შვილის ლოცვა გარდაცვლილი მშობლისათვის

უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მფარველო ობოლთაო, შესავედრებელო მწუხარეთაო, ნუგეშინისმცემელო მოტირალთაო, მოვივლტი შენდამი ობოლი ესე და სულთქუმითა და ცრემლითა გევედრები: შეისმინე ვედრებაჲ ჩემი და ნუ მიიქცევ პირსა შენსა სულთქუმათაგან გულისა ჩემისა, და ცრემლთაგან თუალთა ჩემთასა. გევედრები, მოწყალეო უფალო, დააცხრე მწუხარებაჲ ჩემი მშობლისა ჩემისა (სახელი) განშორებისა გამო, დააწესე სული მისი სასუფეველსა შენსა, რამეთუ მიიცვალა შენდამი ჭეშმარიტითა რწმენითა, კაცთ-მოყვარებისა და მოწყალებისა შენისა მსასოებელი. მოვიდრეკ მუჴლთა ჩემთა წინაშე წმიდისა მის ნებისა შენისა, რომლითაცა განშორებულ ვიქმენ მისგან და გევედრები, არ მოაკლდეს სულსა მისსა წყალობაჲ და კეთილმოწლეობაჲ შენი.

ვიცი, უფალო, რამეთუ შენ ხარ მსაჯული ქუეყანისაჲ. ამისთჳსცა სალმობიერითა და შემუსრვილითა გულითა ჩემითა ვჴმობ შენდამი, მსაჯულო მოწყალეო, ნუ დასჯი სასჯელსა შინა სამარადისოჲსა გარდაცვალებულსა ამას მონასა (მხევალსა) შენსა (სახელი), მშობელსა ჩემსა, რომელი არა დავივიწყო, არამედ გევედრები, შეუნდვენ მას შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყჳთნი და საქმითნი, მეცნიერებით და უმეცრებით, ქმნილნი საწუთოჲსა ამას შინა, და წყალობით და კაცთმოყუარებითა შენითა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეიწყალე და იჴსენ იგი სამარადისოჲსა სატანჯველისაგან.

ჵ მოწყალეო მამაო მამათა და შვილთაო, მომმადლე მე ძალი, რაჲთა აღსასრულადმდე ცხორებისა ჩემისა და ვიდრე უკუანაჲსკნელად აღმოფშჳნვადმდე, დაუცხრომელითა ლოცვითა ჩემითა მოვიჴსენო გარდაცვალებული მშობელი ჩემი (სახელი) და გევედრები შენ, მსაჯულსა სიმართლისასა: დაამკჳდრე იგი ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა და ადგილსა განსასუენებელსა, სადა-იგი წარხდომილ არს სალმობაჲ, ჭირი და სულთქუმაჲ.

ღმერთო, მოწყალეო, მიითუალე მჴურვალე ესე ლოცვაჲ ჩემი მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისათჳს (სახელი), მიაგე მას მისაგებელი შენი კეთილი მისისა მის ჩემდა მომართ ქმნილისა ღუაწლისა და მზრდელობისათჳს, რომელსა იქმოდა იგი სარწმუნოებითა და ქრისტეანობითი ღმრთისმოსაობითა, რამეთუ მასწავა მე უწინარეს ყოვლისა ცნობაჲ შენი - უფლისა ჩემისაჲ, ეგრეთვე კეთილ-კრძალულებითი ლოცვაჲ და სასოებაჲ შენდა მომართ ჟამსა განსაცდელისასა, ჭირისასა და სალმობისასა, და დაცვაჲ მცნებათა შენთაჲ, იყო რაჲ იგი კეთილმზრუნველ სულიერსა წარმართებასა ჩემსა და მჴურვალედ მვედრებელ წინაშე შენსა, და გამომთხოველ ჩემთჳს ნიჭთა შენთასა; მიაგე მას წყალობითა შენითა ყოველი კეთილი და სახარულევანი სამარადისოჲსა სასუფეველსა შინა შენსა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი წყალობისაჲ და მოწყალებისაჲ, და კაცთმოყუარებისაჲ, შენ ხარ სიმშჳდე და სიხარული მონათა შენთა ზედა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.