მშვენიერი მანდილოსანი

დედის ნაამბობი

ჩემი შვილი - ვალერი მძიმეს გახდა ავად. ბიჭი შვიდი წლისაც არ იყო; სული ეხუთებოდა, სიცხე უკიდურეს ზღვრამდე იყო მისული. მოვიწვიეთ პროფესორი. მან გვითხრა, ცოტა უნდა მოვიცადოთ, რათა ზუსტად დავადგინოთ დიაგნოზი - ქუნთრუშა თუ დიფტერია. ჩვენ მოცდა არ ვისურვეთ და სხვა ექიმს მივმართეთ, გვინდოდა, რაც შეიძლება მალე გამოგვეყვანა ბავშვი მდგომარეობიდან. მან დიფტერიის დიაგნოზი დაგვისვა და სასწრაფოდ შრატის ინექცია დანიშნა.

სანამ აფთიაქში დიფტერიის საწინააღმედგო შრატს მოვძებნიდით, პროფესორს დავურეკე და ვუთხარი, ბავშვს შრატს ვუკეთებთ-მეთქი.

- მე თქვენთვის ეს არ დამინიშნავს. - მითხრა მან.

შევწუხდი, დავიბენი. აღარ ვიცოდი, რა მექნა. შრატი ვიყიდე და ნაცნობ მედდასთან გავიქეცი, რომ ბავშვისთვის შრატის გაკეთება მეთხოვა. თან, მართალი გითხრათ, სული მიშფოთავდა - პროფესორს უჭირს რამის გადაწყვეტა და მე რაღა ვქნა, ვის მივაკითხო საშველად-თქო. მედდა დამპირდა, მალე მოვალო.

მივიჩქარი ქუჩაში და თან განუწყვეტლივ ვლოცულობ - ღვთისმშობელს ვევედრები, მიგვახვედროს, საჭიროა თუ არა ახლა ნემსის გაკეთება. ამასობაში სახლთან მივედი. ავდივარ კიბეზე და... აშკარად მომესმა: „არა!“ მივხვდი, ეს პასუხი იყო ჩემს თხოვნაზე.

სახლში შევედი თუ არა ვთქვი, რომ შრატს აღარ გავაკეთებდით. ყველამ ისე შემომხედა, როგორც ჭკუიდან შეშლილს. ვერაფერი გაეგოთ, რა ხდებოდა. მოვიდა მედდაც. მე ვუთხარი, რომ ნემსი აღარ გაკეთდებოდა. მან შვებით ამოისუნთქა.

ვალერი სიცხისგან შფოთავდა. მხოლოდ იმას მთხოვდა, დედიკო, არსად წახვიდეო. ბავშვის საწოლი ოთახის შუაგულში დავდგით, რომ უფრო ადვილად ესუნთქა. მთელი ღამე მის გვერდით ვიჯექი. შევამჩნიე, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა; ბიჭი ჩაწყნარდა, დაეძინა. მალე გამოეღვიძა, თვალი გაახილა და მკითხა:

- დედა, ვინ იყო ჩვენთან?

- არავინ.

- აბა, როგორ, დედა... აი, ახლახან!

- რა, ახლახან? - ვერაფერს მივხვდი.

- რა, და... დედა, ისეთი მშვენიერი ქალბატონი იყო, ისეთი მშვენიერი!.. - და ვალერის ისევ ჩაეძინა.

დილისკენ ბავშვს გამონაყარი გამოჩნდა და გასაგები გახდა, თუ როგორ უნდა წარმართულიყო მკურნალობა. მალე ბიჭი სრულიად განიკურნა. მერე ცხადი გახდა, მაშინ ნემსი რომ გაგვეკეთებინა, ბავშვი დაიღუპებოდა.

სიზმარში, თუ ძილ-ღვიძილში ნანახი მშვენიერი ქალბატონი კი სულ ახსოვდა, თუმცა ამაზე იშვიათად ლაპარაკობდა, გულში ინახავდა.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო. ვალერი ისევ ავად გახდა - ანგინა ჰქონდა მძიმე ფორმებში, მაღალი სიცხით.

სახლში მარტო ვიყავი. საჭირო იყო სასწრაფო დახმარების გამოძახება. ბინაში მაშინ ტელეფონი არ გვქონდა. რა უნდა მექნა შუაღამეზე?! ავტომატის საძებნელად ქუჩაში გამოსული პირდაპირ ქუჩაში მუხლებზე დავეცი და გულით შევღაღადე დედა ღვთისმშობელს: „დედაო ღვთისავ, შვილი გადამირჩინე!“

ავტომატი მალე ვიპოვე და სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. შინ რომ დავბრუნდი, ვნახე: ვალერის ყელიდან ჩირქის გროვას გადმოეხეთქა და ყელი თითქმის გასუფთავებოდა. ტემპერატურა ძალზე სწრაფად დაეცა.

ეს მეორედ მაჩუქა დედა ღვთისმშობელმა შვილი.

 

ცოდვილის მონანიება

ერთი დედა ბერთან მივიდა და გულმოკლულმა შესთხოვა:

- ჩემი შვილი სვამს, ცხოვრობს უპატიოსნოდ, მცემს, ჩემ თვალზე ცრემლი არ შრება, ილოცეთ მისთვის, მამაო!

- შენ კი მადლობა შესწირე უფალს ამისთვის.

- როგორ, მამაო, რატომ?

- მას რომ არ ესვა, შენ ეკლესიაში არ წახვიდოდი და ჩემთანაც არ მოხვიდოდი. წადი, ილოცე შენი შვილისათვის! - არცერთი წვეთი დედის ცრემლისა ტყუილად არ იკარგება. დედის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. შენი შვილი კი ქრისტიანად მოკვდება.

ყველაფერი ბერის სიტყვების მიხედვით ახდა. ცოტა ხანში აქ ქალის შვილი კიბოთი დაავადდა, ჩამოდნა, თვალდათვალ გაილია. მან სმას თავი დაანება და დიდ სინანულში ჩავარდა. იგი ყველას პატიებას სთხოვდა და ამბობდა: „მაპატიეთ, ძვირფასებო, საშინლად, საშინლად ვცხოვრობთ, ვიღუპებით, თქვენც მოინანიეთ!“ სიკვდილის წინ მღვდელი მოიხმო, აღსარება უთხრა და ეზიარა ასე, ღმერთთან შერიგებული გავიდა ამ ქვეყნიდან.

შვილის სიკვდილის შემდეგ დედამ მთელი სიცოცხლე უფლის სამსახურში გაატარა. ის ტაძრებში საქმიანობდა და თან გამუდმებული ლოცვით შვილის სულს ეხმარებოდა.

 

ქალიშვილის განკურნება

ეს ამბავი ერთი მღვდლის - ლუბიმოვის ოჯახში მოხდა.

ერთ საღამოს მშობლებმა თავიანთი ქალიშვილი - ჩვიდმეტი წლის მარიამი სარდაფში გაგზავნეს რძის ქოთნის მოსატანად. გოგონა გაიქცა. ხუთი წუთიც არ გასულიყო, რომ იგი გაფითრებული დაბრუნდა უკან. შიშისაგან ერთიანად ცახცახებდა. ოთახში რომ შევიდა კედელს მიეყრდნო და ასე გაუნძრევლად იდგა. მშობლებს უნდოდათ საწოლში ჩაეწვინათ, მაგრამ ქალიშვილმა ისეთი წინააღმდეგობა გაუწიათ, რომ იძულებულნი გახდნენ საწოლზე მიებათ. გოგონა კრინტს არ ძრავდა.

გადიოდა კვირები, თვეები. მარიამი ხმას არ იღებდა. მშობლების მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა. ქალიშვილის დედა განუწყვეტლივ ლოცულობდა - უფალს შვილის ხნას ემუდარებოდა.

ამ დროს გოგონას მამა, მღვდელი, ღვთის მსახურებასთან დაკავშირებით რაღაც საკითხზე მოსკოველ მიტროპოლიტ ფილარეტთან შევიდა. მოძღვრის მოხსენება რომ მოისმინა და შეხვედრა ფაქტობრივად დამთავრდა, მღვდელმთავარმა ლუბიმოვს ჰკითხა: „მგონი, რაღაც უნდა გაწუხებდეს. თუ საიდუმლო არ არის, მითხარი, რას დარდობ?“

ცრემლმორეულმა მღვდელმა მიტროპოლიტს თავისი ქალიშვილის ავადმყოფობის შესახებ მოუყვა.

- ბავშვებს აჩენთ, მათი აღზრდა კი არ იცით. რატომ გაგზავნეთ ყმაწვილი ქალი სარდაფში გვიან, სიბნელეში? ვინმე უფროსი არ იყო? მოახლე არა გყავთ? - გაუწყრა მიტროპოლიტი.

- ხელმოკლეობის გამო მოახლეები არ გვყავს. - უპასუხა მღვდელმა.

- მაშინ თვითონ წასულიყავი, ანდა დედამისი. - უსაყვედურა მიტროპოლიტმა.

- მეუფეო! ჩვენ შვილებს პატარაობიდანვე ვაჩვევთ საქმიანობას.

- ნუ სწუხარ, იქონიე ყოვლისშემძლე უფლის სასოება და სიმშვიდე დაგიბრუნდება. კიდევ როდის ჩამოხვალ მოსკოვში?

- როცა თქვენ ინებებთ.

მიტროპოლიტმა განაწამებ მამას ჩამოსვლის დრო დაუნიშნა - ერთი თვის შემდეგ ჩამოდი და ცოლი და ქალიშვილიც თან ჩამოიყვანეო.

ლუბიმოვი ასეც მოიქცა - მოსკოვში თავის ცოლთან და ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა და პირდაპირ მიტროპოლიტს მიაშურა.

მღვდელმთავარმა ფილარეტმა ყაზანის ღვთისმშობლის ხატით აკურთხა მთელი ოჯახი. „ახლა წადით წმიდა სერგის სავანეში. იქ ღვთის წყალობას მიიღებთ!“ - უთხრა მათ.

წმიდანის სავანეში ლუბიმოვებს არავინ დახვდათ. ტაძარი ცარიელი იყო. თვალცრემლიანმა მშობლებმა ავადმყოფი შვილი წმიდანთან მიიყვანეს, წმ. სერგის თავთან თავი დაახრევინეს  და თან გულმხურვალედ შესთხოვეს მას შვილის განკურნება.

როგორც კი ქალიშვილი წმიდანის ნაწილებს შეეხო, სახე გაუნათდა - ლოყები შეუფაკლდა. მერე თვალებგაბრწყინებული მშობლებს მიუბრუნდა.

- გრძნობთ, როგორი კეთილსურნელი ასდის წმიდა ნაწილებს? - თქვა მან. იმ წუთიდან მეტყველებაც დაუბრუნდა და სრულიად გაჯანმრთელდა კიდეც.

მშოლებმა ღრმა მადლიერების გრძნობით აღავლინეს სამადლობელი პარაკლისი დიდ წმიდანის - სერგი რადონეჟელის წმ. ნაწილებთან და ბედნიერები შინ დაბრუნდნენ.

 

„წადი და მოიყვანე შენი შვილი!“

ვიქტორი უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მაგრამ დიდი ნაკლიც ჰქონდა - ალკოჰოლის მომეტებულ სიყვარულს ვერ უმკლავდებოდა. ხელფასს რომ აიღებდა, აუცილებლად ამხანაგებთან ერთად სუფრას შემოუჯდებოდა. დედა ბევრს ცდილობდა, შვილი დაღუპვის გზიდან შემოებრუნებინა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს, ეხსნა იგი ამ მძიმე ვნებისაგან. ერთხელ ძალიან შეაგვიანდა. დედა მთელ ღამეს ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ ცრემლებით. აღარც კი ახსოვს, რამდენი ხანი იდგა მუხლებზე. უეცრად ხმა მოესმა: „წადი მდინარე ოკას ნაპირას და წამოიყვანე შენი შვილი!“

შეშინებული დედა ქალაქში გავიდა. ბურუსი იდგა. იგი ძლივს არჩევდა საგნებს, მაგრამ მაინც განაგრძობდა ძებნას. და უცებ!.. „ის არის!“ - გაიფიქრა და მდინარის პირას დაგდებული კაცისაკენ წავიდა. დედას გულმა არ უმტყუნა - ის მართლაც ვიქტორი იყო. თურმე მეგობრებთან ერთად დაელია და შეგვიანებოდა. შინ მობერუნებულს მდინარე ოკას ხიდზე უნდა გაევლო. ხიდი ამ დროს გახსნილი ყოფილა. ნასვამს სიბნელეში ეს ვერ შეუნიშნავს, ფეხი ხიდზე შეუდგამს და მდინარეში ჩავარდნილა.

შიშისა და სიცივსგან აკანკალებული ვიქტორი მდინარის ფსკერისკენ წავიდა. უკვე იხრჩობოდა, რომ ცისფერ სამოსში გამოწყობილი ჭაბუკი დაინახა. მერე მისი ხმაც გაიგონა: „არ შეიძლება დაიხრჩოს ის შვილი, ვისთვისაც დედა ასე ლოცულობს!“ ვიქტორს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ძლიერი დარტყმით ნაპირზე გადმოადგეს.

 

...და მაინც გამოიცვალა

ერთმა ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა ერთადერთი ვაჟიშვილი აღზარდა, მაგრამ ის დედის ნუგეში არ გამოდგა - თავის უწესო ამხანაგებთან ერთად წუთისოფელს ქეიფსა და დროსტარებაში განლევდა და დედის დარიგებას ყურს არ უგდებდა.

ერთხელ, როცა ისეც მოსალხენად წასვლას აპირებდა, ქვრივმა დედამ ცრემლით შესთხოვა, რომ ასეთი დამღუპველი ცხოვრებისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ შვილმა გადაჭრით უთხრა: „დედიკო! მე ვერ გამოვიცვლები.“

მაშინ დედამ უთხრა: „კარგი, ახლა მე ვიცი, რაც უნდა ვქნა. შევალ ოთახში, უფლის წინაშე მუხლს მოვიყრი და ვილოცებ მანამ, სანამ შინ არ დაბრუნდები.“

შვილი ამხანაგებთან წავიდა. მაგრამ ლხინში სიამოვნება ვერ ჰპოვა - სულ მუხლებზე დაჩოქილ მოტირალ დედაზე ფიქრობდა.

დიდხანს ვერ გაძლო; შუა სუფრიდან ადგა და შინისაკენ გასწია, რათა გაეგო, რას შვრებოდა დედა. შინ მისულმა დედის ოთახში შეიხედა და დაინახა, რომ იგი ხატების წინ დაჩოქილიყო და მისთვის ლოცულობდა.

ვაჟი ფრთხილად შევიდა ოთახში, თვითონაც დედის გვერდით დაიჩოქა და ღმერთს მადლობა შესწირა დედის ასეთი სიყვარულისთვის.

ამის შემდეგ ის ყოფილ ამფსონებს აღარ გაჰკარებია და ყოველთვის სანაქებოდ იქცეოდა.

 

„მხოლოდ ჯოჯოხეთის ხილვა თუ მომიყვანდა ჭკუაზე!“

ოჯახში ერთი შვილი ვიყავი. მდიდრულად ვცხოვრობდით. მშობლები სულ ჩემი ჭკუის დარიგებაში იყვნენ, ჩემ ნებაზე არ მიშვებდნენ. მე მხიარულად ცხოვრება მინდოდა, ისინი წესიერებისკენ მომიწოდებდნენ. საღამოს ჩემი ჭკუის ხალხთან ერთად ნადიმები და ქეიფები მიყვარდა. საამისოდ სახლიდან ჩუმად მიგვქონდა ხოლმე ყველაფერი. მამა ყოველთვის მსჯიდა ამისათვის. მე კი მაინც არ ვიშლიდი ჩემსას. ჩვენი სახლიდან ბევრი რამის წაღება შეიძლებოდა, რადგან ყველაფერი ბევრი გვქონდა და ამიტომ ხშირად ვერ ხვდებოდნენ, რამეს თუ მოვიპარავდი. ასე მივეჩვიე საღამოს წვეულებებს და თავქარიან ცხოვრებას. არყის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო.

ამ დროს გარდაიცვალა მამა. მე უფრო გავთამამდი, დედას არ ვუჯერებდი. იმის იმედით, რომ გამოვსწორდებოდი, დედამ დამაქორწინა. მაგრამ ამას არსებითად არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიღუპებოდი და კიდევ დავიღუპებოდი, უფალს რომ არ მოეხედა ჩემთვის დედაჩემის ლოცვის შედეგად.

ერთხელ ქალაქში ფქვილი წავიღე გასაყიდად. გავყიდე და აღებული ფულით მე და ჩემმა მეგობრებმა კარგად მოვილხინეთ. უკან დაბრუნებულებიც გზაში სულ არაყს ვსვამდით. ისე, რომ არ მახსოვს, სახლში როგორ მოვედი.

შემიძლია ასევე ვთქვა, რომ სახლში კი არა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი, ნამდვილ ჯოჯოხეთში, რომლის არსებობა ადამიანებს, სამწუხაროდ, ხშირად არ სჯერთა. ჯოჯოხეთი კი, ძმებო, არსებობს და თანაც ცოდვილი, უბედური ადამიანის წარმოსახვა ვერასოდეს წარმოიდგენს სრულყოფილად, თუ რა არის ის. ...აქ, დედამიწაზე, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა არის ჯოჯოხეთის ცეცხლი. ეს ისეთი ცეცხლი კი არ არის, აქ, დედამიწაზე რომ ვიცით. ამის ატანა კიდევ შეიძლება. აი, იმისი კი... ის ისეთი საშინელია, ისეთი მტკივნეულია, ისეთი მცხუნვარე და მწველი... ამის გამოდმოცემა შეუძლებელია. თან ხელ-ფეხი შეკრული გაქვს, ვერ ატოკებ. ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ის ვნახე და ისე მახსოვს, თითქოს წუხელ იყო.

- მხსნელო ჩემო! ღვთისმშობელო, დამიფარე! - ვევედრებოდი წმიდა ქალწულს. ტანჯვას კი ბოლო არ უჩანდა. მეჩვენებოდა, რომ მთელი საუკუნე გავიდა, რაც ამ ტანჯვაში ვიყავი. ფაქტიურად კი მხოლოდ ერთი საათი ვყოფილვარ ჯოჯოხეთში.

უცებ ყოველივე ეს გაქრა, გვრძნობ, რომ ხელ-ფეხი გამეხსნა, შემოვბრუნდი და ვხედავ: ხატების წინ კენდელი ანთია (ზუსტად ღვთისმშობლის მიძინების დღე იყო), დედაჩემი მუხლებზე დგას და ცრემლებით ლოცულობს. გამახსენდა ერთი ნათქვამი - „დედის ლოცვას ზღვის ფსკერიდან ამოყავს ადამიანი“ და გავიგე, იმ წამს მივხვდი, რა სწორია ეს. იმასაც მივხვდი, რომ სხვა ვერაფერი მომიყვანდა გონზე მე, ცოდვილს.

ავდექი სრულიად ჯანმრთელი, თითქოს სასმელი პირშიაც არ ჩამეშვას. დედამ მითხრა, რომ ცხენებს ვუყვარვარ. გრძნობადაკარგული მოვუყვანივარ სახლში. დედას მკვდარივით დავუწვენივარ საწოლზე. თითქმის აღარ ვსუნთქავდი თურმე.

სასოწარკვეთის პირას მისულ დედას ცხარე ცრემლებით ლოცვა დაუწყია. და აშკარაა, უფალმა ისმინა მისი. მთელი ჩემი სიცოცხლე მუდამ დედის მადლიერი ვიქნები. ეს არასოდეს დამავიწყდება.

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.