საშობაო ეპისტოლე

საქართველოს სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:

„შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა“

„დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლოჲ“; აღსრულდა! „ღმერთი გამოჩნდა ხორცით...“ (I ტიმ. 3,16). ქვეყანას მოევლინა ლოგოსი - ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: „ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად - ღვთის საყდრად, რამეთუ მასზედ გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა“.

წმიდა იოანე მახარებელი კი ბრძანებს: „მის თანა ცხოვრებაჲ იყო და ცხოვრებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (ინ. 1,4-5).

ეს ნათელი მარად იბრყწინებს, რადგან იგია დაუსაბამო სიყვარული, უნაპირო, ყოვლისმომცველი, მიუწვდომელი და მაცხოვნებელი; და ეფინება იგი ჩვენს ძალმომრეობითა და შიშით, სიძულვილითა და მონობით, შურითა და ბოროტებით სავსე ყოფას და ამ ჭუჭყისაგან ათავისუფლებს ყველას, ვინც უფალს მიანდობს თავის გულს, თავის „დიდ გონებას“ (ასე უწოდებდა გულს დიდი ფიზიოლოგი პავლოვი). 2000 წელის კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა ამ საოცარ მადლთან ზიარებისა და განწმენდისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს ღვთის ამ უჩვეულო წყალობის მნიშვნელობას და იწყებს სვლას ზეცად აღმყვანებელ კიბეზე.

ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთი სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისგან მომდინარეობს და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.

ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანლად მძიმე და დამთრგუნველი.

მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მით უმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.

სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტიურად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ.

მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

დადგა დრო, როდესაც თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქმნა. ამ მხრივ ჩვენს ეკლესიაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სასულიერო და საერო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიასა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით ჩვენს ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთობლივად ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზრუნავი კი მრავლადაა:

მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონზე ინტერნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებები ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციას, სთესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებულ ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტიქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას გარკვეულ წილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა, ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასკოლო პროგრამებში ნატურალიზმამდე დასული სექსუალური აღზრდის კურსის შეტანაც მოისურვეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ, სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს. პირველ რიგში უნდა დავიცვათ ადამიანის სული, მისი ფსიქიკა და შინაგანი ბუნება.

არ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.

რჩება ერთი გამოსავალი: უნდა შევძლოთ ახალგაზრდებში ყოველივე ნეგატიურისა და უზნეობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება და მათთვის მყარი მორალური საფუძვლის შექმნა. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის. ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან, პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე უპირველეს ყოვლისა ოჯახს და სახელმწიფოს დაემუქრება.

მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთნიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.

განა არ არის დრო სერიოზულად დაფიქრდეს ხელისუფლებაც, ეკლესიაცა და ინტელიგენციაც ქვეყანაში დანაშაულებებისა და თვითმკვლელობათა რიცხვის კატასტროფული ზრდის მიზეზებზე? ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ერის მომავალზე. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა იქცეს ქვეყნისათვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობის საფუძვლად. უნდა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალიზება ცხოვრებაში, თუკი გვსურს ავაშენოთ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, ზნეობრივი საფუძვლებით.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებისა, პესიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება; მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი გადალახვა. „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“, - ამბობდნენ ძველი რომაელები. წარსული და მომავალი აწმყოშია, ეს დღე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია ეს ძნელად სავალი გზა, რომელიც ერთად უნდა განვვლოთ. არ უნდა ვაიდიალებდეთ წარსულს და არც შიშით უნდა შევყურებდეთ მომავალს. საქართველო ბევრჯერ მდგარა სრული დანგრევისა და განადგურების საფრთხის წინაშე, მაგრამ ღვთით აღვმდგარვართ და გავძლიერებულვართ. მთავარია, უფლის მოწყალება და მისი მფარველობა კვლავაც დავიმსახუროთ.

თუ ქრისტე ჩვენშია და იგი აღავსებს ჩვენს წარსულსა და მომავალს, მაშინ ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის აზრს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: „...გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხოვრება, გინა თუ სიკვდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი - ყოველივე თქვენი არს. ხოლო თქვენ ქრისტესნი, ხოლო ქრისტე - ღმრთისაი“ (1 კორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვა და სხვა სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სწრედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.

დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითიეული ჩვენთაგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოს სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.

ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.

ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და თუ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი, გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: „უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნენ თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მთ. 5,14-15). ერისკაცს და მითუმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.

იყო ასეთი შემთხვევა: III საუკუნეში ანტიოქიაში ორი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა - მღვდელი საპრიკი და ერისკაცი ნიკიფორე, რომლებიც ერთმანეთთან დიდად მეგობრობდნენ და ხალხს ისინი ძმებად მიაჩნდათ. გავიდა ხანი და სატანის ცდუნებით მათ შორის ურთიერთობა დაირღვა და ძველი სიყვარული მალე მტრობამ შეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკიფორემ შეინანა თავისი მოქმედება და შენდობა სთხოვა საპრიკს, მაგრამ მღვდელმა არ მიიღო იგი და მასზე კვლავ გულძვირად დარჩა. ამ დროს რომის იმპერატორებმა ვალერიანემ (245-259 წწ.) და გალიენმა (260-268 წწ.) დაიწყეს ქრისტიანთა სასტიკი დევნა. ანტიოქიაში სასამართლოში ერთ-ერთი პირველთაგანი მღვდელი საპრიკი მიიყვანეს, რომელმაც მტკიცედ აღიარა თავი ქრისტიანად და მას სიკვდილი მიუსაჯეს. როდესაც საპრიკი განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნიკიფორე კვლავ ცრემლით სთხოვდა შენდობას და ეუბნებოდა: „შენ მალე წმიდა მოწამე გახდები, უფლის გვირგვინს მიიღებ და გევედრები, ნუ დამტოვებ პატიების გარეშე“. მღვდელმა გული გაიქვავა და თხოვნა არ შეიწყნარა. აი, ამ დროს, მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ღვთის მადლი უცებ განეშორა და გაქრა მისი სიმტკიცეც; უფლისადმი ერთგულების გრძნობა სიკვდილის შიშმა შეცვალა; მან უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირა კერპებს.

ნიკიფორე კი, რომელმაც ყოველივე იხილა, აღივსო მადლით და უშიშრად შესძახა ჯალათებს: „მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალითო“. მის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს მმართველს და მანაც ბრძანა, რომ საპრიკის ნაცვლად ნიკიფორე ეწამებინათ.

მოყვასისადმი მიუტევებლობის გამო საპრიკის სული ჯოჯოხეთის სიბნელეში დაინთქა, წმიდა ნიკიფორეს ხსენებას კი მთელი ქრისტიანული სამყარო ძველი სტილით 9 თებერვალს აღნიშნავს. აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: „უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მიანიჭებს მადლს“. ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, სადაც ამდენი მტრობა და სიძულვილია.

მაშ, ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: „უფალი არასოდეს უარყოფს წრფელ სინანულს სათნოების გზაზე დაბრუნების მსურველი თუნდაც უკიდურეს ბიწიერებამდე დაცემული ადამიანისა. ღმერთი ზურგს არ აქცევს ასეთ ცოდვილს, პირიქით, იახლოვებს მას და ყოველივეს იქმს, რათა მას თავდაპირველი პატივი დაუბრუნოს და უმეტესიც მიაგოს“.

აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ღვთისმსახურთა შესახებაც. სასულიერო პირი, ვიდრე მას აქვს უფლება მღვდელმოქმედების აღსრულებისა, ღვთაებრივი მადლის და ძალის მატარებელია. მას შეუძლია აკურთხოს და შეუძლია, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანი; შეუძლია შეუნდოს ცოდვები, შეუძლია არც შეუნდოს; ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სინანულით მიდის მასთან ესა თუ ის პიროვნება. ამის უფლება იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა და იგი ხელდასხმით თაობიდან თაობას გადაეცემა მართლმადიდებელ ეკლესიაში. რაც შეეხება მოძღვრის პირადულ ცოდვებს, ისინი მღვდლობის მადლს ჩრდილს ვერ მიაყენებენ; თუმცა ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე უფრო მკაცრად მოეკითხება პასუხი, ვიდრე ერისკაცს.

დიახ, მოძღვარი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელია და ამიტომაც არ შეიძლება იხუმრო მღვდელმსახურზე, დაამცირო ან განიკითხო იგი და, მით უფრო, დასცინო მას, რადგან შენ ამით შეურაცხყოფ არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმ მადლს, რომელიც ღვთის ნებით მასზედ არის გარდამოსული. მოვიყვან მაგალითს ეპისკოპოს გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან. ერთხელ ამ მღვდელმთავარს შემოხვდა სამი ახალგაზრდა, რომლებმაც მისი მოტყუება განიზრახეს. ერთ-ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და მიცვალებულივით ხელები გულზე დაიწყო, დანარჩენებმა კი მწუხარე სახეები მიიღეს. როდესაც ეპისკოპოსი მათთან მივიდა, სთხოვეს, მიეცა ფული და მიცვალებულისათვის რაიმე გადასაფარებელი. ეპისკოპოსმა მისცა თავისი ზედა სამოსი და თანხაც. როცა უგუნურმა ახალგაზრდებმა ეპისკოპოსი გააცილეს, დასცინეს: „მასში რომ უფლის სული ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ცოცხალი არამიანი იწვაო“, თავისი ხუმრობით ნასიამოვნებმა ყმაწვილებმა მწოლიარე მეგობარს მოუწოდეს, რომ ამდგარიყო, მაგრამ იგი არ გაინძრა. იფიქრეს, ალბათ ჩაეძინაო და შეანჯღრიეს, თუმცა ამაოდ, - იგი, მართლაც, გარდაცვლილიყო. ასეთი იყო სასჯელი ღვთისა და მათ სიცილი ტირილად შეეცვალათ.

სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მადლმოსილი. ცნობილი ათონელი მოღვაწე, ღირსი სილუანე გვარიგებს: „თუ გინდა, რომ გქონდეს სიმშვიდე, ყველა უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისათვის. როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფვის... მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირს ჩაგდებული ქვა წუთიერთად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა“.

სხვაგან იგივე ღირსი მამა გვმოძღვრავს: „გახსოვდეს ორი აზრი და უფრთხოდე მათ. ერთი ამბობს: შენ წმიდა ხარ; მერე - შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი ბოროტისგანაა და მათში არაა ჭეშმარიტება. შენ კი იფიქრე: „მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალე და კაცთმოყვარეა და გულწრფელი სინანულით მომიტევებს ჩემს ცოდვებს“.

სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებით და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაზღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.

სამწუხაროდ, მარავალნი ნათელში ყოფნას ბნელში ჯდომას ამჯობინებენ და ზურგს აქცევენ უფალს; ზოგიერთნი კი საერთოდ ღვთისმებრძოლნი ხდებიან.

ჩვენმა ერმაც გადაიტანა ღვთისმებრძოლობის პერიოდი, სულიერი გამოფიტვისა და შიმშილის ჟამი. წლების მანძილზე უფლის ნათელს მოკლებული გონება შეურიგებლად ებრძოდა შემოქმედს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, „ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა“. ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული რაციონალიზმი დამღუპველია როგორც ცალკეული პიროვნებისათვის, ისე კაცობრიობისათვის; რომ ქრისტეს გარეშე ხალხი უფსკრულისაენ მიექანება და ამიტომაც თუ გვსურს ბედნიერება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის „ნათელი მეცნიერებისა“ უნდა დაემკვიდროს ყველგან: მთავრობაში, ინტელიგენციაში, სასწავლო დაწესებულებებსა და ჯარში, გლეხობასა და უბრალო მშრომელებში.

არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ათეისტური ხელისუფლების პერიოდშიც მრავალმა მეცნიერმა და ინტელიგენციის სახელოვანმა წარმომადგენელმა გაუძლო მძიმე წნეხს. მათ არა მარტო თავად შეინარჩუნეს რწმენა, არამედ რაღაც გზებით ფარულად გადასცეს იგი თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. უფალმა აკურთხოს ისინი; მე კი მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე.

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონოზნო დასნო, ყოველნო ღვთივკურთხეულნო მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო, მშობლიური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნო, - ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „უფალმა თვისი განხორციელებით ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება კაცურ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმიდა სამება დაემკვიდრებინა“.

დაე, ახალი წელი ყველა ჩვენთაგანისთვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ იყოთ სიხარულის მიმნიჭებელნი ერთმანეთისათვის და ცათა შინაც მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.

იმედით შევხვდეთ მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოზმი და ვნებები, რადგან ბოროტს სძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე სძლია საკუთარ თავს.

ღმერთს ებარებოდეთ.

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ქრისტეს შობა
2002-2003 წელი
თბილისი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1(208), 2003 წ.