ალექსი ოსიპოვი

რათა არ დაისადგუროს წყვდიადმა

რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება - აი, სამი ძირითადი მამოძრავებელი ძალა კაცობრიული ცივილიზაციისა, რომელიც ყოველთვის მიმართულია ერთი მიზნისაკენ - ადამიანისათვის სრულყოფილი კეთილდღეობის ძიებისაკენ. დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, ალბათ ზედმეტია ამ ძიების შედეგებზე ბევრი საუბარი; მსოფლიო დგას გლობალური კრიზისის ზღვარზე, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ მოისპოს არა მარტო მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა მიღწევა, არამედ თავად სიცოცხლეც დედამიწაზე.

ვინ არის ამაში დამნაშავე? ცხადია, თავად ადამიანი, მისი ბობოქარი ცხოვრება, რომელსაც წარმართავს... მეცნიერება, ფილოსოფია და რელიგია! ძნელია უფრო ტრაგიკული სიტუაციის წარმოდგენა: ის უმაღლესი, რაც გააჩნია ადამიანს და რომელიც თავისი არსით მისი გზის გასანათებლადაა მოწოდებული, იქცა სიბნელედ და კაცობრიობა საშინელი აღსასრულისაკენ მიჰყავს.

სად უნდა ვეძებოთ ასეთი მოულოდნელი ფინალის სათავე? იოლი როდია პასუხის გაცემა ამ დიდ და რთულ კითხვაზე. მაგრამ უეჭველია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული შეცდომა, რომელიც დაუშვა ადამიანმა, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, იყო ის, რომ მან მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნა დაუპირისპირა რელიგიურს და მტრობა ჩამოაგდო მათ შორის. შედეგად მივიღეთ ის, რომ სრულიად დაიკარგა ურთიერთგაგება და თანხმობა ადამიანის სულირი და ინტელექტუალური ცხოვრების ამ სამ უმთავრეს სფეროს შორის ადამიანის საქმიანობის ფუძემდებლური პრინციპის გააზრების საკითხში. ამიტომ იმ ჰარმონიული ურთიერთკავშირის აღდგენა, რომელიც არსებობდა სამყაროს რელიგიურ, ფილოსოფიურ და მეცნიერულ ხედვას შორის, წარმოადგენს არა უბრალოდ ყურადსაღებ პრობლემას, არამედ რიგ მიზეზთა გამო, შეიძლება მივიჩნიოთ ერთ-ერთ ყველაზე მრავალასპექტიან პრობლემად.

აი, ამ პრობლემათაგან უმთავრესნი:

მსოფლმხედველობრივი. ახალ ისტორიაში, განსაკუთრებით ე.წ. განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები და ფილოსოფიური აზრი განიხილებოდა და დღემდე განიხილება არა მარტო როგორც აუცილებელი, არამედ როგორც ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია უჩვენოს ადამიანს მისი ცხოვრების ნამდვილი აზრი და შინაარსი. ამისაგან განსხვავებით, რელიგია, უკეთეს შემთხვევაში განიხილება, როგორც მარტოოდენ ლამაზი ტრადიცია, რომელიც ნაწილობრივ უწყობს ხელს საზოგადოების რაღაც ნაწილში გარკვეული მორალური ატმოსფეროს შენარჩუნებას. მაგრამ როგორც მსოფლმხედველობა, ის აღიქმება ანტიმეცნიერულად, ცხოვრებისეული პრობლემებისაგან მოწყვეტილად, რომელსაც ადამიანი გადაჰყავს უაზრო ოცნებების ილუზორულ სამყაროში. რელიგიისადმი ასეთ დამოკიდებულებას და მის დაპირისპირებას მეცნიერებისა და ფილოსოფიისადმი თან სდევს შორს მიმავალი ფსიქროლოგიური, ზნეობრივი და პრაქტიკული შედეგები, რომლებიც უკიდურესად ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადამიანზე. სანამ ასეთი დამოკიდებულება არ შეიცვლება, ზედმეტია ლაპარაკი როგორც სულიერად ერთიან, მდგრად საზოგადოებაზე, ასევე ჭეშმარიტად ჰუმანურ მიღწევებსა და მთლიან მსოფლმხედველობაზე, რომელიც დამაჯერებლად გასცემს პასუხს ადამიანური ცნობიერების მეტად საჭირბოროტო კითხვას: „რისთვის ვცხოვრობ და რისთვის ვიღვწი?“

სულიერი. როგორც ბოლოდროინდელი სტატისტიკა მოწმობს, განვითარებულ ქვეყნებში მძლავრ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესსა და ცხოვრების მაღალ დონეს (რასაც ფონად ქრისტიანული სულიერების დაქვეითება უდევს) ადამიანთა დიდი ნაწილი მიჰყავს არა დედამიწაზე დაპირებული სამოთხისაკენ, არამედ გულგატეხილობამდე, ცხოვრების აზრის დაკარგვამდე, ზნეობრივ გადაგვარებამდე, მძიმე ნერვულ-ფსიქიურ აშლილობამდე და თვითმკვლელობამდე. ჭეშმარიტად პარადოქსული მოვლენაა! უნებლიედ გახსენდება ბიბლიური სიტყვები: „მოველოდე კეთილსა და აჰა ესერა, შემემთხვინეს მე ბოროტნი“ (იობ. 30, 26). საით მიჰყავს თანამედროვე ცივილიზაციას ადამიანი, რომელსაც „ათავისუფლებს“ რელიგიისაგან და მისი მორალისაგან? ხომ არ კლავს ცოცხლად, როცა მას უსულო რობოტად აქცევს?

ეკოლოგიური. ცხოვრების კომფორტმა (რომელიც დღემდე ხელმისაწვდომია საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისათვის, ხოლო დანარჩენისათვის ისევ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის დაპირებადღა რჩება), იმდენად მოაჯადოვა მთელი კაცობრიობა, რომ ადამიანს დაავიწყა არა მარტო სულიერი, ზნეობრივი და რელიგიური ფასეულობანი, არამედ საკუთარი ცხოვრებაც, რომ არაფერი ვთქვათ შთამომავლობის ცხოვრებაზე. სიამოვნება, გამორჩენა, ძალაუფლება - აი, კომპონენტები და თანმხლებნი კომფორტისა. მათ ჭკუიდან შეშალეს და საბოლოოდ დაიმონეს თანამედროვე ადამიანი, აიძულებენ ადამიანს უმძიმეს ეკოლოგიურ კრიზისში ჩააგდოს მსოფლიო და დაღუპოს ის ბუნება, რომლის ნაწილიც თვითონაა. ნუთუ ეს არ გვავალდებულებს, რომ სასწრაფოდ გადავსინჯოთ ჩვენი ცხოვრებისეული ღირებულებანი?

ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემებისა, რომლებიც პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ამჟამად, როგორც არასდროს, მეცნიერება და ტექნიკა, ფილოსოფია და რელიგია ისეთ ურთიერთობაშია ერთმანეთთან, რომელიც მოითხოვს ახლებურ - ჰარმონიულ დამოკიდებულებას თანამედროვე ადამიანის მხრიდან (პირველ რიგში ეს ეხებათ მეცნიერებსა და ფილოსოფოსებს) იმ რწმენისადმი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აზრს აძლევდა ჩვენი წინაპრების ცხოვრებას და წარმართავდა მათ ყოველ საქმიანობას. მაგრამ რის საფუძველზეა ეს შესაძლებელი და რას უნდა ეყრდნობოდეს ახალი შეხედულებები? უეჭველია, რომ ჯეროვანი პასუხი ამ კითხვას შესაძლებელია გაეცეს მხოლოდ ადამიანის ცხოვრების საბოლოო მიზნის სათანადო გააზრების შემდეგ. ერთი შეხედვით ეს პრობლემა ძნელად გადასაჭრელი არ ჩანს, რადგან  ასეთ მიზანს უსათუოდ წარმოადგენს კეთილდღეობა თითოეულისა ცალ-ცალკე და ყველასი ერთად. მაგრამ საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ თვით კეთილდღეობის ცნება და მისი მიღწევის საშუალებანი სხვადასხვანაირად განისაზღვრება მეცნიერების, ფილოსოფიისა და რელიგიის მიერ.

როგორ განიხილავენ ისინი ამ პრობლემას?

მეცნიერებას (იგულისხმება საბუნებისმეტყველო), საბოლოო ჯამში, კეთილდღეობად მიაჩნია სამყაროს მაქსიმალური შეცნობა მის ყველა განზომილებაში, რათა მისი მთლიანად დამორჩილებით ადამიანი ფაქტიურად აქციოს ყოვლისშემძლე ღვთაებად ამ სამყაროში. ეს მიზანი თავისთავად მეტად მიმზიდველია და მაცდუნებელი, მაგრამ იგი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და აი, რატომ:

1. აქვს კი რაიმე დამაჯერებელი საფუძველი ამ განღმრთობის პერსპექტივას? ხომ არ არის იგი თავდაჯერებული ადამიანის უგუნური ფანტაზიის ნაყოფი?

2. არსებობს კი საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტები იმისა, რომ კაცობრიობის მომავალი „ბედნიერება“ არ იქნება აგებული მილიარდობით ადამიანის სისხლსა და ტანჯვაზე და არ იქცევა იგი მხოლოდ ე.წ. „ოქროს მილიარდის“ ბედნიერებად? ამასთან, ხომ არ აღმოჩნდებიან ეს „იღბლიანებიც“ მონის მდგომარეობაში იმ ერთი მუჭა „ზეადამიანების“ ხელში, რომელთაც ცბიერებითა და ძალადობით ექნებათ მოპოვებული ძალაუფლება? საფუძველი ასეთი შიშისათვის დღეს საკმაოზე მეტი არსებობს. ასეთ შემთხვევაში იდეალური ბედნიერი კაცობრიობის შესაქმნელად მეცნიერთა მიერ გაწეული ღვაწლი ხომ არ შემობრუნდება რეალური კაცობრიობის წინააღმდეგ, იქცევა რა მისი დამონებისა და სიკვდილის იარაღად?

მეცნიერების პასუხი ამ კითხვაზე, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: „მე არაფრის გარანტიას არ ვიძლევით, მაგრამ მწამს და თქვენც ირწმუნეთ, რომ ყველაფერი იქნება ზედმიწევნით კარგად“. სხვაგვარი პასუხის გაცემა, გარდა რწმენისაკენ, ოღონდ ამჯერად - მეცნიერული რწმენისაკენ მოწოდებისა, მეცნიერებას არ ძალუძს მრავალ მიზეზთა გამო. აი, ზოგიერთი მათგანი:

1. მეცნიერების შენობა დაფუძნებულია ისეთ პოსტულატებზე (სამყაროს რეალურობის, მისი კანონზომიერების, მისი შეცნობადობის და ა.შ. აღიარება), რომელთა გარეშეც მას არ ძალუძს არც არსებობა, არც განვითარება, მაგრამ რომელთა დამტკიცება შეუძლებელია.

2. მეცნიერეული მტკიცებანი, საბოლოო ჯამში, პირობითნი არიან და არა აბსოლუტურნი. თვით მათემატიკური მტკიცებულებანიც კი უეჭველად მიიჩნევიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჭეშმარიტად არიან აღიარებულნი ის დებულებანი, რომელთაგანაც ისინი გამომდინარეობენ. უმეტეს შემთხვევაში კი მეცნიერული მტკიცებულებანი წარმოადგენენ სავარაუდო დასკვნებს სავარაუდო დებულებებიდან. ამასთან, ამ ვარაუდთა სიზუსტის ალბათობა მით უფრო მცირეა, რაც უფრო რთულია განსახილველი საგანი. ეს განსაკუთრებით ნათლად წარმოაჩინა ჰედელის თეორემამ.

3. მეცნიერებაში არ არსებობს კრიტერიუმები, რომელთაც შეუძლიათ ამა თუ იმ თეორიის ჭეშმარიტების სრული გარანტიის მოცემა. ფილიპ ფრანკი გონებამახვილურად შენიშნავს: „მეცნიერება წააგავს დეტექტიურ მოთხრობას. ყველა ფაქტი თითქოსდა მეტყველებს გარკვეული ჰიპოთეზის სასარგებლოდ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მართლდება სულ სხვა ჰიპოთეზა“.

4. თუ არ ვიცით ყოფიერების ყველაზე ფუნდამენტური კანონები მთლიანობაში, არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა, რომ დავრწმუნდეთ ლოკალური მეცნიერული კანონზომიერებების ჭეშმარიტებაში (აქედან გამომდინარე - სარგებლიანობაში. შემთხვევით როდი უთხრა ფეინანმა სტუდენტებს: „თუ თქვენ გეგონათ, რომ მეცნიერება სარწმუნოა, - თქვენ ცდებოდით“). ეს კი, განსაკუთრებით მსოფლმხედველობრივ საკითხებში, მეცნიერებას აქვეითებს... ღრმადგანათლებული მკითხავის დონემდე.

მეცნიერებას არ ძალუძს დაასაბუთოს საბოლოო მიზანი, თუნდაც იმიტომ, რომ სიკეთის პრობლემა მსოფლმხედველობრივი პრობლემაა. მეცნიერული ცოდნა კი (თუნდაც მთლიანად აღებული) არ წარმოადგენს მსოფლმხედველობას, რადგან ის შეისწავლის მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს და სამყაროსეულ კანონზომიერებებს და არა ყოფიერებას მთლიანობაში. მეცნიერებას არ აინტერესებს მსოფლმხედველობრივი საკითხები, რაც რელიგიისა და ფილოსოფიის სფეროა (ამიტომ ყოველთვის მოიპოვებდნენ სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მეცნიერნი, რომელთაგან ერთნი იყვნენ ღვთის მორწმუნენი, მეორენი - ათეისტნი, მესამენი - აგნოსტიკოსნი). ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვით ტერმინი „მეცნიერული მსოფლმხედველობა“ ფრიად პირობითია, ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ მეცნიერება და ე.წ. „მეცნიერული მსოფლმხედველობა“ სულაც  არ არიან იგივეობრივი ცნებები.

მეორეც: სიცოცხლის საბოლოო არსისა და ადამიანური კეთილდღეობის საკითხის გადაწყვეტისას ძირითად პრობლემას, უეჭველად, ღვთის არსებობის აღიარება წარმოადგენს. რა შეუძლია აქ მეცნიერებას? ყველა განზომილებაში შეცნობადი სამყაროს უსასრულობა ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ მეცნიერება პრინციპულად ვერასოდეს განაცხადებს, ღმერთი არ არსებობსო (თუნდაც იგი არ არსებობდეს). მას მხოლოდ ერთი პერსპექტივა გააჩნია: როდესმე გადაეყაროს უფალს თავის გზაზე. მართლაც, როგორც ცნობილია, მრავალმა მეცნიერმა უეჭველად ირწმუნა, რომ ღმერთი არსებობს. მაგრამ ეს რწმენა, ბუნებისმეტყველების ძალიან სერიოზული, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, მონაცემების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, მაინც მკაცრად დასაბუთეული ცოდნა კი არაა, არამედ შედარებით სარწმუნო ვარაუდი. აქედან გამომდინარე, კეთილდღეობის მეცნიერული იდეაც, თავისთავად, უფრო რელიგიურ-ფილოსოფიურია, ვიდრე ნამდვილად მეცნიერული. ეს კი ნიშნავს, რომ იმედები მომავალი „ოქროს საუკუნის“ შესახებ, რომელსაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ჰპირდებოდა (თუ ჰპირდება) ადამიანებს, არაფერია, გარდა ვარდისფერი ოცნებისა.

ფილოსოფიას სიკეთედ ყოველთვის მიაჩნია ჭეშმარიტების შეცნობა, მაგრამ, მას ეძებს დისკუსიური (განსჯითი) აზროვნების მეშვეობით და არ გააჩნია არავითარი შესაძლებლობა დაამტკიცოს, რომ ადამიანურ „რაციოს“ შესწევს უნარი ჭეშმარიტების სათანადო წვდომისა; ამდენად, ფილოსოფია იძულებულია, თავისი საყრდენი დებულებები ჩამოაყალიბოს პოსტულატების სახით. აქედან გამომდინარე: რამდენი ფილოსოფოსიცაა, იმდენივე ფილოსოფიური სისტემაა. ცხოვრების აზრისა და სიკეთის არსის საკითხის გადაწყვეტისას კი ის ან თეოლოგიას ერწყმის და ამით ხდება მისი მოსამსახურე, ან განკერძოვდება და ქმნის ახალ სისტემებს, რომელთა დასკვნების ჭეშმარიტების დასაბუთება შეუძლებელია. ამიტომ ფილოსოფიური სკოლები და მიმართულებანი ყოველთვის ითხოვენ რწმენას თავიანთი ჭეშმარიტებისადმი, სიკეთის მათეული გაგებისადმი, და არასოდეს წასულან ამაზე შორს. ამასთან, დიაპაზონი, რომელიც გამოხატავს დაშორებას მეორისაგან სიკეთის გაგების საკითხში, ხშირად მეტისმეტად დიდია: აპათიიდან - ნარკოტიკებამდე, სულიერიდან - ხორციელამდე, მარადიულიდან - წუთიერამდე. თანაც არ არსებულა და არც ამჟამად არსებობს არანაირი შესაძლებლობა, რომ შემოწმდეს ნებისმიერ ამ თვალსაზრისთა ჭეშმარიტება. მით უფრო, რომ თვით პრობლემა ჭეშმარიტების (მასთან ერთად სიკეთის) არსის გაგებისა ცალკეულ ფილოსოფოსთა მიერ არა ერთხელ გამოცხადებულა ფსევდოპრობლემად.

რელიგია, კერძოდ, ქრისტიანული (ვგულისხმობთ მართლმადიდებლობას) პრინციპულად განსხვავდება როგორც მეცნიერებისაგან, ასევე ფილოსოფიისაგან, რადგან მისი შემეცნების ობიექტი მატერიალური სამყარო კი არაა, არამედ სულიერი, ხოლო შემეცნების მეთოდი სულიერია და არა რაციონალური. ქრისტიანული რელიგია სიკეთის ცნებაზე საუბრისას აპელირებს უშუალოდ გამოცხადებაზე (მისი სანდოობის საკითხი ცალკე საუბრის თემაა), ღვთის შემეცნების საეკლესიო-ისტორიულ გამოცდილებაზე. ეს გამოცდილება ეფუძნება არა ადამიანის ხუთ გრძნობაზე დამყარებულ შეგრძნებებს (თუნდაც მძლავრი ხელსაწყოების მეშვეობით აღქმულს) და ადამიანურ ლოგიკას („რაციოს“), არამედ ადამიანთა შინაგან რელიგიურ განცდებს, ღვთის ჭეშმარიტება ქრისტიანობაში მოწმდება ეკლესიის კოლექტიური გამოცდილებით, რომელიც, თავის მხრივ, ემყარება წმიდა წერილში გამოცხადებულ ჭეშმარიტებებს.

თუ რა არის სიკეთე, ამ საკითხის გადაჭრისას მართლმადიდებლობა გამოდის ღვთის არსებობისა და ადამიანის პიროვნების უკვდავების რწმენიდან. ამასთან, პრინციპულად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს მხოლოდ გონებრივ პოსტულატს და არც მის მიერ გაკეთებულ დასკვნას, არამედ ორივე წარმოადგენს ზოგადსაკაცობრიო რელიგიური გამოცდილებით დადასტურებულ ფაქტს.

ქრისტიანული სწავლების თანახმად, ღმერთი არის არსი (მყოფი) და აბსოლუტური სიბრძნე, სამჰიპოსტასიანი სიყვარული, ჭეშმარიტება. ეს განსაზღვრებანი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორედ ღმერთია ის სიკეთე რომლითაც სულდგმულობს, მოძრაობს და არსებობს ყოველივე (საქ. 17, 28). აქედან გამომდინარე, ადამიანური სიცოცხლის აზრი მდგომარეობს მთელი არსებით (გონებით, გულით და სხეულით) ღვთის შეცნობაში, მასთან თანაზიარობაში. ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში ეს თანაზიარობა იწოდება განღმრთობად.

ქრისტიანობის მიერ შემოთავაზებული სიკეთის იდეალი, რომელიც მდგომარეობს ღვთის შემეცნებაში, ანუ მისდამი მიმსგავსება და მასთან თანაზიარობაში, სრულიად პასუხობს ადამიანურ ძიებათა მთავარ მიზნებს, რადგან აშკარაა, რომ უტყუარი შეცნობა ჭეშმარიტებისა (რაც ფილოსოფიის მიზანია) და შექმნილი სამყაროსი (რაც მეცნიერების მიზანია), შესაძლებელია მხოლოდ ყოველივე არსებულის პირველმიზეზის, ანუ ღმერთის შეცნობით. ქრისტიანული სწავლების თანახმად, მხოლოდ ამ სიკეთეშია არა მარტო მთავარი, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი აზრი ადამიანის ცხოვრებისა.

რატომაა მისაღები ქრისტიანული სწავლება?

ძირითადად შემდეგ გარემოებათა გამო:

1. მას არ გააჩნია „უკუჩვენებანი“. ქრისტიანობა საკუთარი სწავლებით არ გვთავაზობს არაფერს ისეთს, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა მეცნიერულ დასკვნებთან სამყაროს შემეცნების სფეროში, ან რაც უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა პიროვნებისა თუ საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე, ან კიდევ შეაფერხებდა ფილოსოფიური აზრის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას. ეს დასტურდება თუნდაც იმ ფაქტით, რომ მრავალი ფილოსოფოსი, კულტურის მოღვაწე და მეცნიერი ყოფილა და არის ქრისტიანი.

2. ის ადამიანს აძლევს იდეალს - იდეალს ღვთიური სიყვარულისა, რომლის მსგავსი ქრისტიანობამდე არცერთმა რელიგიამ და ფილოსოფიურმა სისტემამ არ იცოდა, იგი არამარტო შეესაბამება ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და წრფელ მისწრაფებებს, არამედ თვალნათლივ აჩვენებს, განსაკუთრებით წმიდანთა მაგალითზე, თუ როგორ გარდაიქმნება და ფერს იცვლის პიროვნება, რომელიც რეალურად (და არა ფორმალურად) დგება ქრისტიანობის გზაზე.

3. ქრისტიანობა აკმაყოფილებს ადამიანის უმთავრეს მოთხოვნილებას - იძლევა კონკრეტულ და ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების არსი და მიზანი. ესაა პიროვნების მარადიული მყოფობა ღმერთთან. ამასთან ერთად, მითითებული მიზნის მიღწევა არ უგულებელყოფს ადამიანის არანაირ რეალურ მოთხოვნილებას და ამ ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებს. ამას კარგად წარმოაჩენს ბლეზ პასკალის ცნობილი მოსაზრება: ღმერთი თუნდაც არ არსებობდეს, ადამიანი ქრისტიანული ცხოვრებით არაფერს აგებს დედამიწაზე, ხოლო თუ ღმერთი არსებობს, მაშინ იგი განუზომლად დიდ საზღაურს მიიღებს ღვთისაგან. შესაბამისად, არასახარებისეული ცხოვრებით ადამიანი არაფერს იგებს ამქვეყნად, მაგრამ თუ ღმერთი არსებობს, ის კარგავს ყველა იმ მარადიულ სიკეთეს, რომელსაც მიიღებდა საზღაურად ღვთივსათნო ცხოვრების შემთხვევაში.

4. წმინდა ფორმალური მიდგომით, ქრისტიანობა აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად მოთხოვნას, რომლებიც წაეყენება ნებისმიერ მეცნიერულ თეორიას. ის, პირველ რიგში, გვთავაზობს ფაქტებს, რომლებიც ამტკიცებენ მის ჭეშმარიტებას, ხოლო შემდეგ - გვიჩვენებს რეალურ გზას თავის მტკიცებულებათა შესამოწმებლად. ამით ის პრინციპულად და არსებითად განსხვავდება ყველა ათეისტური მსოფლმხედველობისა და აზროვნების სისტემისაგან, რომლებიც ადამიანისაგან ითხოვენ რწმენას და მხოლოდ რწმენას იმისას, რომ არ არსებობს ღმერთი და სული, რამეთუ არ გააჩნიათ და არც შეიძლება გააჩნდეთ სათანადო ფაქტები, რომლითაც შეძლებდნენ ღვთის არარსებობის დასაბუთებას. მით უფრო, მათ არ შეუძლიათ პასუხი გასცენ კითხვაზე: „რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ დარწმუნდეს ღვთის არარსებობაში?“

5. ეკლესიის ისტორია მიუთითებს რელიგიური გამოცდილების უამრავ ფაქტზე (ვგულისხმობთ წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და სხვა წმიდანთა ცხოვრებას). კარი ამ გამოცდილებისაკენ დღესაც ღიაა, ანუ ამგვარი გამოცდილება დღესაც მისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც გულწრფელად ეძიებს ღმერთს და ისევე გაირჯება საამისოდ, როგორც ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხული ადამიანები.

6. ქრისტიანობის ჭეშმარიტებას ასაბუთებს აურაცხელი რაოდენობა ქრისტიანული სასწაულებისა, აგრეთვე მთელი რიგი განსაცვიფრებელი ქრისტიანული წინასწარმეტყველებანი, რომელთა აღსრულბაშიც ნებისმიერს შეუძლია დარწმუნდეს.

7. ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მეტყველებს ისტორია, რამეთუ სამსაუკუნოვანი სასტიკი სახელმწიფოებრივი დევნისა და ქრისტიანთა უმოწყალო ფიზიკური ჟლეტის პირობებში ქრისტიანობა არათუ ამოიძირკვა როგორც რელიგია, არამედ იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ მთელ მსოფლიოში განცხადდა, რაც არანაირ ბუნებრივ ახსნას არ ექვემდებარება. ამ თვალსაზრისით ქრისტიანულ რელიგიას სხვა რელიგიათა შორის ანალოგი არ გააჩნია. გარდა ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების ღრმა რელიგიური განცდისა, შეუძლებელია ასეული ათასოებით მოწამის შეგნებული თავგანწირვა აიხსნას სხვა რამით, მაგალითად: ფანატიზმი, იდეური მრწამსით, ფსიქიური ანომალიით და ა.შ.

8. ყველა ძირითადი ქრისტიანული იდეა (ღვთის სამპიროვნება და ერთარსება, ქრისტეს ორბუნებოვნება, ანუ ღმერთკაცობა, ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის მისტიური მნიშვნელობა და ა.შ.) პრინციპულად განსხვავდება ყველა იმ რელიგიური იდეისაგან, რომელსაც ვხვდებით ძველ არაქრისტიანულ რელიგიებში, რაც შეუძლებელს ხდის ვივარაუდოთ მათი აღმოცენება მაშინდელი აზროვნების სისტემისაგან. პავლე მოციქული ამბობს: „ხოლო ჩვენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცმულსა: ჰურიათა სამე საცთურ და წარმართთა სისულელე“ (1 კორ. 1, 23). ე.ი. ქრისტიანული მოძღვრება ერთნაირად მიუღებელი იყო იუდეველთათვისაც და წარმართთათვისაც. სად იღებს სათავეს ეს უღრმესი რელიგიური და ფილოსოფიური შინაარსის ჭეშმარიტებანი, რომელსაც ქადაგებდნენ... გაუნათლებელი მეთევზენი?

როგორც ვხედავთ, სიკეთის ცნების ქრისტიანულ გაგებას გააჩნია სერიოზული საფუძველი. რა შეუძლია მისცეს მეცნიერებასა და ფილოსოფიას ქრისტიანულმა სარწმუნოებამ?

პირველ რიგში:

- მეცნიერულ კვლევათა და ფილოსოფიურ ძიებათა საბოლოო მიზნის სიცხადე და ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის - შემეცნებითი იქნება ეს, კვლევითი, თუ შემოქმედებითი - სარგებლიანობის განსაზღვრისას სულიერი-ზნეობრივ კრიტერიუმთა პრიორიტეტის აღიარების აუცილებლობა სხვა კრიტერიუმთა წინაშე.

- მეცნიერის დაცვა ემოციური, ვნებიანი გატაცებისაგან, რომელსაც შეიძლება დაერქვას ასეთი სახელი: „შემეცნება შემეცნებისათვის“. ამ ვნებისადმი დამონებას კაცობრიობა მიჰყავს ისეთ საშიშ მდგომარეობამდე, რომ უნებლიედ გახსენდება წმიდა კალისტე კათაფიგიოტის გაფრთხილება: „გონებამ უნდა დაიცვას შემეცნების ზღვარი, რათა არ დაიღუპოს“.

- ქრისტინულ სარწმუნოებას შეუძლია ხელი შეუწყოს მეცნიერული, ფილოსოფიური და ჰუმანიტარული განათლების განვითარებას უფრო სრულფასოვანი და ზნეობრივად გამართლებული მიმართულებით.

- შეუძლია თავ-თავისი ადგილი მიუჩინოს ადამიანის ცხოვრებაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას;

- შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს საზოგადოებრივი ცხოვრების სულიერ-ინტელექტუალურ სფეროზე ჯანსაღი კლიმატის ჩამოყალიბებით.

ქრისტიანული რელიგიისაგან მეცნიერებისა და ფილოსოფიის იზოლაცია გარდაუვალად იწვევს სამყაროს (მათ შორის მისი განუყოფელი ნაწილის - ადამიანის) ერთიანი ჭვრეტის დარღვევასა და მრავალგანზომილებიან ხედვას, რასაც, თავის მხრივ მივყავართ ყველაზე სავალალო შედეგებამდე. ამას მოწმობს თუნდაც ჩვენი ისტორია. ამჟამად არსებობს საკმარისი პირობები ადამიანის შემეცნებითი მისწრაფების ამ სამ მიმართულებას შორის ნაყოფიერი დიალოგისათვის და მეტად დასანანი იქნება, თუ არ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას.

რუსულიდან თარგმნეს: მაკა ბულიამ, ნანა ეხვაიამ, ბადრი ლოგუამ