წმიდა ნეტარი დედის ქსენია პეტერბურგელის დაუჯდომელი

კონდაკი 1

რჩეულო სათნომყოფელო ღმრთისაო და ქრისტესათვის სულელო, წმიდაო ნეტარო დედაო ქსენია, მოთმინებისა ღვაწლის თავსმდებელო და ბოროტად ვნებულო, შენი წმიდა ხსოვნის პატივისმცემელნი, შენდამი ქებისა გალობასა შევსწირავთ, დაგვიფარე შენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შენდამი მღაღადებელნი: გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

იკოსი 1

ანგელოზთა სწორსა ცხოვრებასა მიემთხვიე, ნეტარო დედაო, შემდგომად მიცვალებისა მეუღლისა შენისა, უარჰყავ რა შვენიერებაი ამა სოფლისა და ყოველივე, რაიცა არს მას შინა: თვალმანკიერებაი, ხორციელი სურვილები და ამპარტავნებაი ამსოფლიური; ქრისტესათვის სულელმა, გონებაი ქრისტესი შეიმოსე. ამისათვისცა, შეისმინე ჩვენგან ქებაი, შენდამი აღვლენილი:

გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა ანდრიას, ქრისტესათვის სულელისა, თანასწორო;
გიხაროდენ, სახელისა შენისა უარისმყოფელო და თავისა თვისისა მკვდრად სახელმდებელო;
გიხაროდენ, სალოსობითა ანდრიას, მეუღლისა შენისა, სახელის მიმღებელო;
გიხაროდენ, მამაკაცის სახელისა მიღებითა, დედათა უძლურებისა დამტევებელო;
გიხაროდენ მთელი შენი ქონების კეთილ ადამიანთა და გლახაკთათვის განმყოფელო;
გიხაროდენ, ქრისტესათვის, ნებსითა სიგლახაკისა მიმღებელო;
გიხაროდენ, სალოსობითა შენითა, საუკუნისა ამის ამაოდბრძნობის უარყოფისა მასწავლელო;
გიხაროდენ, ლოცვათა შინა შენდამი მოლტოლვილთა კეთილად ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 2

მხედველნი უცნაურისა ცხოვრებისა შენისა, სახლისა შენისა და მთელი ამსოფლიური სიმდიდრის მომძულებელსა, ნათესავნი ხორციელნი შეშლილად გრაცხდნენ. ერი კი, ქალაქისა პეტრესი, სიმდაბლისა შენისა არამომხვეჭელობისა და ნებსითი სიგლახაკისა მხედველი, უგალობღა უფალს: ალილუია.

იკოსი 2

გონებაი შენთვის ღმრთისა მიერ ბოძებული, ნეტარო ქსენია, დაჰფარე მოჩვენებითი შეშლილობითა შენითა; დიდი ქალაქის ამაო ფუსფუსში მეუდაბნოესავით მცხოვრები, ლოცვათა შენთა მოუკლებელად ღმრთისადმი აღავლენდი. ჩვენ კი, განკვირვებულნი ეგევითარითა ცხოვრებითა შენითა, ქებით ვხმობთ შენდამი:

გიხაროდენ, სალოსობის მძიმე ჯვრის, ღმრთისაგან შენთვის ბოძებულის, საკუთარ მხრებზე მტვირთველო;
გიხაროდენ, მოჩვენებითი შეშლილობითა მადლისმიერი ბრწყინვალების დამფარველო;
გიხაროდენ, წინასწარხედვის ნიჭისა უკიდურესი სიმდაბლითა და ლოცვითი ღვაწლით მომხვეჭელო;
გიხაროდენ, ნიჭისა ამის დამაშვრალთა სარგებლისა და ხსნისათვის გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, ადამიანურ სატანჯველთა წინასწარხედვის ნიჭითა თვალთშეუდგამ შორეთში განმჭვრეტელო;
გიხაროდენ, კეთილმსახური დედისთვის ძისა შობისა მწინასწარმეტყველებელო;
გიხაროდენ, დედისა მისთვის ღმრთისაგან ჩვილის გამომთხოველო;
გიხაროდენ, ყოველთათვის ღმრთისადმი ლოცვით მიახლების მასწავლელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 3

ზეგარდამო ღმრთისაგან ბოძებულითა ძალითა, სიცხესა და სასტიკ ყინვას მამაცურად დაითმენდი, ჯვარმცმელი ხორცისა ვნებებითა და სურვილებითურთ. ეგრეთვე, სულითა წმიდითა განათლებული, მოუკლებლად ხმობდი ღმრთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 3

მქონებელმან, ჰოი ნეტარო, ზეცისა საფარველად, ხოლო მიწისა საწოლად, სასაუფევლისათვის ღმრთისა, ხორცთა მსახურებაი დაუტევე. ჩვენ კი მხედველნი ეგევითარისა ცხოვრებისა შენისა, ლმობიერი გულით გიღაღაღებთ შენ:

გიხაროდენ, საკუთარი მიწიერი საცხოვრისის კაცთათვის მიმცემელო;
გიხაროდენ, ზეციური თავშესაფრის მეძიებელო და მიმღებელო;
გიხაროდენ, მიწიერისა არასმქონეო, არამედ ყოველთა სულიერად განმამდიდრებელო; 
გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა მოთმინებისა ჩვენთვის მასწავლელო;
გიხაროდენ, სიყვარულისა ღმრთისა კაცთათვის გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურების ნაყოფითა შემკობილო;
გიხაროდენ, მოთმინებისა და ურისხველობის სოფლისთვის განმცხადებელო;
გიხაროდენ, უზენაესის საყდართან მხურვალედ წარმდგომელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 4

ამაოებისა ქარიშხალი, პეტრეს ქალაქსა შინა მძვინვარე, სიმდაბლითა და ურისხველობითა შენითა დასძლიე, ხრწნადი სოფლისადმი უვნებობისა მომხვეჭელმან, ნეტარო დედაო, ამისათვისცა უგალობდი უფალს: ალილუია.

იკოსი 4

ესმა რა შენზე, ვითარ ქრისტესათვის ბოროტად ვნებული მწუხარეთა ანუგეშებ, უძლურთა განამტკიცებ, გზააბნეულთ მართალ გზაზე აყენებ, ერი დამაშვრალი  მოლტოლვილი შეწევნისა შენისადმი, შენდამი გალობასა აღავლენდა:

გიხაროდენ, ქრისტეს გზის მთელი გულით შემყვარებელო;
გიხაროდენ, ქრისტეს ჯვრის სიხარულით აღმღებელო;
გიხაროდენ, სოფლის, ხორცისა და ეშმაკისაგან ყოველგვარ შეურაცხებათა დამთმენელო;
გიხაროდენ, ღვთისა მიერ ბოძებულ ნიჭთაგან აღვსებულო;
გიხაროდენ, მოყვასისადმი სიყვარულის გამომაჩინებელო;
გიხაროდენადაშვრალთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, თვალცრემლიანთა ცრემლის შემაშრობელო;
გიხაროდენ, სულიწმინდის მადლით სასწაულუბრივად განმთბარო;
გიხაროდენ, ნეტარო დედა ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 5

ღვთისა მწთოლვარე ვარსკვლავად გამოსჩნდა სიწმინდე შენი, ნეტარო ქსენია, პეტრეს ქალაქის ცისკიდურის განმცისკროვნებელი. ნუუკვე ერსა, ცოდვათა უგუნურებასა შინა დაღუპვისაკენ მავალსა, უჩვენე გზაი ხსნისა, ყოველთა სინანულად მომწოდებელმან, მღაღადებელმან ღვთისა მიმართ: ალილუია.

იკოსი 5

მხედველი ღვაწლისა შენისა, ლოცვითა სიცივისა და სიცხის დამთმენელისა, კეთილმსახური ერი, შენთა ტანჯვათა აღმსუბუქების მცდელი, შესამოსელსა და ჭამადსა მოგაწვდიდა. შენ კი, ღვაწლსა შინა შენსა დარჩენისა მსურველი, ყოველივეს გლახაკთა განუყოფდი. ჩვენ კი, ნებსითი სიგლახაკისა შენისა განკვირვებით მხედველნი, გიღაღადებთ შენ ეგევითარო:

გიხაროდენ, სიცივისა და სიცხის ქრისტესათვის ნებსით დამთმენელო;
გიხაროდენ, მოუკლებელ ლოცვაში მყოფო;
გიხაროდენ, საფრთხეთაგან პეტრეს ქალაქის მთელი ღამე სიფხიზლით დამცველო;
გიხაროდენ, ღვთის რისხგის მისგან მრავალჯერ ამარიდებელო;
გიხაროდენ, წლის ყოველ დღეს ღამღამობით მინდორში მლოცველო;
გიხაროდენ, სამოთხისა სიტკბოების სულიერ სიგლახაკეში დამგემოვნებელო;
გიხაროდენ, სიტკბოებისა ამისათვის ყოველივე მიწიერის დამტევებელო;
გიხაროდენ, რამეთუ ერთიანად ღმერთში განისვენებ;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 6

შენისა ცხოვრებისა სიწმინდესა ჰქდაგებენ, ღვთივნეტარო, ყოველნი, შენ მიერ მრავალგვარ სნეულებათა, უბედობათა და მწუხარებათაგან ხსნილნი, მდიდარნი და გლახაკნი, მოხუცებულნი და ყრმანი, ამისათვისა ჩვენცა, მადიდებელნი შენნი უღაღაღებთ უფალს: ალილუია.

იკოსი 6

აღმობრწყინდა ღვაწლთა შენთა დიდებაი ნეტარო დედაო, ოდეს სმოლენსკის ტაძრის მაშენებელთა შრომის აღმამსუბუქებელი, დაფარულად ქვათა მიუზიდავდი. ჩვენცა ცოდვილნი, ამისა მხედველნი, გიღაღადებთ შენ ეგევითარო:

გიხაროდენ, დაფარულად კეთილისა ქმნის მასწავლელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურების ღვაწლისადმი ყოველთა მომწოდებელო;
გიხაროდენ, ღმრთის ტაძართმაშენებელთა შემწეო;
გიხაროდენ, ეკლესიის სიწმინდისა შემყვარებელო;
გიხაროდენ, ხსნისაკენ მიმავალ გზაზე ჩვენთა შრომათა აღმამსუბუქებულო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოვილთა უეცარო შემწეო;
გიხაროდენ, ყოველთა მწუხარეთა კეთილად ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, პეტრეს ქალაქის ზეციურო ქომაგო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 7

მსურველმა, მეუღლის დამმარხველი, მგლოვიარე ექიმის მწუხარების დაცხრობისა, ქალიშვილსა მას ოხტაზე გაქცევა, იქ ქმრის შეძენა და ნუგეშინისცემა უბრძანე. და აღსრულდა რა, ვითარცა შენ წინასწარ უთხრობდი, სიხარულით შეჰღაღადეს უფალს: ალილუია.

იკოსი 7

ახალი სასწაული უჩვენე ლოცვითა შენითა, ნეტარო დედაო, ოდეს კეთალმსახურ დედასა უთხრობდი: „აიღე ხუთიანი, ჩაქრება“. ამითა სახლისა მისისა ხანძარს ჰწინასწარმეტყველებდი და ლოცვითა შენითა ცეცხლისა ალი დაშრიტე. ჩვენ კი ამისა მხედველნი, ქებისა გალობასა აღვავლენთ:

გიხაროდენ, ხალხის მწუხარებისა დამაცხრობელო;
გიხაროდენ, მაშვრალთათვის ღმრთისა წინაშე კადნიერების გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სანთელო ჩაუქრობელო, ღმრთისადმი ლოცვებში სიკაშკაშით მნთებარევ;
გიხაროდენ, ჭირთა და უბედობათა შინა ჩვენო შუამდგომელო;
გიხაროდენ ვნებებით შეპყრობილთა დაღუპვისაგან მხსნელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურ ქალიშვილთა უმართებულო ქორწინებისგან განმარინებელო;
გიხაროდენ, ცილისწამებით გულმოკლულთა უსასობისაგან დამხსნელო;
გიხაროდენ, უსამართლო სასამართლოსგან უეცარო დამცველო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 8

უსახლკარო მწირის ცხოვრებით განვლე გზაი ცხოვრებისაი, უდიდესი მოთმინებით ჭირთა და შეურაცხებათა დამთმენელმან. ახლა კი ზეციურ იერუსალიმში მყოფი, სიხარულით უღაღადებ უფალს: ალილუია.

იკოსი 8

ყოველთათვის ყოველივე იყავ ნეტარო ქსენია: მგლოვარეთა ნუგეში, უძლურთა მფარველი და დამცველი, მწუხარეთა სიხარული, გლახაკთა შესამოსელი, სნულთა მკურნალი. ამისთვისცა გიღაღადებთ შენ:

გიხაროდენ, რომელი მაღალთა შინა განისვენებ;
გიხაროდენ, მას შინა, ჩვენ ცოდვილთათვის მლოცველო;
გიხროდენ, ღმრთისადმი კეთილმსახურების მაგალითის მიმცემელო;
გიხაროდენ, ჩაგრულთა და დევნილთა მფარველო;
გიხაროდენ, ლოცვითა შენითა მართლმადიებელი ერის ქომაგო;
გიხაროდენ, შეურაცხყოფილთა და მლოცველთა მცველო;
გიხაროდენ, შეურაცხმყოფელთა ცნობად მომყვანებელო;
გიხროდენ, უმართლოთა და ცუდმედიდთა შემარცხვენელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 9

ყოველგვარი უძლურებანი დაითმინე, ნეტარო დედაო: ხორციელი სიგლახაკე, შიმშილი და წყურვილი, ეგრეცა შეურაცხებანი უსჯულო კაცთაგან, რამეთუ შეშლილად გრაცხდნენ. შენ კი, უფლისადმი მვედრებელმა, შეჰღაღადე მას: ალილუია.

იკოსი 9

ენამჭევრნი მრავლისმეტყველნი ვერ შემძლებელ არიან გულისხმისყოფად, თუ ვითარ სისულელითა შენითა სისულელეი ამა სოფლისა ამხილე, ხილო უძლურებითა შენითა ძლიერნი და ბრძენნი არცხვინე, ღმრთაებრივი ძალისა და ღმრთაებრივი სიბრძნის ვერ მცნებელნი შენში. ჩვენ კი, შეწევნისა შენისა მიმღებელნი, გიგალობთ შენ ეგევითარო:

გიხაროდენ, სულისა წმიდისა ჭურჭელო;
გიხაროდენ, პავლე მოციქულისა თანა, უძლურებითა შენითა დამქადნებელო;
გიხაროდენ, მოჩვენებითი სისულელითა შენითა სოფლისა მამხილებელო;
გიხაროდენ, საუნჯისა ამის შუენიერებისა, სულის ხსნისათვის უარისმყოფელო;
გიხაროდენ, ზეციურ სიკეთეთა მთელი გულით შემყვარებელო;
გიხაროდენ, ჩვენი ცხონების გზაზე დამყენებელო;
გიხაროდენ, ლოთობის ცოდვის მრისხანე მამხილებელო;
გიხაროდენ, მკურნალო უვერცხლოო, ყოველთა მიმართ მოწყალეო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 10

სულიხა ხსნისა მსურველმა, ხორცი შენი, ვნებებითა და ხორციელი სურვილებითურთ, ჯვარს აცვი ეგევითარო და სამუდამოდ თავისა უარისმყოფელმან, აღიღე ჯვარი შენი და გულსმოდგინედ შეუდექი ქრისტესა, უგალობდი რა მას: ალილუია.

იკოსი 10

ზღუდედ მტკიცედ და სიმაგრედ აღუღებელად ექმენ შენდამი მვედრებელთა, დედაო ქსენია. ამისათვისცა, ლოცვითა შენითა ჩვენთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიცევ, მღაღადებენი შენდამი:

გიხაროდენ, სულიერი მუშაკობისაკენ ჩვენო წარმმართველო;
გიხაროდენ, მტრის მახეთაგან ჩვენო განმარინებელო;
გიხაროდენ, კეთილსურნელებაო, ღმრთისადმი აღვლენილო;
გიხაროდენ, ღმრთაებრივი სიმშვიდის გულთათვის მომფენელო;
გიხაროდენ, გაბოროტებულთა გულებში, ბოროტებისა სულის დამშრეტელო;
გიხაროდენ, კეთილმსახურ ყრმათა მაკურთხებელო;
გიხაროდენ, სნეულებათაგან მათი ფარული ლოცვით განმკურნებელო;
გიხაროდენ, გაბოროტებულ სოფლისათვის ღმრთაებრივი სიბრძნის განმცხადებელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 11

ქებისა გალობასა შესწირვენ, ნეტარო ქსენია, ლოცვითა შენითა, ჭირთა, მწუხარებათა და ყოველგვარ უბედობათაგან ხსნილნი და ისინიცა შენთანა სიხარულით უგალობენ უფალს: ალილუია.

იკოსი 11

განმაცისკროვნებელ ნათლად მოგვევლინა, ცხოვრებაი შენი, წმიდაო დედაო, ბნელსა შინა, ცხოვრებაი ესე, განმანათლებელი კაცთა. რამეთუ იხსენ დაცემულნი ცოდვისა სიბნელისაგან და ქრისტეს ნათლისაკენ წარმართე მგზავრობაი მათი, ამისათვისცა გიღაღდებთ:

გიხაროდენ, მართლმადიდებელი ერის ღმრთაებრივი ნათლით განმანათლებელო;
გიხაროდენ, სათნომყოფელო ქრისტესაო, სოფელსა შინა ზეშთასოფლიურად მცხოვრებო;
გიხაროდენ, მრავლითა მუშაკობითა უდიდესი მადლის მომხვეჭელო;
გიხაროდენ, ცოდვის სიბნელეში ღმრთაებრივი მადლით განათლებულო;
გიხაროდენ, ცხონების გზაზე უსასოქმნილთა შეწევნისა ხელის გამომღებელო;
გიხაროდენ, უძლურთა რწმენაში განმამტკიცებელო;
გიხაროდენ, ბოროტ სულთა შემარცხვენელო;
გიხაროდენ, ცხოვრებითა შენითა, ანგელოზთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 12

მადლსა უხვად გარდამოადენ შენი ხსოვნის პატივისმცემელთა და შენი მფარველობის მეძიებელთა ზედა. ეგრეცა ჩვენცა, შენდამი მვედრებელთა ზედა, გარდამოადინე ღმრთისაგან წყარონი კურნებათანი, უღაღადებთ რა მას: ალილუია.

იკოსი 12

ვუგალობთ რა, მრავალთა სასწაულთა შენთა, ნეტარო დედაო, გაქებთ შენ და გულსმოდგინედ გვედრით: ნუ დაგვიტევებ, ჩვენ ცოდვილთ, მწუხარებათა შინა, არამედ გამოითხოვე უფლისაგან ძალი, რათა არა განვეშოროთ მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა ჩვენსა, შენგანვე მასზედ დამტკიცებულნი ვხმობთ რა შენდამი:

გიხაროდენ, ტვირთმძიმეთა თანაგრძნობისა მასწავლელო;
გიხაროდენ, უძლურებათა ჩვენთა გულსმოდგინე მკურნალო;
გიხაროდენ, ვნებებითა და ხორციელი სურვილებითურთ, ხორცისა ჯვარცმის მასწავლელო;
გიხაროდენ, შენი ხსოვნის პატივისმცემელთა შუამდგომელო და მფარველო;
გიხაროდენ, მწუხარებათა შინა გზის განმვლელო;
გიხაროდენ, ამით საუკუნო ცხონებასა მიმთხვეულო;
გიხაროდენ, შენს კუბოსა თანა მოლტოლვილთა სიხარულის მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, მამულის ხსნისათვის გულსმოდგინე შუამდგომელო;
გიხაროდენ, ნეტარო ქსენია, მვედრებელო სულთა ჩვენთათვის.

 

კონდაკი 13

ჰოი, წმიდაო ნეტარო დედაო ქსენია, ცხოვრებითა შენითა ჯვრის სიმძიმიღოსა მტვირთველო, მიიღე ჩვენ ცოდვილთაგან ვედრებაი ესე შენდამი შეწირული. ლოცვითა შენითა დაგვიფარე ბნელეთის სულთა თავდასხმისაგან და ყოველთა ბოროტისმზრახველთა ჩვენთაგან. გამოითხოვე ყოვლადმოწყალე უფლისაგან ძალი და სიმტკიცე, რათა ყოველმა ჩვენთაგანმა აღიღოს ჯვარი თვისი და შეუდგეს ქრისტესა, შენთანა მგალობელი მისდამი: ალილუია.

ეს კონდაკი იკითხება 3-ჯერ. შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.

 

ლოცვა

ჰოი, წმიდაო ყოვლადნეტარო დედაო ქსენია, მამაზეციერის საფარველსა ქვეშე მყოფი, ღვთისმშობლისა მიერ ძღვანებული და განმტკიცებული, მიმშილისა და წყურვილის, სიცივისა და სიცხის, შეურაცხებისა და დევნის დამთმენელი, წინასწარ ხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭის ღმრთისაგან მიმღებელი, ყოვლადძლიერის ბაგასა შინა განისვენებ.

ახლა კი, წმიდა ეკლესია, ვითარცა ყვავილსა კეთილსურნელოვანსა განგადიდებს შენ. საფლავისა შენისა და შენი წმიდა ხატის წინაშე წარდგომილნი, ვითარცა ცხოველსა, ჩვენთანა მყოფსა გევედრებით შენ: მიითვალე თხოვანი ჩვენნი და მიართვ იგინი ყოვლადმოწყალე ზეციერ მამას მისი საყდრის წინაშე წარდგომილმან, ვითარცა კადნიერების მქონემ, გამოითხოვე შენდამი მოლტოლვილთათვის ცხოვრებაი სამარადისო, ყოველგვარ კეთილ საქმეთა და წამოწყებეთა ჩვენთა ზედა გულუხვი კურთხევაი, ყოველგვარ ჭირთა და მწუხარებათაგან ხსნაი.

წარსდექ, შენი წმიდა ლოცვებით, ჩვენი ყოვლადმოწყალე მაცხოვრის წინაშე, ჩვენ უღირსთა და ცოდვილთათვის.

შეგვეწიე, წმიდაო ნეტარო დედათ ქსენია, რათა ჩვილნი ჩვენნი, წმიდა ნათლობის შუქით განათლდნენ და სულიწმიდის ნიჭით აღიბეჭდონ ყრმანი ჩვენნი, ქალიშვილნი და ჭაბუკნი რწმენით, პატიოსნებითა და ღვთისმოშიშებით აღიზარდონ და სწავლასა შინა წარემატონ. სნეულებასა და უძლურებასა შინა მყოფნი განკურნენ, ოჯახის მქონეთა სიყვარული და თანხმობა მოუვლინე, შემონაზვნებულნი კეთილისა ღვაწლისა ღირს ჰყავ და დაიცევ შეურაცხებათაგან. მწყემსნი, სულიწმიდის ციხე-სიმაგრესა შინა განამაგრე, ერი და მამული ჩვენი მშვიდობითა და უშფოთველობით დაიცევ, სიკვდილის ჟამს ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებასა მოკლებულთათვის წყალობაი გამოითხოვე.

შენ ხარ ჩვენი იმედი და სასოება, მსწრაფლშემსმენელი და მხსნელი, შენდამი მადლობასა აღვავლენთ და შენთანა ვადიდებთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმე, ამინ.

მთარგმნელი მელანია შანავა-ვეფხვაძე