მცონარებაზე (სიზარმაცეზე)

ყოველი აღსასრულებელი საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ, იმიტომ, რომ პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგვიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე და ა.შ. ამის გამო საქმე იწყება ძალიან გვიან და არ ესწრება დროულად ან სრულიად მიტოვებულია, როგორც მძიმე ტვირთი. თუკი ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა, შეგიყვარდება კიდეც, შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, ან მცონარებაში შთავარდები ან უსაქმურობის ვნება იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როდესაც მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, როგორი დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი სასაარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი, უსარგებლო „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ გამო.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

უწყოდე, თუ კი გონებით არ იმოქმედებ და არ შეებრძოლები სიმძიმისა და სიძნელის შეგრძნებას, რომელსაც მტერი წარმოგიდგებს აღსასრულებელ საქმეთა გამო, მაშინ დაუდევრობა საბოლოოდ დაგრევს ხელს და არა მარტო მაშინ, როცა საქმე გაქვს შესასრულებელი, არამედ როდესაც ჯერ კიდევ შორს მოსჩანს იგი, გექნება ისეთი გრძნობა, თითქოს მთა გაწევს მხრებზე, დამძიმდები და დაიტანჯები. ასე იქნები მოსვენების დროსაც, არ გექნება სიმშვიდე და საქმის გარეშეც თავს დამძიმებულად იგრძნობ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

შენი ცხოვრების ყოველი ჟამი ღმერთისთვის სათნოდ წარმართე. მუდამ გახსოვდეს, რომ აწინდელი დღის შემდეგ დრო აღარ მოგეცემა და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისათვის პასუხი უნდა აგო. შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ დაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

„მოიღვაწე ღვაწლი იგი კეთილი“ (1 ტიმ. 6,12), რამეთუ ხშირად მომხდარა, რომ ერთი საათის შრომას სამოთხე მოუპოვებია და პირიქით, დაუდევრობის გამო ერთ საათში დაუკარგავთ იგი.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ.
წმ. ანტონი დიდი

განუწყვეტლივ მღვიძარე იყავ სულით, რათა მცონარება არ დაგეუფლოს და გულმოდგინებას არ მოაკლდე.
წმ. ანტონი დიდი

უკეთუ უდებ ხარ და მცონარ, მოიხსენენ, რომელმან იგი ქანქარი ქვეყანასა დაჰფლა და რაი-იგი შეემთხვია, და განიღვიძო ძილისა მისგან უდებებისა.
წმ. იოანე ოქროპირი

სიკვდილამდე უნდა ვიღვაწოთ, რადგან, ვინც მიატოვებს მოღვაწეობას, მგლის ლუკმა გახდება>
წმ. ისააკ ასური

მაცდურთან ბრძოლაში არასოდეს არ შეიძლება იარაღი აიყარო და ძილს მისცე თავი. ვისაც დაჭრა არ სურს, მან ორიდან ერთი უნდა აირჩიოს: ან იარაღი მოიხსნას, დაეცეს და დაიღუპოს, ან მუდამ შეიარაღებული იდგეს და ფხიზლობდეს. მტრის ურიცხვი ლაშქარი თვალყურს ადევნებს ჩვენს დაუდევრობას და გაცილებით მეტად ზრუნავს ჩვენი დაღუპვისათვის, ვიდრე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ცხონებისათვის. მტერთან ბრძოლას განსაკუთრებით აძნელებს ის, რომ იგი უხილავია და მოულოდნელად გვესხმის თავს.
წმ. იოანე ოქროპირი

უდებებით თავნებობა იკვებება, ამპარტავნება და დაკისრებულ მოვალეობათა სიძულვილი იბადება.
ბერი იოსები (ისიხასტი)

ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შრომა შეიყვარე, რათა საუკუნოდ განისვენო.
წმ. ეფრემ ასური

დაე, საუკუნო ცეცხლის ხსენება შენთან ერთად იძინებდეს და იღვიძებდეს და უდებება არასოდეს შეგიპყრობს.
წმ. იოანე სინელი

ნუ უსმენ ეშმაკს, როცა ჩაგჩურჩულებს: ახლა მე მომეცი, ღმერთს კი მისცემ ხვალ. არა, არა, არამედ მუდამ ღმრთის სათნოდ იცხოვრე, გახსოვდეს, რომ სხვა დრო არ მოგეცემა და თითოეული ამჟამინდელი წამისათვის პასუხს მკაცრად აგებ. გახსოვდეს, რომ დრო, რომელიც შენს ხელთაა, ძვირფასია. დაკარგულად ჩათვალე ის დღე, როცა თუმცა კეთილ საქმეებს აკეთებდი, მაგრამ შენს უკეთურ მიდრეკილებებსა და სურვილებს არ სძლევდი.
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

არაწმიდა დემონები შეეჩვივნენ იმათთან ყოფნას, და უმეტესად აშფოთებენ იმათ, რომელნიც თავს სიზარმაცით იუძლურებენ და ლოცვაში დაუდევრობენ.
ღირსი მამა ნილოს სინელი