სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

დინოზავრები და ბიბლია

ბიბლია სისტემატიკის ცნობარს არ წარმოადგენს და მასში ცხოველების მხოლოდ უმნიშვნელო რიცხვია პირდაპირ მითითებული. არსებები, რომელთაც ბიბლიურ თხრობასთან თუ მინაწერებთან უშუალო კავშირი არ გააჩნიათ, მასში მოხსენიებულნი არიან მხოლოდ მეორეხარისხოვნად. თუმცა მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ შემდეგი ადგილი, რომელიც ღვთისადმი მიმართვის ფორმითაა წარმოდგენილი: „არამედ, აჰა, ეგერა მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ. აჰა, ეგერა, ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა. აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან. გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული, ესე იგი არს დასაბამად დაბადებისა უფლისა, და შექმნული სამღერელად ანგელოზთა მისთა. მოვიდეს მთასა მყარსა მწუერვალსა, ყვის მხიარულებაჲ ოთხფერჴთაჲ. ტარტაროსსა შიდა. ქუეშე თითოფერთა ხეთა დაწჳს ჭილსა თანა ლერწამსა და ლელსა. აგრილობედ მას ხენი დიდ-დიდნი მორჩითურთ და რტონი აგნისანი ნუ იყოს ღათუ. წყლითრღუნაჲ ვერ აგრძნეს, ესავნ თავსა თჳსსა მი-ღა-თუ-ჰმართის იორდანემან პირსა მისსა. თუალსა მისსა შთაიწრიდოს იგი, განდრეკასა მას მისსა განუჴურიტოს ცხჳრი მისი“ (იობ. 40,10-19).

დიპლოდოკი და ჰიპოპოტამი: რომელი მათგანია ბიბლიური „ბეჰემოთი“?

იობის წიგნი დაწერილია ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2000 წლის წინ (თუმცა არსებობს დათარიღების სხვადასხვა ვერსია ქრისტეს შობამდე 500-დან 2500-მდე წლების ფარგლებში). ორიგინალებში სიტყვა მხეცის ნაცვლად მოხსენიებულია ძველებრაული ეკვივალენტი ბეჰემოთი. ბიბლიის სხვა ადგილებში იგი გვხვდება მხოლოდ მრავლობით რიცხვში, აღნიშნავს რა საერთოდ დიდრონ ცხოველს და გადათარგმნილია შესაბამისი სახით (მაგ. შესქ. 1,24; მეორ. რჯ. 32,24; იობ. 12,7; ფს. 148,10; იერ. 12,4; ამბ. 2,17; ზაქ. 14,15). მაგრამ რომელ ცხოველზეა აქ საუბარი? როგორც ეტყობა, იობის თანამედროვეებისთვის ეს „ბეჰემოთი“ კარგად ცნობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღემდე არსებული ხმელეთის ცხოველებიდან რომელიმე ასეთ აღწერილობას შეესაბამებოდეს. მთარგმნელებმა ვერ მოიძიეს რა ამ სიტყვის შესაბამისი მნიშვნელობა, კეთილგონივრულად არჩიეს დაეტოვებინათ იგი საწყისი სახით.

ევროპელების მიერ აფრიკის ათვისების პერიოდში იყო მცდელობა „ბეჰემოთი“ გაეიგივებინათ ჰიპოპოტამთან (რუსულ ენაში ეს სიტყვები სინონიმებადაც კი იქცა) ან სპილოსთან, სინამდვილეში არც ერთი და არც მეორე მოყვანილ აღწერილობას არ შეესაბამება. ბევრი სპეციალისტი იხრება იმ აზრისკენ, რომ „ბეჰემოთის“ დახასიათება ყველაზე მეტად მიესადაგება დიპლოდოკის ტიპის გიგანტურ რეპტილიას. თანაც, ამას აძლევენ ისეთ დამაჯერებელ ხასიათს, რომ 1993 წლის ზაფხულში ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლებმა ჩათვალეს რა მოყვანილი აღწერილობა თვითმხილველის საფუძვლიან მტკიცებულებად, დიპლოდოკის ჩონჩხის მოდელში შეიტანეს გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, ურჩხულის კუდი, რომელსაც ადრე ვითომცდა დედამიაზე მიათრევდა იგი, ახლა გამოსახულია როგორც ჰაერში მოძრავი.

იობის წიგნში აგრეთვე მოყვანილია ზღვის ქმნილებათა შორის უძლიერესის - ლევიაფანის - აღწერილობა, რომლის გაიგივება ნიანგთან ან თუნდაც ცნობილ თანამედროვე ზღვის ცხოველთან - ვეშაპთან - უბრალოდ გულუბრყვილობაა: „მო-მე-ითროა ვეშაპი სამჭედურითა და განიღო ხრატუკი ნიღრსა მისსა? ანუ ამოაცუა გრაკალი ნიჩურსა მისსა და გრგოლითა განუჴურიტო ბაგე მისი? ანუ დადვას აღთქმაჲ შენ თანა. და მოიყვანო იგი მონად საუკუნოდ? და ემღერდე მას, ვითარცა მფრინველსა, ანუ შეუკრა იგი ვითარცა სირი ყრმასა? განძღეთ მით წარმართნი და განიყონ იგი ზღჳსკიდისა ნათესავთა? ყოველნი ღათუ მენავენი შეკრბენ, ვერ მოიღონ ერთი ქეცი ბოლოჲსა მისისაჲ და ნავებითა მესათხევლეთათა თავი მისი“ (იობ. 40,20-26).

ყველა მახასიათებლის მიხედვით აქ საუბარია ყველაზე ძლიერ რეპტილიაზე ზღვის ნამარხ რეპტილიებს შორის - კრონოზავრზე. ძველი აღთქმის (იობ. 3,8; ფს. 73,14; 103,26; ეს. 27,1) სხვადასხვა ადგილას ლევიათანის არაერთგზის მრისხანება ამტკიცებს იმას, რომ მსგავსი არსეები კარგად იყვნენ ცნობილნი ახლო აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობისთვის.

ერთი შეხედეთ, შეიძლება ეჭვიც კი აღძრას ლევიათანის ასეთმა დახასიათებამ: „არამედ, აჰა, ეგერა, მჴეცნიცა შენ წინაშე თივასა, ვითარცა ზროხანი, ჭამენ. აჰა, ეგერა ძალი მისი წელთა მისთა და ძლიერებაჲ მისი უპესა მუცლისასა. აღჰმართა ბოლოჲ მისი, ვითარცა საროჲ. ხოლო ძარღუნი მისნი შეთხზულ არიან. გუერდნი მისნი გუერდნი რვალისანი და ზურგისძუალი მისი რკინაჲ დასხივებული“ (იობ. 40,10-13).

ხოჭო-ბომბარდირი

მაგრამ გავიხსენოთ, რომ სხვადასხვა ხალხების გადმოცემები ასევე მოგვითხრობს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონების შესახებ. შესაძლებელია კი ეს? აქვთ კი უნარი ცოცხალ არსებებს აფრქვიონ ცეცხლი? ნათელია, რომ ჩვენთვის ცნობილი თანამედროვე ცხოველების უმეტესობისთვის მსგავს მოქმედებას სისულელედ აღვიქვამთ. მაგრამ როგორც მინიმუმ ფაუნის ერთმა წარმომადგენელმა მაინც, რომელიც ასეთი არაჩვეულებრივი თვისებითაა გამორჩეული, მოაღწია ჩვენს დრომდე. ესაა უელსის მკვიდრი ხოჭო-ბრახინუსი, რომელიც ასევე ხოჭო-ბომბარდირის სახელითაა ცნობილი. მწერს, რომლის სიგრძე 2 სმ-საც არ აღემატება, აქვს საოცარი დამცავი მექანიზმი; სპეციალურ „კუნთოვან ტომრებში“ ბომბარდირი ინახავს ჰიდროქინონისა და წყალბადის ზეჟანგის ხისტი (25%) ხსნარის ნარევს, რომლებიც ნორმალურ პირობებში ერთმანეთთან არ რეაგირებენ. საშიშროების შემთხვევაში ნარევი გადაიქცევა ე.წ. „რეაქტორულ კამერად“, რომელიც ხოჭოს ტანის უკანა ნაწილშია და შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტს, რომელიც ასრულებს კატალიზატორის ფუნქციას. ხდება მყისიერი, აფეთქებისმაგვარი დაჟანგვის რეაქცია და მტრის მისამართით გამოიტყორცნება გავარვარებული გაზის რეაქტიული ნაკადი.

ხოჭო-ბომბარდირის რეაქტიული კამერა

ცნობილია აგრეთვე ცოცხალი არსებები (თევზები, მწერები), რომელთაც აქვთ უნარი გამოსცენ სინათლე და ელექტრო მუხტი. ახლანდელ დროში პალეონტოლოგები მსჯელობენ ნამარხი რეპტილიების მხოლოდ ჩონჩხებით (ხშირად ჩონჩხის ფრაგმენტებით). დადგენა იმისა, რბილი ქსოვილებისგან შემდგარი თუ როგორი ორგანოები ჰქონდათ მათ, სამწუხაროდ შეუძლებელია. ვინ იცის, იქნებ ადრეული ხანის რომელიმე ურჩხულს (უმეტესად - ბალახის მჭამელს) ჰქონდა მსგავსი დამცავი მექანიზმი. მაგალითად, რამდენიმე გადროზავრის (ხშირად - პარაზავროლოპუსის) ძვლოვანი თავის ქალის თხემში ხომ აღმოჩენილია ღრუ გასავალი სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ცხვირ-ხახასთან, რომელთაც სავსებით შეეძლოთ შეესრულებინათ ისეთი ფუნქცია, როგორსაც ასრულებს პატარა ხოჭო.

ბიბლიის ძველებრაულ ტექსტში მოხსენიების რაოდენობით ლევიაფანს არ ჩამორჩება (ხუთჯერ სამ წიგნში) მეორე მსხვილი რეპტილია - რააბისი. თანაც წმინდა წერილი გვამცნობს, რომ მიუხედავად საშინელი გარეგნული იერისა და ზომებისა, ეს ცხოველი მეტად ზარმაცი და ადვილად დასაზარებელია. ეს ბიბლიის ტექსტების ავტორებს საბაბს აძლევს გამოიყენონ მისი სახელი გადატანითი მნიშვნელობით. კერძოდ, მის ქვეშ გულისხმობენ ეგვიპტეს (როგორც მაგ. ფსალმუნში 86,4). ჩვენ ახლაც ხშირად ვხმარობთ რომელიმე ცხოველის სახელწოდებას ორაზროვნად - მელას, გველს, დათვს, ვირს, კრავს და ა.შ. თუმცა ჩვენ ეს შეგვიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთან მოსაუბრისთვის კარგადაა ნაცნობი თვით ეს ცხოველები და მათი ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ ექნებოდა მათ მოხსენიებას გადატანითი მნიშვნელობით. ეტყობა, მაშინ რააბისი ჯერ კიდევ არ საჭიროებდა წითელ წიგნში შეტანას. ჩვენი თანამედროვეებისთვის ეს სიტყვა არაფერზე არ მეტყველებს, თუმცა, ბიბლიის სინოდურ რუსულ ტექსტში ერთ ადგილას იგი გადათარგმნილია, როგროც კადნიერება (იობ. 26,12), მეორე ადგილას, როგორც ძალა (ის. 30,7), დანარჩენ სამ ადგილას კი (ფს. 86,4; 88,11; ის. 51,9) დატოვებულია გადაუთარგმნელად.

ბიბლიურ ტექსტებში ადრეული ხანის რეპტილიების დასახელებებს შორის სიხშირის თვალსაზრისით რეკორდსმენია რეპტილია, რომლის ძველებრაული სახელწოდებაა ფანინი (მოხსენიებულია 29-ჯერ 20 წიგნში), რომელიც შეიძლება ითქვას, მთავარი პრედენდენტია თანამედროვე სიტყვისა - დინოზავრი. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ სიტყვას არა მარტო საერთო ფუძე აქვს ლევიათანთან, არამედ ეტყობა, ეტიმოლოგიურადაა დაკავშირებული ფა-ფ-ნირთან სკანდინავიური ეპოსიდან და აფანკასთან ბრიტაენული ქრონიკებიდან.

აწ არარსებულმა ფანინმა ბიბლიის მთარგმნელების წინაშე წარმოშვა არცთუ ისე ცოტა პრობლემა. მეფე ჯეიმსის (1611 წ.) ბიბლიაში იგი 22-ჯერ გადათარგმნილია როგორც დრაკონი, 3-ჯერ როგორც გველი, 3-ჯერ როგორც ვეშაპი და ერთხელ - როგორც ზღვის ურჩხული. რუსულ სინოდურ ნათარგმნში (1876 წ.) ფანინი 5-ჯერ მოხსენიებულია როგორც დრაკონი (ნეემ. 2,13; მეორ. რჯ. 32,33; ფს. 43,20; 90,13; იერ. 51,34), 4-ჯერ - როგორც გველი (4 მეფ. 18,4; ფს. 73,13; იგ. 23,32; ეს. 27,1), 3-ჯერ როგორც ზღვის ურჩხული (იობ. 7,12; ეს. 27,1; ეზეკ. 32,2), 2-ჯერ როგორც ნიანგი (ეს. 51,9; ეზეკ. 29,3), 2-ჯერ როგორც უზარმაზარი თევზი (შესქ. 1,21; ფს. 148,7), და ბოლოს, ერთხელ - როგორც გიენა (ეს. 13,22). დანარჩენ თერთმეტ შემთხვევაში ფანინი მოხსენიებულია როგორც ტურა.

ბიბლიაში მოყვანილი დახასიათებებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ლევიათანიც ფანინის ნაირსახეობაა. არსებობდნენ ფანინები, როგორც მოხრილად, ისე გამართულად მორბენალნი. ზოგიერთი მათგანი ცხოვრობდა წყალში, ზოგი - უდაბნოში, ზოგსაც მიტოვებულ ქალაქებში დამკვიდრება უყვარდათ. ბევრ მათგანს შეეძლო გამოეცა ხმამაღალი ბგერები - ხვრინვა, ყმუილი, ღრიალი; ზოგი დაჯილდოებული იყო კარგი ყნოსვით. არსებობდნენ ფანინების შხამიანი ნაირსახეობანი, თანაც მათ შხამის ძალა არ ჩამოუვარდებოდა ასპიტისას. არაერთგზის ნაგულისხმევია, რომ ფანინი წარმოადგენს უძლიერეს და უსაშიშეს არსებას, რომელთაგან ზოგს უნარი აქვს გადაყლაპოს და შემდეგ უკანვე ამოტყორცნოს ადამიანი. როგორც ჩანს, სიტყვა ფანინი, ისევე როგორც დინოზავრი, აღნიშნავს ქვეწარმავალთა სახეობების მეტად მრავალფეროვან ჯგუფს, რომლებიც, უნდა აღინიშნოს, ჩვეულებრივ გველებს არ წარმოადგენენ.

თუმცაღა, ბიბლიაში მოხსენიებული „ჩვეულებრივი“ გველები (ძველებრაულ ტექსტში - ნახაში და სარაფი) ასევე არ წარმოადგენენ ყველანი ჩვეულებრივებს. მაგალითად, რომელ არსებას შეიძლება აღნიშნავდეს მფრინავი გველი (ეს. 30,6), რომელსაც აქვს დაბუდების, კვერცხების დადების, ნაშიერების გამოჩეკვისა და მათზე ზრუნვის უნარი (ეს. 34,15)? ესაიას 14,29-ს რუსულ ვარიანტშიც კი ეს გამონათქვამი გადათარგმნილია როგორც მფრინავი დრაკონი. ზოგიერთი მკვლევარი მათში ხედავს მფრინავ რეპტილიებს. ამას გარდა, მეორე რჯულის მე-14 თავის მე-19 მუხლი ტრადიციულ თარგმანებში განმარტებულია (მათ რიცხვში - რუსულ სინოდურში), როგორც აკრძალვა ყველა მფრინავი ქვეწარმავლის საკვებად გამოყენებისა. სამწუხაროდ, წმინდა წერილის ავტორები ამის მიზეზის განმარტებას არ გვაძლევენ, თვლიან რა, რომ მათი თანამედროვე მკითხველი, ვისთვისაც პირველ რიგში იყო განკუთვნილი ეს კანონები და წინასწარმეტყველება, ისეც კარგად მიხვდებოდა, რომელ არსებებზეა საუბარი.

ჩამოთვლილი ცხოველების უმრავლესობა ადამიანის მხრიდან აშკარად „თავაზიან“ დამოკიდებულებას მოითხოვდა. მაგრამ იყვნენ კი ყველა ისინი ასეთი მრისხანენი და უვნებნი?

დრაკონებთან დაკავშირებული არცთუ უინტერესო მომენტი შეგვიძლია მოვიძიოთ ბიბლიის ტექსტის ძველბერძნულ თარგმანში, რომელიც ჩვეულებრივ აღინიშნება LXX-ად და იწოდება სეპტუაგინტად ანუ 70 განმარტებლის თარგმანად (ზუსტად ამდენი სპეციალისტი იყო შეკრებილი ალექსანდრიაში ქრისტეს შობამდე 271 წელს ეგვიპტელი ფარაონის პტოლემეოს II ფილადელფოსის ბრძანებით იმ დროისათვის ასეთი გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად). სეპტუაგინტას უტყუარობა მშვენივრად მტკიცდება როგორც არქოლოგიური მონაცემებით (ჰირბეთ-ყუმრანის რაიონში აღმოჩენილი ძველებრაული მანუსკრიპტები პრაქტიკულად მთლიანად შეესაბამება LXX-ის ტექსტს), ასევე შემოვლითი გზით: უშუალოდ მას ციტირებენ ქრისტე და მისი მოციქულები. თუმცა ტექსტების მრავალჯერადი გადაწერისას, ჩვ. წელთაღრიცხვით დაახლოებით 100 წელს შემდგარი იამნის საბჭოს მიერ ამ ტექსტების ხელახლა განხილვისას, „ახალი“ ივრითის კვადრატულ ასირიულ შრიფტზე გადასვლისას, და ასევე ხმოვანი ასოების დამწერლობაში შემოტანისას, ეს ფრაგმენტი ებრაული წიგნიდან დაიკარგა. ამიტომ იგი ბიბლიის კანონიკურ შემადგენლობაში არ შესულა, რადგან მისი ფორმირებისას გამოიყენებოდა გვიან ებრაული (ჩვ. წელთაღრიცხვით IX საუკუნე) მასორეტული წყაროები. ჩვენს დროში ის ფრაგმენტი, თან ერთვის ბიბლიის გამოცემებს, როგორც დამატება, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა უძველეს ტექსტებზე; და ასევე ახლავს სლავურ და ლათინურ ბიბლიებს, რომელთაც საწყისში საფუძვლად უდევთ სეპტუაგინტა. თუმცა მკვლევართა ნაწილი ამ ფრაგმენტს თვლის აპოკრიფულად (ანუ ორიგინალისგან განსხვავებული წარმოშობის მატარებლად), რომლის შემადგენლობაში ყველაზე ადრეული ძველაბრაული მანისკრიპტი თარიღდება დანიელ წინასწარმეტყველის ჩვენამდე მოუღწეველი წიგნის ორიგინალის შექმნიდან არაუმეტეს 50 წლით გვიან. მაშ ასე: „იყო იმ ადგილას დიდი დრაკონი, და ბაბილონელები თაყვანს სცემდნენ მას. და უთხრა მეფემ დანიელს: ამაზეც ხომ არ იტყვი, რომ ის სპილენძია? ხედავ, ის ცოცხალია, და ჭამს და სვამს; შენ ვერ იტყვი მასზე, რომ ეს ღმერთი არასულიერია; ასე რომ, თაყვანი ეცი მას. დანიელმა უთხრა: უფალ ღმერთს ჩემსას თაყვანს ვცემ, რადგან ის ღმერთია ცოცხალი. მაგრამ შენ, მეფეო, მომეცი ნება, და მე მახვილის და ლახტის გარეშე მოვკლავ ამ ურჩხულს. მეფემ უთხრა: ნება მომიცია. მაშინ დანიელმა აიღო ფისი, ქონი და თმის ბეწვი, მოხარშა ერთად, დააგუნდავა, ესროლა ხახაში დრაკონს, და დრაკონი განერთხა (ამოძვრა სული) და თქვა დანიელმა: აი, თქვენი წმინდანები!“ (დან. 14,23-27).

მოყვანილი აღწერილობა განსაცვიფრებელია თავისი უბრალოებითა და საყოფაცხოვრებო დეტალების უტყუარობით. დანიელის მიერ გამოყენებული ხერხის მსგავს მეთოდს არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყენებდნენ ესკიმოსები პოლარულ გიგანტზე - თეთრ დათვზე - ნადირობისას; ვეშაპის ულვაშს გრაგნიდნენ ცხიმთან ერთად ერთ გუნდად და ესროდნენ ცხოველს, რომელიც მაშინვე ყლაპავდა მას. ცხოველის კუჭში ცხიმი დნებოდა, ხოლო ულვაში სწორდებოდა და ხვრეტდა კუჭს. დანიელს ამ მიზნისთვის შეეძლო აგრეთვე გამოეყენებინა ცხენის ძუა ან მსგავსი რამ. ამასთან ერთად ტექსტიდან ცხადია, რომ დრაკონებთან ბრძოლის ეს მოთოდი დანიელისთვის კარგად ნაცნობი უნდა ყოფილიყო - მან დაუფიქრებლად გადაწყვიტა ორთაბრძოლა და თან წინასწარ დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში. როგორც ეტყობა, დანიელს (ან ამ ფრაგმენტის ავტორს, თუ ტექსტი აპოკრიფულია) საშუალება ჰქონდა ადრეც ენახა, ან შესაძლებელია თვითონვე გამოეყენებინა აღწერილი ხერხი. ასე რომ, ეს დრაკონი, უფრო სავარაუდოა, რომ არ იყო ერთადერთი.

არქეოლოგიური მონაცემებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ამ სიუჟეტის მითიურობის შესაძლო მტკიცებას. ნამდვილად ფართოდ იყო გავრცელებული დრაკონის კულტი ძველ ბაბილონში. მისი გამოსახულებანი, რომლებიც მრავლად გვხვდება სხვადასხვა საგნებსა თუ აღჭურვილობებზე, განსაკუთრებული ძალდატანების გარეშეც შეიძლება გაიგივებულ იქნას აწ გადაშენებული რეპტილიების ამა თუ იმ ნაირსახეობასთან. ასე მაგალითად, დრაკონის თათები, რომელიც ცნობილ იშთარის კარებს ამშვენებს, ძლიერ გვაგონებს იგუანადონის ტერფებს. და თუ დრაკონები, ან თანამედროვე ენით - დინოზავრები, კიდევ არსებობდნენ დანიელ წინასწარმეტყველის დროს, სავსებით მოსალოდნელია, რომ რომელსამე სამსხვერპლოს შეეძლო შემოენახა თუნდაც ერთი მათგანის კვალი.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>