ევლოგი და სახიჩარი

კრონიოსი, ნიტრიელი პრესვიტერი, თავის შესახებ ასეთ ამბავს მიყვებოდა: ადრეულ სიჭაბუკეში, სულმოკლეობისა გამო, ერთხელ ჩემი არქიმანდრიტის სავანიდან გავიქეცი და უგზო-უკვლოდ ხეტიალის შემდეგ წმიდა ანტონის მთას მივადექი. ნეტარი მამა ბაბილონსა და ჰერაკლიას შორის გადაშლილ ვრცელ უდაბნოში მოღვაწეობდა, მდინარე ნილოსიდან ოცდაათ სარბიელ მანძილზე დაშორებულ ადგილას (თავად უდაბნო კი შავ ზღვამდე იყო გადაჭიმული). მივედი-რა მის მონასტერში, რომელიც მდინარის შორიახლოს, პირპირად წოდებულ მხარეში მდებარეობს და სადაც ღირსი ანტონის მოწაფეები - მაკარი და ამათასი იმყოფებოდნენ, მე ხუთი დღის განმავლობაში ველოდი შემთხვევას, რათა ანტონი დიდი მეხილა. შევიტყვე, რომ ნეტარი ბერი მონასტრის მოსანახულებლად ხან ათ, ხან ოც და ხან კი ხუთ დღეში ერთხელაც მოდიოდა, ისეთ დროს, როდესაც უფალი უბრძანებდა, რათა სავანეში დახმარებისათვის მოსულ შეჭირვებულ ადამიანებს სულიერი რჩევით დახმარებოდა. ამჯერად მონასტერში სხვადასხვა საჭიროებისა გამო საკმაო რაოდენობის მიმსვლელი ვიყავით შეკრებილნი. ჩვენ შორის ერთი ალექსანდრიელი ბერი, სახელად ევლოგიც იმყოფებოდა, რომელსაც თან ვინმე სახიჩარი ჰყავდა მოყვანილი. მიზეზი მათი იქ მოსვლისა შემდეგი იყო:

ევლოგიმ ყველა ის მეცნიერებანი, რომლებიც ქალაქის სასწავლებლებში ისწავლებოდა, ჩინებულად იცოდა, მაგრამ უფლის სიყვარულით აღძრულმა უკვდავებასთან ზიარყოფა მოისურვა. მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ღარიბ-ღატეკებსა და უპოვართ დაურიგა, ხოლო თავისთვის კი, რადგანაც მუშაობა არ შეეძლო, თანხის მცირე ნაწილი შეინარჩუნა და სოფლის ამაო ხმაურს განერიდა.

ბერად შემდგარი ევლოგი ჭოჭმანმა შეიპყრო, რადგან საერთო საცხოვრებელში (თავშესაფარში) შესვლა არ უნდოდა, ხოლო განმარტოებული ცხოვრების ღირსად კი თავი არ მიაჩნდა. მაგვარ გაურკვევლობაში იმყოფებოდა იგი, როდესაც ქალაქის ბაზრობაზე შემთხვევით ერთ ხეიბარს წააწყდა, რომელსაც ხელ-ფეხი ძირში ჰქონდა დასხეპილი. საბრალო კაცს დარჩენოდა მხოლოდღა ენა, რომლითაც გამვლელ-გამომვლელს მოწყალებას ევედრებოდა. ევლოგი შეჩერდა. სახიჩარს შეხედა, ლოცვა აღავლინა და უფალს ასეთი აღთქმა მისცა: ღმერთო! შენი სახელისთვის მე ამ საპყარს წავიყვან და სიკვდილამდე ვუპატრონებ, რათა მის გამო სული ჩემი მეც გადავირჩინო. უფალო, იესო ქრისტე, მომმადლე მე მოთმინება, რათა მასთან ერთად ცხოვრება შევიძლო. ამის შემდეგ ევლოგი სახიჩართან მივიდა და უთხრა: მეგობარო, გსურს ჩემთან სახლში რომ წაგიყვანო? იქ კი მე თავად მოგივლი და გიპატრონებ.

- ოო, ჩემო ბატონო, თუკი ამგვარ პატივს დამდებთ! - უპასუხა ხეიბარმა - მაგრამ მე ამის ღირსი არა ვარ.

- მე ახლა წავალ - უთხრა ევლოგიმ - სახედარს მოვიყვან და აქედან წავიდეთ, კარგი?

უზომოდ გახარებულმა საბრალო კაცმა ცით მოვლენილ მწყალობელს თანხმობა მისცა. მართლაც, ევლოგიმ საპყარი სახედარზე დასვა, თავის სამყოფში მიიყვანა და მის მოვლა-პატრონობას დიდი გულმოდგინებით შეუდგა.

თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ხეიბარი კაცი ევლოგისთან და ამ ხნის მანძილზე არაფერი გასჭირვებია. თავისი მზრუნველი პატრონის წყალობით მას სარჩო-საბადებელი არ აკლდა. ევლოგი სახიჩარს როგორც მშობელ მამას ისეთი სიყვარულით უვლიდა. იგი რუდუნებით ბანდა მას, სცხებდა ზეთს, აქეთ-იქით თავისი ხელით დაატარებდა და ბევრად უფრო დიდ პატივს მიაგებდა, ვიდრე იგი ამას იმსახურებდა, ხოლო ავადმყოფობის დროს კი შესაბამისადვე მკურნალობდა. მაგრამ გავიდა თხუთმეტი წელი და სახიჩარ კაცში ბოროტი სული შესახლდა, რომელსაც სურდა, რომ ევლოგი ღვთის წინაშე დადებული აღთქმისაგან გადაეცდინა, ხოლო ხეიბრისათვის კი მისი მშვიდი და უზრუნველი ყოფა, რომლისთვისაც იგი უფალს მადლობდა, დაერღვია და გაეცამტვერებინა.

სახიჩარი ევლოგის წინააღმდეგ აღდგა და თავის გადამრჩენელსა და კეთილისმყოფელს უშვერი ლანძღვა-გინება დაუწყო: უდღეურო ლტოლვილო! შენ ალბათ ვისიმე ფული მოიტაცე, ანდა, შეიძლება მონა იყავი და საკუთარი ბატონი გაძარცვე, ახლა კი ჩემით გსურს შენიღბვა. ვითომ კეთილისმყოფელის სახით სახლში მომიყვანე და ამით გინდა თავი გადაირჩინო?!

გაოგნებული ევლოგი ხეიბარს ემუდარებოდა, სთხოვდა დაწყნარებულიყო და ეუბნებოდა: არა, ჩემო მეგობარო, ნუ ამბობ ამას, უმჯობესია მითხრა, ასეთი რა გაწყენინე, მე ბოდიშს მოგიხდი და ვეცდები ამგვარი რამ აღარასოდეს ჩავიდინო... მითხარი, გთხოვ. - მაგრამ სახიჩარი კიდევ უფრო თავხედურად პასუხობდა: მე შენი ფერება აღარ მჭირდება, წამიყვანე კვლავ იქ, ბაზრობაზე, სადაც ადრე ასე მშვიდად და წყნარად ვიყავი.

დამდე პატივი, მეგობარო - ეუბნებოდა ევლოგი - დაწყნარდი და მითხარი, რა გაწუხებს? მაგრამ კიდევ უფრო დიდი მძვინვარებით შეპყრობილი ხეიბარი კი პასუხობდა: არ შემიძლია შენი ვერაგი და თვალთმაქცი ალერსის ატანა! ყელში ამომივიდა ეს მოსაწყენი და მშიერი ყოფა... მე ხორცის ჭამა მინდა!

დიდსულოვანი ევლოგი უმალ სავაჭროში წავიდა და ხორცი მოიტანა, მაგრამ სახლში შევიდა თუ არა, მის დანახვაზე ჭირვეულმა სახიჩარმა კვლავ ყვირილი დაიწყო: შენს მეტს ვერავის ვხედავ, მომბეზრდა! მინდა ბევრ ხალხს უყურო!

- მე ახლავე მოვიყვან ჩემს მრავალრიცხოვან ძმებს - უპასუხა ევლოგიმ მშვიდად, მაგრამ ხეიბარი კვლავ ზიზღით გოდებდა: ვაი, რა უბედური ვარ! შენი დანახვაც კი აღარ შემიძლია და შენ კი ამ დროს გსურს აქ შენნაირი მუქთახორები კიდევ მომიყვანო?!.. და რაღაც არაბუნებრივი ხმით შეჰყვირა: არ მინდა! დამაბრუნე ბაზრობაზე! დამაგდე იქ, საიდანაც წამომიყვანე!..

ერთი სიტყვით, ბოროტმა სულმა სახიჩარი ისე გაამძვინვარა, ხელები რომ ჰქონოდა, უსათუოდ თავს მოიკლავდა.

შეშფოთებული ევლოგი მეზობლად მყოფ მოსაგრეებთან მივიდა და რჩევა იკითხა: როგორ მოვიქცე? მივატოვო იგი?.. მაგრამ მე უფალს აღთქმა მივეცი და მისი დარღვევის მეშინია... არ მივატოვო და, მაშინ რაღა ვჰყო, რადგან იგი არც დღე და არც ღამე მოსვენებას არ მაძლევს... არ ვიცი, როგორ მოვიქცე?..

მამებმა უპასუხეს: დიდი (ასე უწოდებდნენ ისინი წმიდა ანტონის) მამა ჯერ კიდევ ცოცხალია. წადი მასთან. სახიჩარი ნავში ჩასვი, მონასტერში გადაიყვანე და იქ დაელოდე სანამ დიდი ბერი გამოქვაბულიდან გამოვა და ამ საქმეს თავად არ განსჯის. როგორც იგი გირჩევს, ისე მოიქეცი, მისი პირით კი სათქმელს თავად უფალი გამოგიცხადებს.

ევლოგიმ მოსაგრეთა რჩევა ყურად იღო. ხეიბარს დაუყვავა, მწყემსების ნავში ჩააწვინა, ქალაქიდან ღამით გაემგზავრა და სახიჩართან ერთად ანტონი დიდის მონასტერს მიაშურა.

როგორც კრონიოსი მომითხრობდა, მოხდა ისე, რომ ტყავის მოსასხამით შემოსილი ღირსი ანტონი სავანეში მეორე დღეს, გვიან ღამით მივიდა, მას ჩვევად ჰქონდა მონასტერში მისვლისთანავე თავისთან მაკარი მიეხმო და ეკითხა: ძმაო მაკარი, ხომ არ მოსულან აქ რომელიმე ძმანი?

მაკარი პასუხობდა: მოვიდნენ.

- ეგვიპტელნი თუ იერუსალიმელნი - კვლავ იკითხავდა ნეტარი მამა (საჭიროა ვიცოდეთ, რომ ანტონი დიდს წინასწარვე ჰყავდა გაფრთხილებული მაკარი: თუკი დაინახავ, რომ მონასტერში არცთუ გულმოდგინე ხალხი მოვიდა, მაშინ მიპასუხე: ეგვიპტელები არიანო, ხოლო უკეთი საკმაოდ ღვთისმოსავი და გონიერი ხალხი გვესტუმროს, მიპასუხე: იერუსალიმელები-თქო). ამგვარად, ანტონი დიდმა ჩვეულებისამებრ ჰკითხა თავის მოწაფე მაკარის: ეგვიპტელები არიან ეს ძმები თუ იერუსალიმელები? მაკარიმ უპასუხა: ერთნიც და მეორენიც.

როდესაც მაკარი იტყოდა, რომ ეგვიპტელები მოვიდნენო, მაშინ წმიდა ანტონი წვეულთა დაპურებას ბრძანებდა, ხოლო შემდეგ მათთვის ერთ ლოცვას აღავლენდა და შინ მშვიდობით ისტუმრებდა. ხოლო როდესაც მაკარი უპასუხებდა - იერუსალიმელებიო, მაშინ ღირსი მოსაგრე მათთან ერთად მთელს ღამეს სულის ცხონებაზე საუბარში ათენებდა.

იმ საღამოს - ამბობდა კრონიოსი - ნეტარ ანტონი დაჯდა და ყველა სტუმარი თავისთან მოიხმო. უკვე ძალიან გვიან იყო, როდესაც მან დაიწყო ძახილი: ევლოგი, ევლოგი, ევლოგი! - თუმცა მისთვის არავის უთქვამს რა ერქვა სახიჩართან ერთად მასთან მისულ ალექსანდრიელ სწავლულს. ბერმა ეს სახელი სამგზის წარმოსთქვა, მაგრამ ევლოგი არ გამოეხმაურა, რადგან ფიქრობდა, რომ ნეტარი ანტონი სხვას უხმობდა და არა მას. მაშინ ანტონიმ კვლავ დაიძახა: შენ გეუბნები, ევლოგი, რომელიც ალექსანდრიიდან მოხვედი.

მაშინ ევლოგიმ ხმა ამოიღო და ღირს მამას უპასუხა: რა გნებავთ, აბბა?

წმიდა მოსაგრემ იკითხა, - რატომ მოსულხარ აქ?

ევლოგიმ უპასუხა: იგი, ვინც ჩემი სახელი გაგიცხადა, იმასაც გაუწყებს, თუ რა მიზეზით მოვედი აქ, ამ სავანეში.

- ვიცი რაზედაც მოხვედი, - თქვა დიდმა ანტონიმ - მაგრამ იგი მთელი საძმოს წინაშე მოჰყევი, რათა მათაც მოისმინონ.

დაემორჩილა-რა ღირსი მამის კურთხევას, მონამ ღვთისამ ევლოგიმ ყველას გასაგონად თავისი ამბის თხრობა დაიწყო: ეს სახიჩარი მე ბაზრობაზე ვიპოვნე. იგი იქ ყოველგვარი ჩივილისა და დრტვინვის გარეშე იწვა. შემებრალა და უფალს შევთხოვე, რათა მას ჩემთვის ხეიბრის მსახურებისათვის მოთმინება და ძალა მოემადლებინა. საპყარი ჩემთან წავიყვანე და ღმერთს აღთქმა მივეცი, რომ მას აღარასოდეს დაუტევებდი, რათა მისით ჩემი სული გადამერჩინა, ხოლო მას კი ჩემგან სიმშვიდე და მოსვენება მიეღო. აგერ, უკვე თხუთმეტი წელია, რაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ: თქვენთვის, ღირსო მამაო, რა თქმა უნდა, ყოველივე ცნობილია, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ, არ ვიცი ჩემი რა დანაშაულისა გამო, იგი უკიდურესი სახით შეურაცხმყოფს და ამიტომ მისი მიტოვება გადავწყვიტე, რადგან იგი თავად მაიძულებს ამას. აი, ამ მიზეზით მოვედი შენს უწმინდესობასთან, რათა ილოცო ჩემთვის და მირჩიო, როგორც მოვიქცე, რადგან იგი საშინელი სიტყვებით მლანძღავს მე.

ანტონი დიდმა ევლოგის უჩვეულოდ მკაცრი და შეუვალი ხმით მიმართა: ევლოგი, მაშ შენ გსურს მიატოვო სახიჩარი? მაგრამ ის, ვინც იგი შექმნა, მას არასოდეს დაუტევებს. შენ მიატოვებ სახიჩარს, ღმერთი კი სხვას, შენზე ბევრად უმჯობესს აღძრავს და მას კვლავაც შემწეობას აღმოუჩენს.

ამის მოსმენისას ევლოგი ძრწოლამ შეიპყრო და დადუმდა.

ანტონი დიდი ახლა ხეიბარს მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა: შენ, ბინძურო სახიჩარო, უღირსო მიწისა და ცისაო, შეწყვეტ თუ არა ამბოხს უფლის წინაშე და ძმის გაღიზიანებას? ნუთუ არ უწყი, რომ თავად უფალი იესო ქრისტე გემსახურება? როგორ კადნიერდები ასე მიმართო მაცხოვარს? განა ქრისტეს სახელით არ გადადო მან თავი შენდამი სამსახურად?.. ამგვარი მკაცრი მხილებით წმიდა მამამ სახიჩარიც დაადუმა და დაამშვიდა.

ღირსმა ანტონიმ სხვა ძმათა სატკივარიც ცალ-ცალკე, გულდასმით მოისმინა და შემდეგ კვლავ ევლოგის და მის ხეიბარს მიუბრუნდა. შეწყვიტეთ მტრობა, შვილებო, და ვიდოდეთ მშვიდობით. ნუ განეშორებით ერთმანეთს. განაგდეთ ყველა წყენა, რომელიც ბოროტ სულს თქვენს შორის დაუთესია და წმიდა სიყვარულით აღვსილნი თქვენს სენაკს დაუბრუნდით, სადაც ამდენი ხანი ერთად გიცხოვრიათ. მოკლე ხანში ორივეს უფალი მოგიხმობთ. ეს ცდუნება კი თქვენ სატანის ძალით გეწვიათ, რადგან მან უწყის, რომ მალე თქვენი სოცოცხლის გზა დასრულდება და უხრწნელ გვირგვინებს თავად უფალი იესო ქრისტეს ხელით მიიღებთ, გვირგვინებს ერთმანეთისა გამო. ასე რომ, სხვა ნურაფერზე იფიქრებთ. უკეთუ უფლის მიერ თქვენთვის წარმოგზავნილი ანგელოზი ორივეს ერთად, ერთსა და იმავე ადგილას ვერ გიხილავთ, იცოდეთ ზეციურ გვირგვინებს დაკარგავთ.

ევლოგი ხეიბარ კაცთან ერთად გზას დაადგა და ურთიერთსიყვარულით აღვსილნი კვლავაც თავის სენაკს დაუბრუნდნენ.

არ გასულა ორმოცი დღე, რომ ნეტარი ევლოგი აღესრულა და სასუფეველში წარსდგა. მისი გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ კი სხეულით სახიჩარმა, მაგრამ სულით განმტკიცებულმა კაცმაც ევლოგის ხვედრი გაიზიარა.

კრონიოსი, რომელმაც რამდენიმე ხანი თებაიდაში გაატარა, ალექსანდრიის მონასტერშიც იმყოფებოდა და იმ დროს შეესწრო, როდესაც ძმები ნეტარ ევლოგის ორმოცს, ხოლო ხეიბარს კი პანაშვიდს უხდიდნენ. კრინიოსს მაშინვე გაახსენდა ნეტარ ანტონისთან მყოფი ევლოგი და მისი დავრდომილი და ძალზედ გაოცდა. მან ბერებს სახარების მოტანა სთხოვა, რათა ძმებს მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვოდათ და ყოველივე წვრილად მოუთხრო, თუ როგორ უწინასწარმეტყველა ანტონი დიდმა გარდაცვლილებს მომავალი და როგორ მალე აღესრულა მისი სიტყვები. კრონიოსმა ძმების წინაშე ფიცით დაადასტურა: მე თავად ვიყავი მათი საუბრის თარჯიმანი, რადგან ნეტარმა ანტონიმ ბერძნული ენა არ იცოდა, ხოლო მე ორივე ენას ვფლობ (ბერძნულსაც და ეგვიპტურსაც), ამიტომ ბერძნულად მე ვუთარგმნიდი ამჟამად უკვე უფლის ნებით ნეტართ - ევლოგისა და სახიჩარს, ანტონი დიდის სიტყვებს, ხოლო წმიდა, ნეტარ და დიად ანტონის კი ეგვიპტურად ორთა მათ საუბარს.

„ლავსაიკონი“, თბილისი, 2002 წ.