სხვადასხვა სარწმუნოებებსა და ეკუმენიზმზე

45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდან

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

სარწმუნოების სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

„ეკუმენიზმი“ აჩლუნგებს მართლმადიდებელთა დოგმატურ მგრძნობელობას და კეტავს მართლმადიდებელი ეკლესიის კარს სხვა სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებიც ეძიებენ ჭეშმარიტ ეკლესიას.
არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანი)

როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრსა და მღვდელს მწამს, რომ ეკლესია, რომლის წიაღშიც მოვინათლე და აღვიზარდე, არის ეკლესია, ჭეშმარიტი ეკლესია, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ეს მწამს მრავალი მიზეზის გამო: პირადი რწმენისა და სულის შინაგანი მტკიცების გამო, რომელიც სუნთქავს ეკლესიის საიდუმლოებებში; მწამს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია შევიცნო წმიდა წერილიდან და ეკლესიის საღვთო გადმოცემებიდან. ამრიგად, მე იძულებული ვარ განვიხილო სხვა ქრისტიანული ეკლესია, როგორც ნაკლული და აბსოლუტური სიზუსტით შემიძლია განვსაზღვრო სხვა ეკლესიების ეს ნაკლულოვანება. სწორედ ამის გამო, ჩემთვის ქრისტიანთა გაერთიანება ნიშნავს მართლმადიდებლობაში საყოველთაო დაბრუნებას. ...მხოლოდ ამ სულით შეიძლება იყოს გამართლებული მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში.
მამა გიორგი (ფლოროვსკი)

დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ თანამედროვე „კორექტულობა“ გაგვიჩნდა და ადამიანები მიისწრაფიან საკუთარი თავის კეთილად წარმოჩენისაკენ. საკუთარი „უმაღლესი ღირსების“ გამოვლენის სურვილს ისინი იქამდე მიჰყავს, რომ ქედს იხრიან ორრქიანი ეშმაკის წინაშე. „დაე, იყოს ერთი რელიგია“, - ამბობენ ისინი და ყველას ერთ სიბრტყეზე ათავსებენ. ჩემს სენაკშიც მოსულა რამდენიმე ადამიანი მსგავსი შეხედულებებით. „ჩვენ, ანუ ყველას, ვისაც გვწამს ქრისტე, - მეუბნებოდნენ ისინი, - გვჭირდება ერთ რელიგიაში გაერთიანება“. - „ეს იგივეა, რომ ერთად მოვუყაროთ თავი რამდენიმე კარატიან ოქროსა და მისგან გამოცალკევებულ სპილენძს, რათა კვლავ გაკეთდეს მათგან ერთი შენადნობი“, - ვუპასუხე მე. განა გონივრულია, კვლავ ავურიოთ ოქრო იაფფასაიან ლითონთან?! ჰკითხე ოქრომჭედელს: „შეიძლება თუ არა ნაგვისა და ოქროს შერევა?“ ჩვენმა ეკლესიამ ხომ უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რათა დოგმატები ნაგვისგან გაეწმინდა?“ წმიდა მამებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათ უმიზეზოდ არ აუკრძალავთ ერეტიკოსებთან ერთობა. მაგრამ დღეს არა მხოლოდ ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდებენ, არამედ ბუდისტებთან, ცეცხლ- თაყვანისმცემლებთან და სატანისტებთან ერთადაც კი. „მართლმადიდებლები, - ამბობენ ისინი, - ასევე უნდა ესწრებოდნენ ეკუმენურ ერთობლივ ლოცვებსა და კონფერენციებს, ეს ჭეშმარიტების დამოწმებაა!“ რომელი „დამოწმება?!“ ეს ადამიანები ყველა პრობლემას ლოგიკის მეშვეობით აგვარებენ, ისინი იმის გამართლებას პოულობენ, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს გამართლება. მოდერნისტული სული მიიჩნევს, რომ საერთო ბაზრის დახლიდან სულიერი საგნებითაც კი შეიძლება ივაჭრო.
მამა პაისი მთაწმინდელი

მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ, არ მახარებს მათი უბედურება. ღმერთო, დამიფარე! მე მათი მოქცევა მახარებს... მე ვურჩევ ყურადღებითა და მოთმინებით მიაგონ სიკეთე ყოველ ადამიანს და ყველას დაეხმარონ საჭიროების მიხედვით. ამასთან მე ვამბობ: დაუშვებელია დაეხმარო მწვალებელს მათ უგუნურ სარწმუნოებაში განსამტკიცებლად: აქ, პირიქით, მტკიცე და შეურიგებელი უნდა იყო. მე კაცთმოძულეობას დავარქმევდი და არა სიყვარულს, როცა მწვალებელს ვინმე მათეულ ცდომილებაში განამტკიცებს, რაც მათი უფრო დიდი დაცემისა და გარდაუვალი დაღუპვის მიზეზი გახდება.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ნამდვილი კაცთმოყვარება მაშინ ვლინდება, როდესაც ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან ადამიანის გამოხსნისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. თუ ფიქრობ, რომ გიყვარს ადამიანი და ამასთან იწონებ მის ცოდვებს და ვნებებს - თავს იტყუებ: შენ ის კი არა, მისი სიკვდილი გყვარებია. მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი, გიყვარდეს მთელი სულითა და ძალით, გიყვარდეს ჭეშმარიტად...
სიძულვილის ღმერთი - ეშმაკი არ დაუშვებს, ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულმა ადამიანებმა ერთმანეთი შეიყვარონ, ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცილისწამებით არიან დაკავებულნი - მათ არავინ უყვართ.
წმ. იუსტინე პოპოვიჩი

ამბობენ: ლუთერმა ახალი სარწმუნოება მოიგონაო, თითქოსდა სახარებიდან, მაგრამ საკუთარი ჭკუით. ჩვენ რატომ აღარ უნდა შევქმნათო სწავლება ჩვენი ჭკუით, სახარების გარეშე? - და დაიწყეს გამოგონება და მარჩიელობა: ღმერთზეც და ადამიანზეც - ყველამ თავისებურად; და იმდენი სწავლება გამოიგონეს, მარტო მათი ჩამოთვლით აგემღვრევა გონება. და ახლა მათთან ასეა: ირწმუნე - როგორც მოგაფიქრდება, იცხოვრე - როგორც გსურს, ისიამოვნე - რითაც სული მოისურვებს. არანაირ კანონსა და შეზღუდვას არ სცნობენ, ღმრთის სიტყვას არ ემორჩილებიან. სიფართოვეა მათთან, ყველა ზღუდე მორღვეულია. მაგრამ, როგორც უფალი ამბობს, ამ ფართო გზას წარსაწყმედელისკენ მიჰყავს. აი სადამდე მიიყვანა სწავლებიდან გადახვევამ.
წმ. თეოფანე დაყუდებული

ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა, ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფებ და გმობენ, ის უარყოფს მაცხოვარს წინაშე კაცთა“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)

დღევანდელი მსოფლიო მართლმადიდებლებს სთავაზობს ეკონომიკურ უზრუნველყოფას და სანაცვლოდ, სურს, მისი შინაგანი სამყარო შეავსოს მცდარად გაგებული ჰუმანიზმით, რომელსაც მიზნად აქვს ადამიანში ღვთიური ბუნების დაკნინება. მაგრამ ქრისტე ხომ ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას“.
უნეტარესი საბა, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი