ეპიზოდები ქართველ წმინდანთა ცხოვრებიდან

† † †

ერთხელ თურმე გელათში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა თამარი. ამ დროს მოახსენეს, კოშკის კართან მათხოვარი ითხოვსო წყალობას. სამეფო შუბლსაკრავზე ლალებს იმაგრებდა და - დამელოდოსო, ბრძანა მეფემ. როცა ხელსაქმეს მორჩა, მათხოვარი წასული დახვდა. ძალიან შეწუხდა თურმე, მისი სახით უფალ იესოს ვუთხარი უარი მოწყალებაზეო, მოიხსნა ახალთახალი შემოსაკრავი და ღვთისმშობლის ხატს შესწირა გელათში.

† † †

თამარის სიქველის შესახებ ლეგენდები დადიოდა. თავად უთქვამს: „მე ვარ მამა ობოლთა და მსაჯული ქურივთა“. მისი ბრძანებით ყოველ წელს ქვეყნის მთელ შემოსავალს ანგარიშობდნენ „ზედამდგომელნი“ და მეათედს ღარიბებსა და უქონელთ ურიგებდნენ. თავად მეფე კი ქველმოქმედებას, დავით აღმაშენებლის მსგავსადს, საკუთარი მონაღვაწით ეწეოდა; ქალი იყო და ხელსაქმე ეხერხებოდა, მისი ხელით ნაქსოვსა და ნაკერს ყიდდნენ მსახურები და ამ ფულს ურიგებდნენ ქვრივ-ობლებს. ბევრჯერ თავისი შეკერილი საკუთარი ხელით ჩაუცმევია ღატაკთათვის. უამრავი მათხოვარი დადიოდა საქართველოში ამაყად, მეფის ნახელავში გამოწყობილი.

† † †

მამა გაბრიელი ყვებოდა წმინდა იოანე მაისურაძეზე: ერთხელ ბეთანიელ მამებს ძალზე დასჭირვებიათ და მამა იოანე იძულებული გამხდარა, ცხენი წაეყვანა გასაყიდად. მშვიდი და უწყინარი პირუტყვი ყოფილა, ღონიერი და ჯანმრთელი. „რამდენს აფასებ მაგ ცხენსო?“ - ცოტა არ იყოს, აგდებით უკითხავს ერთ კაცს. „რამდენსაც მომეცმო“, - მიუგია ღირს მამას. „მაინც, რამდენად მომყიდიო?“ - ჩასძიებია ის. „რამდენსაც მომცემ, შვილო“, - ისევ უთქვამს მამა იოანეს. „მაშინ, აჰა, სამი მანეთი და კარგად იყავიო“, - ჩასცინებია მყიდველს და მამა იოანესთვის სამი მანეთი გაუწვდია. ეს მეტად მცირე ფასი იყო ცხენისთვის, მაგრამ ღირსი მამა არ გამწყრალა, მშვიდად გამოურთმევია ფული, ღმერთმა დაგლოცოსო, უთქვამს და გაშორებია. ცოტა ხნის შემდეგ ჭიხვინი და წყევლა-კრულვა მოესმა თურმე - შემჯდარიყო კაცი ახალნაყიდ ცხენზე, მაგრამ ვერა და ვერ დაემორჩილებინა, აქამდე უწყინარი პირუტყვი ყალყზე დგებოდა და მხედარს არ იჩერებდა. ბოლოს გადმოუგდია კიდეც. კაცს ძლივს აუთრევია წელი, „ფულიც შენი იყოს და ცხენიც, ოღონდ თავი დამანებეო“, - უთქვას და შეშინებულს აღვირი მიუჩეჩებია მამა იოანესთვის.

† † †

დიდი მოღვაწე იყო მამა არსენ გარეჯელი - ხან ორ დღეში ერთხელ იხმევდა პურს, ხან - ხუთი დღის გამოშვებით. ამიტომაც სამი ეშმაკი დაუცხრომლად ებძოდა, მაგრამ ღირს მამას ჰქონდა სასოება ღვთისმშობლისა და ითმენდა შიმშილს. ერთ დღეს, ტრაპეზის ჟამს, ერთმა ძმათაგანმა პური სთხოვა. არსენმა მოუტეხა. „გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც უჭმელობა მიძევს წინ. რას მიზამს პურის ეს მცირე ნატეხი?“ - გაიფიქრა უნებლიეთ და უმალვე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ეს ამაო ფიქრი ეშმაკისგან იყო. აიღო პური, გარეთ გავიდა და ძაღლს მიუგდო, თვითონ კი კლდის ნაპრალში შევიდა, მჯიღს იცემდა მკერდში და იტყოდა: „ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო! როგორ არ გრცხვენია, ძაღლიც კი გჯობს, რამეთუ მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი სიმცირისათვის წუხხარ! ამისთვისცა, ბოროტო მუცელო, არც დღეს მოგცემ საჭმელს, არც ხვალ, რომ ქრისტეს მადლით წესიერება გასწავლოო“.

ღირსმა მამამ ის დღეც და მომდევნოც მშიერმა გაატარა. მერე კი, როცა კვლავ იხილა ის სამი ეშმაკი, ერთს, მათგან უპირატესს, კვერთხი დაჰკრა და ქრისტეს სახელით განაგდო. ამის შემდეგ ის დემონი აღარ სჩვენებია, დანარჩენი ორი კი მაინც ებრძოდა, მაგრამ დაუძლურებულიყვნენ და ქრისტეს ახოვან მხედარს ვეღარას ვნებდნენ.

† † †

ღირსი მამა ქრისტეფორე გარეჯელი თავს ასე იგლოვდა: „ნაყროვანი ხარ, ბერო, უძღები და ცოდვილი! დაღაცათუ ხორცს არა სჭამ, პურს მაძღრივ სჭამ და ოდესცა ჰპოვებ, ღვინოსაცა სვამ. უბადრუკო ბერო, არ გეშინია?! დაგავიწყდა სიკვდილი და სულისა და ხორცის განშორება? დღეს თუ ხვალ მოვა წამყვანებელი შენი. განიმზადე თავი!“ - და, ვითარცა შვილმკვდარი დედა, მწარედ ტირილს იწყებდა.

† † †

როცა წმინდა გრიგოლ ხანძთელს, ძალზე ახალგაზრდას აუწყეს ახლობლებმა, რომ მღვდლად უნდა ეკურთხებინათ, ძალზე შეწუხდა. მორიდებით შეახსენა მათ, თუ როგორი განკრძალული უნდა იყოს მღვდელი, რარიგად დიდია და აღმატებული მღვდლობის ხარისხი. ხოლო მას მიუგეს: „აწ მოგცა შენ ღმერთმა „კეთილი მოხუცებულობაი გონებისა“ და აწი ნუღარ იურჩებ. არამედ დაემორჩილე ქრისტეს და ჰმონე მას მღვდლობითო“. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ წმინდა გრიგოლს უარი აღარ უთქვამს და, ღვთის ნებით, მღვდლად ეკურთხა.

† † †

წმინდა გრიგოლ ხანძთელის კურთხევით და თავისი ნების საწინააღმდეგოდ, წმინდა მატოიმ თავს იდო მერეს დედათა მონასტრის მღვდლობა. ამბობდნენ, რომ ორმოც წელს მონასტერში მისი მღვდლობისას მისგან უქმი სიტყვა და უსარგებლო პასუხი არავის მოუსმენია. არა მხოლოდ ეს, არამედ, რომელნი ხედვიდნენ მის ღვთისმოშიშებას, სიწმინდეს და უბიწოდ ცხოვრებას, ამის მხილველნი ვერვინ იკადრებდა „უდებად განცხრომას“, რამეთუ ყველას ექმნა სახედ კეთილისა. იგი დარჩა ჭეშმარიტ ქალწულად ხორცითაც და სულითაც, მარხვით და ლოცვით დათრგუნა ხორციელი ვნებები და სულის მტერნიც მოაუძლურნა. ხოლო როცა გარდაიცვალა, წმინდა დედა ანტონიოს დაყუდებულს ჰქონდა ხილვა: ანგელოზთ კრებულს აჰყავდა ზეცად წმინდა მატოის სული. ღირსი მამა ბრწყინვალე სამღვდელო შესამოსლით იყო შემოსილი, ხოლო ხელთ ოქროს საცეცხლური ეპყრა. მას უთქვამს თურმე დედა ანტონიოსისთვის: საკურთხეველს, რომელსაც ყრმობიდანვე ვმსახურებდი, აწ ამით საკურთხევლით დაუსრულებლად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირსი შევიქმენი ზეცისა საკურთხევლისა წინაშე წარდგომისა და მარადის მსახურებისაო.

† † †

წმინდა ზაქარია ანჩელი ყრმობისას ბატკნების მწყემსი გახლდათ. თავის მეგობრგბთან ერთად ხშირად თამაშობდა ხოლმე. მათი საყვარელი თამაში „ჟამისწირვა“ იყო. ერთხელაც, თამაშისას, ყრმა ზაქარიამ გაამზადა პური და ღვინო, ვითარცა შესაწირავი და დადო პატიოსანი ჯვრის წინაშე. სხვა ბავშვები გარსმოდგომოდნენ მას და ანგელოზებრივი ხმით გალობდნენ „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ“. თან მრავალგზის „კირიელეისონს“ იმეორებდნენ. ამ დროს გზად ანჩელი ეპისკოპოსი მოდიოდა და იხილა მან ზეციდან დაშვებული ნათლის სვეტი ყრმა მღვდელზე. ნახა ისიც, რომ პური და ღვინო ზაქარიას ლოცვით უფლის სისხლად და ხორცად გადაქცეულიყო. განცვიფრდა მღვდელმთავარი, მივიდა და ამ ყრმის ხელითვე ეზიარა. ამის შემდეგ ანჩელმა ეპისკოპოსმა ზაქარია თავისთან წაიყვანა და ღირს მამებს ჩააბარა აღსაზრდელად.

† † †

კლარჯეთში ერთ ქალს დაბადებით ყრუ-მუნჯი შვილი ჰყავდა. როცა გოგონა 13 წლისა შეიქნა, დედამისს ძილში წმინდა ეპიფანე ხანძთელი გამოეცხადა და უთხრა: ხვალ ვინმე წარმოგზავნე ჩემთან, ხანძთაში. მას წირვისას ჩემს ხელთნაბან წყალს გამოვატან. ის სცხე და განიკურნება შენი შვილიო. მართლაც, მეორე დღეს ქალმა მსახური გაგზავნა ხანძთაში. წმინდა ეპიფანესაც ეუწყა ღვთისაგან ეს ყოველივე და მსახურს ხელთნაბანი წყალი გამოატანა. ქალმა დიდი სასოებით იპყრა ხელთ „ევლოგიაი იგი უსისხლოისა მსხვერპლის ღირსად შემწირველი მღვდელის“ და სცხო თავის ასულს. ბავშვს დაეძინა. სამი დღე-ღამის შემდეგ გაიღვიძა სრულიად განკურნებულმა და ადიდებდა ღმერთს.

† † †

ფერისცვალების დღესასწაულზე წმინდა ექვთიმე სხვა მამებთან ერთად ავიდა ათონის მწვერვალზე და იქ მდგარ ტაძარში ლიტურგია აღასრულა. წირვის უმთავრეს მომენტში. როცა „წმიდა არს“ იგალობეს, ყველამ იხილა წმინდა ექვთიმე - ვითარცა ცეცხლი მგზნებარე. იმავე წამს იძრა მიწა და მოესმათ ხმა, ვითარცა მრავალი კაცის შეძახილი. ამის მხილველნი შეძრწუნებულნი პირქვე დაემხნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ. ისევ წმინდა ექვთიმემ წამოაყენა და განამხნევა ისინი, უთხრა, - ნუ გეშინიათ, ძმებო, მოგვხედა ღმერთმა და ქრისტემ ადიდა თავისი დღესასწაულიო.

† † †

წმინდა გიორგი მთაწმინდელმა ერთი ახალგაზრდა ძმა, სახელად სტეფანე, მღვდლად აკურთხა. მასზე ამბობდა დიდი მოძღვარი: „თუმცა ასაკით პატარაა სტეფანემ მაგრამ გონებით მოხუცებულიაო“. ჰოდა, ეშმაკმაც შური იძია. როცა ძმები ტაძარში წირვისთვის ემზადებოდნენ, ეცა სტეფანეს და ძირს დასცა. საცოდავი კბილებს აღრჭენდა. პირიდან დუჟი მოსდიოდა. ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს წმინდა გიორგის (მთაწმინდელს). ღირსი მამა არ შეუშფოთებია ეშმაკის კადნიერებას. არც ლოცვანი უხმარია კაცთ დასანახავად. არამედ მცირედ ილოცა ღვთის მიმართ. მივიდა სტეფანესთან და ჩუმად ჩასძახა: „სტეფანე“. მანაც, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, მიუგო: „მაკურთხე მამაო“. ბერმა ჰკითხა: „რა დაგემართა. შვილო?“ სტეფანემ მიუგო, - არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ თქვენი ხმის გაგონების შემდეგ უკვე კარგად გავხდიო. წმინდა გიორგიმ პირჯვარი გამოასახვინა მას. შემდეგ ბრძანა, დაეწყოთ გალობა და წირვა აღევლინათ. სტეფანესაც უბრძანა, სხვებთან ერთად ეწირა. ზოგიერთი შეშინდა - ავადმყოფობა არ გაუმგორდესო. წმინდა მამამ ისინი მცირედ მორწმუნეობაში ამხილა და უთხრა: იგივე ღმერთია ამის მკურნალი, რომელმაც ეშმაკთა ლეგეონი, ღორებითურთ, ზღვაში ჩაყარაო. ამის შემდეგ დამშვიდებულმა ძმებმა უფალს უსისხლო მსხვერპლი შესწირეს.

† † †

წმინდა მიქაელ პარეხელი ძმათაგან განშორებულად მოღვაწეობდა. მას ებრძოდა კეთილის მოძულე ეშმაკი. ერთხელ კლდიდანაც კი გადმოაგდო. შეწუხდა ბერი, დაიღალა ეშმაკთმიერი განსაცდელებით და შეწევნისთვის წმინდა გრიგოლს უხმო. მამა გრიგოლი მაშინვე მივიდა მასთან, შექმნა ხის ორი ჯვარი - ძლევისა მომცემელი ორი ბეჭედი. სენაკთან ჩაარჭო სხვადასხვა ადგილას. საზღვრად განუჩინა წმინდა მიქაელს და უთხრა: ამ ორ ქრისტეს ჯვარს შორის, წმინდა სამების შეწევნით და პატიოსანი ჯვრის ძალით უშიშრად იდექი. ხოლო თუ განეშორები, ადრინდელზე უარესი განსაცდელი გადაგხდებაო.

ამის შემდეგ ნეტარმა მიქაელმა სრული სიმშვიდე ჰპოვა.

† † †

მიტროპოლიტ გრიგოლის (ცერცვაძის) მშობლებს მის დაბადებამდე ოთხი ბავშვი მოკვდომიათ და ღმერთისთვის აღუთქვამთ, - თუ ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადება, შენ მოგიძღვნითო. მართლაც, შეეძინათ ვაჟი და გიორგი უწოდეს. გიორგის ბავშვობა საშინელ დროს დაემთხვა. ერიხელ კომკავშირლებს სოფლის ეკლესიიდან წმინდა წიგნები გამოუტანიათ და დაუწვავთ. შორიახლო დამალულ პატარა გიორგის უხელთია დრო, აუღია გადარჩენილი წიგნები და ღამით თავისი ვენახის ბოლოს, თივის ზვინში, დაუმალავს. დედამისს კი შინ მოუტანია. პატარა გიორგი შეშფოთებულა, მთვარის შუქზე გაუზიდია წიგნები და კვლავ იქ დაუმალავს. იმ ღამესვე მილიცია დასცემია თავს მათ ოჯახს, მაგრამ ვერაფერი უპოვია.

დადგა აღთქმის შესრულების დროც: დასვეს გიორგი ჩარდახიან ურემზე, უკან ერთი ცხვარიც გამოაბეს, აიყვანეს თეთრი გიორგის ეკლესიაში და ჩააბარეს უფალს.

† † †

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ჰყვებოდა, რომ ბავშვობაში ძალზე ცელქი ყოფილა. მამამისი, მაქსიმე გურიის მთავრის მოძღვარი იყო და პატარა გერასიმე (შემდგომში - წმინდა გაბრიელი) დაჰყვებოდა ეკლესიაში. დიდ საქმეში იყო თურმე: ხან სანთლებს ანთებდა, ხან საცეცხლურს უბერავდა, ხან პატარა ზარებს რეკდა, ხან მამას შესამოსს აწოდებდა... და ხშირად დაღლილს მწუხრის ლოცვისას წმინდა ტრაპეზთან ჩაეძინებოდა ხოლმე.

† † †

არქიმანდრიტ პართენის (აფციაურის) მშობლებს შვილი არ ეძლეოდათ. აღუთქვამს მამამისს: ღმერთო, შვილის ღირსი გამხადე და შენ შემოგწირავო. ნატვრა აუსრულდათ და ვაჟი შესძენიათ, სახელად იოანე უწოდებიათ. სამი წლის იოანე უეცრად ავად გამხდარა და გარდაცვლილა. მშობლების გოდება ცას სწვდებოდა. ამ დროს მათ სახლში ერთი უსინათლო ბერი შემოსულა და მწუხარე მამისთვის უთქვამს: ხომ არ დაგავიწყდა, რომ შვილი ბერად შესწირე ღმერთსო. გამწარებულ მამას უპასუხია: განა კი მოვატყუებდი, მაგრამ რა ვქნა, მკვდარი ხომ არ გაცოცხლდებაო. ბერს უთქვამს: ღვთისადმი ფიცის ნიშნად დედაბოძზე ჭდე გააკეთე (მთიულთა წესისამებრ), რომ თუ ბავშვი გაცოცხლდა, უფლის მსახურად გაზრდიო. მამამ მიცვალებული ხელში აიყვანა, ხანჯალი აიღო და სახლის დედაბოძს დაარტყა. ბავშვმა მაშინვე თვალი გაახილა და მამას შეხედა. გახარებულმა მშობელმა მეტისმეტი სიხარულით მეორე ჭდე ამოკვეთა დედაბოძზე.

† † †

წმინდა გიორგი მთაწმინდელი ოჯახში მესამე შვილი იყო. მის დაბადებამდე მშობლებს აღუთქვამთ, თუ ვაჟი ეყოლებოდათ, ღმერთს შესწირავდნენ. ერთ ღამეს დედამისს გამოცხადებია ვინმე ბრწყინვალე და დიდებული: „აჰა, შობ ვაჟს, რომელიც ღმრთის რჩეული ვერძი იქნება და აღთქმისამებრ შესწირე იგი ღმერთს და სახელად გიორგი უწოდეო“. გიორგი სიყრმიდანვე ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. ეშმაკმა მისი დაღუპვა განიზრახა. ერთხელ პატარა გიორგი მდინარის პირას იდგა. გაღმიდან კი ცეცხლისფრად შემოსილმა თანატოლმა დაუძახა: მოდი ჩემთან და ვიმღეროთო. გიორგიმ მდინარეში შესვლა რომ დააპირა, ვინმე მშვენიერმა, სპეტაკით მოსილმა ყრმამ მოჰკიდა სახელოზე ხელი და უთხრა: იყავი ჩემთან, რადგან მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენიო. ეს ხილვა თვითონ ახსნა ღირსმა მამამ: მდინარის გაღმა ჯოჯოხეთის საუკუნო ცეცხლით შემოსილი ეშმაკი იდგა და სურდა ყრმის მდინარეში ჩახრჩობა. ხოლო სპეტაკით მოსილი იყო ანგელოზი, რომელიც სიყრმიდანვე მცველად დაუდგინა უფალმა.

† † †

წმინდა გრიგოლ ხანძთელიც „საშოითგანვე დედისაით შეწირულ იყო ღმრთისა“. ყრმობიდანვე მარხვაში იზრდებოდა. არასოდეს უგემია ხორცი და ღვინო. ბავშვობიდანვე განმარტოება ჰყვარებია. ამიტომ მას, ჯერ კიდევ ბავშვს, დაყუდებულს უწოდებდნენ. მისი სწავლისადმი სიყვარული ყველას განაცვიფრებდა, მრავალი სიბრძნე ამა სოფლისა ისწავლა კეთილად და მრავალნი საღვთონი წიგნი ზეპირად მოიწურთნაო, - წერს მასზე გიორგი მერჩულე.

† † †

წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი თეოდორე და ქრისტეფორე სამცხეში მგზავრობისას დიდაზნაურ მირიანის სახლში შეჩერდნენ. მირიანმა მათ ცოლ-შვილი დაალოცინა. შემდეგ ცოლს უთხრა: „აწ ვყოთ სასწაულ კეთილ“, ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეს მოწაფეთა. თქვი ოღონდ, რომელი იყოს მოწესედ ჩვენს შვილთა შორის. ცოლმა მიუგო: უფალო ჩემო, შენი შვილნი შენს წინაშე არიან და რომელსც ბრძანებ, ის იქნება მონაზონიო. მაშინ მირიანმა ბრძანა: უმცროსი იყოს მონაზონი და სულიერი შვილი უდაბნოს მამათაო. ჯვარი დასწერა შვილს, სამორჩილო სამოსით შემოსა და ჩააბარა ღირს მამებს. მათ კი ვაჟს სახელად არსენი უწოდეს. ის შემდგომში ქართლის კათოლიკოსი შეიქნა.

† † †

სხვანაირი ყრმობა ჰქონდა მამა გაბრიელს (ურგებაძეს): პატარა ვასიკო (ასე ერქვა მას ერისკაცობაში) დაჯდებოდა ხოლმე და კენჭებით „ეკლესიებს“ აგებდა. ერთხელ გაიგო, რომ არსებობს წიგნი ჯვარცმული ქრისტეს ცხოვრებაზე. ფული შეაგროვა და ნავთლუღის ბაზარში წიგნის საყიდლად წავიდა. ბაზარში ერთ წიგნით მოვაჭრე თეთრწვერა მოხუცს გადააწყდა. ქრისტეს ცხოვრებაზე მინდა წიგნიო, - უთხრა ბიჭმა. ეს არის შენი სასურველი წიგნი, - უთხრა მოხუცმა და წიგნი მიაწოდა. მიდის ვასიკო შინ. წიგნს დახედა - „სახარება“ აწერია. იფიქრა, ნეტავ ხომ არ მომატყუა იმ კაცმა და „ქრისტეს ცხოვრების“ მაგივრად „სახარება“ მომცაო. მიბრუნებულა ბაზარში, მაგრამ მოხუცი იქ არ დახვედრია. თურმე იქვე მდგომ სხვა მოვაჭრეებს საერთოდ არ დაუნახავთ თეთრწვეროსანი.

ერთხელ, გაბრაზებულ დედას წაურთმევია ბავშვისთვის „სახარება“ და ტუალეტში ჩაუგდია. ვასიკოს წვალებით ამოუღია წიგნი, გაუწმენდია და შინიდან გაქცეულა. მას შემდეგ, როცა ღვთის სიყვარულში წინ ეღობებოდნენ, ხშირად იქცეოდა ასე... სულ პატარას ეზოში პატარა სენაკი აუგია და იქ გადასულა საცხოვრებლად. დედამისს შესცოდებია და ბალიში მიუტანია მისთვის. გაბრაზებულ ვასიკოს ბალიში ცულით აუკუწავს და დედისთვის უთქვამს: როგორ გაბედე სენაკში უნებართვოდ შესვლა და ბალიშის შეტანა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდაო.

† † †

წმინდა გაბრიელ ქიქოძეს, იმხანად ჯერ კიდევ მღვდელ გერასიმეს, 1856 წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს - სულ მოკლე ხანში გარდაეცვალა ცოლი და ხუთი შვილი. თავზარდაცემულმა მღვდლობის დატევება გადაწყვიტა, მაგრამ ეგზარქოსმა ისიდორემ გადააფიქრებინა. უთქვამს: „აი, ხომ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლ-შვილი მოგაშორა და ანგელოზებად შერაცხა, მათ ნაცვლად კი ქართველ ხალხს გაძლევს, რათა უწინამძღვრო მათ, ასწავლო გზა ჭეშმარიტებისა და მიუძღვნა უფალს ერი განათლებული და განწმენდილი ყოველგვარი ბოროტებისაგანო“. შეგონებამ გავლენა მოახდინა გერასიმეზე, დაემორჩილა უფლის ნებას და მთელი ცხოვრება მას მიუძღვნა.

† † †

IV საუკუნე იდგა. მთელი მცხეთა უდიდესი სსწაულის - სვეტიცხოვლის - სანახავად მიდიოდა. შინ მხოლოდ შვილის ცხედართან მგლოვიარე მშობლები დარჩნენ, მწარედ მოთქვამდნენ და გარდაცვლილ შვილს დასტიროდნენ: აღსდექ, ნათელო თვალთა ჩვენთაო, რათა მივეახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა, რათა ვიხაროთ სხვებთან ერთადო. უცებ გარდაცვლილი ყრმა გაცოცხლდა, ფეხზე წამოდგა და მშობლებს სვეტიცხოველთან წაყვანა სთხოვა. ჰყვებოდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულში იყო ჩავარდნილი. ანაზდად ზეციდან ნათლის სვეტი ჩამოეშვა, რომლის თავზეც მაცხოვარი იჯდა დიდებით. უეცრად სვეტიდან ხმა გამოვიდა, რომელმაც ანგელოზებს უბრძანა: წამოიყვანეთ ეგ ყრმა, მხოლოდშობილი ძე გლახაკი მშობლებისა. და დაუბრუნეთ მათ. რამეთუ მათი ტკივილებისგან „მელმისო გული“. ანგელოზებმა ყრმის სული სხეულში დააბრუნეს და მშობელთა დიდი მწუხარება დიდი სიხარულით შეიცვალა.

† † †

როსტომ რაჭის ერისთავმა ბოროტი ხალხის ჩაგონებით თავის ერთგულ ჯაფარ ჯაფარიძეს მკლავი მოჰკვეთა და თვალები დასთხარა. იმავე ხალხმა მიიმხრო სარდალი პაპუნა წერეთელი და სოლომონ პირველთან როსტომ ერისთავის დაბეზღება დაიწყო. მეფემაც, მის ორგულობაში რომ დარწმუნდა, თავის სარდალს გადასცა - „რაც გინდა, უყავიო“, - უთხრა. დაუშრიტეს როსტომსაც თვალები და ჩასვეს მოდინახეს ციხეში. პაპუნა სადმე ლხინში რომ წავიდოდა, თან ტყვეც მიჰყავდა, ამღერებდა ხოლმე - რაჭის ერისთავი სახელგანთქძული მომღერალი იყო - და თან დასცინოდა: გახსოვს, ჭალებში რომ ჩამოხდი და ხოდაბუნები დამიხანი? ახლა მე გიხდი სამაგიეროს და შენს გულს ვფარცხავო.

დიდი შაბათია, აღდგომის ძალი. საყდრის გალავანში შემოდის ერთი ახალგაზრდა და თან უსინათლო მოხუცი შემოჰყავს. მას აქ არავინ იცნობს.

ირიჟრაჟა, ატყდა საზეიმო ზარების რეკვა. „ქრისტე აღსდგა!“ - ამბობს მღვდელი. „ჭეშმარიტად!“ - პასუხობს მრევლი. გალობენ. მივიდა მგალობლებთან ის უცნობი მოხუცი და ხმის კანკალით წარმოთქვა: „ვიცანი შენი ხმა, როსტომ ერისთავო! ქრისტე აღსდგა!“ „ვინ ხარ?“ - ჰკითხა შემკრთალმა ერისთავმა. „ვეღარ გამიხსენე?“ - უთხრა უცნობმა, - შენც წახდი, მეც წამახდინე... ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!..“ „ჯაფარ?! - დაიღრიალა ერისთავმა, - მეც წავხდი, შენც წაგახდინე. ქრისტე აღსდგა, გიხაროდეს!..“ ჩაეკრა ერთმანეთს ორი ბრმა მოხუცი, გადააჭდეს ყელი ყელს და აქვითინდნენ. ხალხი სულგანაბული მისჩერებოდა მათ. მოშორდა ჯაფარა როსტომს და უთხრა: „არა, ბატონო ერისთავო, არ შვენის დღეის დღეს ტირილი“. „მართალი ხარ, ჩემო ჯაფარა, - უპასუხა როსტომმა, - როგორც ყოველთვის, შენ შენი იცი. მე კი სწორედ მაშინ აღმადგინა მკვდრეთით ღმერთმა, როცა უბედურება მომივლინა და თვალები დამთხარეს. მანამდე ყველაფერს ვუმზერდი და ვერაფერს ვხედავდი. ყურს ვუგდებდი და არა მესმოდა რა. მაშინ კი პირველად ამეხილა გონების თვალი. ჩავიხედე ჩემს გულში და ყოველივე დავინახე. მედიდურობით გაბოროტებული თურმე ჯოჯოხეთის მონა ვიყავი, ახლა კი ქრისტეს ვემსახურები და ვუგალობ შვებითა და სიხარულით. აბა, ერთი ჩვენებური რაჭული „ქრისტე აღსდგა“ დავძახოთ!“ - და ისეთი საგალობელი გაისმა. საწერეთლოს მანამდე რომ არ გაეგონა.

† † †

„იოანესა და ექვთიმეს ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ როგორი ზეგარდმო მადლითაც იყო სავსე ნეტარი მამა ეფთვიმე, ისეთივე საღმრთო წესები და განგებ ჰქონდა დამკვიდრებული თავის მონასტერში... მუდამ ევედრებოდა ძმობის წევრებს, მოსწრაფე ყოფილიყვნენ ეკლესიაში მისვლისთვის, წესიერად დგომისთვის და მხურვალე ლოცვისთვის. მამა ექვთიმე სამონასტრო წესრიგისა და ძმათა კეთილკრძალული ცხოვრებისთვის გულმოდგინედ იღვწოდა. ძმებს სიყვარულით ასწავლიდა, ამხელდა და ნუგეშს სცემდა: მათთვის ზედამხედველებად დაუდგენია კაცნი ფრიად პატიოსანნი და ღმრთისმოშიშნი, რომელთაც ეველებოდათ, თვალყური ედევნებინათ, როგორ ასრულებდნენ ძმობის წევრები წინამძღვრის მიერ დადგენილ წესებს და საჭიროების შემთხვევაში დამნაშავენი დაესაჯათ. ისინი მიდიოდნენ ძმათა სენაკებში და შინ დარჩენილებს მოიყვანდნენ ხოლმე. თუკი ვინმე არ მოვიდოდა დაწესებული ცისკრის დროს. მას ჯეროვნად განაკანონებდნენ, ისე, როგორც დააწესა მამა ექვთიმემ. ლოცვისას ყველა ეკლესიაში, კართან იდგნენ უხუცესები და ტაძრიდან გარეთ გამავალ საძმოს წევრს გასვლის მიზეზს ეკითხებოდნენ. თუკი ვინმეს ძალიან სჭირო საქმე არ ჰქონდა, ვერავინ იკადრებდა გარეთ გასვლას; ხოლო თუკი საჭირო საქმე ჰქონდა, ეტყოდა დადგენილ უხუცესს (ეპიტირიტსს) და სწრაფადვე დაბრუნდებოდა უკან. თუკი დაიგვიანებდა, უხუცესი მას ბრალს მოჰკითხავდა და გააფრთხილებდა: „ამას ნუღარა იქმ!“ და თუკი გაიმეორებდა, სატრაპეზოში აღარ შეუშვებდნენ. არამედ იმ დღეს ხმელი პურის ჭამას ან ას მუხლმოდრეკას განუწესებდნენ. თუკი კიდევ ვინმეს იპოვიდა წმიდა მამა ექვთიმე უდებს, დახსნილს და ახალმოსულს, მათ ზედიზედ ეუბნებოდა, ასწავლიდა, ამხილებდა და ნუგეშს სცემდა. ხელოსნებს სთხოვდა, მარჯვედ ყოფილიყვნენ და არავისთვის გაეჭირვებინათ საქმე.

† † †

„წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ „მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა“. არამედ პირველად გამოცდიდა ყოველ კეთილ საქმეზე და თუკი იპოვიდა გულით უმანკოს, უზაკველს და ყოველი კეთილი საქმისთვის უდრტვინველად და სიმდაბლით მორჩილს, სიხარულით შეიწყნარებდა. ამიტომაც ყოველი მისი მოწაფე ფრიად კეთილი იყო და ღირსად შემწყნარებელი მისი წმინდა სათნოებებისა. და ასე კეთილად ცხოვრობდნენ ისინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდ იწროებაში იყვნენ.