მოიღუაწე ღუაწლი იგი კეთილი

* * *

ერთი ბერი უდაბნოში მოღვაწეობდა. იგი წყალს ძალიან შორი მანძილიდან ეზიდებოდა შრომითა და დიდი გაჭირვებით. ერთხელ სულმოკლეობამ სძლია და შეიპყრო ზრახვამ: „რისთვის არის საჭირო ამდენი შრომა. ამას არ სჯობს, წყლის მახლობლად დავიწყო მოღვაწეობაო?“ როდესაც ამ განზრახვის აღსრულებაზე ფიქრობდა, იხილა არსება, რომელიც მას მისდევდა და მის ნაბიჯებს ითვლიდა. ბერმა ჰკითხა, ვინა ხარო. მან მიუგო: „მე ვარ ანგელოზი, რომელიც მომავლინა უფალმა შენი ნაბიჯების დასათვლელად და ამისთვის დიდი მადლის მოსანიჭებლად“. ბერმა ეს რომ გაიგონა, გაძლიერდა და უდაბნოს უფრო შორ სიღრმეებს მიაშურა სამოღვაწეოდ.

* * *

ანტონი დიდი ერთხელ მოწყენილობამ და ცუდმა ფიქრებმა მოიცვა, მაგრამ მალე შეშინებულმა შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო! მინდა, რომ გადავრჩე, მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა მიტაცებს. მაჩვენე გზა, რითაც დავძლევ ამ საშინელ ფიქრებს. მასწავლე, როგორ გადავრჩე“. რამოდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ანტონი გამოვიდა თავისი კელიიდან და დაინახა უცნობი, რომელიც ჯერ ხელსაქმეს უჯდა, შემდეგ ადგა და ილოცა. ასევ დაჯდა და ქსოვდა, მერე ისევ დადგა ლოცვაზე... ეს იყო ანგელოზი, რომელიც მონაზონის სახით გამოეცხადა ანტონს, რათა გამოესწორებიდა და გაეფრთხილებინა იგი. ამ დროს, როდესაც წმინდა მეუდაბნოე უყურებდა მას, უხორცო მფარველმა უთხრა: შენც ასე მოიქეცი და გადარჩები. ეს რომ გაიგო, წმინდა ანტონი სიხარულით და იმედით აივსო და ამის შემდეგ აღარასოდეს დაურღვევია ანგელოზური წესი.

* * *

„წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, რომ „მამაი გრიგოლ არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა“, არამედ პირველად გამოცდიდა ყოველ კეთილ საქმეზე და თუკი იპოვიდა გულით უმანკოს, უზაკველს და ყოველი კეთილი საქმისათვის უდრტვინველად და სიმდაბლით მორჩილს, სიხარულით შეიწყნარებდა. ამიტომაც ყოველი მისი მოწაფე ფრიად კეთილი იყო და ღირსად შემწყნარებელი მისი წმინდა სათნოებისა. და ასე კეთილად ცხოვრობდნენ ისინი სულიერად, ხოლო ხორციელად დიდ იწროებაში იყვნენ.

* * *

როდესაც მამა მაქსიმეს ჰკითხეს: „რა ვქნათ, როდესაც არა გვაქვს შინაგანი სულიერი საქმეო“, - მიუგო: თუკი არა გაქვთ შინაგანი სულიერი საქმე, მაშინ მოიწადინეთ და იღვაწეთ, რათა ხორციელი შრომა აღასრულოთ და ამგვარად მოიგებთ სულიერ საქმესაცო.

 

უდები ახალგაზრდა მონაზონი

კონსტამონიტოსის მონასტერში იღუმენი ფილარეტის დროს ცხოვრობდა ერთი მონაზონი, რომელიც მცონარების გამო არ ჩამოდიოდა მსახურებაზე და არც თავის სულიერ მოვალეობას ასრულებდა.

დიდად კეთილკრძალული იღუმენი მამა ფილარეტი მუდმივად შეაგონებდა და შენიშვნებს აძლევდა მას, მაგრამ იგი ამას კვლავაც არაფრად აგდებდა. უხუცესიც იძულებული გახდა, იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისთვის მიენდო და დღედაღამ სთხოვდა, დახმარებოდა ძმას.

ერთ დღესაც ძმამ იხილა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, რომელმაც მწუხარებით მიმართა:

- მადარდებს შენი უმსგავსობა. ახლა, როდესაც ახალგაზრდა ხარ და ჯანმრთელი, არ ჩადიხარ ტაძარში სალოცავად, ზიხარ სენაკში და გახრჩობს უხამსი გულისთქმები, როდისღა წახვალ? როცა დაბერდები და დაუძლურდები?

ამ მოვლენის შემდეგ მონაზონი სრულიად შეიცვალა, იგი პირველი ჩამოდიოდა მსახურებაზე და დიდი მონდომებით იღწვოდა.