პარაკლისი ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენს შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩუენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამენ.

უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

ფსალმუნი 142

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა; და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჲს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო;
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

ტროპარი, ხმა 8

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

(იგივე ტროპარი)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

ფსალმუნი 50

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განმწმიდე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჴოცენ. გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, სძლისპირი

ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კვერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღვაჲ მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ნათლითშემოსილისა და საღმრთოჲსა ხსენებისა შენისა სურვილით მედღესასწაულესა, გარდამომივლინე მე ნათელი, რომელი მდგომარე ხარ წინაშე ქრისტესა, ნათლისა მის მიუწთომელისა, ვითარცა ყოველთა მსოფლიოთა განსაცდელთაგან მხსნელმან ჩემმან ღირსო.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეგვიპტედ წარსრული, ხორცითა გარეშეუწერელი, და პირველსაუკუნეთა ღმერთი, ეგვიპტით გამოგაჩინებს შენ ყოვლად ბრწყინვალესა მაგას ვარსკვლავსა, ყოველთა პირველ ყოფისა მცნობელი უფალი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა მცნობელმან საღმრთოთა მცნებათამან, პატიოსანო, საღმრთო ხატებაჲ ღმრთისა შეგინებულ ჰყავ, ხოლო საღმრთოჲთა ცნობითა კვალად განსწმიდე ყოვლადქებულო, განღმრთობილმან საღმრთოჲთა მით მოქმედებითა შენითა ღირსო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ჰოჲ, მრავალსა მას სახიერებასა შენსა ღმერთო ჩემო, ჰოჲ, გამოუთქმელსა შენსა გარდამოსვლასა, რამეთუ პირველად მეძავმყოფი, დედისა შენისა ვედრებითა, წმიდად და უბიწოდ ანგელოსთა ცხოვრებისა მიმსგავსებულ ჰყავ.

გალობაჲ 3, სძლისპირი

განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყვარე.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბჭეთა მიმართ წარწყმედისათა მიახლებულსა მოქმედებითა უადგილოჲთა, ბჭეთა ჯოჯოხეთისათა შემმუსრველი, პირველ საღმრთოჲთა ძალითა თვისითა, ბჭეთა სინანულისათა განგიღებს შენ ყოვლად პატიოსანო, რომელიცა თვით არს ბჭეჲ ცხოვრებისაჲ.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საჭურველთა ცოდვისათა გრძელმომთმინედ მყოფი პირველ, საღმრთოჲსა ჯვრისა საჭურველისა თაყვანისცემითა, გამოსჩნდი საჭურველ ყოველთა ზედა ეშმაკთა, და ყოველთა ღონეთა მათთა მძლეველ, კეთილნაწლევო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სახსრად ყოველთა სისხლისა თვისისა დამთხეველმან პირველ, საბანელითა ცრემლთა შენთათა, წმიდა გყო შენ და გიხსნა, კეთროვნებისაგან ბოროტთა უძლურებათა და უკეთურთა საქმეთასა, რომელიცა ყოველთა არსებისა მომცემელ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

უმაღლეს ყოველთასა გყო შენ სიტყვამან ქალწულო, რამეთუ სიტყვა მამისა შენ შორის დაემკვიდრა ღმრთივშვენიერად, რომელი ყოველთა შეცოდებულთა შეცოდებისა ხსნისა მომცემელ არს სიტყვითა მით საღმრთოჲთა.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

წარდგომა, ხმა 8

განცხრომასა ყოველსა ხორციელსა აღვირასხენ ტკივილითა მმარხველებრივითა, და მხნედ გამოაჩინენ სულისა შენისა ბრძნობანი, რამეთუ სახესა ჯვრისასა ხილვად გსუროდა შენ და თავი შენი, მარადის სახსენებელო, ჯუარსაცუ სოფლისა მიმართ, რომლისათვის მეშურნედ უბიწოჲსა ცხოვრებისა შენისა აღადგინე თავი შენი, ყოვლად სანატრელო მარიამ ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, პატივისმცემელთა სურვილით წმიდისა ხსენებისა შენისათა.

 

გალობაჲ 4, სძლისპირი

შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინასწარმეტყველისა ამბაკუმის თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყვარე.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა შემოქმედმან კაცთა ბუნებისამან, ვითარცა წყარომან მოწყალებისამან, და სახიერებისა სიმდიდრემან, შეიწყალე კაცთმოყვარე მოლტოლვილი შენდა, და მოჰსტაცე იგი მხეცსა მას წარმწყმედელსა.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხილვად ჯუარისა მოსწრაფე, ნათლითა ჯუარისათა განათლებულ იქმენ მარიამ და ჯუარისა აღმღებელი საღმრთოჲთა წამისყოფითა, ჯუარსეცუ სოფლისად ღირსო საკვირველო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ბოროტთა მიზეზთა პირველად და შვებათა უკეთურთა მრავალთა შინა მყოფი, ვითარცა მზე აღმობრწყინდი აწ და ყოველთა შეცოდებულთა წინამძღვარ გამოსჩნდი, ღირსო დედაო ყოვლად ქებულო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ზესთა აღჴედ გონებასა ზეციერთასა, რამეთუ ჰშევ შენ უბიწოო ცათა მფლობელი, მეუფე ყოველთა გარეგან სჯულთა ბუნებისათა ღმერთი იგი სჯულისა მომცემელი, დამბადებელი ყოველთა და შემოქმედი.

 

გალობაჲ 5, სძლისპირი

რაჲსათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყვდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მხილველი ძველად მოსე საიდუმლოდ ზურგით ღმრთისა, მომხმელი წერილისა მის ყოვლად დიდებულისა საშინელისა საიდუმლოჲსა იდიდა, ხოლო აწ მანანა შემწყნარებელისა ტაკუკისა ყოვლად უხრწნელისა ხატისა მხურვალედ შევრდომილი მარიამ ანგელოზთა ცხოვრებისა შემმოსელ იქმნა.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სახლსა შვენიერებისა შენისასა მოყვარულმან ხილვად ფსალმუნისაებრ და ადგილისა საყოფელისა დიდებისა შენისამან, ტაძარი შენი შეგინებულ ვყავ ქრისტე, არამედ ვედრებითა ტაძრისა შენისა მამაკაც გამოუცდელისათა, ტაძარ მყავ მე ყოველთა შემოქმედისა სულისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ასონი ხორცთანი თვალთა მრავალთა მომნადირებელნი, შვებათა მოკლებითა ეშმაკთა შესაჭმელ ჰყვენ ნეტარო, მონადირებულ რა იქმენ პატიოსნისა მის ჯუარისა საღმრთოჲსაგან მადლისა ჭეშმარიტად და იქმენ ტკბილ სანოვაგე ქრისტესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

განსწავლულმან გუნდმან წინასწარმეტყველთამან, ღმრთისმეტყველეს საიდუმლოჲ შენ შორის მყოფი, ყოვლად წმიდაო, და პირადპირადითა სახითა წინათ გთქვეს შენ, ხოლო აწ მანანა-შემწყნარებელისა მაგის ტაკუკისა, ხატსა ყოვლად უხრწნელსა, თავსმდებელსა ცოდვილთასა ღმრთისა მიმართ შეგივრდა მარიამ.


გალობაჲ 6, სძლისპირი

მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხარებენ მარიამ მხედრობანი ანგელოსთანი, ჰხედვენ რა შენ შორის, სწორსა მათსა ცხოვრებისა ყოფასა, და დიდებასა შესწირვენ უფალსა.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განკრთების ეშმაკთა მედგრობა დაბნელებული ძლიერად თმენასა შენსა ზედა, რამეთუ ყოვლად დიდებულმან მდედრომან შიშველმან და მხოლომან ჰსძლე მათ სანატრელო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აღმობრწყინდი ვითარცა მზე, მარიამ, ყოვლად ქებულო, და უდაბნოჲ განანათლე მრავლითა საკვირველებითა, ვინაჲ მეცა ნათლითა საღმრთოჲთა მცხინვარე მყავ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ანგელოსნი განათლდეს ნათლითა შობისა შენისაჲთა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ მოეფინა და სათნოებაჲ კაცთა შორის იღაღადა ქალწულო.

 

გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

კონდაკი

მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა, დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა ,ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯუარისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად, მარიამ დიდებული.

 

წარდგომაჲ ფსალმუნი დავითისი: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა, ღმერთი ისრაელისა.
მუხლი: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა

 

სახარებაჲ ლუკასი
[7; 36-50]

მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი? მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე. და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა; ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს? ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისაჲთა მოწყალეო აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლეჲ.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

სახედ სინანულისად გვაქუ შენ, ყოვლად სანატრელო დედაო მარიამ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ყოველთა მოგვანიჭოს ნიჭი კეთილი და სურვილით და სარწმუნოებით მარადის გალობით გადიდებდეთ შენ.

 

გალობაჲ 7, სძლისპირი

ყრმათა ღვთისმსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროისასა და მით სახმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლადუდიდესი მამათა შორის, მისრული უდაბნოდ ბრძენი ზოსიმე, ღირსქმნილი ხილვად ღირსისა დედისა ღაღადებდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რაჲ არს მამაო საქმეჲ ესე უცხოჲ ყოვლისა კეთილმოქმედებისა, რამეთუ ხილვად მოსრულ ხარ ჩემ მდედრისა ამის, ეტყოდა ღირსი ბერსა მას, და ჴმობდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მომაკუდინებელი სანატრელო აღძვრათა ვნებათა შენთასა, მიწევნილ ხარ აწ უვნებელისა მიმართ ნავთსაყუდელისა, მჴმობელი, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მუცლად-იღე გამოუთქმელად, ქალწულად დადგრომილმან უბიწოო და ჰშევ მაცხოვარი სოფლისა ქრისტე ღმერთი ჩუენი, ამისთვის შენ ყოველნი მორწმუნენი გალობით გადიდებთ.

 

გალობაჲ 8, სძლისპირი

შჳიდ-წილ აღაგზნა სახმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ჰყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიღრმით გულისათ გამოგიძია, პირველ ყოველთა ყოფისა წინა მცნობელი ჩუენი და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა დამტევი, მოივლტოდა შენდა მომართ მაცხოვარ, შენისა კაცთმოყვარებისად დაუდუმებელად მჴმობელი, ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოჲ ცვალებასა მას პატიოსანსა, და უმჯობესისა მიმართ გარდაცვალებასა შენსა პატიოსანო, ჰოჲ სიყვარულსა საღმრთოსა და მოძულებასა ხორციელთა გემოთასა, ჰოჲ სარწმუნოებასა შენსა მხურვალესა და საღმრთოსა, ყოვლად-ქებულო მარიამ, რომელსა ვაქებთ სარწმუნოებით და აღუამაღლებთ ქრისტესა უკუნისამდე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰპოვე სასყიდელი ტკივილთა და შრომათა შენთა მოსაგებელად, პატიოსანო მარიამ რომლითა დაამხუ მტერი იგი მკულელი კაცთაჲ და აწ ანგელოსთა თანა მჴმობელი გალობითა დაუდუმებელითა უგალობ და აღამაღლებ ქრისტესა უკუნისამდე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლითურთ განმაახლა მე სახიერებისათვის საშოსა შინა შენსა უბიწოო, უხრწნელ-მყოფელმან შემოსილისა ბუნებისა ჩუენისა თვისებისამან, პირველ ყოველთა საუკუნეთა მყოფმან, ამისთვის შენ ვითარცა მიზეზსა ცხოვრებისა ჩუენისასა გალობით გადიდებთ უკუნისამდე.

 

გალობაჲ 9, სძლისპირი

განკჳირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღვთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოითმინენ ადვილად შრომანი უდაბნოსჲანი, დედაო, განმტკიცებულმან მტკიცითა ძალითა ქრისტესითა, რამეთუ გულისსიტყვანი ბილწნი ზედამოსრულნი ნაკადულითა ცრემლთა შენთათა დაშრიტენ, წმიდაო, მმარხველთა სიკეთეო, და ღირსთა სიქადულო პატიოსანო.

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლადბრწყინვალითა შარავანდედითა განგანათლებს შენ ნათელი იგი მხოლოდშობილი ქრისტე ქალწულისაგან უბიწოჲსა და საშინელ მტერთა დაგადგინებს ყოვლად პატიოსანო, ხოლო ყოველთა მიმართ საცნაურად ცხად-გყოფს შენ მოღუაწედ შუენიერად, ჰოჲ ღირსთა სიმტკიცეო.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ყოვლისავე ბრძნობისა ქვეყნიერისა დამტევებელი, და სამკვიდრებელ პატიოსან სულისა განცხადებული განთავისუფლებული ბოროტთაგან მსოფლიოთა საქმეთა, ევედრე ქრისტესა მეუფესა თავისუფალ მყოფელსა ჩუენსა, აღმასრულებელთათვის სარწმუნოებით საღმრთოჲსა ჰხსენებისა შენისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

უფროჲს ბუნებისა დასდუმნეს ჰსჯულნი ბუნებათანი, ქალწულო, რამეთუ ჰშევ შენ ყრმაჲ ახალი ქვეყანასა ზედა, ღმრთისმშობელო, სჯულისა მომცემელი უფალი ძველი დღეთაჲ, ცათა მფლობელი, ყოველთა დამბადებელი, ამისთვის სარწმუნოებით და სურვილით გნატრით შენ უბიწოო.

 

ღირს-არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

თაყვანის-ეც წმიდათა ადგილთა მხიარულებით, და საგზლად ცხოვრებისად მიიღე მადლი მათი და წარემართე სრბასა მას კეთილსა და განვლე მდინარეჲ იორდანეჲ, ღირსო დედაო, და უდაბნოთა მათ, წინამორბედისათა დაემკვიდრე და ველურებაჲ ვნებათა, მოღვაწებითა მოაკუდინე შენ, რამეთუ ხორცნი განლიენ მარხვისა მიერ ფიცხელისა, ყოვლად ქებულო მარიამ, მხევალო უფლისაო.

უდაბნოს მკვიდრობითა ხატნი ვნებათა შენთანი სრულიად უჩინო ჰყვენ, და ღმრთივ-ბრწყინვალე ხატი, სათნოებათაჲ სულსა შინა შენსა დასწერე წმიდაო, და ესოდენ წარემატე შენ, ვიდრეღა ფერხითა, დაუნთქმელად ხვიდოდი წყალთა ზედა და ქვეყანით ამაღლდებოდი ლოცვასა შინა, ღმრთივ-განბრძნობილო, ხოლო აწ კადნიერებით მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, ითხოვე სულთა ჩუენთათვის წყალობაჲ, ღირსო დედაო.

სულისა საფრხენი და ვნებანი ხორცთანი მახვილითა მით მარხვისაჲთა მოჰკვლენ, ხოლო გულის-სიტყუათა გონებისა მიმართ წყობაჲ დუმილითა მით მოღვაწებისაჲთა მოაშთუენ, და მდინარითა ცრემლთაჲთა მორწყენ უდაბნონი და აღმოგვიცენე ჩუენ ნაყოფი სულიერი სინანულისა ყოვლად შუენიერისაჲ, ამისთვის წმიდასა ჴსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ ჩუენ, ყოვლად სანატრელო დედაო, ითხოვე ჩუენთვის ზეცით დიდი წყალობაჲ.

ჰოჲ საკვირველი ქრისტე ძალი ჯუარისა შენისაჲ, რამეთუ რომელი პირველ მეძავ იყო, აწ ღუაწლითა მარხვისაჲთა იღვაწა და უძლურებაჲ ხორცისა არად შეჰრაცხა, და სიმხნით წინააღუდგა ეშმაკთა, და მოიღო ძლევისა იგი გვირგვინი, და აწ ევედრების ღმერთსა სულთა ჩუენთათვის.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩუენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩუენ ბოროტისაგან, ამენ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრებაჲ ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

ჰოჲ, ყოვლად-ღირსო დედაო მარიამ, ანგელოზთაებრ მგალობელო, ნათლისმცემელისაებრ პატივცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონოზონთა წინამძღუარო, დედათა პატიოსნებაო, ქრისტეანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.
ჰოჲ, ყოვლად სანატრელო დედაო მარიამ, ვარსკვლავო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგვფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისაჲ, და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონოზვნო წესნი. განაძლიერენ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრე, დედაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რათა ყოველნივე შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.
ჰოჲ, ყოვლად-პატიოსანო ღირსო მარიამ, მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი ღმრთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გვიჴსენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავენებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა, არამედ ევედრე ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მოგვმადლოს მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ, კეთილმოქალაქეობით სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაჲ, ქველისსაქმითა განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკვირდებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გვირგვინოსნებაჲ და საუკუნო დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაჲ, ძესა მადლობაჲ, და სულსა წმიდასა თაყვანისცემაჲ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

შეადგინა ალექსანდრე აღლაძემ