აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!

მეუფეო ზეცათაო...,

წმიდაო ღმერთო...,

დიდება..., აწ და...

ყოვლად წმიდაო სამებაო...

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის),

დიდება, აწ და...

მამაო ჩუენო..., ვითარცა ზემოთ წერილ არს (იხ. გვ.3-4).

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ... (3-ჯერ), და 50-ე ფსალმუნი... (იხ. გვ. 6-7).

ლოცვა წმ. იოანე ოქროპირისა, აღსარებისათვის ცოდვათა და სინანულისა

ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უხსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირუხსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ, სახელისა შენისათვის მხოლოსა, რამეთუ არა მაქვს რომელიმცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი, არცა გული წმიდა, არამედ სასოებაი ხოლო მაქვს შენისა მოწყალებისა, და დავსდებ სულსა ჩემსა, არამედ შენისა კაცთმოყვარებისა წინაშე, რათა გული წმიდა დაჰბადო ჩემთანა ღმერთო, და სულითა წმიდითა დამამტკიცო მე, რათა არღარა დავეცე მე კვალად, და არღარა მივიწიო ცოდვისა განწირულებასა, არამედ ამიერითგან გმონო შენ სიმართლით და ჭეშმარიტებით ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ამონისი

უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩუენისაო, რომელმან წინასწარმეტყველისა შენისა ნათანის მიერ, ამხილე დავითს, და შეინანა შეცოდებანი მისნი, და შენ მიჰმადლე შენდობა, და მანასესი შემდგომად ლოცვისა შეიწირენ, შენ მეუფეო მოწყალეო გევედრები, შეიწირენ აწცა ჩემ უღირსისა მონისა შენისაგან სინანულით ვედრება შეცოდებათათვის, შენისაებრ სახიერებისა უგულებელს ჰყვენ ყოველნი შეცოდებანი ჩემნი, რამეთუ შენ უფალმან ჰბრძანე სამეოც და ათშვიდ გზის შენდობა, რომელნი შესცვივიან ცოდვასა, რამეთუ დიდ არს წყალობა შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და შენი არს ძალი და დიდება, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმიდისა ეფრემისი:

ვსცოდე მე და არა განვეშორე ცოდვასა, და მე ვევედრები მოწყალებასა შენსა, დამიფარე მე ჰე კეთილო, მისაჯე მე და წმიდა მყავ ჰე ტკბილო, მილხინე მე, რამეთუ წყლულ ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ მოვკვედ ცოდვითა, სუნნელ მყავ მე, რამეთუ წყლულებანი ჩემნი შეყროლდეს და სირცხვილმან დამცა მე, აღმადგინე, რომელი ესე დანთქმულ ვარ მღვიმესა შინა და დაცემულ ვარ, აღმადგინე მე, მე ვარ, რომელმან შევსცვალე სჯული და ბიწიან ვყავ, დაბნელებული განმანათლე, მომაქციე მე, ცთომილი ესე, და მომიძიე წარწყმედული ესე. ვაიმე, უფალო შესვარულსა ამას, რომელი არა ღირს ვარ აღხილვად ზეცად.

ლოცვა წმიდისა ისაკ განშორებულისა

უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელი ეგე მოწყალებითა შენითა სტიროდი ლაზარეს ზედა, და დასთხიენ მის ზედა ლმობიერებით წმიდანი იგი ცრემლნი შენნი. შეიწირენ ცრემლნიცა ესე სიმწარისა ჩემისა და ვნებითა მით შენითა წმიდითა ვნებათაგან სულსა ჩემსა ულხინე. და წყლულებითა შენითა წმიდითა წყლულებათაგან სული ჩემი განჰკურნე, და სუნნელებითა მით უხრწნელთა ხორცთა შენთათა სიმყრალე ხორცთა ჩემთა განასუნნელე, და ნაღვლითა მით, რომელი დაბადებულთა შენთაგან მიიღე, დაატკბე სული ჩემი სიმწარისა მისგან, რომელ მოვიღე მტერთა ჩემთაგან. აღმართებითა წმიდისა ჯვარისა შენისათა, აღმართე გონება ჩემი ეშმაკთაგან მიდრეკილი მიდრეკითა წმიდისა თავისა შენისათა ჯვარსა ზედა, აღმართე თავი ჩემი მტერთაგან დათრგუნვილი ხელითა მით წმიდითა, რომელნი განიპყრენ ჯვარსა ზედა, აღმომიყვანე მე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთასა. ყვრიმლის-ცემითა მით და ნერწყვითა პირისა შენისა წმიდისათა განწმიდე პირი ჩემი შებღალული ცოდვითა და უსჯულოებითა ჩემითა, და სულითა მით წმიდითა შენითა რომელი ჯვარსა ზედა შეჰვედრე მამასა, წარმიძეღვ მე მოსლვად შენდა მიმართ გზათაგან უსჯულოებისა ჩემისათა, რამეთუ არა მაქვს, მაცხოვარ, გული მწუხარე მოძიებად შენდა, არა მაქვს სინანული და ლმობიერება, რომელი მოაქცევს განწირულთა სასოებად, არა მქონან მეუფეო ცრემლნი ნუგეშინის-საცემელად სულისა ჩემისა. დაბნელებულ-არს მეუფეო გონება ჩემი და ვერ მოიქცევის შიშსა შენსა, განგრილებულ არს გული ჩემი სიმხურვალისა სიყვარულისა წმიდისა შენისა, და არა აქვს გულსა ჩემსა განბანა ცრემლითა მით რომელი სათნო არს შენდა: არამედ შენ იესო ქრისტე მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელმან მომიყიდე სისხლითა შენითა წმიდითა აწცა მომმადლე მე სინანული და გული ტკივნეული რათა გამოვიდე მე ყოვლითა გულითა ჩემითა ძიებად შენდა მწყემსისა მაგის სახიერისა და მკურნალისა მაგის განწირულთასა, რამეთუ თვინიერ შენსა არა განიკურნებიან წყლულებანი ესე სულისა ჩემისანი და უცხო ვარ მე ყოვლისაგან კეთილისა, უკეთუ არა მომმადლე მე მადლითა შენითა მამისა მის მიერ წმიდისა შენისა რომელმან უწინარეს საუკუნეთა გშვა შენ თანამოსაყდრეთ მისსა. განაახლე სულსა შორის ჩემსა შვენიერება იგი ხატისა შენისა, და სულისა მიერ წმიდისა შენისა განანათლე სული ჩემი დაბნელებული ცოდვითა. მეუფეო ჩემო მომმადლე მე სახიერო მადლი შენი, სახიერო და კაცთმოყვარეო დაღაცათუ მე დაგიტევე შენ, არამედ შენ სახიერებითა შენითა ნუ დამიტეობ მე დაღაცათუ მე წარვსწყმიდე ნებსით ჩემით თავი ჩემი, სამწყსოსა შენისაგან, არამედ შენ მოწყალებითა შენითა გამოვედ ძიებად ჩემდა და შემიყვანე ბაკსა შენსა წმიდასა და თანა შემრაცხე მე ცხოვართა მათ თანა კურთხეულისა სამწყსოსა შენისათა და გამომზარდე მე მათ თანა საძოვარითა მით საიდუმლოთა წმიდათა შენთათა და ღირს ვიქმნე უღირსი ესე მონა შენი ხილვად ნათელსა პირისა შენისასა. რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვა წმ. ტიმოთესი

უფალო ღმერთო დამბადებელო ყოველთაო, ლოცვა ჩუენი ისმინე ქრისტეს-მოყვარისა ერისა შენისა, თანამოსახელისათვის, და მოიხსენე შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი მოიგე სისხლითა შენითა და დაჰსხენ წყლულებანი შინაგან მწვალებელთანი, და მოეც ერთობა მართლმადიდებელთა შენთა, და შეზღუდენ იგინი ზეგარდამოითა შეწევნითა, და ანგელოსთა წესთა განძლიერებულნი, გალობად და დიდებად ყოვლადწმიდისა და უხრწნელისა სახელისა შენისა, დაიცვენ, სიმტკიცით ერი ჩუენი, და მტერთა მომართ მძლეობა სამარადისო მიანიჭე მას, გულისხმის-ყოფა და მშვიდობა შენი მიმადლე სოფელსა, და მიანიჭე ქუეყანასა ნაყოფთა უხვება, და ერსა საზრდელთა იაფობა, რათა განვსძღეთ გლახაკნი შენითა პურითა, და მარადის მადლობისა გალობასა შევსწირავდეთ შენდა, კაცთ-მოყვარისა ღმრთისა ჩუენისა, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

90-ე ფსალმუნი:

რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისვენოს. ჰრქვას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთასა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა. ბეჭთ-საშუვალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტება მისი. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი. ღაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯვენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ. ხოლო შენ თვალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გვემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა. რამეთუ ანგელოსთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი. ხმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი. დღეგრძელებითა განვაძღო იგი და უჩვენო მას მაცხოვარება ჩემი.

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

აღსარების შემდეგ წასაკითხი ლოცვანი

ჰე! ყოვლად მოწყალეო უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩუენო, მომიტევე ყოველნი აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლითაც შეგაწყინე ღმერთო ჩემო, რომელთა დასაბამნი აღგიარნე წინაშე შენსა.

ჰოი! ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო მარადის ქალწულო მარიამ, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რათა შემინდვნეს ყოველნი შეცოდებანი ჩემნი ვითარცა სახიერ არს, მოწყალე და კაცთმოყვარე.