საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა

„ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“
(II კორინ. 12, 9)

ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!

„იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი“. (შობის სძლისპირი)

იმ იდუმალ ღამეს ანგელოზთა დასი, მარადჟამს მადიდებელი ღვთისა, საოცარი მოკრძალებითა და გაოცებით უმზერდა დედამიწაზე აღსრულებულ უდიდეს სასწაულს - კაცობრიობის მხსნელის დაბადებას დავითის ქალაქში; მაგრამ ღვთის განკაცება მოხდა არა დიდებითა და ბრწყინვალებით, არამედ გამაოგნებელი სიმდაბლითა და უბრალოებით. ერთი სახლიც არ მოიძებნა ამქვეყნად, რომელიც შეიფარებდა და უმასპინძლებდა ღვთისმშობელ დედასა და მართალ იოსებს. მხოლოდ პირუტყვთა თავშესაფარში აღმოჩნდა მათთვის ადგილი. გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლად წარუდგა პირველად სოფელს ღვთაებრივი ყრმა - იესო ქრისტე და ამით სიმბოლურად მიანიშნა, რომ იგი უპირველეს ყოვლისა არის მათთან, რომელნიც, საზოგადოებისაგან უსამართლოდ გარიყულნი, უპოვარნი და მარტოსულნი არიან.

ასეთი იყო ხვედრი წმინდა ოჯახისა და კაცთა ხსნისათვის მოვლენილი ჩვილი მაცხოვრისა. თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციად აქვთ შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლის დადგმა, რათა თავისთან მიიწვიონ ღამით თავშესაფრის საძებნელად სადმე ახლოს მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები.

შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ დაიბადოს მესია.

იქნებ საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს წესი, ოღონდ შინაგანადაც უნდა მოვემზადოთ საოცარი სტუმრების მისაღებად - გული უნდა განვიწმინდოთ ყოველგვარი ბიწისაგან, რომ მის უბრალოებასა და სისუფთავეში არა მარტო იშვას, არამედ დაემკვიდროს კიდეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა განსაცდელისა და საცდურის სიმრავლის გამო ჩვენს დროში ამის მიღწევა ადვილი არ არის.

ჯერ კიდევ I საუკუნეში მაცხოვრის მოწაფეები ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: „საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი, გულისთქმათა მოყვარენი!“ (II ტიმ 3, 1-5).

და თუ ადამიანი ამ ცოდვათაგან არ გათავისუფლდა, ჭეშმარიტ თავისუფლებას ვერასდროს ეზიარება.

არასწორად გაგებული თავისუფლება კი მრავალი უბედურების სათავეა.

თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქებსა და ცივილიზაციებში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს:

თავისუფლება - მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი?

ანდა: თავისუფლება - მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო?

განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.

ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: „ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო - მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - მარადიული სიცოცხლე“ (რომ. 6, 16-23).

ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა პირველ რიგში საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. „შეიცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ“, - გვარიგებს მაცხოვარი (იოანე 8, 32).

განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი. ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ანდა ფაშისტურ გერმანიაში აცხადებდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ადამიანები. სინამდვილეში კი ეს „თავისუფლება“ ეფუძნებოდა საკონცენტრაციო ბანაკებსა და მასობრივ დახვრეტებს. ასეთია ტოტალიტარული სახელმწიფოს „თავისუფლება“.

მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, მაგ. სიტყვის თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის „თავისუფალი სიყვარული“, ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება - ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას. ასეთი „თავისუფლების“ შედეგია პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი.

საერთოდ, მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების - სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალოს და ისინი სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის შემცველ ცნებებად წარმოადგინოს, რათა ამით ადამიანებს ცოდვის ჩადენა გაუადვილოს.

ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალურ საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯობესია, მის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ზნეობა, ვიდრე კარგი კანონები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია, კანონები იყოს სუსტი ან ცუდი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალზნეობრივი საზოგადოება ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საწინდარია.

დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიც სწორედ ამის გათვალისწინებით ქმნიან თავიანთ კანონმდებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრების წესს.

ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებლურ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი ინახავს სამოციქულო ეკლესიის სწავლებას. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამსი და სწავლება აქვს, რომელიც ეფუძნება წმ. წერილს, საღვთო გადმოცემას, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებს და წმიდა მამათა მოძღვრებას. ეს მის საყოველთაობას და უცდომელობას განაპირობებს.

ამასთან, მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წამომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა და სულიერი ფერისცვალებით დაიწყეს ახალი ცხოვრება.

პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდანვე იღებს სათავეს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში ბატონობდა ტირანია და აბსოლუტიზმი.

ეს არის ღვთივბოძებული წესი ცხოვრებისა, რომელიც უფლისმიერი მადლმოსილების გამო ჟამთა სვლას არ ექვემდებარება, მარად ახალია და „სრულყოფის“ მიზნით რაიმე ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს.

სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები. როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.

ფსევდოლიბერალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავდაპირველად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი რეაქცია იყო, რომელმაც შემდეგ კონტრრეაქციის სახით ფსევდოკონსერვატიზმი წარმოშვა.

ბოლო წლებში კი ეს ორივე მიმართულება საქართველოში გაძლიერდა და თავის სამიზნედ ეკლესია გაიხადა. მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აღნიშნულ პროცესებში იმ ადამიანთა მონაწილეობა, რომელთაც ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. ვინაიდან მათ ამის არც ცოდნა, არც მორალური და იურიდიული უფლება არა აქვთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული).

ხოლო ისინი კი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს და ეკლესიას და მის იერარქიას კი საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც ნებისმიერი მოტივით სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ცხოვარნი ნუ ასწავლით მწყემსთ. ნურც თქვენთვის განკუთვნილ საზომს გარდახვალთ; საკმარისია თქვენთვის, თუკი კეთილად დაიმწყსებით. ნუ განიკითხავთ სჯულისმდებელთ, რადგან არ არის ღმერთი შფოთისა და უწესობისა, არამედ მშვიდობისა და წესიერების“.

პრობლემები ყველა საზოგადოებასა და ყველა დროში იყო, არის და იქნება, ისევე როგორც ეკლესიაში, ოღონდ მათდამი მიდგომა და შესაბამისი ქმედებაა ორგვარი. ერთის საფუძველი სიძულვილი, მიზანი კი ზიანის მოტანაა, მეორისა - სიყვარული და გამოსწორების სურვილი. ორივე დამოკიდებულება ადვილად იცნობა. ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად ავლენს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.

სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელმონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა.

იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. „დაყავი და იბატონე“ - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ახორციელებდა თავის შავბნელ გეგმებს.

„სად არის თქვენი სარწმუნოება?“ - ეკითხება უფალი მოწაფეებს. „სად არის თქვენი სარწმუნოება?“ - ეს კითხვა ისმის დღესაც.

წამოყენებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს და მიზნად ისახავს საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გაჟღერდა საეკლესიო კალენდრის გამოც.

ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი.

დღეისათვის არ არსებობს ახალ კალენდართან დაკავშირებით მსოფლიო ეკლესიის საერთო-საყოველთაო შეთანხმება და მისი სათანადო დასაბუთება. ამიტომაც ამგვარი ნოვაცია დამღუპველ ზიანს მოუტანს ჩვენი ეკლესიის ერთობას (რისი მაგალითებიც სხვაგან არაერთი გვაქვს), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ I მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას, მაშინ, როდესაც გრიგორიანული კალენდრით ეს დღესასწაული ზოგჯერ ემთხვევა იუდეველთა პასექს ან წინ უსწრებს მას, რაც დაუშვებელია და მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა.

საერთოდ, კალენდრის საკითხი ადვილად განსასჯელი არ არის. კარგად წერს ნეტარი ავგუსტინე: „მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც ამის შესახებ არ მეკითხებიან, ხოლო როდესაც მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიძნელდება ზუსტი პასუხის გაცემა“.

რა თქმა უნდა, დამცველები მრავლად ეყოლება როგორც ახალი, ისე ძველი სტილის მიმდევართ და ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ საკუთარი პოზიციის მართებულობა, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:

ა) ყოველ წელს იერუსალიმში ძველი სტილით აღდგომის წინადღეს, მაცხოვრის საფლავზე მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.

ბ) ყოველ 19 აგვისტოს (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ I საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.

გ) ყოველ 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარი), იესო ქრისტეს ნათლისღების და წყალკურთხევის დღესასწაულზე წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: „და მართლუკუნ იქცა იორდანე“, მდინარე წუთიერად მართლაც უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან.

დ) ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდროს დაუყენებია.

რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან მცდარი აზრია.

გვინდა მოსახლეობას ისიც განვუმარტოთ, რომ, მართალია, ფსევდოკონსერვატორები და ფსევდოლიბერალები ჩვენთანაც და სხვაგანაც ერთმანეთსაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთი სულისანი არიან - ესაა ამპარტავნების, არასულიერობის, თვითნებობის, თავდაჯერებულობის და უსიყვარულობის სული. რადიკალიზმის ორივე ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია. ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა ორივე უკიდურესობას, რადგან მისი გზა სამეუფო გზაა და გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ მისთვის მიუღებელია. წმ. გიორგი მთაწმინდელი ამის შესახებ ამბობს: „...და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხლ, გინა მარჯულ. და არცა მივდრკებით“.

ამ უმთავრესი სულიერი მისიის გარდა საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. ამ ფუნქციის აღსრულების გამოხატულება იყო მაგ. აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყება. ამ პროცესს ახლახან, 25 დეკემბერს, ჩაეყარა საფუძველი და, ვიმედოვნებთ, პრობლემების მიუხედავად, იგი შეუქცევადად განვითარდება.

ჩვენი ეკლესია საქართველოს მკვიდრ ყველა მართლმადიდებლისათვის სულიერი ერთობის ადგილია, ხოლო აქ მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენელთათვის - მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი, რადგან სწორედ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება.

ასეთივე მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვადასხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.

ბატონო პრეზიდენტო, ხელისუფალნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მიუხედავად პრობლემებისა, მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვეახლოვდა ემმანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.

მაშ, გავუღოთ გულის კარი ახლადშობილ ყრმას და სასოებით მივეახლოთ მას. იცოდე, უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის ვიქნები მშვიდად; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც - ნუგეშინისმცემელნი, უსამართლოდ დამცირებულნი - ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი - გამარჯვებულნი.

ესეც გახსოვდეთ: „არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით; გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენთ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება“.

ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.

თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.

ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.

ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა.

სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.

ჰოი, ღვთივკურთხეულო საქართველოვ, წინასწარმეტყველ დავითის მსგავსად რჩეულთა შორის ამაღლებულო; ღვთისმშობლის საფარველით დაცულო ივერთ სამკვიდროვ, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს ნათლით გაბრწყინვებულო და ათთა ბევრთა და სხვა მრავალ მოწამეთა სისხლით მორწყულო; დროშავ სვიანო, უძლეველო, გორგასლიანო, დავითიან-თამარიანო; საიდუმლოთა დიდთა დამტევნელო ენავ ქართულო, ლაზარეს მზგავსად მკვდრეთით აღმდგარო; ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარო სულო ქართულო, უტკბილესო ჩანგო ჩვენო, მრავალხმიანო.

შეურყევნელი იდექ მტკიცედ, უფალი შენთანა!

გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2 (309), 2005 წ.