გამონათქვამები წმიდა მამის ანტონი დიდისა
და გადმოცემანი მასზე

  1. რა მძაფრი შიშით უნდა აღვსილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თვით ანტონისაგან ისმენდნენ ყოველივე ამას და. ალბათ, როგორ აღენთებოდნენ კვლავაც საღმრთო მოშურნეობით! მაგრამ აი, სიხარულით აღსავსე ჩვენებაც, რომელიც წმიდა ანტონის მოევლინა და რომელიც იმით განაცხოველებს მოსაგრეთა მოშურნეობას ღერთისათვის, რომ ნათლად დაანახვებსსულისლ ნეტარ მდგომარეობას სიკვდილილს შემდგომ ადამიანისა, დაამით ჭეშმარიტ სასოებას გაუნღვიძებს მათ. ეს ჩვენება წმიდა ამმონს შეეხება, რომელიც წმიდა ანტონის მოწაფეც იყო და მეგობარიც, წმიდა ათანასე ალექსანდრიელი შემდეგს გადმოგვცემს ამასთან დაკავშირებით: ერთხელ გორაკის თხემზე მყოფმა მამა ანტონიმ ცად აღიხილა თვალნი და დაინახა, რომ ვიღაც ცად ამაღლდება და ცეცხლოვან ზოლს სტოვებს ჰაეროვან სივრცეში, ხოლო ზეციდან მისკენ გახარებულ ანგელოზთა გუნდი მიშურება, რათა კეთილად შეიწყნააროს და მეგზურად გაუხდეს. ანტონიმ ლოცვა-ვედრებით მიმართა უფალს, რათა მას გაემხილა მისთვის ამ სახილველის მნიშვნელობა. და მაინ ხმა მოესმა ზეგარდმო: ეს არის სული ამმონისა, ნიტრიელი მონზვნისა! ამ მოსაგრემ, ღირსმა ამმონმა ღრმა მოხუცებულობამდე მკაცრი მოსაგრეობით დაჰყო ამქვეყნად, და ხშირად მოდიოდა ხოლმე მამა ანტონისთან, რომლის მეგობარი და თანამოსაუბრე უფრო იყო, ვიდრე მოწაფე; და თვით ანტონიც არაერთგზის სწვევია მას. ამასთან ცნობილია, რომ მანძილი ნიტრიის უდაბნოდან, სადაც ამმონი მოსაგრეობდა, ანტონის სამყოფელ მთამდე 13 დღის სავალია (ანუ დაახლოებით 650 ვერსი). იმ ჩვენების დროს, გორაკის თხემზე, წმიდა ანტონისთან ერთად სხვა ძმებიც იყვნენ, და როცა მოძღვრის განკვირვება იხილეს, ჰკითხეს ამის იზეზი. ანტონიმ უთხრა მათ - ვიხილე მამა ამმონი და მესმა კიდეც მის შესახებო. როცა 30 დღის შემდეგ ნიტრიის უდაბნოდან ძმები მოვიდნენ, ამათ ჰკითხეს მოსულებს ამმონისათვის და შეიტყვეს, რომ იგი მართლაც იმ დღეს და იმ ჟამს აღსრულებულა, რა დღესდა რა ღჟმსაც წმიდა ანტონიმ იხილა ჩვენებით მისი ცად აღმავალი სული, რომელსაც სიხარულით მიეგებებოდნენ უფლის ანგელოზები.

  2. არანაკლები ძალით განდევნის მოსაგრისაგან და მოშურნეობას აღანთებს მასში შემდეგი ჩვენებაც, რომლის შესახებაც თვით წმიდა ანტონი მოგვითხრობს: ერთხელ იმას ვევედრებოდი უფალს, განეცხადებინა ჩემთვის, თუ რა საფარველით იცავს იგი მონაზონს და დაიფარავს მზაკვარი მტრებისაგან, და აი, ვიხილე ვინმე მონაზონი, გარემოცული ცეცხლოვანი ლამპრებით, და სიმრავლე ანგელოზებისა თვალისჩინივით უფრთხილდებოდა მას და დაიცავდა თავიანთ მახვილებით. მაშინ მე გაოცების ძახილი ამომხდა და ვითქვი: აი, რა ძალა მოემადლება და იფარავს მონაზონს! მაგრამ მიუხედავად ამისა იგი მაინც ძლეულ იქმნება ხოლმე ეშმაკისაგან და ეცემა! და ანაზდად მესმა ზეგარდმო ხმა ყოვლადმოწყალე ღმერთისა, რომელმაც მითხრა: არავის დამხობა აღარ ძალუძს ეშმაკს მას შემდეგ, რაც მე ადამიანური ბუნება მივიღე და ვძლიე მის ხელმწიფებას! იგი უძლურია ჭეშმარიტი მორწმუნის წინაშე! მაგრამ ადამიანი თავისით, საკუთარი ნებით ეცემა, როცა მცონარებას ეძლევა, გულმოდგინებას მოაკლდება და თავის სურვილებს აამებს... მაშინ მე ვკითხე უფალს : ყველა მონაზონს თუ მოემადლება-მეთქი იმგვარი საფარველი, რომლის ნახვის ღირსიც მე შევიქენი? და მიჩვენა მე უფალმა ურიცხვი სიმრავლე მონაზონებისა, გარემოცულნი ამგვარი ღვთაებრივი საფარველით. მაშინ მე ღაღადისი აღმომხდა: ნეტარ არს მოდგმა ადამის ძეთა! და უფრორე ნეტარ არს მხედრობა მონაზონებისა, რამეთუ უვით მათ უფალი, ეგზომ მოწყალე, სახიერი და კაცთმოყვაარე! ჰოდა, მაშ, მოშურნენი ვიყოთ ჩვენი ხსნისათვის და ღმრთის სათონ-ყოფისათვის! შორს განვაგდოთ ჩვენგან ყოველგვარი მცონარება და გულმოდგინედ ვატაროთ ჩვენი ტვირთი მონაზონებისა, რათა ღირსნი შევიქნეთ ცათა სასუფეველის დამკვიდრებისა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

  3. 26. სხვა დროს მამა ანტონი იმის შესახებაც ესაუბრა თავის მოწაფეებს, თუ როგორ სუსტდება სამონაზვნო ღვაწლი და როგორ დაბნელდება მისი დიდება საღმრთო მოშურნეობის განელებით. მაშინ მოწაფებმა უთხრეს მოძღვარს: მამაო, მრავალნი გვიხილავს ჩვენ უდაბნოში განმხოლოებული მონაზვნები, და უფრო მეტისთვის გვსმენია, რომ დიდ სათნოებათათვის მიუღწევით, მრავალი ღირსებით არიან შემკულნი და დიდი მგზნებარებით მოშურეობენ ღმრთისათვის თავიანთ წმიდა განდეგილ ცხოვრებაში. ჰოდა, მაშ, გვითხარი, მამაო, დიდხანს იქნება მათში ეს მგზნებარება მოშურნეობისა და ეს საღმრთო სიყვარული განმხოლოებული ცხოვრებისა, სიგლახაკისა, თავშეკავებისა და მრავალი სხვა სათნოებისა, რომელთაც ამჟამად ასეთის გულმოდგინებით შესდგომია ესოდენი სიმრავლე ბერ-მონაზონთა? ღვღღვთის კაცს, მამა ანტონის მაშინ ოხვრა-კვნესა აღმოხდა და ცრემლებით მიუგო თავის მოწფეებს: მოვა დრო, ჩემო შვილებო, როცა მონაზვნები ყველგან მიატოვებენ უდაბნოებს და განმარტოების ადგილებს, და მათს სანაცვლოდ მდიდარ ქალაქებს მიაშურებენ საცხოვრებლად; ამ უდაბურ მღვიმეთა და ვიწრო საკანთა ნაცვლად ისინი ზვიად შენობებს აღმართავენ, იმგვართ, რომელნიც სამეფო სრა-სასახლეებს არ დაუდებენ ტოლს დიდებულებითა და შემკულობით; სიგლახაკის ღვაწლის სანაცვლოდ იმ განსაცდელით აღსავსე დროში გაიზრდება სიყვარული სიმდიდრისა და ფუფუნებისა, ჭშეშმარიტ და ღვთისსათნომყოფელ სიმდაბლეს - ამპარტავნება სულისა შესცვლის, მრავალნი მონაზონთაგან ცუდად განიდიდებან თავს და თავს მოიწონებენ თავიანთი ცოდნით, მაგრამ ეს მათი ცოდნა შიშველი იქნება, განძარცვული ქველის საქმეთაგან, უამისოდ კი ყოველგვარი ცოდნა უხმაროა, ჭეშმარიტი სიყვარული განგრილდება მაშინ, თავშეკავებისა და კეთილკრძალულების ნაცვლად მუცელღმერთობა განმრავლდება, ნაყოოვანების ცოდვა შეიპყრობს მრავალ მონაზონს და მრავალნიც მათგან ფუფუნებაზე და გამორჩეულ საზრდოზე იზრუნებენ მხოლოდ, ისე, რომ სულაც არ ჩამოუვაარდებიან ჭამა-სმაში საერო ადამიანებს; ასე, რომ იმ საშინელ დროში მონაზონი საერო კაცისაგან მხოლოდ შესამოსელით იქნება განსხვავებული, რომლის დანიშნულებასაც ყველანი დაივიწყებენ და ვერ გაამართლებენ; და აი, ამგვაარი მონაზვნებიც კი, მიუხედავად იმისა, რომ საეროთა შორის იცხოვრებენ და მხოლოდ შესამოსელით იქნებიან მათგან განსხვავებულნი, და ცოდვით კი კიდევ უფრო აღმატებულნიც, აი, ასეთი ბერ-მონაზვნებიც მაშინ განმხოლოებულებად უწოდიან თავს (საკუთრივ სიტყვა მონაზონი განმარტოებულად მცხოვრებს ნიშნავს). ამასთან, ეს მონაზვნები მარად თავის განდიდებაში და ქადილში იქნებიან, და როგორც ეს პავლე მოციქულის დროშივე იყო, ასე იტყვიან: „...მე პავლესი ვარ, ხოლო მე - აპოლოისი, ხოლო მე - კეფაისი, ხოლო მე - ქრისტესი„-ო, თითქოსდა მთელი ძალა მათი მონაზონობისა მათს წინამორბედთა ღირსებაში ყოფილიყოს. და ამის მთქმელი მონაზვნები თავიანთი მამების სახელით იწოდებიან და განიდიდებენ თავს, ისევე, როგორც ქრისტეს ჯვარმცმელი იუდეველები განიდიდებდნენ თავს აბრაჰამით და მამად უწოდდნენ მას. მააგრამ ყოველივე ამასთან ერთად, ჩემო შვილნო, იმასაც გეტყვით, რომ იმ საშინელ დროში იმგვარი მონაზონებიც იქნებიან, რომლებიც წმიდად აღასრულებენ თავიანთ მოვალეობას და ყველა ღირსებით ჩვენზე უკეთესნი და სრულყოფილნი აღმოჩნდებიან. და ეს თქვენც უწყით, რომ უფრო ნეტარი ისაა, ვისაც შეეძლო შეეცოდა და არ შესცოდა, საშუალება ჰქონდა უფლის მცნებას გარდახდომოდა და არ გარდახდა, შეძლო ბოროტის ქმნა და არ ქმნა ბოროტი, როგორც ეს საღმრთო წერილშია ნათქვამი (ზირაქ. 31,11); უფრო ნეტარი ამგვარი მონაზონია, ვიდრე ის მონაზონი, ვინც მრავალ სრულყოფილ მონაზონთა შორის ცხოვრობდა, სურლყოფილ მოძღვართაგან იმწყსებოდა და მიიზიდებოდა სიკეთის ქმნისაკენ, რადგან მის მოშურნეობას ღმრთისაკენ მარად აღაგზნებდნენ სულიერ ღვაწლში გულმოდგინე და წარმატებული მამანი. და სწორედ ამიტომაც არის, რომ ნოე, აბრაჰამი თუ ლოტი, რომელნიც ბოროტ ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ და არ მოკლებიან საღმრთო მოშურნეობას, ეგზომ დიდად და სამართლიანად არიან განდიდებული საღმრთო წერილში და მარად ყველაზე დიდი მაგალითი იქნებიან ადამიანთათვის სათნო ცხოვრებისაჲ. - ამბობდა მამა ანტონი.

  4. ყოველივე ზემოთქმულით, ანუ სიკვდილის ხსოვნითა და ყოველივე იმის წარმოდგენით, რაც სიკვდილის შემდგომ უნდა ეწიოს ყოველი ადამიანის სულს, აღენთება შიში ღმრთისა - ეს მესამე აღმგზნები და განმახურვებელი მონაზონისთვის საღმრთო მოშურნეობისა. სწორედ ღმრთის მოშიშებისაკენ მოუწოდებდა მამა ანტონი თავის მოწაფეებს ამ ღრმაშინაარსიანი სიტყვებით - ყოველთვის გქონდეთ ღმრთის შიში, გეშნოდეთ იმისა, ვინც მოაკვდინებს და აცხოვნებს. სხვა მოკლე გამონათქვამში წმიდა ანტონი აღნიშნავს, რომ ღვთის შიში ყველა ქველის საქმისათვის განამზადებს მონაზონს, ძალას შესძენს მძიმე ღვაწლთა ტვირთვისათვის. იგი გვასწავლის: ღმერთის მოშიშება - არის დასაბამი ყველა სათნოებისა და საფუძველი ჭეშმაარიტი სიბრძნისა. შიში ღვთისა, რომელიც ადამიანის სულს აღავსებს, იმის მსგავსია, როცა ბნელით მოცულ სახლში ლამპარს შეიტანენ და წყვდიადს გაჰფანტავენ. ღვთის მოშიშება მონაზვნისაგან განდევნის ყოველივე ბნელს - ანუ ბოროტ ვნებებსა თუ ამაო ზრახვებს, და სარმრთო მოშურნეობას აღანთებს მასში სათნოებისადმი.

  5. ამიტომაც წმიდა მამა ყოველნაირად გვაფრთხილებდა, ნუ მოაკლდებითო ღმერთის შიშს ნუ გამოხვალთო საკნისაგან, - შეაგონებდა იგი ყოველ მოსაგრეს. - რათა არ დაჰკარგო შიში ღმრთისა, რადგან როგორც ხმელზე ამოგდებული თევზი კვდება, ასევე ღვთის შიშიც მოკვდება მონაზვნის გულში, თუკი ის საკნიდან გამოვა დიდი ხნით იმისთვის, რომ უგზო-უკვლოდ იხეტიალოს.

  6. 29. მაგრამ ყოველი ამგვარი შეწევნა საღმრთო მოშურნეობის განძლიერებისათვის გარედან მოქმედებს და ძალით გაიტაცებს სულს მონაზვნისა ღმრთის მოშიშებისაკენ. ამიტომ ჩვენ იმგვარად უნდა მოვიპოვოთ მოშურნეობის შინაგანი აღმძვრელნი, რომ იგი, მოშურნეობა ღმრთისათვის თავისით, წყაროსავით იღვრებოდეს ჩვენი გულებიდან. ამ მდგომარეობამდე კი გულისა მივყავაართ ღვთისმიერი ცხოვრების სიტკბოების შეგრძნებას. სანამ ჩვენში არ აღმოცენდება და არ ჩამოყალიბდება ეს შეგრძნება, მანამდე ჩვენი მოშურნეობა ღმრთსათვის საიმედო ვერ იქნება. ამ საგანს შეხება შემდეგი გადმოცემაც: ერთხელ მამა ანტონის ერთმა ძმამ ჰკითხა: განგვიცხადე, მამაო, თუ რატომ არის, რომ უფალი თავის წმიდა წერილში, მის თითქმის ყოველ ადგილასუზენაეს სიკეთეთ აღუთქვამს მართალ სულს ადამიანისას, ადამიანი კი, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მტკიცე ვერ არის ამ სიკეთეთა ძიებაში და ხშირად წარმავალს, ამაქვეყნიურს მიექცევა და დაემონება ხოლმე? წმიდა მამამ ასე მიუგო ამ შეკითხვაზე: ვისაც ჯერ არ უგემნია ზეციური სიკეთების სიტკბოება თავის სულში, იგი ვერ მიეკრობა მთელის არსებით უფალს, და ამ მიზეზით მიუბრუნდება ხოლმე ყოველივე ხრწნადსა და წარმავალს. მაგრამ იმისთვის, რომ მიაღწიოს ამგვარ სრულყოფილებას სულისა, როცა მას შეეძლება შეიგრძნოს ეს სიტკბოება ღმერთსმიერი ცხოვრებისაგან, მოსაგრე მთელის თავისი ძალისხმევით უნდა ემუშაკოს ღმერთს და მისი მორჩილი იყოს ყოველივეში, რათა წმიდა დავით წინასწარმეტყველთან ერთად, მასაც შეეძლოს ასე მიმართოს უფალს: „და მე მარადის შენ თანა ვარ, უფალო, მიპყარ ხელი მარჯვენე ჩემი“-ო (ფსალმუნი 72,23), და „ვითარცა პირუტყვი შევირაცხე შენ წინაშე“-ო (იქვე.22) ანუ ისე გემსახურეო, როგორც უღელში შებმული პირუტყვი.

  7. ამგვარი მსახურებითა და დამორჩილებით ღმერთის ნებისა აღმოცენდება აგრეთვე ჭეშმარიტი სიყვარული უფლისა, - კიდევ უფრო ძლიერი აღმგზნები საღმრთო მოშურნეობისა. თავისი მოსაგრე ცხოვრების გამოცდილებით მამა ანტონიმ კარგად უწყოდა, რომ სიყვარული შიშზე უფრო ძლიერი განცდაა სულისა და ასე ამბობდა: მე უკვე აღარ მეშინის ღმერთისა, არამედ მთელის არსებით მიყვარს იგიო! (ანუ შიში კი არ განაპირობებს ჩემს საქციელს ღმერთის წინაშე, არამედ მის მიერ მომადლებული სიყვარულიო), რადგან როგორც წმიდა იოანე მახარებელი ამბობს „შიში არა არს სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქვს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყვარულსა ზედა. ჩვენ გვიყვარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყვარნა ჩვენ“-ო. (1 იოანე, 4,18-19).

  8. 31. სხვებსაც მრავალთ არწმუნებდა მამა ანტონი, ყველაზე მეტად ღმერთის სიყვარული გამოზარდეთო საკუთარ სულში, რომელიც უძლეველია და მარად ჰგიებსო ადამიანის სულში, როგორც ღვთაებრივი ძალა. ასე, მაგალითად, როცა ერთხელ წმიდა მამას ჰკითხეს - უმჯობესად ვით არის შესაძლებელი სათნო-ვეყოთო ღმერთს, მან ასე მიუგო: ყველაზე სათნო საქმე ღმერისთვის - სიყვარულია, ხოლო მას მხოლოდ ის მოსაგრე შეიძენს, ვინც განუწყვეტლივ განადიდებს შემოქმედს თავისი ზრახვებით, სიტყვებითა და საქმეებით, და ამას იმის ძლით იქმს, რომ მარად ეხსომება ღმერთი, მის მიერ ადამიანთათვის აღთქმული სიკეთენი და ყოველივე სხვაც, რისი აღსრულებაც მას მონებებია, სახიერსა და ყოვლისშემძლეს. ასეთი ხსოვნისაგან ღმერთისა და მისი ნებისა იშვება კიდეც სრულყოფილი სიყვარული, როგორადაც გვიბრძანებს საღმრთო წერილი: „და შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“ (მეორე სჯული.6,5), და კიდევ; „ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთსა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდეს-მე მივიდე და ვეჩვენო პირსა ღმრთისასა“ (ფს. 41,2-3). აი, ყველაზე დიდი საქმე, რომლითაც სათნო უნდა ვეყოთ ღმერთს, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები მოციქულისა: „ვინ განმაშორნეს ჩვენ სიყვარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშვლობამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან?... რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკვდილმან, არცა ცხოვრებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხვამან დაბადებულმან შემიძლოს ჩვენ განყენებად სიყვარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოის მიერ უფლისა ჩვენისა“ (რომ. 8,35, 38-39).

  9. ამ ღვთაებრივი სიყვარულიდან, ანდა მასთანვე ერთად აღმოცენდება მოსაგრის სულში სიხარულიც სათნო ცხოვრებისა და ღმერთის ნებით არსებობის გამო, რაც ასევე ქმედითი აღმგზნები შეიქნება ხოლმე მოშურნეობისა ღმრთისათვის. ამ საგანს შეეხება მამა ანტონის შემდეგი განონათქვამიც, როცა მას ჰკითხეს - რა არის სიხარული უფლისა გამოო, წმიდანმა უპასუხა: საქმით აღასრულებდე უფლის მცნენებს სიხარულით აღვსებული, და ყოველივეს ღმერთს სადიდებლად იქმოდე, - აი, რა არის სიხარული უფლის გამო. როცა უფლის მცნებებს დავიმარხავთ, ჩვენ მწუხარებით კი არ უნდა ვიყოთ აღვსებული, არამედ, მთელის არსებით უნდა გვიხაროდეს, რადგან იმას ვიქმთ, რაც ჩვენს შემოქმედს ნებავს; ხოლო მწუხარენი მაშინ უნდა ვიყოთ, როცა ვერ აღვასრულებთ უფლის მცნებებს. ამიტომაც ყოველთვის ვეცადოთ სიხარულით აღვასრულოთ ხოლმე უფლის მცნებები, რათა უფლისთანავე განვიხაროთ და ნუგეშინისცემულ ვიქმნათ მის მიერ. ამასთან ყველანაირად უნდა ვერიდოთ იმას, რომ ამგვარი სიხარულით აღვსილი ჩვნი სული ამპარტავნებითაც არ აღივსოს და ცუდად აარ განვიდიდოთ თავი, არამედ, მთელი ჩვენი სასოება უფალს უნდა დავამყააროთ. უნდა აღინოშნოს, რომ მსგავსი აზრი აქვს გამოთქმული ბასილი დიდსაც. ამ სახით წარმართებული და აღნთებული მოშურნეობა ღმრთისათვის აიძულებს მოსაგრეს ღვაწლნი იტვირთოს, სხეულებრივნიც და სულიერნიც, და საერთოდაც, ყოველგვარი ქველის საქმენი მოიმოქმედოს.

  10. თუ რამდენად უნდა გათანგოს სხეული სულის ხსნისათვის მოსაგრემ, ამაზე წმიდა ანტონი მიუთითებჰს თავის ზოგად სწავლებაში ღვაწლთათვის, აგრეთვე თავის „სწავლებაში ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის“ სადაც გულისთქმისა და ბოროტ ვნებათა აღვრის მიზეზებს ჩამოთვლის, რომელთა შორის ერთ-ერთია სხეულის ზედმეტი დანაყრებაც საზრდოთი. მამა ანტონი გვასწავლის, რომ გულისთქმათა და ბოროტ ვნებათა წინააღმდეგ ქმედითი საშუალებაა სხეულის გათანგვა და გამოფიტვა პირველ ყოვლისა მარხვის ღვაწლით. მამა ანტონიმ მცნებად დაგვიდო მეტად მკაცრად მოვეპყრათ ხოლმე საკუთარ სხეულს, და ჰგმობდა ყოველგვარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა ყოველგვაარ ხორციელ სიამეთ. ამიტომაც იყო, რომ იგი არ იწონებდა იმ მონაზონთა საქციელს, რომლებიც აბანოში დაიარებიან. ჩვენი წმიდა მამებიო, - უთხრა მათ, - პირსაც კი იშვიათად იბანდნენ, ჩვენ კი საერთო აბანოებში დავიარებით და ამით სხეულს ვაამებთო.

  11. სხეულის დაურვების შემდგომ წმიდა ანტონი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ენის აღვირახსმას. ამ ღვაწლს, ბაგეთა დაბეჭდვას, იგი ერთ რიგში აყენებდა მწირობასთან, რადგან ასე ამბობდა: ჩვენი მწირობა იმაში მდგომარეობს, რომ დახშული გვეპყრას ჩვენი ბაგენიო.

  12. ის ადამიანები კი, რომელნიც ყველაფერს ამბობენ, რაც კი აზრად მოუვათ, უჭიშკრო ეზოს ჰგვანან, სადაც ყველას შეუძლია შევიდეს, ბაგასთან თუ საქონლის სადგომთან მივიდეს, იქ დაბმული სახედარი ახსნას და წაიყვანოს. ეს გამონათქვამი თუმცა კი წმიდა ანტონის არ ეკუთვნის, მაგრამ მისი თანდასწრებით ითქვა, და, რა თქმა უნდა, მოწონებულ იქნა მის მიერ.

  13. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მამა ანტონი სენაკში განმარტოებით ყოფნასაც, როგორადაც თევზნი იხოცებიანო, თუკი მათ მდინარიდან თუ ზღვიდან ნაპირზე ამოვაგდებთ, ასევე მონაზონშიც კვდება სიყვარული მდუმარებისადმი, თუკი ის დიდხანს დარჩება თავის სენაკს გარეთ, ან საერო ადამიანთა შორის. ამიტომაც როგორც ხმელეთზე დაგდებული თევზი მიისწრაფის კვლავ ზღვისაკენ, ამგვარადვე ჩვენც უნდა ვიჩქაროთ ხოლმე სენაკში დაბურნება, თუკი რაიმე აუცილებელი საქმის გამო მისი დროებით დატოვება მოგვიხდება, რათა სენაკის გარეთ დარჩენილებმა არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი ღვაწლისათვის აუცილებელია მარად ფხიზლად ვიყოთ სულით.

  14. საერთოდ, კი წმიდა ანტონი გვირჩევს ისე მკაცრად გვეპყრას თავის საკუთარ სენაკში, რომ იგი ბაბილონის ღუმელს მიემსგავსოს, რომელშიც წმიდა ყრმანი - ანანია, აზარია, და მისაელი გამოიცადნენ ნაბუქოდონოსორ მეფის მიერ (დანიელი 3); და მაშინ თავისი სენაკის ცეცხლშიც მონაზონი დასწვავს ყოველივე არაწმიდას, რაც მის სულში მოგროვილა, და მარად ადიდებს ღმერთს.

  15. თუმცა კი ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა ანტონი წინაღმდეგი არ იყო ღვაწლთა დაძაბულობის შენელებისაც, როგორც ამას მის პასუხში ვხედავთ ვინმე მონადირესადმი. გადმოგვცემენ, რომ ერთხელ ვინმე მონადირემ, უდაბნოში, გარეულ ცხოველებზე ნადირობის ჟამს დაინახა, რომ წმიდა ანტონი ძმათა შორის იშვებდა, და ამის გამო დიდად გაკვირვებული დარჩა, რადგან იცოდა ძმათა და მათი მოძღვრის მკაცრი განმარტოებული ცხოვრების შესახებ. მოძღვარმა მოუხმო ამ მონადირეს და იმ მიზნით, რომ დაერწმუნებინა იგი აუცილბლობაში დაძაბული ღვაწლის შესუსტებისა, უთხრა: დადე ისარი და დასჭიმე ღვედიო. მონადირემ დაჭიმა მშვილდი, კიდევ უფრო მეტად დასჭიმეო, - უთხრა მოძღვარმა. მონადირემ აასრულა ბრძანება, მაგრამ როცა მესამედაც უთხრეს, უფრო მეტად მოსჭიმეო, გაოცებულმა თქვა: ზომაზე მეტად რომ მოვსწიო, მშვილდი გადამიტყდებაო. მაშინ მამა ანტონიმ უთხრა მონადირეს: ამგვარადვეა საღმრთო საქმეც: თუკი ჩვენ ზომაზე მეტად დავძაბავთ ჩვენს ძალებს, მაშინ მთელი ჩვენი მცდელობა ერთ წამში შეიძლება დაირღვესო; ამიტომაც აუცილებელია, ზოგჯერ მცირედ შევანელოთ კიდეც ღვაწლი, რათა ზედმეტი დაძაბულობისაგან და ღვაწლთა სიმძაფრისაგან უფრო არ გამოჩნდესო ჩვენი უძლურება. როცა ასეთი შეგონება მოისმინა, ხსენებულმა მონადირემ ინანა თავისი თავდაპირველი გაკვირვების გამო და დამშვიდებული დაბრუნდა სახლში, ძმები კი განმტკიცებულნი წმიდანის შეგონებით, თავ-თავიანთ საკნებს დაუბრუნდნენ. უფრო მეტად კი ის გამონათქვამებია შემორჩენილი მამა ანტონისა, რომლებიშიც იგი სულიერი ღვაწლის არსს განგვიცხადებს, ანდა გვიჩვენებს იმგვარ მდგომარეობას გულისას, რომლის წყალობითაც განპირობებულია წარმატებული მოსაგრეობა მონაზონისა. აი, ეს გამონათქვამბი, ამოკრებილნი სხვადასხვა კრებულებიდან:

  16. მოთმინება. ეს ღვაწლი იმდენად აუცილებელია მოსაგრისათვის, რომ თუკი იგი არა აქვს შეძენილი, მთელი მისი მოსაგრეობა ამაოა ღმერთის წინაშე. ასე, მაგალითად: ერთხელ ძმები დიდად აქებდნენ ანტონის წინაშე ვინმე მონაზონს, როცა ქებული მოვიდა მოძღვართან, ანტონიმ მისი გამოცდა გადაწყვიტა - დაითმენს თუ არა შეურაცხყოფასო. და როცა დაინახა, რომ ამ მონაზონს სრულიად არ ძალუძს მცირე შეურახყოფის დათმენაც კი, უთხრა: შენ იმ სოფელს მაგონებ, ერთი შეხედვით რომ კარგი და აყვავებული გვეჩვენება, სინამდვილეში კი ავაზაკთაგან არის გაქურდულ-გაპარტახებულიო.

  17. მოთმინებით აღჭურვა იმისთვის გვესაჭიროება, რომ საცთური და გამოცდაც აუცილებელი ყოფილა ჩვენი სულებისათვის. ამიტომაც წმიდა ანტონი ამბობდა: თუ არ გამოიცადა და საცთურთა წინაშე არ იდგა, ისე, ვერავინ ვერ შევა ცათა სასუფეველში; დაღუპვის წინაშე დგომის გარეშე ვერავინ ვერ ცხოვნდებაო.

  18. ლ ო ც ვ ა . ლოცვით ღვაწლს მამა ანტონი პირადი მაგალითით ასწავლიდა, რადგან ყველამ კარგად უწყოდა, თუ რა გულმოდგინედ და ხანგრძლივად ლოცულობდა იგი. ჩვენ ვიცითო, გადმოგვცემენ წმიდანის მოწაფეები, თუ რა სიმძაფრით ჩაუღრმავდებოდა მამა ანტონი ლოცვა-ვედრებას, როცა მთელი ღამის განმავლობაში იდგა ამისთვის თავის სენაკში, და რაჟამს ამომავალი მზე შესწყვეტდა ხოლმე მის მგზნებარე, მხურვალე გონებიდან მომდინარე ლოცვას, მოძღვარი სინანულით შესძახებდა: რად მიშლი ხელს, მზეო?! იმისთვის ამოდიხარ განა, რომ განმაშორო ღვთაებრივი ნათლისაგან?! იმისთვის გამოანათებ განა, რომ გონება ჩემი ნათლის ხილვას მოაკლოო?!

  19. ც რ ე მ ლ ნ ი. ერთხელ, როცა ძმამ ვინმემ ჰკითხა წმიდა ანტონის, რა უნდა ვიღონო, რომ ცოდვები მომეტევოსო, მოძღვარმა ასე მიუგო: ვისაც საკუთარი ცოდვებისაგან გათავისუფლება სურს, მხოლოდ ტირილითა და ოხვრა-კვნესით, ანუ უკიდურესი მონანიებით შეძლებს ამასო; და ვისაც სურს ქველის საქმენი შეიძინოს და სათნოებას მიაღწიოს, დაე, ცრემლითა და მწუხარებით შეუდგეს ღვაწლთ. თვით ფსალმუნთგალობა, თავისთავად, ტირილი და ცრემლიანი სინანულია ღმერთის წინაშე. მარად გახსოვდეს მაგალით ეზეკიასი, იუდეის მეფისა, რომელმაც (როგორც ეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნშია ნათქვამი - თავი 38) ტირილითა და ცრემლიანი სინანულით არამხოლოდ განკურნვა მიიღო სენისაგან, არამედ იმის ღირსიც შეიქნა, რომ მისი ცხოვრება ამქვეყნად კიდევ 15 წლით გაგრძელებულიყო, რომელთა განმავლობაშიც იგი კეთილ საქმეებს იქმდა; აკი ღმერთის შეწევნით სძლია მან მტრის აურაცხელ, 185 ათასიან ლაშქარს, და ეს ძლევაც მას ღმერთმა სინანულით დაღვრილი ცრემლებისათვის მომადლა. წმიდა მოციქულმა პეტრემაც მწარე ტირილით დაღვრილი ცრემლებისათვის მიიღო შენდობა უფლისაგან, როცა ღამით სამგზის უარყო იგი. და აკი მენელსაცხებლე დედაკაციც ცრემლებს ჰღვრიდა მაცხოვრის ფერხთით, როცა ამ სიტყვების მოსმენის ღირსი შეიქნა: „ამინ გეტყვი თქვენ: სადაცა იქადაგოს სახაარებაი ესე ყოველსა სოფელსა, ითქმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან, მოსახსენებლად მაგისა“ (მათე 26,13).

  20. ხოლო სიცილისათვის, მამა ანტონისსწავლებით, ადგილი არ არის მონაზონის ცხოვრებაში, და როცა მოწაფებმა,ერთხელ, ჰკითხეს მოძღვარს, შეიძლება თუ არა ჩვენთვის ზოგჯერ სიცილიო, მან უპახუხა: უფალი ჩენი იესო ქრისტე განიკითხავს მოცინართ, როცა ამბობს: „ვაი თქვენდა, განმაძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის! ვაი თქვენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ!“(ლუკა 6, 25). ამრიგად, მართალმა მონაზონმა არ უნდა იცინოს ხოლმე. ჩვენდა ჯერ-არს უფრო ვიტიროთ და ვიკვნესოთ იმ ადამიანთა გამო, რომელთა სიტყვით, საქმითა და ცხოვრებით ღმერთის სახელი იგმობა, რადგან ისინი გარდავლენ მის სჯულს და მთელ თავის ცხოვრებას ცოდვაში ჩაფლულნი ატარებენ. მაშ, ვიტყებდეთ და ვიკვნესდეთ, მარად მვედრებელნი ღმრთის წინაშე, რათა ეს ცოდვილი ადამიანები მარად ამ მდგომარეობაში არ დარჩნენ და არ დაიღუპნენ: რათა სიკვდილმა მათ მანამდე არ უწიოთ, სანამ ცოდვებს მოინანიებდნენ. ასეთივე აზრი აქვს გამოთქმული ბასილი დიდსაც (მოკლე მართლმადიდებლური ლექსიკონი, 31, რუსულ ენაზე).

  21. ს ი მ დ ა ბ ლ ე. ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება ღმრთის ნებისა ღვთაებრივ საფარველს მოუპოვებს ადამიანს ზეგარდმო და დაიცავს მას ყოველგვარი დაცემისაგან. ვიხილეო ერთხელ, უთქვამს მამა ანტონის თავისი მოწაფეებისათვის, - ყოველგვარი საფრხე ჩვენი დაუძინებელი მტერისა, დაგებული ჩვენთვის მიწაზე, და ოხვრა-კვნესით აღმომხდა - ვინ აიცილოს-მეთქი ესე თავიდან? მაგრამ ანაზდად ხმა მესმა ზეგარდმო, რომელიც მეტყოდა: მდაბალნი აიცილებენ ყოველივე ამას თავიდანო.

  22. ამიტომაც წმიდა ანტონი ასე გვაუწყებს; თუკი ჩვენ ჯეროვნად და კეთილმსახურად გვსურს ვისაგროთ, პირველ ყოვლისა უკიდურესად უნდა დავიმდაბლოთ თავი, რათა მან, ვინც კარგად უწყის ჩვენი უძლურებანი, თავისი მარჯვენით დაგვიფაროს ჩვენ ყოველგვარი განსაცდელისაგან, რადგნაც თუკი ამპარტავნებით აღვიმაღლებთ თავს და ცუდმედიდობას მივეცემით, ღმერთი მოგვაკლებს თავის საფარველს და ჩვენც, დაუცველნი სასტიკი მოწინააღმდეგის წინაშე, დავიღუპებით.

  23. სხვა დროს მამა ანტონის უთქვამს: როგორადაც ამპარტავნებამ და გონებით ამაღლებამ თავისა ცათა სიმაღლეთაგან უფსკრულთა წყვდიადში გადმოაგდო ეშმაკი, ამგვარადვე სიმდაბლეც და მორჩილებაც მიწიდან ცად აღამაღლებს ადამიანს.

  24. ამიტომაც, მდუმარების ღვაწლმა ამპარტავნება რომ არ დაჰბადოს მოსაგრეში, წმიდა ანტონი შეაგონებდა თვითდამდაბლებით შეემოსათ ეს ღვაწლი და მხოლოდ მორჩილების აზრი თუ მნიშვნელობა მიენიჭებინათ მდუმარებისათვის. თუკი ვინმე მდუმარების ღვაწლს იტვირთავს,დაე, იმას კი ნუ იფიქრებს,დიდი ქველის საქმე მომიმოქმედია და სათნოება შემიძენია ღმერთის წინაშეო, არამედ ის აზრი ჰქონდეს გულში ღრმად აღბეჭდილი, რომ უღირსია ლაპარაკისა და სწორედ ამიტომ სდუმს.

  25. გარდა ამისა, მამა ანტონი შემდეგსაც შეგვაგონებდა: უფალი იმგვარად გვწინამძღვრობს და ისე წარმართავს ჩვენს მსვლელობას სულის ხსნის გზაზე, რომ ჩვენთვის დაფარულია ხოლმე ჩვენივე ღირსებანი, ქველის საქმენი და სათნოებანი, რათა საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის სიმდაბლით ვიყოთ განწყობილი და თავი არ აღვიმაღლოთ. მეწისქვილემ თვალები რომ არ აუხვიოსო ბორბლის მატრიალებელ სახედარს, ამბობდა წმიდანი, - მაშინ იგი წარმატებით ვერ წარმართავდა თავის საქმეს - პირუტყვს თავბრუ დაესხმოდა და ვერ შეძლებდა ბორბლის ტრიალს. ასევე ჩვენც, შინაგანად უფლის მიერ წამართებულნი, ღვთაებრივი განგებულებით, რაღაც საფარველს ვიძენთ, ანუ გონების თვალთა ასაკრავს, რათა ვეღარ დავინახოთ ჩვენი კეთილი საქმენი და მათს გამო საკუთარი თავის მოთნენი, ამპარტავნების სულს არ დავემონოთ, რითაც შეიძლება სულ დავკარგოთ კეთილი ნაყოფნი ჩვენი ღვაწლისა. ეს კი მაშინ ხდება ხოლმე, როცა არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები შეგვიპყრობს; მათს გამო მხოლოდ გაკიცხვა გვმართებს საკუთარი თავისა. არასდროს, რა ღვაწლშიც არ უნდა ვიყოთ და რა ქველის საქმესაც არ უნდა ვიქმოდეთ, არ უნდა ვიფიქროთ, კეთილ საქმეებს შევდგომივართო, და არაწმიდა ზრახვებიც იმისთვის გვიჩნდება, რომ ამგვარი ფიქრები შეუძლებელი იყოს ჩვენთვის.

  26. თუ რაოდენ დამღუპველია ზესთამჩნეობა, ცუდად განდიდება თავისა - ეს კარგად ჩანს ერთი ჭაბუკი მოსაგრის მაგალითიდან, რომელიც დაეცა მის მიერ აღსრულებული სასწაულის შემდგომ. გადმოცემით, უდაბნოს იმ ადგილის მახლობლად, სადაც მამა ანტონი მოსაგრეობდა, ერთ ჭაბუკ მონაზონსაც ეტვირთა განდეგილობის ტვირთი. ერთხელ მისი სენაკის მახლობლად მოხუცმა ბერებმა ჩაიარეს, რომლებიც წმიდა ანტონისთან მიდიოდნენ და შორი გზის გამო მეტად გადაქანცულნი იყვნენ. ჭაბუკმა მონაზონმა, მათს დანახვაზე, გარეულ სახედრებს მოუხმო და უბრძანა, მოხუცი ბერები მამა ანტონისთან მიეყვანათ. პირუტყვნი დაემორჩილნენ მის სიტყვას, და როცა ამ ბერებმა ყოველივე მოძღვარს მოუთხრეს, მან თქვა: ეს ჭაბუკი მონაზონი, როგორც მე ვუწყი, ტვირთით აღსავსე ხომალდია, მაგრამ არ ვიცი, მშვიდობით მიაღწევს თუ ვერა იგი ნავთსაყუდელსო. და მართლაც, ეს ჭაბუკი, ოცნებაშეპყრობილი საკუთარი ღირსებების გამო, ამპარტავნების სულს დაემონა და მცირე ხნის გასვლის შემდგომ დაეცა. მამა ანტონიმ წინასწარ განჭვრიტა მისი დაცემა და უთხრა თავის მოწაფეებს: აი, ამ ჟამს დაეცა ცოდვით ის ჭაბუკი მოსაგრე. წადით და ნახეთო. მოწაფეები წავიდნენ და მართლაც დაცემული ნახეს ჭაბუკი მონაზონი, რომელიც იჯდა და თავისი შეცოდების გამო ცხარე ცრემლებს ჰღვრიდა.

  27. ასე რომ, რამდენადაც ზესთამჩნეობა, თავის ცუდად განდიდებაა დამღუპველი, ამდენადვე თავის დამდაბლება და დამცირებაა მხსნელი. ამას კარგად წარმოაჩენს მაგალითი ვინმე მეჯღანისა, რომლის გამოც მამა ანტონის ზეგარდმო ჰქონდა ჩვენება. ერთხელ წმიდა მამა თავის საკანში ლოცულობდა, და უეცრად მაღლიდან ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: ანტონი! შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია იმ სრულყოფლიებამდე, რასაც ერთმა მეჯღანემ მიაღწია ალექსანდრიაშიო! მოძღვარი მალე გაეშურა ალექსანდრიაში, ღვთის შეწევნით მონახა ეს მეჯღანე და სთხოვა, გამიმხილე, თუ რამ განსაკუთრებულს იქმ შენს ცხოვრებაშიო. იმ კაცმა უთხრა: მე არ ვუწყი, რომ როდისმე რაიმე სიკეთე მომემოქმედოსო! ამიტომაც ყოველ ცისმარე დღე, ძილისაგან აღდგომილი, ვიდრე ჩვეულ სამუშაოს შევუდგებოდე, ასე ვეუბნები ხოლმე საკუთარ თავს: ამ დიდ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი, დიდი თუ პატარა, შენზე უკეთესია! ყველანი ღმერთის სასუფეველს დაიმკვიდრებენ თავიანთი კეთილი საქმეებისათვის, და მხოლოდ შენ ერთი დაისჯები საუკუნო სატანჯველით, რადგან ცოდვების მეტი არაფერი ჩაგიდენია-მეთქი! ამავე სიტყვებს ვიმეორებ ხოლმე გულწრფელად ყოველ საღამოსაც, ძილად მისვლის წინ, რადგან ჩემზე უარესი და ცოდვილი კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულებაო, - უთხრა ღვთისნიერმა მეჯღანემ. როცა ასეთი პასუხი მოისმინა ამ ჭეშმარიტად მდაბალი ადამიანისაგან, მამა ანტონიმ აღიარა თავის გულში, რომ ჯერეთ მართლაც ვერ მიუღწევია ესოდენი სათნოებისათვის სიმდაბლისა.

  28. შესაძლოა, სწორედ ეს შემთხვევა გახდა მიზეზი იმისა, რომ მამა ანტონი ხშირად იმეორებდა ამ შეგონებას: ჩვენ ყველას გვმართებს სასტიკად ვკიცხავდეთ და ვადანაშაულებდეთ საკუთარ თავს ყველაფრისათვის, და ამას ყოველთვის წრფელის გულით ვიქმოდეთ, და არა ზერელედ, რადგან თავის გამკიცხველსა და დამმდაბლებელს უეჭველად განადიდებს და განამართლებს ღმერთი.

  29. ურთიერთმსახურება და შეწევნა ერთმანეთისა. ერთხელ ჰკითხეს მამა ანტონის: თუკი ვინმე ჩენგანი ასე იტყვის - მე არაფერს არ გამოვართმევ ძმებს, და სხვებიც ნურაფერს მთხოვენ, ყველამ ჩვენ ჩვენი ვიმყოფინოთო, - სწორი იქნება თუ არა ეს? მოძღვარმა ასე მიუგო: შვილნი ჩემნო! თუკი ასე მზრახველი ძმა აღმოჩნდება ჩვენს შორის, უწყოდეთ, რომ იგი სასტიკია გულით, და სულიცა მისი - მტაცებელი ლომის სულია. იგი უცხოდ უნდა ჩავთვალოთ და განვკვეთოთ კეთილ ძმათა კრებულისაგან, რადგან ვისაც სხვათა დახმარება არ შეუძლია და არ უნდა, იგი ეშმაკის მსახურია.

  30. სხვა დროს მამა ანტონის ესეც ჰკითხეს მოწაფეებმა: როგორ უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს? მოძღვარმა მიუგო: თუკი მონაზონს ნამდვილად სურს თავის ძმას ემსახუროს, ისე უნდა მოიქცეს, როგორცმსახურნი იქცევიან თავიანთ ბატონთა წინაშე: ამაში მაგალითი ჩვენთვის თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა იყოს, რომელმაც პეტრეს და სხვა მოციქულებს ფერხნი დაბანა, - შემოქმედმა ღმერთმა თავის ქმნილებას! და როცა პეტრეს უარის თქმა უნდოდა უფლისაგან ასეთი სამსახურის მიღებაზე, ასეთი პასუხი მიიღო: „უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა!“-ო. (იოანე 13, 8). ამით უფალმა გვიჩვენა, რომ თუკი ამგვარი ხვედრი ეწევათ იმათ, ვინც უარს ამბობს სხვათაგან სამსახურის მიღებაზე, მით უმეტეს გაკიცხვის ღირსნი არიან ისინი, ვინც შეურაცხ საქმედ მიიჩნევს ძმათა სამსახურს. თუკი პირველთ არ ექნებათ ნაწილი უფლისა თანა, ამ უკანასკნელთა მიმართ რაღა გვეთქმისო, - ამბობდა მამა ანტონი.

  31. და საერთოდაც, მამა ანტონი ხშირად იმეორებდა, რომ სწორედ მოყვასისაგან და მოყვასის მიერ არის ადამიანის ხსნაცა და დაღუპვაც, რადგან თუკი ჩვენ სულიერ ძმას შევიძენთ, ამით ღმერთს შევიძენთ და ვეზიარებით, ხოლო თუკი ძმას ვაცთუნებთ და ვცოდავთ მის წინაშე, ამით უფლის წინაშე ვცოდავთ.

  32. თანალმობა და შემწყნარებლობა დაცემულისა. აბბა ილიას სავანეში ერთ ძმას საცთური შეხვდა, იგი გააძევეს სავანიდან, და მანაც იმ მთას მიაშურა, სადაც მამა ანტონი მოსაგრეობდა. მოძღვარმა ერთხანს თავისთან ამყოფა შემცოდე, შემდეგ კი იმავე სავანეში გაგზავნა, საიდანაც ის გამოეძევებინათ. მაგრამ ძმებმა კვლავაც განაგდეს იგი. განკვეთილი კვლავ მამა ანტონისთან მოვიდა და უთხრა: მამაო, ძმებმა არ ისურვეს ჩემი მიღება! მაშინ მოძღვარმა ხელმეორედ გაგზავნა იგი სავანეში და ასეთი სიტყვებიც დააბარა: ქარიშხალი შუა ზღვაში დააატყდა თავს ხომალდს, რომელსაც მთელი ტვირთი დაუკარგავს და თვითონ ძლივს გადარჩენია დაღუპვას. თქვენ კი იმის ჩაძრვაც გსურთ, რასაც გაჭირვებით მიუღწევია ნაპირამდეო. როცა ძებმა სავანისა მოისმინეს მამა ანტონის დანაბარები, შეინანეს თავიანთი საქციელი და მაშინვე კეთილად შეიწყნარეს ეს ძმა.

  33. ერთხელ რომელიღაც სავანეში ერთ ძმას სიძვაში დასდეს ბრალი, და ის მამა ანტონისთან მოვიდა. მოვიდნენ აგრეთვე იმ სავანის ძმებიც, რათა რაიმე ეწამლათ ცოდვილისათვის და კვლავ სავანეში დაებრუნებინათ. და ამ მიზნით მათ მხილება დაუწყეს შემცოდეს, ასეთი რამ რატომ ჩაიდინეო. ეს უკანასკნელი კი თავს იცავდა - არაფერი მაგის მსგავსი არ ჩამიდენიაო. მოხდა ისე, რომ მაშინ მამა ანტონისთან იყო მამა პაფუტიც, რომელმაც ასეთი იგავით შეაგონა ძმები: მდინარესთან ერთი კაცი ვნახე, მულლამდე ლაფში ჩაფლული. მოვიდნენ სხვები, და ამოყვანის ნაცვლად, ყელამდე ჩაფლეს ტალახშიო. ამ სიტყვებზე მამა ანტონიმ თქვა: აი, ჭეშმარიტად, ისკაცი, ვისაც სნეულ სულთა განკურნვა და ხსნა ძალუძსო. ამ სიტყვებზე, ძმებმა კვლავ სავანეში მიიღეს განკითხული ძმა.

  34. შესანიშნავია, აგრეთვე, აზრი მამა ანტონისა შესახებ იმისა, თუ ვის ძალუძს ჰქონდეს ჭეშმარიტი გრძნობა ძმათამოყვარებისა, იგი ამბობდა: კაცს არაფრით არ ძალუძს ჭეშმარიტად კეთილი შეიქნას, როგორადაც არ უნდა სურდეს ეს მას, თუკი მასში ღმერთი არ შესახლდება, რადგან არავინაა სახიერი და კეთილი, გარნა ღმერთი მხოლოი!

  35. საბოლოო მიზანი ღვაწლისა და მწვერვალი სისრულისა. ღმერთის შესახლება ადამიანში, ანუ ცხოვრება ღმერთის მიერ - არის კიდეც საბოლოო მიზანი ყოველგვარი ღვაწლისა და მწვერვალი მონაზონის სრულყოფილებისა. თვით უფალმა განუცხადა ეს მამა ანტონის, როცა იგი ღირს-ჰყო უდაბნოში ამგვარი ჩვენების ხილვისა: ზეგარდმო ხმა მოესმა, რომელიც ეუბნებოდა - არის ქალაქში ერთი მკურნალი, შენი მსგავსი სათნოებითო, რომელიც ყოველივეს, რაც კი აქვს, გაჭირვებულთ ურიგებს და ანგელოზთა თანა უგალობს წმიდა ღმერთს, და მამა ანტონიმ იხილა ეს ღვთისნიერი კაცი ჩვენებით. მოყვასისადმი სრულყოფილი სიყვარულის მქონე კაცი ღმერთის მიერ ცხოვრობს და მარად მის წინაშე ვალს, მადიდებელი შემოქმედისა.

  36. სრულყოფილება მამა ანტონისა და მისი დიდება ცათა შინა. ამბობენ, რომ მამა ანტონი წინასწარმეტყველიც იყო, მაგრამ უფრთხოდა რა ამქვეყნიურ დიდებას, არავისთვის არ გაუმხელია თავისი ეს ნიჭი. ღმერთი მას წინასწარ უცხადებდა ამაქვეყნიურ ამბებს, მისი ცხოვრების ჟამინდელსაც და მომავალსაც.

  37. ერთ მოძღვარს ოდესღაც შეუთხოვია ღმერთისთვის, დიდებაში მყოფი წმიდა მამანი მახილვეო, და იგი ღირს იქმნა მათი ხილვისა, ოღონდ მამა ანტონი არ უხილავს მათ შორის.როცა გაკვირვებულმა ჰკითხა მის გამო ანგელოზს, ვინც ეს ჩვენება მოუვლინა, ასეთი პასუხი მიიღო: მამა ანტონი იქ არის, სადაც თვით შემოქმედი ღმერთი ჰგიებსო!