ქრისტიანული ქორწინება

განმარტებანი წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებისა

ვიდრე იოანე ოქროპირის სწავლებას დაწვრილებით გავეცნობოდეთ, უწინარეს ყოვლისა წმინდა წერილიდან ის ადგილები დავიმოწმოთ, რომელიც ზოგადად ეხება ქრიატიანულ ქორწინებასა და ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულებას.

ქორწინება

ა) ღვთისაგან არის დადგენილი. „თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბად. 2,18,22-24). იესომ კი აი რა უთხრა ფარისეველთ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“ (მათ. 19,4,5).

ბ) დაკანონებულია ყველა ქრისტიანისათვის. „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი ქმარს. თუ იქორწინებ არა სცოდავ და თუ ქალწული იქორწინებს არ სცოდავს“ (1 კორ. 13,4).

გ) ღირსეული უნდა იყოს ქრისტიანისათვის. „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო იყოს ყველასი, ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განსჯის“ (ებრ. 13,4).

დ) ზოგჯერ გარდაუვალია. „უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: თუ თავს ვერ შეიკავებენ, დაე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას“ (1 კორ. 7,9). „ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები დათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისები გახდნენ და ლანძღვა-გინების საბაბი არ მისცენ მტერს“ (1 ტიმ. 5,4).

ე) ყველას როდი ძალუძს ქორწინება. „უფალმა მოწაფეებს უთხრა: არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს“ (მათ. 19,12).

ვ) დაქორწინებულთა მოვალეობაა. „თვითეულ თქვეგანს უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავისი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,33).

ზ) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6).

„გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11).

თ) განქორწინება მოსეს სჯულით არის დაშვებული: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდება, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე“ (მეორე რჯული 24,1)

ი) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3).

ქორწინება

ა) დაუშვებელია მორწმუნესი ურწმუნოსთან. „არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით“ (მეორე რჯული 7,3-4). „ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“ (ისე ნავინი 23, 12-13). „ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხო ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს“ (ეზრა 10,10-11).

ბ) წარმოადგენს ქრისტესა და მის ეკლესიას შორის დამოკიდებულების მსგავსს: „მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან და მიგიყვანთ სიონში“ (იერ. 3,14). „ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25).

გ) არ იპოვება სასუფეველში. „აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში“ (მათ. 22,30). „საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან და აღარც სიკვდილი ხელეწიფებათ, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი, აღდგომილნი ძენი არიან (ლუკ. 20,35-36).

დ) ქორწინების აკრძალვა ერთ-ერთი ნიშანია ურწმუნოებისა. „სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობისამებრ, რომელთაც დაფერფლეს თავიანთი სინდისი და რომელნიც კრძალავენ ქორწინებას“ (1 ტიმ. 4,1-3).

წმინდა წერილიდან დამოწმებული ეს ადგილები ცხადად მიუთითებენ, რომ არცერთი ადამიანური ურთიერთობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქორწინება, ცოლ-ქმრული კავშირი. ეს კავშირი უძველესია, დასაბამი ადამიანთა მოდგმის შექმნისთანავე აქვს და დაფუძნებულია სჯულზე, რომელიც ღმერთმა დაადგინა და დაუწესა ადამაინურ ბუნებას. ცალ-ცალკე ქალი და კაცი არ არიან ისინი, რაც უნდა იყვნენ თავიანთი არსის თანახმად და მხოლოდ მაშინ იწყებენ სისხლსავსე ცხოვრებას, როდესაც ქორწინებით ერთხორც და ერთსულ იქმნებიან. ოდეს მეუღლეობრივი ცხოვრების არსი ჩადო ღმერთმა ქალისა და მამაკაცის შექმნაში, უფალმა განაბრწყინვა მათი ურთიერთობა ღვთაებრივი მადლცხებულებით. „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი“ (დაბად. 1,27). ესე იგი ქორწინების შემდგომ მათ მისცა განსაკუთრებული ძალა, წყალობა მოვალეობის აღსასრულებლად დაფუძნებული ბუნებრივ კანონზომიერებებზე, თავად უფლისაგან დაშვებული და დაკანონებული, გაბრწყინებული უფლის კურთხევით.

საქორწინო კავშირი უბრალო კავშირი როდია ქალსა და მამაკაცს შორის ვნებათაღელვის დასაცხრომად, არამედ ორი არსების ერთ განუყოფელ არსებად გადაქცევაა - ურღვევი კავშირია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ცოლ-ქმრობა ღვთით დადგენილი, ნაკურთხი და დამტკიცებული საიდუმლო ადამიანური ყოფის საფუძველთა-საფუძველია, სიმშვიდეა, ბედნიერებაა დედამიწაზე და ხშირად სამუდამო სასუფეველიც ცათა შინა. იგი იმდენად წმინდათაწმინდა ქმედებაა, რომ მღვდლის მიერ აღსრულებული ჯვრისწერის დროს სიძე-პატარძალზე სულიწმინდის მადლი გადმოდის, აბრწყინებს მათ ცოლ-ქმრულ კავშირს, აძლევს ძალებს, რათა ერთსულ და ერთხორც აღასრულონ ქრისტეს მცნებანი, კანონიერად შვან და აღზარდონ შვილები.

ქრისტიან მეუღლეთა მოვალეობები, წმინდა წერილში დამოწმებული, რასაკვირველია, ცნობილი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისათვის, თუმცაღა ის ყოველ დროში და ხალხში ოდითგანვე იყო დადგენილი. მისი ზედმიწევნით ცოდნა და გამოყენება საჭიროებისამებრ თითოეული ადამიანის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული და ამაში დიდი დახმარება ხალხს მოძღვარმა უნდა გაუწიოს.

ამ მხრივ ძალზე საყურადღებოა იოანე ოქროპირის მითითებანი. იგი ღრმად ჩასწვდა ადამიანის გულს, ქრისტიან მეუღლეთა ურთიერთობებში არსებული ხარვეზების მითითებით როდი დაკმაყოფილდა, არამედ მათი ცხოვრების ქვეცნობიერი, სულის სიღრმეში დაფარული შრეებიც შეისწავლა და გამოაზეურა. მართალია, თოთხმეტი საუკუნე გვაშორებს წმ. იოანე ოქროპირისაგან, მაგრამ თუ თანამედროვე საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, არ იქნება ძნელი შესამჩნევი, რომ ამჟამადაც, როგორც იოანე ოქროპირის დროს, ადამიანები ხშირად არაწმინდა მოსაზრებებით ქორწინდებიან და ვნებათაღელვის მარწუხებში მოქცეულნი ბღალავენ ქორწინების სიწმინდეს, ანდა არ იცავენ იმ წესებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამის გამო ისინი გასაჭირში ვარდებიან. ვინც პატივს სცემს ქორწინებას, ცოლ-ქმრულ მოვალეობებსაც კეთილსინდისიერად აღასრულებს.

ქორწინების მნიშვნელობაზე მსჯელობისას წმ. იოანე ოქროპირი მიიჩნევს, როგორც ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებას, ღვთით დადგენილ კანონს და ვრცლად ჩერდება ეკლესიის როლზე. იგი იმოწმებს წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს ქორწინების შესახებ: „საიდუმლო ესე დიდ არს: ხოლო მე გეტყვით ქრისტესა და ეკლესიისათვის“ (ეფეს. 5,32) და ასე განმარტავს: ბუნებრივი მიდრეკილება ქორწინებისადმი, როგორც კანონისადმი, თავად ღვთის მიერ არის დაკანონებული და ამიტომ ქორწინებისას ხდება არა მარტო ხორციელი შეერთება, არამედ მოციქულისავე სიტყვით, იგი სახელდებულია, ვითარცა ქრისტეს და ეკლესიის საიდუმლო კავშირი. „საიდუმლოი ესე დიდ არს“ - მითხარი რატომ არის ეს საიდუმლო დიდი? იმიტომ, რომ ქალწული, რომელიც სულ სახლში ზის და არასოდეს უნახავს საქმრო, პირველი დღიდანვე ეჩვევა და უყვარდება. ასევე ქმარსაც, რომელსაც აქამდე არ უნახავს და არც დალაპარაკებია თავის საცოლეს, ის ურჩევნია ყველას - მეგობრებს, ნათესავებსა და თვით მშობლებსაც კი. ხოლო მშობლები სიძეს, კაცს, რომელიც ადრე თვალითაც არ უნახავთ, აბარებენ თავიანთ ქალიშვილს და მდიდარ მზითევსაც, თანაც ამას სიხარულით სჩადიან და არც დაზარალებულად გრძნობენ თავს. საყვარელი ქალიშვილი და მასთან ერთად დიდი სიმდიდრე სახლიდან მიდის, ისინი კი, არც დრტვინავენ, არც იტანჯებიან, პირიქით, ბედის მადლობელნი არიან. წმ. პავლე მოციქულიც გვიჩვენებს ყოველივე ამას. ანუ თუ როგორ ტოვებს ორივე თავ-თავის მშობლებს და ერთმანეთს ეწებება. ეს ახალი კავშირი ძველ ჩვევაზე უფრო მყარია და რომ კაცმა კი არა, თვით ღმერთმა ჩაგვიდო ასეთი სიყვარული და ისე განაგო, რომ ამას სიხარულით იქმან მშობლებიცა და შვილებიც. ამიტომაც ამბობს: „საიდუმლო ესე დიდ არს“.

ქრისტიანთა ქორწინება თავისი ჭეშმარიტი არსით წარმოადგენს ცოლისა და ქმრის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას, ურთიერთ შეწევნასა და სრულყოფეილებისაკენ ლტოლვას. ამიტომ ოჯახები, ქორწინებით განმტკიცებულნი და ღმრთივკურთხეულნი, ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზმის შექმნის საწინდარია. „ისმინეთ ყოველთა, ქმრებო, აღზარდეთ ცოლები“ - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი და იხსენებს აბრაამისა და სარრას წმინდა ცხოვრებას. დაე, ცოლისათვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისათვის კი ცოლი - უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა. შეხედე! სამყარო შედგება ქალაქებისაგან, ქალაქი ოჯახებისაგან, ოჯახი ცოლისა და ქმრისგან. როდესაც ოჯახებში აყალ-მაყალია, ქალაქები ინგრევიან და მთელ მსოფლიოს მოიცავს შფოთი და განხეთქილება“. ასე რომ ქორწინება ოჯახებისა და საზოგადოებისათვის წყაროა როგორც დიდი უბედურებისა, ასევე დიდი ბედნიერებისა. ამიტომ ამბობდა წმ. პავლე მოციქული: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენ ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5,22). რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ისინი მორჩილებენ ურთიერთს, მაშინ სწორად ზრდიან შვილებს, კეთილგანწყობა სუფევს მეზობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. თუკი ერთმანეთს ეკამათებიან, საწინააღმდეგო აზრი აქვთ, არეულობა და ჩხუბია ოჯახში.

წმ. იოანე ოქროპირის დროს და დღესაც ხშირად აუფასურებენ ქორწინების მნიშვნელობას, რადგან არასწორად ესმით ქრისტიანული ქორწინების როლი და დანიშნულება, ცოლ-ქმრული უღლის ტარების სიტკბო. წმ. იოანე ოქროპირის თანამედროვენი, ერეტიკოსები, მარკიანე და მანიქეა უარყოფდნენ ქორწინებას, რადგან მიაჩნდათ, რომ იგი არ იყო ღვთისაგან დაკანონებული, არამედ იყო ბოროტი სულების საიდუმლოება და ამიტომ მარადიული სიქალწულის შენარჩუნებას ქადაგებდნენ. დღესაც არსებობენ ცრუმასწავლებელნი, რომელნიც ეკლესიით დაწესებულ ჯვრისწერას უარყოფენ და ცოდვად მიიჩნევენ.

მათ შესახებ წმ. იოანე ოქროპირი საუბრობს თავის ქადაგებაში „სიქალწულის შესახებ“. იგი ასაბუთებს, რომ სიქალწულე არ შეიძლება იყოს უმწიკვლო იქ, სადაც ქორწინება იკრძალება, რადგან არც ქალწულობის შენარჩუნება და არც ქორწინება არ არის დამოკიდებული ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ქორწინების აკრძალვა არაქრისტიანულია და სატანის ხელი ურევია, რომელიც სულიერი უმანკოების დაუძინებელი მტერია. ქალწულ ერეტიკოსებს წმ. იოანე ოქროპირი ეკითხება: ვის შეგადაროთ? იუდეველებს? - მაგრამ ისინი ხომ ქორწილს სცნობენ? თქვენა არ გსურთ იესო ქრისტეს უსმინოთ, რომელიც წმინდა მოციქულ პავლეს პირით ამბობს: „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო“ (ებრ. 13,4). „მათთვის - ამბობს იოანე ოქროპირი - ასეთ ქალწულებზე განმზადებულია ბორკილები, ცრემლები, მარადიული გეჰენია, იმის გამო, რომ აირჩიეს სიქალწულე, რათა დაეკანონებინათ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება. ერეტიკოსთა განზრახვა ღვთის ნებას ეწინააღმდეგება და შეურაცხყობს უფლის უსაზღვრო კაცთმოყვარებას. ხოლო ის, რომ ერეტიკოსთა სიქალწულე მათი ბოროტი გონების მონაჩმახია, ამას ვამბობ არა მე, არამედ ის, ვისთვისაც მათი აზრი დაფარული არ არის. რას ამბობს უზენაესი? იგი ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ხალხები რწმენას განუდგებიან, სული მაცდური დაიმონებს მათ, ეშმაკეულ სწავლებას მიჰყოფენ ხელს, ოჯახები დაინგრევიან“.

ქორწინების უარყოფის არასწორი გაგება მიზეზი გახდა სულის ცხონების არასწორი გაგების, თითქოს ქორწინების შემთხვევაში სული აღარ არის უმწიკვლო და ასეთი შებღალული სული არ ცხონდება. წმ. იოანე ოქროპირი სასტიკად ილაშქრებს ამგვარი მოსაზრების წინააღმდეგ. მაგალითად იშველიებს კეთილმორწმუნე პრისკილასა და აკილას ცხოვრებას და ამბობს: „რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? ის რომ არ უნდა უარვყოთ ქორწინება და ცოლთან შეუღლება. შვილების აღზრდა, ოჯახის მოვლა-პატრონობა არ უნდა დავაყენოთ არც ერთ სათნოებაზე დაბლა. პრისკილა და აკილა ცოლ-ქმარნი იყვნენ, სახელოსნოში მუშაობდნენ, ხატავდნენ, მაგრამ გაცილებით უფრო უმწიკვლოდ ცხოვრობდნენ, ვიდრე მონასტერში მყოფნი.

სხვაგან იგი წმინდა ესაია წინასწარმეტყველის ცხოვრებას იხსენებს, რომელსაც ჰყავდა ცოლი და მიუხედავად ამისა, ჭვრეტდა უფლის დაუსაბამო ნათელს. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ცოლ-ქმრობა ჩვენთვის არ არის დამაბრკოლებელი ზეციური სასუფევლისაკენ, რადგან დაბრკოლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუკი ცოლი დაგვჯაბნიდა. ღმერთმა იგი შექმნა კაცთა მოდგმის დამხმარედ. განა წმინდა წინასწარმეტყველს არ ჰყავდა ცოლი? ქორწინებას მისთვის ბოძებული ღვთაებრივი მადლისათვის არაფერი დაუკლია. ცოლთან ცხოვრობდა და წინასწარმეტყველიც იყო. მოსეც ცოლიანი იყო, მაგრამ უფალს ესაუბრებოდა. აბრაამიც, ხალხისა და ეკლესიის მამად სახელდებული განა დააბრკოლა ცოლმა რამეში? მაკაბელთა მშობელი იყო მისი ცოლი, შვიდი წმინდა გვირგვინოსანი მოწამის დედა. მოთმინებით და უდრეკად უმზერდა შვიდგზის შვიდი ვაჟიშვილის წამებას და განა თავადაც შვიდგზის არ ეწამა? იგი იყო დედა და ბუნებამ გამოაწრთო. ანდა წმინდა პეტრე მოციქული გავიხსენოთ, ეკლესიის დამფუძნებელი, იესო ქრისტეს მგზნებარედ შემყვარებელი, ბრძენთა სიტყვების სულელად გამომაჩინებელი, მეცნიერებაში განსწავლული, მჭევრმეტყველთა შორის წარმატებული, ელინთა სიბრძნის დამარღვეველი, რომელმაც ვითარცა ბადემ ისე შეჰკრიბა ზღვა და ხმელი, ცოლი ხომ ჰყავდა? ისმინე მარკოზ მახარებლის სიტყვები: „სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა“ (მარკ. 1,30). სადაც სიდედრია, იქ არის ცოლი, სადაც ცოლია, იქ - ქორწინება. იესო ქრისტეზე რაღა ითქმის? ქალწულისაგან იშვა, კანას გალილეაში ქორწილზე მოსულმა როდესაც დაინახა, რომ ღვინო შემოაკლდათ, წყალი ღვინოდ აქცია.

ქორწინების უარმყოფელნი მიუთითებენ ცოლების არაკეთილისმყოფელ გავლენაზე. ისინი ქალის ღირსებას ხელყოფენ და ქალს ყოველგვარი ბოროტებისა და სისაძაგლის სათავედ სახავენ. იოანე ოქროპირს არ შეეძლო არ გაებათილებინა ერეტიკოსთა ასეთი მოსაზრებანი და მოჰყავს კეთილი და სათნო ცოლების არაერთი მაგალითი. იგი ქმრის სისუსტეს მიაწერს იმას, რამაც ცოლს სივერაგისაეკნ შეიძლება უბიძგოს. „თუკი შენი ცოლი კეთილია - ამბობს იგი - შეგეწევა. როგორ მოვიქცეთ, თუკი კეთილი არ არის? ეცადე გააკეთილშობილო! იობს უშნო და უღირსი ცოლი ჰყავდა, ურჩევდა ემრუშა, მერე რა? ვერ აცთუნა. დამერწმუნეთ, ცოლის უღირსი საქციელი სადარდებელი არ არის. ცუდია? გამოასწორე. შენ კი მეუბნები: ცოლმა გამომაძევა სამოთხიდან, მაგრამ ცოლმა არ აგტყორცნა ზეცად? თუ იობის ცოლი ბოროტია, სუსანა ხომ კეთილია? სარრა - გონიერი“.

წმ. იოანე ოქროპირი ქორწინების მიზანს იკვლევს და ორ ძირითად პირობას ასახელებს, რის გამოც ქორწინება შედგება: ესაა ღვთითდადგენილი კანონი ადამიანთა მოდგმის გასაგრძელებლად და განხურვების თავიდან ასაცილაბლად. იგი განსაკუთრებით ამ უკანასკნელზე ამახვილებს ყურადღებას, და ამბობს: ვქორწინდებით ბავშვების გასაჩენად და უფრო მეტად ვნებათაღელვის დასაცხრობად და განხურვების თავიდან ასაცილებლად“. ამას ადასტურებს წმ. პავლე მოციქულიც, როდესაც ამბობს: „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი (1 კორ. 7,2). დავუკვირდეთ: ამბობს სიძვის თავიდან ასაცილებლად და არ ამბობს ბავშვების გაჩენისთვისო. გვირჩევს შეუღლებას არა იმიტომ, რომ მშობლები გავხდეთ, არამედ „რაღა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (1 კორ. 7,5).

წმ. იოანე ოქროპირი წმ. პავლე მოციქულის სიტყვებს: სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს“ (1 კორ. 7,2) სხვაგანაც განმარტავს: „ქორწინება იმისთვის როდია დაწესებული, რომ სიღარიბეს გავექცეთ და სიმდიდრე მოვიხვეჭოთ, არამედ სიძვას განვერიდოთ, მოვაკვდინოთ ვნებანი, თავშეკავებულად ვიცხოვროთ, ღმერთს ვესავდეთ და გვიყვარდეს ცოლი. ეს კი ქორწინებას მოაქვს, მისი ნაყოფია. იმისათვის უნდა დავოჯახდეთ, რომ კეთილგონივრულად წარვმართოთ ცხოვრება“. ქორწინების ყველა სიკეთით რომ ვისარგებლოთ, მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და მეუღლეობრივი ერთსულოვნებით ღირსეული ოჯახი შევქმნათ, უნდა ვიქორწინოთ. არ არის საჭირო განსაკუთრებული დაკვირვებულობის და შორსმჭვრეტელობის გამოჩენა. ქორწინების მსურველთ წმ. იოანე ოქროპირი გვირჩევს ქრისტეს ეკლესიის ამ ორ კანონს გავეცნოთ, რათა მათი გათვალისწინებით და გაცნობიერებით ოჯახური ბედნიერებისაკენ გავიკვლიოთ გზა.

მეუღლეობრივი ბედნიერება, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია შეუღლებულ პირთა ხასიათზე. სასიძოსა და საპატარძლოს არჩევანში თავიდანვე ჩადებულია ოჯახური ბედნიერების ან უბედურების მარცვალი. ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი არანაკლებ ყურადღებით ეკიდება ამ საკითხს. უმთავრესი, რაც საცოლეში უნდა ეძებო, ესაა სიკეთე სულისა და კდემამოსილება. იგი ამბობს: „რადგნაც ბევრნი ისე არ ექცევიან თავიანთ ცოლებს, როგორც გონება უჭრით, ამიტომ ვურჩევთ ქმრებს ყოველნაირი ღონე იხმარონ, რათა თავიდანვე კეთილგონიერი და სათნო ქალი ითხოვონ“.

წმ. იოანე ოქროპირი ქორწინებას მიიჩნევს როგორც ორი წრფელი გულის კავშირს ნდობითა და ურთიერთპატივისცემით შეერთებულს უფალ იესო ქრისტესა და ეკლესიის კავშირის მსგავსად და ცდილობს ყველასთვის თვალსაჩინო გახადოს, რომ ანგარებით არჩეული საცოლე ყველაზე მეტად არაკეთილგონივრულ არჩევანს შეიძლება წარმოადგენდეს, ქორწინების შემაგინებელს, ადამიანის ღირსების შეურაცხმყოფელს.

წმ. იოანე ოქროპირი გვირჩევს დავქორწინდეთ ღარიბზე, მაგრამ ზნეკეთილ ქალზე, ვიდრე მდიდარზე და „ვეძებოთ მხოლოდ ერთი რამ - სულიერი სათნოება და ზნეკეთილობა, რათა მშვიდობითა და თანხმობით დავტკბეთ და მტკიცედ სიყვარულით ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ. ვინც მდიდარ ცოლს ირჩევს, ის უფრო ქალბატონს ირთავს, ვიდრე ცოლს“.

გარიგებითი ქორწინების გარდა არსებობს სიყვარულით ქორწინება ანდა, უკეთ რომ ვთქვათ, ქორწინება ვნებებზე დამორჩილებით. დაუღვინებელ, გამოუცდელ, გულუბრყვილო ახალგაზრდებში ასეთი ქორწინების უმრავლესობას განსაზღვრავს ვნებათაღელვა, გარეგნულ სილამაზეს დამონება და არასულიერი ღირსებები. არცაა გასაკვირი, თუკი ხანმოკლე აღმოჩნდა მათი შეუღლება. ამიტომ წმ. იოანე ოქროპირი არაერთგზის აფრთხილებს მათ, რომ ნუ დააბრმავებთ გარეგნული სილამაზე, რომელიც მსწრაფლწარმავალია, არც ძირითადი, ერთადერთი და მყარი საფუძველია ქორწინებისათვის. მხოლოდ სუფთა, უმწიკვლო გულსა და სულიერი სილამაზეშია ადამიანის მთელი მომხიბვლელობა.

ერთ-ერთ თავის ქადაგებაში „მათეს სახარების შესახებ“ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: სილამაზე სხეულში როდია, არამედ სხეულის სილამაზე დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, განათლებაზე, რომელიც თავის კვალს უცილობლად აღბეჭდავს სულსა და სხეულზე. ცხოვრებაში და ბუნებაშიც ყველაფერი, რაც კი ლამაზი და მომხიბლავია სულზეა დამოკიდებული. თუ სული ხარობს, სიცოცხლე ხალისობს. თუ მოიწყენს, სხეულს შემოეძარცვება შნო და ლაზათი, თალხით შეიმოსება. გამუდმებით ხალისიანი გუნება-განწყობილება ადამიანს თვინიერსა და მორჩილს ხდის. სულში დატრიალებული კორიანტელი კი სხეულს ძაბავს და სახეს აფერმკრთალებს. ამიტომ ზოგიერთი ცოლი ერთი შეხედვით უშნო, განსაკუთრებული სულიერი ნათელით ბწყინავს, ხოლო ბრწყინვალე გარეგნობის მქონენი, მაგრამ სულიერად დამძიმებულნი შესაძლოა ულაზათოდ გამოიყურებოდნენ. დააკვირდი, რა ფერები გადაურბენს ხოლმე სახეზე ადამიანს, როდესაც სირცხვილის გრძნობა შეაწუხებს ხოლმე. ხოლო ურცხვის გამომეტყველება მხეცზე უფრო შესაზარია. სიკეთე და სათნოება სახეს საყვარელსა და მიმზიდველს ხდის. მაშ, რა უნდა იყოს ლამაზ სხეულსა და სათნო სულზე წარმტაცი და მშვენიერი. ამიტომ მხოლოდ გარეგნობას ნუ ენდობი ადამიანის შეფასებისას, ეცადე გაიგო როგორია იგი შინაგანად.

საცოლის შერჩევისას მხოლოდ მისი სიყვარულის მიხედვით არჩევანის გაკეთება და დაკმაყოფილება სახიფათოა, რადგან იგი შეყვარებულია ადამიანში და შესაძლოა ამ აღგზნებულმა სიყვარულმა მალე გაუაროს და გარეგნული სილამაზის ნაცვლად ბოროტი სული შერჩეს ადამიანს ხელთ. წმ. იოანე ოქროპირის სიტყვებით, ქალის სილამაზე ქმარს სიამოვნებას შეიძლება ანიჭებდეს ათი, ოცი, ოცდაათი დღის მანძილზე, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანს, თუ ქალის სათნოება და კდემა არ ამკობს. ამიტომ გარეგნულად ლამაზ ქალებს იოანე ოქროპირი ურჩევს ნუ იმედიდურებენ ღვთის ამ წყალობით, რადგან იგი მეუღლის სიყვარულსა და ოჯახურ ბედნიერებაში საიმედო დასაყრდენი არ არის. „სხეულის სილამაზე - ამბობს იოანე ოქროპირი - თანდათან იქცევა ჩვეულებრივად, ხოლო სულის სილამაზეს დღითიდღე ეხდება ფარდა და სიხარულის დიდ კოცონს ანთებს. ამიტომ თუ ქმრის მოხიბვლა გსურს, ეცადე შეინარჩუნო კდემამოსილება, ღირსეულად დაიჭირე თავი, ოჯახი იყოს მთავარი საზრუნავი - ეს ერთადერთი გზაა ქმრის დასაკმაყოფილებლად და ოჯახის შესანარჩუნებლად. არც სიბერე აჭკნობს ამ სილამაზეს, არც ავადმყოფობა აკლებს რაიმეს, სულის სილამაზე ყოველგვარ განსაცდელს და ცვალებადობას უძლებს.

რადგან ქალურ მომხივლელობას არ ძალუძს გულის სიღრმემდე შეძრას მისი რჩეული და არც ადამიანური წინდახედულებით არის შესაძლებელი მომავალი ოჯახის ბედნიერების ან უბედურების განჭვრეტა, ამიტომ მხოლოდ „გონიერი დედაკაცი უფლისაგან არს“ (იგავ. 19,14). ხოლო სასიძოს შერჩევისას მისი გარეგნული სილამაზე კი არ უნდა მიიღოთ მხედველობაში, არამედ სულიერი ღირსებები და უმთავრესად კეთილმორწმუნეობა. ამ შემთხვევაშიც იოანე ოქროპირი მშობლებს ურჩევს უფალს მიანდონ არჩევანის სისწორეცა და სამართლიანობაც და ევედრონ უფალს კეთილშობილი სასიძოსათვის. „ეძებე - ამბობს იგი - შენი ქალიშვილისათვის მეუღლე, ჭეშმარიტად დამცველი და მფარველი მისი, ეძებე მიზანდასახულად, ეძებე არა ფული, სიმდიდრე, წინაპრები, გვარიშვილობა, ეს ყოველივე წარმავალია, არამედ ეძებე კეთილშობილება სულისა, მოკრძალება, კეთილგონიერება, ღვთისმოშიშება, რათა შენი ქალიშვილი ცხოვრობდეს კმაყოფილი და მხიარული“.

მას შემდეგ, რაც სასიძომ კეთილგონივრულად შეარჩია საცოლე, ხოლო ქალიშვილმა - საქმრო, აღსრულდა ღვთის ნება, შეიქმნა ოჯახი. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს ქორწინებაში. მთავარია ისინი ისე მოიქცნენ, რომ ღვთისათვის სასურველი იყოს და მათი საქციელი არ გახდეს მათი უბედურების მიზეზი. რამეთუ ქორწინება, სიხარულის წყარო, შეიძლება იქცეს წყაროდ უბედურებისა მეუღლეთა დაუფიქრებლობისა და თავქარიანობის წყალობით.

იღბლიანია ქორწინება, თუ ის ეფუძნება ურთიერთსიყვარულს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას, რასაც მოჰყვება მეუღლეთა შეხმატკბილებული ცხოვრებაც. „არ არსებობს იმაზე უფრო ძვირფასი საუნჯე, ვიდრე ცოლის სიყვარულია. როდესაც ცოლ-ქმარს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს, მათი უფალი ამწყალობლებს. სადაც სიყვარულია, ის სიმდიდრე, ბედნიერება და დოვლათია და პირიქით, თუ არ არსებობს სიყვარული არ არსებობს არავითარი ხსნა, უსიამოვნებასა და ქაოსს დაუსადგურებია“.

მეუღლეთა ურთიერთსიყვარული არ უნდა იყოს დამყარებული რომელიმე მათგანის სილამაზეზე, არ უნდა ჩაიფერფლოს მაშინაც კი, როდესაც ერთ-ერთი მათგანი რაღაც მიზეზის გამო დაუშნოვდება ან დაავადდება. ამაში წმ. იოანე ოქროპირი, უწინარეს ყოვლისა, ბრალს სდებს ქმარს, რომლებიც ცოლებს მყისვე სტოვებენ, ოდეს ცოლების სილამაზე და მომხიბვლელობა ქრება.

ქმარს ცოლი უნდა უყვარდეს გამუდმებით და ძლიერად. ეს სიყვარული არ უნდა გაუნელოს უბედურებამ, განსაცდელმა, სიბრაზემ. წმ. იოანე ოქროპირი ასე მოძღვრავს ქმარს: „იზრუნე შენს ცოლზე, როგორც იესო ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, დაე, დაგჭირდეს შენი სულის გაღება მისთვის, ჭირთათმენა, მაინც ვერ შეძლებ გააკეთო ის, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ეკლესიისათვის“. ცოლი ჩვენი სხეულის აუცილებელი ნაწილია და სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აიძულებს ქმარს მზრუნველობას უწევდეს ცოლს. არა მარტო იმისათვის უნდა გვიყვარდეს ცოლი, რომ იგი ჩვენი სხეულის შემადგენელი ნაწილია, არამედ იმიტომ, რომ უფალმა დააკანონა: მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეწებება თავის ცოლს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბ. 2,24). წმ. პავლე მოციქულის სიბრძნესაც ჩაუღრმავდი და დაუკვირდი: პირველად იწყებს სწავლებას ქრისტესა და მის ეკლესიაზე: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,25). შემდეგ უბრუნდება კაცობრივ საწყისს - ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც უყვარს ცოლი, თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძაგებია ხორცი, არამედ უვლის და კვებავს, ვითარცა უფალი ეკლესიას. ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას თვისას და შეირთავს თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც (ეფეს. 28, 30-31).

ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული არ იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე რომ თავად არაფრის გაღებას არ ისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე და მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირიკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვეანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძებულ და გამოუვალ სიტუაციებს.

თუკი კაცს ანჩხლი ცოლი შეხვდება, მისი ვალია მოთმინებით ატაროს უფლისაგან ბოძებული ბორკილები, რაც თავისი ცოდვების გამო დაიმსახურა. თუკი გაგიბრაზდა ცოლი, - ამბობს იოანე ოქროპირი, - სახლში შესული არ ხარ და როგორც გააფთრებული მხეცი ისეთი სახით დაგხვდა, ენა, როგროც მახვილი ისე გაძგერა, სამწუხაროა, რომ თანამოაზრე მტრად გქცევია, მაგრამ უნდა გაუძლო გამოცდას. აბა გაიხსენე, ახალგაზრდობაში რაიმე ცუდი ხომ არ გაგიკეთებია ქალისათვის. დანაშაული ტვირთად აწევს შენს მხრებს, სხეულზე წყლულებად იქცევა და შენი ცოლი, როგორ დასტაქარი თავის სიანჩხლით ამ ტვირთს გიმსუბუქებს, დაწყლულებულ სხეულს მალამოდ ადებს. აშარი დედაკაცი რომ ცოდვილი ქმრის ჭკუის მასწავლებელია, ამაზე წმინდა წერილიც ამბობს: „ავი ცოლი ცოდვილ ქმარს ეძლევა, როგორც წამალი შემსმული შხამის განსაქარვებლად“.

თუკი წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, ცოლის უჟმური ხასიათი ქმრისათვის ღვთით მოვლენილი სასჯელია, მაშინ ქმარი ვალდებულია უდრტვინველად აიტანოს ეს განსაცდელი და ამიტომ არავითარი გასასამართლებელი საბუთი არ ექნება ასეთი ცოლის მიმართ სიმკაცრის გამოჩენას ქმრის მხრიდან. წმ. იოანე ოქროპირი სასტიკად კრძალავს ქმრის სიმკაცრეს ცოლისადმი, როგორც უკიდურესად ბარბაროსულს და ყოველმხრივ გაუმართლებელს. ცოლის მანკიერებათა დასაძლევად იგი გვირჩევს კეთილგონივრულ მოთმინებას და არა ჩხუბსა და აყალმაყალს. ცოლის უზნეობის დასათრგუნად ყველაზე უპრიანია ქმრის მხრიდან მოთმინება და ყურადღების გამოჩენა. თანამეინახე ცხოვრებაში, შვილების დედა, უამრავი სიხარულის მომნიჭებელი არ უნდა გავწიროთ მრისხანებისა და ბოროტებისათვის, არამედ სიყვარულით და სინაზით უნდა მოვეპყრათ.

გაგრძელება...