პარაკლისი წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისი

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუხლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი

წმიდათა შორის საკჳრველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტჱს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარეანთანი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდათა შორის საკჳრველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტჱს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარეანთანი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალეჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოიღე რაჲ ღმრთისაგან პატივი და ნიჭი მეფობისაჲ, ქუელისმოქმედისა ცხორებისა შენისა მიერ აღივსე სულითა საღმრთოჲთა და ვიდრე აქამომდე მოიგე სახელი უკუდავებისაჲ.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სამწყსოსა მას, რომელი გერწმუნა, ჵ, მეფეო, ყოვლად ტკბილო და სანატრელო, დამწყსიდი მშჳდითა და მდაბალითა სულითა, და შეზღუდვიდი უზაკუველითა სარწმუნოებითა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ქრისტჱს მჴსნელისა იქმენ ერთგულ მოწაფე, ნეტარო თამარ, და განადიდენ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი, აწცა სულიერი ძილი წარმწყმედელი განგჳფრთხე და განგვიბრწყინვე გონებითნი საცნობელნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოჲსაო, განმიხუენ მე კარნი სინანულისანი და ბჭეთაგან სიკუდიდ-შემოსილისა ცოდვისაჲთა, მიჴსენ შუამდგომელობითა შენითა, ღმრთისმშობელო.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არაჲ ვინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, სანატრელო და უხუებითა ზრდიდი უპოვართა და ღატაკთა, ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად შენდა, რაჲთა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებასა, ვნებასა მას ბოროტსა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეიმოსე მოწყალებაჲ, სიმშჳდჱ და კრძალულებაჲ, და ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მორწმუნეთა, მეცა წარმწყმედელთა გზათაგან განმარინნე და წარმიძეღუ გზასა მას ქრისტჱს მცნებათასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იქმენ შემწჱ ობოლთაჲ და უღონოთაჲ, და ფრიად საზარელ მტერთა და მრისხანე ბოროტისმოქმედთა ზედა, არამედ მწუხარებაჲცა ჩუენი შესცვალე სიხარულად და დაჴსენ ზახებაჲ ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუენ პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიჴსენ და მაცხოვნე მე.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი)-სათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღუდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხჳსა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომა

შეგემოსა შენ მოწყალებაჲ, ვითარცა პორფირი, და კეთილი სიმშჳდე, ვითარცა ძოწეული, ხოლო გჳრგჳნად დაგედგა მწყობრნი ყოველთა სათნოებათაჲ, რამეთუ გონებითა სრულითა ჰმონებდი უფალსა, და ჰბაძევდ ქცევასა ღირსთა მათ მენელსაცხებლეთა დედათასა და დათა ლაზარესთასა, აწცა მათ თანა ევედრე ღმერთსა, ყოვლად ღირსო, მეფეო თამარ, განჰკურნოს უძლურებანი სულთა ჩუენთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგჳფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტის გარემოდგომილებისა გჳჴსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა ყოველი სასოებაჲ შენ ზედა დაგჳძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოჲთა ვედრებითა შენითა.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა შემუსრენ ტაძარნი საკერპონი და წარმართნი მოაქციენ, ეგრეთცა დააყუდენ ჩუენ ზედა დასჴმაჲ მწვალებელთაჲ, წმიდაო, და განზრახვანი მათნი უქმად გამოაჩინენ.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იხარებს ივერთა ეკლესიაჲ და ჰმადლობს ღმერთსა შენთჳს, რამეთუ მოენიჭე სიმტკიცედ მართლმადიდებლობისა ერსა ჩუენსა და ძალგიძს შეწევნაჲ ყოველთაჲ, რომელნი მოივლტიან მეოხებასა შენსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მსხუერპლი ლოცვისა ჩუენისაჲ შეწირე ქრისტესა, რომლისა მიერ დიდებულ-ხარ, ნეტარო თამარ, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და შეჰკრიბნეს განბნეული ერი ქარ-თველთაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცისკროვან-ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზჱ სიმართლისაჲ, მარადის ქალწულო.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშჳდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარე.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ზეციერი სიბრძნჱ მოიგე და ღუაწლთა მიერ განბრწყინდი უბრწყინვალეს მზისა, აწ სული ჩემი განანათლენ ბრწყინვალებითა მადლისა შენისაჲთა და გული ჩემი აღავსენ სიყუარულითა საღმრთოჲთა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იყავ სარწმუნოჲ მონაჲ ყოვლადწმიდისა სამებისაჲ და ბრწყინვალჱ მნათობი ეკლესიასაჲ, ხოლო ცათა შინა მიიღე გჳრგჳნი დიდებისაჲ და მადლი სენთა კურნებისაჲ და ეშმაკთა ოტებისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა სანთელი ჰბრწყინავდი მაღალსა მას ზედა სასანთლესა, და განაბრწყინვე საქართველოჲ მშჳდობითა და დიდებითა, რაჲსთჳსცა აღიძრნენ ეგოდენი ენანი შესხმად და გალობად ღუაწლისა შენისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხ-გუეყავ ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაჲთა გარდამოგჳვლინოს სიმრავლჱ მოწყალებათაჲ, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცჱ ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაუცხრომელად ლოცვაჲ, ვითარცა ლახუარი ჴელთ-იდევ, და შეჰმუსრე კადნიერებაჲ უღმრთოთაჲ და წარმართთაჲ, აწცა მეოხ-გუეყვენ ჩუენ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა მიგვცეს უსჯულოებათა ჩუენთათჳს მტერთა ჩუენთა ამპარტავანთა და უსჯულოთა წარმართთა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა დააცხრვე აგარიანთა მრავალ-ღონენი ჭირთა მძვინვარებანი გულვებადნი ერსა შენსა ზედა, ეგრეთვე აწ სიმჴნჱ, სიბრძნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ხილულთა და უხილავთა მჴდომთაგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მრავალთა ნათესავთა მფლობელ იყავ, საკჳრველი ეგე დიდებული, დედოფალი, რომელიცა მძლავრთა მათ ჴელმწიფეთა დაიმორჩილებდი, აწ ჰსუფევ წინაშე ქრისტჱსსა ელვითა სულისაჲთა განათლებული; ევედრე მას, რაჲთა დაიცვას ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნე უკურნებელი, უძლური, დაპყრობითა სიბოროტისაჲთა, მძვინვარედ მოწყლული გული ჩემი, ყრმააო, და შენმიერსა კურნებასა ღირს-მყავ და მაცხოვნე მე, მოსავი შენი მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი

უძლურებაჲ დედობრივი განაგდე ახოვნებითა სულისაჲთა, და უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა კეთილად განაგებდი სამეფოსა თჳსსა, და გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად და მფარველად ეკლესიისად, წმიდაო, კეთილმსახურო მეფეო თამარ, აწ იხარებ ზეცისა ძალთა თანა მფარველი პატივისმცემელთა ჴსენებისა შენისათა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

მუხლი: ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაჲ იოანესი

ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაჲთა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის-რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: აწ განათლდების ივერთა ეკლესიაჲ დიდებითა შენითა და იხარებს და განსცხრების კრებული მორწმუნეთაჲ მომჴსენებელი ღუაწლისა შენისაჲ და გნატრის მოშიშსა ღმრთისასა, მოყუარესა მღდელთასა, პატივისმცემელსა მონაზონთასა, განმადიდებელსა ეკლესიათასა, შემამკობელსა ხატთასა და სათნოსა ღმრთისასა, საყუარელსა კაცთასა, საქებელსა მთავართასა, მართლმადიდებელთა გჳრგჳნსა და დედათა სამკაულსა და მნათობსა, ბრძენსა და წმიდასა თამარ დედოფალსა.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინა-მორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა და საკჳრველთმოქმედთა მამათა ჩუენთა: ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა. წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთჳმისა და გიორგისითა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი) და წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გული შენი განბრძნობილი შჯად ერისა შენისა, იყო ჴელთა შინა ღმრთისათა, და ხჳდოდი ყოველთა მცნებათა და სამართალთა მისთა, აწ ჩუენცა მეოხ გუექმენ წინაშე ღმრთისა, რაჲთა მოგვცეს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამოჲ ღმრთისა მიერ, მოგჳჴსენე წინაშე მისსა, რაჲთა მართლ-აღმსაარებელთა აღამაღლოს გჳრგჳნი და მშჳდობაჲ მოჰმადლოს საზეპუროსა ერსა ქართველთასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

წინაშე ღმრთისა კადნიერებით მდგომარემან, ვითარცა ერისა შენისა ანგელოზმან, მფარველმან, ითხოვე მისთჳს მწყემსი სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებათაგან უჯეროთა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, მაცხოვნე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳდწილ აღაგზნა საჴუმილი, მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომითა, და რისხჳთა, და ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლი-საგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მარჯუენჱ მაღლისაჲ შემწე გექმნებოდა და განცხადებულად ყოფდა ძლევათა საკჳრველთა ურჯულოთა მათ მტერთა ზედა, აწცა მეოხ-იყუენ ჩუენთჳს უფლისა მიმართ, რაჲთა ძალითა თჳსითა ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და დაიფაროს ქუეყანაჲ ჩუენი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოჲსა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დედობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა მამაკაცებრ იღუაწე და შენდამი რწმუნებულნი ერნი და სამეფონი გარემოცულთა განსაცდელთაგან უშიშად დაიცევ, ეგრეთვე აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუჴედენ, წმიდაო, და ძჳრ-ხილულნი მძლავრისა შინებისაგან და სიბორგილისა წვალებათაჲსა ძალითა ქრისტჱსითა დაგჳფარე.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარცა დაამჴუენ ამპარტავნებაჲ უსჯულოთაჲ შამქორსა და ბასიანსა და შეიმოსე სამ-ძალითა ძლევისაჲთა, ეგრეთვე აწ ოხითა შენითა გარე წარაქციენ აღძრვანი მტერთანი, რომელნი მოვლენან ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო, მეფეო თამარ, რაჲთა არა ჰსთქუან მოძულეთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი იგი მათი და სცნან ღმრთისმშობლისა მიერი საფარუელი ჩუენსა ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლჳთა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, გონებაჲ და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშჳდენ, გევედრები, მაცხოვნე მე მგალობელი: ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლჱს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოზნი თანა მდგომ ყოველსა შინა მოიგე საქმეთა მიერ კეთილთა და ზეცისა ძალთა თანა ბრწყინვალედ განშუენებული წარმოუდეგ ქრისტესა, გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა მისსა.

წმიდაო, კეთილსახურო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იხარებდ, ბრწყინვალეო, სულითა ღირსო, რამეთუ მიცუალებულ ხარ სუფევასა ზეცისასა, და მადლისა მქონებელი ღმრთისა მიერ, კეთილკრძალულთა დედაკაცთა უშურველად მოანიჭებ მადლსა, კურთხევასა და დიდსა წყალობასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

დაღათუ ენაჲ მეტყველი კაცობრივი ვერ შემძლებელ არს მითხრობად მადლთა შენთა, არამედ შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა, აწ დიდებული ვარძიაჲ და იქადის მეტეხი და ბეთანიაჲ ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, მჴნეო შორის მეფეთა, ღუაწლისა მძლეო თამარ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, აწ მდგომარე ხარ მარჯუენით მამისა, ვითარცა დედოფალი, წმიდაო, ამისთჳსცა გევედრებით შენ, ნაწილისაგან მარცხენისა მიჴსენ მე დღესა შინა სასჯელისასა და მარჯვენითთა ცხოვართა თანა აღმრაცხე.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

მხიარულითა გულითა მოვისწრაფოთ, ჵ, მორწმუნენო, და უგალობდეთ ჩუენ ქართველთა მზესა, კეთილმორწმუნესა მეფესა თამარს, სიმაღლესა ზედა ივერთა ეკლესიისასა მდებარესა, და ვადიდებდეთ ჴსენებასა მისსა, სახელოვანსა და ყოვლად ბრწყინვალესა.

აღვიტყველნეთ აწ ჴელნი, ქართველნო, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ მჴსნელსა, რომელმანცა მოსცა ეგე ვითარი ჴელმწიფჱ და მზრუნველი დედისა მისისა წილ-ხვდომილსა ერსა ჩუენსა, ქრისტჱს მტერთაგან მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა, და ვითხოვდეთ მის მიერ გამოჴსნასა ყოველთაგან განსაცდელთა.

პირად-პირადად შემკულ ხარ გჳრგჳნითა და შარავანდედითა, და კუერთხითა სამეუფოჲთა, და პორფირითა და ბისონითა, ნეტარო, და ჰსუფევ მეუფისა თანა ძალთასა, აწ გჳჴსენ ჩუენ ოხითა შენითა მონებისაგან ბოროტთა ეშმაკთასა და მზაკუვარებათაგან კაცთაჲსა.

სიყუარულითა მოჳვლტით შეწირვად მდაბალთა ვედრებათა ჩუენთა და გულსმოდგინედ მოვისწრაფჳთ ტაძარსა შენსა შუენიერსა, გარნა შენ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები და ევედრე ყოვლადძლიერსა ღმერთსა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაჲ.

აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაჲ, დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შჳლად წოდებულო ჴელმწიფეო, და მოგვანიჭე მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, რაჲთა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა ვემსახუროთ მამულსა და ერსა, და დღითი დღე ვიღუწიდეთ სადიდებელად ღმრთისა.

ჵ, ზეგარდამო ძლევისა მომღებელო, მეფედ ცხებულო დედოფალო, ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისმშობლისა, ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, და მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობაჲ შევსწიროთ ღმერთსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ღმრთივსათნოჲთა მეფობითა და საქმითა მოღუაწებისაჲთა განბრწყინვებულო მოქალაქეო ზეცისა იერუსალჱმისაო, წმიდაო თამარ! ზესთამბრძოლო ქართველთაო და სიქადულო დედათაო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ჴელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ოხითა შენითა განმამხიარულებელო მჭმუნვარეთაო და სიმტკიცეო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი მოლტოლჳლთაო!

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მეფეო თამარ! დედობრივისა შენისა გულმოწყალებითა შეგვაწყნარენ შენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა უსაზღვროჲთა მოწყალებითა თჳსითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა და დაიცვას მტერისა საფრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, ხოლო სარწმუნოებაჲ ჩუენი მისსა მიმართ კუალად განაახლოს და აღგჳდგინოს ცხებული ძირისაგან დავითისა, რომელი ძალითა ჯუარისაჲთა მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა საზღუართა საქართვე-ლოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყები-საჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჵ, ჭეშმარიტად ბრძენო მეფეო და ახოვანო მოღუაწეო, გჳრგჳნოსანო თამარ, დიდებულო! კუალად აღიპყრენ ღუაწლით შემოსილნი ჴელნი შენნი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღმრთივ-ბრწყინვალითა გჳრგჳნითა დიდებულ-ხარ, სანატრელო, და გვითხოვე, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა და ყოველთა წმიდათა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

ყოველთა მორწმუნეთა გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ და გევედრებით: მოგვხედე მაღლით, ჵ, მეფეო, ყოვლად ბრძენო და სანატრელო, და ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი, ნეტარო თამარ, დააცხრვე აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი და ყოველთა ჭირთაგან, მოწევნულთა და მოწევნადთა გჳჴჴსენ ჴსენებისა შენისა სრულმყოფელნი და ქებით მგალობელნი.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სასოებით ამბორის-მყოფელთა პატიოსნისა ხატისა მეფისა ამის ყოვლად ბრძნისა, წმიდისა თამარისა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანა-მავალ-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი