პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა, აბო ტფილელისა

ევედრებიან ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა
მანქანებათაგან თავდასახსნელად, აგრეთვე ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა განსაკურნებელად

სავედრებელი პარაკლისის სქემაში ჩავსვით წმ. კირიონ კათალიკოსის მიერ გამოცემული „გალობა სავედრებელი წმიდისა დიდისა მოწამისა აბოისი“. საგალობელის შედგენისას მას უსარგებლის მიქაელ მოდრეკილის X ს-ის კრებულით -„ჰიმნები“, რომელიც საწელიწადიო იადგარის განვრცობილ რედაქციას წარმოადგენს. მასში 7 იანვრის თარიღისთვის მოთავსებულია წმ. აბოს დღესასწაულის განგება, რომელშიც შედის სამი სხვადასხვა „გალობანი“ (“კანონი“): I ეკუთვნის X ს-ის მწერალ-ჰიმნოგრაფ იოვანე ქონქოზის-ძეს, II - X ს-ის მწერალ-ჰიმნოგრაფ სტეფანე სანანოის-ძეს ჭყონდიდელს, ხოლო III - პ. ინგოროყვას გამოკვლევით VIII-IX საუკუნეების დიდ საეკლესიო მოღვაწეს - წმ. გრიგოლ ხანძთელს. წმ. კირიონს ძირითადად სტეფანე ჭყონდიდელს „გალობანი“ გამოუყენებია. წმ. კირიონის მიერ გამოკრებული „საგალობელი“ შევაჯერეთ დედანთან და მცირეოდენი ცვლილებები შევიტანეთ.

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი 5

გიხაროდენ გამორჩეულო, მაღლისა მიერ ღმრთისა მამისა, და ძისა, მხოლოშობილისა მიერ წოდებულო; სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უხორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო; მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო; ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გიხაროდენ გამორჩეულო, მაღლისა მიერ ღმრთისა მამისა, და ძისა, მხოლოშობილისა მიერ წოდებულო; სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უხორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო; მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო; ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტვილთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4

ძლისპირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისაი, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯუარის სახედ ძალი იგი ამალეკისაი უდაბნოს დასცა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იესო ღმრთისა სიტყუაო, მასწავენ ჩუენ სიტყუაი სიბრძნისაი ქებად ნათლისღებასა წმიდასა შენსა და ღირსად გალობად უძლეველთა ღუაწლთა მოწამისა აბო, კეთილად მოღუაწისაითა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელიცა განშიშულდა დღეს იორდანესა შინა ხორცითა, სანატრელმან მოწამემან აბო მისთვის განიძარცუა ძუელი კაცი საქმითურთ, და შეიმოსა ძალი ქრისტეისი.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოველნი თესლნი მოვედით მკვიდრთა თანა ქართლისათა დღეს, და იხილეთ ღუაწლისა მძლეი აბოი, განშუენებული ბრწყინვალედ სისხლითა წამებისაითა, ღირსად გალობით მას უგალობდეთ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

სამ ნათელსა სამებასა თაყუანისეც ნათლისღებითა, სისხლითა, ცეცხლითა და სულითა, დიდებულო მოწამეო აბო, და ჰმეოხებ სულთა ჩუენთათვის.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

დედასა ნათლისასა შეჰვედრე სული შენი, მოწამეო, სიყუარულისათვის ძისა მისისა სისხლისა დამთხეველმან, აბო დიდებულო.

 

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: იხარებს ეკლესიაი შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასოი ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მაცხოვრისა თანა ნათელსიღე, შთახედ რაი ემბაზსა ღუაწლისასა, ვითარცა მხსნელი ჩუენი იოარდანესა, და სისხლისა დათხევითა განჰბანე გუამი შენი, რაჟამს დაიკალ უწყალოდ მახვილითა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სისხლითა შენითა, ვითარცა ძოწეულითა, შეამკევ ეკლესიაი წარმართთაი, მხედარო ქრისტეისო, უძლეველო, და შეჰკრიბენ მას შინა ერთობით ყოველნი მგალობლად ღუაწლთა მათ შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

არცხვინე, ნეტარო, ნაშობთა მათ მხევლისაითა უღმრთოთა და დაუყუენ პირნი მათნი მგმობარნი საღმრთოითა მით სიბრძნითა ზეგარდამოითა, რაჟამს ჰქადაგე სამებაი ერთ-ღმრთეებაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

შენ გევედრებით, დედაო ღმრთისაო, მეოხებითა წმიდისა მოწამისაითა, საფარველსა შენდა მოლტოლვილნი მარადის განგუარინე საცთურისაგან მტერისაითა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, დიდო მოწამეო აბო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო მოწამეო აბო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტეისმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასასათვის და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი... განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 8

შემდგომად ყოვლად დიდებულისა ქრისტეის განცხადებისა, მოიწევა წმიდაი სახსენებელი შენი, ვითარცა რაი საწუთოისა მის კრებისა შემდგომი კრებაი, წლითი წლად ბრწყინვალედ მოწევნული, მხედარო ქრისტეისო, უძლეველო აბო, ამისთვის შემოკრებულნი ესე სულიერად მას შინა დიდებისვმეტყუელებთ ღმერთ-სა ყოვლად ძლიერსა, რომელმან გამოგირჩია შენ, ვითარცა ვარდი სულნელი, და მოწამედ თვისად გამოგაჩინა, და გვირგვინითა ძლევისაითა შეგამკო, და ესრეთ გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისაითა.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: იხილა რაი ეკლესიამან მზეი სიმართლისაი ჯუარსა ზედა ამაღლებულად, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიყუარულისა საკრველმან შეკრა გონებაი მოწამისაი, მოთმინებად სატანჯუელთა ურიცხუთა, რომლითაცა დაამხუა, სიქადული უღმრთოთაი.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შფოთი დაუტევე მამულთა მათ მედგრობათაი და ქრისტესა შეუდეგი, წმიდაო, და ვნებათა თავსდებითა ემსგავსე მას, ნეტრეულო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უცხო იყავ და სტუმარ, სჯულითა საღმრთოითა, მხნეო მოწამეო, არამედ მოისწრაფე და სახლეულ იქმნენ მცნებათა მისთა, ღირსო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

შეუდეგ ხმასა ღმრთეებისასა და მცნებაი მისი აღბეჭდე, გულსა შენსა, წმიდაო აბო, ევედრე მას მოტევებად ბრალთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მშობელო დაუვალისა მზისაო, ქალწულო მარიამ, მეოხებითა სანატრელისა მოწამისაითა დაგვიცვენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, შეიწრებასა მწარესა მიცემულნი.

 

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანის-გცემენ.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შენ, უფალო, იორდანეს განაქიქე მაცთური, შენვე განამტკიცე გული მოწამისა აბოისი, რომლმანცა აღგიარა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პყრობილ იქმნენ ძვირის მოქმედებრ, აბო სანატრელო, არამედ გამოიხსნიდი სულთა მიმძლავრებულთა მტერისაგან ბოროტისა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათლისღებაი სამი მოიგე, მოწამეო, წყლითა, სულითა და სისხლითა და შემდგომად ცეცხლითა გამობრწყინდა ღუაწლი შენი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მარხვითა განიკაფე შენ დიდისა ანტონის მსგავსად, წმიდაო აბო, და მოაკუდინენ ხორცნი და ღირს იქმენ წამებისა გვირგვინსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

წინა გიძღოდა ქალწული მარიამ გზასა ქართლად მყვანებელსა და გყო მოძღუარ ერისა მორწმუნისა, ნეტარო აბო, ამისთვისცა ნუ დააცადებ ოხასა მაქებელთა შენთათვის.

 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღაღადებდა წინასწარმეტყუელი იონა უფსკრულით გამო და მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისაი და იტყოდა: მიხსენ განხრწნისაგან, იესუ, შენ, მეუფეო ძალთაო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღაღადებდა კადნიერად სანატრელი აბო და ეტყოდა უსჯულოთა ისმაიტელთა: განმეშორენით მე, ჰოი, უკეთურნო, და გამოვიძინე ღმრთისა მცნებანი.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განშიშულდი შენ, სათნოებათა მოგებითა, ღირსო, და ჰყუაოდე გვირგვინითა მოღუაწებისაითა სრულითა და ესრეთ ხმა ჰყავ, მხნეო: სასო ჩემდა არს ქრისტე ღმერთი.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღუაწლსა სრულსა მხნედ გამოჩნდა მოწამე აბო და აღავსო ეკლესიაი სურნელებითა ნელსაცხებელთაითა და წმინდა ყო ერი - მადლითა საღმრთოითა გამორჩეული.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა ნეტარი აბო და სიხარულითა ადიდებდა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

ვითარცა გიხაროდენი ქალწულმან, ეგრეთ შეიწყნარე ხმაი ზეციერი ვნებათათვის შენთა, და ვითარცა ტარიგი ქუეყანით, შეეწირე ტარიგსა უკუდავსა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, დიდო მოწამეო აბო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო მოწამეო აბო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმაი 4

დღესასწაულობს დღეს ეკლესიაი, პატიოსანსა ხსენებასა შენსა და შემოჰკრებს შვილთა ემბაზისაითა, შენისა მის ღუაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თუალო მოწამეთაო აბო.

იკოსი, ხმაი 4

აღახუენ ბაგენი ჩემნი უხმონი, და ენაი ბრგვილი მეტყუელ ყავ შესხმად შუენიერისა ღუაწლისა შენისა, რამეთუ შემოკრებული ერი ქართველთაი ძნობით ხოროსა განაწყობენ და შენ მოწამისა ყოვლად ჭეშმარიტისა საკვირველებათა ზოგად მიუთხრობენ, აწცა შეწევნად ნუ დააცადებ ხსნად კუეთებისაგან წინააღმდგომთა ჩუენთასა, თუალო მოწამეთაო აბო.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7

იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.

მუხლი: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარება მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყუანნეს თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ ნუ ზრუნავთ ვითარ, ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდეს თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან შვილი, და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდნენ მათ და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ყოვლად ქებულისა დიდ-მოწამისა აბოისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი, ხმა 1

გამოჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებლად ქართლისა, ნეტარო, და ღუაწლი შენი უფროის ნათელსა მზისასა ბრწყინვალედ გამოჩნდა, სახედ ელვისა, ბრძენო, საცნაურად სამყაროთა ზესკნელისათა სახილველად, ყოველთა კიდეთა ცისათა, რაჟამს ხატ ექმენ უფლისა ნათლისღებასა და განშიშულებული შთაჰხედ ემბაზსა ნათლისასა და ორგზის ნათელ იღე, წყლითა და სისხლითა, მხნეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მა-რიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქი-სითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა მთავარმოწამისა ბიძინასი და მოწამეთა შალვა და ელიზბარი ქსნის ერისთავთაითა; მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: იოვანე, თორნიკ-იოვანე, ეფთვიმი, გაბრიელ და გიორგი მთაწმინდელთა და ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებე-ლთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი, მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის, შეითხინეს და ალსა მას ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოიძულე შენ, სიცრუვით შეთხზული იგი ისმაიტელთა მოძღურებაი და შეიყუარე ქრისტეის მცნებაი და სიხარულითა ღაღადებდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ, ნეტარო, კეთილად შემზავებელ ნელსაცხებელთა სულნელთა და დაუტევე მსწრაფლ და მიხუედ სურვილით ქრისტეს ნელსაცხებელთა კუალსა და ჰრბიოდე, მსგავსებითა ვნებათა მათ მისთაითა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გეტყოდა მძლავრი ლიქნით: რაისა დაუტევე სჯული ჩუენი და წინა აღუდგები შენ სჯულითა მით, რომელი არა ვისწავეთ ჩუენ, და აწ განიკაფოს გუამი შენი მრავლითა სატანჯუელითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

არად შეჰრაცხე განრისხებაი მათი, ნეტარო აბო, არცა ყოვლად ზარგანხდილ იქმენ, რამეთუ გიყუარდა ქრისტეი და განხურვებული შურითა საღმრთოითა კუალსა მისსა მოსწრაფედ შეუდეგ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობელო ქალწულო, წმიდაი აბოი გევედრების: დაიცევ ერი მორწმუნეი ყოველთა ზედა მოსლვისაგან მტერთაისა და ძლევაი მოჰმადლე ერსა ჩუენსა.

 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მხსნელოო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს-იგი შეაცურიე, სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით დღეს საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სოფლისა დიდებაი და საშუებელი შეურაცხ-ჰყავ, მხნეო, ღუაწლისა მძლეო, და შეიყუარე შენ ქრისტე და აწ მისთანა მკვიდრ ხარ, მეოხ გვეყავ, რომელნი გევედრებით, სანატრელო.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გაქუნდა საჭურველად ჯუარი ქრისტესი, მტკიცე სასოებაი და სიყუარული, და სარწმუნოებითა მით განსძლიერდი და ხმა-ჰყავ: აკურთხევდით ღმერთსა საქმენი მისნი.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხრიდეს თავთა გულის წყრომით ღმრთის მბრძოლნი იგი აბოისთვის და ეტყოდეს მსაჯულსა: მოკალ განდგომილი იგი და შემა ჩუენებელი მუჰმედ მოციქულისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

განჰბრწყინდი შენ სულითა, მხნეო, აღანთენ სანთელნი და ჰგალობდი, ვითარცა შემწირველი, საკუერთხთა უბიწოთაი მღდელი მგალობელი და თავსა თვისსა სიხარულითა მოგზაურ ექმენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მსხუერპლად საზეპუროდ შეიწირა წმიდაი აბოი, სიყუარულისათვის ძისა შენისა, ქალწულო მარიამ, მისითა მეოხებითა სატანისა მახეთაგან დაიფარენ ქუეყანაი ივერიისაი.

 

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შობაი შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული, კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ყოველნი გადიდებთ.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დავითისა ხმასა ღაღადებდი, აბო, და ნეტარისა მის ავაზაკისა თანა ჰხმობდი ძლიერად: „მომიხსენე, მხსნელო, სასუფეველსა!“. აწ მეოხ გუეყავ მგალობელთა შენთა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძისა აღმსარებელი, მამისა მადიდებელი, მაქებელი სულისაი მოშურნეთა ხელითა დაიკალ, ვითარცა კრავი, და შეიწირე მსხუერპლად ღმრთისა, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

წმიდაო, დიდო მოწამეო აბო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჟამს მოვიდეს ტკბილი იგი მსაჯული და დაჯდეს საყდართა სუფევისა მისისათა, მოწამეო, მაშინ ევედრე მას, ჩუენ მგალობელთათვის შენდობად ბრალთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მოუძლურდა ენაი მითხრობად ღუაწლთა შენთა, წმიდაო, რამეთუ ებაძვე პირველთა მოწამეთა სისხლთა დათხევითა, და მათთანა იხარებ სასუფეველსა, მხნეო, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა მშვიდობისასა სავანეთა მათ მიმართ საწადელთა, ნეტარო აბო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ

წინაშე ძისა შენისა, ქალწულო, ჰღაღადებს სისხლი წმიდისა აბოისი. შეისმინე ოხაი მისი და შემოგვიკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

აგარის ნათესავთა, ძირთა მათ უნაყოფოთა, ნერგთა მათგან ეკლოვანთა, ვითარცა ვარდი შუენიერი ფერითა მეწამულითა, გამოჩნდი, აბო, და ნელსაცხებელთა წილ, სხურებითა სისხლთაითა სულნელ-ყავ ეკლესიაი ქართველთაი, რომელსა შინა იქება მადლი შენი და ოხითა შენითა ღმრთისაგან, ყოველთა მოგუენიჭების წყალობაი.

ჰოი, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, რომელმან ჰქადაგე წმიდაი და დიდებული სახელი მისი წინაშე მძლავრთა და შინებათა და ტანჯვათა მათგან არა შესძრწუნდი, აწცა ევედრე მას, მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა და საფრხე-თაგან ეშმაკისაითა, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

განწყობილსა შორის ანგელოზთასა და დასსა წმიდათა მოწამეთასა განბრწყინვებული იხარებ, სანატრელო აბო, აწ ევედრე ქრისტესა, რაითა განაქარვოს და განსდევოს ხდომაი და მძლეობაი ყოველთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, რომელნი მცბიერებითა აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და სულთა და ხორცთა კურნებაი მიანიჭოს მგალობელთა შენთა.

ვითარცა ძუელად აჩუენე საკვირველი მფარველობაი შენი და ურიცხუთა ჭირთა ტფილელთასა მრავალ-გზის დამხსნელ იქმენი, ეგრეთვე აწ გარე წარაქციე, ღირსად ჩინებულო, ნეტარო აბო, ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და დაიცევ საზეპუროი ერი ჩუენი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, სძალო ღმრთისაო მარიამ, ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი შენ გადიდებენ, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, სახიერო დედოფალო, ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობით უფალსა უღაღადებთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხვაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, აბო ტფილელო! ზეგარდამო ღმრთისა მიერ პატივცემულო და უხორცოთა ძალთა მიერ შეწყნარებულო, მარტვილთა შორის საჩინოო, მარხვისა და ლოცვისა სუეტო მტკიცეო, მოთმინებისა შეურყეველო გოდოლო, გლახაკთა ნუგეშინისმცემელო და ჩუენ ყოველთაგან სულიერთა და ხორციელთა მტერთა განმდევნელო, სნეულთა მკურნალო, მშიერთა საზრდელო, მწყურვალთა სასუმელო, მწუხარეთა მხიარულებაო, სასოწარკვეთილთა სასოებაო, უპოვართა ბრწყინვალეო სამოსელო, ცოდვილთა სინანულო და ყოველთა შენთა მვედრებელთა მსწრაფლ შემწეო და თხოვათა აღმასრულებელო!

ჰოი, ყოვლად ქებულო, დიდო მოწამეო აბო! სიქადულო ერისა ჩუენისაო და მცველო ტფილის-ქალაქისაო, მოგვიხსენენ წინაშე ღმრთისა, და ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, ერი ჩუენი განსაცდელთაგან და ჭირთაგან შეცული იხსენ ოხითა შენითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთაი და სული ძუელისა პატიოსნებისაი, ძმათა ერთსულობაი, მორჩილებაი მამათაი და სული მამაცობისაი განდრეკილ იქმნა ჩუენგან. ნაცულად ამისა შევიყუარეთ ამსოფლიური განცხრომაი, დავსტკბით გემოთმოყუარებასა შინა, გულნი ჩუენნი აღივსნეს ანგარებითა და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარეთა, განდგომილთა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. ამისთვის სიყუარული იგი ქრისტეისი ჩუენდამო და სარწმუნოებაი ჩუენი მისა მიმართ კუალად განაახლე და მოგუეც საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სიმართლისა სიყუარული და მხნეობაი სულისაი, აღგვავსენ საღმრთოითა მღვიძარებითა და მოგუანიჭე ცხორებისა სიწმიდეი და შიში ღმრთისაი. ევედრე, სანატრელო, შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საბრხისაგან და ძმათა მტერობისაგან, და წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა, და ნუ მისცემს სამკვიდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. მცხინვარებითა სიწმიდისა შენისაითა აცხოვნე, განაბრწყინვე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განანათლენ ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი; ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი პატიოსნითა მეოხებითა დაიცუენ.

ჰოი, ჭეშმარიტო და ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო, აბო ტფილელო! შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათასა და დაგვიფარენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა აღძრვისაგან და მოსლვისა უცხო თესლთასა და თვისთა შორის ბრძოლისაგან, უცნაურისა სიკუდილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისა სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, და ყოვლისაგან ბოროტისა. მოგუეც მშვიდობაი და სიმრთელეი მონათა და მხევალთა ამათ შენთა ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა. განანათლენ გონებაი ჩუენი და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაითა კეთილითა ცხორებითა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა. ნუ დააცადებ, ღუაწლისა მძლეო, მეოხებასა შენსა მვედრებელთა შენთათვის, რომელნი წლითი-წლად მოვივლტით ქებად, გალობად და თაყუანისცემად სამარტვილოისა შენისა! ნუ დააცადებ მეოხებასა შენსა წინაშე შემოქმედისა ყოველთასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს. გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა ერმან ქართველთამან, ღუაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო აბო ტფილელო, სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლვილთაო და მადლმოსილო მკურნალო სნეულთაო, აწ ნუ დააცადებ ოხასა ჩუენთვის, არამედ მვედრებელთა შენთა წყალობითა მოგვხედენ, და გვიხსენ სულთა და ხორცთა სენთა და სალმობათაგან, ყოვლად ქებულო, და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

სანატრელო მოწამეო აბო, მოხედენ ვედრებასა მონათა და მხევალთა ამათ შენთასა და გვიხსენ ჩუენ საბრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუარებათაგან კაცთაისა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი