სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:

„აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული.
და მივცემ მწეურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან
უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები
მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ (გამოცხ. 21,6-7)

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ ს დ გ ა !

ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც მოციქულ პავლესთან ერთად, ვხმობთ: „სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაჲ შენი?“ (I კორინ. 15, 55).

სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ აღდგომა ქრისტესი გულისხმობს თითოეული ჩვენგანის,ზოგადად ყველა იმ ადამიანის აღდგომასაც, ვინც იცავს უფლის მცნებებს და მისი მადლითაა აღვსილი, ანუ ვინც ცხოვრობს ქრისტეში. აი, როგორ წერს წმიდა იოანე ღვთისმეტყველი მაცხოვრის მიერ მონიჭებული მარადიული სიცოცხლის შესახებ: „მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა“ (1,4) „და სიცოცხლე ცხად იქმნა, და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ თქვენ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამისა თანა და გამოგვეცხადა ჩვენ“ (I ინ. 1, 2).

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ ს დ გ ა !

ეს საოცარი ზეიმი ემპირული აზროვნებისათვის მიუწვდომელია, ამიტომაც იყო რომ, როცა აღმდგარი უფალი გამოეცხადა მარიამ მაგდალინელს, თავდაპირველად მანაც ვერ იცნო იგი (ინ. 21,4), ვერც ტიბერის ზღვასთან მდგარი იესო შეიცნეს მისმა მოწაფეებმა. აღდგომის საიდუმლოს აღქმა მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის საშუალებით ხდება. კარგად ამბობს ერთ-ერთი ცნობილი სასულიერო პირი: „ეკლესია არის ჩვენი ზიარების საშუალება აღდგომილ ღმერთის ცხოვრებასთან“.

დიახ, მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოვიპოვოთ უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი სულისა წმიდისა; იგი მხოლოდ ეკლესიური მოღვაწეობით და ლოცვით მოგვეცემა, რადგან სულიერი ჭვრეტის უნარი სულიერი ცხოვრებით მიიღწევა და მაშინ აღსრულდება უფლის სიტყვები: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდეთ, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7).

ხშირად ასეც ხდება, რომ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს სულიწმიდის მადლს, მაგრამ კარგად არც კი ვიცით რას ნიშნავს ეს. მოციქული პავლე გალატელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული, მშვიდობა,  დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება, თავშეკავება“ (გალ. 5, 22-23) და ამატებს: „თუ სულით ვცოცხლობთ, სულსავე უნდა მივსდევდეთ, ნუ ვიქნებით მედიდურნი, ერთმანეთის გამომწვევნი, ერთმანეთის მოშურნენი“ (5,25,26).

მოციქული პავლე ამ ცხრა სათნოების ჩამოთვლით წარმოაჩენს, თუ როგორი უნდა იყოს სულიწმიდის მადლით მოსილი მორწმუნის შინაგანი სამყარო, როგორი უნდა იყოს მისი დამოკიდებულება ღვთისა და მოყვასისადმი. აი, ამ თვისებების მატარებელი პიროვნება არის ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ქრისტეში და ქრისტეც მყოფობს მასში.

დღეს ჩვენი ხალხის რელიგიური გამოღვიძებისა და ეროვნული ღირებულებების აღორძინების საინტერესო და ამავე დროს მეტად რთული პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოსი და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ტრადიციებისა და ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმიდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილ და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი, და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის. საუკუნეთა მანძილზე ქართველი დედა შვილს გმირად ზრდიდა, მამულისადმი თავდადების სულისკვეთებას უღვივებდა. სწორედ ქართველი ქალის დამსახურებაა, რომ ჩვენს წინაპრებს მტკიცე სარწმუნოება და თავგანწირული სიყვარული ჰქონოდათ; რომ არა ასეთი დამოკიდებულება, დღეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი აღარ იარსებებდა. აი, ის ცხრა სათნოება, რომელთა შესახებაც ბრძანებს წმიდა მოციქული პავლე, იყო მთავარი ორიენტირი ჩვენი დიდებული წინაპრებისათვის. იგი ჩვენი და ჩვენი შვილების ცხოვრების საფუძვლადაც უნდა იქცეს, რაც კვლავ ქართვლი ქალის მიერ უნდა განხორციელდეს, მისი ძალისხმევით ქრისტიანობის მტკიცე საძირკველზე უნდა გაერთიანდეს ეკლესიაც, სკოლაც და ოჯახიც.

ამიტომაც მინდა ამ საკითხზე განსაკუთრებულად შევჩერდე.

უპირველეს სათნოებად მოციქული სიყვარულს მიიჩნევს და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მას ასე ახასიათებს: „სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს; სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასდროს განქარდება“ (I კორ. 13,4-8).

ეს საოცარი სიტყვები თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და თავისი ცხოვრების წესად აქციოს.

სიყვარული გადამრჩენელია და მარადიული, ამასთან იგი სათავეა სიხარულისა, რომელიც ასე აკლია თანამედროვე კაცობრიობას. ჭეშმარიტი სიხარულის განცდა შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს. სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთის სათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ეს ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: „არც ძალაუფლების სიდიადე, არც ფულის სიმრავლე, არც ძლიერება, არც ჯანმრთელობა, არც უხვი სუფრა, არც შესანიშნავი ჩაცმულობა და არც სხვა რამ ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა“.

სულიერი კეთილშობილება და წმიდა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას - უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.

სულიწმიდის მადლთა შორის მესამე ადგილი მშვიდობას უკავია.

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის იოლი. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს, ეს კი წყალობაა ღვთისა და ამ მადლს მხოლოდ ის მოიპოვებს, ვინც ვნებებს სძლევს. ბედნიერია ოჯახი, სადაც ღვთივკურთხეული მშვიდობით დაჯილდოებული ადამიანები ცხოვრობენ. ისინი სხვებისაგან ფარულად, შეუმჩნევლად სთესენ ამ სიკეთეს და დამაწყნარებელად მოქმედებენ გარშემომყოფებზეც და, საერთოდ, საზოგადოებაზეც. მშვიდობას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ მშვიდობისმყოფელთ უფალი ძედ ღვთისად მოიხსენიებს.

მეოთხე ადგილზე მოციქული პავლე მოთმინებას აყენებს.

სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (I ინ. 5,19); ამ ქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან შეჭიდება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი, აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: „დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს“ (იგავნი 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, რომ ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი ადამიანი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი და ილოცოთ მისთვის.

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.

მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, - მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს.

მოციქულ პავლესთან სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთე დგას. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.

კეთილი ადამიანი ყოველთვის კარგად არის განწყობილი და მოწყალეა სხვათა მიმართ. მისთვის ახლობლებთან თუ უცხო პირებთან შეხვედრა სიხარულის მომტანია. იმერეთის ეპისკოპოსი წმიდა გაბრიელი (ქიქოძე) მთელი წლის განმავლობაში ყველას ასე ესალმებოდა: „ქრისტე აღსდგა“, რადგან ყოველი შეხვედრა პასექის სიხარულს ანიჭებდა. ასეთი განწყობა არ მოდის გონებიდან. იგი გულის თვისებაა.

მოწყალება არის სულიერი კიბის შემდგომი საფეხური. გულმოწყალება ცხონებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. იგი გულისხმობს თანალმობას, თანადგომას, სხვის დასახმარებლად საკუთარი თავის დაუზოგაობას, და საერთოდ, ცხოვრებას მოყვასისათვის. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

იოანე მოწყალის ცხოვრება ისევე, როგორც მრავალი სხვა წმინდანისა, საუკეთესო მაგალითია გულმოწყალებისა.

მოწყალების შემდეგ მოციქული პავლე საუბრობს რწმენაზე. რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. „რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველთა სიკეთეთა, იგია წამალი გადარჩენისა“. იოანე კიბისაღმწერელი კი ასე გვაფრთხილებს: „ვინც ჭეშმარიტი რწმენის გარეშე იქმს კეთილ საქმეთ, მსგავსია კაცისა, რომელიც მოპოვებულ წყალს გატეხილ ჭურჭელში ასხამს“. ამიტომაც გადარჩენა და ცხონება ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია, რადგან ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია სულიწმიდის ნიჭთა მოხვეჭა.

რწმენას მოსდევს სიმშვიდე, თვინიერება. მშვიდთა შესახებ ამბობს მაცხოვარი: „მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა“. სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებას და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას. მოსე წინასწარმეტყველმა ღვთის უდიდესი მადლი იმიტომ მოიპოვა, რომ იგი იყო ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი დედამიწაზე მაშინ მცხოვრებ ადამიანთა შორის.

მეცხრე სათნოება არის თავშეკავება.

თავშეკავებულობა ახასიათებდა ყველა დიდ და ბრძენ ადამიანს. თავშეკავება - გონიერებაა, იგი გემოთმოყვარებაზე, ვნებებსა და სხვა ცოდვით მიდრეკილებებზე უარის თქმაა. იგია ბრძოლა საკუთარ თავთან. დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს ამ უნარის გამომუშავებაზე ზრუნვა, რადგან მთელი მსოფლიო მოიცვა ზნეობრივმა დაცემამ და იგი, როგორც ჭაობი, ყველას თავის გახრწნილ წიაღში ითრევს.

XX საუკუნემ თავისი მატერიალურ-ტექნიკური მიღწევებით, მსოფლიო ომებით, ლოკალური კონფლიქტებით, ახალი გადანაწილების სურვილითა და სხვა პრობლემებით ადამიანებში პესიმიზმი და ხვალინდელი დღისადმი შიში დანერგა. მსოფლიოში ამჟამად რომ დიდი გარდატეხის პროცესი მიმდინარეობს, ყველამ ვიცით. ყველამ ვიცით, რომ გუშინდელი დღე ხვალ არ განმეორდება და რომ ხვალინდელი დღე არც დღევანდელს აღარ გაიმეორებს.

დიახ, დრო იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, ამიტომ ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს ის სულიერი და მატერიალური პრობლემები, რომელსაც ახალი ცხოვრება გვთავაზობს და, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ შესაძლებლობისამებრ მომზადებული შეხვდეს მიმდინარე პროცესებს, რათა თაობა არ დამახინჯდეს.

ჩვენი ყოფის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მოვლენაა ცენტრალიზებული, წინასწარ დაგეგმილი ეკონომიკის შეცვლა თავისუფალი საბაზრო ცხოვრების წესით. ტოტალიტარულ რეჟიმს შეჩვეული ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ვერ უღებს ალღოს დროის მოთხოვნილებებს და დაბნეული სასოწარკვეთილებაში ვარდება.

აუცილებელია ანალიტიკური აზროვნება, ახალი იდეები, გონიერი, შორსმჭვრეტელი ადამიანები, რომ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი რისკიც და მსხვერპლიც მაქსიმალურად შემცირდეს. ამისათვის კი, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი წერს, სახელმწიფომ ნელ-ნელა უნდა დაიწყოს სახელმწიფო აპარატის როლისა და გავლენის შემცირება. ისეთ პერიოდში კი, როგორსაც ჩვენი ქვეყანა ამჟამად გადის, ეკონომიკის 50% მაინც (განსაკუთრებით სტრატეგიულ ობიექტებს) სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ნახევარს კი საბაზრო ურთიერთობები. ამასთან, ყოვლადაუცილებელია წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის ხელშეწყობა. ჩვენთან კი ბევრი რამ არასწორად კეთდება. თავისუფალი ბაზარი ევროპაში საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა; საქართველოში კი ყველაფერი რამდენიმე წელში გვინდა შევცვალოთ. ვფიქრობ, დაჩქარებული ტემპები სერიოზული შეცდომების მიზეზი ხდება, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ჩვენი საზოგადოების ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.

იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნეობრივი მხარე კი სრულიად დავიწყებულა. უფრო მეტიც, ლამის იძულებით ხდება ზნეობრიობის გადაგვარება, ეს კი სულიერი და ფიზიკური განადგურების რეალურ საფრთხეს ქმნის. ღმერთი ნამდვილად არ გვაპატიებს თავაშვებული ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.

სამწუხაროა, რომ ტელევიზია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებანიც, ყოველგვარი მორიდების გარეშე აჩვევენ საზოგადოებას სულიერი დაცემის გამაოგნებელ სცენებს, ძალადობასა და ათასგვარ მკვლელობებს და ამით ანგრევენ ჩვენში ღვთის მიერ დადგენილ ზღუდეებს.

ზოგიერთები ამას უკომპლექსობის დამკვიდრებას უწოდებენ, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, უგუნურებაა. ასეთი სახით შემოთავაზებული ჭუჭყი ქვეცნობიერად ილექება ადამიანის, განსაკუთრებით მოზარდებისა და ახალგაზრდების ფსიქიკაში და შემდეგ თავის ცხოვრებაში, ვითარების შესაბამისად თავადაც იმეორებენ იმასვე. ჩვენ თვალწინ, ჩვენს მიერ ყალიბდება სულიერად დამახინჯებული ცხოვრებისა და აზროვნების წესი. პასუხისმგებლობას კი არავინა გრძნობს. მართალია, მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ, თუ ისინი არ აჩვენებენ მსგავს ფილმებს და გადაცემებს, არ დაწერენ და არ გააშუქებენ ასეთ თემებს, სხვა ქვეყნის ტელევიზიები და საინფორმაციო საშუალებანი ამას მაინც გააკეთებენ. (უცხო ქვეყნების გადაცემები კი მრავალთათვის ხელმისაწვდომია).

ამაში სიმართლე არის, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ არ შეიძლება ყველა პრობლემის, - სულიერის თუ მატერიალურის წინაშე ერთბაშად დავაყენოთ ჩვენი მოსახლეობა, რაც დეპრესიას, ორიენტაციის დაკარგვას და აზროვნების გადაგვარებას იწვევს.

და თუ მაინც მხოლოდ ასეთი პროდუქციის მოხმარება გვსურს, იგი ხალხს ქრისტიანული ზნეობიდან გამომდინარე სულ სხვა კომენტარებითა და სხვა ფსიქოლოგიური კუთხით მაინც უნდა მივაწოდოთ. ამის გაკეთება კი ნამდვილად არ არის ძნელი. ფაქტი ერთია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა „თავისუფლებას“, იმ აღვირახსნილი და მოურიდებელი ცხოვრების წესს, რომლის წინაშეც იგი ასე მოულოდნელად აღმოჩნდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ბევრმა ვერ გაუძლოს ცდუნებას, დაემონოს ავხორც ვნებებს და ცხოველურ ინსტიქტებს.

ასეთნი შიშის, ჰალუცინაციების, სრული სულიერი გამოფიტვისა და მსხვრევისათვის არიან განწირულნი. ადრე თუ გვიან, თვითონაც აუცილებლად მიხვდებიან, რომ მოლიპული გზით მიექანებიან, მთავარია, თვითგამორკვევის პროცესი არ გაუჭიანურდეთ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, თავად ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ და თვითონ უნდა მოინდომონ ჭეშმარიტების გზით სვლა.

მჯერა, ისინი გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის. თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, უნდა შეძლოს დავითობა. ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს, - ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლის მცოდნენი და გონიერნი არიან.

მართალია, თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულვებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მართებთ; მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთივე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედაეად მრავალი ნაკლოვანებისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.

დიდი ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის მიერ შემოთავაზებული მაგალითი მინდა შეგახსენოთ: ერთხელ იგი თავის მოწაფეებთან ერთად სეირნობდა. მან შეამჩნია კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა; მიუახლოვდა მას და ჩიტებით სავსე მისი გალია დაათვალიერა. აღმოჩნდა, რომ იქ მხოლოდ პატარა ჩიტები იყვნენ. - დიდები სადღა არიან? - იკითხა კონფუციმ. კაცმა უპასუხა: „დიდები გონიერნი არიან და ფრთხილნი. ვიდრე დაგებულ მახეს მიუახლოვდებიან, გულდასმით შეისწავლიან გარშემო ყველაფერს და თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევენ, მაშინვე მიფრინავენ და ახალგაზრდა ჩიტებიც თან მიჰყავთ; კაკანათში მხოლოდ უფროსთაგან განცალკევებული პატარები ებმებიან“.

გესმით, - უთხრა ფილოსოფოსმა მოწაფეებს, - ჩიტების დამჭერმა რა სიბრძნე გვითხრა!

ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ყველგან, ყოველთვის და ყველასათვის გასათვალისწინებელია. უფლის მეხუთე მცნებაც გვაფრთხილებს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“, რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ - საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს.

თავის მხრივ, მამებმაც მეტი ლმობიერება უნდა გამოიჩინონ შვილებისადმი, რადგან მათ ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო რთულ დროს მოუწიათ ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და გაცილებით მეტი პრობლემები და სიძნელეები აქვთ დასაძლევი.

თაობათა ერთობა და ერთსულივნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

არ შემიძლია ორიოდე სიტყვით კვლავ არ შევეხო ნარკომანიის პრობლემასაც. ისინი, რომლებიც ამ საწამლავს მიეჩვივნენ, ჩვენი ავადმყოფი შვილები არიან, რომელთაც უნდა დავეხმაროთ, რომ როგორმე თავი დააღწიონ ამ საშინელ სენს. ერთხელ კიდევ მივმართავ მათ მამა-შვილური სიყვარულით: პირველ რიგში თქვენ თვითონ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი გადარჩენისა. ამის გარეშე სხვათაგან რაიმე მცდელობას აზრი არა აქვს. იმისათვის კი, რომ ეს სურვილი იყოს მყარი და გაუძლოს ბოროტის მხრიდან მრავალ შემოტევას, ღვთის შემწეობა აუცილებელია, რაც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. ლოცვის, აღსარებისა და წმიდა ზიარების გარეშე ზეაღმყვანებელ სულიერ კიბეზე სვლა შეუძლებელია.

ჩვენ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომელთაც მოინდომეს და შეძლეს კიდეც წლობით გამრუდებული თავისი ყოფის შეცვლა, ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი და მიზანი გააცნობიერეს, განთავისუფლდნენ ნარკოტიკებისაგან, და საკუთარ სულში სულ სხვა, მეტად საინტერესო და საოცარი სამყარო აღმოაჩინეს.

ღმერთი იყოს შემწე და აღმადგინებელი ყოველი დაცემულისა.

და ბოლოს, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ეკოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რამდენად მძიმეა ამ მხრივ შექმნილი სიტუაცია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 70-80 წლის მანძილზე ჰაერის დაბინძურება 100000-ჯერ გაიზარდა, განადგურდა და კვლავაც ნადგურდება ათასობით ჰექტარი ტყის საფარი, იწამლება წყალი, გაუდაბურდა უზარმაზარი მიწის ფართობები. რამდენად შემაშფოდებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ დედამიწაზე უკვე ყოველ საათში ისპობა ცოცხალ არსებათა ორი სახეობა, რაც გლობალური სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, იზრუნოს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. ეს ზრუნვაა ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის.

მინდა გაცნობოთ, რომ საქარველოს საპატრიარქოსთან ყალიბდება როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების დეპარტამენტი, ისე ნარკომანთა რეაბილიტაციის (აქამდე არსებულისაგან სრულიად განსხვავებული) ცენტრი. ჩვენი დიდი სურვილია, შესაძლებლობებისამებრ დავეხმაროთ საზოგადოებასაც და ბუნებასაც და შევქმნათ პირობები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არა გვაქვს უფლება პესიმისტური დასკვნები გამოვიტანოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოს ხვალინდელ დღეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს და აღადგინოს გაწყვეტილი კავშირი ღმერთთან. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის ერთადერთი მკურნალი და დამცველი.

„იყავით ბრძენნი, რომ იყოთ ღმერთთან და პასექის ზეიმის სიხარული არასოდეს დაგტოვებთ თქვენ“ - ბრძანებს თეოფანე დაყუდებული.

დღეს მსოფლიო არამიწიერ, უჩვეულო სიხარულს მოუცავს. იგი არ ექვემდებარება არც ანალიზს, არც რაიმე განსაზღვრებას. იგია მადლი, რომელიც უხვად იღვრება უფლის კალთიდან და აღავსებს ყოველი მართლმორწმუნის სულს. ამ სიხარულის გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. იგი ეფინება ეკლესიის სრულ სისავსეს და მშვიდობითა და სიყვარულით აერთიანებს ყველას.

ისინი კი, ვინც ეკლესიის წიაღში არ იმყოფებიან, შორს არიან ჭეშმარიტი მშვიდობისა და სიყვარულის, უფლის მადლისა და სიხარულისაგან. მათთვის ჯოჯოხეთი უკვე ამქვეყნიდანვე იწყება. ამქვეყნიდანვე იწყება ღვთისსათნო ადამიანთა ზე სვლა ცისკენ და ეს პროცესი მსგავსია ებრაელთა მოგზაურობისა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისაკენ.

დედამიწა ცხოვრების აბობოქრებული ოკეანეა, ეკლესია - ნოეს კიდობანი. მის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.

წმიდა ირინეოს ლიონელი წერს: ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვა და სხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა.

ჩვენო საყვარელნო სულიერო შვილნო, თუ ხართ ღმერთთან, იქნებით ეკლესიაში, თუ ნამდვილად ხართ ეკლესიის წევრნი, იქნებით აღვსილნი რწმენით, სიყვარულით და იმედით და მწუხარება თქვენი, განსაცდელი და ტკივილი სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ მაცხოვრის სიტყვები: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელი“ (ინ. 16,33).

ქრისტეს აღდგომის მადლით, სიხარულითა და სიყვარულით შეერთდა დღეს ცა და დედამიწა და ჩვენც ანგელოზთა თანა ვუგალობთ უფალს: „წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა. ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა!“.

ყველას გილოცავთ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დიად ზეიმს და გახარებთ მარადიული სიხარულის მომანიჭებელ სიტყვებს:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ ს დ გ ა !

უფალმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ყოველი წევრი საქართველოს ეკლესიისა. მოგვმადლოს ერთსულოვნება, მშვიდობა, სიბრძნე და კეთილდღეობა, მოგვანიჭოს ნიჭი სულისა წმიდისა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს წმიდა წერილის ეს სიტყვები: „ნეტარია და წმიდა, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილს არა აქვს ხელმწიფება მათზე“ (გამოცხ. 20,6). ამინ!

თქვენთვის მლოცველი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2002 წ.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18(172), 2002 წ.