სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: „ნეტავ ყურად გეღო ჩემი მცნებები!
მაშინ მდინარესავით იქნებოდა მშვიდობა შენი და
ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ (ესაია 48,17-18)

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, უფლისგან დალოცვილი საქართველოს მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო საყვარელო თანამემამულენო:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

პასექი ქრისტესი დღესასწაულია სიხარულისა. სიხარული, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ჩვენს გულებს და ჩვენც, ამ გრძნობით გაბრწყინვებულნი, სულ სხვანაირად აღვიქვამთ სამყაროს, რადგან ეს სიხარული არამიწიერი სიყვარულიდან მომდინარეობს, რომლის უშრეტი წყარო უფალი ბრძანდება, ამიტომაც წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი სიყუარული არს“ (1 იოანე 4,8).

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია.

ცნობილი ფილოსოფოსი ი. პავლოვი წერდა: „ცხოვრება მკვეთრად გამოყოფს ადამიანთა ორ ძირითად სახეს: მხატვრებს და მოაზროვნეთ. მათ შორის დიდი განსხვავებაა. მხატვრები სრულად, მთლიანად, ყოველგვარი დანაწილებისა და ჩამონაჭრების გარეშე იწოვენ სინამდვილეს. მოაზროვნენი კი - ყოფენ, აცალკევებენ მას და შემდეგ ამ ნაწილებს აერთებენ და ცდილობენ ასეთი სინამდვილე ხელახლა გააცოცხლონ“ (ტ. 3. გვ. 213, 1951 წ.). როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის აუცილებელია სიყვარულით ცხოვრება.

ადამიანი და საერთოდ ყოველი ხილული თუ უხილავი, - ღვთის ქმნილებაა. ამიტომაც ვალდებულნი ვართ სულიერი თვალით მოვიძიოთ და დავინახოთ შემოქმედი ჩვენი და მივსდიოთ მას.

წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ „მორჩილი თიხა მის ხელში“.

„მიუძღვენი ღმერთს გული ლმობიერი და დამჯერი, გაუფრთხილდი ამ ხელოვანის მიერ ბოძებულ ხატებას შენში. შეინარჩუნე სირბილე, რომ არ გაუხეშდე და არ დაკარგო ანაბეჭდი მისი თითისა. მისმა ხელმა შექმნა შენი არსება, თუ მის ხატებას დაიცავ, სრულყოფილებას მიაღწევ, რადგან უფლის ხელოვნება ადვილად გამოძერწავს შენში არსებულ თიხას, ბაჯაღლო ოქროთი და ვერცხლით სრულად განგამშვენებს იგი და მოგრთავს ისე, როგორც ინებებს მეუფე შენი სილამაზისა“ (ტ. 4. 39,2).

ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის იგი, რისთვისაა მოწოდებული, საით მიდის, რისკენ ისწრაფვის? ჩვენი ცხოვრების მიზანი და გზა შეიძლება იყოს სულიერიც და მიწიერიც.

ერთი ცნობილი ფილოსოფოსი თავის ნაშრომში მსჯელობს მიზნის თავისებურ განუსაზღვრელ მრავლობითობაზე, „ათას და ერთ მიზანზე“. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც დღეს. მიზნები უთვალავი გვაქვს, გეგმები - უდიდესი, ხოლო კონკრეტული - არაფერი. ყველა დიდი საქმე კი მცირედით, მაგრამ რეალურით იწყება; გზა რომ განვლო, ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგა.

საპატრიარქოში ხშირად მოდიან ცნობილი უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ ჩვენს ყოფას, ჩვენს საქმიან წრეებს, ისინიც კონკრეტულობას მოკლებულ ჩვენს აზროვნებაზე გამოთქვამენ შენიშვნებს.

ეს მეტყველებს ჩვენს მოუმზადებლობაზე, ჭარბ მაქსიმალიზმზე. ამიტომაც ვექცევით გრანდიოზული აჩრდილების და ილუზიური მისწრაფებების ტყვეობაში და ვეღარ აღვიქვამთ, ვეღარ ვხედავთ არსებით, ნამდვილ საქმეებს.

პასკალი შენიშნავდა, რომ ზოგი ადამიანი თავისთავს აღემატებაო. შეიძლება ამით აიხსნეს ჩვენთვის დამახასიათებელი სწრაფვა გრანდიოზულობისაკენ.

ხშირად ადამიანები, ერთსა და იმავე ფაქტებსა და პრობლემებს ერთსა და იმავე სიტუაციაში განსხვავებულად აფასებენ. ზოგიერთნი თითქოს ჰიპნოზის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ხედავენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ იმას, რაც სხვათათვის აშკარაა, ცხადია, ეს ფაქტი არ აიხსნება ინტელექტის ნაკლებობით, ან დაბალი კულტურით. აქ უფრო ღრმა სულიერ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

ადამიანი, როგორც წესი, კეთილი ან ბოროტი ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ამავე დროს, თვითონ არის თანამონაწილე და მიზეზი ამა თუ იმ ენერგიის გავლენისა.

ზოგჯერ პიროვნება გრძნობს თავის არასწორ მოქმედებას და მისგან გამომდინარე ცოდვას, მაგრამ ძალა არ შესწევს წინააღმდეგობა გაუწიოს თავის სულში ფეხმოკიდებულ ბოროტებას.

მოციქული პავლე სიმბოლოა ორი დაპირისპირებული ძალის - სიკეთისა და ბოროტების ბრძოლისა. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში იგი წერს: „არ მესმის, რას ვაკეთებ, იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“ (რომ. 7,15).

მოციქული აშიშვლებს თავის სულს და გვიჩვენებს გაორება მისი პიროვნებისა, ანუ ისეთ მდგომარეობას, როცა გრძნობ, ერთ სხეულში თითქოს ორი ადამიანი სახლობს.

იმ მომენტში წმიდა პავლე ხედავდა, რა იყო სიკეთე, მაგრამ არ შეეძლო ეკეთებინა იგი: მას სძულდა ბოროტება, მაგრამ თავს ვერ იკავებდა, რომ არ ემოქმედა მისი კანონებით. საოცარია, თითქოს ეს დიდი მამა თანამედროვე ადამიანებზე წერს, ჩვენზე საუბრობს.

ამით მოციქული გვაჩვენებს, რომ ცოდნა სიკეთისა და ბოროტებისა და უნარი მათი გარჩევისა, არ ცვლის ჩვენს ცხოვრებას, არ ანიჭებს ადამიანს ღვთის სათნო ბუნებას; აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, გამბედაობა და უფლის შეწევნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლის შეწევნა, რამეთუ მის გარეშე ყოველივე განწირულია დასაღუპად.

გავიხსენოთ მოციქული პეტრე. თავის ერთგულებაში დარწმუნებულმა უთხრა მან მაცხოვარს: „შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არასოდეს უარგყოფ შენ“ (მათე 26,35). იესო ქრისტემ აჩვენა მას, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა ნათქვამი შესრულებას და მართლაც, სამჯერ უარყო წმიდა პეტრემ უფალი და მოძღვარი თვისი.

აუცილებელია, გავაანალიზოთ არა მარტო ჩვენი მოქმედება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აზრები, რადგან ესა თუ ის კეთილი თუ ბოროტი სურვილი ჯერ აზრობრივად ყალიბდება და მერე იქცევა იგი მოქმედებად.

თუ კეთილი რამ განიზრახე, მაინც კარგად დაფიქრდი, მრავალი კუთხით განიხილე იგი და განსაზღვრე მისი შემდგომი განვითარებაც. დაიმახსოვრე, კეთილი ფიქრი ისაა, თუ განხორციელების შემთხვევაში სიხარულს მოუტანს არა მარტო მას, რომელ ადამიანშიც იგა იშვა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სხვებს, - მის გარშემო მყოფთ. მსგავსად ამისა, ბოროტი განზრახვაც პირველ რიგში ზიანს აყენებს თვითონ ამ ადამიანს, ანგრევს მის სულიერ ტაძარს, შეურაცხყოფს და ბილწავს მას.

თუ უმსგავსო ფიქრს იმთავითვე არ მოვიკვეთთ და არ განვაგდებთ, იგი გულში გადავა, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს და გამოვლინდება ბოროტ სიტყვაში, ცუდ ქცევასა და მოქმედებაში.

უნდა მივეჩვიოთ გონების მობილიზაციას, ყურადღების მოკრებას, უნდა ვისწავლოთ აზროვნების კულტურა.

თუ განსჯის საგანზე შევაჩერებთ გონებას და მოვახერხებთ აზრების ერთ ფოკუსში თავმოყრას, თუ შევძლებთ გარეშე, მეორეხარისხოვანი ფიქრებისა და ცუდი ზრახვებისაგან თავის დაღწევას, მოვიპოვებთ დიდ წარმატებებს და გამოვიმუშავებთ უნარს მობილიზებული ღრმა და სწრაფი აზროვნებისა.

ადამიანი, რომელიც ადვილად არჩევს დახვავებულ ფუჭ იდეებს ჭეშმარიტისაგან, სერიოზულს - არასერიოზულისაგან, რეალურს - არარეალურისაგან, უკვე ღრმა აზროვნების გზაზეა დამდგარი.

გონიერების ერთ-ერთი ნიშანი სიდინჯეცაა.

ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც „მტრების“ გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეთბას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს, უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს.

თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ცალკეული ადამიანები, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა, გახდა ძალიან ემოციური, ადვილად აღგზნებადი, აგრესიული, რომელსაც სადღაც ძალიან მიეჩქარება.

მოულოდნელი პოლიტიკფრი და სოციალური ცვლილებები, გადატრიალებები, ომები მეტად ართულებენ პიროვნებებს, ხალხებს და სახელმწიფოებებს შორის ურთიერთობებს, რაც შედეგად იწვევს პესიმიზმსა და გულგატეხილობას.

ზოგიერთნი ვეღარ უძლებენ დაძაბულობას, ცხოვრების მძიმე ტვირთს და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ის კი არ იციან, რომ დაუსრულებელი ტანჯვისთვის წირავენ სულს.

თავის მოკვლა არის საშინელი დანაშაული, რომელიც სულიწმიდის გმობად ითვლება და იგი არავის ეპატიება. ამ ცოდვის ჩამდენი ჯოჯოხეთის მსხვერპლი ხდება.

სახარებაში ვკითხულობთ: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეგევება მათ“ (მათე 12,31).

ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ უმძიმესი დანაშაულისაგან.

იმედი არასოდეს არ უნდა დავკარგოთ.

ღვთის წყალობა უნდა ვეძებოთ და ვიპოვით კიდეც გზას ერთი შეხედვით უნუგეშო მდგომარეობაშიც კი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ოღონდ საკითხი არ უნდა დავსვათ ასე: ყველაფერი ან არაფერი. უნდა დავიწყოთ ძალიან მცირედან, ყოველდღიურიდან, ჩვეულებრივიდან. ანტონი დიდის ცხოვრება ამ მხრივ ბევრს გვასწავლის.

როდესაც ეს ღირსი მამა მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა და ეჭვიც კი შეეპარა არჩეული ყოფის სისწორეში, გულმხურვალედ დაიწყო ვედრება უფლისადმი, რომ რჩევა მიეღო მისგან. და მოევლინა წმიდა ანტონს ანგელოზი, რომელმაც უთხრა, რომ ყოველი ადამიანისათვის, თუნდაც იგი განდეგილი და მარტოდმყოფი იყოს, აუცილებელია ლოცვა და შრომა.

ლოცვას აქვს უდიდესი სასწაულთმოქმედი ძალა. ყოველი ნამდვილი კეთილი საქმე, რომელიც ღვთის სასოებითა და ლოცვით იწყება, წარმატებით მთავრდება. თვით უფალი ბრძანებს: „ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ“ (მათე 21,22).

მინდა გავიხსენო ცნობილი ფაქტი ბიბლიიდან:

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა კერპთა უარყოფისათვის სამაგალითოდ დაესაჯა ახალგაზრდა წინასწარმეტყველნი: ანანია, აზარია და მისაელი. ბრძანა ხელ-ფეხი შეეკრათ მათთვის და გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. ცეცხლის ალი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბრძანების აღმსრულებელნი იმსხვერპლა. ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელნი უშიშარი ყრმანი კი უვნებლად მიმოდიოდნენ შუაგულ ცეცხლში, დაუღალავად უგალობდნენ ღმერთს და აკურთხვვდნენ უფალს. მათთან ერთად იყო ანგელოზი უფლისა.

„მაშინ გაოცდა მეფე ნაბუქოდონოსორი და შეშინებული წამოვარდა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ღუმელში? მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: ჭეშმარიტად ასე იყო, მეფეო! მიუგო მან და თქვა: ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუა ცეცხლში მიმოდიან ისინი უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილს ჰგავს“ (დანიელ. 3,91-92). მომხდარმა ისე შეძრა ეს გოროზი მეფე, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლა დასჯილნი, აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გახდა მისი თაყვანისმცემელი.

ახლა რაც შეეხება შრომას. დღეს ჩვენ მოდუნებულნი ინერციით ვცხოვრობთ. მუდმივად ველით დახმარებას სხვებისგან: ზოგნი დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისაგან, სხვანი სამანეთო ზონიდან... მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ მივხედეთ საკუთარ თავს, ვერვინ გვიშველის. ყველა ქვეყანას, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერსაც, თავისი პრობლემები აქვს და არც მოწყალებას იღებს ვინმე უანგაროდ და უმიზნოდ.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.

ხშირად მეკითხებიან: რა ვქნა, შესაძლებლობები არა მაქვს, რომ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელიო. გზის დასაწყისშივე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არც არის სწორი. გადავხედოთ ისტორიას. თითქმის ყველა დიდმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობა უბრალო საქმით დაიწყო. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი გარფილდი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1880 წელს აირჩიეს.

გარფილდი 19 წლისა იყო, ინსტიტუტში მოწყობა რომ გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ღარიბი ოჯახიდან იყო და სწავლის ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ინსტიტუტის აუდიტორიების დალაგება არ ითაკილა. ამასთან ყოველ დილით ხუთ საათზე ზარს რეკდა. როცა სასწავლებლის დირექტორმა ჰკითხა: გაქვს თავის იმედი, რომ ზუსტად აასრულებ ამ საქმესო? ყმაწვილმა ორი კვირის საგამოცდო ვადა ითხოვა.

გარფილდმა თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა, ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და გახდა რესპუბლიკელთა პარტიის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი. გვახსენდება მაცხოვრის იგავის სიტყვები: „...კეთილო მონავ, რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში“ (მათე 25,23).

პრეზიდენტ გარფილდის და სხვა ცნობილ პიროვნებათა ცხოვრების მაგალითმა ჩვენს ახალგაზრდებს უნდა შეახსენოს, რომ ადამიანის ღირსების დამამცირებელი შრომა არ არსებობს, რომ შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას და სხვათა თვალიც ავტორიტეტს ჰმატებს მას.

ზარმაცი კაცი კი ხშირად არასმქონე და უბედურია. „ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება, - გვარიგებს ბრძენი სოლომონი, მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე. არა ჰყავს მას უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას“ (იგავნი 6,6-8,11).

ექვსი დღე იშრომე და ოფლით შენით ჭამე პური შენი არსობისა, - გვიბრძანებს უფალი. ეს დასჯა კი არა, კურთხევაა ღვთისა.

გახსოვდეთ, ლოცვისა და დაუღალავი შრომის გარეშე ღვთის სათნოს ვერაფერს გავაკეთებთ: ვერც მიწის ნაყოფს მოვიპოვებთ, ვერც ნამდვილ სრულ ცოდნას შევიძენთ, ვერც სულიერ ცხოვრებაში მივაღწევთ რამეს. ღვაწლის გარეშე წარმოუდგენელია იმ ზნეობრივი თვისებების შეძენა, რაც აუცილებელია ჩვენი უკვდავი სულისათვის.

სიყვარულით მოგმართავთ ჩვენო ახალგაზრდებო: ნუ ეძებთ იოლ გზებს; ისინი მხოლოდ დაღუპვისაკენ გიბიძგებენ. ნუ გახდებით მეწვრილმანენი და მოვაჭრენი: ყიდვა-გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობანი აფუჭებს და ამახინჯებს ადამიანის სულს. ჩვენი წინაპრებისათვის XIX საუკუნეშიც კი ეს ხელობა არასასურველ საქმედ ითვლებოდა.

მიხედეთ მიწას: მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიცვალოს ჩვენი დღევანდელი ყოფა, ამაღლდეს ზნეობა, ამუშავდეს ჩვენი წარმოებები, ქარხნები, ფაბრიკები, აყვავდეს მეურნეობები.

მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის „ძლევაის“ საქმიანობას. მართალია, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული მისი მოღვაწეობიდან, მაგრამ უკვე სერიოზულ საქმეებს ჩაეყარა საფუძველი. ახლახანს ამ ცენტრმა მოაწყო საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დევიზით „ქრისტიანობა და კულტურა“, რომლის სხდომებიც ჩატარღა სულხან-საბას სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სამხატვრო აკადემიაში, სამედიცინო უნივერსიტეტში, კულტურის ინსტიტუტში, სასულიერო აკადემიაში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი სხდომა - სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მონაწილეობას იღებდა სამოცდაათი მომხსენებელი. გამოვლინდა თორმეტი გამარჯვებული მეცნიერების სხვადასხვა დარგში.

სასიხარულოა, რომ მიუხედავად სამოცდაათწლიანი ათეისტური რეჟიმის ბატონობისა, ჩვენი ახალგაზრდები ძირითადად სწორად აზროვნებენ. „ძლევაის“ გადაწყვეტილი აქვს, მსგავსი კონკურსი მოაწყოს ყოველწლიურად, ოღონდ უკვე საქართველოს მასშტაბით. შედგება სავარაუდო გეგმა თემატიკისა, რომ სტუდენტებს გაუადვილდეთ მათთვის სასურველი მასალის დამუშავება.

ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ერში სულიერობის ამაღლებას და მეცნიერების სწორი გზით განვითარებას.

მადლობა ღმერთს, ნიჭიერი ადამიანები არ გვაკლია: ოღონდ მათ უნდა მიეცეთ სწორი ორიენტაცია და საშუალება შესაძლებლობების გამოვლენისა.

ცალკეული ადამიანი, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა დროის ორი განზომილებით ცხოვრობს: წარსულითა და მომავლით. ახლანდელი დრო თითქმის არ არსებობს. იგი, რაც აწმყოდ იწოდება, ერთ წამში წარსულად იქცევა. დრო ულმობლად ისწრაფვის წინ და მის მსვლელობას ვერვინ შეაჩერებს. დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან ბოძებული, ჩვენ კი მას ვერ ვიყენებთ.

ხშირად წარსულით ვამაყობთ, გუშინდელი დღით ვცხოვრობთ, მაგრამ მარტო წინაპართა დამსახურების გამო თვითკმაყოფილებას არ შეიძლება მივეცეთ. ჩვენ დღეს უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეულმა თავის ადგილზე უნდა იშრომოს და ყველამ ერთი დიდი მიზნისაკენ ისწრაფოს. ასე რომ არ ვცხოვრობდით, ამიტომაც მოხდა ის, რომ ორი საუკუნის განმავლობაში ვიფიქრეთ, ვიოცნებეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ხოლო როცა დრო დადგა, ამას მოუმზადებელნი შევხვდით. ჩვენ თავს თვითონვე შევუქმენით გადაულახავი წინააღმდეგობები და პრობლემები; ეს იმიტომ, რომ ჩვენში ზნეობისა და სულიერობის დონე დაბალია; ღვთის კანონებით რომ გვეცხოვრა, ამდენ უბედურებას ავცდებოდით.

ნაბუქოდონოსორის მიერ დასჯილი ცეცხლში ჩაყრილი, მაგრამ უვნებლად გადარჩენილი ყრმა წინასწარმეტყველთა სიტყვებით მოგმართავთ, ღმერთო: „ყველაფერში ვცოდავდით და ყურს არ ვუგდებდით შენს მცნებებს, არ ვიცავდით მათ და არ ვასრულებდით ისე, როგორც შენ გვიბრძანე, რათა სიკეთე მოგვნიჭებოდა. ყველაფერი, რასაც კი ჩვენ შეგვამთხვიე... სიმართლის მიხედვით მოგვიზღე... ახლა ჩვენ მოგყვებით მთელი გულით, გვეშინია შენი და დავეძებთ შენს სახეს. ნუ შეგვარცხვენ, არამედ მოგვექეცი შენი კაცთმოყვარეობისამებრ, გვიხსენი შენი სასწაულებით და მიეცი დიდება შენს სახელს უფალო“ (დანიელი 3,29-31,41-43).

მადლობა ღმერთს, მიუხედავად ყველაფრისა, წინსვლის პროცსი მაინც იგრძნობა. განსაცდელის გავლით ხალხი ნელ-ნელა უახლოვდება ღმერთს: ადამიანებმა დაიწყეს ლოცვა, შრომა, ფიქრი მარადიულ ცხოვრებაზე.

მთავარია, ვძლიოთ ამპარტავნებას, ეგოიზმს, სხვებისთვის ტკივილის მიყენების, დაუმსახურებელი კეთილდღეობის სურვილს, ვძლიოთ ქედმაღალი ბაბილონის ცოდვას - „მე და სხვა არავინ“ (ესაია 47,10).

ვინც კი ამ პრინციპით განლია დღენი ამ მზისქვეშეთში, ცალკეული პიროვნებები თუ სახელმწიფოები, ყველა წარწყმდა და აღიგავა პირისაგან მიწისა.

მოვიტან ორ მაგალითს:

ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომელსაც ყველაფერი უხვად ჰქონდა და პრობლემები არ აწუხებდა. მეზობლებთან არ კადრულობდა დაახლოებას და რომ არ შეეწუხებინათ, ჭიშკარზე აბრა გააკრა წარწერით: სახლში არავინ არის. ყველამ იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო და ისიც იცოდნენ, რომ მათი მდიდარი მეზობელი ამას სიხარბის გამო აკეთებდა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაერღვია მისი სიმშვიდე, რაიმე ეთხოვა და იძულებული გაეხადა ხელი გაემართა. ცოდვა დიდხანს არ დარჩა დაუსჯელი. გაჩნდა ხანძარი, რომელმაც იმსხვერპლა ეს მდიდარი კაციც და მთელი მისი ქონებაც. წავიდა იგი ამ სოფლიდან შერცხვენილი და უსახელო.

მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი ადგილი უკავია ალექსანდრე მაკედონელს. მომავლის დიდი რწმენით იყო ეს გენიალური ადამიანი დაჯილდოებული. როდესაც ლაშქრობისთვის ემზადებოდა წესად ჰქონდა ქონების დარიგება. მეფური გულუხვობით გასცემდა თითქმის ყველაფერს რაც ჰქონდა. ერთხელ ერთმა ახლობელმა უთხრა: მეფეო, თქვენთვის აღარაფერია, რომ დაიტოვოთო. ალექსანდრემ უპასუხა: მე დამრჩა ყველაზე დიდი რამ - იმედი.

ჩვენ ყველანი ღვთის წინაშე დაგდივართ. იგი ხედავს როგორც ჩვენს საქმეს, ისე ჩვენს ფიქრებს და აზრებს. ყოვლისმხედველი თვალი უფლისა მუდამ თანა გვდევს და მოგვაგებს დამსახურებისამებრ.

მოციქული პავლე მოკლედ იძლევა დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი:

„დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. გიხაროდეთ სასოებით, მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. შეეწიეთ წმინდათა გასაჭირს: სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხვთ. გიხაროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. ერთმანეთის თანამოაზრენი იყავით; მაღლადმხედველობას ნუ კი სცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ; ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ყოველი კაცის წინაშე იზრუნეთ სიკეთისათვის... ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს“ (რომ. 12,9-17,21).

თუ ამას ყოველივეს შევასრულებთ, გავხდებით ღირსნი მარადიული ნეტარებისა, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმისა და აღდგომის მადლით მიენიჭა კაცობრიობას.

ქრისტეს აღდგომა არის დღესასწაული ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა და იმედისა, ზეიმი სიცოცხლისა, სიკვდილის დამთრგუნველისა.

ღვთაებრივი სიყვარულით აღვსილი ყველას კიდევ ერთხელ სიხარულით გილოცავთ პასექის დიად დღესასწაულს. სიყვარულმა, მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს სრულიად საქართველოში, ყოველ თქვენგანში; ვადიდოთ უფალი, ჯოჯოხეთის შემმუსვრელი, ვადიდოთ მეუფე მშვიდობისა, ვარსკვლავი ბრწყინვალე განთიადისა.

ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1994.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.