ნუ თანაეზიარებით მწვალებლებს

ქართველ წმიდანთა ცხოვრებიდან

დიდებული მამა შიოს ხსენების დღეს მღვიმის მონასტერში ერი შეიკრიბა. აქ იყო მეფე და ყველა მთავარი, ჩვეულებისამებრ, სარმიანე მღვდელმთავარიც მოვიდა თავის ეპისკოპოსებთან ერთად. აქვე იყვნენ იაკობის სარწმუნოების აღმსარებელი ვიღაც ეგვიპტელი კაცები, რომლებიც ქალაქ ტფილისით ჩამოვიდნენ. როდესაც მათ კათოლიკოსის მოსვლა იხილეს, მასთან მივიდნენ, თავისი ქვეყნიდან წამოღებული ძღვენი მიართვეს და მიიღეს რა მისგან კურთხევა, უთხრეს: „წმიდაო მეუფეო, ღირსი გაგვხადე დღეს შენი წმიდა ხელით ზიარებისა“. კათოლიკოსმა არ გამოიძია, თუ ვინ და რომელი სარწმუნოებისანი იყვნენ ეს ადამიანები და დიაკონს უბრძანა, ზიარებისას მოეყვანა ისინი. დაიწყო წმიდა ლიტურგია; მოვიდნენ ეგვიპტელები და კათოლიკოსმა ისინი თავისი ხელით აზიარა. როცა ეკლესიიდან გამოვიდნენ, მეფემ ყველანი სერობაზე დაპატიჟა. იმავე დღეს კათოლიკოსი მცხეთაში წავიდა, რადგან მეორე დღეს ყველა ქრიასტიანი სულის ხსენება იყო. დაღამდა თუ არა, კათოლიკოს სარმიანეს ძილში გამოეცხადა ორი კაცი, დიდებულნი ხილვითა და საშინელნი ხატითა. ერთი მათგანი იყო მღვდელთმოძღვარი, რომელსაც თავზე კუნკულის მსგავსი რიდე ეფარა; მეორე კი _ მოხუცი მონაზონი, რომელსაც ჯვრიანი ოქროს კვერთხი ეპყრა. როცა სარმიანემ დაინახა ისინი, შეეშინდა და იხსენებდა, თუ ვინ იყვნენ და სანამ ამას ფიქრობდა, კაცები მასთან მივიდნენ და ზეწარი მოსძარცვეს. მღვდელმთავარი გაუჩინარდა, ხოლო მონაზონი დარჩა და უთხრა: „ჰოი, სარმიანე, როგორ ხედავ შენს თავს?“ მან კი მიუგო, რომ განკიცხულივით იყო. მაშინ ბერმა უთხრა: „ძალიან მოგწონს ეს?“ კათოლიკოსმა მიუგო: „არა.“ მოხუცმა ბერმა უთხრა: „ჰოი, ძმაო, ვინც განაშიშვლა ქრისტე ღმერთი, ბუნებით და მოქმედებით და მისი ნებისგან, არც მისი ღვთაებით გამოიცნეს იგი და არც კაცებრივი ბუნებით გამოაჩინეს მისი ძალა, სწორედ შენ შეიწყნარე ისინი ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებად, ეს კი უფრო მძიმედ მიაჩნია ცათა და ქვეყანის შემოქმედ მეუფეს.“ კათოლიკოსმა ჰკითხა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ბერმა მიუგო: „ისინი, ვისგანაც ძღვენი მიიღე და ამან გული ისე დაგიბრმავა, რომ აღარ გამოიძიე მათი ვინაობა და ამ საქციელით, ამ ბილწი მწვალებლების მიერ ღვთის სჯული შეურაცხყავი და აჰა, ახლა შენც განშიშვლებული ხარ ღვთის მადლისაგან.“ ამ სიტყვებმა ძალიან შეაშინა კათოლიკოსი და ძლივს ჰკითხა ბერს: „შენ ვინ ხარ ბატონო ჩემო, ასე რომ ეძიებ ჩემს ცხოვრებას, ან ის ეპისკოპოსი ვინ იყო, რომელიც თავდაპირველად ვიხილე შენთან ერთად?“ მოხუცმა მონაზონმა მიუგო: „ის ეპისკოპოსი ალექსანდრიიის მამათმთავარი კირილე იყო, რომელმაც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის, რომელიც დღეს შენ დაამცირე, მრავალი ღვაწლი იტვირთა თავს. ხოლო მე ვარ მონა ღვთისა შიო.“ ამ სიტყვებზე იგი გაუჩინარდა და სარმიანესაც გამოეღვიძა. შეშფოთებულმა და შეწუხებულმა კათოლიკოსმა სასწრაფოდ ბრძანა ყველა ეპისკოპოსის შეკრება და მათ თვალცრემლიანმა უამბო თავისი ჩვენება და ჰკითხა, თუ როგორ გამოესყიდა და მოენანიებინა დანაშაული. ეპისკოპოსებმა გამოიძიეს და გადაწყვიტეს, რომ ჯერ იაკობის მიმდევართა ძღვენი მოეტანათ და კარიბჭის გარეთ დაეწვათ, „ხოლო შენ, _ უთხრეს კათოლიკოსს, _ იჩქარე და მიდი წმიდა შიოს მონასტერში და პირველი მადლი აღიარე, რადგან ასეთი ზრუნვით გამოგეცხადა იგი შენ, ხოლო შემდეგ ორმოცი დღე დიდი შრომით აჩვენე სინანული. ჩვენ კი მოკრძალებით სათითაოდ ვილოცებთ და ვიმარხულებთ და შევევედრებით უფალს, რომ შეგინდოს ეგ დანაშაული და ინებოს, გამოგვიცხადოს საქმის აღსასრული, რომლისთვისაც გულსავსედ ვიღწვით.“

კათოლიკოსს მოეწონა მათი რჩევა, განთიადისას სასწრაფოდ ამცნო ყველა ეპისკოპოსს, რათა მარტვილის დღესასწაული აღესრულებინათ და ყველას ლოცვა სთხოვა. ხოლო თავად მღვიმის მონასტერში, წმიდა შიოს საფლავთან წავიდა, დავარდა მის წინაშე და დიდი სინანულითა და ცრემლით ეტყოდა: „მამაო, განფინე შენი წმიდა მამობრივი ლოცვები ღვთის წინაშე და სთხოვე, რათა შემინდოს, რადგან უფალი ჩემი დაუდევრობით განვარისხე. ამიერიდან არ გავალ აქედან, სანამ არ მივიღებ შენდობას ჩემი დანაშაულისათვის. სარმიანე მღვიმეში დარჩა და გულმოდგინედ ლოცულობდა და მარხულობდა. დადგა წმიდა და დიდებული კვირიაკეს ღამე და დაღლილ სარმიანეს მიერულა. მან იხილა, რომ გოგლგოთის წინ იდგა; იქ ჯვარცმულ ქრისტეს ხედავდა, ხოლო იგი ვიღაც საშინელ კაცებს ეპყრათ, სარმიანე ჯვარცმულთან მიიყვანეს. ის აქეთ იქით იხედებოდა, რათა ვინმე დახმარებოდა, მაგრამ ვერავინ იპოვა. უეცრად მან დაინახა, რომ დიდებული მღვდელმთავარი კირილე, რომელიც პირველად იხილა და ნეტარი მამა შიო იმავე ჯვრიანი კვერთხით ხელში დიდი პატივითა და ბრწყინვალებით შემოსილნი შეიყვანეს იქ; ისინი გაბედულად წარსდგნენ ჯვარცმული ქრისტეს წინაშე და ევედრნენ სარმიანესათვის.

ჯვარცმულისაგან ასეთი ბრძანება მიიღეს: „ხედავთ, დღითიდღე როგორ ვიტანჯები ჯვრით იმათ გამო, რომელთა მიერაც ეს შემემთხვა? მან ჩემი მტრები ჩემი ხორცის საჭმელად და ჩემი სისხლის სასმელად შეიყვანა, ამიტომ სარმიანე არაა შენდობის ღირსი, მხოლოდ თქვენი სიყვარულისა და ვედრების გამო შემინდია მისთვის და უთხარით, რომ ამიერიდან ფრთხილად იყოს.“ წმიდა დიდებული მამები სარმიანესთან მოვიდნენ და უთხრეს: „ძმაო, ამიერიდან გამოსწორდი და მორიდებული იყავი“, კვლავ მოიტანეს იგივე ზეწარი და შემოსეს მას. სარმიანეს გაეღვიძა და მისი გული სიხარულით აღივსო, თუმცა მაინც ეჭვი შეეპარა, ჭეშმარიტი იყო თუ არა მისი ხილვა. როცა გათენდა, მოვიდა ფილიპე ეპისკოპოსი, რომელიც ეპისკოპოსთა კრებას გამოეგზავნა და მოუტანა წერილი, რომელშიც ეწერა: „დიდსა მამათმთავარსა ჩვენსა სარმიანეს, გიხაროდეს, შენი შვილნი და შენი სიწმიდის მწყემსნი, ყველა ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა აღარ შეაწუხო შენი მოხუცებული გვამი, რამეთუ წმიდა მამა შიოს მეოხებით უფალმა მოწყალებით გადმოგხედა და მის უღირს ხუთ მონას გამოგვიჩნდა და თითოეულს გვიბრძანა: „მიუტევა ღმერთმა სარმიანე კათოლიკოსს მისი დანაშაული და აწ უეჭველად მიიყვანეთ მწყემსი თქვენი“. ახლა გვიბრძანოს შენმა სიწმიდემ, რომ ყველა მანდ მოვიდეთ და მადლი შევწიროთ საკვირველთმოქმედ მამა შიოს.“

სარმიანემ რომ ეს წერილი წაიკითხა, დამშვიდდა და ბრძანა, ყველა ეპისკოპოსი იქ მისულიყო. მრავალი მადლობა შესწირა უფალს და ნეტარ მამა შიოს და ამ მადლობის აღსანიშნავად დაადგინა, რომ ერთი კანდელი და ერთი სანთელი ჩაუქრობლად ენთოს წმიდა შიოს საფლავზე.

წმიდა შიო მღვიმელის სასწაულების მიხედვით მოამზადა თამარ ასათიანმა