სინანულზე

„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია

სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური

ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური

ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.

როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?

საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა

რამდენს ვიტირებთ და ვინანებთ იმის გამო, რომ ამქვეყნად არ ვტიროდით და არ ვინანიებდით.
აბბა სტრატილატე

ხედვა თვისთა ცოდვათა და მისგან შობილი სინანული არის საქმე, რომელსაც მიწაზე დასასრული არა აქვს. ცოდვის ხედვით იბადება განმწმედი სინანული; თანდათანობით განწმედილი გონების თვალი იწყებს ადამიანის არსების ისეთი ნაკლოვანებებისა და დაზიანების ხედვას, რომელსაც ადრე თავისი დაბინდული გონებით სრულებით ვერ ამჩნევდა.
ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია

ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე

ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური

ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი

უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი

ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური

გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი

ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე

შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!

სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.
ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი