დაუჯდომელი სუეტისა და ცხოველისა და კუართისა საუფლოისა

ტროპარი

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის, და შემწისა უძლეველისა სუეტისა წმიდისა და ღვთივ-ბრწყინვალისა სუეტისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდმო ქსოვილსა კუართსა ზედა, და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა, და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, და ცისკრის და სიხარულსა მრჩობლისა მიანიჭებს, რომელი ქებასა შეასხამენ:
გიხაროდენ სუეტო ბრწყინვალეო.

კონდაკი 1

ზეშთა მბრძოლო ჩუენო და შემწეო უძლეველო, სუეტო წმიდაო და ღმრთივ-ბრწყინვალეო, რომელი ჰნათობ საუფლოსა და ზევითგამოქსოვილსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობ ცათამობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა მრჩობელსა მიანიჭებ, რომელნი ქებასა შეგასხამენ: გიხაროდენ სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველმყოფელო.

იკოსი 1

აჰა ესერე შემოკერბით დღესასწაულსა ამას წმიდასა საუფლოსა კიდენი ქუეყანისანი და ანგელოზნი კაცთა თანა, ყოველნი ერთბამად შეერთებითა სულისაითა: წინასწარმეტყველნი და მამამთავარნი, მოციქულნი, მოწამენი და მღუდელთმოძღუარნი, მამათა და ქალწულთა მწყობრნი. მოისწრაფეთ ყოველთა და მოიფრინვეთ, ძნობდით, ხმობდით და ღაღადებდით, სცემდი ქნარსა წინასწარმეტყუელო და ყოველნო წმიდანო წერილნი განხსენით ქებისა შესხმად სუეტისა ცხოველისა და იტყოდით:

გიხაროდენ, სუეტო წმიდაო და ცხოველო, რამეთუ კვართსა ზედა საღმრთოისა, ჰციკსროი;
გიხაროდენ, სუეტო განმანათლებელო ცისკიდეთაო, რომელი ანაყოფებ სულთა უკუდავებითა;
გიხაროდენ, სუეტო სანატრელო, რომელი სამარადისოდ ბრწყინვალითა თვალითა უჭვირობ წმიდასა კუართსა;
გიხაროდენ, რომელი ჰკრთები ელვის სახედ და წმიდა მიჰრონსა უწყაროებ მორწმუნეთა;
გიხაროდენ, სუეტო საღმრთოო, მგემებელო სიტკბოებისა სულთასა;
გიხაროდენ, სუეტო თანამზრახველო და მესაიდუმლეო დიდისა ღვთისმეტყუელისა მოსესო;
გიხაროდენ, წინამძღუარო და თანამოგზაურო ისრაელთაო;
გიხაროდენ, ახლისა სჯულისა მომასწავებელო, თაბორს და იორდანეს მსახურ ქმნილო ძისა ღმრთისაო;
გიხაროდენ, ნათელო ნათლისა მწამებელო ძედ საყუარელად;
გიხაროდენ, მამათა, მოღვაწეთა უდაბნოისათა და წმიდათა მოღუაწეთა სასოებაო, ჟამად-ჟამად სახილავო ბრწყინვალეო;
გიხაროდენ, მზეებრთა ოქროის სახეთა შუქთა გულსა მორწმუნეთასა ისრებრ მსროლელო;
გიხაროდენ, სიონს მოციქულთა ზედა ათორმეტ ნაწილად ენად ცეცხლისად გარდამოელვებულო;
გიხაროდენ, უფროისად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა მსახეებელო, ქუეყანით აღმოცენებულისა და ზეცას აღმწუერვალებულისა, რომელმან ღმერთსა შეგუაერთნა;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 2

ცანი ქუეყანისა თანა და ქუეყანაი ნაშობთა მისთა თანა, და ცაი მნათობთა მისთა შორის, მზე და მთოვარე ვარსკულავითურთ და კუალად ქუეყანაი ნაშობითურთ თვისით ერთბამად ყოველთა აღიმღერენით! პირუტყუნო მხეცთა თანა ველისათა მშვიდობა ყავთ, ხოლო ნერგნო და მცენარენო ფერად-ფერადნო, საცნაურნო ველისა და უდაბნოისანო, ნაყოფიერნო ნაყოფთა და სურნელნო, სურნელებასა გამოსცემდით და ერთობით შემოკერბით, უგალობდით და აქებდით! სიხარულითა ცხოველნიცა კრთებოდეს, რამეთუ სუეტი წმიდაი ცხოველისმყოფელი ბრწყინვალედ სულითა ახარებს და უკუდავებისა საზრდელითა აღავსებს ერსა თვისსა, მგალობელსა: ალილუია.

იკოსი 2

ანგელოზებრ ზეშთბრწყინვალედ და ზენათა მიერ ძალთა ქებით ძნობილად, ხოლო ყოვლისა მკვიდროვანისა მამზეებელად სასწაულთა მიერ მხილველნი და მეცნიერ ქმნილნი განკვირვებით მდგომარენი ვღაღადებთ შენდამი მეტყუელნი ესე ვითართა:

გიხაროდენ, რომლისა ბრწყინვალებითა ნათობ ცის ქვეშე;
გიხაროდენ, რომლისა საკვირველებითა ელავს სოფელი;
გიხაროდენ, მზეო დაუვალო ყოვლადბრწყინვალეო;
გიხაროდენ, ნათელო ნათელთა მძლეო ელვარებითა;
გიხაროდენ, რამეთუ წმიდასა ზედა ნეტარსა ჰცისკროი კუართსა;
გიხაროდენ, რამეთუ ელვებრ აკრთობ საყდარსა ძისა ღმრთისასა;
გიხაროდენ, მოკლებულისა სარწმუნოებისა განახლებაო;
გიხაროდენ, კერპთა ვიდრემე სიბოროტისა წარმწყმედელო, ხოლო ჭეშმარიტებისა სარწმუნოებისა აღმომაჩინებელო;
გიხაროდენ, რომელმან ნათელშეცვულ ჰყვენ მკვიდროვანნი;
გიხაროდენ, რომელმან მოსრენ ძენი აგარისნი უსჯულონი და აღადგინე რქაი მაცხოვრებისაი;
გიხაროდენ, წინამბრძოლო უძლეველო ქრისტეანეთაო, ღმრთისა კაცთა დამგებელო;
გიხაროდენ, მომგებელო ერად საზეპუროდ, ნათესავად წმიდად სამეუფოდ;
გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყვანისცემენ დამბადებელსა;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 3

მოვედით ყოველნი ნათლისა ნაშობნი ძენი ემბაზისანი, ტრფიალნი დღესასწაულისანი, და ვიხილოთ უცხოი სახილავი: სუეტი ჰკრთების და ბრწყინვალედ სხივთა ელვებრ განუტეობს, კუართი აღმოცისკროის და შუქნი ნათლისანი მზეებრ აღმოჭვირვობენ, ცაი ეკლესიისა ეთერსა და ნათელთმრჩობლობასა სამყარო ექმნების, ხოლო დღესასწაული ფშვის სულნელებასა და ჩუენ, მორწმუნენი, განვსცხრებით ნარნარ, - ეჰა, შეთქრომასა ნათელთასა, - და გრძნობით მგალობელნი უთხრობთ: ალილუია.

იკოსი 3

ეჰა საღმრთოი სიხარული, ეჰა დღესასწაული უფროის სადიდებელი! ჰოი რაბამი სიტკბოებაი, სულისა უკუდავმყოფელი! რამეთუ სამებისა წმიდისა გამომხატველთა: საყდარსა ღმრთისასა, სუეტსა ნათლისასა და კუართსა წმიდასა საუფლოსა, ერი მორწმუნეთაი უგალობს და ქებასა შეასხამს და მის თანა ანგელოზნიცა ძნობით უპირობენ:

გიხაროდენ, საყდარო ღმრთისა მაღლისაო;
გიხაროდენ, კუართო ნათლისა შემცველო;
გიხაროდენ, სუეტო ცხოველო და ცხოველისმყოფელო, რომელი ნათელმან უსაზღვრომან, ნათელმფლობელმან ძემან ღმრთისამან, ნათლად ელვარედ და სუეტად ცეცხლისად აღმართა, ნათელმყოფელად გულსა ქართველთ ერისასა, დაბნელებულსა კერპთა საცთურისაგან, ხოლო ურწმუნოთა ცეცხლებრ უწყალოდ შემჭმელად, ღირსად მისაგებებელად ლტოლვისათვის წმიდისა ნათლისა შენისა;
გიხაროდენ, ჰოი კუართო საღმრთოო, ნეტარებით შემცველო ჟამსა ცეცხლსა მას ღვთაებისასა, რამეთუ ყოველთა შორის ისაკვირველების შენ მიერ ეგე სასწაული, რაჟამს ცეცხლსა მას ღვთაებისასა მობლარდნილ იყავ და შეუხებლად გებული სასოდ და სიმტკიცედ ნათესავისა ჩუენისა ჰგიე დღეინდელად დღემდე და ვიდრე უკუნისამდეცა, და უეჭველად მისივე იყო ძალი, უცნაურად დამცველი სიწმიდისა შენისა;
გიხაროდენ, ჰოი, სამგზის სანატრელო კუართო საღმრთოო;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 4

ნათელი ნათლისაგან მოვლინებული, წმიდაი კუართი საუფლოი და სუეტი ცხოველი და საყდარი ღმრთისა ძრწოლით იქებოდინ და ნათელთან მიზეზსა უგალობდეთ მეტყუელნი: ალილუია.

იკოსი 4

მოვედით უკუე, შემოკერბით საკვირველითა საყუარელისაითა შეერთებულნი, ქრისტეს მიერ წოვნილობითა წმიდისა სიჰრონისაითა აღზრდილნი ეგე ერნი მორწმუნეთანი და სანოვაგისა მის წმიდისა, უკუდავმყოფელისა სულთა ჩვენთაისა, გემებასა წილ კნინოდენი რაიმე, ნაცვალ ვაგოთ ჩვენცა შესხმითა სიტყუითაითა მსგავსად ძალისა:

გიხაროდენ, ჰოი, ეკლესიაო ღმრთისაო, რომლისა დამფუძნებელმან ყოველთამან ღმერთმან, საფუძვლად შეუძრველად სიმტკიცისად წმიდანი მოციქულნი დაგისხნა ქვეშე სიტყვისაებრ საუფლოისა, ვითარცა ჰრქუა თავსა მოციქულთასა პეტრეს, ვითარმედ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, რომელსა ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო“, ხოლო მოწამენი ტაკუკად დაკიდნა, ვითარცა ძუძუნი, რომელთაგან ნეკტარსა სისხლითასა მწოვნელნი ოხჭანსა უკუდავებისასა მიმთხუელნი ვმოხარულობთ საუკუნოდ;
გიხაროდენ, ჰოი სუეტო ნათელო, რომელი ნათელსა მას კუართსა ნათლისასა სახედ მზის თუალისა ზეითგამო უჭვირობ, რომელსა შუქნი ელვისანი სხივთა მათ ცეცხლისათა დაგიმართებიან, რომელნიც უკუე მრჩობლობით საკვირველად ჰკრთებიან, ვითარცა მარჩბივნი ელვანი ცისკარსა შორის;
გიხაროდენ, ჰოი საბლარდნელო ღმრთისაო, ხელთაგან კაცობრივთა შეუმზადებელო, რომლისა უზეშთაესობაი ყოველთაგან ზეითქსოია სახელმან საცნაურ გყო, რომელსა კურთხეული იგი ყოვლადწმიდაი დედაი ღმრთისაი ოდენ მხოლოდ ღირს იქმნებოდა წმიდათა მათ მიერ ხელთა მსახურებისათვის შეხებად, რამეთუ შიშით რაი და მოწიწებით შთაგმოსის ძესა თვისსა და ღმერთსა, მრჩობლ ორკერძოივე ნეტარებაი მოგეცემოდა ძისა და დედისა მადლითა ორთავე შეხებისათვის: ჰოი, სამგზის სანატრელო კუართო ღმრთისაო და მაცხოვარისა ჩუენისა იესო ქრისტესო;
გიხაროდენ, ჰოი კათოლიკე ეკლესიაო, ნამდვილვე შესაკრებელო ყოვლისა კეთილისაო, ვინაითგან თავი იგი ყოველთა კეთილთაი და საუნჯეთაი, დამბადებელი და ღმერთი ყოველთაი, შენ შორის მკვიდროის: ამისთვის უკუე ითარგმანები შესაკრებელ, რამეთუ ყოველნი მორწმუნენი შენ შორის შევიმოსთ ნათელსა ქრისტესმიერსა, და შენ შორის ვითხოვთ გამოხსნასაცა ცოდუათაგან და შენ შორისვე იქმნების საუკუნოი სამკვიდრებელი ჩუენი შემდგომად დახსნისა სხეულთა ამათგან კაცობრივთა სასოებით კეთილთა, რათა ურცხვინელნი მხიარულებით აღვდგეთ უკანასკნელსა მას დიდსა დღესა განკითხვისასა და ვიტყოდეთ:
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 5

ნათელნი ნათლისაგან აღმზებელნი, მისა უბრწყინვალესნი და დიდებულნი მკუიდროვანისანი ზეშთა იქებოდინ და კათოლიკე ეკლესიის შვილნი ღაღადებდით, მეტყუელნი: წმიდა არს საყდარი მაღლითი და აღმატებული, წმიდა არს კუართი ნეტარი, წმიდა ხარ შენ, სუეტო ცხოველო, ალილუია.

იკოსი 5

აღვიძრნეთ ორღანონი და საქანელნი მეტყველებისანი და უხუებით უკუე წარმოაცენებდინ ენაი ბაგეთაშორისობით მადინებელსა მას ნეკტარსა, მაგემებელსა სულსასმენელთასა მხიარულებით და ვიტყოდით სიტყუათა შესხმისათა ესრეთ:

გიხაროდენ, ჰოი სუეტო ცხოველო და წმიდაო, პირველითგანვე შესწავებულო სასწაულებითა და ნიშმრავლობითა ფერად-ფერადითა განშუენებულო, რაჟამს იგი ისრაელთა ერსა წინა უძღოდე რა უცთომელად ავლინებდი, ვინაიცა ენება შენ მიერ დამბადებელსა ყოველთა ნათელთასა და შენ მიერითა საკვირველთმოქმედებითა იდიდებოდა ღმერთი უდაბნოსა მას ორმეოც წელ დიდისა მოსეს თანადობითა, დიდითა ღუაწლმრავლობითა ებგურქმნილო შესაწევნელად ისრაელთა ერისა, ხოლო მომსრველად უცხოთესლთა და ამალეკისო;
გიხაროდენ, ჰოი კუართო ძისა ღმრთისაო, რომელი საკვირველებით შემწეულ ექმენ მას, რომელსა ცანი ვერ შემძლებელ არიან დატევნად გარეშემოუწერლობითა შეუსაზღვრებელსა მას ბუნებასა ღვთაებისასა, და შენ შორის საკვირველებით დაიტიე ნათელცისკროვანი იგი გუამი ღვთაებისაი, რომელი იგი ელვის სახედ ჰკრთებოდა შენ შორის, და მის მიერ გამომკრთალითა ნათლითა ყოველი სოფელი განათლდებოდა უშურველად;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 6

საყვირნი ქუხდით კიდეთა ქუეყნისათა და ზეცისა ძალნო, რომელნი ხართ მაღალთა შინა, ელვებრ ჰკრთოდეთ და ფრინავდეთ დაუცხრომელად და ყოველთა ტომთა მიმართ იტყოდეთ და ოხრით ძნობდით: მოისწრაფეთ ყოველთა, რამეთუ ძე ღმრთისა დღესასწაულს და ქორწილს შემზადებს, თვისისა საყოფელისასა და სუეტსა ყოვლადწმიდასა მის შორის, სახედ ძუძუსა, გაუწოდებს ყოველთავე, და უკუდავებად გვაგემებს მიჰრონსა წარმოუცარიელებელსა, ხოლო ჩუენ ვღაღადებთ: ალილუია.

იკოსი 6

არ დაყენებულ ვიქმნეთ კეთილსაგონებლობით ჯერეთცა ტრფიალებით მეცადინენი უსრულესისა შემმატებლობით, არამედ კუალადცა მცირედ ვმეტყუელებდეთ, ვინაითგან უკუე სარგებელსა სიტყვისა ჩუენისასა აღვირვასხნით უსუსურობითა მორბედებისაითა და ვიტყვით:

გიხაროდენ, ჰოი საყდარო ღმრთისაო, რამეთუ შენ შორის შეიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი, ზენანი ქუენათა თანა დამდაბლებითა და ქუენანი ზენათა თანა ამაღლებისა და ძნობით უპირობენ დამბადებელსა მათსა ღმერთსა დაუცხრომელად ნარნარითა მით დიდებისმეტყუელებითა ვითარმედ: წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა მისითა, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი და დამკვიდრებული შორის საყდრისა დიდებისა მისისა ქუეყანასა ზედა, რომელი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე;
გიხაროდენ, ჰოი სუეტო ცხოველო და ცხოველსმყოფელო, რომლისა შორის სულნი წმიდანი მრავალგზის მოხარულობენ, რამეთუ ხილვითა შენითა ანაყოფებდი უკუდავებისა ცხოვრებასა, რაჟამს ჟამითი-ჟამად ეჩუენებოდი სულებსა წმიდათასა უდაბნოთა შინა და ნაპრალთა კლდისათა მოღუაწე ქმნილთა და მოწამეთა ღვაწლმრავლობით განშუენებულთა, რომელნიცა ხილვითა შენითა განმტკიცებულებდეს მიმხედველნი სასოებითა მერმეთა მოსაგებელთაითა კეთილმჭვირობლობითა;
გიხაროდენ, მრჩობელნო ნათელნო და მარჩბივნო თუალნო მზისა უნათლესნო, რომელნიცა მიმდებად უჭვირობით ურთიერთას და აკრთობთ, ვითარ სახედ ელვაი ეთერსა და მზე ცეცხლსა და ცისკარი მთიებსა, რამეთუ სუეტი უჭვირობდეს რაი ზეითგამო კუართსა და კუართი ქუეითგამო სუეტსა ურთიერთსა შესთქრებოდიან, მრჩობილნი იგი ნათელნი, ვისნიმცა უკუე არა მოხარულობდეს სულნი სანატრელსა მას სახილავსა ნამუშაკევსა ძისა ღმრთისასა;
გიხაროდენ, ჰოი ეკლესიაო წმიდაო, რომელსა შინაგან საშოსა გიპყრიეს ძუძუდ სუეტი წმიდაი ნათლისაი, მაწოვნებელი არა ვიდრემდე სძესა, არამედ მიჰრონსა წმიდასა, უკუდავმყოფელსა სულთასა, რომელიცა უშურველად უწყაროებს ნეკტარსა მას უკუდავებისასა მაგემებელსა ყოველთა ქრისტეშემოსილთა ერთა სულებისასა;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 7

საყდარი ღმრთისა მაღალი, მიმსგავსებული ზეცათა, რომელსა უპყრიეს სუეტი საშოსა შინა, ვითარცა დედასა, შვილთა თვისთა კრთომით განაცხრობს და მადლთა უფსკრულსა, მიჰრონსა მას წმიდასა და ოქრონეკტარსა, სულისა ცუარსა, უწყაროებს მათ, რომელნი იტყვიან: ალილუია.

იკოსი 7

ყოვლადბრწყინვალეო და ბრწყინვალემყოფელო და განმანათლებელო გულისა და გონებისა ყოველთა მსასოებელთა შენთაისაო! ვითარცა საკვირველებით საცნაურ გყო ღმერთმან, ეგრეთვე საკვირველებით აცხოვნებ ყოველთა და იხსნი განსაცდელთაგან, რომელნი სახელი შენსა ჰხადოდიან და იტყვიან:

გიხაროდენ, ჰოი გოდოლო, შემცველო ნათელისა მას თვალშეუდგამსა, რომელი სახედ ალაბასტრისა გვიპყრიე, რომელსა გვტვირთავს შინაგან სულნელებაი წმიდაი და წმიდა მყოფელი, საყნოსელი სულებსა წმიდათასა; რამეთუ რაჟამს შემმუსრველი ალაბასტრაი ფერხთა ვიდრემდე უფლისათა მცხებელი ნელსაცხებელისაი, ღუაწლოოდა, რამეთუ აწინდელი უკუე ესე სახე გექმნების წარმოცემაი წმიდისა მიჰრონისაი, დაღაცათუ შენ შეუმუსვრელად ჰგიე აწ და უკუნისამდე;
გიხაროდენ, ჰოი კუართო საღმრთოო, რომელი მცველად და მფარველად მოენიჭე ნათესავსა ჩუენ ქართველთასა ძისა ღუთისაგან, დამფარველო და შემცველო არა ოდენ ვიდრემდე გუამსა ღვთაებისასა, არამედ უფროისღა შიშულოებასა სულთა ჩუენთასა ცოდვისა მიერ, რამეთუ სახსრად და წინდად ცხოვნებისა ჩუენისა წინასწარვე წარმოგავლინა ყოვლისა სიბრძნით განმგებელმან, რათა კეთილითა მით და სანატრელითა ებგურ ქმნითა კეთილ მმართველობით იყვანებდე სულთა ჩუენთა გზასა ჭეშმარიტებისასა;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 8

ვითარცა ორთა ქადაგთა სახეთა მდინარისათა, დიდმან ანდრია და ღირსმა ნინო, წარღუნეს ყოველი სიხენეშე კერპთა ქართველთა თემისათა, ეგრე სახედ ესე ორნი მდინარენი სულისა ნაყოფს ჰრწყვენ დაუცხრომელად და წარჰღვნიან ყოველსა სიბილწესა მათსა, რომელი ჰგალობენ: ალილუია.

იკოსი 8

ორნი ესე მდინარენი ამიერ და იმერ წარმრღუნელნი საცთურისანი და ბილწებათა წმიდამყოფელნი, განსცხრებიან და შეამკობენ დღესასწაულისა და ჩუენ თანა ხმობით ოხრიან და სუეტსა ცხოველსა შეასხმენ და იტყვიან:

გიხაროდენ, ჰოი საყდარო, ცათა მობაძავო, რამეთუ მუცელი შენი წმიდაი წმიდისა ყოვლად უაღრესისა და უზეშთაესისა მტვირთველ არს შუენიერებისა და ყუავილოვნებისა აღმკულებითა მის შორის მყოფთა ნათელთაითა, რამეთუ რაჟამს სუეტი ცხოველი და კუართი საუფლოი ურთიერთას ჰხდებოდიან კრთომითა სახედ მზისა და მთოვარის, ხოლო მღუდელნი და დიაკონნი ფერად-ფერადსა კრთომასა საცნაურ ჰყოფდინ სახედ ვარსკვლავთასა განწმედილობით მსახურებითა უბიწოთაითა და ქერუბიმ-სერაბიმებრივთა რაი ბაგითა მსხუერპლსა საუფლოსა ზედა ნარნარად მგალობელნი მოწიწებით ჭაშნაგირობდეს, რამეთუ უკუე შესწორებულობდა არსთაგანი ღირსებასა ნეტარებისა შენისასა, ჰოი საყდარო ცათა მობაძავო;
გიხაროდენ, სუეტო ნათელო, რომელი ძესა ღმრთისა და დიდებასა ღვთაებისასა საკვირველობით მწამებელ ექმენ, რაჟამს თაბორს ჰკრთებოდე ნათელთმფლობელსა მას ზედა იესუ ღმერთკაცსა, მეორედ მოსვლასა მაუწყებლობდა რაი, რამეთუ ჭვირობამ დიდებისა შენისამან თავნი იგი მოციქულთანი ძესა ზედა ღმერთისასა უცხო სახედ მხილველნი რეცა უსულო ქმნით მოუთმენელობდეს ზარგანხდილნი ერთბაშად ნათლისაგანცა დიდებისა შენისა და ოხრისაგანცა მოსეს და ელიაისასა და კუალად იორდანესაცა, რაჟამსა წყალთა შინა ცოდვასა კაცთასა დაანთქმიდა, ხოლო ყოველივე დიდებაი მისვე ღმრთის მიერ იხილვებოდა;
გიხაროდენ, ჰოი კუართო, გამოუთქმელო ქებითა კაცობრივითა ენათაგან, რამეთუ უკუეთუ მონათა საგრაგნელნი ესრეთ იდიდებიან, ვიდრემე ვითარცა საცნაურ არს აჰრონის შესამოსელთათვის, მოსეს პირის საბურველისათვის, ელიას და იოანეს ხალენისათვის, პეტრეს და პავლეს სუდარ ვარშამანგებისათვის, ვინმე უკუე შეუძლოს შესხმად დიდებისა შენისა, რომელსა ცანიცა ვერ დაიტევენ, თვით ღმერთი იგი დამბადებელი ყოველთა შენ შორის სათნო ყოფით დატევნულობდა;
გიხაროდენ, ჰოი სამგზის სანატრელო კუართო საღმრთოო, რამეთუ თვით მებრ ესე ოდენ ხმაი არს შენდა ქებად ღირსებით სახელისდებაი ოდენ ღმრთისა კუართობისაი შენ შორის, კუართო საღმრთოო და საუფლოო;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 9

დღეს სიბრძნემან ღმრთისამან და სიტყუამან მამისამან შეუმზადა საყდარსა თვისსა დიდებაი მიუწვდომელი და ყოვლადუსაზღვროი, და სუეტი ცხოველი, რომელი ბრწყინვალითა მით ნათლითა კამკამებს და აღავსებს ყოველსა სოფელსა სულნელებითა საღმრთოითა, დღესასწაულებს და განანათლებს სულსა და გულსა მგალობელთასა: ალილუია.

იკოსი 9

ბაგინსა მას კერპთასა რაჟამს ყრმანი დაიკლვოდეს, სამოელ განსცხრებოდა, ხოლო აქ სუეტსა წინა ემბაზისაგან ყრმანი რაი ნათელსიღებენ, სატანა მჭუვარობს, ხოლო ანგელოზნი იხარებენ და ჩუენ ქრისტესა ვადიდებდეთ და ვიტყვით:

გიხაროდენ, ჰოი საყდარო ღმრთისა მაღლისაო, რამეთუ აქ ვიდრემდე უზეშთაესსა და უსანატრელესსა ქებასა ქებათასა ვიიძულები შესხმად შენდა: ვერა რაი ესწორების ამას ნეტარებასა: ვაშა უკუე, ვაშა შენსა ქებასა და დიდებასა, რამეთუ ვინაითგან საყდარწოდებითა ღუთისაითა და შენ შორის დამტევნელობით ღმრთისაითა სახე ექმნების უზეშთაესსა მას, ყოველთა დაბადებულთასა, უვაღრესობით აღმატებულსა ყოველთა ქებათასა ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა და მარადის კურთხეულსა მარიამსა, დედასა ღმრთისასა, რომელსა შორის დატევნულ იქმნა: რაი უკუე დიდებაღა, ვინ შეუძლოს ქებად შენდა, ჰოი სამგზის სანატრელო, რამეთუ კმა არს შენდა ქებად და დიდებად მიმსგავსებაი მისი, რომლისა მიზეზითა ღმერთი ქუეყანად გარდამოხდა და ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთნა ურთიერთას, ხოლო მგემებელნი ხორცსა და სისხლსა ძისა მისასა მის მიერ ვმოხარულობთ უკუნითი უკუნისამდე;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 10

ღმრთივ აღმართებულსა ამას სუეტსა, ჰაერთა განმკუეთელსა და სიმაღლესა ეთერისასა ელვებრ მომვლელსა და კუალად მოქცეულსა ჩუენდავე მომართ საუკუნოდ მოწყალებით, და ჩუენ შორის დადგრომილსა, უგალობდეთ საკვირველსა დავითის თანა და ვიტყოდით: კურთხეულ არს მომავალი ჩუენდა სახელითა უფლისაითა, რომელი მარადის ჰგიეს და ბრწყინავს უკუნისამდე. და მერმეცა ვღაღადებთ: სახელსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა, გვაცხოვნენ ჩუენ, მაღალთა შინა მყოფო, ალილუია.

იკოსი 10

ღმერთო, რომელმან სიონს სული წმიდაი მოჰფინე მოციქულთა და ცეცხლისა ენად, შემწუელად, გამოაჩინენ მწვალებელთა ღუარძლისა და საკერპოთა ბომონისა და სიბრძნისა აღავსენ იგინი, ეგრეთვე ჩუენცა გუაწთვე სიბრძნე წუეთად ცეცხლისა, რათა ღირსად შევამკოთ დღესასწაული გალობითა საღმრთოითა და ვთქუათ:

გიხაროდენ, ჰოი სუეტო ნათელო და ნათელსმყოფელო ყოველთა მსასოებელთა შენთაო, რამეთუ შენ შორისცა ვიდრემე უვაღრესისა და უზეშთაესისა ქებისა და ნეტარებისა შესხმას შეჰვმზადებ ბოლოდ ყოველთა კეთილად და ოხჭანად დასასრულისად: რამეთუ შენცა უკუე მსახეეობლობით პატივ გიპყრობ ყოვლად კურთხეულისა მის დედისა ღმრთისა, რამეთუ ჭეშმარიტად სუეტად ნათლისად მოსწავებულად უწყით წმიდათა წერილთაგან წოდებაი შენი ქუეყანით ზეცად მიწევნულად, ქუეყანით ვიდრემე აღმოცენებულად, ხოლო ზეცას აღმწვერვალებულად, რომელი მის შორის მკვიდრქმნილისა უფლისა სამარადისოდ ჰგიეს და ღმერთი მის მიერ ჩუენს შორის; ამისთვის უკუე რაბამ არს უაღრეს სიტყვისა ხსენებაი და ქებაი შესხმისა შენისაი, სუეტო ნათელო, მსახეებელო ნათლისა უვაღრესისა მის სუეტისა, სანატრელისა ქალწულისაო;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 11

დღეს ქრისტე, ძე ღმრთისაი, ზეშთაბრწყინვალესა და სანატრელსა სიხარულსა შეუმზადებს სძალსა თვისსა, ეკლესიასა, რომელსა საშოსა შინა თვისსა თვისსა წმიდა ლამპრად უპყრიეს სუეტი ცხოველი და ჰკრთების ელვებრ და ჰნათობს ყოველსა სოფელსა და კიდეთა ქუეყანისათა ახარებს, და ჩუენ, შვილნი ეკლესიისანი, ძალთა თანა ზეცისათა უღაღადებთ და ვიტყვით: ალილუია.

იკოსი 11

ანგელოზთა განწყობილნი, უხილავად მგალობელნი შენსა გარემოის, სუეტო ცხოველო, ხილულან ჩუენ მიერ; ჩუენცა მათ თანა ვადიდებთ შემამკობელსა ღმერთსა და ვიტყვით:

გიხაროდენ, სუეტო ცხოველო, რომელი წმიდასა და წმიდამყოფელსა მიჰრონსა უწყაროებ სულსა მორწმუნეთასა და ღმერთჰყოფ ყოველთა შენდა მომართ მილტოლვილთა;
გიხაროდენ, სუეტო ცხოველო, მზისა უბრწყინვალესო და ეთერისა ხილვისა უაღრესო;
გიხაროდენ, ცისკრისა და ელვისა ნათელთა უჩინმქმნელო;
გიხაროდენ, შუენიერებით მაგით თვალთა ამათგან ხორციელთა უხილავო ნათელო;
გიხაროდენ, კაცობრივთა ხელთაგან შეუხებელო და განუცდელო;
გიხაროდენ, უკუე მრავალრიცხუელთა და უსაზღვროთა შენ შორისცა ვიდრემე ღუთისმეტყუელებ, ჰოი კუართო უსანატრელესო ყოველთა ნეტარებათასა, უკუე თუმცა ყოველნი ღუთისმეტყუელნი და რიტორნი და ფილოსოფოსობისა უზეშთაეს მქონებელნი შემოკრიბნა ვინ, რაიღამცა ვინ შეუძლოს ღირსებასა ნეტარებათასა და შესხმათა შენთასა, ვინაითგან უკუე მიუწვდომელთა ქებისათა მრჩობილთა ღირს იქმნეს პატივთა, რაჟამს ბუნებაი ღვთაებისა, სხეულსა შორის მყოფი, შენ მიერ შემცველობდა და კუალად ყოვლადწმიდისა დედისა მისისა ყოვლადკურთხეულნი იგი და სანატრელნი თითნი სურვილით და სიყუარულით მოწყალედ მსახურ გექმნებოდეს;
გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

კონდაკი 12

ჰოი, ნეტარო დედაო ნინო, მოციქულთა სიქადულო და დედათა დიდებაო, რომელი ღუაწლითა და შრომით შენითა სამარადისოითა ლოცვითა და მარხვითა მიემთხვიე სანატრელსა ხილვასა, ანგელოზთაგან ოდენ ღირს ქმნილსა, რამეთუ კაცობრივთა ხელთაგან შეუხებელი სუეტი ამაღლებული ზეცად იხილე და კუალად ნეკტარითა ცრემლითა შენთაითა შთამოსრული შორის ცისა და ქუეყანისა და მიუახლებელი კაცობრივთა ნივთთაგან ჰგიეს სამარადისოდ და ჰფარავს სულთა და ხორცთა მგალობელთა: ალილუია.

იკოსი 12

ჰოი, გამოუთქმელი იგი და საკვირველი ნეტარებაი შენი, საუფლოო და საღმრთოო ნათლისა საგრაგნელო, ელვებით ნათელცისკროვანო, კუართო წმიდაო, ძისა ღმრთისა სხეულისა დამფარველო! დასასრულისა უკუე ზოგადსა და ერთობითსა გიხაროდენსა შეგითხზავ, სამნო განუყოფელნო, განყოფილად განყოფილნო და განუყოფლად ერთნათელნო და ერთმნათობნო, მსახვებელნო წმიდისა სამებისანო:

გიხაროდენ, უკუე, გიხაროდენ, და კუალადცა ვიტყვი პატივად სამებისა სახე რიცხვისა თქუენისა;
გიხაროდენ, საყდარო წმიდაო, სუეტო ნათელო და კუართო საღმრთოო, ვითარცა უკუე ნეტარ არს და სამგზის სანატრელ ხსენებაი და ქებაი სიწმიდისა თქუენისა; უმეტესად და უზეშთაეს ამისთვის, რამეთუ მოსწავებაი თქუენი ყოვლითურთსა თანადობასა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა საცნაურ ჰყოფს საყდარ ქმნილობით შენ შორის დამკვიდრებითა ღმრთისაითა, ეკლესიაო წმიდაო, და სუეტო ნათელად ეთერ ცისკროვანებით განმანათლებელო ნათესავისა კაცთასა, სუეტო ნათელო და ღვთაებისა ბუნებისა შემცველობით დამფარველო, კუართი საღმრთოო, გვიდინებდით უკუე მარადის, გვიდინებდით ოქრო ნეკტარსა და უშურველად წარმოცენებით გვიწყაროებდით მიჰრონსა წმიდასა უკუდავმყოფელად საგემებლსა სულისასა და მოგვანიჭებდით მადლითა საღმრთოთა უხუებით, და შენდობასა ცოდვათასა შეწევნითა მისივე დედისა ღმრთისაითა, სასოებით ტრფიალთა წყალობისა მისისა, ვინაითგან უკუე მცნებაი არს ძისა მისისაი, ვითარმედ: ირეკდით და განგეღოთ, ეძიებდით და ჰპოოთ;
გიხაროდენ, სუეტო ბრწინვალეო და კუართო ცხოველისმყოფელო!

(ეს მუხლი ითქმის 3-გზის, ხოლო შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1).

შემდგენელი ნიკოლოზ გულაბერიძე (XIIს-ის მეორე ნახევარი) -
პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, მწიგნობარი, საეკლესიო მოღვაწე
(საქართველოს პატრიარქი 1176-1190 წლებში)