საშობაო ეპისტოლე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:

„ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი“ (იგავ. 4, 23)

ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! „მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ“ (2 კორ. 13,13).

აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: „აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“ (ეს. 7,14).

ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლო ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმების, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.

ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.

როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.

„უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით“, - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).

მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; „აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე“, - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: „ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყო, რასა შობს შემომსულელი დღე“ (იგავ. 27, 1).

ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.

ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებით.

მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.

ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობსი მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.

ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.

ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანის შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.

ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახე. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.

თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.

აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდება, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს“ (მათ. 12,39).

ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.

სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. „...ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ“, - წერს წმიდა ესაია წინსწარმეტყველი (ეს. 5,20).

აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვიელბის ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავიტ დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. „ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა“ (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.

ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათა უკუნი ნათლად.

„მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კართი ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი“ (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ“ (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.

საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.

წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. „გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ“ (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.

განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.

„გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა“ (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირვეად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.

გვწამს, უფალო და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.

ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!

სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.

„მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა“ (იგავ. 3,3-4).

გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტეს შობა,
თბილისი, 1985 წწ.