აკათისტოზე „გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისათვის“ და მის ავტორზე

მიტროპოლიტი ტრიფონი (ერისკაცობაში ბორის პეტრეს-ძე თურქესტანოვი), დაიბადა მოსკოვში 1861 წ. 29 ნოემბერს. მამამისი, თავადი თურქესტანოვი (1830-1891), ძველ ქართველ თავადთა პირდაპირი შთამომავალი იყო. დიდი პაპა, თავადი ბორის პანკრატის ძე თურქესტანიშვილი (ვის პატივადაც უწოდეს მას სახელი), რუსეთში პეტრე პირველის მეფობის დროს ჩავიდა. მომავალი მღვდელმთავრის დედა – ბარბარე ალექსანდრეს ასული ნარიშკინა, თავადის ქალი იყო.

ჯერაც ყრმა ტრიფონის მძიმე ავადმყოფობისას ექიმებმა გამოჯანმრთელების ყოველგვარი იმედი რომ დაკარგეს, დედა წმ. მოწამე ტრიფონის სახელობის ეკლესიაში იარებოდა, ლოცულობდა, შვილის განკურნებას ევედრებოდა და აღუთქვამდა რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში ვაჟიშვილს მას მიუძღვნიდა და თუ მონაზვნობის ღირსი გახდებოდა, სახელად ტრიფონი ეწოდებოდა. და აი, ყრმა რომ გამოჯანმრთელდა დედამ ოპტინოს უდაბნოში მთელს რუსეთში სახელგანთქმულ ბერ ამბროსისთან წაიყვანა. შესაგებებლად გამოსულმა ბერმა მოულოდნელად იქვე მდგომ ხალხს მიმართა: გზა მიეცით, მღვდელმთავარი მოდის. გაკვირვებულმა ხალხმა მღვდელთმთავრის ნაცვლად დედაკაცი იხილა ყრმითურთ.

1887 წ. მიიღო რა ბორისმა მშობლებისაგან დალოცვა, ოპტინოს უდაბნოში ბერ ამბროსისთან მორჩილად დადგა და მანვე აკურთხა მონაზვნობაზე.

1891 წ. ბორისი მონაზვნად აღიკვეცა და წმ. მოწამე ტრიფონის პატივად ეწოდა სახელი ტრიფონი. - აღსრულდა დედისეული აღთქმა. სულ მალე მამა ტრიფონი ბერ-დიაკვნად, შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად იქნა ხელდასხმული. ბერმა ამბროსიმ ტრიფონი აკურთხა ესწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. სწავლის პერიოდში იგი პატიმართა გადამგზავნელ ციხეში მსახურებდა. 1891 წ. მამა ტრიფონმა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა აკადემია და დაიცვა დისერტაცია თემაზე „ძველქრისტეანი და ოპტინელი ბერები“, მან ხუთი უცხო ენა იცოდა: ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული და ინგლისური.

1895-1901 წლებში მამა ტრიფონი მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი, ბეთანის რექტორი, შემდეგ კი მოსკოვის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო. 1901 წ. 18 ივლისს იგი დმიტროვსკის ეპისკოპოსად, მოსკოვის ეპარქიის ქორეპისკოპოსად, იკურთხა და ამ თანამდებობაზე იგი 15 წელიწადი მსახურობდა. ეპისკოპოსი ტრიფონი ხშირად აღავლენდა წირვა-ლოცვას (რაც უყვარდათ მოსკოველებს), არაერთგზის ქადაგებდა, ეწეოდა მრავალგვარ საეკლესიო და საზოგადოებრივ სამსახურს და ამასთან აგრძელებდა მოღვაწობას. მქადაგებლობის განსაცვიფრებელი ნიჭის გამო, მორწმუნე მრევლმა მას „მოსკოვის ოქროპირი“ უწოდა. ურთიერთობა ჰქონდა მეფის რუსეთის ეკლესიის მრავალ მოღვაწესთან - ოპტინელ ბერებთან ანატოლისა და ბარსონოფესთან (რომელიც არქიმანდრიტის ხარისხში აღიყვანა), გეთსიმანიის სკიტის ბერ ბარნაბასთან, ბერ ზაქარიასთან.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ეპისკოპოსი ტრიფონი მოქმედ არმიაში მსახურობდა. პოლონეთის ფრონტზე კანტუზია მიიღო და იძულებული გახდა ჯანმრთელობაშერყეული მოსკოვში დაბრუნებულიყო. 1916 წ. ეპისკოპოსი ტრიფონი, აღარ არის რა მოქმედი ეპისკოპოსი, ნოვო-იერუსალიმის აღდგომის მონასტერშია. 1917 წ. ფრონტზე მოგზაურობიდან კვლავ ახალ იერუსალიმში დაბრუნდა.

1918 წლიდან ეპისკოპოსი ტრიფონი მოსკოვში ცხოვრობდა და აღარ მონაწილეობდა რა ეკლესიის ადმინისტრაციულ საქმეებში, მასთან განუწყვეტლივ მოედინებოდა მნახველთა უწყვეტი ნაკადი სულიერსა თუ ცხოვრებისეულ საკითხებზე რჩევისათვის. მორწმუნე მრევლი მას პატივს სცემდა როგორც დიდებულ მღვდელმთავარს, ჩინებულ მქადაგებელსა და მადლმოსილ მოღვაწე ბერს. მისი რჩევები, შეხედულებები არცთუ იშვიათად გადამწყვეტი იყო არათუ მხოლოდ მისი მრავალრიცხოვანი სულიერი შვილებისათვის, არამედ მრავალი მოვლენის დროს, რევოლუციის შემდგომი პერიოდის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც.

წმ. ტიხონ პატრიარქს უყვარდა მეუფე, მასთან ერთად ხშირად მსახურობდა, და 1923 წ. მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანა. ეს ორი „დიდი სვეტი“ მრავალწუხილიან დროებაში განამტკიცებდა რუსეთის წმ. ეკლესიას.

1825 წ. პატრიარქ ტიხონის გარდაცვალების შემდეგ მთავარეპისკოპოს ტრიფონის მოღვა წეობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ფორმალურად ითვლებოდა რა პენსიონერად, ის ჭეშმარიტად რუსეთის მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი სულიერი წინამძღოლი იყო. 1931 წ. მისი ეპისკოპოსად მსახურების 30 წლისთავთან დაკავშირებით აღყვანილ-იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

მეუფე ტრიფონის სიტყვა მათთვის, ვინც რუსეთის ცხოვრების 20-30-იანი წლების საშინელებების დროს შეინარჩუნა ჭეშნარიტი რწმენა და სულიერი გონება, კანონი იყო; ხალხს სწამდა რომ მისი ბაგეებით თვით უფალი ღაღადებდა. მხატვარი პავლე კორინი, რომელმაც ნატურიდან შექმნა მიტროპოლიტ ტრიფონის პორტრეტი, იგონებდა, რომ მრავალი სასულიერო პირის პორტრეტი სწორედ მეუფე ტრიფონის დამსახურებით შემორჩა ისტორიას. სასულიერო პირები, რომელთაც მხატვარი სახლში იწვევდა, პორტრეტის შექმნაზე მხოლოდ მას შემდეგ ეთანხმდებოდნენ მხატვარს, როცა შეიტყობდნენ რომ ყველასაგან პატივცემული მეუფე ტრიფონის ლოცვა-კურთხევა იყო.

გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე რევოლუციის შემდგომ წლებში მიტროპოლიტმა ტრიფონმა დაწერა სამადლობელი აკათოსტო (დაუჯდომელი) „გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისათვის“. ეს განსაცვიფრებელი აკათისტო, მის სულიერ ანდერძად იქცა. „მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის“ - ამ სიტყვებშია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი სულიერი გამოცდილება ყველაზე უფრო სასტიკი დევნის ჟამს, რომელიც კი ოდესმე გადაუტანია ქრისტეს ეკლესიას. მოვიგონოთ, რომ ამავე სიტყვებით დაამთავრა მიტროპოლიტმა ბენიამენმა (ყაზანელი) 1924 წ. თავის გამოსვლა სასამართლოზე, რომელიც უდანაშაულოდ გაასამართლეს და დახვრიტეს მიესაჯა საეკლესიო ფასეულობათა ამოღების საქმესთან დაკავშირებულ პროცესზე.

უფალი ამბობს: ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა (იოანე 16.33). და ამიტომაც რაოდენ მძიმე და სევდიანიც არ უნდა იყოს მიწიერი ისტორიის მოვლენები, ყოველთვის იმარჯვებს ძალა ღვთისა. სასიკვდინე ბრძოლა მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ ქრისტემ უკვე სძლია კაცთა მოდგმის მტერს, მაგრამ უნდა გაიმარჯვოს თითოეულმა ადამიანმაც. აღდგომა მხოლოდ გოლგოთის შემდეგ გახდა შესაძლებელი და მილიონობით სარწმუნოებისა და სიმართლისათვის დახოცილთა მოჩვენებითი დამარცხება გამარჯვებად იქცევა - საუკუნო, დაუსრულებელი, სახარულევანი ცხოვრების გზით. სწორედ ამაზე გალობს შთაგონებული მადლმოსილი მეუფე ტრიფონი, მმადლობელი ღვთისა „დაფარულთა და სააშკარაოთა მოწყალებათათვის... ზეციურის წინამორბედი ამქვეყნიური ცხოვრებისათვის და მომავალისა სასუფეველისა სიხარულისათვის“. რათა „ჩვენდა ბოძებულისა ტალანტისა განმამრავლებელნი, შევიდეთ საუკუნოსა სიხარულსა უფლისა ჩუენისა ძლევისა გალობითა: ალილუია!“

მიტროპოლიტი ტრიფონი გარდაიცვალა 1934 წ. 14 ივნისს და დაკრძალულია მოსკოვის ვვედენსკის სასაფლაოზე. მისი სამარე დღემდე წარმოადგენს მილიონობით რუსი მართლმადიდებლის სათაყვანებელ ადგილს.