სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს

„რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან,
სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს
სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი“ (I იოანე 5,4).

„ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ (იოანე 20,27).

ყოვლადესამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო და ღვთისმოსავნი, შვილნო საქართვვლოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო საყვარელნო ჩვენო თანამემამულენო, გიხაროდეთ,

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

მასთან ერთად აღდგა ცოდვით დაცემული ადამიანი, - დანაშაული გამოისყიდა.

თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).

ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხვბს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.

ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ მსხვერპლი მიღებული და შეწირულია, რომ გამარჯვება სიკვდილზე მოპოვებულია და ღმერთსა და კაცს შორის ზღუდე შემუსრულია, - კავშირი აღმდგარია!

მაგრამ აუცილებელია, რომ აღდგომის ამ მადლს ეზიაროს ადამიანი. ჩვენი გადარრენა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ნებით მივიღებთ და მთელი არსებით შევითვისებთ მაცხოვრის მიერ ჩვენთვის ნაბოძებ სიკეთეს.

და მართლაც, ქრისტეს აღდგომა არ არის მხოლოდ აქტი გამარჯვებისა. იგი არის მოწოდება ყოველი ადამიანისადმი, რათა ისიც გახდეს მონაწილე ამ დიადი ზეიმისა.

კაცობრიობის ხსნის მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. ადამიანისა და ქვეყნის ხსნა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: თუ ადამიანი გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება მისი გარემომცველი სამყარო, ხოლო თუ იგი დაეცემა და სულიერად დაიღუპება, დაიღუპება ქვეყანაც.

რწმენა, - აი უპირველესი და აუცილებელი პირობა ჩვენი გამართლებისა და ხსნისა, რამეთუ თჳნიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნოყოფაჲ ღვთის წინაშე (ებრაელთა 11,6).

ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა, ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს.

იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს (მათე 5,48), - მოგვიწოდებს უფალი.

სრულყოფა ცოდვისაგან განდგომას ნიშნავს. ცოდვა, როგორც სამართლიანად შენიშნავს მღვდელი პავლე ფლორენსკი, არის სულის ქაოსური მდგომარეობის შედეგი. „ცოდვა არის სულიერი ცხოვრების მოშლა, დარღვევა და დაქცევა მისი. სული კარგავს სუბსტანციურ ერთობას, კარგავს თავისი შემოქმედებითი ბუნების აღქმის უნარს და ინთქმება ქაოსური მდგომარეობის გრიგალში, უარს ამბობს რა თავის სუბსტანციურობაზე“ (პავლე ფლორენსი, „ლოგოსი ქაოსის წინააღმდეგ“).

საერთო, ზოგად მდგომარგობაზე დიდადაა დამოკიდებული ცალკეული ადამიანის სულიერი ცხოვრება.

ჩვენს საუკუნეს შეიძლება ვუწოდოთ დიად გარდაქმნათა ეპოქა, მაგრამ იგი, ამავე დროს დიდი რღვევის ხანაცაა.

შეხედულებების, იდეოლოგიის, ღირებულებათა ცვალებადობა. ხალხთა დაყოფა და კვლავ გაერთიანება, მსოფლიო ომები, სისხლი, აქამდე არგაგონილი ავადმყოფობანი, ქვეყნის ერთ მხარეს უსაზღვრო ფუფუნება, მეორეში კი - შიმშილი და უკიდურესი სიღატაკე, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია და სულიერი დაცემა, ეკოლოგიური, დემოგრაფიული გადაუჭრელი საკითხები და სხვა პრობლემები, - აი დაახლოებითი სახე მეოცე საუკუნისა.

მეცნიერულ განვითარებას ვერავინ შეაჩერებს, - ასეთია ღვთის ნება. სამწუხაროა ის, რომ ტექნიკის მიღწევებს დიდად ჩამორჩა ჩვენი სულიერი ზრდა. ამან კი შექმნა დიდი საფრთხე როგორც ცალკეული პიროვნებისთვის, ისე მსოფლიოსათვის.

თუ ჭეშმარიტად გვსურს წინსვლა, სულიერი ღირებულებანი უნდა მოვიპოვოთ. ყველა სხვა მცდელობა უკან სვლას ნიშნავს.

უნდა ვიყოთ გაბედულნი, მტკიცენი, გონიერნი და მიზანდასახულნი, გადაუჭრელ საკითხთა სიმრავლემ არ უნდა დაგვაბნიოს. სიბრძნე სწორედ იმაში უნდა გამოვავლინოთ, რომ გავარჩიოთ მთავარი მეორეხარისხოვანისაგან, მარადიული - მსწრაფლ წარმავალისგან.

მაცხოვარი გვიჩვენებს გადარჩენის ერთადერთ გზას: „მოვედით ჩემდა... და მე განგისვენოთ თქვენ... რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“ (მათე 12,30).

ერთი ალპინისტის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: იგი დაიღუპა მწვერვალზე ასვლისას. ბედნიერი და ნეტარია ის, ვინც სრულყოფის მწვერვალზე ასვლისას კვდება.

მაგრამ იქნებ ეს ყოველივე მოჩვენებითია და არ ღირს ამაღლებულზე ფიქრი. იქნებ სჯობს მიწიერი, მდაბალი კანონებით ცხოვრება, ცხოვრება იმ აზრით, რომ ყველაფერი დასაშვები და მისაღებია, რომ კარგი ყოფა კარგ სმა-ჭამას და გართობას ნიშნავს და ეს საკმარისია ადამიანისათვის.

სოფლის საცდური, - რა მრავალფეროვანი და საშიშია იგი!

ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისგან მოვიდეს საცთური (მათე 18,7), - ბრძანებს წმიდა წერილი.

ჩვენ უკვე ვიგემეთ ეს. მიწიერებით სავსე ცხოვრება დამახასიათებელი ნიშანი იყო XX საუკუნისა. თუ რა შედეგი მოგვიტანა ამან, დღეს ნათლად ვხედავთ. კიდევ ერთხელ გამართლდა ძველი სიბრძნე: თუ დათეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დათეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას და სიკვდილს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა სიყვარული და სიკეთე თესოს და არა ბოროტება და სიცრუე?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჭეშმარიტი რწმენა, რწმენა ერთიანი, განუყოფელი, წმიდა სამოციქულო ეკლესიისა, რომლის მადლსაც ატარებს მართლმადიდებლური სარწმუნოება, და მისი კანონებით ცხოვრება.

საზოგადოება თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანული აღზრდის გარეშე არაფერი გამოვა. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, ეკისრება ეკლესიას. მღვდელმსახურებსა და სასულიერო განათლების მქონე ღვთისმოსავ მორწმუნეთ.

რევოლუციის შემდგომი დრო მეტად მძიმე პერიოდია ეკლესიის ისტორიაში. ეს არის ჟამი, როცა სხვათა და სხვათა აგზნებული გონებანი წყვეტდნენ საკითხს ეკლესიის ყოფნა-არყოფნის შესახებ, ისინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარეგნულ სახეს ხედავდნენ, ხოლო ღვთიური, მისტიური არსი სარწმუნოებისა მათთვის გაუგებარი იყო.

იმ მძიმე წლებში ეკლესია იყენებდა მისთვის შესაძლებელ ყველა საშუალებას, რათა არ შეეწყვიტა მფარველობა და აღზრდა თავისი სულიერი შვილებისა. დღეს დრო შეიცვალა. ამიტომაც გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს მორწმუნეთა სულიერი დონის ასამაღლებლად.

როდესაც ვლაპარაკობთ სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ განვითარებაზე, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ ზრუნვას ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდაზე.

დამღუპველია, როცა ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სიცრუეს, ამით ამახინჯებენ მათ შეუბღალავ სულს და ჯერ კიდევ სუსტ ნებისყოფას.

ერთ სიცრუეს მეორე ემატება, მეორეს - მესამე და ასე დაუსრულებლად. ცოდვა თანდათან იკიდებს ფეხს, შემდეგ კი უკვე ჭირს სიმართლის გზით სვლა.

გზა სიმართლისა და ჭეშმარიტებისა არის ქრისტეს გზა. იგი ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ - კურთხეული და სამეუფო, ერთადერთი და გადამრჩენი. მაცხოვარი გვაფრთხილებს: შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას ზედა, ვითარ - იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა და მცირედნი არიან, რომელნი ჰპოვებენ მას (მათე 7,13-14).

ბედნიერია, ვისაც შეუძლია გაიმეოროს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი (უფალო) მე არა დავივიწყენ“ (ფსალმუნი 118,30).

ასეთი პიროვნება მზად არის თავი დასდოს მოყვასისათვის. იგი ცხოვრობს ახლობელთა და შორეულთა, განსაკუთრებით კი გაჭირვებულთადმი სიყვარულით, განსაცდელის ჟამს დიდად მომთმენი და შემნდობია, ტირის მტირალთან, წუხს მწუხარესთან, უხარის მხიარულთან; მან არ იცის შიში საფრთხის წინაშე;

მინდა ასეთი მაგალითი მოვიტანო ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან:

როცა მას ცხრა წელი შეუსრულდა, მამამ დაბადების დღისათვის პატარა ცული უყიდა. გახარებული ბიჭუნა ბაღში გაიქცა იმ გადაწყვეტილებით, რომ მაშინვე გაესინჯა თავისი საჩუქარი. მამამისს აქ საუცხოო ხეხილი ჰქონდა ჩაყრილი და ხეივანი გაშენებული. პატარა ჯორჯმა დაიწყო ცულით მათი ჩეხვა.

საღამოს გავერანებული ბაღი რომ ნახა, მამამ მკაცრად იკითხა: ეს ვინ ჩაიღინა?

ბიჭი აკანკალდა, მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ მივიდა მამასთან, მის წინ დაიჩოქა და თქვა: მე ვარ დამნაშავე.

მამა შეძრწუნდა და არ იცოდა, რა ეთქვა. უცებ მის თვალებს ცრემლი მოადგა, ბიჭი გულში ჩაიკრა და უთხრა: შვილო, შენ ახლა იმაზე ასწილად მეტს მაძლევ, ვიდრე შენ შენი დაუფიქრებელი ქცევით დამაკარგვინე. ბედნიერი ვარ, რომ შეგიძლია, ყოველგვარი შიშის გარეშე აღიარო სიმართლე, არ უფრთხი დასჯას და შენზე შთაბეჭდილების შეცვლას (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, რიგა, 1914, გვ.66).

ძალიან ხშირად კი მშობლები თვითონ უბიძგებენ შვილებს სიცრუისაკენ, თვითონ აყალიბებენ მათ მლიქვნელებად და კარიერისტებად.

კიდევ ერთ მაგალითს მოვიხმობ:

აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო.

ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე უძვირფასესი ხუთი ბეჭედი უელავდა. მან ბრძანა: მოგიწვიეთ იმიტომ, რომ სიმართლე მოვისმინო თქვენგან. ამ ბრილიანტებს ხომ ხედავთ, თქვენ მათ საჩუქრად მიიღებთ სიმართლისათვის.

შეთავაზებული ჯილდოთი გაბრუებულმა ოთხმა ქვეშევრდომმა მლიქვნელობა დაიწყო მეფის წინაშე. განადიდებდნენ მის სახელს და ძალას და ყველა დროის გმირთა შორის სწორუპოვრად სახავდნენ. ხოლო როცა საქებარი სიტყვები გამოელიათ, ახლა ღმერთთან შედარება დაუწყეს.

მეფემ თავისი ოთხი ბეჭედი დაპირებისამებრ მისცა მათ, შემდეგ კი მეხუთეს მიუბრუნდა და დუმილის მიზეზი ჰკითბა. თქვი, რას ფიქრობ ჩემი ხელისუფლებისა და დიდების შესახებ, - უბრძანა.

მე ვფიქრობ, - მიუგო მან, - ძალაუფლება ღვთისგან იმიტომ მოგეცა, რომ შენ შენს ხელქვეითთ მოუტანო ბედნიერება. დადგება დრო, როცა უფალი მკაცრად მოგკითხავს ანგარაშს. დიდება შენი ცრუა და საშიში, თუ შენ ცდილობ მტერზე ბატონობასა და მის დათრგუნვას და არ გსურს კეთილსინდისიერად აღასრულო შენი ვალი.

მეფემ უთხრა: მე არ გიბოძებ შენ მეხუთე თვალს, არამედ გიძღვნი ჩემს ნდობასა და სიყვარულს. დარჩი ჩემთან, მე ვპოვე შენში ჭეშმარიტი მეგობარი (ა. დეკოპეტი, ქადაგებანი ბავშვებისათვის, გვ. 70).

სიმართლის სიყვარული უდიდესი მადლია.

ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.

უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი - კვდება მეორე ანუ სულიერი სიკვდილით.

ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.

მადლობა ღმერთს, ხალხმა თანდათან იგრძნო წყურვილი სიმართლისა. მაგრამ ეს სწრაფვა არ ენდა იყოს ამა თუ იმ გარემოებით გამოწვეული. იგი უნდა იქცეს ჩვენს არსებით, განუყრელ, ყოველდღიურ და გამუდმებულ მოთხოვნილებად.

„ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგი განძღნენ“ (მათე 5,6).

სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ვერ გრძნობენ, რა არის სიმართლე.

მრავალნი არიან გულდახურულნი, რომელთაც არ შეუძლიათ მიიღონ იესო ქრისტე - ჭეშმარიტება. იგი მიუწვდომელი და დაფარულია მათთვის.

ზოგნი „ჭეშმარიტებას“ სიცრუეში ხედავენ და ვერ ახერხებენ მისგან განთავისუფლებას.

„ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით“ (I კორინ. 15,32), - ბევრნიც ასე ფიქრობენ.

ასეთი ადამიანები უაზრო ყოფაში ატარებენ ცხოვრებას. სათნოება კი მათი სულის უმაღლესი მოთხოვნილება რომ იყოს, სულ სხვანაირად აღიქვამდნენ სამყაროს.

მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფალი მოწყალეა და სასოებას არ გვიკარგავს. ადამიანი ხომ ცოდვილია, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ცოდვის მორევში დანთქმულიც კი არ კარგავს იმედს გამოსწორებისას. ეს იმიტომ, რომ ჩვენში არასოდეს ქრება ღვთის ხატება.

ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.

დღეს უკვე გამოიკვეთა იმ აზრის სიმცდარე, ჩვენი საუკუნის დასაწყისში რომ მოედო მსოფლიოს. როცა ფიქრობდნენ, რომ მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ღვთის რწმენას საბოლოოდ შეარყევდა, რადგანაც იგი სამყაროს ყველა საიდუმლოს ახდიდა ფარდას და რელიგიისთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.

პირიქით კი მოხდა. რაც უფრო განვითარდა მეცნიერება, ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი, მით მეტი აუხსნელი კითხვა დაიბადა, რადგანაც ამა თუ იმ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი ახალი საიდუმლოებანი გამოავლინა.

მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა შექმნილი და არა უაზრო, უმიზნო შრომისთვის გაჩენილი, რასაც ათეულობით წელი შესწირა. ეკლესიაა ის ერთადერთი სავანე, სადაც ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავი და იგრძნოს ამ სამყაროში თავისი ნამდვილი დანიშნულება.

ეკლესიის წევრნი რომ გავხდეთ, აუცილებლად უნდა მივიღოთ ნათლობის საიდუმლო.

ადრე ხალხი მთელი მონდომებით ემზადებოდა ამისთვის. პირველ საუკუნეებში ასეთი წესი იყო: ნათლობის მიღების მსურველს ნათლიები მიიყვანდნენ ადგილობრივი ეკლესიის ეპისკოპოსთან და დაადასტურებდნენ მოსანათლის მტკიცე განზრახვას. ნათლიების ამ განაცხადის შემდეგ ეპისკოპოსი მონათვლისთვის მოსულს კათაკმეველთა, ანუ ნათლობის მიღების მსურველთა, სიაში შეიყვანდა, და იწყებოდა სწავლის პროცესი, რომელიც ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. მათ ასწავლიდნენ მოძღვრები ან ეპისკოპოსის მიერ სპეციალურად დადგენილი დიაკონნი, ანდა ღვთისმორწმუნე განათლებული ქრისტიანები.

წირვის დროს კათაკმეველნი იყვნენ ტაძარში იმ დრომდე, ვიდრე დიაკონი იტყოდა ასამაღლებელს: „რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით“... ამის შემდეგ ისინი ტოვებდნენ ეკლესიას, ლიტურღიას კი მხოლოდ მართალნი ანუ მონათლულნი ესწრებოდნენ.

კათაკმეველნი თანდათან ხდებოდნენ ეკლესიის აქტიური წევრნი, გულდასმით ეცნობოდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, და ბოლოს მთელი შეგნებით იღებდნენ მის ნათელს - ინათლებოდნენ.

დროა, ამ ძველ კანონს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და კვლავ აღვადგინოთ ეკლესიაში კათაკმეველთა წესი. მითუმეტეს, რომ ყოველი მღვდელმოქმედება და, განსაკუთრებით, საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება. მომზადების საფეხურისაგან და შესრულებისაგან.

თვითონ ეკლესიაც თავისებური მოსამზადებელი სავანეა, სადაც მორწმუნენი მარადიული ცხოვრების დაწყებისთვის იწვრთნებიან. ამავე დროს ეკლესია არის საიდუმლოთა აღმსრულებელი. აქ ადამიანი სულიერად იბადება, აქ ხდება მისი ფერისცვალება და სულიწმიდის ტაძრად ქცევა.

ასე რომ, ორბუნებოვნება ეკლესიაში წარსულ და მომავალ დროში ვლინდება.

ეკლესიურ ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში აღწევს ადამიანი თავისთავთან ნამდვილ ერთობასა და მთლიანობას; ეს არის ის საოცარი სამყარო, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ზეცა და მიწა, ღმერთი და ადამიანი, ადამიანი და მოყვასი, რადგანაც აქ ვლინდება მთელი სისრულით იესო ქრისტე - ძე ღვთისა და ძე კაცისა, სათავე სინათლისა და სიმართლისა.

ჭეშმარიტებას, მართალია, სრულად ვერასდროს შევიცნობთ, მაგრამ მისდამი მუდმივი სწრაფვა აუცილებელია, ესაა ჩვენი მოწოდება.

ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე“. დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ თავისუფლებას და ნეტარებას.

დანო და ძმანო ჩემნო, ჩვენთვის დღეს მაცხოვრის აღდგომის სიხარული 9 აპრილის ღამეს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და მთიან აჭარაში სტიქიით მომხდარი უბედურების მწუხარებასთან არის წილნაყარი.

„მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნეს იგინი უფალმან“ (ფსალმუნი 33,19), - გვასწავლის დავით წინასწარმეტყველი.

რატომ ხდება ასე? - იმიტომ, რომ მართალი უყვარს უფალს; მას სჯის და ამ დასჯით წვრთნის; სურს, ჩაახედოს იგი საკუთარ სულში, დაანახოს შეცდომები და მათი დაძლევის გზები.

მთავარია გულისხმიერებამ და გონიერებამ არ გვიღალატოს, რომ სწორ გზას არ ავცდეთ.

დიახ, რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას.

ისტორიულად ჩვენ დაყოფის ცოდვა მოგვდგამს. შური და გაუტანლობა გვთიშავდა საუკუნეთა მანძილზე. ასეა ახლაც. ჩვენ ვერ დავძლიეთ ეს სენი. უფალი გვეხმარება, მწუხარებისა და დიდი ტკივილის ფასად აღვიძებს ჩვენს ეროვნულ სულს, გვკრავს და გვაერთიანებს. ამაშია ჩვენი გადარჩენა. მივყვეთ ამ გზას, მოვუხმოთ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თორემ განსაცდელი გაცილებით დიდი შეიძლება გვერგოს.

9 აპრილის ღამემ ბევრი რამ დაგვანახა. დაგვანახა, რომ არ არსებობს სიკეთის მომრევი ძალა, და თუ ჩვენ რწმენით, სიყვარულითა და სიმართლით ვივლით, გამოვიჩენთ წინდახედულებას, გავიმარჯვებთ.

იმ ღამეს საქართველომ იტვირთა და თავის თავზე მიიღო უმძიმესი დარტყმა. ის, რაც აქ მოხდა, სხვაგან, ალბათ, არ განმეორდება. საქართველომ იხსნა სხვა ერები ასეთი განსაცდელისგან. ესეც ღვთისგან ჩვენზედ დაკისრებული მისია იყო. ამისთვის ვმადლობთ ღმერთს.

საქართველოს ეკლესია აღავლენს ლოცვებს უდანაშაულოდ მსხვერპლშეწირულთა სულის საოხად, რათა უფალმან დააწესოს იგინი სავანესა მართალთასა. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, ამინ!

მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ზეიმის დღეა, ღვთაებრივი მადლი აღდგომის სიხარულისა სძლევს ყოველგვარ მწუხარებას. მაშ, შეიმოსეთ სიხარულით. იგი თქგენი მუდმივი თანამდევი იქნება, თუ სიყვარულის გზას აირჩევთ და მას გაჰყვებით.

გულითადად გილიცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის მფარველობა, მშვიდობა მისი, სიყვარული და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ.

სააღდგომო ეპისტოლე ისო ზირაქის წიგნის ამ სიტყვებით მინდა დავამთავრო: „ნუ ჰყოფ ბოროტსა და არ გეწიოს შენ ბოროტი. განეშორე უსამართლოსა და მიდრკეს შენგან“ (ისო ზირაქი 7,1-2).

შევსთხოვ ღმერთს, რათა გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა.

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1989 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.