
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.
როგორც ცნობილია, IV-VII საუკუნეების ყველა ერესი - ნესტორისა, მონოფიზიტური თუ მონოთელიტური - ხატთა თაყვანისცემას გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა. ხატთაყვანისცემას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევდნენ მუსლიმებიც, რომელნიც ქრისტიანებს განუწყვეტლივ უკიჟინებდნენ, ერთი, ჭეშმარიტი უფალი დაივიწყეთ და სამი ღმერთის თაყვანისცემა და კერპთა გაღმერთება დაიწყეთო. ამ ბრალდებას გულმოდგინედ იმეორებდნენ იუდეველებიც, რომელნიც ერთ შემთხვევასაც არ უშვედნენ ხელიდან, ქრისტიანებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ.
შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის ჟამს ხატები, რომლებიც ძველთაგანვე ყოველი ქრისტიანისთვის მოკრძალებული თაყვანისცემის ობიექტები იყო, გაუნათლებელ ხალხში ზოგჯერ მართლაც გაუღმერთებიათ, მაგრამ ეკლესიის მამები ასეთ შემთხვევებს არასოდეს ტოვებდნენ მხილების გარეშე და ნებისმიერი ცრურწმენის წინააღმდეგ ხმას უთუოდ იმაღლებდნენ.
იმპერატორ ლეონ ისავრიელს, რომელმაც სახელი მაჰმადიანებთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცით გაითქვა, იმედი ჰქონდა, რომ ხატების განადგურებით მხოლოდ ეკლესიას კი არ იხსნიდა ცრუ რწმენისაგან, არამედ მუსლიმებსა და იუდეველებსაც ქრისტიანობაზე მოაქცევდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, წმინდა გერმანემ, რომელსაც იმპერატორმა თავისი განზრახვა გაუზიარა, მას ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი განუმარტა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მეფეს, რომელიც ჯიუტად ადგა თავის აზრს, გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა. მაშინ ის იძულებული გახდა, ხმამაღლა განეცხადებინა, რომ არც მეფესა და არც პატრიარქს ეკლესიის ადათ-წესების შეცვლის უფლება არ ჰქონდათ და რომ თვითონ უსჯულო საქმეში მონაწილეობას უმალ სიკვდილს ამჯობინებდა. ლეონზე არც პატრიარქის განხცადებას და არც რომის პაპის პროტესტს გავლენა არ მოუხდენია. 730 წლის 17 იანვარს, სვინკლიტის სხდომაზე, იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, ხელი მოეწერა ბრძანებისთვის, რომლითაც ხატთაყვანისცემა იკრძალებოდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი თქვა. მაშინ იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და მის ადგილას ხატმებრძოლი ანასტასი აღასაყდრეს, წმინდა გერმანე კი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს. იგი, ღრმად მოხუცებული, დევნილობაში აღესრულა.
მთავარი, რასაც ხატმებრძოლნი ბრალად სდებდნენ ქრისტიანებს, კერპთაყვანისცემლობა იყო. ისინი ასეთ კითხვას სვამდნენ: რას გამოხატავს ხატები? თუ თავად ღმერთს, ეს წმინდა წერილს ეწინააღმდეგება, რადგან ღმერთი სულია, რომლის გამოსახვა და შეცნობა შეუძლებელია; მაშასადამე, ხატი უფლის გამოსახულება კი არ არის, არამედ კერპი. თუ ხატები ქრისტეს, როგორც ღმერთსა და კაცს, ერთ ხატად გამოსახავს, ეს მონოფიზიტობაა, რომელიც მაცხოვრის ორ ბუნებას ერთში აერთიანებს, ხოლო თუ ისინი განხორციელებულ მაცხოვარს მისი ერთი, ოდენ კაცობრივი ბუნებით აღბეჭდავს ეს ნესტორის ერესია, რომელიც ქრისტეს, როგორც კაცს, ღმერთეებრივი ლოგისისგან სრულიად აცალკევებს. ზემოთქმულის კვალობაზე, უფლის ყველა გამოსახულება ერესი და ღვთისგმობაა.
ერეტიკული სწავლების საპირისპიროდ, იოანე დამასკელმა ხატსა და მის თაყვანისცემაზე მართლმადიდებლური სწავლება ჩამოაყალიბა, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება გადმოიცეს: სამყაროში ყოველივე ხატია, გამოსახულებაა; თავად კაცი ხატი და მსგავსია ღმრთისა. ყოველი საგანი ხატია იდეისა. ხატსა და პროტოტიპს შორის, მატერიასა და სულს შორის, არსებობს კავშირი. თუკი ხატმებრძოლნი სულთან მატერიის ამ კავშირს სრულიად უარყოფენ, მაშინ ისინი მანიქეველები ყოფილან, რომელნიც ღმერთთან მატერიალური სამყაროს ყოველგვარ ზიარებას გამორიცხავდნენ.
ხატმებრძოლების აზრით, ხატთაყვანისმცემელთა სწავლებიდან გამოდიოდა, რომ ხატებსა და პროტოტიპს ერთი არსი ჰქონდათ, რაზეც მართლმადიდებლები პასუხობდნენ, ხატსა და პროტოტიპს შორის შინაგანი ერთობააო. მაგალითად, მეფის გამოსახულება ამავე დროს ხატია სამეფო ხელისუფლების იდეისა, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მეფის გამოსახულებასა და მეფეს შინაგანი ერთობა აქვთ. ამგვარად, ხატი არის მატერიალიზაცია რეალობისა - ღმრთისა, მატერიალური ასახვა ზეგრძნობადი სამყაროსი. ეს აზრია გამოხატული თეოდორე სტუდიელის დისტიქში: „ოდეს უმზერ ხატებს, სწვდები გამოუთქმელ სანახაობას ზეცისა“.
741 წელს ლეონ III გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა მისი ძე, ფანატიკოსი ხატმებრძოლი კონსტანტინე V. მტრულად განწყობილ წრეებში მას კოპრონიმს უწოდებდნენ - აქაოდა, მონათვლისას ემბაზში ჩაისვარაო, და მიუხედავად იმისა, რომ არაბებთან ბრძოლაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა, ბიზანტიური წყაროები მასზე უარესად არც ერთი იმპერატორს არ იხსენიებდნენ.
კოპრონიმის ოცდათხუთმეტწლიანი მეფობა ქრისტეს აღმსარებელთათვის საშინელი გამოცდა იყო. განადგურდა ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, მრავალ ტაძარში კედლებიდან ჩამოფხიკეს ფრესკები, რომლებიც სახარებისულ მოვლენებს გადმოსცემდა, და ბუნების სურათებითა და ნადირობის სცენებით შეცვალეს.
775 წელს კონსტანტინე კოპრონიმი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი ლეონ IV ავიდა. ახალი იმპერატორი, მამის დარად, ხატმებრძოლობის ერესის მიმდევარი გახლდათ, თუმცა თავისი წინამორბედივით ფანატიკოსი არ ყოფილა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ცოლად ჰყავდა ათენელი ირინე, გონიერი და განათლებული ხატთაყვანისმცემელი ქალი.
ლეონ IV-მ მხოლოდ ხუთი წელი იმეფა. 780 წელს მის ტახტზე მცირეწლოვან ვაჟთან კონსტანტინესთან ერთად მისი თანამეცხედრე აბრძანდა. დედოფალს ხატმებრძოლთა წინააღდეგ ძალადობა არ გამოუყენებია, მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ირინეს უწინდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომელთაც მწვალებლები დაუნდობლად შეურაცხყოფნენ. თუმცა ხატთაყვანისმცელობის საბოლოო აღდგენისთვის მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა იყო საჭირო.
786 წლის ზაფხულში კრებისთვის ყველაფერი მზად გახლდათ. მაგრამ ხატმებრძოლებმა აამოქმედეს ახალი და ძლიერი იარაღი - ჯარი, რომლის წიაღშიც ერეტიკულ სწავლებას მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი. 31 ივნისს, სწორედ მსოფლიო კრების გახსნის წინ, ჯარში იფეთქა ამბოხებამ, რომელსაც ხატმებრძოლი ეპისკოპოსები მეთაურობდნენ. შინაომი რომ არ გაჩაღებულიყო, დედოფალი სიმკაცრის გამოჩენას მოერიდა, მაგრამ მიხვდა, რომ კრების მოწვევამდე ჯარი იქაურობისთვის უნდა გაერიდებინა. გამოაცხადა, თითქოს მაჰმადიანებზე გალაშქრებას აპირებდა და სპა სალაშქროდ მოამზადა, მაგრამ გავიდა თუ არა ჯარი კონსტანტინეპოლიდან, ირინემ ბრძანება გააუქმა და ჯარისკაცები დაითხოვა. მსოფლიო კრება გაიმართა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, როცა მღელვარება საბოლოოდ ჩაცხრა, მაგრამ უკვე არა კონსტანტინეპოლში, არამედ ნიკეაში.
კრებამ, რომელიც 787 წლის 24 სექტემბერს გაიხსნა, ხატმებრძოლთა ცრუ სწავლება დაგმო და დაასკვნა, რომ ეს ერესი მანამდე არსებულ ყველა ცდომილებასა და მწვალობლობას იმეორებდა და ერთად აღებულს მოიცავდა.
ხანმოკლე მშვიდობის შემდეგ ხატმებძოლობამ აღმოსავლეთში ისევ იჩინა თავი და კიდევ მრავალი წელიწადი აშფოთებდა ეკლესიას. ეს იყო დრო განუწყვეტელი მღელვარებისა. იმპერიას სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, რომელმაც ხატმებრძოლობის ერესის აღსადგენად ყოველ ღონეს მიმართა. ლეონ V-ის მმართველობის წლებს (813-820) ბიზანტიის ისტორიაში ხატმებრძოლობის მეორე პერიოდად იხსენიებენ. მართლმადიდებლებს არ უსარგებლიათ 787 წელს მეშვიდე მსოფლიო კრებაზე მოპოვებული გამარჯვებით და ხატმებრძოლთათვის სამაგიერო არც დევნითა და არც შევიწროებით არ გადაუხდიათ, ამიტომ პროვინციებში ეს ერესი ისევ ძლიერი იყო, რის გამოც მისი აღორძინება იოლი ჩანდა.
ლეონ სომეხის, მიხეილისა და თეოფილეს იმპერატოროების ოცდახუთი წლის მანძილზე განუწყვეტლივ ანგრევდნენ მონასტრებსა და უდაბნოს სენაკებს, შეურაცხყოფდნენ ხატებს.
იმპერატორი თეოფილე რომ გარდაიცვალა, დედოფალმა თეოდორამ, რომელიც ხატებს ფარულად ქმრის სიცოცხლეშივე სცემდა თაყვანს, სამეფო კარის წარჩინებულ პირთა შეგონებით ხატთაყვანისცემის აღდგენა გადაწყვიტა. დედოფალმა განდევნილი მართლმადიდებდლები გადასახლებიდან დააბრუნა. რაკი ხატების თაყვანისცემის თაობაზე მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებანი უკვე არსებობდა, თანაც მსოფლიო კრების მოსაწვევად ხანგრძლივი სამზადისი იყო საჭირო, გადაწყდა, რომ ადგილობრივი კრება ჩაეტარებინათ. კრება 842 წელს იქნა მოწვეული. მისი აქტები მეშვიდე მსოფლიო კრების დადგენილებებს ეფუძნებოდა. ადგილობრივმა კრებამ ხატმებრძოლთა ერესი დაგმო, ხატთა თაყვანისცემა აღადგინა და მართლმადიდებლობის ზეიმი გამოაცხადა, რომელსაც, იმ დღიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის პირველ კვირა დღეს დღესასაწულობს.
მოამზადა დიაკონმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3 (14), 2005 წ.

რა უნდა გააკეთოს პიროვნებამ იმისთვის, რომ გახარებული იყოს ამა-სოფელსა შინა? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა გვქონდეს რწმენა, არა ნებისმიერი, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი წინაპრები, ჩვენი სამშობლო და რომელსაც ადამიანი სასუფეველში, უფალთან მიჰყავს.
ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ეკლესიის როლს დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ზოგიერთნი უვიცობის ანდა მცირედმორწმუნეობის გამო, მართლმადიდებელ სარწმუნოებას სხვა რელიგიებთან ათანაბრებენ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია იესო ქრისტეს - ღმერთის მისტიური სხეულია და იგი თვით უფლის მიერ არის დადგინებული. „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას (მათე 16, 18) - ბრძანებს მაცხოვარი. მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს. წმიდა ირინეოს ლიონელი ამბობს: „სადაც ეკლესიაა, ის სულიწმიდაა და სადაც სულიწმიდაა, იქ ეკლესიაა მისი სრული ჭეშმარიტებით“.
ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება. ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.
მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
უწმიდესი და უნეტარესი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ეჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა
თანა ზაკვაჲ არა არს (იოანე 1, 47)
ეს სიტყვები უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ გალილეის ქალაქ კანას მცხოვრებ ნათანაილზე წარმოთქვა, რომელიც ფილიპეს რჩევით იესუ ქრისტესკენ მიეშურებოდა, რათა დარწმუნებულიყო, იყო თუ არა ის ისრაილისთვის აღთქმული მესია. ფილიპემ ნათანაილს უთხრა: ვპოვეთ ნაზარეთიდან იესუ, ძე იოსებისი, რომელზეც მოსე წერდა სჯულში და წინასწარმეტყველნი. მაგრამ ნათანაილმა ჰრქვა: ნაზარეთით შესაძლებელ-არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ფილიპემ მიუგო: წადი და იხილე. იესუმ მისკენ მომავალი ნათანაილი რომ დაინახა, თქვა: აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი, რომელთანაც არ არის მზაკვრობა. ნათანაილი ეკითხება: საიდან მიცნობ მე? – იესუმ მიუგო: ვიდრე ფილიპე მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ მდგომი გიხილე, ანუ ვიცოდი ყველა შენი ზრახვა, შენი სარწმუნოება, შენი მოლოდინი მესიისა, მომავალი შენი მსახურება. როგორც ჩანს, გულთამხილავი უფალი ნათანაილის გულის ყველაზე უფრო მგრძნობიარე სიმს, ყველაზე უფრო სასურველ აზრს, გულითად სურვილს, სასოებას შეეხო და თავისი ღვთიური ყოველგანმყოფობა შეაგრძნობინა; და აი, ნათანაილი ქრისტეს სარწმუნოებით იქნა მონადირებული. იგი შესძახებს: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაილისაჲ – და შემდგომ ამისა იგი ბართლომეს სახელით ხდება მოწაფე, ერთი ათორმეტთაგანი (იოანე 1, 45-51).
მაგრამ ამ კვირიაკეს, რომელიც მართლმადიდებლობის კვირიაკედ იწოდება, რატომ დაადგინა ეკლესიამ, რომ სახარების სწორედ ეს საკითხავი იკითხებოდეს? - იმიტომ, რომ უფლის სიტყვებში ნათანაილისადმი ნაჩვენებია ჭეშმარიტი ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანის სახე და, საერთოდ, სახე ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესიისა. აი, ჭეშმარიტი ისრაიტელი, – თქვა ნათანაილზე უფალმა, – რომელთანაც არ არის მზაკვრობა, ანუ აი, ადამიანი, რომელიც მტკიცედ, მართლად და სწორად აზროვნებს, მსჯელობს, სწამს, სასოებს, მეტყველებს და იქმს, რამეთუ ნათანაილმა პირდაპირ, ერთბაშად ირწმუნა იესუ ქრისტე, როგორც ძე ღვთისა და მას შემდეგ რწმენასა და სასოებაში აღარასდროს მერყეობდა, აღარასოდეს შეცვლია აზრი მაცხოვრის ღვთიურ პიროვნებასთან დაკავშირებით. განა ასეთი არ უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი; ამგვარი არ უნდა იყოს ღვთივდაფუძნებული კრებული მართლმადიდებელ ქრისტიანთა; ნუთუ ასეთივე არ უნდა იყოს, როგორიც არის კიდეც, მართლმადიდებელი ეკლესია?! ნათანაილის რაოდენ დიდი შექებაა გულთა და თირკმელთა განმხილველის ამ სიტყვებში: ეჰა, ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს! რამდენად დიდი შექებაა იმ ქრისტიანისა, რომლის შესახებაც უფალმა თქვა: აი, ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელშიც არაა მზაკვრობა, და – იმ ეკლესიისა, რომელზეც იტყვის უფალი: აი, ეკლესია, რომელშიც არ არის მზაკვრობა, ანუ ამაო ადამიანური გამონაგონი, ე.ი. რომელიც ერთიანად ჭეშმარიტია მთელ თავის მოძღვრებაში, საიდუმლოებებში, ღვთისმსახურებაში, მართვა-გამგეობაში, სავსებით – მთელ თავის დაწესებულებაში. და სწორედ ამგვარნი არიან ღვთის სათნო წმინდანები, ასეთია მართლმადიდებელი ეკლესია, დასაბამიდან დღემდის, როგორც ეკლესიის მიუკერძოებელი ისტორიაც მოწმობს და თავად ღმერთიც მრავალფერი ნიშებითა და სასწაულებით, ეკლესიაში რომ აღესრულება. დიდებული ეკლესია, მოციქულის სიტყვისაებრ, სვეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა (1 ტიმოთეს მიმართ 3, 15); რომელსაც არა აქვს მწიკვლევანება, არცა ნაოჭ ბრძვილვისა; არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი (ეფესელთა მიმართ 5, 27). და როგორი სისხლიანი გმირობით, ჭეშმარიტების მტრებთან როგორი ბრძოლით, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის რამდენ მოშურნეთა სიკვდილით გვაქვს ნაბოძები, ძმანო ჩემნო, ჭეშმარიტი სარწმუნოება, წინამძღვარი ჩვენი საუკუნო სიცოცხლისაკენ! ჩვენი მამულის მთლიანობის შენარჩუნებისათვის, მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის წარმართებთან, მაჰმადიანებთან და მართლმადიდებელი ეკლესიისადმი გაუცხოებულ ქრისტიანებთან, მართლმადიდებელი სარწმუნოების დასაცავად ბრძოლაში რაოდენი სისხლი დაღვრილა მხედრებისა და წინამძღოლების, მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა; მრავალი სატანჯველი გამოუვლიათ ღირს მამებსა და ერისკაცებს.
ჩვენ კი, შვილნი მართლმადიდებელი ეკლესიისანი, დამცველნი უძვირფასეს მემკვიდრეობის – მართლმადიდებელობის, მივსდევთ კია მის სწავლებას, წესდებას, მცნებებს, კანონებს, რჩევებს?! გვიყვარს განა ღვთისადმი მსახურება, შევსწირავთ ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა (ებრაელთა მიმართ 13, 15)? განვახლდებით კია მის მიერ; ვიკურთხებით კი დღე-ყოველ, ვწვრთნით საკუთარ თავს, ვაღწევთ განა იმ სრულყოფილებას, რომელსაც წმინდანები მოიპოვებდნენ? ვესწაფვით სრულყოფილებას ღვთისა და მოყვასის სიყვარულში; ვუფრთხილდებით თუ არა საკუთარ რწმენას, - ღვთის უდიდეს წყალობად, სიცოცხლის უდიდეს და უპირველეს სიკეთედ თუ მივიჩნევთ იმას, რომ გვხვდა ბედნიერება, ვეკუთვნოდეთ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულოა?! ამ კითხვას სინდისიერად როგორ ვუპასუხოთ? ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა გამოვტყდეთ, რომ მრავალს მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოება არათუ გულსა და ცხოვრებაში, არამედ ენაზეც კი არა აქვს, ის ან სრულიად გაუქარწყლდათ, ანდა მთლიანად გულგრილნი გახდნენ ნებისმიერ სარწმუნოებასთან: კათოლიკურთან, ლუთერანულთან, იუდაურთან, მაჰმადიანურთან და, ასე განსაჯეთ, თვით წარმართულთან მიმართებაშიც კი. ბევრისგან გვესმის, თითქოს, ნებისმიერი რწმენით შეიძლება სათნო-ეყო ღმერთს, ანუ თითქოსდა ღვთისთვის ნებისმიერი რწმენა მოსაწონია და ვითომცდა სიცრუე და ჭეშმარიტება, სიმართლე და უსამართლობა ღვთისთვის სულერთია. აი, ბევრი სადამდე მიიყვანა საკუთარი სარწმუნოების, მშობლიური ეკლესიის სულისა და ისტორიის უცოდინრობამ, ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისაგან გაუცხოებამ, რამდენად გაუკუღმართდა მართლმადიდებლობაზე, არამართლმადიდებლობასა და უცხო რჯულზე წარმოდგენა! თანამედროვე მოვლენათა ქრონიკა მოგვითხრობს, რომ ჩვენს ქვეყანაში სადღაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა მოწაფეების გამოცდისას ისააკის მსხვერპლად შეწირვას უმართებულო ისტორია უწოდა! ქრისტიანი, როგორც ეკლესიის წევრი უნდა იცნობდეს თავის სარწმუნოებას და ამ სარწმუნოებით მცხოვრები ცდილობდეს ცხონებას, რადგან ჩვენი ცხონების მტრები არ თვლემენ და მიწყივ ჩვენს წარწყმედას ლამობენ, – მან არ უნდა მიატოვოს თავისი სარწმუნოება, როგორც სპეციალობა, ან როგორც მხოლოდ ყრმათათვის განკუთვნილი რომელიღაც უვარგისი სათამაშო, ანდა როგორც მხოლოდ გაუნათლებელი ბრბოს მონაპოვარი. ამგვარად მეოცნებეებს არ აწყენთ, ახსოვდეთ ჩვენი სარწმუნოების უშუალოდ ღვთისაგან წარმომავლობა და პატივისცემა წარსულისადმი, კაცობრიობის დასაბამიდან, ამ რწმენით რომ ცხოვრობდნენ და ცხოვნდებოდნენ ყოველგვარი მოდგმის, წოდების, მდგომარეობისა და სქესის ადამიანები: სახელოვანი მეფეებიცა და ბრძენი ფილოსოფოსებიც, სჯულისმდებელნიცა და დიდი მჭევრმეტყველნიც, აზნაურნიცა და უაზნონიც, მდიდარნიც და გლახაკნიც, მამაკაცთა ჯიშიცა და მშვენიერთა სქესიც, – მშვენება და დიდება კაცობრიობისა.
მართლმადიდებლობის გარდა არც ერთ რელიგიას არ ძალუძს ადამიანის ზნეობრივი სრულყოფა, ანუ წმინდანად ჩამოყალიბება და ღვთისათვის სათნოყოფა, რასაც ეკლესიის ისტორიაც, გვიდასტურებს; ასევე – ღვთის სათნომყოფთა უხრწნელი, საკვირველთმოქმედი ნაწილები და მართლმადიდებელ წმინდანთა განსაცვიფრებელი ღვაწლი, რითაც მოსაწონნი შეიქმნენ ღვთისთვის, იყვნენ რა სიცოცხლეშივე წინასწარმხედველნი და საღი აზრით სწორედაც რომ ასე უნდა ყოფილიყო: სრულყოფილებას მხოლოდ სრულყოფილმა სარწმუნოებამ შეიძლება აზიაროს ყოველგვარი ღვთიური ძალებით, ყოველივე ღვთიური საჭურველით ვნებიან ხორცსა, ამა სოფელსა და ეშმას წინააღმდეგ. თუკი ამჟამად მრავალი, მართლმადიდებელი ქრისტიანი მაჰმადიანსა და წარმართზე უარესად ცხოვრობს... ქრისტიანთა ასეთი უღირსი ცხოვრება ოდნავადაც არ შეიძლება მართლმადიდებლური სარწმუნოების განკითხვის საბაბად იქცეს, რომელიც თვით მაცხოვრის აღთქმისაებრ და ისტორიის მოწმობით ჭეშმარიტებისა და სიწმინდის საწყისებში ურყევია. ამგვარი ადამიანები, მართალია, ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ არსებითად ისინი ჩვენნი არ ყოფილან, არამედ მხოლოდ სახელით იწოდებოდნენ ასეთებად.
დიახ, ძმანო ჩემნო, მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება განსწმენდს და აკურთხევს ცოდვით შებღალულ ადამიანურ ბუნებას, განაახლებს გახრწნილს, განსაკუთრებით – ნათლისღების, სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებით; განანათლებს დაბნელებულს; კურნავს ცოდვებით დაწყლულებულს; გულგაციებულს განატფობს; სულიწმიდის მადლით აკეთილსურნელოვნებს ვნებებით მყრალს; მკვდარს განაცოცხლებს; ღვთისგან განშორებულს უკუნაქცევს, მისგან გაუცხოებულს კვლავაც მასვე უსაკუთრებს, დახსნილს განამტკიცებს; დასახიჩრებულს განამრთელებს და შეამკობს; დაცემულს აღადგენს; მონას ათავისუფლებს, დამტერებულს სიყვარულით აღავსებს, როგორადაც მოციქულსა პავლეს და მრავალთაცა სხვათა; ღვთისმგმობს ღვთისადმი განუწყვეტელი დიდებისმეტყველებით აღავსებს; სასოწარკვეთილს სასოებას მოსცემს; მოწყენილს - ნუგეშს, სასჯელის ღირსს სასჯელს აცილებს და გეჰენიისაგან გამოიხსნის; შფოთიანს ამშვიდებს; ძალადალეულს სიმტკიცეს ანიჭებს; შევიწროებულს გასაქანს აძლევს; უსამართლოს სიმართლით განამდიდრებს; მზაკვარს უბრალოს ხდის; ბოროტს – კეთილად; ზნედაცემულს გამოასწორებს; ხარბს თავშეკავებულს ხდის; მრუშს – უმანკოს, უბიწოს; ძუნწს – მოწყალეს; უგუნურს განაბრძნობს; გამიწიერებულს ზეციურს ხდის; უხეშს – ფაქიზს; ხორცის მონას განასულიერებს; სახმართმოყვარეს ღვთისმოყვარულს ხდის; თავისმოყვარეს თავდადებულსა და ყოვლადმოყვარულს; ეშმაკისმსგავსს – ღმერთსდამსგავსებულს და – ჰოი, საკვირველება! – ღვთიურს! აი, რა სასწაულებს იქმს მართლმადიდებლობა ადამიანში! გსურთ, ამაში დარწმუნდეთ? იკითხეთ წმინდანთა ცხოვრება, ისტორია ეკლესიისა: და თქვენ თვალნათლივ იხილავთ ყველა ამ სასწაულს წმინდანთა ცხოვრებაში. თქვენ დაინახავთ მგლებს კრავებად ქცეულთ, მრუშთა და მეძავთ მართლებად და ანგელოსთასწორებად; ვერცხლისმოყვარეთ – მოწყალეებად, გემოთმოყვარეთ – მმარხველებად, ძალაუფლებისა და მიწიერი დიდების მოყვარულთ – მწირი მონაზვნის უბრალო სამოსლით შემოსილად. აი, უტყუარად იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები; აი, ანგელოსნი ხორცთა შინა; მიწაზე – ზეციური მოქალაქენი და, იმავდროს, მიწიერი სამშობლოს ერთგული მსახურნი, როგორც დღეს ხსენებული 40 სებასტიელი მოწამენი! აი, რა შეუძლია მოიმოქმედოს ჩვენს სარწმუნოებას იმ ადამიანებთან, რომელნიც წრფელი გულით მისდევენ მას და წინამძღვრად გაუხდიათ იგი! ჩვენში კი რად არ იწვევს ასეთ მაცხოვნებელ ცვლილებებს? ჩვენი ნაკლებმორწმუნეობისა თუ სულაც ურწმუნოების გამო, ქარაფშუტობის, გარყვნილი და უნანელი გულის გამო; ჩვენში გაძლიერებული და შემბოჭველი ვნებების გამო, ეკლესიიდან განშორების გამო, იმის გამო, რომ ეკლესიის სულსა და ცხოვრებას მრავალი ვერ ჩასწვდომია, ხოლო დანარჩენები – უფრო ფორმალურად მისდევენ მას. კიდევ ამიტომაც გამრავლდნენ ჩვენში თანამედროვე საზოგადოებრივი მანკიერებები: მკვლელობები, თვითმკვლელობები, მეფისმკვლელობები, ცეცხლის წაკიდება, საზოგადოებრივი ქონების დატაცება, ზღვარგადასული ფუფუნება, გარყვნილება, გამფლანგველობა, გრძნობისმიერ სიამოვნებებს დაწაფება.
ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებად რომ ჩამოვყალიბდეთ, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მართლმადიდებელ ეკლესიასთან ცოცხალი, მუდმივი ურთიერთობა, ანუ მის ლოცვებში, საიდუმლოებებში მონაწილეობა; – საჭიროა გულმოდგინედ შევისწავლიდეთ ჩვენს სარწმუნოებას, განვიმსჭვალებოდეთ და ვცხოვრობდეთ მისი სულით, ვხელმძღვანელობდეთ მისი კანონებით, მცნებებით, წესდებით, და მთავარია – ღრმა სინანულით აღვადგენდეთ ჩვენში ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანის ხატებას ძველთა და ახალთა წმინდანთა ხატების მიხედვით, ან უფრო უკეთესია – თვით უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს ხატებისდა მიხედვით, რომელიც იტყვის: სახე მიგეც თქუენ, რაჲთა ვითარცა – ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იოანე 13, 15), დე, ჩვენზედაც ეთქვას უფალს, როგორც ოდესღაც ნათანაილზე: ეჰა, ჭეშმარიტად ახალი ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს. ამინ.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა