სადიდებელ-სავედრებელი გალობანი

წმიდისა ნიკოლოზისა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედისა

ხმა 7

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრეთ ქრისტესა მეუფესა ღმერთსა ჩვენსა;
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა;

ფსალმუნი 50

მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განჰმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ. მიხსენ მე სისხლთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება მსხვერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხნი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად დასაწუელი; მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

ტროპარი

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი

მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

 

გალობა 1

ძლისპირი: რომელი შეეწია, ღმერთი, მოსეს ეგვიპტეს შინა განყვანებად ისრაილისა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელმანცა წარვლე ცხოვრებაჲ დიდებული ქვეყანასა ზედა, მადიდებელნი შენნი, მამაო ნიკოლოზ, მუნაჲსა დიდებისა ზიარ-ჰყვენ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოქცევასა შინა ბოროტთასა მცურვალენი და მსოფლიოთა განსაცდელთა ღელვათაგან გარეშეცულნი, გვაცხოვნენ ყოვლად სანატრელო, მამაო ნიკოლოზ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ხელი შეწევნისა მომცემელი მომეც მე, მამაო ნიკოლოზ, და მტერთაგან ხილულთა და უხილავთა მიხსენ მე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემოქმედი მსახურთა უნივთოთა იშვა შენ მიერ, ღმრთისმშობელო, სახილველ ქმნილად კაცთა მიერ, გამოუთქმელისათვის წყალობისა მისისა.

 

გალობა 3

ძლისპირი: რომელმან ცანი სიტყვითა დაამტკიცენ და საფუძველი ქვეყანისა დაამყარე წყალთა ზედა მრავალთა, დაამტკიცე გონებაჲ ჩემი ნებასა ზედა შენსა კაცთმოყვარე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელი შესწირავ ოხასა ყოვლისათვის სოფლისა, ყოვლისაგან იწროებისა და ჭირთაგან ურიცხვთა, გვაცხოვნენ ჩვენ, წმიდაო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

ვითარ იგი იხსნენ სულნი საპყრობილისაგან, ბოროტთაცა ჩემთა განხეთქენ საკრველნი და დამაგე ღმერთსა მეოხებითა შენითა, წმიდაო ნიკოლოზ,

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელნი ესე შემწედ ჩვენდა გხადით დღისი და ღამე, შესწირე უფალსა ლოცვანი ჩვენნი და დაგვიცევ მარადის, წმიდაო ნიკოლოზ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარწუხო, რომელმან ნაკვერცხალი საღმრთოჲ შეიწყნარე მუცელსა შინა შენსა და არა შეიწვი, დასწვენ ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო ცოდვანი ჩვენნი.

 

გალობა 4

ძლისპირი: ცანი შვენიერებამან შენმან დაფარნა, ქრისტე, რაჟამს არა ნატაცებად შეირაცხე სწორ ღმრთისა, არამედ იქმენ მსგავს კაცთა, რომელნი იტყვიან: დიდება ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შავგამოაჩინე სიბრძნითა შენითა, მამაო ნიკოლოზ, გონებაჲ არიოსისი წვალებითა დაბნელებული და მის მიერ შეცთომილნი განანათლენ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განჰკურნენ მრავალნი წყლულებანი ჩემნი, ღმრთივ მისათვალველითა ლოცვითა შენითა, ღმრთივ-სანატრელო, მამაო ნიკოლოზ, და გონებაჲ ჩემი დაბნელებული განანათლე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან მოაკვდინენ მღერანი ვნებათანი, მომკვდარი ვნებათაგან მეოხებითა შენითა განმაცხოველე და განმაახლე, ყოვლად სანატრელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უჟამოსა, რომელი ჰშევ ხორცითა, ევედრე მრავალ ჟამეულთა ბოროტთაგან ჰხსნად ჩვენდა, მგალობელთა შენთა, ყოვლად უბიწოო.

 

გალობა 5

ძლისპირი: აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ-ხარ და ბრძანებანი შენნი კურნება იქმნნეს მონათა შენთა, კაცთმოყვარე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განზრახვანი მარადის ჩვენ ზედა აღდგომილთა უგუნურთა კაცთანი, მეოხებითა შენითა ცუდ-ჰყვენ, მამაო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

განხეთქენ საკრველნი ბოროტთა ჩვენთანი მეოხებითა შენითა და შეჰკარ მძვინვარებაჲ სულთა წარმწყმედელისა გველისა, ნიკოლოზ, ყოვლად წმიდაო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარადის გონებითა მცოდველნი და მრავლითა სიბოროტითა შეპყრობილნი, მამაო, გხადით შენ მხურვალესა შუამდგომელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარიამ, დედუფალო ყოველთა დაბადებულთაო, მტერისა მისგან, რომელი ეძიებს ურცხვინოდ დამონებად მდაბალსა სულსა ჩემსა, ღმრთისა მშობელო, განმათავისუფლე მე.

 

გალობა 6

ძლისპირი: ღაღადებდა მუცლით-გამო ჯოჯოხეთისათ იონა, აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხოვრებაჲ ჩემი, ხოლო ჩვენ შენდამი ვღაღადებთ: ყოვლად ძლიერო მაცხოვარ, შეგვიწყალენ ჩვენ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დაარღვიე სიკვდილისა იგი მსჯავრი უმსჯავროჲ და აცხოვნენ წყალობითა შენითა, მამაო ნიკოლოზ, სიკვდილად გულვებადნი, ვითარცა მხურვალემან შემწემან მწოდებელთა შენთამან.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

დააყუდენ უძლურებანი სულთა ჩვენთანი, და დაჰყვენ პირნი ამაოდ აღხმულნი მოყვარეთა შენთა ზედა, ჰოი, მწყემსო უსამღვდელოესო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

საძოვარი იგი ყოვლად მწარეჲ ბოროტმსახურებისა არიოზისი აღსპე, მამაო ნიკოლოზ, და აღებითა სიტყვათა შენთათა მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცეჲ, მღვდელმესაიდუმლეო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ, ყოვლად უბიწოო, უკურნებელად ლმობილი საცთურითა სოფლისათა უბადრუკი ესე სული ჩემი, გარეშეცული მრავალთა მიერ ცოდვათა.

 

გალობა 7

ძლისპირი: სახმილსა რა ცეცხლისასა შეითხივნეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცვარად გარდააქციეს და ძლევა შემოსილთა ესრეთ ღაღად-ჰყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

რომელი ეგე იქმენ შვენიერებაჲ ეკლესიისა, ყოვლად ბრძენო ნიკოლოზ, ყოვლისაგან ვნებათა უპატიოთასა მიხსენ მე, მეოხმან მარადის ყოვლისა სოფლისა ქველისმოქმედისა მიმართ, მღვდელთმთავარო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

წვიმითა ლოცვათა შენთათა, მღვდელთმთავარო, ბრძენო ნიკოლოზ, დაათრვენ გულნი ჩვენ ყოველთანი, რათა გამოვიღოთ ნაყოფნი ღირსნი სინანულისანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განანათლენ გულის სიტყვანი ჩვენნი ლოცვითა შენითა, სარწმუნოებით აღმსთობილთა და მადიდებელთა ღმრთისათა, რომელმან დაარღვიენ ლოცვითა შენითა ტაძარნი არტემიდისნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი ენა სარწმუნოებით გადიდებს შენ, წმიდაო, დიდებასა და სიქადულსა ნათესავისა ჩვენისასა და წინამძღვარსა შეცთომილთასა, ღმრთისმშობელო, ყოვლად სანატრელო.

 

გალობა 8

ძლისპირი: სახმილსა შინათა ყრმათა შემწყნარებელთა სულიერისა ცვარისათა მიბაძვითა ვჰხმობდეთ სარწმუნოებით: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მირონ ქალაქსა შინა, მირონსუნნელი გვამი შენი მდებარე, ყოვლად წმიდაო ნიკოლოზ, მირონსა აღმოუცენებს მისდა მილტოლვილთა და დააყუდებს უძლურებათა კაცთასა.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შემწედ მირონ-ქალაქისა გამოგაჩინა შენ სოფლისა შემოქმედმან და უფალმან, რომლისათვისცა შემწედ ეპოები მათ, რომელნი გხადიან შენ, იწროებათა შინა მხსნელი ეგე უგანმზადებულესი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არავინ არს, რომელი გხადოდეს შენ ჭირთა შინა, და არა ჰპოვოსმცა მსწრაფლ ნუგეშინის-ცემაჲ, ამისთვის გევედრებით: ყოველნი ტკივილნი ჩვენნი აღასუბუქენ, მამაო ნიკოლოზ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიგალობს შენ ყოველი ენაჲ და გადიდებს, ქალწულო, ღმრთისა სძალო, რამეთუ ჰშევ ღმერთი ყოვლად საგალობელო, რომელსაცა ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთა.

 

გალობა 9

ძლისპირი: უაღრეს ბუნებისა დედასა და ქალწულსა ბუნებით მხოლოსა დედათა შორის, კურთხეულსა ღმრთისმშობელსა, გალობით ვადიდებდეთ მორწმუნენი.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შედგომილმან საქმეთა საღმრთოთა მოციქულთასა, დასაჯდომელიცა იგი მათი დაიმკვიდრე, ვითარცა მღვდელმთავარმან პატიოსანმან, ღირსად დიდებულო ნიკოლოზ.

წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

შენ, ვითარცა საღმრთოჲ მოშურნეჲ და შემწე დიდი ყოველთა მხურვალედ მომწოდებელთა შენთა, გამოგაჩინა ყოველსა შინა სოფელსა შემოქმედმან ყოველთამან, ნეტარო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შემუსრვილითა გულითა გიგალობთ შენ, მამაო, გვექმენ ჩვენ ნუგეშინისმცემელ ჭირთა შინა და განსდევნენ მარადის მწუხარებანი სულთაგან ჩვენთა, მამაო ნიკოლოზ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იტვირთავ უკვე მტვირთველსა ყოველთასა წმიდათა მიერ ხელთა შენთა, რომელსა ევედრე, წმიდაო ღმრთისმშობელო, უცხოსაგან ბოროტის მოქმედებისა უვნებელად ცხოვრებად ჩვენდა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა, უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა, და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.