სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

საახალწლო ეპისტოლე

საქართველოს ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს, მკვიდრთა საქართველოჲსა
და უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ

„მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ“ (იაკობი 4,8)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძლევამოსილნო ივერნო, ძენო და ასულნო ღვთისანო, „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ყოველ ახალ წელს იმედით ვხვდებით, რადგანაც რაღაც ახალი მოაქვს მას. ღმერთმა იმედი არ მოგვიშალოს! დღეს ვტოვებთ იმ სავანეს, სადაც ერთი წლის მანძილზე ვიმყოფებოდით და ჩვენს წინაშე იხსნება ახალი კარი: ვიდრე მას შევაღებდეთ, უნდა გადავხედოთ განვლილ გზას, გავიხსენოთ საქმენი ჩვენნი და ისინი, ვინც ჩვენს გარშემო იმყოფებოდნენ; მოვიგონოთ, შევძელით თუ არა იმისი გაკეთება, რაც გვევალებოდა: შევუმსუბუქეთ შრომა ან ტანჯვა მოყვასსა ჩვენსა, მოვწმინდეთ ცრემლი მტირალს, მივაწოდეთ პური მშიერს, წყალი - მწყურვალს, ყურად ვიღეთ თხოვნა მათი, ვინც შველას ჩვენგან ელოდა, თუ დავიხშეთ სასმენელნი და ჩვენს თავში ჩაკეტილნი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ვზრუნავდით?

კარგია, თუ ყოველივე ამას გაიაზრებ და დაფიქრდები, რადგანაც მომავალში მაინც შეძლებ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

როდესაც ახალი წლის იდუმალ სახლში შეაბიჯებ, ხელი შენი გაუწოდე უფალსა და მიჰყევ მის ნებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნები დაცული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ სწორი პასუხი გასცე ჩვენს წინაშე მდგარ ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებს: ვინ ვარ მე, რას ვაკეთებ და საით მივდივარ?

ვინ ვარ მე, როგორც ადამიანი?ზ ნუთუ მხოლოდ ევოლუციის შედეგი და მეტი არაფერი? თუ ასეა, რატომ შეჩერდა ეს პროცესი ჩვენზე? და თუ იგი არ გაჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს, მაშინ ვინ უნდა შეგვცვალოს, იქნებ ზეადამიანმა?

ქრისტიანობა არ უარყოფს განვითარებას, არც ტრანსფორმიზმის (ორგანიზმის დაბალი საფეხურიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის) თეორიას. საიდუმლოებითაა მოცული არსი ევოლუციისა: იგი ეხება საერთოდ ცოცხალ არსებებს, მაგრამ არა ადამიანს.

ბიბლიისა და წმ. მამათა სწავლანის მიხედვით, კაცი არის განსაკუთრებული მოვლენა, გვირგვინი ქმნილებისა, მეფე და უფალი ამა სოფლისა, მიკროკოსმოსი, მომცველი თავის თავში ყოველივე არსებულისა, რადგანაც ორი სამყაროს - სულიერისა და ხორციელის - მიჯნაზე დგას; ერთი მხრივ, იგი შემოფარგლულია სივრცით და დროით; არის გარკვეულ ეპოქაში რომელიმე ერის წარმომადგენელი ამა თუ იმ ქვეყნიდან, თუმცა ამავე დროს შეუძლია სულიერად მოსწყდეს კონკრეტულობას, განსაზღვრულ გარემოს და იცხოვროს იდეათა და განყენებული აზროვნების სფეროში, სადაც ჭეშმარიტების, მშვენიერების, სამართლიანობის, სიყვარულის, ბედნიერების ძიების სურვილი მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება. კაცობრიობამ შორეულ წარსულშივე იგრძნო თვისი ორბუნებოვნება. აი, რას წერდნენ ძვ. ჩინელი ფილოსოფოსები: „ადამიანისათვის დამახასიათებელია თვისებები მიწისა და ცისა, მასში ერთმანეთშია შერწყმული ნათელი და ბნელი, შეერთებულია სული და სამშვინველი“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, მოსკოვი, 1973, გვ.106).

მაგრამ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან ადამიანის მთავარ განმასხვავებლად მაინც ის უნდა ჩაითვალოს, რომ იგი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. იბადება კითხვა: როგორ შეიძლება მოკვდავ, ვნებებისა და გრძნობების მორჩილ, დროითა და სივრცით განსაზღვრულ პიროვნებაში აირეკლოს ის, ვინც უკვდავი, დაუსაბამო და სრულქმნილია? რომ ნაწილნი ვართ უფლისა, ვლინდება ღვთისადმი ჩვენს სწრაფვაში, ხოლო გარეგნულად ეს თავისუფალ ნებისყოფასა და შემოქმედებით უნარში გამოიხატება. ეკლისიის დიდი მამა გრიგოლ ნოსელი ღვთის ხატებას ჩვენში სარკის ანარეკლს ადარებდა. სარკე შეიძლება გატყდეს ან დაიორთქლოს, დაედოს მტვერი ან ჭუჭყი. სარკე შეიძლება იყოს შებრუნებული ისე, რომ არ ასახოს ის, რის დანახვაც გვინდა. მსგავსად ამისა, ადამიანმაც შეიძლება დაკარგოს ხატება ღვთისა, აღარ იყოს მისი ანარგკლი, მაგრამ ღვთის ხატის აღდგენის უნარი ყოველთვის რჩება მასში. იგივე წმიდა მამა, გრიგოლ ნოსელი, ბიბლიაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სახელი ადამი არის საერთო, კრებითი სიტყვა, ამსახველი არა მარტო ცალკეული პიროვნებისა, არამედ მთელი კაცობრიობისა. აქედან გამომდინარე, ადამი, როგორც ანარეკლი შემოქმედისა, არის მთელი კაცობრიობა, მოწოდებული ერთიანობის, ურთიერთგაგებისა და ღვთის ხატად ქცევისთვის.

თითოეულმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა: ვარ მე ხატი უფლისა თუ ეს ხატება უკვე დაკარგულია ჩემში? აი, მიზეზნი, რომელთა გამო პიროვნება შორდება ღმერთს: „თუალნი მაგინებელნი, ენა ცრუ, ჴელნი დამთხეველნი მართლისა სისხლისა, და გული რომელი ზმის ზრახვასა ბოროტსა, და ფერჴნი ისწრაფიან ბოროტისა ყოფად, მოსპოლვად. აღაგზნის ტყუვილი მოწამემან ცრუმან, და მოავლინის სასჯელი შორის ძმათა“ (სოლომონი, იგავნი 6,17-19).

მოციქული იაკობი კი წერს: „სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე.

ხოლო ზეგარდამოჲ სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა, განუკითხველ და შეუორგულებელ“ (იაკობი 3,16-17).

ადამიანის ბუნება სრულყოფილი არც კაცშია და არც ქალში, არამედ ორივეში ერთად. ღმერთმა დანერგა ქალსა და მამაკაცში ურთიერთ ლტოლვის სურვილი, სწრაფვა ერთ არსად ქცევისა მათი შვილების სახით ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად. ამ შეკავშირებისათვის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია. სიყვარული ძნელად ასახსნელი გრძნობაა, რომელიც გამოდის ღვთისაგან და ამავე დროს ჩვენი მიმყვანებელია ღმერთთან, ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებულნი ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ სიამოვნებას ესწრაფვის და ვეღარ ამჩნევს მეუღლის ჭეშმარიტად მშვენიერ, სათნო სულიერ თვისებებს. ბრძენი სოლომონი ასეთ დარიგებას აძლევს ახალგაზრდებს: „იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა, და რათა გნატრიდეს შენ გული შენი დღეთა შინა სიჭაბუკესა შენსა, და ვიდოდი გზათა შინა გულისა შენისათა უბიწოდ, და არა ხედვასა შინა თუალთა შენთასა, და სცან რამეთუ ამათ ყოველთა ზედა მოგიყვანოს შენ ღმერთმან სასჯელსა ზედა“ (ეკლესიასტე 11,10).

გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება. ის, ვინც ოჯახს ქმნის, მზად უნდა იყოს, მსხვერპლად გაიღოს ყოველივე სხვისი ბედნიერებისათვის: უნდა შეეძლოს, ებრძოლოს ეგოიზმს, დაძლიოს თავისი ჩვევები, მოთხოვნილებები, სურვილები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავიც გაწიროს. ცოლ-ქმარს ერთმანეთისა უნდა სჯეროდეს.

ოჯახის საკითხთან დაკავშირებით მინდა ყურადღება შევაჩერო ჩვენში გავრცელებულ უმძიმეს ცოდვაზე - დედათა მიერ მუცლის მოშლაზე. ეკლესია, ღვთის კანონის საფუძველზე დაყრდნობით, ერთხელ კიდევ მოაგონებს ყველას, რომ ეს არის უდიდესი დანაშაული ღვთის, ერისა და თვით სიცოცხლის წინაშე. ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია: უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელობის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.

შვილნო ჩემნო, განერიდეთ ამ საშინელ დანაშაულს, ნუ შეგაშინებთ ძეთა და ასულთა სიმრავლე, ისინი ხომ თქვენი სიბერის მშვიდი ნავსაყუდარი, იმედი და ნუგეში იქნებიან.

დაე, დაგლოცოთ უფალმან, ჩვენო ქალწულნო და ჭაბუკნო, ღვთივკურთხეული ქორწინებით შეუღლებულნო, რათა იხილოთ სიხარული შვილთაგან. ძალი შემოქმედისა, რწმენა, სიმტკიცე, სიხარული და წყალობა მისი თანამავალ გეყავნ თქვენ მარადის!

ხშირად გვხვდებიან პიროვნებანი ერთი შეხედვით ბედნიერად მცხოვრებნი: ჰყავთ ოჯახი, აქვთ სიმდიდრე, უკავიათ თანამდებობა, სარგებლობენ ავტორიტეტით, დაჯილდოებულნი არიან ნიჭით... მაგრამ სინამდვილეში უბედურზე უბედურნი არიან, თუ ვერ განურჩევიათ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება, თუ არ იციან, რისთვის ცხოვრობენ, რაში მდგომარეობს სიცოცხლის აზრი, თუ დაკარგული აქვთ კავშირი ღმერთთან. ის, ვინც იგრძნობს სულის სიობლეს, სიცარიელეს და აღეძვრება სურვილი ჭეშმარიტების ძიებისა, ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ყოველთვის იპოვის: საწყალობელი იგია, ვინც ღატაკია და ვერ ხედავს, რომ ღვთისაგან მიტოვებულია და ვერ გრძნობს, რომ ცოდვილია და ცოდვებს არ განიცდის. ილია ჭავჭავაძე წერს: „ადამიანის უბედურება დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი? რას ჰქვიან კეთილი და რას ბოროტი?“ (ი.ჭავჭავაძე, შინაური მიმოხილვა, 1885 წ.).

მე და შენ. შენ და მე. რამდენი რამ შეიძლება ითქვას ჩვენს ურთიერთობაზე. შენ ასაკით უფროსი ხარ, უფრო გონიერი, ნასწავლი, მაღალ წრეში ტრიალებ, ყველა პატივს გცემს, გაქებს და გადიდებს. მე კი უბრალო მოკვდავი ვარ, არაფრით გამორჩეული. ჩვეულებრივია ჩემი გარეგნობა, ცოდნა, მდგომარეობა, თუმცა ორივენი ერთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ... შენ მსოფლიო მარადიული პრობლემები გაწუხებს, მე კი - ყოველდღიური წვრილმანები და ზრუნვა არსობის პურზე. შენ თავაზიანი და შესანიშნავად აღზრდილი ხარ, შეგიძლია თავის დაჭერა, მე კი გრძნობებს ვერ ვფარავ, რის გამოც ხშირად უსიამოვნება მხვდება; მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა, მაინც ახლობელნი ვართ ჩვენი უკვდავი სულის წყალობით და ამიტომაც ერთად უნდა ვიაროთ, „გზითა მით იწროჲთა“, ეკლიანითა და ქვიანითა; იმ გზით მაცხოვარმა რომ გვიჩვენა. იესო ქრისტე მოგვიწოდებს, მივსდიოთ მას. ამაოდ გაქვს იმედი შენი განსწავლულობისა, სიმდიდრისა და ამსოფლიური დიდებისა; როდესაც ნამდვილად გაგიჭირდება, ეს ყოველივე ვერარას გარგებს. დღეს შენი თაყვანისმცემელნი ხვალ დაგივიწყებენ და ახლა სხვას შეასხამენ ხოტბას. თვით ნაპოლეონი ამბობდა: ყველაზე დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო. ერთადერთი იმედი ჩვენი შემოქმედი უფალია.

გწამს შენ ნათლისა დაუსაბამოისა და უსასრულოჲსა, უმწიკვლოჲსა და ჩვენი განმწმედელისა, ნათლისა, რომელი ბნელსა შინა ჩანს და თავისითა ელვარე სხივებითა ძლევს და განაგდებს უკუნსა? თუ გწამს, მიხარის, რამეთუ მეც მწამს. მაშ, ყოვლისშემძლე და მხსნელი ძალა ნათლისა გვაერთიანებს, გვაახლოვებს და განგვამტკიცებს ჩვენ. მაშ, მეც და შენც გვესმის მოციქულთა დარიგება: „ურთიერთას სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6,2).

მოიხილენ ჩვენზედა, უფალო, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და ვიდოდეთ ბილიკითა შენითა; გვჯერა, მოვაღწევთ შენამდე, რამეთუ ხარ უნაპირო სიყვარული და შეგვინდობ მონანულთა, ხოლო ჩვენ გვახსოვს სიტყვები შენი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“.

რას ვაკეთებთ და რა უნდა ვაკეთოთ? - აი, ჩვენს წინაშე მდგარი მეორე კითხვა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ღმერთში და ყოფნა ადამიანთა გარემოცვაში. როგორც ერთი, ისე მეორე საჭირო და აუცილებელია ჩვენთვის. უფალი მხოლოდ გულსა გვთხოვს, რათა იქ დაივანოს და სულიერად განგვაცისკროვნოს. საკითხის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, ვართ თუ არა მზად ამისთვის? თუ გვსურს, სათნო ვეყოთ ღმერთსა და აღვივსოთ მადლითა მისითა, უნდა მოვამზადოთ ჩვენი გული და სული ამ მაცხოვნებელი ნიჭის მისაღებად. ძველი სიბრძნე გვასწავლის: „გრძნობითი ცდუნებანი აღაგზნებენ ადამიანს. მხოლოდ ვნებებისაგან განთავისუფლებული სული შეიძლება გახდეს ნათელი. ნათელი სული მიდრეკილია სიმშვიდისაკენ, სიმშვიდე - მაღალგონიერებისაკენ, სრულყოფილი გონება საშუალებას იძლევა ერთი მიმართულებით წარიმართოს ჩვენი ყურადღება, რაცაა წყარო შორსმჭვრეტელობისა. შორსმჭვრეტელობა სულის თვისებაა. სული ამქვეყნად ყველაზე დიდი საუნჯეა. თუ საცხოვრისი დაულაგებელია, წარჩინებული პიროვნება იქ არ დაბინავდება, მსგავსად ამისა, არც სული დაიმკვიდრებს იქ, სადაც  უსუფთაობაა“ (ძვ. ჩინური ფილოსოფია, მოსკოვი 1973, გვ. 28). ღმერთთან მიახლების პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება. ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან; ზოგნი სიყრმიდანვე უფლის სიყვარულითა და რწმენით არიან დაჯილდოებულნი. სხვანი, თუმც ცდილობენ იწამონ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან ან არ, ან ვერ მისდევენ მაცხოვრის ხმას.

კაცი იმიტომ კი არ უნდა იყოს მორწმუნე, რომ ტრადიციულად მის ოჯახში ყველა ქრისტიანია, - არამედ მას თვითონ უნდა სჯეროდეს ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა, უნდა აღიარებდეს და იცავდეს იმ წეს-ჩვეულებებს, რაც დადგენილია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. პიროვნების რელიგიურობა მტკიცდება არა იმდენად რაციონალური განსჯით, რამდენადაც ადამიანის თავის გულთან კავშირითა და ერთობით, რადგანაც რწმენა არ არის სამეცნიერო დისციპლინა ანდა აზროვნების გარკვეული სახის გამოვლინება, იგი თვით სიცოცხლეა.

ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხვადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ერთმანეთს კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ და აუცილებელნი არიან პიროვნებისა და საზოგადოების ნორმალური განვითარებისა და არსებობისათვის.

II საუკუნის დიდი ღვთისმეტყველი და მეცნიერი კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: „რწმენასთან დაკავშირებული და მასზე დაფუძნებული გამოკვლევები მსგავსია იმ მშვენიერი და დიდებული შენობისა, სადაც უმეტესწილად, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტება სახლობს“ (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატები, გვ.86); სხვა ადგილას ის წერს: „ნამდვილი გნოსტიკოსი (მეცნიერი) იგია, ვინც მოინდომა ბიბლიის შესწავლა, ვინც შეურყევლად იცავს მის დრომდე მოღწეული ეკლესიისა და მოციქულთა სწავლანის სიწმინდეს“ (იქვე გვ.82); მართლაც, მარტო რწმენა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიურობა. მრავლად არიან მორწმუნენი, რომელნიც თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, ტაძარში კი არ დადიან და დიდადაც ცდებიან. მორწმუნე აუცილებლად უნდა მისდევდეს ეკლესიური ცხოვრების წესს, იცავდეს და ასრულებდეს მარხვის, ლოცვის, ნათლობის, აღსარების, ზიარების, სახლის კურთხევის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია განწმენდა. ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის: „სულიწმიდის მადლით შემოსილი პიროვნება ნაწილი ხდება ეკლესიისა, რომელიც ყველასათვის გასაგები ენით მეტყველებს; სულიწმიდა განშორებულია მათგან, ეკლესიის გარეშე რომ დგანან... თუ სხეულს მოვკვეთთ რომელიმე ნაწილს, იგი შეინარჩუნებს ფორმას, ვთქვათ, თითისას, ხელისას ან ყურისას, მაგრამ სიცოცხლე არ იქნება მასში; ამის მსგავსია მდგომარეობა მათი, ვინც არაეკლესიურია“ (ქადაგებანი 268,2).

განვიხილოთ თუნდაც ზიარების საიდუმლო.

ეს არ არის უბრალო რიტუალი; იგი შეერთებაა პიროვნებისა მაცხოვართან, მისტიური ცენტრია, როგორც ქრისტიანული ცხოვრებისა, ისე მთელი ღვთისმსახურებისა. ზიარების წინა ყველა ლოცვა ამზადებს ადამიანს ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედთან მიახლოებისთვის. მათთვის, ვინც ღირსეულად მოემზადება, შიშით, ღრმა და ჭეშმარიტი სინანულით მიიღებს იესოს ხორცსა და სისხლს, ეს სიწმიდე იქნება განმწმენდელი ცეცხლი, გარდამქმნელი და აღმადგინებელი სულისა.

წმიდა მამის, ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის შრომებში ვკითხულობთ: „აღდგომა სულისა არის მისი შეერთება იმ ცხოვრებასთან, რომელსაც ქრისტე ჰქვია. თავისთავად სული ვერ იარსებებს, თუ უხილავი კავშირით არ შეერწყა უფალს, რომელიც ჭეშმარიტად არის ცხოვრება საუკუნო. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ღმერთს მიეახლება და ამის წყალობით ქრისტეს ძალით აღდგება, ღირსი იქნება საიდუმლოდ იხილოს და გონებით მისწვდეს ქრისტეს სულიერ აღმშენებლობით ძალას“ (ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები, მოსკოვი, 1892, გვ.256).

სიწმიდით მზიარებელნი საოცარი მადლით იმოსებიან, რადგანაც პური ესე არის დაულევნელი და უხრწნელი საზრდელი, ხოლო ღვინო, რომელიც ღვთის სისხლია, - ხელთუქმნელი ნათლის, გამოუთქმელი სიტკბოებისა და საუკუნო სიხარულის მომნიჭებელი.

განა შეიძლება, თავს ქრისტიანად თვლიდე, ლოცვისა და მარხვის გარეშე კი ცხოვრობდე? თვით მაცხოვარი ბრძანებს, რომ მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება ჩვენგან განვდევნოთ და დავამარცხოთ ეშმაკი.

ლოცვა ღმერთთან შეხვედრაა, საუბარია მასთან. ლოცვა, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში მას განსაკუთრებული მადლი აქვს.

ეკლესია ის ღვთაებრივი და მისტიური ძალაა, რომელიც აკავშირებს პიროვნებას უფალთან და მოყვასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მოვალეობაა ვიცხოვროთ ღმერთში და კაცთა შორის. პირველი შედარებით უდრო ადვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანისადმი რწმენის დაკარგვას. პირიქით, ჩვენს ყოფას საღი თვალით უნდა შევხედოთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყნად არსებობს ბოროტებაც და სიკეთეც და დავიხსომოთ: „ყოველი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე, ძმათ მოყუარე, შემწყნარებელ, მდაბალ: ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით და უწყოდეთ, რამეთუ ამისთვისმებრ იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ“ (1 პეტრე 3,8-9).

„კაცი მოყუარული მოყუასისა უფროჲსად საყუარელ იყოს ვიდრე ძმაჲ“ (იგავთა 18,24).

„რომელი იხარებდეს შეჭირვებასა ზედა სხვისასა, მას მიუვლინოს ღმერთმან სასჯელი“ (იგავთა 17,5).

„უკეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები... ნუ გიხარინ ბოროტის მოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა, რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს“ (იგავთა 24,17-20).

ერთმანეთისაგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მთავარია, დაკვირვებული თვალი გვქონდეს და გულისხმავყოთ, რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო.

ერთხელ ერთ ეგვიპტელ მოძღვართან სამი ახალგაზრდა ბერი მივიდა, ორმა მათგანმა დაუწყო გამოკითხვა სულიერი ცხოვრების გზების, ლოცვისა და მარხვის ძალის, ასკეტიზმის შესახებ. მესამე ხმას არ იღებდა და მდუმარედ შესცქეროდა სულიერი მოღვაწეობით ნატანჯ მის წმიდა სახეს. მოძღვარმა ბოლოს თვითონ ჰკითხა ამ ბერს, ხომ არ სურდა მასაც რაიმე საკითხზე საუბარი: - ჩემთვის თქვენი წმიდა სახის ხილვაც საკმარისიაო, - იყო პასუხი.

საით მივდივართ? - აი, მესამე საკითხი, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ. ეგების გაურკვეველია, საით მივემართებით? ეგების იქ მხოლოდ არარაობაა? თუ შენს წინ მხოლოდ სიბნელე და არაფერია, მაშინ რაღა საჭიროა ამდენი ტანჯვა, გაჭირვება და განსაცდელი? რატომ უნდა მოითმინო, აპატიო, დაიმდაბლო თავი, რად გინდა სინდისი, პატიოსნება? მაშ, მოასწარი, სვი, ჭამე, დრო ატარე, ყველაფერი ხომ მალე დამთავრდება და არარად იქცევა. ბევრი კი ინატრებდა ამას, მაგრამ ეს ასე არ არის.

მორწმუნე ხარ თუ ურწმუნო, მნიშვნელობა არა აქვს, შენს წინაშე შეუვალი მარადიულობაა, საუკუნო ნეტარებით ან სატანჯველით სავსე. მიწიერი ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა, მომზადებაა უსასრულო ცხოვრებისათვის. ყოველი წელი, თვე და დღე გვაახლოებს იმ კარიბჭეს, როცა წარმავალიდან წარუვალში გადავინაცვლებთ. მაცხოვარი გვმოძღვრავს და გვაფრთხილებს: „მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15,5).

ჩვენი ვალია, ვიყოთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი, ჩვენი ქრისტიანი ხალხის ერთგული შვილნი, ვიცხოვროთ და გონიერად მოვიხმაროთ მიწიერი სიკეთე ისე, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი სულის წინსვლასა და სრულყოფას.

მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები, რომლითაც ასე ამაყობს ჩვენი საუკუნე, მეტად შეზღუდულია და არ იძლევა საფუძველს აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლოებისათვის, რადგანაც ის ეყრდნობა ადამიანის გრძნობებს და არ ძალუძს, მოსწყდეს ჩვენი პლანეტის მასშტაბებს. დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევის მიზნით მეცნიერებამ ახლა კოსმიზაციის პროცესი დაიწყო. კაცობრიობას ემუქრება ატომური ომის საფრთხე, შექმნილი ბირთვული ენერგიის მარაგი უდიდეს საშიშროებას წარმოშობს და ზღუდეს ქმნის კაცსა და ბუნებას შორის.

ატომური ფიზიკის ერთ-ერთმა მამათმთავარმა, კვანტური ფიზიკის ფუძემდებელმა, ნილს ბორმა (რომლის დაბადების 100 წლისთავი წელს სრულდება), კარგად იცოდა, თუ რას წარმოადგინდა ატომის სიღრმეში დაფარული ძალა, ამიტომაც ხშირად ლაპარაკობდა მშვიდობაზე. 1950 წელს კი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წერილიც გაუგზავნა, სადაც მიუთითებდა ჩვენს ეპოქაში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის აუცილებლობაზე.

დღეს ეს დრო დადგა. ყველა გრძნობს საფრთხეს. ამიტომაც კეთილი ნების ადამიანები, განურჩევლად პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური სხვაობისა, ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეინარჩუნონ მშვიდობა და იხსნან მსოფლიო კატასტროფისაგან.

„მჯერა, ადრე თუ გვიან ხალხი გამოფხიზლდება, გათავისუფლდება ტექნიკის ტყვეობისაგან, ხელს აიღებს საკუთარი ძალით თავმომწონეობაზე და დაუბრუნდება ჭეშმარიტ ღირებულებებს; მშვიდობას, ადამიანურ სიყვარულს, მორჩილებას, ურთიერთპატივისცემას, დიდ ხელოვნებას, ნამდვილ მეცნიერებას“, - წერდა მეორე ცნობილი ფიზიკოსი მაქს ბორნი.

მართლაც, ყოვლად აუცილებელია სულიერობიდან მობრუნება და, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესია კაცთა მოდგმისთვის.

„გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედენ ვენახსა ამას, და განამტკიცე იგი, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან“. „უფალო, შენი ვართ, გვაცხოვნე ჩუენ“.

„ადამიანი და ნამეტნავად ერი, - ბრძანებს დიდი ილია ჭავჭავაძე, - არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლსა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიაინი მდინარეა ორის დიდის ტოტისა. ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს - სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, - გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსთვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა სჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არა მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისთვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.

„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“, - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა“ (შინაური მიმოხილვა, 1895 წ.).

ღვთის სიყვარულით განმტკიცებულნო ძმანო და დანო, გილოცავთ უფლის წყალობით აღვსილ ბედნიერ ახალ წელს, დაგბედებოდეთ კეთილი სურვილთა ახდენა, მშვიდობა შინა და გარეთ, განგმტკიცებოდეთ რწმენა და ურთიერთსიყვარული, გაკურთხოთ უფალმან თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ!

თბილისი,
1985 წელი.

\სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.