ვნების შვიდეული

ა) ვნების შვიდეულის ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი

ვნების შვიდეული ეწოდება წმ. დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.

ბ) დიდი ხუთშაბათი

ამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.

ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).

დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ აღარ იკითხება.

გ) დიდი პარასკევი

დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.

ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.

ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.

დ) დიდი შაბათი

ვნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.

დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.

ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ!

ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი - აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას - იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.

იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.

იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.

დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მიისათვის“ (II ფს. 1, 2).

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.

წმიდა თეოდორე სტუდიელი

ვნების კვირის ორშაბათის სწავლება

სიმდაბლისა და მოთმინებისათვის

ძმანო და მამანო! დღევანდელი დღე წმიდა და თაყვანსაცემელია, რადგან სწორედ ამ დროიდან იწყებს უფალი, ჩვენი ცოდვების გამო, ჯვარზე ვნებას. დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „რად აღიძრნეს წარმართნი, და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეჰკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის!“ შეიკრიბა ერი და ბოროტი განიზრახა მეუფისათვის, მზაკვარი იუდა უარყოფს სახიერ მოძღვარს და ცრუ ამბორის-ყოფით გასცემს მას. შეკრულს მიიყვანენ და სიცრუის სამსჯავროზე წარადგენენ უფალს. განკიცხავენ და შეასმენენ, ის კი მიუგებს, თანაც რაოდენ საშინელი სასმენელია ეს მიგება! - სულგრძელებით აიტანს მონისაგან ყვრიმალში ცემას და ეტყვის: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, ჰსწამე ბოროტისათვის, ხოლო უკუეთუ კეთილსა ვიტყვი, რაისათვის მცემ მე?“ და შემდეგ განიკითხავენ, განბასრავენ, შეურაცხყოფენ, აყუედრებენ, შეანერწყვავენ და ჯვარზე გააკრავენ! მაგრამ მიმსჭვალულიც კი მტერთათვის ილოცებს: „მამაო, მიუტევე ამათ ცოდვაჲ ესე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!“ ბოლოს ნაღველის გემოსაც იხილავს და თავს იდებს სიკვდილს! ეს ყოველივეა ვნებანი მეუფისა, რომელიც ჩვენთვის შეიმთხვია. ისინი, ვინც გულისხმისყოფით ისმენენ, არ განრისხდებიან, არც გალანძღავენ და ძმაზე არ ამაღლდებიან; არ იქნებიან მოშურნენი და დიდების მოყვარულნი, არამედ თავს დაიმდაბლებენ, შეიმუსრავენ, მიწითა და ნაცრით შეურაცხყოფენ და ისურვებენ, გაიზიარონ ქრისტეს ვნებანი და სიკვდილი. იჩქარებენ, რათა მისი აღდგომის დიდება შეიგრძნონ. თქვენც ნუ გეშინიათ, შვილნო. მართალია, თქვენც ეზიარეთ და კვლავაც ეზიარებით ქრისტესთვის ვნებებს, მაგრამ იხილეთ კი, სად ხართ, თქვენც რომ იდევნებით? მისი სიტყვისა და მცნებისათვის განა ნაკლები სისხლი დაღვარეთ და მცირედი პყრობილება გადაიტანეთ, ვიდრე რამოდენიმე ძმამ, რომელიც მოწამეობრივ ტანჯვაში აღესრულა და უფალთან წავიდა? ეს ყოველივე უკვე უფლისმიერი სიქადული და მისგან ბოძებული ნიჭია! და რადგან დასაწყისიდან ვიდრე აღსასრულამდე კაცის ნეტარება არაა მტკიცე, სწრაფად ცვალებადი და ადვილად მერყევია, და არც ის ვიცით, თუ რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე, გევედრებით, შეურყვევლად და შეუცვლელად, განუყოფლად იდექით უფალთან; ამგვარი გონებით თანამოღვაწენი გავხდეთ სახარების ჭეშმარიტებისა და ნუ მოგვინადირებს რაიმე წინააღმდეგობა და ნუ დაგვცემს დაბრკოლებანი, პირიქით, ყველას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ღვთისმსახურის მორჩილებით, სიმდაბლით, სიმშვიდით, სულგრძელებითა და ჭირთა თმენით, რადგან ღვთის ნების აღსრულებისათვის ძლიერი მოთმინება გვმართებს. ახლოა დღე უფლის მოსვლისა, მომავალი ერთ წუთში მოვა და არ დააყოვნებს! ხოლო ჩვენ რად უნდა გვეწყინოს მისი მოსვლა? განა არ გვირჩევნია ჭირთა შინა სიკვდილი მეუფისათვის? რადგან დაწერილია: „უკუეთუ მისთანა მოვჰსწყდეთ, მისთანაცა ვსცხონდეთ; უკუეთუ დავითმინოთ, მისთანა ვჰსუფევდეთ; უკუეთუ უვარ ვჰყვნეთ, მანცა უვარ მყუნეს ჩუენ; უკუეთუ ურწმუნო ვიქმნეთ, იგი სარწმუნოდ ჰგიეს და უვარყოფად თავისა თვისისა ვერ ძალუძს“. რაოდენი სიხარულით აღივსებიან წმიდანნი, როდესაც იხილავენ ანგელოზებთან ერთად მომავალ უფალს მთელი თავისი ძლიერებით; გამოუთქმელი სიხარულით მოუწოდებენ, გვირგვინს უბოძებენ და უკუნისამდე შეერთვებიან მათ! ხოლო უფლის მცნების ურჩთ და სახარების შეურაცხმყოფელთ ფრიადი სატანჯველი შეემთხვათ - წინასწარმეტყველების თანახმად, როდესაც უფალი მოვა დიდებითა და ყოველთა მოწმუნეთა გასაკვირად, ისინი დაისჯებიან, საუკუნოდ მოისვრებიან ღვთისაგან. ეს ყოველივე განვიცადოთ ძმანო, გულისხმავყოთ, კიდევ უფრო განვიწმიდოთ თავები ხორცისა და სულის შეგინებისაგან და ვაკეთოთ სიწმიდე ღვთის შიშით! გვსურდეს უმჯობესი; განვეშოროთ ბოროტს და შევერთოთ ძმათმოყვარების სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, ნუ ვიქნებით მცონარენი - სულით მდუღარენი ვმონებდეთ უფალს, ვსასოებდეთ, დავითმინოთ ჭირი და მოკრძალებით ვილოცოთ, რათა ასეთი გულმოდგინებით ვიდღესასწაულოთ მოახლოებული აღდგომა და ღირსნი გავხდეთ, მივემთხვიოთ საუკუნო შვებას კეთილისა, ბოძებულს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 15 (222), 2003 წ.