უსინათლო გოგონას განკურნება

ეს მართლაც საოცარი და სულისშემძვრელი ამბავი ერთმა პეტერბურგელმა პატივცემულმა ქალბატონმა გვიამბო. მდინარე ვოლგის სანაპიროს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ჩამოსული სამგზავრო გემი მოადგა. ნავსადგომზე დიდძალი ხალხი გადმოვიდა. 12 წლის გოგონა რაღაცა განსაკუთრებული სიხარულით აღტაცებული არბოდა კიბეზე. ხან კიბის ერთ მოაჯირს მიაწყდებოდა, ხან - მეორეს; თან ხმამაღლა ეძახდა დედას: „დედიკო, დედა! აქეთაც გავიხედავ, იქითაც გავიხედავ!“

დედა-შვილი რომ მომიახლოვდა, - იგონებს ქალბატონი ელისაბედი (ასე ერქვა პეტერბურგელ ქალბატონს) - გოგონას მივმართე: „შვილო, კიბეზე რომ ამოდიოდი და აქეთ-იქით მოაჯირს აწყდებოდი, შიშით გული მისკდებოდა, არ გადავარდნილიყავი, ხომ დაიმტვრეოდი?!“

გოგონას ნაცვლად დედამისმა მიპასუხა: „მეც მეშინოდა, მაგრამ ვერ დავუშალე. ახლა მას განსაკუთრებული სიხარულის დღეები აქვს, ყველაფრის ნებას ვაძელევ და თვითონაც ვიზიარებ მის სიხარულს“. და დედამ უცნობ ქალბატონს ისეთი სასწაულებრივი ისტორია უამბო, რომლის მსგავსი მხოლოდ წმიდა სახარებაში თუ წაგვიკითხავს ცოდვილ ადამიანებს.

ეს ამბავი ხარკოვში, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებთან მომხდარა ტაძარში. აი, ბედნიერი დედის ნაამბობი:

„ჩემი შვილი - ვერიკო ბრმა დაიბადა. უსაზღვროდ ვიტანჯებოდი ამის გამო - დღე და ღამე მოსვენება არ მქონდა, საუკეთესო თვალის ექიმებთან დამყავდა. პასუხი ყველგან ერთი და იგივე იყო: ეს უკურნებელი სენია.

ამასობაში ვერიკო თორმეტი წლის გახდა. ერთადერთი ღმერთის და წმინდა სერაფიმეს იმედიღა მქონდა. გადავწყვიტე ტაძარში წავსულიყავი და თან ჩემი შვილიც წამეყვანა. ასეც მოვიქეცი.

მთელი პირველი კვირა ტაძრიდან არ გამოვსულვართ, წმინდა სერაფიმეს წმინდა ნაწილებს არ მოვცილებივართ - ცრემლებით ვევედრებოდი შველას, მეოხებას ღვთის წინაშე. რათა ვერიკოსათვის მხედველობა მიეცა, მაგრამ ჩვენი თვალცრემლიანი ვედრება წმინდა სერაფიმეს თითქოს არც ესმოდა.

ბოლოს გადავწყვიტე, სახლში დავბრუნებულიყავით. დარდისგან გული მიწუხდა, მაგრამ ამავე დროს ღმერთის სასოებას და წმ. სერაფიმეს დახმარების იმედს არ ვკარგავდი. უკვე უშუალოდ შინ წამოსვლის წინ საბოლოოდ ერთხელ კიდევ შევედით ტაძარში და მამა სერაფიმეს წმიდა ნაწილებთან ორივემ მუხლი მოვიყარეთ. ვერიკოს ქვითინით ვუთხარი: „ილოცე, შვილო, გულმხურვალედ ილოცე, იცოდე, ღმერთს ყველაფერი შეუძლია“. თვითონაც ცხარე ცრემლებით ვევედრებოდი წმინდანს, უნუგეშოდ არ გავეშვით მე და ჩემი შვილი.

მე ყველაფრისათვის მზად ვიყავი; მზად ვიყავი თავიც კი გამეწირა, ოღონდაც ჩემ შვილს შველებოდა. შვილის უბედურებით გულდათუთქულ დედაზე საცოდავი ვინ შეიძლება იყოს?!

უცებ ჩემმა ვერიკომ მთელი ხმით დაიყვირა: „დედა, ვხედავ! დედა, ვხედავ!“ მე ყურებს არ დავუჯერე“.

ქალი ცოტა ხანს გაჩუმდა. თითქოს ყველაფერი თავიდან გაუცოცხლდა თვალწინ, თავიდან გადაიტანა ის განცდები. მერე განაგრძო: „სიხარულით აღვსილი ვერიკო ყველაფერს ხელით ეხებოდა - წმინდა ნაწილების ლუსკუმას, წმინდა ჯვარს, სახარებას. ყველაფერი აოცებდა, აინტერესებდა.

ჩემი მაშინდელი მდგომარეობა სიტყვებით არ გადმოიცემა. თავი სიზმარში მეგონა. შვილთან ერთად ვხარობდი, ვმადლობდი უფალს და წმიდა სერაფიმეს. ხარობდა ყველა, ვინც ამ ამბავს შეესწრო; ყველა ადიდებდა ღმერთს“. ქალი გაჩუმდა. ანდა სათქმელი რაღა იყო.

„დედამ თხრობა რომ დაასრულა, - თქვა ქალბატონმა ელისაბედმა, - გოგონასთან მივედი, სასწაულგადანახადი მისი თვალები დამენახა, ძვირფასი ზურმუხტებივით რომ უბრწყინავდა ლამაზ სახეზე. წამწაებზე რაღაც ძალიან წვრილი, ვარდისფერი ძაფივით ემჩნეოდა, რომელიც თითქოს მისი ყოფილი სიბრმავის ნიშანი იყო“.

უნებურად გახსენდება სახარებისეული იგავი ბრმადშობილის განკურნების შესახებ და ის, რაც ამ იგავთან დაკავშირებით მაცხოვარმა ბრძანა: ამგვარი ხილული სასწაულები იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა ცხადლივ დაინახონ უფლის ყოვლისშემძლეობა და ჭეშმარიტი რწმენის ასევე ყოვლისმომცველი ძალა. დაბადებიდან ბრმის განკურნება მედიცინას არ შეუძლია. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ის, რაც არ შეუძლია კაცს. ამიტომ კვლავ და კვლავ ახდენს ყოვლადმოწყალე და ყოვლადშემწყნარებელი ზეცირუი მამა აგვარს სასწაულებს, რათა ერთხელ კიდევ შეგვახსენოს ცოდვით დაბრმავებულებს თავის არსებობა და თავისკენ მოგვიხმოს.

 

„მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს!“

უსინათლო ბავშვი განკურნა მეორე რუსმა წმიდანმაც სერაფიმე ვირიცელმა. მაშინ ის უბრალო ბერი იყო. ერთ საღამოს მის სენაკს შორი გზიდან ჩამოსული ქალი ეწვია, რომელსაც თან ბრმა გოგონა ახლდა.

დედა ცრელმებით ევედრებოდა ბერს ეშველა მისი ბრმა შვილისათვის. მამა სერაფიმემ ილოცა, მერე ანთებული კანდელიდან ზეთი ამოიღო, ბავშვს თვალებზე წაუსვა და დედას უთხრა, მისთვის თვალები აეხვია. თან გააფრთხილა, რომ სახვევი მეორე დღეს საღამოს შეეხსნა.

ასე ზღაპრებში ხდება, ხომ? ჭეშმარიტი რწმენაც ხომ ზღაპარივით არის! - ხდება ის, რაც მიწიერი აზროვნებისათვის აბსოლუტურად აუხსნელი და შეუძლებელია.

გავიდა ორიოდე დღე. ბერის სენაკის კარს ისევ მიადგნენ ორნი - ამჯერად მომღიმარი, ბედნიერი დედა და თვალხილული შვილი, რომელთაც ხელში ყვავილების დიდი თაიგული ეჭირათ.

დედამ მამა სერაფიმეს წინ დაიჩოქა და მადლობა მოახსენა იმისათვის, რომ უფალმა მისი ლოცვითა და მეოხებით მის უსინათლო შვილს თვალისჩინი აჩუქა.

გოგონამ ბავშვური გულწრფელობით და მადლიერების გრძნობით ყვავილების თაიგული მიართვა ბერს.

მამა სერაფიმემ დედა-შვილს უთხრა: „მადლობდეთ უფალს და ღვთისმშობელს; ეს თქვენი რწმენისაებრ მოგემადლათ განკურნება, რათა თქვენც და თქვენმა შვილებმაც ძნელბედობის ჟამს უწყოდეთ, რომ მჭუმუნვარე და მორჩილ გულთან ის ყოველთვის ახლოს არის“.

 

აღთქმა

ეს ამბავი მოსკოვის მახლობლად ("პოდმოსკოვიეში“) მოხდა.

ბავშვობაში ბორისი ძალზე სუსტი და ავადმყოფი იყო. ერთხანს ისე ცუდად გახდა, რომ ექიმებს მისი გადარჩენის იმედი გადაეწურათ. მაშინ დედამ ყველაზე ნაცად და საიმედო - ღვთიურ ექიმს მიმართა. მას განსაკუთრებით უყვარდა მოწამე ტრიფონის ეკლესია. ეს ეკლესია მოსკოვის გარეუბანშია; სხვათა შორის, არც მაინცდამაინც სიმდიდრით გამოირჩევა და არც სიდიდით.

დადიოდა დედა და ლოცულობდა წმიდა მოწამე ტრიფონის წინაშე თავისი შვილისთვის, ცრემლებით ევედრებოდა მეოხებას ღმერთის წინაშე; ამასთან პირდებოდა, რომ თუ ბავში გამოჯანმრთელდებოდა, მას ღმერთს მიუძღვნიდა და თუ მომავალში ბერად შედგებოდა, ტრიფონს უწოდებდა.

„ბავშვმა ძალზე სწრაფად იწყო გამოკეთება და მე ვგრძნობდი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. მალე ბორისი აბსოლუტურად გამოჯანმრთელდა და ისე გაკაჟდა, რომ ყველას უკვირდა ასეთი საოცარი ფერისცვალება“. - იგონებს დედა.

თავად ბორისმა ამის შესახებ ბერად შედგომამდე არაფერი იცოდა... მან თავისი სურვილით მოინდომა მორჩილად ყოფნა. ბორისი ღვთის წინაშე თავისი მოვალეობის ერთგულებით იღწვოდა და ირგვლივ მყოფთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

და აი, ერთ დღეს მან დედას თავისი წმინდა სურვილი გაუმხილა - ბერად აღკვეცა სურდა. დედამ, რომელსაც კარგად ახსოვდა (ანკი როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა) თავისი დიდი ხნის წინათ დადებული აღთქმა, სიამოვნებით აკურთხა იგი.

ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს, მორჩილი ბორისი ბერად აღიკვეცა და მას სახელად ტრიფონი უწოდეს. რამდენიმე წლის შემდეგ იგი სქემმონაზონი გახდა.

 

„როდესაც იმედი მთლად გადამეწურა...“

ადრე გავთხოვდი. ღმერთი კი მწამდა, მაგრამ სამსახურმა და ყოვლდღიურმა ფუსფუსმა ეს რწმენა უკანა პლანზე გადაწია. ვცხოვრობდი ისე, რომ დახმარებისთვის ღმერთს ლოცვით არ მივმართავდი, მარხვას არ ვიცავდი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რწმენის მიმართ გულგრილი გავხდი. აზრადაც არ მომდიოდა, რომ უფალი, თუკი მას დახმარებისთვის მივმართავდი, ჩემ ლოცვას შეისმენდა.

ერთხელ, ზამთარში, უმცროსი შვილი - 5 წლის ბიჭი ავად გამიხდა. მოვიწვიეთ ექიმი, რომელმაც დიფტერია დაგვიდგინა რთულ ფორმაში. დაგვინიშნა მკურნალობა. ექიმის ყველა მითითებას ზუსტად ვიცავდი და ბავშვის გამოკეთებას ველოდი, მაგრამ ამაოდ. ბიჭი სულ უკან და უკან მიდიოდა. საშინლად დასუსტდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ვეღარავის ცნობდა, წამლის დალევა არ შეეძლო. მკერდიდან ამოსული საშინელი ხრიალის ხმა მთელ ბინაში ისმოდა.

ახლა ორი სხვა ექიმი მოვიყვანეთ. მათ ნაღვლიანად შეხედეს ავადმყოფ ბავშვს, შეწუხებულებმა ერთმანეთში რაღაც მოისაუბრეს და ჩვენ შემოგვხედეს. სიტყვები საჭირო აღარ იყო, ისედაც ყველაფერი ნათელი გახლდათ - ყველანი მივხვდით, რომ ბავშვს სააქაო პირი აღარ ჰქონდა - ის ამ ღამეს ვეღარ გაატანდა.

მე არაფერზე ფიქრის თავი აღარ მქონდა; მექანიკურად ვუვლიდი ავადმყოფს. ჩემი ქმარი ბავშვის საწოლს არ სცილდებოდა, ეშინოდა, შვილის ბოლო ამოსუნთქვა არ გამოპარვოდა. სახლში ყველაფერი მიჩუმდა. მხოლოდ საშინელი, სტვენანარევი ხრიალი ისმოდა.

იმედი თითქმის გადაწურული იყო. ამ დროს ეკლესიის მწუხრის ლოცვა იწყებოდა, ზარის რეკვის ხმა მოისმა. თითქმის გაუაზრებლად წამოვდექი, ჩავიცვი და ქმარს ვუთხარი:

- წავალ, ავადმყოფი შვილის ჯანმრთელობისათვის მღველს პარაკლისის გადახდას ვთხოვ.

- რა აზრი აქვს?! ხომ ხედავ, რომ კვდება? არ წახვიდე, უშენოდ დალევს სულს! - ძლივს ამოთქვა მან.

- არა, უნდა წავიდე, ეკლესია ახლოს არის.

არ მახსოვს, როგორ შევედი ეკლესიაში. შემომხვდა მამა სტეფანე.

- მამაო, გევედრები, შვილი მიკვდება დიფტერიით. თუ არ გეშინიათ, ჩემთან წამობრძანდით და პარაკლისი გადაიხადეთ!

- ჩვენ ვალდებული ვართ გზა დავულოცოთ მომაკვდავებს და უშიშრად მივდივართ ყველგან, სადაც მიგვიწვევენ. ახლავე მოვალ. - მიპასუხა მამა სტეფანემ.

სახლში გავიქეცი. ყველა ოთახში კვლავინდებურად ხრიალი ისმოდა. ბავშვს პატარა სახე მთალად გალურჯებოდა და თვალზე გადმოცვენაზე ჰქონდა; პატარა ფეხები მთლად გასციებოდა. გული შემეკუმშა. არ მახსოვს, ვტიროდი თუ არა მაშინ. ის კი მახსოვს, რომ ამ საშინელ დღეებში ცრემლი მთლად გამიშრა. კანდელი ავანთე და რაც საჭირო იყო, ყველაფერი მოვიმარჯვე.

მალე მამა სტეფანე მოვიდა და პარაკლისი დაიწყო. ბავშვი თავის პატარა ლეიბით და ბალიშით ფრთხილად ავიყვანე ხელში და საწოლი ოთახიდან მისაღებში გამოვიყვანე. მისი ხელში ჭერა მიჭირდა და სავარძელში მძიმედ ჩავჯექი.

პარაკლისი გრძელდებოდა. მამა სტეფანემ წმიდა სახარება გადაშალა. ნერვიულობისა და დაღლილობისაგან ქანცგაცლილი სავარძლიდან ძლივს წამოვდექი და.... თვალებს არ დავუჯერე - ჩემმა ბიჭუნამ თავი წამოწია და  ასე ისმენდა ღვთის სიტყვებს.

მამა სტეფანემ კითხვა დაასრულა. ბიჭმა პატარა ხელი კისერზე შემომხვია და ასე უსმენდა პარაკლისს ბოლომდე. მე გაბედულად სუნთქვისაც კი მეშინოდა.

მამა სტეფანემ წმ. ჯვარი სახეზე მიადო ბავშვს სამთხევევად, თან უთხრა: „გამოჯანმრთელდი!“

ბავშვი ლოგინში ჩავაწვინე და მამა სტეფანე გავაცილე. უკან რომ მოვბრუნდი, სუნთქვაშეკრული საწოლ ოთახში შევედი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ის გულის გამგმირავი ხრიალი, ამ დღეებში რომ ასე გვზაფრავდა ყველას, აღარ ისმოდა. ბავშვს თანაბარი, მშვიდი სუნთქვა ჰქონდა.

გულაჩუყებული მუხლებზე დავეშვი და ვმადლობდი მოწყალე ღმერთს. ღონემიხდილს იატაკზე ჩამეძინა.

მეორე დილას, ეკლესიის ცისკრის ლოცვის ზარმა რომ დარეკა, ჩემი ბიჭი ლოგინზე წამოჯდა და სუფთა, წკრიალა ხმით დამიძახა:

- დედა, რატომ ვწევარ ამდენ ხანს? მომწყინდა წოლა!

განა შეიძლება იმის აღწერა, რაც მე იმ წუთებში განვიცადე?!

ბავშვმა სიამოვნებით დალია თბილი რძე. ცოტა ხანში სახლში ფეხაკრეფით შემოვიდა ჩვენი ექიმი. მან მისაღებში შეიხედა და იქ ტახტი რომ ვერ დაინახა ცივი ცხედრით, შეგვეხმიანა. მე მხიარული ხმით ვუპასუხე:

- ახლავე მოვალ.

ექიმი გაოგნებული იდგა და ფეხს წინ ვერ დგამდა.

- ნუთუ უკეთესობაა? - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.

- დიახ, ვუპასუხე და მივესალმე. უფალმა სასწაული მოგვივლინა!!!

-დიახ, ხიად... თქვენი ბავშვის განკურნება მხოლოდ სასწაულს შეეძლო. - ძლივს ამოთქვა დაბნეულმა ექიმმა.

მალე მამა სტეფანემ უკვე სამადლობელი პარაკლისი აღავლინა ჩვენთან. ჩემი ბიჭი, სრულიად ჯანმრთელი, გულმოდგინედ ლოცულობდა. წირვის ბოლოს მამა სტეფანემ მითხრა:

- კარგი იქნებოდა, ეს შემთხვევა აგეწერათ. გულწრფელად მინდა, ყველა დედამ გაიგოს, რომ მწუხარებისას სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავარდნენ, არამედ მიმართონ იმას, ვის ხელთაც არის როგორც მათი შვილების კეთილდღეობა და სისცოცხლე, ასევე - თავად მათიც, ყველასი, და რომ მარტოდენ მტკიცე სარწმუნოებაა ყოველგვარი სიხარულის მიზეზი და დასაბამი.

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.