ცვლილებები ლოცვებში ერგასში ანუ ზატიკის პერიოდში

„ერგასი“ ძველი ქართულით „50“-ს ნიშნავს. ქართული ლიტურგიკული ტრათციით „ერგასი“ ეწოდება პერიოდს აღდგომის დღესასწაულიდან სულთმოფენობამდე. სახელწოდება ამ პერიოდის დღეების რაოდენობასთანაა დაკავშირებული - სულთმოფენობის დღესასწაული აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება.

სხვანაირად ამ დღეებს ზატიკის პერიოდი ჰქვია. „ზატიკი“ („ზატიკი - გამოხსნა, გინა განთავისუფლება“) პასექის დღესასწაულს ნიშნავს. ზატიკში იგულისხმება პერიოდი აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე (სულთმოფენობის შემდეგი კვირა). ამ პერიოდშია უდიდესი საუფლო დღესასწაულები - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა, რის გამოც ამ პერიოდის საეკლესიო საზოგადო მსახურებები განსაკუთრებული საზეიმო ხასიათითა და ლიტურგიკული თავისებურებებით გამოირჩევა. იცვლება სხვადასხვა ლოცვები და მათი კითხვის წესი. შესაბამისად იცვლება თითოეული მორწმუნის ლოცვითი კანონის წესიც.

 

გთავაზობთ ზატიკის პერიოდის ცვლილებებს. ეს პერიოდი პირობითად სამ ნაწილად იყოფა:

1. ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომიდან ერთი კვირა (შაბათ დილის ჩათვლით).
2. თომას კვირიდან (აღდგომის შემდეგი კვირა) აღდგომის წარგზავნამდე [*] (თომას კვირის წინა, შაბათ საღამოდან ამაღლების დღესასწაულის წინა დღის - ოთხშაბათ დილის ჩათვლით).
3. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე.

1. ბრწყინვალე შვიდეულში:

I. ლოცებში აღარ იკითხება დასაწყისი ლოცვები (ლოცვები: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა“-დან „მამაო ჩვენო“-ს ჩათვლით). მათ ნაცვლად იკითხება: „ქრისტე აღდგა მკუდრეთით, სიკუდილითა სიკუდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-ჯერ).

II. აღარ იკითხება დავითნის ფსალმუნთა კანონები და არც ცალკეული ფსალმუნები. ამასთან კანონთა კითხვას ვწყვეტთ ვნების კვირის (აღდგომის წინა კვირა) ოთხშაბათ საღამოდან თომას კვირამდე, გარდა ვნების კვირის შაბათისა (დიდი შაბათი).

III. „დილის“-ა და „ძილის წინ“ ლოცვების მაგივრად იკითხება „წმიდა პასექისა და ბრწყინვალე შვიდეულის ჟამნობა“.

IV. ზიარების წინა ლოცვებში არ იკითხება დასაწყისი ლოცვები „მამაო ჩუენო“-ს ჩათვლით; არ იკითხება აგრეთვე არც ერთი ფსალმუნი და ლოცვებში შემოხაზული ტექსტი.

ზიარების შემდეგ სამადლობელ ლოცვებში არ იკითხება შემოხაზული ტექსტი.

V. ნაცვლად „ღირს არს“-ისა ვკითხულობთ „ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ“ და „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“.

2. თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე:

I. დილა-საღამოს ლოცვებს ვიწყებთ ტროპრით: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“ (3-ჯერ) და ამის შემდეგ ლოცვას განვაგრძობთ „წმიდაო ღმერთო“-დან ჩვეულებრივ.

II. თუ ლოცვას ვიწყებთ პირდაპირ „მოვედით თაყუანის-ვსცეთ“-ი (მაგ: ზიარების ლოცვების გაყოფის შემთხვევაში დროის უქონლობის ან უძლურებისას), მაშინ მის ნაცვლად იკითხება „ქრისტე აღდგა მკუდრეთით...“ (3-ჯერ), ხოლო თუ „მოვედით  თაყუანის-ვსცეთ“ მოცემულია რომელიმე ლოცვის შუაში, მაშინ ის არ შეიცვლება „ქრისტე აღდგა...“-თი.

III. ნაცვლად „ღირს არს“-ისა იკითხება „ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ“ და „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“, გარდა ერგასის განზოგების[**] დღესასწაულისა და მისი წარგზავნისა, როდესაც იკითხება „შობა შენი უხწნელ არს ქალწულო..“.

IV. „დილის“ და „ძილად მისვლის“ ლოცვებში, ნაცვლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კონდაკისა „ზესთამბრძოლისა...“, იკითხება აღდგომის კონდაკი „დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა“.

3. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და
სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე
(სულთმოფენობის შემდეგი კვირა)

I. ლოცვებში არსად აღარ იკითხება, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, ტროპარი „ქრისტე აღდგა...“.

II. სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირამდე დასაწყის ლოცვების კითხვას ვიწყებთ პირდაპირ „წმიდაო ღმერთო“-დან და მის შემდეგ ჩვეულებრივ. ყოველთა წმინდათა კვირიდან, მომავალი წლის აღდგომის დღესასწაულამდე, დასაწყის ლოცვებს ჩვეულებრივი თანმიმდევრობით ვკითხულობთ.

III. ნაცვლად „ღირს არსი“-სა იკითხება:

ა) ამაღლებიდან მის წარგზავნამდე[*] (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით) „ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა. ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა, უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ“.

ბ) სულთმოფენობიდან მის წარგზავნამდე „მოციქულთა რა იხილეს გარდამოსლვა ნუგეშინისმცემელისა, დაუკვირდათ, ვითარ სახითა ცეცხლისა ენათათა გამოჩნდა სულიწმიდაჲ. გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თვალო, რამეთუ მეტყუელებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთჳს სარწმუნოებით გადიდებთ შენ“.

 


[*] – დღესასწაულის წარგზავნა ნიშნავს რომელიმე საუფლო ან დიდი დღესასწაულის დამთავრებას.

[**] – ერგასის განზოგება - (განზოგება - განახევრება. იხ. ი. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“), ერგასის შუა პერიოდი, აღდგომიდან 25-ე დღე. ეს დღესასწაული და მისი წარგზავნა მოიძიეთ მიმდინარე წლის საეკლესიო კალენდარში.