაო ღმრთისა მაღლისაო, რომელი ევედრები ყოველთათვის ძესა შენსა, ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა და აღმოუცენებ ცხოვნებასა ყოველთა, რომელნი მოილტვიან ძლიერისა საფარველისა შენისა მომართ. მეოხ გვეყავ ჩუენ ყოველთა, ჰოჲ დედოფალო ღმრთისმშობელო, რამეთუ ყოველთა ზედამოსვლითა და სნეულებათა და მწუხარებათა შინა, დამძიმებულნი მრავლითა ცოდვითა, სულითა ლმობიერითა და გულითა შემუსვრილითა ცრემლით წარდგომილ ვართ წინაშე წმიდისა ხატისა შენისა და სასოებაჲ უძლეველი გვაქუს შენდა მომართ; გვიხსნენ ჩუენ ყოველთა ბოროტთაგან და სარგებელი მოგვმადლე ყოველთა და გვაცხოვნენ ყოველნი, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ხარ შენ ღმერთეებრივი საფარველი მონათა შენთათვის.

 

კონდაკი 1

ყოველთა ტომთაგან გამორჩეულო, შუამდგომელო ქრისტიანეთა ერისაო, მადლისა შენისა საფარველითა დაიფარე მართლმადიდებელი მამული ჩუენი, გალობასა სამადლობელსა მოგიძღუანებთ შენ, ღმრთისმშობელო, გამოჩინებისათვის სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისა. მეოხ გვეყავ ჩუენ ყოველთა, შენდა მომართ მოლტოლვილთა - ვითარცა ყოვლად მოწყალე და შემწე ყოველსა ჟამსა მწუხარებათა და ჭირთა, განსაცდელთა და ზედამოსლვათა, რაჲთა ვხმობდეთ შენდა:
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

იკოსი 1

ანგელოსი წინამდგომი წარმოიგზავნა ხმობად ღმრთისმშობელისა მომართ: გიხაროდენ, რამეთუ სიტყვა ღმრთისა განხორციელდა წიაღსა მისსა და ჩუენ ცოდვილნი, განმადიდებელნი გამოჩინებისა წმიდისა ხატისა მისისა და ღმრთეებრივისა ყრმისა მაცხოვარისა ქრისტესი, ლმობიერად ვგალობთ ღმრთისმშობელისა მომართ:

გიხაროდენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო;
გიხაროდენ, ღმრთისა დედაო;
გიხაროდენ, დედოფალო ზეცისა და ქუეყნისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო სამკაულო ზეციურისა და ქუეყნიერისა ეკლესიისაო;
გიხაროდენ, ანგელოსთაგან პატივდებულო;
გიხაროდენ, სერაფიმთაგან საგალობელო;
გიხაროდენ, წინასწარმეტყველებისა აღსასრულო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, საქებელო მოციქულთაო;
გიხაროდენ, მოწამეთაგან აღსარებულო;
გიხაროდენ, გვირგვინო ღირსთაო;
გიხაროდენ, მხიარულებაო მართალთაო;
გიხაროდენ, სასოო ცოდვილთაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 2

მხედველმან მაღლით ზეციურისა სამყოფელისა შენითგან, ყოვლადუხრწნელო, სადაცა დიდებითა განისვენებ ძისა შენისა თანა, მწუხარებისამან მონათა შენთა ახლადნათელღებულსა ქალაქსა შინა, რამეთუ მრისხანებისათვის ღმრთისა შეურაცხყოფილ არს სარწმუნოება იგი ქრისტესი მიერ აგარიანთა, კეთილად ინება გამოჩინებაჲ სასწაულთა მიერ განდიდებულისა ხატისა შენისა და ქრისტესმოყვარე ერი განმტკიცებული მადლისა შენისა ნიშებითა სამართლად უგალობს ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 2

შემწყნარებელი სამგზის გამოცხადებისა ღმრთისმშობელისასა ყრმაჲ იგი ბრძენი, მეძიებელი მივიდოდა ხელისუფალთა მიმართ და აუწყებდა მათ საკვირველსა გამოცხადებასა და საშინელსა საბრხესა და ჩუენცა განკვირვებულნი მაღლით განბრძნობითა, რომელი მიემადლა ყრმასა მას, ღმრთისმოსაობითა ვხმობთ უფროსადკურთხეულისა მომართ:

გიხაროდენ, ბაგითა წმიდითა აღმასრულებელო ღმრთისა ქებისაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მადლისა მართალთათვის განმაცხადებელო საიდუმლოთაო;
გიხაროდენ, გულსმოდგინეო საქებელო მართალთაო;
გიხაროდენ, ელვაო განმკუეთელო ურწმუნოთაო;
გიხაროდენ, შენთა მართალთათვის გონებისა განმანათლებელო სასწაულთა დიდებულებითაო;
გიხაროდენ, მამხილებელო აგარიანთა ბოროტისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, დამამხობელო ამპარტავნებისა მათისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო ქრისტიანთა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, წმიდათა ხატთა მაკურთხეველო თაყვანისცემისაო;
გიხაროდენ, სიხარულად გარდამაქცეველო მწუხარებათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, განმამხიარულებელო ჩუენო უეჭველითა სასოებითაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 3

მადლითა ძალისა მაღლისათა, ღმრთისმშობელო, შენ მიერ განიბრძნო და განმტკიცდა ყრმაჲ იგი მოძიებად ღმრთისმიერისა საბოძვარისა და კადნიერითა სარწმუნოებითა შეუდგა იგი უფალსა და ქუეყანისა ქუეშე მომპოვნებელმან დამარხულისა საუნჯისამან, ხატისა მის ღმრთისმშობელისა, უგალობა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

კეთილისა განზრახვისა მქონებელმან ახლადნათელღებულისა ყაზანისა ქალაქისა ერისა მომართ, ყოვლადწმიდისა ხატისა მიერ სასწაულთა წყარონი აღმოაცენენ ღმრთისმშობელო, ხორციელითა თუალითა დაბრმობილთა თუალთა აღხილვაჲ მიჰმადლენ და სულიერად ბრმობილნი ღმრთისშემეცნებისა ნათლითა და ღმრთისმოსაობითა განანათლენ. კურთხევითა ხატისა შენისაჲთა ყუდროჲ ნავთასყუდელი მიჰმადლე უმანკოთა, რისთვისცა გიხმობთ ესრეთ:

გიხაროდენ, წმიდისა ხატისა შენისა გამოჩინებითა განმაქარვებელო ჭირთა მწარეთაო;
გიხაროდენ, სხივთა მიერ სასწაულთასა განმაბრწყინვებელო ყოველთაო;
გიხაროდენ, აღხილვაო ბრმათაო;
გიხაროდენ, განათლებაო გონებათა დაბნელებულთაო;
გიხაროდენ, მართლამადიდებლობისა დიდებაო;
გიხაროდენ, ყუდროო ნავთსაყუდელო ცხოვნებისა მნებებელთაო;
გიხაროდენ, დედაო უმანკოებისაო;
გიხაროდენ, ზღუდეო და საფარველო ქალწულებისაო;
გიხაროდენ, რამეთუ მის მიერ ხარობს სიმრავლეჲ მართალთა;
გიხაროდენ, რამეთუ მას ზედა ჰგოდებენ მწყობრი დემონთანი;
გიხაროდენ, შემწეო სასურველო ყოველთა ქრისტიანეთაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 4

აღძრვისა და ამბოხებისა ქარიშხლისა დაშრეტასა, მამულსა შინა ცუენსა მტერისა მიერ აღძრულისა, ლამობდა ნეტარი ერმოგენი, დედოფალო, აღმწერელი ხატისა შენისა მიერ ქმნულთა სასწაულთა, ცრემლით ლოცულობდა წინაშე მისსა და იხილა, ვითარმედ მართლმადიდებელსა მხედრობასა მიემადლა ხატი შენი ფარად და ნიშად განმარჯვებისა და სარწმუნოებითა განმტკიცებული ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა თვისისა უგალობდა ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რა მართლმადიდებელსა მხედრობასა ღირსისა სერგის მიერ გამოცხადებული საიდუმლოჲ მღვდელმთავრისა არსენისა მიმართ, ვიტარმედ შუამდგომლობითა ღმრთისმშობელისათა მამულსა ჩუენსა ზედა მოწევნული სასჯელი მოწყალებად გარდააქცია, ხატი იგი ღმრთისმშობელისა, ვიტარცა ნიში განმარჯვებისა, მიიღეს და წარსტაცეს დედაჲ ქალაქთა ამათ ჩუენთა ხელთაგან მტერისათა და უგალობდენ ქრისტიანთა მეოხსა:

გიხაროდენ, დედაო ღმრთისა მაღლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ევედრები ყოველთათვის ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა;
გიხაროდენ, რამეთუ აღმოუცენებ ცხოვნებასა ყოველსა, ყოვლისამპყრობელისა ხატისა შენისა მომართ მოლტოლვილსა;
გიხაროდენ, მეოხო ყოველთა მწუხარებასა და სნეულებასა შინა მყოფთაო;
გიხაროდენ, ყოველთათვის, შემუსვრილითა გულითა მვედრებელთა წინაშე წმიდისა ხატისა შენისა მომნიჭებელო კეთილთაო;
გიხაროდენ, ბოროტისაგან დამხსნელო ყოველთა, შენდა მომართ შეუორგულებელისა სასოებისა მქონებელთაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო ყუდროო და სახიერო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემწეო;
გიხაროდენ, მხურვალეო და განმზადებულო ნავთსაყუდელო ცხოვნებისაო;
გიხაროდენ, უხუებით აღმომაცენებელო მოწყალებისაო;
გიხაროდენ, შეწევნად წინაგანმზადებულო;
გიხაროდენ, დამხსნელო ჭირთაგან ყოველთაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 5

ხატი შენი - ვარსკვლავი ღმრთივმავალი გამოსჩნდა, ღმრთისმშობელო, მამულისა ჩუენისა მომართ და შენთა სასწაულთა სხივთა მიერ განანათლე ყოველნი დანთქმულნი ზღვასა შინა ვნებათასა, ბნელი შეჭირვებისა და წყვდიადი ყოველთა უძლურებათა და მწუხარებათა განდევნა და ცხოვრებისა გზაჲ წარუმართა სარწმუნოებით მოლტოლვილთა შენდა და მგალობელთა ღმრთისა მომართ: ალილუია.

იკოსი 5

იხილა რა მეფემან პეტრე, ვითარმედ მადლითა ღმრთისაჲთა წმიდისაგან ხატისა ღმრთისმშობელისათა სასწაულნი მრავალნი აღესრულებიან, მხედრობისა თვისისა წინამძღვრად და ფარად და საფარველად დღესა საშინელისა მის ბრძოლისასა დაადგინა იგი, სრულად სძლო მტერსა შეწევნითა ღმრთისმშობელისათა და ჟამსა მას ახლისა სამეფოსა აღშენებისასა ლოდად თავკიდურად დასდევდა ხატი შენი სასწაულთმოქმედი, ვითარცა კურთხევაჲ, ვითარცა ფარი და ზღუდეჲ დაადგინა შორის ქალაქსა მას, რისთვისცა გიგალობთ ყოვლადწმიდისა:

გიხაროდენ, სავანეო და სამყოფელო ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, სამკვიდრებელო გამოუთქმელისა დიდებისა მისისაო;
გიხაროდენ, განსულიერებულო ქალაქო, სამეუფოო;
გიხაროდენ, პალატო ყოვლადშემკობილო;
გიხაროდენ, სიხარულო ქალაქთა და სოფელთაო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა ქრისტიანთა მცუელო და გარემომზღუდველო უძლეველო;
გიხაროდენ, მართლმადიდებელისა ეკლესიისა საქებელო;
გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყნისა განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ქრისტიანთა მხედრობისა შემწეო;
გიხაროდენ, მტერთა განმდევნელო;
გიხაროდენ, ჭირთაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, ყოველთა მომხილველო დედობრივითა უხუებითა შენითაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 6

წარდგომილნი წინაშე წმიდისა ხატისა შენისა მღვდელთმთავართა წოდებანი და ყოველნი ერნი, მონაზონნი და ერისაგანნი ქადაგებენ, დედოფალო ღმრთისმშობელო, დიდთა წყალობათა შენთა, რამეთუ ქალაქნი გარემოზღუდენ, სავანენი დაიფარენ და სოფელნი დაიცევ და ყოველნი, რომელნი ჭეშმარიტად ძლიერ და უძლეველ შემწედ გხედვედ შენ, ლოცვათა თვისთა ცრემლით შესწირვენ შენდა, აწცა განპყარ ღმრთისმტვირთველნი ხელნი შენნი ძისა შენისა მიმართ ერისა ამის შენისათვის და გვიხსენ ჩუენ მის მიერ ყოველთა ჭირთა და ზედამოსლვტაგან, რაჲთა მადლობით უგალობთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

ჭეშმარიტისა ნათლისა გამომაბრწყინვებელი და ოდესმე აგარიანთა სიცრუისა განმდევნელი ქუეყანისაგან მის ყაზანისა და ჟამსა ამას შინა სასწაულთა და მოწყალებათა ნათელთა მიერ განმანათლებელი ყოველთა ქალაქთა, სარწმუნოებითა მწუხარებათაგან ხსნასა, უძლურებათაგან განკურნებასა და ყოვლითა სიხარულითა აღვსებასა მიემთხვევიან მოლტოლვილნი მაკურნებელისა ხატისა შენისა მომართ ყოველნი, მხურვალედ მგალობელნი შენდა:

გიხაროდენ, დაუშრეტელო წყაროო სიწმინდისაო;
გიხაროდენ, მდინარეო მრავალღმომდინარეო საღმრთოჲსა მადლისაო;
გიხაროდენ, უფალთან შემარიგებელო, ცოდვილთაო;
გიხაროდენ, განმწმენდელო ცოდუათა ჩუენთაო;
გიხაროდენ, წინამძღვარო ღმრთისმოსაობისაო;
გიხაროდენ, შემწეო და განმამტკიცებელო საქმეთა შინა კეთილთაო;
გიხაროდენ, შემწყნარებელო კეთილთა აღნათქუამთაო;
გიხაროდენ, წარმმართებელო ზრახვათა სახიერთაო;
გიხაროდენ, დამთრგუნველო საწყისთა ბოროტთაო;
გიხაროდენ, განმაქარვებელო მტრისა სასჯელისაო;
გიხაროდენ, მსწრაფლშემწეო კაცთაო;
გიხაროდენ, მომმადლებელო ჩუენდა წყალობათა მათ მრჩობლთაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 7

მართლმადიდებელმან ერმან, მნებებელმან რაჲთა აუარებდენ მოწყალებასა უფროსადკურთხეულისა დედოფლისა ცისა და ქუეყნისასა და ძალისაებრ მათისა მადლობასა შესწირვიდნენ ხსნისათვის ზედამოსლვათაგან უცხოტომელთასა, ტაძარი საკვირველი ყოვლადსასწაულთმოქმედისა ხატისა პატივად აღშენებული განმარჯუებისათვის მიუძღუანეს და მომხსენებელი მოწყალებათა ღმრთისმშობელისათა, რომელმან იხსნა ქალაქი ესე და მამული მათი, მარადის ბაგითა უგალობენ უფალსა მმადლობელნი ყოველნი: ალილუია.

იკოსი 7

დედასა ქალაქსა რუსეთისასა, ღმრთისმშობელო, სახიერი ოდიგატრია, ჭეშმარიტად გამოუჩნდი, ვიტარცა ოდესმე ცარგრადსა: მოილტვის შენდა ერი, რომელი დასაბამად ყოვლისა საქმისა და მოგზაურობისა შეწევნასა გევედრები და მოგიძღუანებს გალობასა სამადლობელსა წინაშე ყოვლადწმიდისა ხატისა შენისა, დახსნისათვის ყოველთა მწუხარებათა და ზედამოსლვათაგან და შენ, ვითარცა შემწესა და მეოხსა მტკიცესა გხედვენ. რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, მფარველო ერისაო;
გიხაროდენ, მას შინა დამნერგველო და განმამტკიცებელო მართლმადიდებლობისაო;
გიხაროდენ, მახვილო შეუმუსვრელო მხედრობისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, საჭურველო მოუწყვლელო;
გიხაროდენ, მამხილებელო მტრისა საშჯელისაო;
გიხაროდენ, რამეთუ მსგავსად დედაზრდლისა დაარღვიენ იგინი;
გიხაროდენ, მამხილებელო უწმინდურებისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო ამბოხისაო;
გიხაროდენ, ცთომილებათაგან მომაქცეველო ყრმათაო;
გიხაროდენ, ნუგეშო მონაზონთაო;
გიხაროდენ, დამამდაბლებელო სწავლებათა სულთა მავნებელთაო;
გიხაროდენ, სულთა მარგებელთა სწავლებათა მომმადლებელო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 8

უცნაურ არს და საეჭველ ურწმუნოთათვის სმენად, თუ ვითარ ხატისაგან შენისა აღმოეცენებიან წყარონი მადლისანი და კეთისულნელებასა გამოიღებს სიმყრალეჲ პირუტყუთა. ხოლო ჩუენ, მორწმუნენიმ ვსასოებთ სიტყუათა შენთა, რომელნი ბრძანენ, დედოფალო, პირველდაწერილისა ხატისა შენისა მომართ: „შენტან არს მადლი და ძალა ჩემი“, რამეთუ ამას ხატსაცა ზედა მადლი შენი დავანებულ არს მარადის, რისთვისცა ღმრთისმოსაობითა წარდგომილნი წინაშე მისსა, თაყვანის ვსცემთ მას, შეუვრდებით მას, ვითარცა თვით შენ, რამეთუ პატივი პირველსახისა გარდამოევლინების ხატთა ზედა და მადლიცა შენი ხატისა ამის მიერ იქმს ნიშთა და სასწაულთა ყოველთა მომართ, რომელნი სარწმუნოებით მოლტოლვილნი უგალობენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

მწუხარებათა შინა მყოფთა ზეცად აღმოუწოდებ ყოველთა და ქუეყნიერთაცა არასადა დაუტევებ, ღმრთისმშობელო, წმიდითა შუამდგომლობითა შენითა - დედობრივისა კადნიერებისა მქონებელი ქრისტეს ღმრთისა მომართ ჩუენისა. მშვიდობითა განამტკიცე ცხოვრებაჲ მართლმადიდებელთა და მონათა შენთა სარგებელი ყოველი მოჰმადლენ მარადის, რათა გალობით გადიდებდეთ შენ:

გიხაროდენ, დამტევნელო დაუტევნელისაო;
გიხაროდენ, კურთხეულო ძალითა მაღლისათაო;
გიხაროდენ, აღმომაცენებელო პურისა ზეციურისაო;
გიხაროდენ, სულთამომსვრელისა სიყმილისაგან დამხსნელო ყოვლისა სოფლისაო;
გიხაროდენ, მარადის შუამდგომელო ერისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, რამეთუ მრავლისშემძლებელ არს ლოცვა შენი წინაშე ძისა და ღმრთისა შენისა;
გიხაროდენ, რომელმან შვილად გვყვნენ ჩუენ წინაშე ჯვრისა ძისა შენისა;
გიხაროდენ, რომელი დედობრივსა სიყუარულსა გარდამოგვივლენ მარადის;
გიხაროდენ, მეოხო საუკუნეთა კეთილთაო;
გიხაროდენ, ცხოვრებასაცა ჟამიერსა ამას შინა მომმადლებელო კეთილთაო;
გიხაროდენ, საცნაურო ნავთსაყუდელო ჩუენო, მწუხარებასა შინა ყოველსაო;
გიხაროდენ, უეჭველო სასოებაო ყოველთა ჭირვეულტაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 9

ყოველთა ანგელოსთა ბუნებისა უზესთაეს გამოსჩნდი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რამეთუ ღმერთი მუცლად იღე ხორცითა, დაუტევნელი ყოველთაგან დაიტიე წიაღსა შენსა, იტვირთე მკლავითა შენითა - ნებთა თვისთა ზედა მტვირთველი ყოვლისა სოფლისა, რისთვისცა ვითარცა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა გადიდებთ და შენდამი უგალობთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 9

რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვხედავთ შენდამი, ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან ენანი ყოველნი ჯერისაებრ ქებად შენდა და მიუწვდომელ არს ცნობისათვის გალობად შენდა, ღმრთისმშობელო; არამედ ვითარცა სახიერ ხარ, შეიწირე ჩუენმიერი გალობაჲ, ხმითა ანგელოსთასა:

გიხაროდენ, მიმადლებულო;
გიხაროდენ, რამეთუ უფალი შენთან არს;
გიხაროდენ, კურთხეულო შორის დედათაო;
გიხაროდენ, ღმრთისა მიერ შემმოსველო მადლისაო;
გიხაროდენ, ხორციელად მომავლინებელო მაცხოვარისა სოფლისაო;
გიხაროდენ, დედაო ძისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, მშობელო საუკუნოჲსა მეუფისაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ჩუენდა ცხოვრებისა ნაყოფისაო;
გიხაროდენ, განწმენდილო სულისა მიერ წმიდისაო;
გიხაროდენ, კურთხეულო სულისა მიერ წმიდისაო;
გიხაროდენ, სარწმუნო მონაო უფლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შობით შენითგან;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 10

ცხოვნებისა მნებებელმან მრავალთა ბოროტთა მწუხარებათა და სნეულებათა შინა მყოფთათვის, ხატი შენი საკვირველთმოქმედი მოგვანიჭე, ღმრთისმშობელო, რომლისა მიერ ბრმანი ხედვენ, მკელობელნი ვლენან, განრღვეულნი აღედგინებიან, ეშმაკეულნი წყლულთაგან დაიხსნებიან, ქალაქნი და სახლნი ყოველნი განერებიან ცეცხლსა, რისთვისცა განმადიდებელნი ღმრთისანი, რომელმან ესევითარი წყალობანნი მოგუანიჭა ჩუენ, გულისმოდგინებითა ვხმობთ მისდა მომართ: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდე ხარ, ღმრთისმშობელო, ერისა ჩუენისა, მცუელი და განმადიდებელი ქალაქთა, მტერთა ზედა მართლმადიდებელისა მხედრობისა განმამტკიცებელი, რისთვისცა მადლობით გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, განმამდიდებელო მადიდებელთა შენთაო;
გიხაროდენ, მომსვრელო არაპატივისმცემელთა შენთაო;
გიხაროდენ, დამზაფვრელო მტერისაო;
გიხაროდენ, დამხსნელო ზედამოსლვათაგან უცხოტომელთაო;
გიხაროდენ, სიმტკიცეო მხედრობათაო;
გიხაროდენ, ზარადო დეა ზღუდეო ჟამსა მას ბრძოლისასა;
გიხაროდენ, მართალთა გულებისა განმამხიარულებელო ჟამსა მას მშვიდობისასა;
გიხაროდენ, საჭურველო, რომლისა მიერ ძრწიან დემონნი;
გიხაროდენ, ზეთო მაცხოვნებელო, ცხებულო წყლულთა ზედა ცოდვისათა;
გიხაროდენ, მეოხო ჩუენო მხურვალეო;
გიხაროდენ, სასოებაო ჩუენო უეჭუელო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო ჩუენო, მყუდროო და სახიერო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 11

გალობასა საქებელსა და სამადლობელსა შესწირვენ შენდა, დედოფალო, ყოველნი შევრდომილნი ხატსა შენსა და მისდა მომართ პატივითა თაყვანისმცემელნი ქალწულთა დასნი, ქუეშე ყოვლისამპყრობელისა საფარველისა შენისა, მყუდროსა და მშვიდობითსა მონაზვნურსა ცხოვრებასა მიემთხვევიან და ყოვლითა სასოებითა შენდა მონდობილნი სიხარულითა უგალობენ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 11

ვითარცა ლამპარსა ნათლისამტვირთველსა ვჭვრეტთ ხატსა შენსა პატიოსანსა, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: რამეთუ მადლისა შენისა ცეცხლი უნივთოჲ მიუღებიეს მას და მსგავსად ამისა ლამპართაცა ახალთა კუალად აღანთებს მზიარებელთათვის ძალისა მადლისათა და სასწაულითა განანათლებს ყოვლითა, რომელნი შედგომილ არიან გზასა მას ცხოვნებისასა და გიგალობენ ესრეთ:

გიხაროდენ, სძალო უსძლოო;
გიხაროდენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ქალწულო დედაო;
გიხაროდენ, სახიერო წინამძღვარო უხრწნელისა ქალწულებისაო;
გიხაროდენ, დამცუელო მოშურნეთა სიწმინდისაო;
გიხაროდენ, საქებელო დედათაო;
გიხაროდენ, დიდებაო ქალწულთაო;
გიხაროდენ, მეოხო ქვრივთაო;
გიხაროდენ, აღმხვილველო ობოლთაო;
გიხაროდენ, გამომზრდელო ღატაკთაო;
გიხაროდენ, შემმოსველო შიშველთაო;
გიხაროდენ, ნუგეშისმცემელო ჭირვეულთაო;
გიხაროდენ, განმამხიარულებელო მწუხარეთაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 12

მადლისა მომღებელმან ყოველტა მათ ზედა, რომელთა ენებათ სიყვარულით პატივისცემაჲ შენი, ღმრთისმშობელო, ძალი მაღლისა მიჰმადლე შენ წმიდათა ხატთა შენთა მიერ, რამეთუ საღმრთოჲ მადლი, რომელი დავანებულ არს ხატთა მათ ზედა, სასწაულთა და ნიშთა აღმოუცენებს ყოველთა, რომელნი სარწმუნოებით მოილტვიან შენდა მარადის და სულიერთა და ხორციელთა უძლურებათა კურნებასა მიანიჭებს უფლისა მიმართ შენითა ღმრთივდედობრივითა დაუცადებელითა ლოცვითა მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 12

მგალობელნი სასწაულთა მათ შენთანი, რომელნი ჰქმენ უწინდელსაცა და ამას ჟამსაცა, გაქებთ შენ, ვითარცა ცხოველისმყოფელსა წყაროსა მადლისასა, ვითარცა სასწაულთა დაუშრეტელსა მდინარესა, ვითარცა მოწყალებისა და უხუებისა უფსკრულსა და ყოველსა ღმრთისამიერსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა ამასცა და მომავალსა მას ცხოვრებასა შინა და განმადიდებელნი გიგალობთ შენ:

გიხაროდენ, ქრისტიანთა ურცხვენელო სასოებაო;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო, მხსნელო მართალთაო;
გიხაროდენ, სასოო უსასოთაო;
გიხაროდენ, ცხოვნებაო სასოწარკვეთილთაო;
გიხაროდენ, საბანელო, განმბანელო სვინდისისაო;
გიხაროდენ, ცვარო, განმაცხოველებელო სულთაო;
გიხაროდენ, მსწრაფლკურნებაო სნეულებათაო;
გიხაროდენ, მსწრაფლდამხსნელო ჭირთაგან ყოველთაო;
გიხაროდენ, ნუგეშისმცემელო ყოველთა მწუხარეთაო;
გიხაროდენ, აღმომწოდებელო სიღრმეთაგან დანთქმისათაო;
გიხაროდენ, ნუგეშისმცემელო დღესა მას სიკუდილისაო;
გიხაროდენ, მხოლოო სასოო შემდგომად სიკუდილისაცაო;
გიხაროდენ, მეოხო მხურვალეო ქრისტიანისა ერისაო.

 

კონდაკი 13

ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედაო, მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყუისაო, შეიწირე კნინი ესე ვედრებაჲ ჩუენი და დიდითა წყალობითა შენითა და უხუებითა უფსკრულთა შენთა მიერ ნუ მოიხსენებ სიმრავლესა ცოდვათა შუენთასა, არამედ კეთილად აღგვისრულენ ვედრებანი ჩუენნი, მოგვანიჭე ჩუენ სიმრთელეჲ ხორცთა და ცხოვნებაჲ სულთა, გვიხსენ ჩუენ ჭირთაგან და მწუხარებათა ყოველთა და ზეციურისა სავანისა მემკვიდრედ გამოგვაჩინენ ყოველნი სამართლად მგალობელნი ღმრთისა მომართ: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-გზის და შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოჲ ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყვარულითა შევრდომილნი წმიდასა ამას ხატსა შენსა, გევედრებით შენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ყოველთაგან, რომელნი მოილტვიან შენდა, ევედრე, გულმოწყალეო დედაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესო ქრისტესა, რაჲთა მშვიდობით დაიცვას მამული ესე ჩუენი, შეურყეველად დაიმარხოს წმიდაჲ ეკლესიაჲ თვის ყოვლისაგან ერესისა, ურწმუნოებისა და განწუალებისაგან. არა გვივის ჩუენ სხუაჲ შემწე, არა გვივის სხუაჲ სასო თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო; შენ ხარ შემწე და მეოხი ყოვლადძლიერი ქრისტიანთათვის, იხსენ ყოველნი, სარწმუნოებით მლოცველნი შენდა მომართ ცოდვით დაცემისაგან, ცილისწამებისაგან ბოროტთა კაცთა, განსაცდელთა ყოველთა, მწუხარებათა, ჭირთა და მოულოდებელისა სიკვდილისაგან, მოგვმადლენ ჩუენ სული შემუსვრილი, გული დამდაბლებული, ზრახვათა სიწმიდეჲ, ცოდვილისა ცხოვრებისა განმრთელებაჲ და დატევებაჲ ცოდვითა, რაჲთა ყოველნი ღმრთისმოსაობითა მგალობელნი დიდებასა შენსა ღირს ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველისა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ყოვლადპატიოსანსა და ყოვლადდიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამინ.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართველოს მნათობისა დედოფლისა ქეთევანისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.