„ეკრძალე თავსა შენსა...“

1929 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას, აღესრულა დიდი ისიქასტი მამა დანიელ კატუნაკელი. მას „მამათა მამას“ ეძახდნენ ათონის მკვიდრნი. ღვთივგანბრძნობილ მოძღვარს ადამიანის სულის უმნიშვნელო მოძრაობაც კი არ გამოეპარებოდა. მის სიტყვას ბევრი უხსნია იმ საშინელი საცდურისგან, ხიბლი რომ ჰქვია. მოგითხრობთ სამ ასეთ შემთხვევას მისი ცხოვრებიდან.

1. ეპისკოპოსიც კი შეცდა

ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთგან მიწის ქვეშ ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს. გათხარეს და ეკლესია მართლაც იპოვეს.

ამ ამბავმა დემოსი გააამპარტავნა. „ჰოი, დემოს, შენ ღვთის რჩეული ხარ!“ - ეუბნებოდა გულისთქმა.

დემოსი პროფესიით მშენებელი გახლდათ და სამუშაოდ ათონს, ვატოპედის მონასტერს, ეწვია. აქ დიდ პატივს მიაგებდნენ წმინდა ევდოკიმეს, რომლის წმინდა ნაწილები სასწაულებრივად აღმოჩნდა მონასტრის სასაფლოზე. მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა, დემოსმა კი დაიჩემა, ეს წმინდანი ალბანელია, ბრტყელი თავის ქალა აქვს; ამას გარდა, გამომეცხადა და თვითონ მითხრა, რომ სტიკიდან არის და ნათესავადაც მერგებაო. შეშფოთდნენ მამები. გააფრთხილეს, კიდევ თუ გამოგეცხადა, ჯვარი გამოისახე და გაქრებაო.

სწორედ იმ დროს ათონს ეპისკოპოსი ალექსანდრე როდოსტოლელი ეწვია. როცა ამ ამბის თაობაზე აზრი ჰკითხეს, განსაჯა და დაასკნა, რომ დემოსის ხილვები ჭეშმარიტი იყო. ამან დემოსს ფრთები შეასხა. ისე გაამპარტავნდა, რომ სქელტანიანი წიგნიც კი დაწერა, სადაც დაუჯერებელ სასწაულებსა და ხილვებს ყვებოდა, წინასწარმეტყველებდა ომსა და წმინდა კონსტანტინეს დაბრუნებას. ,„რა, ეს ღვთისგან არ იქნება, ეს რაღაც სიგიჟეა; მოდი, მამა დანიელს ვკითხოთ აზრი“, - თქვეს მამებმა. აიღეს ხელნაწერი და კატუნაკის უდაბნოში წავიდნენ. კითხვა დაიწყო თუ არა, მამა დანიელი ყველაფერს მიხვდა. „ეშმაკები ერთობიან“, - უთხრა ბერებს, შემდეგ სასწრაფოდ დაწერა წერილი, სადაც წმინდა მამათა სწავლებასა და ცხოვრების ეპიზოდებს მოიხმობდა და ვატოპედის მონასტერში გაგზავნა. დემოსმა ღირსი მამის პასუხი რომ გაიგო, საშინლად განრისხდა: „როგორ ბედავს მამა დანიელი წინააღმდეგობას, როცა თვით ეპისკოპოსმა აღიარა ჩემი ხილვების ჭეშმარიტებაო“, მაგრამ განდეგილი ამ წერილს არ დასჯერდა და დემოსისთვის ლოცვა დაიწყო, რათა ხილვები შესწყვეტოდა. მოგვიანებით ვატოპედელმა მამებმა როგორღაც მოახერხეს და დემოსი მამა დანიელს მიჰგვარეს. ღირსმა მამამ კიდევ ერთხელ შეაგონა ცდუნებული, რამაც ამპარტავანი უარესად განარისხა. მაგრამ მალე თვითონვე დარწმუნდა ღირსი მამის სიმართლეში, რადგან მას „ხილვები“ შეუწყდა, ეპისკოპოსმა ალექსანდრემ კი მამა დანიელს სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

2. „ასკეტი“

ერთ ბერს სახელი გაუვარდა როგორც მკაცრად მემარხულე ასკეტს. მას ყოველთვის ძველი, დაფლეთილი სამოსი ეცვა და ზამთარშიც კი ფეხშიშველა დადიოდა, ხოლო ლოცვის კანონის აღსრულებისას სამასის ნაცვლად სამი ათას მეტანიას აკეთებდა. მისი შემყურე სხვა ბერები განცვიფრებულნი იყვნენ, მამა დანიელს კი, რომელიც მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო და მათზე უმცროსი, ეჭვი შეეპარა ბერის ასკეტობაში და მალე დარწმუნდა კიდევაც, რომ არ ცდებოდა. ერთხელ მის სენაკთან ჩაიარა და შეამჩნია, რომ კარზე ჭუჭრუტანა საგანგებოდ იყო გაკეთებული, რათა გამვლელებს შეეჭვრიტათ და ბერის „მოღვაწეობა“ დაენახათ.

შეშფოთდა მამა დანიელი და ყოველივე მამა იღუმენს მოახსენა. იღუმენი ბერთან მივიდა, გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობდა, დატუქსა და უბრძანა, დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეესრულებინა.

„დიდი ასკეტი“ მხილების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა - უკვე ორმოცდაათი მეტანიის გაკეთებაც ეზარებოდა. უხეში სამოსლის ნაცვლად ძვირფასს იცვამდა, საკვებსაც კი გამორჩევით გეახლებოდათ. აი, მაშინ კი მიხვდნენ მამები, რაოდენ ხიბლში იყო ჩავარდნილი მათი ძმა.

3. უცნაური რამ სახილველი

ქსენოპოტამის ბერს მამა ალოპის ძალიან უყვარდა იესოს ლოცვა. როცა ლოცულობდა, სული მისი ზეციური, აღუწერელი სიხარულით ხარობდა. მაგრამ უცებ უცნაური რამ დაემართა: ლოცვას დაიწყებდა თუ არა, კანკალი უვარდებოდა. ღვთისმსახურებისას, როცა იგი ლოცვას წარმოთქვამდა, მასთან ერთად ტაძარში მყოფნიც ცახცახებდნენ. ხოლო როცა თავისთვის ლოცულობდა, მისი სენაკი ვეზუვივით ირყეოდა. მრავალმა მოძღვარმა ულოცა ეშმას განდევნის ლოცვა, მაგრამ ამაოდ.

მდგომარეობა ტრაგიკული ხდებოდა, რადგან ბერს უკვე აღარ შეეძლო ლოცვის დატევება, არც სენაკში, არც ტაძარსა თუ სატრაპეზოში. ამიტომ მის გარშემო ყველა და ყველაფერი ირხეოდა.

და აი, ერთხელაც მამა ალოპი კატუნაკის მონასტერს ეწვია. მამა დანიელმა მასთან საუბარი მოისურვა. „მამა ალოპი, - უთხრა მან, - თუმცა შენი მოძღვარი არ ვარ, მინდა ვიცოდე ყველა დეტალი შენი სულიერი ცხოვრებისა. მინდა, შენგან მოვისმინო აღსარება. მითხარი, პირველად როდის აცახცახდი ლოცვისას?!“

„იმ ღამეს სკვნილზე ვლოცულობდი, - დაიწყო თხრობა მამა ალოპიმ, - სამრეკლოში ვიყავი, მონასტრის ახლოს, ვენახში რომ დგას. უეცრად კარის ურდული გაჯახუნდა. შემეშინდა და ერთიანად ავკანკალდი. ურდული მოძრაობდა, ადი-ჩადიოდა. მერე რამდენჯერმე დააბრახუნეს. კართან მივედი, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. მივხვდი, რომ ეშმაკის ხრიკები იყო, შევეცადე, ხმაურისთვის ყურადღება არ მიმექცია და მელოცა. მაგრამ ბრახაბრუხი უფრო გაძლიერდა და ჯერ კარმა, მერე სამრეკლომაც დაიწყო რყევა. მას აქეთ შევწყვეტ თუ არა ლოცვას, რყევაც შეწყდება, განვაგრძობ და განახლდება“. მამა დანიელი ჩაფიქრდა. მცირე ხნის შემდეგ კი ჰკითხა: ,„მამა ალოპი, როცა პირველად გაიგე კარზე ბრახუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა იფიქრე, რა გრძნობები მეფობდა შენს სულში?“ მამა ალოპიმ უპასუხა: „ვფიქრობდი - დაე, აკაკუნონ და აბრახუნონ რამდენიც უნდათ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან; განა იგივე არ დაემართა ანტონი დიდს, ვის დარადაც ვმოღვაწეობ? მადლისგან ცახცახებს ახლა ჩემი სხეული თუ ეშმაკის შურისგან, მე მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე ვილოცებ და ეშმაკებს დავამარცხებ-მეთქი“.

მამა დანიელმა ურჩია, სიმდაბლით, სინანულით აღმოეთქვა იესოს ლოცვა და ჭეშმარიტად ეგრძნო, რომ ცოდვილი იყო. იცოდე, შენს სხეულს ეშმაკები აკანკალებენ: თუ ასეთი რამ კიდევ გაგრძელდა, მაცხოვარს სთხოვე ხსნა, - მხოლოდ ასე მოიპოვებ ღვთიურ მოწყალებასო, უთხრა.

მამა ალოპი განიკურნა და უფრო მხურვალედ დაიწყო მოღვაწეობა. მოიპოვა ღვთიური მოწყალებაც - ნიჭი ეშმაკეულთა განკურნებისა.