ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ

* * *

ერთხელ ქუჩაში მიმავალ იოანე მოწყალეს მიუახლოვდა ფრიად პატივცემული ადამიანი, რომელსაც ქურდებმა მთელი ქონება მოპარეს. წმიდა იოანემ ბრძანა, მისთვის 15 ფუნტი ოქრო მიეცათ. მაგრამ ეკლესიის ხაზინაში ოქრო ცოტა დარჩენილიყო და იკონომოსებმა არ შეასრულეს პატრიარქის ბრძანება და მხოლოდ 5 ფუნტი მისცეს, როდესაც წმიდა იოანე სახლში ბრუნდებოდა, მას ერთი მანდილოსანი მიუახლოვდა და ქარტია გაუწოდა, რომელშიც ეწერა, რომ იგი 500 ფუნტ ოქროს სწირავდა ეკლესიას. პატრიარქმა სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ ქალმა იმდენი არ გაიღო, რაც განზრახული ჰქონდა. მან იკონომოსებს გამოჰკითხა, თუ რა რაოდენობის მოწყალება გაიღეს და შეიტყო, რომ მისი კურთხევა არასწორად შესრულდა და ამხილა მათი სიცრუე, სიხარბე და ურჩობა. მან გაუმხილა ისიც, რომ ერთ პატივცემულ ქალბატონს სურდა 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა, მაგრამ რადგან თქვენ სიძუნწე გამოიჩინეთ, უფალმა მხოლოდ 500 მოგვცაო.

ამის შემდგომ პატრიარქმა მოიხმო ეს ქალბატონი, რომელმაც იკონომოსების თანდასწრებით გაამხილა სიმართლე და ყველას უამბო, რომ მას, მართლაც, 1500 ფუნტი ოქროს შეწირვა სურდა, ასეც დაწერა წერილობით მოწმობაში, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ მასში სიტყვა - ათასი წაშლილი იყო და მხოლოდ 500 ეწერა, მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ასეთი იყო უფლის ნება და ისიც შესაბამისად მოიქცა.

ეკონომებს შეეშინდათ და შერცხვათ, პატრიარქის ფეხებთან დაემხნენ და შენდობა ითხოვეს.

 

* * *

ერთხელ იოანე მოწყალესთან ერთი მდიდარი დიდებული მივიდა ლოცვა-კურთხევის მისაღებად. ნახა, რომ მის საწოლზე უხარისხო და უკვე ნახევრად გაცვეთილი საბანი იყო გადაფარებული. როცა შინ დაბრუნდა, მან წმიდანს ახალი, 36 ოქროდ ღირებული ფარჩის საბანი გამოუგზავნა. უფლის რჩეულს არ სურდა გულწრფელი შემომწირველის გაწბილება და იმ ღამით ის საბანი დაიხურა, მაგრამ როცა გამოეღვიძა, მოაგონდა გლახაკები, რომლებიც ვერაფრით იფარავდნენ სიშიშვლეს და ითოშებოდნენ, მწირები და უსახლკაროები, რომელთაც ამ სასტიკ ყინვასა და ქარბუქში გზებზე ეძინათ..., გადაწყვიტა გაეყიდა ძვირფასი საჩუქარი და მისი საზღაურით უქონელებს შესწეოდა. კეთილმსახური დიდებული იმ დილით შემთხვევით გავიდა ბაზრობაზე, გასაყიდად გამოტანილი თავისი საბანი ნახა, შეისყიდა და კვლავ გაუგზავნა მწყემსმთავარს. წმიდანმა მადლობით მიიღო ძღვენი, შემდეგ კი ისევ გასაყიდად გაგზავნა. დიდებულმა კვლავ შეისყიდა იგი და პატრიარქს დაუბრუნა. როცა ასე რამდენჯერმე განმეორდა, იოანემ მდიდარს შეუთვალა: „ვნახოთ, ვინ უფრო ადრე დაიღლება: მე, რომელმაც გადავწყვიტე გავყიდო, თუ შენ, რომელმაც დაიჟინე იყიდო და მე გამომიგზავნო“, თან სამადლო ვაჭრობა განაგრძო. ასე გამოიყენა წმიდანმა დიდებულის მისდამი კეთილგანწყობილება გლახაკების სასარგებლოდ.

 

* * *

ერთ ბერს ორი სამოსელი ჰქონდა - ერთი ახალი და მეორე - ძველი. ზამთარი იყო, როცა მასთან მივიდა გლახაკი და რაიმე ძველმანი სთხოვა შესამოსად, შემიწყალე, არაფერი მაქვს ჩასაცმელიო. შეეცოდა ბერს, შევიდა სენაკში, გაიხადა ძველი სამოსელი, ჩაიცვა ახალი და ძველი გლახაკს მისცა. მერე უცებ გაიაზრა, რაც გააკეთა და მიხვდა, სრული სიყვარული ვერ გამოვიჩინე უკეთესი რომ ჩემთვის დავიტოვე და ძველი მას მივეცი. მან ხომ ქრისტეს სიყვარულისთვის მთხოვა, მე უბადრუკი კი გავკადნიერდი, ქრისტეს - ყოველთა უმჯობესს უარესი მივეცი, ჩემთვის - ყველაზე უღირსისათვის კი უკეთესი დავიტოვეო. მან კვლავ იხმო გლახაკი და უთხრა, დამიბრუნე ძმაო ჩემი მოცემული სამოსელი და სხვას გაგატანო. გამოართვა, ისევ ძველი ჩაიცვა და მას ახალი მისცა. წაიღო გლახაკმა ის სამოსელი ქალაქში და გაყიდა. ერთხელ ბერი ხელსაქმის გასაყიდად რომ იყო იქ ჩასული, ნახა, რომ ის სამოსელი ვიღაც სხვას ეცვა და არა იმ გლახაკს. იგი ძალიან შეწუხდა, დაბრუნდა თავის სენაკში და ტირილით მოთქვამდა, არ ინება გლახაკმა ჩემი სამოსელის ჩაცმა და აღარ შეიწირება ქრისტეს წინაშე ჩემი სურვილი და მოწყალებაო. ამ ტირილში ჩაეძინა და ეჩვენა ქრისტე, მისი სამოსით მოსილი. მან თითი შეახო, და უთხრა, ძმაო, მომხედეო. ბერმა გაახილა თვალი და დაინახა ქრისტე, რომელსაც მის მიერ გლახაკისათვის მიცემული სამოსი ემოსა. ოთახი ღმრთაებრივი ნათლით განათლდა და იესუმ უთხრა, ძმაო, ცნობ ამასო? ბერმა მიუგო, ჰე, ჩემო უფალო, ვიცნობ, ჩემი სამოსიაო. ქრისტემ უთხრა, ნუ ტირი, ნურც წუხარ, რადგან როცა ეს სამოსი ჩემს ძმას მიეცი, მე მივითვალე, რადგან რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთო. გაიღვიძა ბერმა. იგი განცვიფრებული და იმედმიცემული მადლობდა ღმერთს და ადიდებდა მის კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთ მდიდარ ღმრთისმოყვარე კაცს სულით და გულით უყვარდა გლახაკებზე და უცხოებზე ზრუნვა და სიამოვნებდა მათთან ერთად სადილობა. იგი გაშლიდა სუფრას, მიიყვანდა გლახაკებს და უმასპინძლდებოდა. ერთხელ მის ნაცნობ გლახაკთა შორის ერთი უცხო ერია. როცა თავისი თავმდაბალი ჩვეულებისამებრ მასპინძელმა მოიწადინა მისთვის ხელებზე წყლის დასხმა, გავიდა, ჭურჭელი აიღო და უკანვე შებრუნდა, ვეღარსად ნახა ის უცხო კაცი, რომლისთვის ხელის დაბანინებაც უნდოდა. მასპინძელი განცვიფრებული დარჩა.

იმ ღამით მას ეჩვენა ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე და უთხრა, ჰოი, მოყვასო, ადრე შენ ჩემს ძმებს უმასპინძლდებოდი, გუშინ კი მე თავად ვიყავი შენი სტუმარი. ამიტომ სასჯელის დღეს გეტყვი: „უცხო ვიყავ და შემიწყნარე მე. და რაოდენი უყავ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი ყოველი მე მიყავ“ (მათ. 25.35,40).

გაეღვიძა ამ კაცს და მადლობა შესწირა ღმერთს. იგი ამბობდა, ჰოი, ტკბილო მეუფეო, თუკი ასეთი პატარა გულმოდგინებაც კი მოსაწონია შენთვის, ნეტავი მათ, ვინც დიდ სათნოებას ჩადის შენს წინაშე, ალბათ რამდენად უფრო დიდ მადლს მიიღებენ შენგან, რადგან შენ არავის უკარგავ თუნდაც უბრალო ცივი წყლის დალევინების საზღაურსაც კი. შენ გშვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი მძიმედ დაავადდა. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. შეეშინდა სიკვდილის და თხუთმეტი კილო ოქრო გლახაკებს დაურიგა. ამ მოწყალებისთვის იგი გამოჯანმრთელდა, მაგრამ შემდეგ დაიწყო ფიქრი, რა ტყუილად დავარიგე ამდენი ოქროო და ინანა თავისი მოწყალება. ამის შესახებ მან ერთ სხვა მდიდარ მეგობარს უამბო. მან ურჩია, ეგ ბოროტი ფიქრები ეშმაკისაგან გაქვს, ნუ აჰყვები მათ და გაახარებ ღმერთს, რომელმაც იმ მოწყალების გამო მოგმადლა ისევ ჯანმრთელობაო. ამ კაცმა მაინც არ ისმინა, იგი კიდევ უფრო შფოთავდა და დრტვინავდა. მაშინ ჭეშმარიტად მოწყალე მეგობარმა უთხრა, რაკი ჩემი რჩევა არ მიიღე, სხვა რამეს შემოგთავაზებ, წამოდი ჩემთან ერთად ეკლესიაში, თქვი, უფალო, მე კი არ ჩამიდენია ის მოწყალება, არამედ ამან ჩაიდინა-თქო და მოგცემ იმ თხუთმეტ კილო ოქროსო. ისიც დათანხმდა. მივიდნენ ეკლესიაში, გამოართვა მეგობარს თხუთმეტი კილო ოქრო და თქვა, უფალო, მე კი არ ჩამიდენია მოწყალება, არამედ ამანო. ჭეშმარიტად მოწყალე მეგობარმა კი „ამინ“-ით დაუდასტურა. როცა სასწაულებრივად განკურნებული მდიდარი ოქროთი ხელში ეკლესიის კარიდან აპირებდა გასვლას, იგი დაეცა და მოკვდა.

ამის მნახველნი - ყველანი შიშმა და ძრწოლამ მოიცვა. ისინი ადიდებდნენ ღმერთის მართლმსაჯულებას. გარდაცვლილის მონებმა ჭეშმარიტად მოწყალე მდიდარს უთხრეს, აიღე, ბატონო, ეს შენი ოქრო, რადგან ჩვენი ბატონი მოკვდაო, მაგრამ მან უპასუხა, არც კი ვიფიქრებ ამის გაკეთებას, რადგან ახლა ჩემი ის მოწყალებაა, ოქრო კი - მაგისი. თუ გინდათ თქვენს ბატონს შეეწიოთ, ეგ ოქროც გლახაკებს მიეცით მისი სულის საოხად. ჩვენი ღმერთი კაცთმოყვარეა, ამგვარ მოწყალებას შეიწყალებს და დანაშაულისაგან გაათავისუფლებს. იგი თავად ამბობს, „მიეცით მოწყალება და აჰა თქუენი ყოველი წმინდა არს“ დიდება მას უკუნითი უკუნისამდეო.

 

* * *

ფირგვისის აფრიკეთში მცხოვრებ ერთ მდიდარ კაცს, სახელად პეტრეს, სრულებით არ ებრალებოდა გლახაკები. იგი ყურს არ ათხოვებდა ხოლმე მათ თხოვნას, არაფერს აძლევდა და არც ეკლესიაში დადიოდა სალოცავად. მაგრამ კეთილსა და კაცთმოყვარე ღმერთს არ უნდა ადამიანის ცოდვილად წასვლა ამ ქვეყნიდან, პირიქით, სურს იგი მოიქცეს და შეინანოს. ამიტომ უწყის რა თითოეული ადამიანის ცხოვრება, მისი განგებით ასეთი რამ მოხდა: ერთ დღეს გზაზე თავმოყრილმა რამდენიმე გლახაკმა დაიწყო მოწყალე ადამიანებისადმი მადლიერების გამოთქმა და მათი შევედრება ღმრთისადმი, უწყალოებს კი გმობდნენ. პეტრეს გახსენებაზე თქვეს, რომ იგი საერთოდ უწყალო იყო. ერთმა გლახაკმა კი თქვა, მე მოვაცემინებ მას მოწყალებასო. სხვებმა არ დაიჯერეს, რომ პეტრე ვინმეს რამეს მისცემდა და გადაწყვიტეს შეემოწმებინათ. წავიდა ის გლახაკი და სახლის კართან დადგა. პეტრე წისქვილიდან მოდიოდა და სახედრით ფქვილი მოჰქონდა. გლახაკმა რომ დაინახა იგი, თაყვანი სცა და დაჟინებით, ვედრებით დაუწყო მოწყალების თხოვნა. პეტრე განრისხდა. უნდოდა ქვა ესროლა, მაგრამ რომ ვერ ნახა, აიღო ერთი პური და სახეში გაუქნია გლახაკს. მან აიღო ეს პური და წავიდა თავის მოძმეებთან. აი, ეს პირდაპირ პეტრეს ხელიდან მივიღეთო უთხრა და შეავედრა იგი ღმერთს, როგორც მოწყალე. იმ პურიდან ცოტ-ცოტა სხვა გლახაკებსაც ერგოთ და ყველანი ამბობდნენ, ღმერთო, აცხონე პეტრეო.

ზუსტად მეორე დღეს პეტრეს მძიმე სენი შეეყარა და კვდებოდა. მივიდნენ ანგელოსები მისი კეთილი საქმეების საძიებლად და გლახაკისთვის უნებლიედ მიცემული იმ ერთი პურის მეტი რომ ვერაფერი ჰპოვეს, რათა იმით მისივე ბოროტებანი გაებათილებინათ, პეტრეს უთხრეს, ამჯერად წადი და იმ პურს სხვა მოწყალებებიც მიუმატე, რომ ბნელმა ეშმაკებმა არ წაგიყვანონ და არ ჩაგაგდონ მარადიულ სატანჯველში, რადგან ის, ვინც წყალობას არ გასცემს, უმოწყალოდ ისჯებაო. ასე დაბრუნდა მისი სული კვლავ სხეულში.

იმ დღიდან პეტრე მოწყალე გახდა. მთელი თავისი ქონება დავრდომილებს დაუნაწილა და მონები გაათავისუფლა. ერთ-ერთ მონას კი პირობა დაადებინა, რომ მის თხოვნას აღასრულებდა და ასეთი რამ დაავალა. წავიდეთ იერუსალიმში, თაყვანი ვსცეთ მაცხოვრის ცხოველსმყოფელ საფლავს და მისი ვნების ადგილს, შემდეგ კი იქვე გამყიდე, ჩემი საფასური გლახაკებს დაურიგე და შენც თავისუფალი იყავიო.

წავიდნენ იერუსალიმში, თაყვანი სცეს წმინდა ადგილებს და მართლაც მიჰყიდა პეტრე მისმა მონამ ერთ ღმრთისმოშიშ კაცს, სახელად ზოილეს, საფასური კი თავისი ბატონის ბრძანებისამებრ გლახაკებს გაუნაწილა. თავისმა ბატონმა, ზოილემ პეტრე სამზარეულოში განაწესა. იგი კეთილსინდისიერად მუშაობდა. ვენახში შრომობდა თუ ნებისმიერ სხვა საქმეს ასრულებდა, ყველაფერს გულმოდგინედ უკეთებდა თავის ბატონს. დაუსვენებლად ირჯებოდა, და ხორციელ დაღლასა და ტკივილებს არ ერიდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მოხდა ისე, რომ მისი კეთილი საქმეები გამოაშკარავდა.

პეტრეს ყიდვიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ზოილეს აფრიკიდან სტუმრები ეწვივნენ და ვახშმად დარჩნენ. პეტრე სუფრას ემსახურებოდა, კერძები მიჰქონდა. სტუმრებმა იგი იცნეს და ალაპარაკდნენ, ეს ხომ ნამდვილად აფრიკეთელი მდიდარი პეტრეა, რომელმაც თავისი მონები გაათავისუფლა, უზარმაზარი ქონება გლახაკებს დაუნაწილა და თავად სადღაც გაქრა, ისე, რომ მისი სამყოფელი არავინ იცოდაო. ამას რომ ლაპარაკობდნენ, პეტრე კარს გარეთ იდგა და ესმოდა, რაკიღა მისი ამბავი გამოაშკარავდა, მას უნდოდა მაშინვე გასცლოდა იქაურობას. მეკარე ყრუ-მუნჯი იყო და როცა კარის გაღება-დაკეტვა უნდოდათ, ანიშნებდნენ ხოლმე. პეტრე კი აჩქარებით მივიდა მასთან და უთხრა, გამიღე, ძმაო, კარიო. ყრუმ მისი სიტყვები გაიგონა და კარი გაუღო. პეტრე სირბილით განერიდა ადამიანურ პატივს და დიდებას. მეკარე ყვირილით გაიქცა თავის ბატონთან, უფლის მონა, პეტრე, გაიქცა ჩვენგან. მან ჩვენი ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით მიბრძანა კარის გაღება. პირიდან საოცარი ცეცხლისებური ალი გამოუვიდა, ყურზე და ენაზე შემეხო. მისი მადლით ყურთასმენა და მეტყველება მომეცა, ის კი წავიდაო.

იქ მყოფნი წამოიშალნენ, გაედევნენ პეტრეს და ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს და გაკვირვებულები ადიდებდნენ ღმერთსა, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

ერთი მდიდარი კაცი ფიქრობდა, რა უნდა გავაკეთო, რომ უფრო გავდმიდრდეო. უცებ ხელში მოხვდა „სიბრძნე სოლომონისი“, გადაშალა და ამოიკითხა „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, ავასხებს იგი ღმერთს“. დახურა წიგნი, გადასცა მსახურს და დაფიქრდა, ღმერთზე უფრო სანდო ვინ იქნება, თუ გლახაკებს მივცემ ჩემს სიმდიდრესო. მართლაც, ყველაფერი მათ გაუნაწილა და თავისთვის არაფერი დაიტოვა სუდარისა და დამარხვისათვის საჭირო ოთხი დრაკჰანის* მეტი. ასე გაღატაკდა ეს კაცი, მაგრამ სიკეთით არავინ უპასუხა, დრო რომ გავიდა უფრო და უფრო გაუჭირდა. ბოლოს იფიქრა, წავალ იერუსალიმში ჩემს უფალ ღმერთთან და სამართალს მოვთხოვ ასე რომ დამაგლახაკა, განა მან არ შემაცდინა და არ დამაკარგინა მთელი სიმდიდრეო?

იერუსალიმში მიმავალს გზად ორი კაცი შეხვდა, რომლებიც ჩხუბობდნენ. ამან ჰკითხა, ძმებო, რატომ ებრძვით და ემტერებით ერთმანეთსო? მათ უპასუხეს, აი, ბატონო, ეს ქვა ვიპოვეთ. არ ვიცით რა არის, მაგრამ ერთმანეთს მისთვის ვეცილებითო. ეს კაცი მიხვდა, რომ ქვა ძვირფასი იყო და უთხრა, თუ გინდათ, მომეცით ეგ მე. აიღეთ ეს ოთხი დრაჰკანი და ნუღარ ქიშპობთო. მათ სიხარულით დაუთმეს ქვა.

როცა ის კაცი იერუსალიმში მივიდა, ქვა ოქრომჭედელს აჩვენა. მან რომ ის ძვირფასი თვალი დაინახა, ჰკითხა, სად იპოვე ეგ. აი უკვე სამი წელია მთელი იერუსალემი წუხს მაგის დაკარგვას. ეგ თვალი ომოფორზე** ემაგრა ლარონ მღვდელთმთავარს. წადი, მიართვი იგი პატრიარქს და უეჭველად გამდიდრდებიო.

ეს კაცი რომ ტაძრისკენ გაემართა, უფლის ანგელოსი ეჩვენა პატრიარქს და უთხრა, ეხლა რომ შენთან კაცი მოვა და პატიოსან თვალს მოგიტანს, რომელიც ლარონის სამოსლიდან იყო, ამოვარდნილი, მიიღე, ოქრო-ვერცხლი და პატიოსანი თვლები მიეცი, რამდენიც მოინდომოს, მაგრამ ამხილე. უთხარი, ნუ ორგულობს გულში. ნურც ღმრთისადმი რწმენას დაჰკარგავს, რადგან „რომელი სწყალობდეს გლახაკსა, იგი ავასხებს ღმერთსაო“.

მართლაც მივიდა ის კაცი პატრიარქთან. მან მისცა, რაც ითხოვა, გამოართვა ის ყოვლად პატიოსანი თვალი და ამხილა, ჰოი, კაცო, ნუ ორგულობ გულში, ნურც ღმრთისადმი რწმენას დაკარგავ, რადგან აი, მოგცა ღმერთმა შენს სიმდიდრეზე შვიდჯერ მეტი და მომავალში საუკუნო ცხოვრებას დაგიმკვიდრებს იესუ ქრისტეს მიერ. უფლისგანაც და წმ. წერილისგანაც შორს არის სიცრუე. მათთან მხოლოდ ჭეშმარიტებაა. დიდება მის განგებულებას უკუნითი უკუნისამდე.

 

* * *

იერუსალიმელი კაცი, სახელად სოზონი დადიოდა ხოლმე ქალაქში და მოწყალებას აძლევდა გლახაკებს. ერთხელ ძალიან გაღატაკებული, საცოდავი კაცი შეხვდა, გაიხადა სამოსელი და ჩააცვა. იმ ღამით გამოცხადება ჰქონდა. საოცრად მშვენიერ, განათებულ და ისეთ ბრწყინვალე სასახლეში იყო, რომ თვალს ვერ უსწორებდა. იქვე იხილა ბაღი უმშვენიერესი ნარგავებით, ყოველგვარი ხეხილით და სურნელოვანი ყვავილებით. ხეები ირხეოდნენ და კეთილსურნელებას აფრქვევდნენ. საოცრად მშვენიერი, სასიამოვნო, დამატკბობელი გალობა ისმოდა. იგი არ წყდებოდა და ქვეყნიდან ზეცამდე ეფინებოდა. უეცრად ვიღაც ძალიან დიდებული მივიდა სოზონთან და უთხრა, გამომყევიო.

ოქროს კოშკს მიადგნენ. მან სოზონს აჩვენა გაღებული კარიბჭე და მის შიგნით დიდი, ძვირფასი მარგალიტებით შემკული დარბაზები. სოზონმა რომ მიიხედა, დარბაზიდან ოქროსფრთიანი, მზესავით მანათობელი კაცები გამოვიდნენ, ოქროს კიდობანი გამოიტანეს და სოზონს დაუდგეს წინ. ისინი ვიღაცის, კიდევ უფრო დიდებულის მოსვლას ელოდნენ. მართლაც გამობრწყინდა ყოვლად დიდებული და ყოვლად მშვენიერი კაცი მრავალ ანგელოსთან ერთად. დიდებულმა უბრძანა ანგელოსებს, აჩვენეთ ამ კაცს, რომელმაც გლახაკი შეიწყალაო. მათ გახსნეს ოქროს კიდობანი და ამოაწყვეს სამეფო პერანგები და შესამოსები. მან, ვისაც ანგელოსები ემორჩილებოდნენ, სოზონს უთხრა, იცნობ ამათო? მან უპასუხა, უფალო, მათი აჩრდილის დანახვის ღირსიც არა ვარო. დიდებულმა მიუგო, აი, ხედავ, ერთი უბრალო სამოსელისათვის, რომელიც შემმოსე, როცა შიშველი მნახე, რამდენი ბრწყინვალე რამ გაგიმზადე? ახლა წადი, კვლავ ასე მოიქეცი ხოლმე, ყველაფერს ასწილად მიიღებ და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებო. შეშინებულმა და თან გახარებულმა სოზონმა მიუგო, ჩემო უფალო, ასე მიაგებ ხოლმე მათ, ვინც გლახაკებს წყალობსო? მან დაუდასტურა და უთხრა, ყველა, ვინც წყალობას ჩადის, ასწილად მიიღებს და საუკუნო ცხოვრებას დაიმკვიდრებსო. ბოლოს კი დაარიგა, სოზონ, როცა მოწყალებას ჩაიდენ, არ ინანო და არც მიაყვედრო გლახაკს, რომ გასამრჯელოს ნაცვლად ორმაგი სასჯელი არ მიიღოო.

ამ სიტყვებზე ხილვა დამთავრდა. სოზონი განცვიფრებული იყო. მან გადაწყვიტა, რადგან უფალმა ასე მითხრა, მეორე სამოსელსაც გლახაკს მივცემო და აღასრულა. მეორე ღამესაც ასეთივე ჩვენება ნახა. მომდევნო დღე რომ გათენდა, იგი ადგა, მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, სოფელს განეშორა და მონაზონი გახდა. ასე აღასრულა უფლის ბრძანება: „უკუეთუ გნებავს სრულ ყოფად, განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, რათა გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა; და აღიღე ჯვარი და შემომიდეგ მე“ (ლუკა 18.22).

დარჩენილი ცხოვრება სოზონმა უდაბნოში, დიდ ღვაწლში გაატარა. მისი ცხოვრება ღმრთისათვის მოსაწონი იყო და როცა სულიერების უმაღლეს საფეხურს მიაღწია, ღმრთისაგან სასწაულთმოქმედების მადლი მიიღო. ამ სასწაულებრივი ნიჭით მოსილმა პატიოსნად მიაბარა სული უფალს, ჭეშმარიტად ასმაგად მიიღო გასამრჯელო თავისი ქველმოქმედებისათვის და მარადიული ცხოვრება დაიმკვიდრა.

ჩვენც, ძმებო, ამ სასწაულის მსმენელებმა, მივბაძოთ მის სათნოებას და შეძლებისდაგვარად მივცეთ მოწყალება გლახაკებს, რომ უფალმა ჩვენც შეგვიწყალოს, ერთის ნაცვლად ასი მოგვაგოს, მარადიული ცხოვრება დავიმკვიდროთ და ვადიდებდეთ წყალობის მომნიჭებელ მამას, მხოლოდშობილ ძეს და ცხოველსმყოფელ წმიდა სულს, რომელსაც შეჰფერის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

* * *

ძალზე საინტერესოა ათონის მთის წმ. ანდრიას სავანის აღმშენებლის სიბირიაკოვის ცხოვრების ერთი ეპიზოდი, რომელმაც განაპირობა მისი ღვთისკენ შემობრუნება.

სიბირიაკოვი ადრე დაობლდა და მდიდარი მშობლებისაგან დიდი მემკვიდრეობა მიიღო. შემდეგ ცუდი მეგობრების წრეში მოხვდა და ლოთობისა და გარყვნილი ცხოვრების ჭაობში ჩაეფლო. ამგვარმა ყოფამ მძიმე დაღი დაასვა მის სულს და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა გადაწყვიტა უაზრო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

სანამ განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, გადაწყვიტა მემკვიდრეობის საკითხი მოეგვარებინა. ამისთვის კი აუცილებელი იყო სახელმწიფო ბანკში მისვლა. როდესაც კარეტა მოჰგვარეს, შეამჩნია თავისი სახლის სადარბაზოსთან მდგარი ძონძებში გახვეული ახალგაზრდა ქალი ბავშვით ხელში, რომელიც მას მიუახლოვდა და დამწუხრებული სახით მოწყალება სთხოვა. სიბირიაკოვი შესძრა მისმა საცოდაობამ და მთელი მისი არსება ამ ქალისადმი სიბრალულით აღივსო. რაც კი ჯიბეში ფული ჰქონდა, მას მისცა. კარეტაში ჩაჯდა და დაფიქრდა: „განა დიდი დახმარება გავუწიე ამ საცოდავ არსებას? ფული მხოლოდ ორ თვეს თუ ეყოფა, მე კი შემიძლია ისა და მისი შვილი მთელი ცხოვრების მანძილზე უზრუნველვყო“. უეცრად თავში ახალმა აზრმა მოუარა და დაძრული კარეტიდან ქალს გადასძახა: „ორ საათში მოდი აქ, კიდევ დაგეხმარები“. როდესაც ამ სიტყვებს წარმოსთქვამდა, გული უცნაური სიხარულით აუძგერდა, ასეთი რამ ადრე არასოდეს უგრძვნია.

მისმა კარეტამ ნევის პროსპექტზე, ყაზანის ტაძრის წინ რომ ჩაიარა, სიბირიაკოვს გაახსენდა, როგორ მოჰყავდა დედას აქ ბავშვობისას, როგორ იდგნენ ღვთისმშობლის ხატის წინ და როგორ მხურვალედ ლოცულობდა დედა. ახლაც საოცარი სურვილი დაეუფლა - ტაძარში შესულიყო და ელოცა. კარეტა გააჩერებინა, ტაძარში შევიდა, ღვთისმშობლის სახე საოცარი სიკეთით ბრწყინავდა. სიბირიაკოვმა მუხლი მოიყარა ღვთისმშობლის ხატის წინ და უეცრად შეიგრძნო მთელი თავისი დანაშაული ღვთის წინაშე, რაც მის მიერ გატარებულ ფუჭსა და უაზრო ცხოვრებაში გამოიხატებოდა. ვერ გაბედა ღვთისათვის შენდობა ეთხოვა, მხოლოდ ერთ ფრაზას იმეორებდა: „დედაო ღვთისავ, მიხსენი მე!“ დიდხანს, დიდხანს ლოცულობდა. გულიდან თითქოს მძიმე ლოდი მოეხსნა და როდესაც ტაძრიდან გამოდიოდა, იგრძნო, რომ სულ სხვა ადამიანი იყო. თვითმკვლელობის სურვილი უკვალოდ გაქრა, სიცოცხლე საოცრად ძვირფასი ეჩვენა.

ბანკში აღარ წასულა, კარეტა სახლისკენ შემოაბრუნებინა. სადარბაზოსთან შორიდანვე მოჰკრა თვალი საბრალო ქალს, რომელსაც ამ დილით დაეხმარა. თითქოს ღმერთი გამოეცხადაო, ისე გაუხარდა მისი ნახვა, რადგან სწორედ ის იყო მისი სულიერი ფერისცვალების მიზეზი. სიბირიაკოვმა თავისი ქონების დიდი ნაწილი მათ უბოძა, იმდენი, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე უზრუნველყოფილი იქნებოდნენ და თხოვა ლოცვით მოეხსენებინათ იგი.

შემდეგ პეტერბურგი დატოვა და ათონის მთაზე გაემგზავრა, აქ პირველ ხანებში როგორც მლოცველი, გამოსაცდელი ვადით იქნა დატოვებული. შემდეგ წმ. ანდრიას მონასტრის ძმობაში შევიდა, თავისი სახსრებით შესანიშნავი ტაძარი ააშენა. იქვე გარდაიცვალა სქემოსანი მღვდელმონაზონის ხარისხში.